განათლება,მთავარი,სიახლეები

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყება

23.05.2022
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყება

ხვალ, 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება, რომელიც 15 ივნისს, დღის ბოლოს დასრულდება.

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმის საჯარო სკოლებში პირველკლასელებისთვის 1700 თავისუფალი ადგილია. „მხოლოდ მე-15 სკოლაშია შევსებული ადგილები“-გვეუბნებიან რესურსცენტრში.

რეგისტრაციას ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური ვებგვერდის – registration.emis.ge მეშვეობით ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს.

სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

„შეგახსენებთ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესული ცვლილების გათვალისწინებით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში განხორციელდება იმ ბავშვების ჩარიცხვაც, რომელთაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ,“- აცხადებს სამინისტრო.

III ეტაპის, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში რეგისტრაციის IV ეტაპი დაიწყება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე დარეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპზე, ან რეგისტრაციის შეცვლა სურთ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: