მთავარი,სიახლეები

რა ხდება დონბასში, ფრონტის წინა ხაზზე

23.05.2022
რა ხდება დონბასში, ფრონტის წინა ხაზზე

უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასში შეტევებს იგერიებენ. იქ რუსი სამხედროები ცდილობენ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების საზღვრებიდან გამოვიდნენ და უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე წაიწიონ წინ.

უკრაინის 24-ე არხი ავრცელებს დონეცკის ოლქის გენშტაბის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, უკრაინელმა მებრძოლებმა შეაჩერეს რუსი სამხედროების შეტევები სლავიანსკის მიმართულებით.

„დონეცკის ოლქში გრძელდება თავდასხმები ფრონტის მთელ ხაზზე. ღამით მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა ქალაქი ავდეევკა, ასევე, მარინკა და კრასნოგოროვკა, უგლედარი და ტორეცკი. რაც შეეხება იმ ქალაქებს, რომლებიც ფრონტის ხაზიდან მოშორებითაა, სამწუხაროდ, თავდასხმებისგან უკვე ძალიან დაზიანდა ქალაქი ბახმუტი, სოლედარი და მთლიანად ლიმანსკის ოლქი – განაცხადა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ.

ის აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები პოზიციებს იცავენ.

„მტერს შეტევის უკვე იმდენი მცდელობა ჰქონდა, რომ დათვლაც კი გვიჭირს, თუმცა მათ მცდელობებს წარმატებული შედეგი არ მოაქვს. რუსები კვლავაც დიდ დანაკარგებს განიცდიან. ჩვენი შეიარაღებული ძალები ახერხებენ გადაჯგუფებას და დამანგრეველ დარტყმებს აყენებენ მათ.“

კირილენკო აცხადებს, რომ უკვე მიმდინარეობს მზადება უკრაინის ტერიტორიების სრულად გასათავისუფლებლად. ამავე დროს, ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე დასახლებებიდან დაწყებულია ევაკუაცია.

რა ხდება სხვა საბრძოლო მიმართულებებზე – უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაახლოებით 40 სამხედროს ლიკვიდაცია შეძლეს ზაპოროჟიესთან.

თავდასხმები გრძელდება ლუგანსკის ოლქში. რუსი სამხედროები ცდილობენ სევეროდონეცკისა და სხვა ქალაქების აღებას.

23 მაისს, ღამით, განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი ავდეევკა, 2014 წლის შემდეგ ასეთი მასშტაბის თავდასხმა ამ ქალაქზე არ ყოფილა.

___

მთავარი ფოტო: უკრაინაში საომარი მოქმედებების რუკა/დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: