მთავარი,სიახლეები

ეკომიგრანტმა ხულოდან როგორ გახსნა საკონდიტრო წალკაში – „ტკბილი ფორთოხალი“

21.05.2022 • 3403
ეკომიგრანტმა ხულოდან როგორ გახსნა საკონდიტრო წალკაში   – „ტკბილი ფორთოხალი“

29 წლის რუსუდან ღორჯომელაძე წალკაში ცხოვრობს. ის ეკომიგრანტია ხულოს სოფელ ღურტიდან.

რუსუდანი პროფესიით ეკონომისტია, თუმცა მას წალკაში ყველა იცნობს, როგორც კონდიტერს.

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ტორტის გამოცხობა რთული იყო და ვერ შევძლებდი. ვერ წარმომედგინა, რომ ზრდასრულ ასაკში კონდიტერი შეიძლება გავმხდარიყავი.

ბავშვობაში მიფიქრია კონდიტერობაზე. მახსოვს, მე-10 კლასში ვიყავი, როცა სკოლაში მცირე ბიზნესგეგმის მოდელის შექმნა დაგვავალეს. ჩემი ბიზნეს გეგმა საკონდიტროზე იყო“, – იხსენებს რუსუდანი.

მან რამდენიმე წლის წინ აქტიურად დაიწყო ტორტების გამოცხობა და დღეს უკვე საკუთარი საკონდიტრო აქვს.

რუსუდანი ბანკში მუშაობდა, როცა მეორე შვილი შეეძინა და შვებულება აიღო. გვიყვება, რომ უფროს შვილთან ერთად მულტფილმს უყურებდა, როცა შემთხვევით ტორტის მომზადების ვიდეო ჩაირთო.

„ვიდეოს ნახვის შემდეგ ვიფიქრე, რომ ტორტის გამოცხობას შევძლებდი და გადავწყვიტე მეცადა. პირველ ჯერზე არ გამომივიდა, მაგრამ არ დავნებდი და რამდენიმე მცდელობის შემდეგ საკმაოდ კარგი ტორტი გამოვაცხვე. 2 თვეში ვიყიდე ყველაფერი, რაც შეიძლებოდა დამჭირვებოდა სახლში ტორტების ცხობისთვის და აქტიურად დავიწყე ტორტების ცხობა.

პირველი სამი თვე ჩემს გამომცხვარ ტორტებს მეზობლებს ვასინჯებდი. მას შემდეგ, რაც ჩემმა ტორტებმა ჩემი მეზობლების მოწონება დაიმსახურა, ფეისბუქგვერდის გაკეთება და შეკვეთების მიღება გადავწყვიტე“, – გვიყვება რუსუდანი.

რუსუდანის თქმით, წალკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ტორტების დიდი არჩევანი არასდროს ჰქონიათ. მან გვერდის გაკეთებიდან მალევე მიიღო პირველი შეკვეთაც – „ჩემს მომხმარებლებს შეეძლოთ დიზაინის მიხედვით აერჩიათ ტორტი. ეს მათთვის ძალიან დიდი სიახლე იყო“.

კონდიტერის თქმით, დაახლოებით 6 თვის შემდეგ შეკვეთებს ყოველდღიურად იღებდა. იგი ამ პერიოდისთვის უკვე სამსახურშიც დაბრუნდა და ტკბილეულს ძირითადად ღამით აცხობდა – „გვიან ღამემდე ვიდექი ფეხზე. მაშინ ერთი ტორტის გაკეთებისთვის 6-8 საათი მაინც მჭირდებოდა“.

რუსუდანი ამბობს, რომ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, ტორტის გამოცხობის დრო რომ შეემცირებინა. იხსენებს, რომ შეკვეთების რაოდენობის გაზრდის შემდეგ ხშირად წინასწარ ამზადებდა ტორტისთვის საჭირო დეტალებს, კრემს და მაცივარში ტოვებდა, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს საქმე გამარტივებოდა.

ტორტის შეკვეთების მიღების 2 წლისთავზე რუსუდანმა „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსება მოიპოვა.  დაახლოებით 10 თვეა, რაც საკონდიტრო გახსნა.

რუსუდანი სამი შვილის დედაა. მან საკონდიტროს „ტკბილი ფორთოხალი“ დაარქვა, რადგან ასე ხშირად მიმართავს ხოლმე შვილებს.

რუსუდან ღორჯომელაძემ საკონდიტროს გახსნის შემდეგ 2 ადამიანი დაასაქმა და ტკბილეულის ასორტიმენტიც გაზარდა. გვიყვება, რომ „ტკბილ ფორთოხალში“ ახლა მზადდება ბაქლავა და სხვა სადღესასწაულო ტკბილეული, ასევე, აჭარული და იმერული ხაჭაპურიც. საკონდიტროში მიტანის სერვისიც აქვთ. კონდიტრის თქმით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ყოველთვის ტორტებზეა.

რუსუდანის გვიყვება, რომ მისი ქმარი და ოჯახის სხვა წევრები ყოველთვის მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ – „ნამდვილად არ არის მარტივი გქონდეს სამსახური, გყავდეს მცირეწლოვანი შვილები და ამასთან იყო კონდიტერი“.

მისი შეფასებით, ყველაზე რთული საკონდიტრო საქმეში დროის სწორად განაწილებაა. იხსენებს, რომ დროის მენეჯმენტი საქმის დაწყებისას ძალიან უჭირდა და ახლაც უჭირს, როცა ბევრი შეკვეთა აქვს.

რუსუდანი სამომავლოდ საკონდიტროს ასორტიმენტის კიდევ უფრო გაზრდას და დახვეწას გეგმავს.

„როცა დავიწყე ტორტების გამოცხობა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ისეთი საკონდიტრო უნდა მქონოდა, როგორიც ახლა მაქვს“, – ამბობს რუსუდანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: