მთავარი,სიახლეები

სიჩუმე კლავს, რეაქცია უნდა იყოს უფრო მკაფიო – ბათუმში ფემიციდი გააპროტესტეს

22.05.2022
სიჩუმე კლავს, რეაქცია უნდა იყოს უფრო მკაფიო – ბათუმში ფემიციდი გააპროტესტეს

„შენი სიჩუმე კლავს“, „არ დახუჭო თვალი“ – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს შემეცნებითი ასოციაციის“ წარმომადგენლები  ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან მივიდნენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ „როდესაც ქალს კლავენ, საზოგადოების რეაქცია ისეთი მკაფიო არ არის, როგორიც უნდა იყოს.“

მსგავსი შინაარსის აქციით ორგანიზაციები დღეს, 22 მაისს, საქართველოს სამ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში  გუშინ, 21 მაისს, მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს გამოეხმაურნენ.

21 მაისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ქმარმა ცოლი მოკლა. კაცი ქალს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ცივი იარაღით დაესხა თავს.

„ჩვენ გაბრაზებულები ვართ იმის გამო, რაც მოხდა და  გვინდა საზოგადოებას მოვუწოდოთ, რომ გამოეხმაურონ მსგავს შემთხვევებს უფრო მკვეთრად. დავგმოთ მსგავსი სახის სიძულვილი. ჯანსაღ საზოგადოებაში ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. თუ ეჭვიანობ, უნდა გაშორდე ცოლს, ამის კომპლექსი საზოგადოებაში უნდა დაიგმოს ერთხელ და სამუდამოდ. ახლა ბავშვებმა მთელი ცხოვრება ამ ტრავმებით უნდა იცხოვრონ, ეს ჩვენთვის არის მიუღებელი. მე შევუერთდი ამ საპროტესტო აქციას, როგორც ბათუმელი მოქალაქე, “  – ამბობს გიორგი ბოლქვაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს შემეცნებითი ცენტრის“ წარმომაგედნლის ლარა ქარცივაძის თქმით, მათი მთავარი გზავნილი  არის ის, რომ ახალგაზრდებს ჯანსაღ გარემოში სურთ ცხოვრება: „საქართველოში ამ მხრივ ძალიან რთული ვითარებაა, ჩვენ, ახალგაზრდები ამას არ ვემხრობით და გვინდა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება.  აქ ვდგავართ იმისთვის, რომ დავიცვათ იმ ქალების ხმა, რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუღწევიათ თავი ძალადობისგან. ძალიან ბევრი ინტერესიანი მზერა დავინახე დღეს და მიხარია, რომ თუნდაც აქ გამვლელები მხარდაჭერას გამოხატავენ. ორი წუთით მაინც შეჩერდნენ, სწორად გაიგეს ჩვენი მესიჯი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“

„ჩვენ ვაპროტესტებთ ფემიციდს და გვსურს საზოგადოებას დავანახოთ, რომ არ უნდა გაჩუმდნენ. თუ საზოგადოებამ არ მოახდინა რეაგირება მსგავს შემთხვევებზე, ეს განმეორდება ხვალაც და ამიტომ მსგავს ფაქტებს გაცილებით დიდი რეაქცია და პროტესტი უნდა მოჰყვეს. არ შეიძლება თვალის დახუჭვა, გაჩუმება და რაღაც ქცევების იმით გამართლება, გიჟი იყო, რატომ გაქვთ რეაქცია და ასე შემდეგ. ფეისბუქში შემხვდა მსგავსი კომენტარები, ეს არის ფემიციდი და ქალთა მკვლელობა იმის გამო, რომ ისინი არიან ქალები,“- ამბობს მარიამ ხაჟომია.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.