მთავარი,სიახლეები

„ფარული ხარჯვა“ აჭარის ტელევიზიაში – 900 ათასი ლარის შესყიდვა კონკურსის გარეშე

23.05.2022 • 1287
„ფარული ხარჯვა“ აჭარის ტელევიზიაში – 900 ათასი ლარის შესყიდვა კონკურსის გარეშე

მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში ჟურნალისტების დევნის საქმის გამოძიებაზე პროკურატურამ უარი თქვა, ხოლო სასამართლომ ჟურნალისტების და რედაქტორების საქმის განსახილველად ვერ მოიცალა, დირექტორი უკვე მილიონამდე ლარის სატელევიზიო პროდუქციას უკონკურსოდ, პირდაპირი წესით ყიდულობს. ამისთვის მან დებულება უკვე შეცვალა, რაზეც ბორდმა უსიტყვოდ მოუწერა ხელი.

„არ ვყიდულობთ ტენდერით მექანიკურ პროდუქციას, პირდაპირ ვყიდულობთ… რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, საოცარი რამეა, იმ წესით რომ მივდივარ, უფრო ძვირი გამოდის,“ – განაცხადა აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მრჩეველთა საბჭოს 22 თებერვლის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად განიხილეს, დირექტორისთვის მიეცათ თუ არა ნება, კონკურსის გარეშე შეეძინა მილიონამდე ლარის ღირებულების სატელევიზიო პროდუქტი.

განიხილეს რა – ძირითადად გია ქარცივაძემ დასვა კითხვები სხდომაზე, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა და ეს ბორდის მეორე წევრმა, თამილა დოლიძემ გააპროტესტა. „ამდენი ადამიანი ვსხედვართ და ვისმენთ მხოლოდ თქვენს პაექრობას ამდენი საათია. თუ ასე პირადად გაქვთ რაღაცები სალაპარაკო, გაბრძანდით ოთახში და ილაპარაკეთ. დავიღალეთ რა…“ – განაცხადა თამილა დოლიძემ.

„უფრო ძვირი გამოდის,“ – უთხრა გია ქარცივაძეს გიორგი კოხრეიძემ კონკურსით წესით შესყიდვის წესის ცვლილებაზე და კონკრეტიკის გარეშე სცადა დასაბუთება: რატომ სჯობია დემოკრატიის ფუნდამენტურ წესს – საჯაროობას, ტენდერს და კონკურსს პირდაპირი შესყიდვის მსგავსი შესყიდვა, როცა საქმე მილიონამდე ლარის ხარჯვას ეხება.

საუბარია მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმების, ასევე სერიალების შესყიდვაზე, რაშიც წელს „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ 899 099 ლარს დახარჯავს. იმის მიუხედავად, რომ იგივე მექანიკური პროდუქციისთვის 2021 წელს, კონკურსის გზით ჩატარებული შესყიდვის შედეგად, აჭარის ტელევიზიამ 702 769 ლარი დახარჯა, აჭარის ტელევიზიის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ მან „80 ათასი ლარი დაუზოგა ტელევიზიას“.

ბორდის სხდომაზე გიორგი კოხრეიძემ გია ქარცივაძეს ჰკითხა: რატომ იყენებდნენ კონკურსის წესს [წინა დირექტორის, ნათია კაპანაძის ხელმძღვანელობის დროს გია ქარცივაძე ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა], როცა მის გარეშე შეიძლებოდა მექანიკური პროდუქციის შეძენა კანონით და თან კოხრეიძის მტკიცებით, თანხაც დაზოგეს.

„საიდან მოვიდა ეს 80 ათასი?… გარდა იმისა, რომ უარს ვამბობთ საჯაროობაზე, ეს აჩენს კორუფციის რისკს,“ – თქვა მრჩეველთა საბჭოს 22 თებერვლის სხდომაზე გია ქარცივაძემ, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა ბორდის წევრებს შორის, ვინც გიორგი კოხრეიძეს მხარი არ დაუჭირა.

გიორგი კოხრეიძემ მრჩეველთა საბჭოს იმავე სხდომაზე აღნიშნა, რომ „52 საათამდე მეტი პროდუქცია შეიძინა“. თუმცა როცა გია ქარცივაძემ მეტი კონკრეტიკა ითხოვა და სხდომას ინგა გოგოლიშვილი შემოუერთდა, სატელევიზიო მაუწყებლობის განვითარების სამსახურის უფროსი, მან თქვა, რომ „ვადებში ვიჭედებოდით“. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ტელევიზია სამ კომპანიას დაუკავშირდა, ბაზარი მოიკვლია, ვის შეეძლო ლიცენზირებული „მექანიკური პროდუქციის“ მოწოდება და ისე მიიღეს გადაწყვეტილება.

ბორდის სხდომაზე გაირკვა, რომ ტელევიზიის დირექტორს წესი ბორდის სხდომამდეც უკვე შეუცვლია დებულებაში და მას აღარ სჭირდება მექანიკური პროდუქციის კონკურსის წესით შესყიდვა. ტელევიზიაში კომისია იქმნება, რომელიც მოიკვლევს ბაზარს იმ სატელევიზიო პროდუქტის შესახებ, რის შეძენაც სურთ და შემდეგ რომელიმე კონკრეტულ კომპანიას გაუფორმებენ ხელშეკრულებას.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრაქტიკამ ცხადყო, რომ არ არის მიზანშეწონილი კონკურსის გამოცხადება, შესაბამისად შესყიდვის გამართლებულ მეთოდად ამ მომენტისათვის უნდა იქნეს მიჩნეული შესყიდვა ბაზრის კვლევის საფუძველზე და გამონაკლის შემთხვევებში პირდაპირი ფორმით შესყიდვა,“ – ჩაუწერია დებულებაში გიორგი კოხრეიძე.

„ეს არის ფარული ხარჯვა, შეძენა. ეს პირდაპირი შესყიდვაც არაა, რასაც სახელმწიფო აკეთებს, დაახლოებით ისეთია, მაგრამ ეს სრულიად დახურულია,“ – განმარტავს გია ქარცივაძე „ბათუმელებთან“. ის პროფესიით იურისტია და სხდომაზეც იკითხა: „ვისაც თქვენ იცნობდით, მარტო იმას დაუკავშირდით? იქნებ მეც მინდოდა მოწოდება, ვინ დამიკავშირდა? სად იყო გამოქვეყნებული ინფორმაცია ამის შესახებ?“ – თქვა ბორდის სხდომაზე გია ქარცივაძემ, რომელიც ასევე უპასუხოდ დარჩა.

ბორდის სხდომაზე ინგა გოგოლიშვილმა ისაუბრა თანხის დაზოგვაზეც: „მაგალითად, 2 ათასი ლარი იყო BBC-ის დოკუმენტური ფილმი, ახლა „ენ რეკორდსი“ გვაძლევს 1850 ლარად,“ – თქვა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ჯამურად რატომ იხდის ტელევიზია ახლა უფრო მეტს წინა წელთან შედარებით. „ბათუმელებს“ მრჩეველთა საბჭოს წევრმა, გია ქარცივაძემ გააცნო აჭარის ტელევიზიიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც აჭარის ტელევიზიამ 2021 წელს, როცა კონკურსი ჩატარდა, მექანიკური პროდუქციის შეძენაზე 702 496 ლარი დახარჯა.

„კი, დაახლოებით 700 ათასი დავხარჯეთ,“ – პასუხობს ინგა გოგოლიშვილი გია ქარცივაძეს ბორდის სხდომაზეც. წელს კი, „ენ რეკორდსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, აჭარის ტელევიზია მექანიკურ პროდუქციაში 899 099 ლარს გადაიხდის.

„მინიმუმ საზოგადოების ფინანსების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების მწვერვალია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გია ქარცივაძე და განმარტავს, რომ კანონი პირდაპირ არ დარღვეულა და ამის საკანონმდებლო დაშვება 2018 წლიდან არსებობს:

„მაგრამ არსებობს წესრიგი, ჩამოყალიბებული პრაქტიკა და ორგანიზაციული ტრადიცია, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ფინანსების გამჭვირვალე, საჯარო ხარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის მარტიდან კანონმდებელმა გაათავისუფლა მაუწყებელი მექანიკური პროდუქციის შესაძენად საჯარო/ღია ტენდერი ჩაეტარებინა.

მაუწყებლის იმ დროინდელმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ საჯარო/საზოგადოების ფინანსების ხარჯვაში, რომელიც რამდენიმე ასეულობით ათასი ლარია, მინიმალური გამჭვირვალობის სტანდარტი მაინც ყოფილიყო დაცული. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში, მიმდინარე წელთან შედარებით, ბევრად ნაკლები თანხა იხარჯებოდა [ღია კონკურსის წესით] მექანიკური პროდუქციის შესაძენად, მიმდინარე წელს, როდესაც თანხა საკმაოდ მოცულობითი გახდა [თითქმის 900 000 ლარი], ამ შეძენის წინ გააუქმა დირექტორმა აღნიშნული კონკურსის წესი. ჩემთვის გაუგებარია ობიექტურ დამკვირვებელს როგორ არ უნდა გაუჩნდეს კითხვები: მაშინ როდესაც თანხა ნაკლები იყო ტარდებოდა კონკურსი  და ახერხებდა მაუწყებელი შეძენას, ხოლო როდესაც თანხა გაიზარდა, უარი ვთქვით კონკურსზე,“ – განმარტავს გია ქარცივაძე.

„იმისთვის გაკეთდა ეს, რომ არ გაესაჩივრებინა ვინმეს შემდეგ ეს გადაწყვეტილება და არ დაჩენილიყო მექანიკური პროდუქციის გარეშე ტელევიზია. ეს ჰქონდათ მიზნად, გეუბნებით,“ – უპასუხა გია ქარცივაძეს გიორგი კოხრეიძემ, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა.

წელს აჭარის ტელევიზიას მექანიკურ პროდუქცია კომპანია „ენ რეკორდსი“ მიაწვდის. მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ინგა გოგოლიშვილმა, სატელევიზიო მაუწყებლობის განვითარების უფროსმა, აღნიშნა, რომ ეს იგივე კომპანია „ბრავოა,“ ვისთანაც წინა წლებშიც თანამშრომლობდა აჭარის ტელევიზია. „გადაირქვა სახელი, არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ადამიანები იგივე არიან,“ – დასძინა ინგა გოგოლიშვილმა.

კორუფციული რისკების შემცირებაზე დასვა კითხვა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ „ფილმების შესყიდვა ტენდერით მართლაც ძალიან რთულია“. გიორგი კოხრეიძეს არ უპასუხია კონკრეტულად, როგორ შეამცირებს კორუფციის რისკს ახალი წესი, როცა კონკურსი აღარ ტარდება და ისე ყიდულობს ტელევიზია მილიონამდე ლარის პროდუქციას, რომ საჯაროდ ამის შესახებ არავინ არაფერი იცის.

კითხვა თამილა დოლიძემაც დასვა მას შემდეგ, რაც ახალი ფილმების და სერიალების ჩამონათვალს გაეცნო:

„ძველი ფილმებია ძირითადად“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ 2014 წლამდე წარმოებაში გაშვებულ ფილმებს ნახავს აჭარის ტელევიზიის მაყურებელი.

„აბა, ახალი, საპრემიერო ფილმები ოთუზბირი ღირს,“ – გადახედა თამილა დოლიძეს გიორგი კოხრეიძემ. დემოკრატიის დამასუსტებელი ახალი წესის შემოღებაში ოპოზიციის კვოტით ბორდში არჩეულმა თამარ წილოსანმაც აუწია მას ხელი.

სად დაიზოგა კონკრეტულად 80 ათასი ლარი, რაზეც გიორგი კოხრეიძე საუბრობდა და რატომ არჩია აჭარის ტელევიზიამ დახურული წესი ღია კონკურსს? – „ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის ტელევიზიის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს. „თუ რამე გაინტერესებთ, მომწერეთ ოფიციალურად და მიიღე პასუხს ოფიციალურად,“ – მოგვწერა მან.

___

მთავარი ფოტო: სქრინი აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 22 თებერვლის სხდომიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: