მთავარი,სიახლეები

რა ელით აზოველებს რუსეთში და რა ელის რუსულ ჯარს უკრაინაში – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

21.05.2022 • 15620
რა ელით აზოველებს რუსეთში და რა ელის რუსულ ჯარს უკრაინაში – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ომის სახეს ცვლის რუსეთი“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ვისთან ინტერვიუც ჩავწერეთ და ფრონტის ბოლო ამბების შეფასება ვთხოვეთ. იგი დარწმუნებულია, რომ მალე რუსეთი ძირითადად თავდაცვით პოზიციას დაიკავებს უკრაინის ოკუპირებულ მიწებზე. „თავდაცვითი ზღუდეების მოწყობა უკვე დაიწყეს ზაპოროჟიეს მიმართულებით“, – შენიშნავს გადამდგარი გენერალი და საკუთარ გათვლასაც გვიზიარებს: როდის მოახერხებს უკრაინა კონტრდარტყმას.

ვახტანგ კაპანაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ „აზოვსტალიდან“ გაყვანილ მებრძოლებს რუსები ტყვეებში გაცვლიან.

ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, მარიუპოლით დავიწყოთ. გუშინ საღამოს თქვა „აზოვის“ პოლკის მოადგილე კალინამ, რომ „ოპერაცია გრძელდება“. უკრაინულ მხარეს კი ნათქვამი აქვს, რომ „აზოვმა“ საბრძოლო დავალება უკვე შეასრულა და მებრძოლების „ევაკუაცია“ დაიწყო. საინტერესოა თქვენი დაკვირვება: რატომ დათანხმდა „აზოსვტალიდან“ მებრძოლების გაყვანას რუსეთი? 

ფაქტია, რომ „აზოვსტალში“ არავითარი საბრძოლო მოქმედება აღარ მიმდინარეობს. კალინა გულისხმობს ევაკუაციას, რომელიც იქ ამ დრომდე გრძელდება, იქიდან ჯგუფ-ჯგუფად გამოდიან ადამიანები. 1750-ზე მეტი კაცი უკვე გამოიყვანეს, მაგრამ ჯამში 2500-ზე მეტი კაცია, მათ შორის, 804 აზოველი, ხოლო 3 რუსი ტყვე, რომლებიც მათ ჰყავდათ ჩემი მონაცემებით.

თუ დააკვირდებით, ერთსა და იმავე რეალობას სხვადასხვა ტერმინით აღწერენ „აზოვსტალის“ შესახებ უკრაინელები და რუსები. უკრაინელები ამბობენ, რომ ეს არის „ევაკუაცია“, რუსები კი, ახსენებენ „ჩაბარებას“. სამხედრო ენაზე ამას იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური ოპერაცია ჰქვია. აღსანიშნავია, რომ დაჭრილები გადაჰყავთ სამკურნალო დაწესებულებებში, ხოლო სხვები – დონეცკის რაიონში, ყოფილ კოლონიაში და აცალკევებენ აზოველებს. ეს გაცალკევება, ზოგადად, მიღებული პრაქტიკაა, მათ შორის, „წითელი ჯვრის“ მოთხოვნების შესაბამისად, მაგალითად, ოფიცრები ცალკე და ასე შემდეგ. თუმცა აზოველების ცალკე გამოყვანა მიანიშნებს იმას, რომ მათზე იქნება განსაკუთრებული წნეხი და გამოიყენებენ პროპაგანდისტული მიზნებისთვის. მე არ ვფიქრობ, რომ მათ მარტივად გაუცვლიან ტყვეებში უკრაინელებს.

  • რა ბედი ელით აზოველებს, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? 

რუსები მაქსიმალურად ეცდებიან, არ გაცვალონ ეს ტყვეები. თუმცა გააჩნია, უკრაინა რა დონის ტყვეს ჩაიგდებს ხელში. არაა გამორიცხული დიპლომატიური ზეწოლა და ვაჭრობა – მთავარია, რომ ისინი ცოცხლები არიან და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

ველოდები უფრო, რომ იქნება მათი სასამართლო და რუსები მოაწყობენ ღია სასამართლოებსაც, რომ ვნახოთ, მათ შორის, აღიარებითი ჩვენებებიც, იქნება მონტაჟი, დაწერილი ტექსტების წაკითხვა და ასე შემდეგ. გაგებით უნდა მოეკიდოს ამას როგორც უკრაინა, ისე საქართველოს მოსახლეობა, ვინაიდან ფაქტია, რომ ეს ადამიანები გმირები არიან და გმირულად იბრძოლეს, სანამდე შეიძლებოდა.

სასიკვდილო განაჩენი არ აქვთ რუსეთში, თუმცა ამისკენ მოწოდებებიც ისმის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში საერთაშორისო მონიტორინგი, განსაკუთრებით კი, „წითელი ჯვრის“ და „Human rights watch“-ის ჩართულობა.

  • ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, „უკრაინელთა მტკიცე წინააღმდეგობამ მარიუპოლში შედეგად მოიტანა ის, რომ ამ რეგიონში მყოფ რუსეთის ძალებს გადაიარაღება და განახლება დასჭირდებათ, ვიდრე მათი ეფექტიანად გამოყენება გახდება შესაძლებელი“. თქვენი აზრით, რა ეფექტი ჰქონდა „აზოვსტალს“ ამ ომში და როგორ შეცვალა მან ომის მოცემულობა ორივე მხარისთვის?

ვერ ვიტყოდი, რომ „აზოვსტალმა“ ომის მოცემულობა შეცვალა, თუმცა რაღაც დროის გასვლის შემდეგ სამხედრო ექსპერტების გასარჩევი იქნება, რაც მოხდა. სამხედრო ანალიზის თემა იქნება იმის განსჯაც, რამდენად გამართლებული იყო მათი ალყაში დატოვება და შეიძლებოდა თუ არა მათი გამოყვანა.

ფაქტია, რომ აზოველებმა რუსების მნიშვნელოვანი ძალები მიაჯაჭვეს ამ რეგიონს, ზაპოროჟიეს მიმართულებას ვგულისხმობ. საუბარია დაახლოებით 12-15-ათასკაციან დაჯგუფებაზე. ომში ბევრი მითი იქმნება და მე არ ვიცი, უკრაინის ოპერატიულ გეგმებში რა იყო: შესაძლოა, არ იყო მზად ზაპოროჟიეს მიმართულებაზე თავდაცვითი ზღუდეები და ეს შეკავება მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარისთვის. არსებობს პოზიციაც, რომ თავიდან დაახლოებით 3500 კაცი იყო ამ დაჯგუფებაში და შეიძლება გამოსდგომოდათ თავიდანვე იგივე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. კლაუზევიცი [გერმანელი სამხედრო თეორეტიკოსი, პრუსიელი გენერალი] იყენებდა ტერმინს „ომის ხახუნი“, როდესაც იქმნება პირობები, წინააღმდეგობები და მარტივის განხორციელება ხდება რთული, რთულისა – შეუძლებელი. უდავოა, რომ „აზოვსტალის“ დაცვის ეპიზოდი ისტორიაში შევა, როგორც სიმამაცის თვალსაჩინო მაგალითი.

  • რა ხდება ფრონტის წინა ხაზზე? საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის [ISW] ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ ოპერაციებს, რათა წინ წაიწიონ პოპასნას ჩრდილოეთით და დასავლეთით მოემზადონ სევეროდონეცკზე შეტევისთვის.

თავიდან იყო საუბარი სამი ტიპის ალყის შესაძლებლობაზე, თუმცა აშკარად გამოჩნდა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო როგორც დიდი, ისე საშუალო ალყის განხორციელება. ახლა რუსეთს დარჩენილი აქვს რამდენიმე შესაძლოა ტაქტიკური ალყა, რასაც რუსები ეძახიან „ტაქტიკურ ქვაბს“, ანუ სიღრმეში გამაგრებული უკრაინული რაიონების ალყაში მოქცევა.

როგორც ხედავთ, მაქსიმალური ძალისხმევაა სევეროდონეცკი – ლისიჩანსკის მიმართულებაზე. რუსებმა ეს თუ მოახერხეს, ალყაში აღმოჩნდება დაახლოებით 10 – 12 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. მთელი დიდი გეგმებიდან, რაც ჰქონდა რუსეთს, რომ უნდა გასულიყო პოლონეთის საზღვარზე და აეღო კიევი, აქედან დარჩა მხოლოდ სევეროდონეცკის აღება და ესეც უცნობია, შეძლებენ თუ ვერა.

ჩემი აზრით, დაახლოებით თვის ბოლოს რუსეთი გადავა დაკავებული ტერიტორიების დაცვაზე და შეცვლის ომის სახეს. ამაზე მეტყველებს უკვე საფორტიფიკაციო სამუშაოების დაწყება, რაც მიმდინარეობს ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. რუსეთმა უკვე დაიწყო თავდაცვითი ზღუდეების მოწყობა.

  • იზიუმთან აძლიერებდნენ საბრძოლო დანაყოფებს და არტილერიას. რა ხდება ამ მიმართულებით?

იზიუმის სამხრეთით არის სევეროდენცკი და ლისიჩანსკი. იყო ჩანაფიქრი, რომ იზიუმიდან და გულიაპოლიდან შეუტევდნენ და შექმნიდნენ ღრმა რკალს. ამ მეთოდით ისინი მთლიანად დაჯგუფებას მოაქცევდნენ ალყაში, მაგრამ ვერაფერს ახერხებენ… ამ დროისთვის ძირითადი აქტიურობა არის სევეროდონეცკის მიმართულებაზე, სადაც 100 კვადრატულ კილომეტრზე თავმოყრილია 20-მდე საბატალიონო, ტაქტიკური ჯგუფი.

  • ანუ მაისის ბოლოს ელოდებით, რომ რუსეთი გადავა თავდაცვაზე და მხოლოდ ოკუპირებული დონბასის დაცვას შეეცდება? 

დიახ, ის ძირითადად გადავა დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნების მოქმედებაზე, რაც არ გამორიცხავს ცალკეული მიმართულებით შეტევასაც, მაგრამ ოპერატიულ დონეზე ეს იქნება თავდაცვის ორგანიზება. ჩემი აზრით, მხოლოდ ეს რესურსი დარჩა რუსეთს.

  • წინა ინტერვიუში რაც გვითხარით, აღნიშნა ბრიტანეთის დაზვერვამაც – „რუსი სამხედრო მეთაურები ძლიერი ზეწოლის ქვეშ არიან“. თქვენი ინფორმაციით, რა მოხდა, მაგალითად, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კისელის შემთხვევაში, რომელიც ელიტური პირველი გვარდიის სატანკო არმიას ხელმძღვანელობდა. არის ვერსია, რომ ის თანამდებობას ჩამოაშორეს იმიტომ, რომ ხარკოვის აღება ვერ შეძლო.

დიახ, ასეა. ჩამოსაშორებელიც იყო, მაგრამ ეს რამდენად უნდა განხორციელებულიყო ახლა, შესაფასებელია. როგორც ამბობენ, მდინარეზე გადასვლისას ცხენებს არ ცვლიან. ის შეცვალეს იმიტომ, რომ ამოცანა ვერ შეასრულა და დიდი დანაკარგი ჰქონდა. ის ხელმძღვანელობდა სატანკო არმიას, რომელიც რამდენიმე სამანევრო შენაერთისგან შედგებოდა. ეს იყო ყველაზე საჩვენებელი არმია…

  • თანამდებობა დაკარგა ვიცე-ადმირალმა იგორ ოსიპოვმაც, რომელიც შავი ზღვის ფლოტს მეთაურობდა. ეს უკავშირდება აპრილში კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვას?

დიდი ალბათობით, ასეა. გარდა ამისა, ამდენი ხომალდი დაკარგა მოწინააღმდეგესთან, რომელსაც საზღვაო ძალები საერთოდ არ ჰყავს, ვერც დესანტი გადასხა, ამხელა ფლაგმანი ჩაეძირა. თავისთავად, ეს გამოიწვევდა უკმაყოფილებას და ამ ცვლილებასაც.

  • ამჯერად რამდენად არის მოსალოდნელი რუსეთისგან საზღვაო ძალების გაძლიერება? უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის თქმით, „რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ძალიან რთულია ახლა წინსვლა, ამიტომაც მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რომ ბრძოლაში წყალქვეშა გემები, ფლოტი და სხვა საბრძოლოს კომპონენტები ჩართოს.“

ორი აზრი არ არსებობს, რომ წყალქვეშა ხომალდები არის ყველაზე უსაფრთხო შესაძლებლობა, დაარტყა რაკეტებით, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის საზღვაო, ზედაპირული ძალები 200 კილომეტრზე ახლოს ვერ უახლოვდებიან უკრაინას, მის აკვატორიაში ვერ შედიან, ისინი ამ მანძილიდან ახორციელებენ სარაკეტო დარტყმებს. რუსები, ძირითადად, საზღვაო ძალებს იყენებენ სახმელეთო, საზღვაო, საცეცხლე მხარდაჭერისთვის და ახორციელებენ შორი მანძილიდან დარტყმებს. იყო ასევე მოსაზრება, რომ სადესანტო ხომალდები გადიან, შემოდიან და ასე შემდეგ, შესაძლოა, ისინი ელოდებიან დესანტის გადასხმის მომენტს, მაგრამ ოდესაში ეს გამორიცხულია. თუ ეს მოხერხდება, მოხერხდება ბესარაბიაში, რომელიც მოწყვეტილია ოდესას.

  • რა ხდება კუნძულ ზმეინიზე, რომელზეც კონტროლის მოხვეჭა მნიშვნელოვან სამხედრო უპირატესობას ნიშნავს განსაკუთრებით დესანტის გადასხმის კუთხით? 

რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზმეინიზე განათავსოს ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებები, თუმცა ჯერჯერობით იქ განთავსებულია მხოლოდ საშუალო მანძილის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები. უფრო მეტად გაძლიერებას იქ რუსები ვერ ახერხებენ, რადგან უკრაინელებისთვის ზმეინი არის ცეცხლის მიწვდომის მანძილზე, საჰაერო თუ უპილოტო საფრენი საშუალებების მიწვდომის მანძილზე. შესაბამისად, ზმეინი რჩება ნაცრისფერ ზონად.

რუსებმა იქ ვერ დააყენეს საშუალებები, რაც მათ სჭირდებათ, უკრაინელებმა კი, სრული კონტროლი ვერ მოიპოვეს, რადგან დიდი დანაკარგი განიცადეს ამ პროცესში. ამიტომაც, შეეცდებიან ისევ უბრალოდ, რუსებს არ მისცენ საშუალება, აიღონ სრული კონტროლი ზმეინიზე.

  • შეიარაღების ახალი პაკეტის შესახებ რა შეიძლება გვითხრათ, რამდენად გაუმჯობესდა უკრაინის სამხედრო რესურსი?

ეს ნამდვილად დაეტყობა უკრაინას, როცა ის სრული მასშტაბით შეძლებს მიწოდებული აღჭურვილობის გამოყენებას. რაც ამ ბოლოს მიიღო უკრაინამ, ვგულისხმობ M-113 მუხლუხიან ჯავშანტრანსპორტიორებს და T-72 – ებს, ეს ძირითადად სჭირდებათ დანაკლისის აღსადგენად. უკრაინამ უნდა დაიწყოს ახალი დანაყოფების დაკომპლექტება, რომლებიც სრულად აღჭურვილნი იქნებიან დასავლური სისტემით და ეს გამოიყენოს შემდეგ კონტრდარტყმის განსახორციელებლად, ანუ ოპერატიული, ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის.

  • პოდოლიაკი წლის ბოლოს ელოდება ამ ომის დასრულებას. „გამარჯვების რეცეპტი მარტივია:  რეალური ემბარგო ნავთობზე + ტანკები, თვითმფრინავები და არტილერია. მოდით, დავასრულოთ ის ერთად,“ – დაწერა მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერის  პირად გვერდზე. თქვენი მოლოდინი როგორია?

მაგრამ უკრაინელები გამარჯვებად მიიჩნევენ არა 24 თებერვლის შემდეგ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, არამედ ტერიტორიების სრულად დაბრუნებას ყირიმის ჩათვლით და მიყენებული ზარალის ანაზღაურებას რუსეთის მხრიდან. არა მგონია, რომ ეს ამოცანები წლის ბოლომდე შესრულდეს.

მინიმუმ ყირიმის დაბრუნებას სერიოზული საზღვაო ძალების კომპონენტის მომზადება და ჩართვა დასჭირდება. გარდა ამისა, დანაყოფების შექმნა პროცესია, ინტეგრირება და ასე შემდეგ. ჩემი გათვლებით, სამი თვე მაინც დასჭირდება უკრაინას ამის მოსამზადებლად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: