ნეტგაზეთი • RU

10 მილიონი ხულოს ვაშლოვანში ახალი სკოლისა და საერთო საცხოვრებლის ასაშენებლად

ხულოში, სოფელ ქვემო ვაშლოვანში საჯარო სკოლის არსებულ შენობას დაანგრევენ და მის ადგილზე ახალ შენობას ააშენებენ. სკოლის სამსართულიან შენობასთან ერთად ააშენებენ ხუთსართულიან კამპუსსაც [საერთო საცხოვრებელს]. საჯარო სკოლის ახალი შენობა გათვლილია 300 ბავშვზე, ხოლო კამპუსი 170 ადამიანზე.

საჯარო სკოლის ძირითადი შენობის და კამპუსის მშენებლობის სამუშაოების მრავალწლიან [2022-2025 წწ] სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი აჭარის განათლების სამინისტრომ 10 მილიონ 283 ათას 87 ლარით გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 12 ივნისს დაიწყება და ხუთ დღეში, 17 ივნისს დასრულდება.

ტენდერის პირობის მიხედვით, „მიმწოდებლის მიერ სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 36 კალენდარულ თვეში. ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები. აღნიშნულ ვადაში გათვალისწინებულია ზამთრის პერიოდიც.“

ქვემო ვაშლოვნის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის გარდა ყველა ნაგებობას დაანგრევენ. უშუალოდ მემორიალს რეაბილიტაცია 2020 წელს ჩაუტარდა, რაშიც ხულოს მერიის ინფორმაციით, 36 431 ლარი დაიხარჯა / ფოტოზე – ქვემო ვაშლოვნის საჯარო სკოლა და მემორიალი / ფოტო: ხულოს მერია

ქვემო ვაშლოვნის ახალი საჯარო სკოლა – რენდერი პროექტიდან

რამდენიმე ინფორმაცია ახალი სკოლის პროექტიდან:

  • ამ დროისთვის საჯარო სკოლის სარგებლობაშია 2494 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, გარდა არსებული მონუმენტისა. ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთი მდებარეობს 1186 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოწყობილია ღია სპორტული მოედანი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მდებარეობს 511კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ფიზიკური პირის საკუთრებაა და იგეგმება მისი შემოერთება და გაერთიანდება ძირითად მიწის ნაკვეთთან.
  • საპროექტო ტერიტორიაზე განთავსდება ორი ძირითადი შენობა – სკოლის და კამპუსის შენობები.
  • სკოლის შენობა წარმოადგენს მართკუთხა ფორმის სამსართულიან ნაგებობას. პირველ სართულზე წარმოდგენილია: ფოიე, ადმინსტრაციული ოთახები, სველი წერტილები და საკლასო ოთახები. მეორე სართულზე – ბიბლიოთეკა წიგნების საცავით, სააქტო დარბაზი გასახდელებითა და საკლასო ოთახები. ხოლო მესამე სართულზე – სპორტული დარბაზი სამაყურებლო აივნით, გასახდელებით და ინსტრუქტორის ოთახით, საკლასო ოთახები და სველი წერტილები.
  • შენობა დაყოფილია ორ ბლოკად. ბლოკი წარმოდგენილია ცალქანობიანი სახურავით, ხოლო ბლოკი ორქანობიანით. სახურავი მოწყობილია სენდვიჩპანელებით. სართულებს შორის კავშირი ხორციელდება ერთი კიბის უჯრედის და ლიფტის მეშვეობით.
  • კამპუსი წარმოადგენს მართკუთხა ფორმის ხუთსართულიან ნაგებობას. პირველ სართულზე წარმოდგენილია: ფოიე, მიმღები, მომსახურე პერსონალის ოთახები, სველი წერტილები, რომლებიც ადაპტირებულია შშმ პირებზე. სასადილო სამზარეულოთი, საძილე ოთახი მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის, რომლებიც აღჭურვილია შშმ პირთათვის. მეორე სართულზე გვხვდება მხოლოდ მოსწავლეთა ერთ და ოთხადგილიანი საძილე ოთახები. ასევე სარეკრეაციო სივრცე. მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე განთავსებულია საძილე ოთხადგილიანი ოთახები. სართულებს შორის კავშირი ხორციელდება ერთი კიბის უჯრედის და ლიფტის მეშვეობით.“
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com