მთავარი,სიახლეები

აფხაზეთის ომის ვეტერანი ზელენსკის გამარჯვებასა და საკუთარ უსახლკარობაზე

22.05.2022 • 2387
აფხაზეთის ომის ვეტერანი ზელენსკის გამარჯვებასა და საკუთარ უსახლკარობაზე

„რა დამავიწყებს იმ დღეებს, უკრაინელი ბიჭები ჩვენთან ერთად რომ იდგნენ ავტომატებით ხელში და იბრძოდნენ. ახლაც რომ შემეძლოს, წავიდოდი უკრაინაში,“ – ამბობს აფხაზეთის ომის ვეტერანი და დევნილი აფხაზეთიდან გოჩა ბექაია. მან რუსეთ-უკრაინის ომზე საკუთარი პოზიცია გაგვიზიარა და აფხაზეთის ომი გაიხსენა, სადაც უკრაინელი მოხალისეები იბრძოდნენ.

„მოლაპარაკებაო, რომ ახსენებენ, ერთი მითხრან, რომელი შეთანხმება არსებობს, რომელიც რუსეთმა არ დაარღვია? რუსეთი ყველაფერს არღვევს და აფუჭებს… ჩვენი მიწებიც რუსებმა წაგვართვეს. ვინ ვერ ხვდება ამას?

ახლა უკრაინა რითაც დგას ამ დრომდე ფეხზე, ეს დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერაა, აწვდიან ყველაფერს, მაგრამ მე იმას ვფიქრობ, რომ მარტო იარაღს კი არ უნდა აწვდიდნენ, რეალურად უნდა გააჩერონ რუსეთი. მუდმივად არ უნდა ვიჭყლიტებოდეთ შუაში ჩვენ და უკრაინა, მოლდოვაც შესაძლოა მოიყოლონ უკვე.

რასაც აზოვსტალის მებრძოლებს ვუყურებ, როგორ წარმოუდგენიათ მაგათი დამარცხება? რუსების გაყრა დაკავებული მიწიდან ძალიან ძნელია, მაგრამ იმედია, შეძლებენ ამას უკრაინელები… ზელენსკი მოიგებს, რადგან ის ხალხის გვერდითაა. ესაა მთავარი მებრძოლისთვის, როცა ხელისუფლება და პრეზიდენტი შენ გვერდითაა. ლიდერი როცა ხარ, კი არ უნდა დაიმალო, წინ უნდა წახვიდე.

აფხაზეთის ომში 11 დღე არტილერიის გარეშე დაგვტოვეს, მოლაპარაკებაა და ვრიგდებითო. ეს რომ გავიგეთ, თავიდან კი გაგვიხარდა, მაგრამ რა მოლაპარაკება? დაგვტოვეს არტილერიის გარეშე, ცარიელი ავტომატებით ხელში,“ – გვიყვება გოჩა ბექაია.

იგი იხსენებს, რომ 23 წლის იყო, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო. ომამდე გოჩა ბექაია ტექნიკუმში სწავლობდა და ჯარში გაწვევის გამო სწავლა შეუწყვეტია. ჯარიდან დაბრუნებიდან მეორე დღეს გოჩას ეზოში უთხრეს, ომი დაიწყო.

„ძირითადად ავტომანქანაზე ვმუშაობდი, რომელიც შეიარაღებას აწვდიდა საბრძოლო დანაყოფებს. სოხუმში ერთი ასეთი დასახელებაა – ლინდავა, მაქ გავიცანი უკრაინელი მებრძოლები. მაგენი რასაც ჰქვია იბრძოდნენ, პირდაპირ პოზიციაზე იდგნენ… ახლო მეგობრები არ იყვნენ ჩემი, მაგრამ რამდენჯერმე შევხდი, მესალმებოდნენ, მოვიკითხავდით ერთმანეთს.

მერე, რომ გართულდა სიტუაცია, მეც პოზიციაზე დავდექი, სადაც 10 კაცი მინიმუმ მაინც უნდა ვყოფილიყავით, ხუთი ვიდექით, სხვები აფხაზეთის დატოვებაში ეხმარებოდნენ ოჯახებს.

ჩემებიც გავამგზავრე მეგონა, მაგრამ ვერ წასულან, თურმე. მერე გავიგე, რომ დედაჩემს და ჩემს დასაც 27 სექტემბერს დაუტოვებიათ სოხუმი. იმ გემით წამოვიდნენ, რომლის კადრებიც არსებობს, აი, ძაღლი რომ გამორბის უკან… სხვათა შორის, დედაჩემმა და ჩემმა დამაც უკრაინელების დახმარებით დატოვეს მშვიდობიანად აფხაზეთი.

მე სოხუმის დაცემის მერე წამოვედი ფეხით, 19 ჯარისკაცი ვიყავით ერთად, რამდენიმე დღე და ღამე ვიარეთ ფეხით,“ – იხსენებს გოჩა ბექაია. მას ფოსტიდან დაურეკავს ოჯახის ნათესავისთვის და გაურკვევია, რომ მისი ოჯახის წევრები ბათუმში წამოვიდნენ, მამის შესახებ კი, არაფერი ისმოდა.

აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს 44 წლის გულერი ბექაიას დახვრეტის ამბავი ომის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ უთხრეს.

„მამაჩემი ქიმიური ქარხნის ყარაულად მუშაობდა, დახვრიტეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველი იყო, იქვე, ქარხანასთან… ერთია, როცა ომში გხვდება ტყვია და მეორე, მშვიდობიან ადამიანს რომ კლავ.

არ ვიცი, ვის როგორ უნდა შევურიგდე. მე ვერ ვაპატიებ, ჩემმა შვილებმა აპატიონ…

მამას დახვრეტის ამბავი თავიდან არ ვიცოდით, მაგრამ ვხდებოდით, რომ მამა აღარ იყო ცოცხალი, არაფერი აღარ ისმოდა, დეპეშას გამოაგზავნიდა მაინც… წლების შემდეგ დამირეკა ახლობელმა ქალმა და მითხრა, რომ მამა დახვრიტეს, მე ვიცი ეს ამბავი, არ გეუბნებოდითო. სამი კაცი ერთად დახვრიტეს თურმე ტყუილუბრალოდ და მათ შორის იყო მამაც. დნმ-ის მონაცემები დიდი ხანია გაგზავნილი მაქვს, „წითელი ჯვარი“ ეძებს მის ცხედარს, მაგრამ ამ დრომდე ვერ იპოვეს…“ – გვითხრა გოჩა ბექაიამ.

აფხაზეთის ომის ვეტერანი ამბობს, რომ წლებია უსახლკაროდაა. მას ბათუმში, სასტუმრო „მესხეთიდან“ გამოსახლების დროს 7 ათასი ამერიკული დოლარი მისცეს. ამ ფასად საცხოვრებელი ბინის შეძენა ვერ მოახერხა.

„ახლა გირაოთი ვართ 13 ათას დოლარად, ვადა მეწურება, უნდა მოვძებნო ახალი ბინა, მაგრამ სად მოვძებნო? 9 ბინა მოვიცვალეთ უკვე, ჩემმა შვილებმა უკვე ბათუმის ყველა უბანი იციან. უფროსი გოგოა და უკვე ამთავრებს სკოლას, მეორე ბიჭია და 14 წლისაა უკვე… მაშინაც ვამბობდი, მაყიდინეთ რამე და შევალ-მეთქი. ჩემს მდგომარეობაშია ძალიან ბევრი სხვა დევნილიც და ამ დროს ვისმენთ განცხადებას, რომ ყველა დევნილი დაბინავებულია, სად ვარ დაბინავებული?“ – კითხულობს აფხაზეთიდან დევნილი.

აფხაზეთიდან დევნილებს სახელმწიფო თვეში 45 ლარს ურიცხავს. როგორც ომის ვეტერანს, გოჩა ბექაიას სახელმწიფო ელექტროენერგიის საფასურის დასაფარავად ურიცხავს თვეში 100 ლარს.

„წელს გაზარდეს, მანამდე 22 ლარი იყო. რომ არ ვმუშაობდეთ, არ ვიცი, როგორ უნდა ვიარსებოთ საერთოდ, შიმშილით დავიხოცებოდით, ალბათ,“ – გვითხრა ომის ვეტერანმა და დამშვიდობებამდე დასძინა, ყველაზე მეტად სოხუმში დაბრუნება რომ ურჩევნია, დიდი კორპუსის ერთ პატარა ბინაში, მის ოჯახს რომ ეკუთვნოდა.

„ჩამონგრეულია და აღარ იცხოვრება, სოციალურ ქსელში იყო რაღაც ვიდეო და იქ მაჩვენეს, ბოლომდე ვეღარ ვუყურე…“, – დასძინა გოჩა ბექაიამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: