მთავარი,სიახლეები

რუსეთ-უკრაინის ომის 5 სხვადასხვა შესაძლო დასასრული – Wall Street Journal-ი

22.05.2022 • 5828
რუსეთ-უკრაინის ომის 5 სხვადასხვა შესაძლო დასასრული – Wall Street Journal-ი

გამოცემა  Wall Street Journal-ი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულის 5 სხვადასხვა შესაძლო დასასრულს განიხილავს.

გამოცემა წერს, რომ ომის მესამე თვესაც კი, ჯერ კიდევ ვერ აღწევს რუსული მხარე სერიოზულ წარმატებას ბრძოლის ველზე. ექსპერტების ნაწილი უკრაინის დიდი კონტრშეტევის შესაძლებლობასაც განიხილავს, რამდენიმე კვირაში.

ომის დასასრულის 5 სხვადასხვა ვარიანტზე ვრცელი სტატია WSJ-მ 19 მაისს გამოაქვეყნა.

  • რუსეთის კრახი

მაღალი მოტივაციით განმსჭვალულმა და კარგად შეიარაღებულმა უკრაინულმა ძალებმა ისარგებლეს რუსი სამხედროების სისუსტეებით.

რუსები იბრძვიან სუსტი ლოჯისტიკით, კოორდინაცია სუსტია საჯარისო ნაწილებს შორისაც. რუსულ ჯარს არც მორალური და სულიერი შემართება აქვს.

დასავლელი ექსპერტების უმრავლესობა ომის ანალიზისას აღნიშნავს, რომ მოსკოვის „გეგმა ბ“ გულისხმობს ძალების აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით კონცენტრირებას, საკუთარი პლაცდარმის გაფართოებას დონბასში. ეს გეგმა გაცილებით ნელა მუშაობს, ვიდრე ამას რუსები იმედოვნებდნენ.

ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, შეუძლებელია რუსების გეგმის განხორციელება: მოაქციონ უკრაინის ჯარი ალყაში, მით უფრო, რომ ომში უკვე იყენებენ დასავლურ ნაღმმტყორცნ M777-სა და სხვა იარაღს. პენტაგონი ამბობს, რომ სწორედ ეს იარაღი ცვლის ომში ვითარებას.

საუკეთესო რამ, რაც ზოგიერთ ანალიტიკოსს შეუძლია თქვას მოსკოვის საომარ მოქმედებებზე, არის ის, რომ ჯერ ისინი არ დაცემულან. „შეიძლება ვთქვათ, რომ რუსული არმია კარგად უმკლავდება მდგომარეობას, იმის გათვალისწინებით, რა წინააღმდეგობის მოგერიებაც უწევთ“, – ამბობს ლონდონის სამეფო კოლეჯის სამხედრო კვლევების დამსახურებული პროფესორი ლოურენს ფრიდმანი. თუმცა, იქვე დასძენს, რომ „ჯარი შეიძლება მყიფე აღმოჩნდეს“.

დასავლეთის დაზვერვის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ რუსი სამხედროების დიდი ნაწილი უარს აცხადებს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გაგრძელებაზე.

დასავლური დაზვერვის ცნობით, რუსული დანაყოფები, რომლებიც კიევთან ბრძოლებში დამარცხდნენ, ისევ ომში დააბრუნეს ცუდად გაწვრთნილი ახალწვეულებით.

დაზვერვა ამბობს, რომ დამატებითი ძალების მობილიზებამ, როგორიცაა ჩეჩენი ბოევიკები, კიდევ უფრო გაურთულა ძალთა კოორდინაციის შესაძლებლობა რუსეთს.

„მგონია, რომ ესაა სცენარი, რომელიც შესაძლოა საკმარისად არაა შეფასებული და გაანალიზებული. ეს რუსეთის რეალური კოლაფსის შესაძლებლობაა“, – ამბობს ელიოტ კოენი, ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარი.

კოენის თქმით, ომის ნებისმიერი შედეგი მოახდენს გავლენას მოსკოვზე. „მგონია, რომ რაღაც ფუნდამენტურ დონეზე პუტინმა უკვე წააგო ომი. ძნელი წარმოსადგენია, რომ მან შეინარჩუნოს ძალაუფლება გრძელვადიან პერსპექტივაში“, – ამბობს მკვლევარი.

  • უკრაინის კრახი

უკრაინელების მიერ რუსეთის ძალებისთვის მიყენებული ზიანი და დანაკარგები კარგად არის დოკუმენტირებული და აღწერილი. თუმცა ნაკლები მტკიცებულება არსებობს იმის შესახებ, თუ რა დანაკარგები აქვს უკრაინულ მხარეს.

საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია მოწმობს, რომ უკრაინული მხარის საომარ აღჭურვილობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. თუმცა, დასავლეთის შეფასებით, უკრაინის ცოცხალი ძალის მსხვერპლი გაცილებით ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც რუსეთმა განიცადა. ნატოს მიერ მარტის ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემებით, დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა 40 ათასი რუსი სამხედრო.

მარიუპოლის აღება რუსეთის დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება იყო. უკრაინელები თითქმის სამი თვის განმავლობაში იყვნენ მოქცეულები ფოლადის ქარხნის ალყაში, მერე კი იარაღი დაყარეს.

ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მოსკოვის შეიარაღებული ძალები ინტენსიურ ზეწოლას ახორციელებენ უკრაინაზე სევეროდონეცკში, დონბასისა და ლიმანის გარშემო.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უკრაინული ძალების ეფექტურობას დასავლური ტექნიკა მნიშვნელოვნად გაზრდის.

გაერთიანებული ძალების სამეფო ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი და უსაფრთხოების საკითხებში ლონდონის ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელი, მაიკლ კლარკი განმარტავს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის პირობა, გაუწიოს უკრაინას 33 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება, არის ერთგვარი სიგნალი – ამერიკის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, ამ ომში უკრაინა რომ არ დამარცხდეს. კლარკის მოსაზრებით, ეს მნიშვნელოვნად ამცირებს უკრაინის დამარცხების ალბათობას.

  • ჩიხი

ომი ხშირად ექცევა ჩიხში და არც ერთ მხარეს არ სურს ამ დროს დანებება, წაგება. დასავლელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ამ გარემოებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კონფლიქტის გაგრძელებას მომავალ წელსაც ან კიდევ დიდხანს.

„ომი ხშირად კონკურენტული კოლაფსია, როცა გამარჯვება მიდის ჯერ კიდევ ფეხზე მდგარი მხარისკენ, თუმცა ამ დროს ორივე მხარე საშინლად იტანჯება. ასე მოხდა 1918 წელსაც“, – ამბობს კოენი პირველი მსოფლიო ომის დასასრულზე საუბრისას.

კოენის თქმით, ნაკლებსავარაუდოა რუსებმა შეძლონ დანაკარგების აღდგენა. უფრო სარწმუნო სცენარია, რომ  უკრაინელები გამოიყენებენ ტაქტიკურ უპირატესობას: შეარჩევენ ადგილებს, დროს, რუსულ ძალებზე თავდასხმისა და დანაყოფებში შეღწევისთვის.

რამდენიმე ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ თუ უკრაინის ძალებს ახლა შეუძლია დაუპირისპირდეს რუსების შეტევას დონბასში, მაშინ ისინი შეძლებენ კონტრშეტევაზე გადასვლასაც რამდენიმე კვირაში, რაც ომის კრიტიკული ფაზა იქნება.

კლარკის თქმით, რუსული არმია მცირერიცხოვანია იმისთვის, რომ  თუნდაც გარკვეულ მიზნებს მიაღწიოს უკრაინაში. ახლა მოსკოვის გრძელვადიანი ამოცანაა, შეძლოს ძალების რეკრუტირება და ძირითად არმიაში დამატებით 150-180 ათასამდე სამხედრო პირის მობილიზება.

„აუცილებელი წვრთნების გათვალისწინებით, ახალწვეულები ბრძოლის ველზე წლის ბოლომდე გამოჩნდებიან. თუ შემდეგ წელს რუსები შეძლებენ დიდი ძალების მობილიზებას, ჩიხში შევალთ“, – ამბობს კოენი.

  • უკრაინის შეტევა

აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ჯარების გადასროლის შემდეგ, როგორც ჩანს, რუსებმა იჩქარეს ეტაპობრივი შეტევის წამოწყება, რიგ შემთხვევებში კიევიდან გამოძევებული ჯარების საქმეში ჩართვით, ნაცვლად იმისა, რომ დრო დაეთმოთ ჯარების ფართომასშტაბიანი მობილიზებისთვის.

რაღაც მომენტში რუსები წინსვლას შეწყვეტენ. ამ ეტაპზე კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დასავლური იარაღი, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ.

შორსმტყორცნი ამერიკული ჰაუბიცები უკრაინელებს საშუალებას აძლევს შეუტიონ რუსეთის ჯარებს ცეცხლის ზონაში მოხვედრის გარეშე. უკრაინა ასევე იღებს სხვა დასავლურ აღჭურვილობას, როგორიცაა Switchblade და Phoenix Ghost დრონები.

უკრაინელების მინიმალური მიზანია ქვეყნის საზღვრების აღდგენა ომის დაწყებამდე – 23 თებერვლის მდგომარეობით.

ანალიტიკოსების თქმით, თუ უკრაინელები წარმატებას მიაღწევენ, შეჩერება პოლიტიკური გამოწვევა იქნება პრეზიდენტ ზელენსკისთვის და გაჩნდება სურვილი რუსების კიდევ უფრო შორს განდევნის.

შეტევითი ოპერაციები თავდაცვით ოპერაციებზე უფრო რთულია. იმ ტერიტორიებზე გადაადგილება, სადაც რუსები არიან გამაგრებულები, უკრაინისთვის ამბიციური ნაბიჯი იქნება.

ზეწოლა გარედან, განსაკუთრებით ევროპელების მხრიდან, ზელენსკიზე გაიზრდება შესაძლო შემტევი ბრძოლების შეჩერების მიზნით.

  • ესკალაცია

ზოგიერთი ანალიტიკოსი ახლა წუხს, რომ რუსეთის ლიდერის კუთხეში მიმწყვდევამ შესაძლოა კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს. ესკალაციად ისინი განიხილავენ ბრძოლის ველზე ტაქტიკური ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენების ალბათობას, თუმცა დასავლელი ანალიტიკოსების აზრით ეს ნაკლებსავარაუდოა.

მათი აზრით, მაშინაც კი, თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ ბრძოლის ველზე, კონფლიქტი ავტომატურად მაინც არ გადაიზრდება დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებაში, ისე, რომ ისინი ერთმანეთს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებით დაუპირისპირდნენ.

რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება დაარღვევს ომში ამგვარი იარაღის გამოყენების აკრძალვას, რომელიც 1945 წლიდან მოქმედებს. რეაქციაც შესაბამისი იქნება.

„ვვარაუდობ, რომ თუ პუტინი ასე შორს წავიდა, ის წინააღმდეგობას წააწყდება და ქვეშევრდომები მის ბრძანებებს არ შეასრულებენ“, – ამბობს კოენი.

ასეთი იარაღის გამოყენება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დიდ ეკონომიკურ იზოლაციაში მოაქცევს რუსეთს სანქციების მორიგი ტალღით, რომელიც მიმართული იქნება არამხოლოდ რუსული, არამედ ნებისმიერი კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთში ეწევა ბიზნესს.

ანალიტიკოსების თქმით, ამგვარი იარაღის გამოყენებაც კი, რუსეთს ბრძოლის ველზე უპირატესობასა და წარმატებას ვერ მოუტანს, რადგან რუსული და უკრაინული ძალები ახლო დისტანციაზე ებრძვიან ერთმანეთს – ერთ კონკრეტულ ადგილას არ არიან უკრაინული ძალები კონცენტრირებულნი.

საბრძოლო მოქმედებებიდან მოშორებით აკრძალული ბომბების გამოყენება რუსეთის მხრიდან იქნებოდა კიევში გადაწყვეტილების მიმღები პირებისა დატერორება და ზეწოლა დასავლეთზეც, რომ ამ უკანასკნელმა წაახალისოს ზელენსკი მშვიდობის დასამყარებლად, უკრაინის დანებების გზით. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ჰიპოთეტურად ეს შესაძლებელია, თუმცა მოვლენების ასე განვითარება ნაკლებადაა მოსალოდნელი.

ანალიტიკოსების თქმით, დასავლეთისგან ბირთვული იარაღით პასუხი მოსალოდნელი დიდად არ არის, თუმცა სავარაუდოა, რომ ისინი ამისთვის სამხედრო პასუხს გასცემენ რუსეთს.

ამჟამინდელი წითელი ხაზები, რომელიც არ აძლევს დასავლეთს შესაძლებლობას ჩაერთოს საჰაერო ოპერაციებში, სავარაუდოდ გაქრება ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში და შეიქმნება ფრენის აკრძალული ზონა.

კოენის თქმით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი შესაძლოა დასავლეთის პოტენციურ სამიზნედ იქცეს, რუსეთის რაციონალურ მოთამაშეებს კი სურთ, აირიდონ პირდაპირი შეტაკებები აშშ-სა და სხვა დასავლური ქვეყნების საჰაერო ძალებთან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: