მთავარი,სიახლეები

ევროპა აგრძელებს დღეში 1 მლრ ევროს გადახდას მოსკოვისთვის ნავთობსა და გაზში – პოდოლიაკი

23.05.2022
ევროპა აგრძელებს დღეში 1 მლრ ევროს გადახდას მოსკოვისთვის ნავთობსა და გაზში – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ომის მესამე თვის ბოლოს, ევროპის მიერ რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზე უარს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინა კვლავაც აგრძელებს „ევროპული საზღვრისა და დემოკრატიული ცივილიზაციის დაცვას“, როდესაც ევროპული ქვეყნები ყოველდღიურად 1 მილიარდ ევროს უხდიან მოსკოვს ნავთობსა და გაზში.

„რუსეთის უკრაინაში შემოჭრიდან მესამე თვე იწურება. ევროპის ქვეყნები აგრძელებენ ყოველდღიურად მოსკოვისთვის ნავთობისა და გაზის შეძენაში 1 მილიარდი ევროს გადახდას. რუსეთი აგრძელებს ბავშვების დახოცვას, ქალების გაუპატიურებასა და ქალაქების განადგურებას. უკრაინა აგრძელებს ევროპული საზღვრისა და დემოკრატიული ცივილიზაციის დაცვას. დასკვნები თავად გამოიტანეთ,“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესება ოფიციალურმა კიევმა არაერთხელ მოითხოვა დასავლელი პარტნიორებისგან. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთისგან ენერგორესურსების შეძენა არაერთგზის შეადარეს „უკრაინელების ხოცვის დაფინანსებას“.

ემბარგოს ან სადამსჯელო ტარიფის დაწესებას რუსულ გაზსა და ნავთობზე საჯაროდ დაუჭირა მხარი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა. მან 25 აპრილს WELT-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ ინიციატივას არ ჰყავდა საკმარისი მხარდამჭერები და ემბარგოს საკითხი შემდეგ სესიაზე – 30-31 მაისს კვლავ განიხილება.

რუსულ ნავთობზე ემბარგოს ან სადამსჯელო ტარიფის დაწესებას მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც.

ამ დრომდე, ოფიციალური განცხადებებისა და საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს ევროკავშირში ეწინააღმდეგებიან გერმანია, უნგრეთი და ავსტრია.

საერთაშორისო სანქციების ფონზე, რუსული ეროვნული ვალუტა რომ გადაერჩინა, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით რუსეთმა გაზის გაყიდვა რუბლში დაიწყო. რუსეთი გაზის გადაკეტვით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც უარს იტყვიან ამ ულტიმატუმზე.

ფინური კომპანია Gasum-მა რუსეთს გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე უარი უთხრა, რის გამოც 21 მაისს, რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. შედეგად, ფინეთი გახდა მესამე ევროპული სახელმწიფო ევროპაში, რომელსაც რუსული გაზი გადაუკეტეს. მანამდე, იმავე ქმედების სამიზნე გახდა პოლონეთი და ბულგარეთი.

როგორც BBC-ი იტყობინება, სავარაუდოდ, იგივე ბედი ელის არაერთ სხვა სახელმწიფოს, რადგან მაისის ბოლოსთვის ახლოვდება გაზის საფასურის გადახდის თარიღი.

__________

ამავე თემაზე: 

 

[red_box]ბორელის თქმით, რუსეთს 35 დღეში 35 მილიარდი გადაუხადეს – „შევამციროთ ენერგოდამოკიდებულება“[/red_box]

ევროკომისია რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს 5 კვირაში განიხილავს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: