85 წელი სტალინური რეპრესიებიდან – როგორ ხვრეტდნენ უდანაშაულო ადამიანებს

30 ივლისს 85 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც დიდი სტალინური ტერორის ყველაზე სისხლიანი ფაზა დაიწყო. რეპრესიები, რომელმაც ათიათასობით უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე ფურცელია.

საბჭოთა კავშირი შექმნის დღიდანვე ძალადობრივი, არაჰუმანური სისტემა იყო, მაგრამ 1937-38 წლებში რეჟიმის სისასტიკე საკუთარ თავზე ათიათასობით ადამიანმა იწვნია.

1937 წლის 30 ივლისით თარიღდება საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) მიერ გამოცემული ბრძანება #004447. სწორედ ეს ბრძანება გახდა სტალინური რეპრესიების ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ტალღის საფუძველი, რის დროსაც დაახლოებით 25-30 ათასი ადამიანი დააპატიმრეს. მათგან ნახევარი დახვრიტეს, ნახევარი გადაასახლეს. გადასახლებულთაგან ბევრმა გულაგებში დაასრულა სიცოცხლე და უკან, სახლში ვეღარ დაბრუნდა.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია წელს მეოთხედ აღნიშნავს სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს.

როგორ გაჩნდა ამ დღის აღნიშვნის იდეა, როგორ კლავდა სისტემა უდანაშაულო ადამიანებს – „ბათუმელები“ საბჭოთა წარსულის მკვლევარს, ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრა.

  • როგორ გაჩნდა სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღნიშვნის იდეა და რატომ უნდა აღვნიშნოთ 30 ივლისს?

გვინდა ეს თარიღი საბჭოთა მასობრივი რეპრესიების მსხვერპლთა მოხსენიების დღედ იქცეს ეროვნულ დონეზე. საერთაშორისო დონეზე საერთო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა დღე 23 აგვისტოა.

როდესაც ვფიქრობდით, რისთვის უნდა დაგვეკავშირებინა, როგორც ტერორის მსხვერპლთა დღე, შევარჩიეთ 30 ივლისი, #004447 ბრძანების გამოსვლის თარიღი. ეს არის 1937 წელს გამოცემული შიდა სისტემური ბრძანება საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) ე.წ. კულაკური ოპერაციის დაწყების შესახებ. სწორედ ეს იყო ყველაზე მასობრივი და სისხლიანი ოპერაცია დიდი ტერორის განმავლობაში.

ამ ოპერაციის სამიზნე იყო მსხვერპლის ყველაზე დიდი სეგმენტი, სოფლის მოსახლეობა. ე.წ. კულაკობის და კოლექტივიზაციის მოწინააღმდეგედ მიჩნეული გლეხების მასობრივი წმენდა და განადგურება ჰქონდა ამას მიზნად. ამ ოპერაციისთვის შეიქმნა ცნობილი ე.წ. „ტროიკა“ – სამეული, რომელიც დაჩქარებული, საგანგებო წესით, კონვეიერულად წყვეტდა ადამიანების ბედს. „ტროიკა“ გადაიქცა 1937-38 წლების დიდი სტალინური ტერორის სიმბოლოდ.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ აგვერჩია ეს თარიღი, როგორც ყველაზე კატასტროფული, მასშტაბური, სისხლისმღვრელი, ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოშვების დღე.

ირაკლი ხვადაგიანი
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ამ დღის აღნიშვნა?   

ტოტალიტარული, აგრესიული, მასობრივი დანაშაულის რეჟიმის შესახებ მეხსიერების შენარჩუნება არის ძალიან საჭირო. აუცილებელია, რომ მსგავსი კატასტროფებისთვის ისევ არ დარჩეს საზოგადოებაში სივრცე. როდესაც დანაშაულს ხმამაღლა დაერქმევა სახელს, მუდმივად გაზიარდება ამის შესახებ ინფორმაცია. იმის ჩვენება, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე ღირებულია. ტერორის მსხვერპლები – ეს არ არის უბრალოდ რიცხვები, კონკრეტული ადამიანები დგანან ამ რიცხვების მიღმა. არაადამიანურ მმართველობასთან გვქონდა საქმე, როდესაც ერთი ბრძანებით ათიათასობით ადამიანის ბედს წყვეტდა კონკრეტული ადამიანების ჯგუფი.

ამ დღის აღნიშვნას აქვს ხსოვნის, ასევე საგანმანათლებლო ელემენტი. ეს არის ჩვენი საერთო მეხსიერების ნაწილი და ასევე პოლიტიკური განათლების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის. ვხედავთ, რომ არსად არ წასულა ამ ტიპის აგრესიული რეჟიმის რესტავრაციის და ამ დანაშაული განმეორების ვნება.

ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ის, რასაც რუსი სამხედროები აკეთებენ უკრაინაში, დაპყრობილ ტერიტორიებზე. რეალურად ეს უახლესი წარსულია. ეს არის პირდაპირი მემკვიდრეობა, თაობიდან თაობას გადმოცემული განადგურების მექანიზმი, ასეთი კონვეიერული, ცივსისხლიანი წესით. რასაც აკეთებდა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი.

  • ხშირად მომისმენია, რომ 1937-1938 წლების რეპრესიებს შეეწირნენ პატრიოტი, მეამბოხე ქართველი ინტელექტუალები. რეალურად ვინ იმსხვერპლა სტალინურმა რეჟიმმა, როგორი იყო ამ ადამიანების ბედი?

ეს რიტორიკა, რომ საუკეთესო ნაწილი იმსხვერპლა რეპრესიებმა ქართული საზოგადოების, ცოტა ელიტისტური მიდგომაა და ზედაპირული. ეს იყო ტოტალური წმენდა, როდესაც წინასწარ, კარგად, გეგმურად ხდება რეჟიმის მიერ საფრთხის შემცველი ან მის მიერ ასე შეფასებული მთელი ჯგუფების, ფენების, გამიზნულად ფიზიკური მოსპობა და განადგურება.

ის შეეხო ყველას. იშვიათად თუ იპოვით 1937-38 წლებში მაშინდელ სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინსტიტუციას, სადაც ამ ტერორის კვალი არ იკითხება. მთავარი ამოცანა რეჟიმს ჰქონდა მოსახლეობის დაშინება, განეიტრალება და დამორჩილება.

პირველი ტალღები მიმართული იყო ნაშთების – იმ პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომლებიც იატაკქვეშეთიდან ებრძოდნენ საბჭოთა რეჟიმს. თუკი ვინმე იყო იმ ორგანიზაციებიდან, როგორც პოლიტპატიმარი, გადასახლებაში ან ისევ ციხეებში ფიზიკურად სპობდნენ. ასევე ანადგურებდნენ შიდაპარტიულ ოპოზიციას, უხუცეს ბოლშევიკებს. არმიაში მოხდა ტოტალური წმენდა.

რეჟიმი ატარებდა ე.წ. საჩვენებელ სასამართლოებს, პროცესებს, სადაც აცხადებდა, რომ გამოვლენილი დამნაშავეებს ასამართლებდა, სადაც ისინი აღიარებდნენ ბრალს და მოწყალებას ითხოვდნენ, რომ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ.

  • როგორი სასამართლო სისტემა იყო იმ წლებში და რატომ ხვრეტდნენ ამდენ ადამიანს?

მექანიზმის დონეზე რომ შევადაროთ – ყველაზე მასობრივი და სისხლიანი ორგანო იყო ე.წ. „ტროიკა“, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან (НКВД) არსებული სამეული. მსგავსი წესით პოლიტიკური მოწინააღმდეგეების თავიდანვე სპობდა რეჟიმი, უბრალოდ 30-იანი წლების დასაწყისში ფორმალურად ეცადნენ ჩარჩოებში მოქცევა და უფრო სასამართლო პროცედურების დაცვით ცდილობდნენ ადამიანების გასამართლებას. მასშტაბიც შედარებით ნაკლები იყო.

როდესაც განსაზღვრეს ტერორის მასშტაბი, მიხვდნენ, რომ ვერანაირი სასამართლო ინსტანცია ამას ვერ გაუმკლავდებოდა, ამიტომ დაუბრუნდნენ ძველ და ნაცად ხერხს – „ტროიკას“. თვითონ სისტემის წარმომადგენლების პატარა ჯგუფი დაჩქარებულად, იმპერატიულად წყვეტდა ადამიანების ბედს.

საბჭოთა კავშირის ყველა სახელმწიფოს დონეზე, შინსახკომმა მოაწყო სამეულები, სადაც შედიოდნენ შინსახკომის უშიშროების განყოფილების ხელმძღვანელი, რესპუბლიკის პროკურორი და მუშათა და გლეხთა მილიციის უფროსი. ასევე მდივანი. ეს ადამიანები ფორმალურად წყვეტდნენ ბრალდებულების ბედს.

სასამართლოზე ბრალდებულების დასწრების, მათთვის შეტყობინების გარეშე. ასევე დაცვის უფლების გარეშე, არც იცოდნენ ადამიანებმა, რომ მათ საქმეს განიხილავდნენ. არც განაჩენის გასაჩივრების უფლება ჰქონდათ. ეს იყო საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ყოფილიყო სისრულეში მოყვანილი.

რეპრესიების პროცესის პიკში, დაახლოებით ეს არის 1937 წლის ნოემბერი-დეკემბერი, არის შემთხვევები, როდესაც ერთ სხდომაზე 100-200 ადამიანის ბედიც კი გადაუწყვეტიათ. ამას აკეთებდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში. ეს მასობრივი და გამანადგურებელი იყო.

ასევე იყო მეორე ტიპის სასამართლო, ფორმალური პროცედურების დაცვისთვის. ეს იყო უმაღლესი სასამართლო, სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესია, რომელიც ცენტრიდან (მოსკოვიდან), მოკავშირე რესპუბლიკების ცენტრებში (დედაქალაქებში) პერიოდულად ჩადიოდა.

ეს სასამართლო სპეციალურ კატეგორიაში მყოფ, მნიშვნელოვანი მსხვერპლების საქმეებს წყვეტდა. ასეთ სასამართლოებზე მეტ-ნაკლებად, კარიკატურულ დონეზე იყო წესები დაცული – ბრალდებული მიჰყავდათ იზოლატორიდან. დღევანდელი უზენაესი სასამართლოს შენობაში ტარდებოდა მსგავს სასამართლოებზე სხდომები.

მსხვერპლს ჰქონდა საშუალება, რამდენიმე წუთის განმავლობაში თავი დაეცვა, შემდეგ ეს კოლეგია გადიოდა და რამდენიმე წუთში იღებდა გადაწყვეტილებას, რომელიც არ საჩივრდებოდა.

უმრავლეს შემთხვევაში დახვრეტის გადაწყვეტილება აქვს მიღებული გამსვლელ სესიას.

რეჟიმის სახეს და სისასტიკეს აჩვენებს ისიც, რომ რეალურად გადაწყვეტილებას რიგი კატეგორიის მსხვერპლებზე ეს ორგანოები არ იღებდნენ. ყველა რესპუბლიკიდან სპეციალური აპარატი წინასწარ გზავნიდა სპეციალურად შერჩეული კატეგორიების პატიმრების სიებს კრემლში, პოლიტბიუროში. მონიშნული კატეგორიით – რა გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მათზე მიღებული: დახვრეტა თუ გადასახლება. პირველი კატეგორია, მეორე კატეგორია. ამ სიას პოლიტბიუროს შემადგენლობა ადასტურებდა, სანქციებს აძლევდა და განსაზღვრავდა.

ეს ცნობილია სტალინის სიის სახელით.

თვითონ უშუალოდ უმძლავრესი ძალაუფლების მქონე პირები იყვნენ ჩართული კონკრეტული ადამიანების ბედის გადაწყვეტაში. მათი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ეს განაჩენები ფორმალურად დასტურდებოდა ან უმაღლესი სასამართლოს გასვლით სესიაზე, ან „ტროიკაზე“ ან სხვა ორგანოს მიერ, ვის ხელშიც აღმოჩნდებოდა ეს კონკრეტული ადამიანები.

სტალინიც აქტიურად იყო ჩართული და უმრავლესობა ამ სიებისა მის ხელშია გადიოდა. სტალინის უშუალო ნაცნობების, ძველი კოლეგების და ა.შ.  სიცოცხლე დასრულდა კონკრეტულად სტალინისავე მითითებით.

  • რა ბრალდებით აკავებდნენ ამ ადამიანებს და მერე ხვრეტდნენ?

ბრალდებების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. როცა საბჭოთა კავშირში კოლექტივიზაციის პირველი ფაზა ჩავარდა, შემდგომ რეჟიმი მობილიზდა. დიდი ტერორით მოსპო ყველა მოწინააღმდეგე ელემენტი სოფელში, რომ კოლექტივიზაცია, იძულებითი შრომის სისტემა დამკვიდრებულიყო სოფლად. შესაბამისად, გლეხების უმრავლესობა გახდა ამ სისხლიანი ოპერაციის მსხვერპლი.

გლეხების ბრალში ძირითადად ფიგურირებს ანტისაკოლმეურნეო მოძრაობაში ჩართულობა, კულაკობა, საბოტაჟი, კოლმეურნეობის აქტივისტებზე თავდასხმა.

სისტემისთვის მეორე საინტერესო და საყვარელი ბრალდების ფორმულირება იყო ანტისაბჭოთა კონტრ-რევოლუციური ორგანიზაციის წევრობა ან ანტისაბჭოთა აგიტაცია პროპაგანდა.

ძირითადად, ყველა ეს ბრალდება ფორმალიზებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პუნქტებით. იყო ასევე დივერსია, ტერორიზმი. ერთი ხაზია ბრალდების ტერორისტული აქტის ორგანიზება რეჟიმის წინააღმდეგ. საკმაოდ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ამ ბრალდების მსხვერპლი. ასევე რეჟიმის „საყვარელი“ ბრალდება იყო საბოტაჟი.

ეს ბრალდებები ანარეკლია იმის, თუ როგორ დაიგეგმა მასობრივი წმენდა, ვინ იყო სამიზნე და როგორ შეიფუთა შემდეგ განადგურების აუცილებლობა – რომ აი, კონტრრევოლუციური მემარჯვენეთა ალიანსი არსებობდა პარტიაში.

  • რამდენი ათასი ადამიანი შეეწირა რეპრესიებს?

ბოლომდე სანდო რიცხვები არ გვაქვს, მაგრამ რადგან ყველაზე სისხლისმღვრელი ორგანოს სტატისტიკა არის დამუშავებული და შესწავლილი, აქედან გამომდინარე მიახლოებით შეიძლება გამოანგარიშება.

1936-38 წლებში, ჯამში, საქართველოში დაპატიმრებული და რეპრესირებული იყო, სადღაც 25000-30000 ადამიანი, საიდანაც 12 ათასამდე ადამიანი მალევე დახვრიტეს, სხვები კი 8 – 10 წლით გადაასახლეს ე.წ. შრომა-გასწორების კოლონიებში, გულაგებში. იქიდან დიდი ნაწილი ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა. იქ არსებული რეჟიმის და პირობების გამო.

ცალკე კატეგორიაა უკვე ოჯახის წევრები. რეჟიმი მსხვერპლთა ოჯახის წევრებსაც შეეხო. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით აპატიმრებდნენ ოჯახის წევრებს, ძირითადად ცოლებს და მათაც ასახლებდნენ, როგორც ხალხის მტრის ოჯახს.

რუსეთში და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში ასეთი ოჯახების ბავშვები რჩებოდნენ მარტო. მათ სპეციალურ ბავშვთა ბაღებში აგზავნიდნენ, რომელსაც საბავშვო კოლონიები შეიძლება დავარქვათ. საქართველოში ბავშვები გადაურჩნენ მსგავს კოლონიებს, რადგან ძირითადად ნათესავებმა აიღეს თავზე მათი მოვლა.

„300 ლარით სად ვიქირაოთ ბინა?“ – უკრაინელი ლტოლვილები აჭარის მთავრობის სახლთან

„პირველი აგვისტოდან ქუჩაში ვრჩებით. იქნებ სეზონის დასრულებამდე მაინც გაგვაჩერონ სასტუმროში, 300 ლარად სად ვნახოთ ბინა?“ – კითხულობს ტატიანა პოდვინცოვა, ის კიევიდანაა და მარტიდან, შვილთან ერთად ბათუმში ცხოვრობს.

უკრაინიდან ომის გამო ლტოლვილები დღეს, 29 ივლისს, ბათუმში, საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც პირველი აგვისტოდან უკრაინელი ოჯახები ბინის დასაქირავებლად 300-300 ლარს მიიღებენ და სასტუმროში ვეღარ იცხოვრებენ.

უკრაინელმა ლტოლვილებმა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს. მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან უკრაინელებს, დაცვის პოლიციის გარდა, ბათუმის პოლიციის უფროსიც დახვდა.

უკრაინელებს აჭარის მთავრობაში არავინ შეხვდა, მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დევნილებს ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე დახვდა

„დღეს 15 უკრაინული ოჯახი შევიკრიბეთ, მცირეწლოვანი ბავშვებით ვართ ადამიანები მარიუპოლიდან, ხერსონიდან… სხვებსაც სჭირდებათ დახმარება, მაგრამ ჩვენ ღია ცის ქვეშ ვრჩებით, ვერც სამსახური ვიპოვეთ, ენა – ბარიერია, ფასები – მაღალი. განსაკუთრებით ახლა ყველაფერი გაძვირდა, ზღვის სეზონზე კიდევ უფრო ძვირდება ბინები.

მოხალისეები დაგვპირდნენ, რომ შემოდგომაზე მოგვაძებნინებენ ბინებს ამ 300 ლარად. ამიტომაც, ჩვენი თხოვნაა, იქნებ შემოდგომამდე მაინც სასტუმროებში გაჩერების საშუალება მოგვცენ,“ – გვითხრა ტატიანა პოდვინცოვამ.

ტატიანა პოდვინცოვა

ამ დროისთვის უკრაინელი ლტოლვილები გონიოსა და ქობულეთში ცხოვრობენ რამდენიმე სასტუმროში.

„მე ოდესიდან ვარ, მეჩნიკოვის უნივერსიტეტში ვსწავლობ, მარტიდან კი ბათუმში ვარ,“ – ამბობს ნასტასია ხრიკურაშენკო. მასაც წასასვლელი არსად აქვს. იგი ოდესიდანაა.

„ეს სამივე პატარა ბავშვი ჩემია, დნიპროდან ვართ, არ ვიცი, სად უნდა წავიდე სამი ბავშვით,“ – გვიყვება ოქსანა გორგილაძე, – „ჩემი მეუღლე ბათუმელია, მაგრამ აქ ბინა არ გვაქვს, ჩემი ქმრის მშობლებსაც უჭირთ, სოციალურ დახმარებას იღებენ, საერთაშორისო პასპორტს ველოდებით, მაგრამ ამას სამი თვე სჭირდება. ვითხოვთ დახმარებას“ , – გვითხრა მან.

განახლება: აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, უკრაინელ ლტოლვილებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თინეიშვილი შეხვდა, თუმცა უცნობია, განიხილავენ თუ არა აჭარის მთავრობაში ლტოლვილების მოთხოვნას, ან უკვე მიიღეს თუ არა რაიმე სახის გადაწყვეტილება.

_____________________

მთავარი ფოტო: ოქსანა გორგილაძე შვილებთან და უკრაინელ ლტოლვილებთან ერთად.

 

„პირველი აგვისტოდენ არ ვიცით, სად შეიძლება წავიდეთ“ – უკრაინელი დევნილების აქცია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან

ეკიპაჟი, მაშველები და მედიკოსები – ვინ იმყოფებოდა ვერტმფრენში, რომელიც დღეს ჩამოვარდა

დღეს, 29 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

შსს-ს ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე, ეკიპაჟის წევრების გარდა, იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

შს სამინისტრო აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ დეტალი ზუსტდება.

ყველას გიპოვით და გაგანადგურებთ – „აზოვის“ განცხადება ოლენოვკაში თავდასხმაზე

აზოვმა“ ნადირობა გამოაცხადა ყველა იმ პირზე, ვინც ოლენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზეა პასუხისმგებელი.

„ღამით რუსებმა ტყვე „აზოველების“ ნაწილი დახოცეს. რუსეთის სარდლობამ ტყვეთა მასობრივი მკვლელობა უკრაინის არმიის ქმედებად გაასაღა.

მანამდე პოლკის მებრძოლები ცალკე შენობაში გადაიყვანეს. უკვე ცხადია, რომ ეს იყო იმ ქვეყნის მიერ წინასწარ დაგეგმილი აქტი, რომლისთვისაც გაუგებარია, რას ნიშნავს ოფიცრის ღირსება, ჟენევის კონვენციის, ომის წესებისა და კანონების დაცვა.

რუსეთმა ვერ დაამარცხა „აზოვი“ თანაბარ ბრძოლაში, ამიტომაც ჩვენს განადგურებას მუხანათურად ცდილობენ. „აზოვის“ დანაყოფების სახელით, ვაცხადებ ნადირობას ყველა იმ პირზე, ვინც ამ მასობრივ მკვლელობასთანაა დაკავშირებული. პასუხისმგებელია ნებისმიერი რიგითი შემსრულებელი და ნებისმიერი ორგანიზატორი, თანამდებობისა და ადგილის მიუხედავად.

სადაც უნდა დაიმალოთ, გიპოვით და გაგანადგურებთ“, – ეს განცხადება „აზოვის“ დამფუძნებელმა ანდრეი ბილეცკიმ ტელეგრამ არხით გაავრცელა.

29 ივლისის დილას, რუსეთის თავდაცვამ ოლენოვკის კოლონიაზე უკრაინელთა თავდასხმის შესახებ განაცხადა. პროპაგანდისტული მედიის ცნობით, დაიღუპა სულ მცირე 53 და დაიჭრა 75 სამხედრო ტყვე.

განცხადებას მალევე უპასუხა უკრაინის გენშტაბმა, რომელმაც ბრალდება უარყო და ის რუსეთის მიზანმიმართულ პროვოკაციად შეაფასა. გენშტაბის განცხადებით, რუსეთი სამხედრო ტყვეთა წამებისა და მკვლელობის ფაქტების დაფარვას და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ომის დანაშაულების დაბრალებას ცდილობს.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, საარტილერიო თავდასხმა ოლენოვკაზე რუსეთის მხრიდან განხორციელდა. მანამდე კი, რამდენიმე დღით ადრე, სამხედრო ტყვეთა ნაწილი, მათ შორის „აზოვის“ მებრძოლები, ცალკე შენობაში გადაიყვანეს. სწორედ იმ შენობაში, რომელსაც რუსებმა დღეს დაარტყეს.

„აზოვის“ პატრონაჟის სამსახურის ცნობით, მუშაობენ დაღუპულთა და დაჭრილთა ვინაობის დადგენაზე. ადგილზე გაემგზავრნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები.

უკრაინელი სამხედროები ოლენოვკაში, კოლონიაში 16-17 მაისს გადაიყვანეს, როდესაც მათ რამდენიმეთვიანი ბრძოლების შემდეგ „აზოვსტალი“ დატოვეს. 

ოლენოვკას დაბომბვით რუსეთს სურს უკრაინისთვის იარაღის მოწოდებას ხელი შეუშალოს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა დროებით ოკუპირებულ დონეცკის ოლქში, სამხედრო ტყვეები ადგილსამყოფელის დაბომბვას ოლენოვკაში. იგი გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან რეაგირებას მოითხოვს.

პოდოლიაკის თქმით, ეს იყო კარგად შემუშავებული გეგმა, რომელიც პარტნიორების წინაშე უკრაინის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. თუმცა, მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა „ეს არის უკრაინელი ტყვეების მკვლელობა, რაც მკაცრ გამოძიებას საჭიროებს“.

უკრაინის პრეზიდენტი მრჩეველი აღნიშნავს, რომ ოლენოვკაში კოლონიის დაბომბვამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის ფედერაციამ იქ უკრაინის დამცველები გადაიყვანა.

„ოლენოვკა. კლასიკური, ცინიკური და კარგად შემუშავებული ცრუ დროშის ოპერაცია. დაგეგმილი თავდასხმა, რომელიც რუსმა სამხედროებმა უკრაინის დასადანაშაულებლად განახორციელეს. ვიცით, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინის დამცველების ნაწილი ამ ყაზარმაში რუსეთის მხრიდან თავდასხმისა და დაბომბვის დაფიქსირებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანა.

მიზანი – უკრაინის დისკრედიტაცია ჩვენი პარტნიორების წინაში და იარაღის მოწოდებისთვის ხელის შეშლა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის უკრაინელი ტყვეების ცინიკური, განზრახ გათვლილი მასობრივი მკვლელობა. ეს საჭიროებს მკაცრ გამოძიებას. ჩვენ გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან რეაგირებას მოვითხოვთ“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

დღეს, 29 ივლისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 53 უკრაინელი ტყვე დაიღუპა და 75 დაშავდა ოლენოვკის წინასწარი დაკავების იზოლატორის დაბომბვის შედეგად, რაშიც რუსეთმა ბრალი უკრაინულ მხარეს დასდო. რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელებმა იზოლატორი „ჰაიმარსებით“ დაბომბეს.

განცხადებას, მალევე გამოეხმაურა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ თავად მოაწყო ეს დაბომბვა, რათა დასავლელი პარტნიორების წინაშე უკრაინის რეპუტაცია შეელახა.

დაბომბილ კოლონიაში „აზოვის“ მებრძოლებიც იმყოფებოდნენ.

___

ამავე თემაზე:

დაბომბეს ოლენოვკას კოლონია, სადაც „აზოველებიც“ იმყოფებოდნენ, 53 ტყვე დაიღუპა

დაბომბეს ოლენოვკას კოლონია, სადაც „აზოველებიც“ იმყოფებოდნენ, 53 ტყვე დაიღუპა

რუსეთმა 29 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია დონეცკში, ოლენოვკის კოლონიაზე თავდასხმის შესახებ. ეს ის კოლონიაა, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის „აზოვის“ მებრძოლები იმყოფებიან.

რუსეთის თავდაცვა აცხადებდა, რომ „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „ჰაიმარსებით“ დამიზნებით დაარტყეს იმ ადგილს, სადაც უკრაინელი სამხედროები იყვნენ, რათა გაეჩუმებინათ ტყვეები, რომლებმაც „ჩვენებების მიცემა დაიწყეს“.

რუსული მედია სულ მცირე 53 დაღუპულ და 75 დაჭრილ სამხედროზე იუწყება.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა ოლენოვკის კოლონიაზე თავდასხმა უარყო და რუსეთის ქმედება მიზანმიმართულ პროვოკაციად შეაფასა. გენშტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიზანი ტყვეების წამებისა და მკვლელობის ფაქტების დაფარვა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებაა.

დაზვერვის წყაროებმა უკრაინულ მედიას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საარტილერიო ცეცხლი ოლენოვკის მიმართულებით რუსეთის მხრიდან დაფიქსირდა.

კიდევ ერთმა წყარომ დაზვერვიდან „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები ზუსტად რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს კოლონიის იმ ნაწილში, რომელზე თავდასხმაც დღეს მოხდა.

„იქ უშუალოდ „აზოვის“ მებრძოლები იმყოფებოდნენ, ისინი დღევანდელ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს“ – უთხრა წყარომ გამოცემას.

ოლენოვკის კოლონიაში უკრაინელი სამხედროები 16-17 მაისს გადაიყვანეს, როდესაც მათ „აზოვსტალი“ დატოვეს.

მთავარი ფოტო: ოლენოვკა, თავდასხმის ადგილი/ ფოტო: სქრინი ვიდეოდან

„ვეხები თემებს, რაც ხალხისთვის აქტუალურია“ – ბათუმელი ტიკტოკერი

ბათუმელი ტიკტოკრის, 20 წლის ლუკა ართმელაძის ვიდეოებმა ბოლო დროს ბევრის ყურადღება მიიქცია.

ლუკას ვიდეოების გმირები ტიკტოკზე არიან: ახალბედა კონსულტანტი, რომლის მენეჯერი ცდილობს მის ზეგანაკვეთურ დასაქმებას; მკვეხარა ბიზნესმენი, რომლის შვილი „ჰარვარდში სწავლობს“, თავად კი ხილ-ბოსტნეულს ჰყიდის; ავტობუსის კონტროლიორი და ა.შ. 

ლუკა ბათუმის შოთა რუსთველის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მე-4 კურსის სტუდენტია.

„ჩემი მიმართულებაა ყველაფერი, რაც მართლა რეალურად ხდება, უბრალოდ გაზვიადებულად, რომ იუმორი გაიგოს ხალხმა“ – ამბობს ლუკა.

იგი გვიყვება, რომ ვიდეოების სიტუაციებსა და გმირებს ყოველდღიური ცხოვრებიდან იღებს.

„წინასწარ არაფერს არ ვწერ და არ ვიზეპირებ. იმპროვიზაციით ვსაუბრობ ნებისმიერ ვიდეოში, რომელსაც ვიღებ. სახელი-გვარი, რაღაც პროდუქტის დასახელება და ა.შ. რაიმეს რეკლამას კი არ ვუკეთებ“ – ამბობს ლუკა.

იგი გვიყვება, რომ ვიდეოს თემის შერჩევის შემდეგ იქ მიდის, სადაც ვიდეო უნდა გადაიღოს, ირთვება კამერა და ასე იწერება იმპროვიზებული ვიდეო-ხუმრობა.

ლუკას თქმით, პირველი ვიდეო ტიკტოკზე ეროვნული გამოცდების დროს გამოაქვეყნა აბიტურიენტების თემაზე. გვითხრა, რომ ამ ვიდეოს გადაღების იდეა სახლში, უქმად ჯდომის დროს მოუვიდა.

„ვეხები ისეთ თემებს, რაც ხალხისთვისაა აქტუალური და ყველას გვინახავს. თუნდაც ის ვიდეო, ტურისტი რომ მგონია მომხმარებელი, რომელიც ტირის სათამაშოდ მოდის. ვეუბნები – სროლა 600 ლარი ღირს და „გამარჯობაო“-  ქართულად, რომ მპასუხობს, ეგრევე ვერთვები – „უი, ქართველი ხარ, მაშინ 5 ლარი-თქო“.

ლუკას თქმით, ამ ვიდეო იდეა ის იყო, რომ ტურისტებისთვის, სტანდარტულ ფასებთან შედარებით, ყველაფერი უფრო ძვირია.

ის გვიყვება, რომ სოციალური საკითხები სპეციალურად არ აურჩევია ვიდეოების გადასაღებად და სხვა თემებიც აინტერესებს.

„მე არ მყავს ვიდეოსთვის არც სპეციალური გადამღები, არც კამერა. ჩემი 2018-წლიანი აიფონით ვიღებ. ყოფილა მომენტი, რომ ჩემს მეგობრებს არ ეცალათ და ბულვარში ახალგაზრდა, ჩემი ასაკის თაობის ხალხისთვის მითხოვია გადაღება და ასეთი ვიდეოც დამიდია.

გააჩნია ჩემს გვერდით ვინ არის დროის იმ მონაკვეთში, როცა ვიდეოს გადაღება მინდა. ხან ვინ მიღებს, ხან – ვინ. სულერთია, მთავარია კამერა დაიჭირონ. არც ვიდეოს ხარისხზე მაქვს პრეტენზია, მთავარია ჩემი სათქმელი გადმოვცე სწორად.

ყოფილა ვიდეოები მარტივად გადამიღია, ყოფილა – რთულად.

თუ ვიდეოები საზოგადოებრივ ადგილასაა, ან უშუალოდ პერსონაჟების გარდა სხვებიც არიან, იცინიან და უამრავი კადრი იშლება“, – გვითხრა ლუკამ.

მისი თქმით, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მისმა ვიდეოებმა კარგი განწყობა შეუქმნა ადამიანებს და ეს მისთვის სტიმულია:

„ვიდეოების ნახვა გაიზარდა, იზრდება კომენტარების რაოდენობაც. ნეგატიური კომენტარები ძალიან იშვიათად რომ გამოერიოს“.

როგორც ის ამბობს, ვიდეოების გადაღებას იქამდე გააგრძელებს, სანამ ამის სურვილი ექნება და ხალხის გაცინებას შეძლებს.

„არც კონტრაქტები მაქვს და არც მილიონობით გამომწერი მყავს, უბრალოდ მე მომწონს და ვაკეთებ“ – ამბობს ლუკა.

ლუკა თავის მეგობარზე, გიორგი დუმბაძეზე გვიყვება, რომელიც მისი თქმით, ეხმარება ვიდეოს იდეის მოფიქრებაში, დადგმაში და ყოველთვის მის გვერდით იყო, მაშინაც, როცა ვიდეოს გადასაღებად მცირე თანხა იყო საჭირო. მას მხარს უჭერენ ოჯახის წევრებიც და რჩევებსაც აძლევენ ხოლმე.

ლუკა და გიორგი

ლუკა მხიარულთა და საზრიანთა კლუბში თამაშობდა ბსუ-ს გუნდთან ერთად „ქართულ ლიგაში“, რასაც თავის პირველ იუმორისტულ გამოცდილებად მოიხსენიებს.

5 წელი მიუსაჯეს პატრულ-ინსპექტორს, რომელმაც შშმ პირს სცემა

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის მიმართ არაადამიანური მოპყრობის, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქმე ეხება 2022 წლის იანვარში, თბილისში მომხდარ ფაქტს – 17 წლის ბიჭი, რომელსაც სმენასთან და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ძმასთან და მეგობრებთან ერთად ისნის მეტროში იმყოფებოდა, როცა პოლიციელმა სცემა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

„პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მეტროსადგურ ისანში შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მეტროპოლიტენის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არაადამიანურად მოეპყრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც მისივე მეგობრების თანდასწრებით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 25 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ არაადამიანური მოპყრობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“ – იუწყება პროკურატურა.

როგორია ბობოყვათის სამკერვალოს თანამშრომლების ჯანმრთელობა მოწამვლის შემდეგ

„მხოლოდ ერთი თანამშრომელი რჩება კლინიკაში, დანარჩენი ყველა გამოწერეს და კარგად არიან,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „აჭარა ტექსტილეს“ ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკის წარმომადგენელმა, გია ლომინაძემ.

გუშინ, 28 ივლისს, ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკიდან დაახლოებით 30 თანამშრომელი [სამკერვალოს ადმინისტრაციის ინფორმაცია] ინტოქსიკაციის დიაგნოზით კლინიკებში გადაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ სამკერვალოს თანამშრომლები გუშინ საუბრობდნენ სპეციფიკურ სუნზე, რაც მათი თქმით, გაზის სუნი იყო, „აჭარა ტექსტილეს“ ფაბრიკის ადმინისტრაცია ბუნებრივი აირით, ასევე საკვებით ინტოქსიკაციას გამორიცხავს.

„გაზი საერთოდ არაა შენობაში, მხოლოდ არის გათბობის ბლოკი, რაც შენობის გარეთაა, გათბობა გამორთული იყო ისედაც… საკვები აქ მზადდება, მაგრამ ეს ის დრო არ იყო, საკვები მირთმეული არ ჰქონდათ. იმედია, ყველაფერი გაირკვევა,“ – ამბობს გია ლომინაძე.

სოფელ ბობოყვათში სასმელი წყალი რომ უსაფრთხო არ არის, ექსპერტიზის დასკვნის შესახებ „ბათუმელები“ 20 ივლისს წერდა. სამკერვალო ფაბრიკის ადმინისტრაციაში თვლიან, რომ მოწამვლა სავარაუდოდ არც სასმელ წყალს არ უკავშირდება, რადგან წყლის ხარისხიც პერიოდულად მოწმდება.

როგორ იყო წყალი უსაფრთხო სამკერვალოში, თუკი ზოგადად სოფელს სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება? – ბობოყვათის სამკერვალოს ადმინისტრაციის უფროსმა გვითხრა, რომ არ ახსოვს კონკრეტული თარიღი, ბოლოს როდის შემოწმდა წყლის ხარისხი სამკერვალოში.

„კონკრეტული თარიღი არ მახსოვს, ინსპექციის თანამშრომლები მყავს ახლა, მოგვიანებით დაგირეკავთ,“ – სატელეფონო საუბარი შეწყვიტა გია ლომინაძემ.

შრომის ინსპექციას ამ ეტაპზე მოკვლევა სამკერვალოში არ დაუსრულებია. სამკერვალოში დღეს, 29 ივლისს სამუშაო პროცესი შეჩერებულია და ჯერ არ იციან, როდის განახლდება სამუშაო პროცესი.

„ორი პაციენტი მივიღეთ და ორივე გავწერეთ ამ დილით“, – გვითხრეს კლინიკა „მედალფაში“. ეს ერთ-ერთი კლინიკაა, სადაც ინტოქსიკაციის დიაგნოზით სამკერვალოდან გადაიყვანეს თანამშრომლები. კლინიკაში აღნიშნეს, რომ ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი.

___

მთავარი ფოტო: ბათუმელების არქივი

რუსეთი ხარკოვზე ხელახალი შეტევისთვის ემზადება – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინტიტუტის ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთმა შესაძლოა ხარკოვზე შეტევა განაახლოს. ინსტიტუტის უახლეს რელიზში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, რუსეთის ძალები ამისთვის შესაბამის პირობებს იქმნიან.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის დანაყოფები, დიდი ალბათობით, ცდილობენ, ბახმუტის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიღწეული უმნიშვნელო წარმატებები შეინარჩუნონ, რის გამოც, შესაძლოა, მათთვის ნაკლებად პრიორიტეტული გახდეს სივერსკზე შეტევა. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის დაკავების შემდეგ, მათ ქალაქის მიმართულებით წინსვლა ვეღარ შეძლეს.

„რუსეთის სარდლობა, სავარაუდოდ, ეცდება შეინარჩუნოს საბრძოლო იმპულსი ბახმუტის გარშემო. ბახმუტის მიმართულებით მცირედი წინსვლის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ძალები ქალაქის დაკავებას შეძლებენ“, – აღნიშნავენ ინსტიტუტის მკვლევრები.

რა ვითარებაა ფრონტზე:

  • უკრაინული მედიის ცნობით, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ყველაზე დიდი დანაკარგი, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთს კრივოროჟსკის მიმართულებაზე აქვს.
  • სლოვიანსკის, ბახმუტისა და კრამატორსკის მიმართულებებზე რუსებს აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ უწარმოებიათ, თუმცა რამდენჯერმე ცეცხლი გაუხსნეს დონბასის დასახლებულ პუნქტებს.
  • უკრაინელმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს რუსების შეტევები ვერშინისა და სემიგორიეს მიმართულებით.
  • რუსეთის ძალები ცდილობენ შეტევას ნოვოლუგანსკისა და სოლედარის სიახლოვეს. იქ აქტიური ბრძოლები გრძელდება.

ხარკოვზე იერიში რუსეთის არმიამ აქამდეც მიიტანა, მაგრამ უკარინის არმიამ ოკუპანტს უკან დაახევინა.

ხარკოვი უკრაინის ერთ-ერთი დიდი ქალაქია, სადაც მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს. ხუთთვიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ამ ზომის ვერც ერთი უკრაინული ქალაქის დაპყრობა ვერ მოახერხა.

მომღერალი ფილიპ კირკოროვი მოლდოვაში არ შეუშვეს – მედია

რუსული ესტრადის მომღერალი ფილიპ კირკოროვი მოლდოვას რესპუბლიკაში არ შეუშვეს.

„კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოლდოვის რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვის თაობაზე უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქისთვის. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ დაადგინა, რომ ფილიპ კირკოროვი არ ასრულებდა გადაკვეთის ნებართვის პირობებს“ – ასეთია მოლდოველი მესაზღვრეების ოფიციალური კომენტარი, რომელიც მედიაში ვრცელდება.

რამდენიმე დღის წინ ფილიპ კირკოროვმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში კონცერტები დააანონსა ვიდეო მიმართვით. მან თავის კონცერტზე რუსეთ-უკრაინის ომში დაჭრილი რუსი სამხედროები მიიწვია და მათ „გმირები“ უწოდა.

 

გერმანია უკრაინას რადიაქტიური, ბიოლოგიური და ქიმიური თავდაცვის სისტემებს გადასცემს

გერმანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რადიოაქტიური, ბიოლოგიური და ქიმიური ნივთიერებებისგან თავდაცვის ტრანსპორტსა და აღჭურვილობას გადასცემს – ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ფედერალურმა მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა გადაწყვიტა გადასცეს უკრაინას ატომური, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღისგან თავდაცვის კომპლექსური პაკეტი ბუნდესვერის მარაგებიდან,“ – ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სამხედრო დახმარების პაკეტში შედის HEP70 ტიპის დეზაქტივაციის სისტემები  – ექვსი ავტომობილი, რომელთაგანაც თითოეული აღჭურვილია სადეზინექციო ნივთიერებების ორი რეზერვუარით და ასევე, საშუალებები საშიში ნივთიერებების დეზაქტივაციისთვის (დეზაქტივაცია – რადიაქტიური ნივთიერებების მოცილება რაიმეს ზედაპირიდან).

პაკეტის საერთო ღირებულება 860 ათას ევროზე მეტია. გერმანიის თავდაცვის უწყებაში დარწმუნებულები არიან, რომ ახალი აღჭურვილობის დახმარებით უკრაინის შეიარაღებული ძალების უფრო სწრაფად შეძლებენ მომწამვლელი ნივთიერებების დეზაქტივაციას.

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის არმიაში არსებობს რადიოაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის დანაყოფები, ასეთი სისტემების გამოყენების ტრენინგი კი უკრაინელმა სამხედროებმა უკვე გაიარეს.

რატომ აგებენ ასფალტს წვიმაში, ღამით? – „უვარგისი ასფალტი გავიტანეთ“

წვიმის დროს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ერგეს მონაკვეთზე ასფალტის დაგებას მოქალაქე მერაბ ღოღობერიძე შეესწრო და ფეისბუქლაივი ჩართო.

ფეისბუქლაივში ჩანს, რომ ღამით მუშაობს მძიმე ტექნიკა, სპეციალური განათების გარეშე და ასფალტს აგებს. მერაბ ღოღობერიძეს ასფალტის დაგების პროცესში ჩართული ადამიანები პასუხობენ, რომ კომპანია „ახალი გზა“ აწარმოებს სამუშაოებს და „უფროსი ადგილზე არ არის“.

წვიმის დროს, ასფალტის დაგების კადრები 24 ივლისს, ღამის საათებშია გადაღებული.

„ღამის 12 საათზე აგებდნენ ასფალტს, წვიმდა და კადრებშიც ჩანს, ოხშივარი ასდის გზას, ვერ მითხრეს, რატომ აკეთებდნენ ამას, ლაივი ჩავრთე და მერე გააჩერეს სამუშაო, იმ ღამით დავრეკე 112-შიც და ვუთხარი, რომ სახელმწიფო ქონება იფლანგებოდა, მეორე დღეს ვნახე, დასრულებული ჰქონდათ, დაახლოებით ორი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი ჰქონდათ დაგებული წვიმაში,“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, საიდანაც წერილობით ეს მოგვწერეს:

„როგორც დავაზუსტეთ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან, ასფალტის დაგების სამუშაოების დროს გაწვიმდა და აღნიშნული სამუშაოები შეჩერდა. მოხდა უვარგისი ასფალტის გატანა და წვიმის გადაღების შემდგომ სამუშაოები ახალი შემოტანილი ასფალტით გაგრძელდა,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან.

 

ასფალტის დაგება ბათუმი-ახალციხის გზაზე, მერაბ ღოღობერიძის ფოტოები

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ივლისის 21 საათიდან 30 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი 
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 31 ივლისს, აჭარაში, ღამით, მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა, მომდევნო 2 დღეს კი, 1-2 აგვისტოს, უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ფული გადავიხადე, მშენებლობა არ დაასრულეს – რას ჰპირდება ბათუმის მერია დაზარალებულებს

დაუსრულებელი მშენებლობის გამო დაზარალებულ მოქალაქეებს მერია ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობას შესთავაზებს.  ეს იმას ნიშნავს, რომ კ2 კოეფიციენტის გაზრდისა და პროგრამით გათვალისწინებული სხვა შეღავათებით ის კომპანიებიც ისარგებლებენ, რომლებიც ამ მშენებლობებს დაასრულებენ.

საკრებულოსთვის გადაგზავნილ განმარტებით ბარათში მერია წერს, რომ დაუსრულებელი მშენებლობები მერიისთვის ისეთივე პრობლემური საკითხია, როგორც ავარიული სახლები. თუმცა დღეს ბათუმის მერიაში ვერ გვიპასუხეს, რამდენია, ან დაახლოებით რამდენია ასეთი შენობა: „ხვალისთვის დაგიზუსტებთ.“

დადგენილებაში, რომელიც ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა, არის კიდევ ერთი საინტერესო ჩანაწერი, მერს შეუძლია ავარიული სახლების პროგრამით გათვალისწინებული შეღავათების მიხედვით გასცეს სამშენებლო ნებართვა „განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისას, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში.“

რა შეიძლება იყოს ასეთი პროექტი? – მერიას განმარტება არც ამ საკითხზე გვაქვს, ამ კითხვებზე პასუხები ვერც საკრებულოს ოპოზიციამ მიიღო.

საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ მან საკითხის გადადება და მისი დეტალურად, საზოგადოების ჩართულობით განხილვისთვის ვადა მოითხოვა. ის ითხოვდა ასევე სამუშაო ჯგუფის შექმნას, სადაც შევიდოდნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელსაც მსგავს საკითხებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ. თუმცა მისი ინიციატივა დღის წესრიგში არ შეიტანეს.

„ინიციატივა, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნა კენჭისყრაზე დაგვეყენებინა ოფიციალურად დავარეგისტრირე. უშედეგოდ – დღის წესრიგში არ შეიტანეს, მხოლოდ კომისიებზე განიხილეს და თქვეს, რომ არ შევა დღის წესრიგში. საკრებულოს წევრის მიერ დარეგისტრირებული საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანო, ეს უკანონოა – შეიძლება შემდეგ ჩააგდო ის, მაგრამ დღის წესრიგში აუცილებლად უნდა შეიტანო“, – ამბობს აკაკი გვიანიძე.

საკრებულოს ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა კილაბერია ამბობს, რომ არც მის ფრაქციას აქვს ინფორმაცია, რას შეიძლება გულისხმობდეს მერია სტრატეგიულ ობიექტში: „ჩვენ ეს კითხვები დავსვით მერთან, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ. ასევე, კითხვები გვქონდა დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, ამიტომაც არ დავუჭირეთ მხარი საკითხს. შემდეგ ისე შეფუთეს, თითქოს ავარიულ სახლში მცხოვრებლებს არ ვუჭერთ მხარს. ასე არ არის.“

___

კიდევ რა შეღავათებით ისარგებლებენ „ავარიული სახლების“ პროგრამაში მონაწილე კომპანიები წაიკითხეთ აქ:

ბათუმის მერს k2-ის გაზრდა შეეძლება – ცვლილება სპეციალურად ბათუმისთვის

უკრაინაში რუსეთი „ვაგნერს“ ისევე იყენებს, როგორც თავის არმიას – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 29 ივლისის რელიზის თანახმად, უკრაინასთან ომში, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ისევეა ჩართული, როგორც რეგულარული რუსული არმია.

„რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ უკრაინის აღმოსავლეთში, რუს სამხედროებთან შეთანხმებით, მარტის შემდეგ მოქმედებს. დაჯგუფებას, სავარაუდოდ, ფრონტის ხაზის სპეციფიკურ სექტორებზე პასუხისმგებლობა ჩააბარეს, ისევე, როგორც არმიის ჩვეულებრივ დანაყოფებს“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყება აღნიშნავს, რომ ამგვარი მიდგომა რუსეთს 2015 წლის შემდეგ არ გამოუყენებია. „ვაგნერს“, როგორც წესი, რეგულარული რუსული ჯარისგან განსხვავებულ მისიებს აკისრებდნენ.

დაზვერვის შეფასებით, კოორდინირებული მოქმედებების ეს ხარისხი, სრულიად ეწინააღმდეგება რუსი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ პოლიტიკას, რომელიც ყოველთვის უარყოფდა კავშირს „ვაგნერსა“ და რუსეთის სახელმწიფოს შორის.

„ვაგნერის“ როლი, სავარაუდოდ, შეიცვალა იმის გამო, რომ რუსეთის თავდაცვას საბრძოლო ძალის სერიოზული დეფიციტი აქვს, თუმცა დიდი ალბათობით, ვერც „ვაგნერის“ ძალები იქნება საკმარისი ომის ტრაექტორიის სერიოზულად შესაცვლელად,“ – ასკვნის უწყება.

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ უკრაინის ომში მონაწილეობაზე დიდი ბრიტანეთის დაზვერვა პირველად არ წერს. „ვაგნერის“ როლს უწყებამ რამდენიმე რელიზი მიუძღვნა.

ჯერ კიდევ ივნისში, დაზვერვა გამოეხმაურა რუსული მოიერიშე სუ 25-ის პილოტის დაკავებას. ის „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლი აღმოჩნდა.

უკვე 18 ივლისის სადაზვერვო ცნობარში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა აღნიშნავდა, რომ „ვაგნერს“ რუსეთი აქტიურად იყენებს ლუგანსკში, სადაც დაჯგუფებას უკვე სერიოზული დანაკარგი აქვს.

დაზვერვის ინფორმაციით, „ვაგნერმა“, თავისი რიგების სწრაფად შევსების მიზნით, მებრძოლთა მიღების სტანდარტები დაწია და დაქირავებულებსაც სათანადოდ აღარ წვრთნის – „კომპანია ქირაობს ყოფილ პატიმრებს, წარსულში შავ სიაში მყოფ სამხედროებს.“

უწყება ხაზს უსვამდა, რომ უკრაინასთან ომში „ვაგნერის“ ასეთი დატვირთვით გამოყენება რუსეთის არმიაში საბრძოლო ძალის სერიოზულ დეფიციტზე მიუთითებდა.

20 ივლისს, ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ძალებმა ლუგანსკში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთ-ერთი ჯგუფი გაანადგურეს.

საერთაშორისო მედია ჯერ კიდევ აპრილში წერდა, რომ რუსეთი დაქირავებული მებრძოლების ნაწილის ლიბიიდან უკრაინაში გადაყვანას აპირებდა, მათ შორის „ვაგნერის“ წევრების.

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“, რომელიც დაქირავებული სამხედროებისგან შედგება, უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წელს გამოჩნდა, როდესაც ის პრორუს სეპარატისტებს ეხმარებოდა.

დაჯგუფება 2015 წლიდან მონაწილეობს სირიის ომში, აქტიურობდნენ მოზამბიკში, სუდანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც. 2021 წელს მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში, BBC აღნიშნავდა, რომ დაჯგუფება ლიბიაში სამხედრო დანაშაულებთან და რუსეთის არმიასთანაა დაკავშირებული. BBC-ის მიხედვით, „ვაგნერი“ ლიბიაში 2019 წელს გამოჩნდა და 2019-2020 წლებში იქ მისი 1 000-მდე წევრი იბრძოდა.

BBC-ის ინფორმაციით, ეს დაჯგუფება ოფიციალურად არ არსებობს, თუმცა 2014 წლამდე, დაახლოებით 10 ათასი ადამიანს მაინც ჰქონია ერთჯერადი კონტრაქტი „ვაგნერთან“.

მთავარი ფოტო: ukrinform.net

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 40 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +270]
  • ტანკი – 1 749 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 3 987 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 900 ერთეული [+6]
  • MLRS – 258 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 222 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 190 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 731 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 174 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 870 ერთეული [+16]
  • სპეცტექნიკა – 77 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 260 თვითმფრინავი
  • 145 ვერტმფრენი
  • 1 631 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 361 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 181 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 768 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 213 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 522 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ორკებს” ცხვირწინ ხიდი აუფეთქა და გაიქცა – უკრაინის 29 წლის გმირი

რუსებმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ექსპოზიცია უკრაინულ ტექნიკად გაასაღეს

რამდენიმე დღის წინ, რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, როგორ განალაგეს უკრაინელებმა თავისი საბრძოლო ტექნიკა დნეპრის საცხოვრებელ კვარტლებსა და საბავშვო დაწესებულებებთან:

„თავდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა განაცხადა, რომ ქალაქ დნეპრში, 23-ე სკოლაში (იავორნიცკის გამზირზე) აღმოაჩინეს უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის პუნქტი, სასწავლო დაწესებულების უშუალო სიახლოვეს კი უკრაინელებს განლაგებული ჰქონდათ არტილერია და ჯავშანტექნიკა“, – იუწყებოდა რუსული მედია.

რა ხდება სინამდვილეში – დნეპრის 23-ე სკოლის მისამართი მართლაც დმიტრო იავორნიცკის გამზირია, 14 ნომერი. 16 ნომერში კი ეროვნული ისტორიული მუზეუმია, რომლის კომპლექსშიც შედის დიორამა „ბრძოლა დნეპრისთვის“, შენობასთან კი, ღია ცის ქვეშ, საბრძოლო ტექნიკის ექსპოზიციაა მოწყობილი.

ექსპონატები მუზეუმის საიტზეც ჩამოთვლილია: 1910-1930 წლები 122-მილიმეტრიანი ჰაუბიცა, 1938 წლის ნაღმსატყორცნი, ასევე 1938 წლის ჰაუბიცა М-30, 1939 წლის საზენიტო ქვემეხები 52-К და 61-К, 1941 წლის ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი, საარტილერიო დანადგარი „კატიუშა“ და სხვა.

The Insider, ყალბი ამბების გამოვლენაზე მომუშავე საგამოძიებო გამოცემა, რომელმაც „ფეიკი“ აღმოაჩინა, წერს, რომ არტილერია და ჯავშანტექნიკა მართლაც სახეზეა, თუმცა ეს ტექნიკა არა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიტანეს იქ, როგორც ამას მიხაილ მიზინცევი ამტკიცებს, არამედ საბჭოთა არმიამ. ექსპოზიციის მოწყობის შესახებ ბრძანებას ხელი საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი გრეჩკომ მოაწერა და ეს 1975 წელს მოხდა.

მთავარი ფოტო: The Insider

პოლიციის 12 ავტომანქანით საქეიფოდ რესტორანში და გვარამიას პატიმრობა „მანქანის საქმეზე“

სასაზღვრო პოლიციის 12 ავტომანქანა „ბათუმელებმა“ გონიოში, ერთ-ერთი რესტორნის ეზოში 16 ივლისს, შუადღისთვის დააფიქსირა. რესტორნის ეზოში შეკრებილები, ძირითადად კაცები, მას შემდეგ დაიძრნენ რესტორნისკენ, რაც შავი ჯიპი ჩამოდგა და იქედან სავარაუდოდ ხელმძღვანელი გადმოვიდა.

დამხვდურებს სავარაუდო ხელმძღვანელმა მოუწონა შენობის ექსტერიერი და იმედი გამოთქვა, რომ სამზარეულოც ასეთივე საინტერესო და ხარისხიანი იქნებოდა.

შაბათს, არასამუშაო დღეს სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსნები და თანამშრომლები რესტორანში სახელმწიფოს კუთვნილი მანქანებით მივიდნენ.

გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ 12 ავტომობილი, სახელმწიფო ნომრებით: GE-401-BP, GE-767-BP, GE-443-BP, GE-766-BP, GE-346-BP, QQ-797-PP, GE-083-BP, DD-198-GD, GE-720-BP, GE-442-BP, GE-711-BP, GE-055-BP, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სარგებლობაშია.

ეს ავტომანქანები დაფიქსირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2021 წლის ნოემბერში გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის დოკუმენტებში – ტენდერი სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევაზეა გამოცხადებული.

გონიოში, რესტორან „ერას“ ტერიტორიაზე ასევე იყო დამატებით 6 ავტომანქანა, რომელთა კუთვნილებაც „ბათუმელებმა“ ვერ დაადგინა.

სასაზღვრო პოლიციაში ვიკითხეთ: რა სამსახურებრივი ამოცანის შესასრულებლად მივიდნენ რესტორანში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები სასაზღვრო პოლიციის, ანუ სახელმწიფო და თანაც სამართალდამცავი უწყების ავტომანქანებით?

policia
სანაპირო დაცვის პოლიციის ავტომანქანები რესტორნის ეზოში

„16 ივლისს იყო სანაპირო დაცვის დღე და თანამშრომლებს ჰქონდათ ფურშეტი“, – გვითხრეს სასაზღვრო პოლიციაში და უარი განაცხადეს ეთქვათ: რა სამსახურებრივი და პროფესიული საჭიროება იყო, სასაზღვრო პოლიციის მანქანებით მისულიყვნენ თანამშრომლები რესტორანში?

სასაზღვრო პოლიციის პრესცენტრში ასევე არ გვითხრეს, სახელმწიფომ ხომ არ დააფინანსა ვახშამი რესტორანში სასაზღვრო პოლიციის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლებისთვის, რა დაჯდა პოლიციელების ქეიფი და ვინ დაესწრო კონკრეტულად ვახშამს?

სასაზღვრო პოლიციის პრესცენტრში თქვეს, რომ მხოლოდ საჯარო ინფორმაციის ფორმატში უპასუხებენ ჩვენს კითხვებს. საჯარო ინფორმაციას კი, უწყება 10 სამუშაო დღეში გასცემს.

„ხარჯებთან დაკავშირებით დეტალები არ ვიცით. თანხებთან და ხარჯებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოიწეროთ ოფიციალურად“, – გვითხრეს სასაზღვრო პოლიციაში.

„ბათუმელებმა“ სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე გადაამოწმა, არის თუ არა გადახდილი ფურშეტის მომსახურების თანხა უშუალოდ უწყების მიერ. თუმცა, 27 ივლისის მონაცემებით, ასეთი ხარჯის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი პორტალზე ატვირთული არ აქვს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციას, არც შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს და არც შსს სასაზღვრო პოლიციის N I სამმართველოს [ბათუმი].

სანაპირო დაცვის დღე 16 ივლისს ოფიციალურად ფოთში აღინიშნეს.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, 2022 წლის 16 ივლისს „შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 24 წელი შესრულდა. სანაპირო დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რანგის კაპიტან რამაზ პაპიძესთან ერთად გახსნა“.

აქვთ თუ არა საჯარო მოხელეებსა და მაღალი თანამდებობის პირებს სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანებით რესტორანში წასვლის უფლება? – კანონმდებლობის თანახმად არა. 

policia
პოლიციის მანქანები რესტორნის ეზოში

„სამსახურებრივი ქონების პირადი მიზნებისთვის გამოყენება გამოდის,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ის განმარტავს, რომ ეს შემთხვევა შსს-ს გენინსპექციამ უნდა შეისწავლოს, ხოლო დისციპლინური გადაცდომის დადგენის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

პაატა დიასამიძის აზრით, რესტორანში სამსახურებრივი მანქანებით მისვლა არც იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ, მაგალითად, პოლიციელები სანაპირო დაცვის დღის აღსანიშნავად შეიკრიბენ სავახშმოდ.

„ღონისძიების ნაწილი რომც ყოფილიყო, იქ პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას რანაირად ასრულებდა? ნებისმიერი სახელმწიფო ქონების გადაცემა, ეს იქნება ფორმა, იარაღი, თუ სატრანსპორტო საშუალება, ეს არის გადასახადების გადამხდელების მიერ შეძენილი ქონება და მას უნდა იყენებდეს დასაქმებული მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის. სამსახურებირივი ქონების პირადი მიზნებისთვის გამოყენებაზე მოკვლევას აწარმოებს გენერალური ინსპექცია,“ – აღნიშნა პაატა დიასამიძემ.

თუ დისციპლინური გადაცდომა დადგინდება, შსს-მ ის პოლიციელები, რომლებიც რესტორანში სამსახურებრივი ავტომანქანებით მივიდნენ, უნდა დააკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა: სიტყვიერი გაფრთხილება, საყვედური, სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა, თანამდებობიდან ჩამოქვეითება, ან სამსახურიდან დათხოვნა.

ჩანს თუ არა შერჩევითი სამართლის პრობლემა, როცა, მაგალითად, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი – ნიკა გვარამია ციხეშია, მათ შორის, ავტომანქანის პირადი მიზნით გამოყენების გამო, ხოლო მეორეს მხრივ, ბიზნესკომპანიის კი არა, სახელმწიფო და განსაკუთრებით სამარათალდამცავი უწყების თანამშრომლები იყენებენ სახელმწიფო ქონებას – სამსახურებრივ ავტომანქანებს პირადი მიზნებისთვის?

„კონტექსტი განსხვავებულია, თუმცა გარკვეულ კავშირს ვხედავ,“ – მიიჩნევს საიას-ს ანალიტიკოსი თაკო ბოჭორიშვილი.

შეგახსენებთ, რომ  თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2019 წელს ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი სარეკლამო დრო საბაზრო ფასზე ნაკლებად გაყიდა, რათა ბარტერის სანაცვლოდ, შუამავალი კომპანიისაგან (შპს „პროესკო მედია“) მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში ავტომანქანა მიეღო. 

საია-ს ანალიტიკოსი, თაკო ბოჭორიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „მანქანის ეპიზოდი“ ნიკა გვარამიას შემთხვევაში, სასამართლომ შეაფასა იმ სიმძიმის დანაშაულად, რომ სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმა – თავისუფლების აღკვეთა გამოიყენა ამ საქმის სხვა ეპიზოდებისგან განსხვავებით.

„თუ დადასტურდა, რომ პოლიციელებმა სამსახურებრივი ავტომანქანები გამოიყენეს პირადი მიზნებისთვის, აქ ჩანს, როგორ აღიქვამს ხელისუფლების სხვადასხვა შტო რაღაც მოვლენას – როცა კერძო კომპანიას ეხება საქმე, ასეთი მკაცრი მიდგომა გაქვს, რომ თავისუფლების აღკვეთას იყენებს სასამართლო, მეორეს მხრივ კი, როცა საჯარო მოხელეებს ეხება საქმე, პოლიციელებს, ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, თუმცა მნიშვნელოვანია ეს იყო მართლაც თუ არა ავტომანქანების პირადი მიზნებით გამოყენების შემთხვევა და ხომ არ იყო რესტორანში სამსახურებრივი შეხვედრა: შესაძლოა, რესტორნის სივრცეში მოეწყო სამსახურებრივი შეხვედრა და მიზანშეწონილი იყო სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენება,“ – გვითხრა საია-ს ანალიტიკოსმა, თაკო ბოჭორიშვილმა.

„ორკებს” ცხვირწინ ხიდი აუფეთქა და გაიქცა – უკრაინის 29 წლის გმირი

ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს და სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინის 29 წლის გმირი, ოლეგ მოროზი სლავიანსკთან დაიღუპა. მოროზი 79-ე სადესანტო-საჰაერო დანაყოფის ოცეულის უფროსი სერჟანტი იყო.

უკრაინის გმირის შესახებ მასალა უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა საინფორმაციო გამოცემამ, Armyinform-მა მოამზადა.

ოლეგ მოროზი ჯარში მსახურებასთან ერთად აგრარულ უნივერსიტეტშიც ჩაირიცხა და იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, მშვიდობის დროს, თუმცა მისი გეგმები ოკუპანტებმა ჩაშალეს.

როგორც ოლეგის მეგობარი დიმიტრი იხსენებს, 2022 წლის 24 თებერვალს ისინი ერთად შეხვდნენ შჩასტიას დასახლების მახლობლად განლაგებულ საბრძოლო პოზიციებზე.

„დილის 4 საათზე ძლიერმა აფეთქებებმა გაგვაღვიძა, მიწა ზანზარებდა და ყველაფერი გუგუნებდა, ბნელი ცა ნათდებოდა აფეთქებებისგან, სწრაფად წავედით თავშესაფრისკენ. რუსები საარტილერიო თავდასხმის შემდეგ ტანკებითა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებით დაიძრნენ და უკრაინელთა პოზიციებში შეჭრა სცადეს, თუმცა ჩვენმა ნაწილებმა უკვე მოახერხეს პოზიციების დაკავება და დამპყრობლებს საპასუხო ცეცხლით შეხვდნენ.

ისინი ჯერ გაჩერდნენ, შემდეგ კი უკან გაბრუნდნენ, დატოვეს თავიანთი გარდაცვლილი ჯარისკაცების გვამები და დამწვარი საბრძოლო ტექნიკა. ყველანი მივხვდით, რომ ეს იყო არა მორიგი პროვოკაცია, არამედ რუსული არმიის ღია შემოჭრის დასაწყისი“, – იხსენებს გარდაცვლილი გმირის მეგობარი დიმიტრი.

ოლეგ მოროზი ფრონტის მეგობარ დიმიტრისთან ერთად/წყარო: Armyinform

მედესანტეების პოზიციების დაკავების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რუსებმა კვლავ დაიწყეს ძლიერი შტურმი და მზადება შემდეგი თავდასხმისთვის. დამპყრობლების ცოცხალი ძალის გადაადგილების ერთადერთი გზა მდინარე სევეროდონეცკის საგზაო ხიდზე გადიოდა, გადაწყდა მისი აფეთქება. მაგრამ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც იქ წინასწარ იყო დაყენებული, არ მუშაობდა, ჭურვების ფრაგმენტებმა მისი მავთულები დააზიანა. ასმეთაურმა სერჟანტ მოროზს ამ საინჟინრო სტრუქტურის განადგურება დაავალა.

სასწრაფოდ მოქმედება იყო საჭირო, რადგან მტერს ნებისმიერ მომენტში შეეძლო ხელახლა შეტევაზე გადასვლა. ოლეგმა „ურალის“ ტიპის სატვირთო მანქანა შესთავაზა ასმეთაურს, რომელიც დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო დატვირთული.

როცა დაღამდა, ოლეგი მანქანის საჭეს მიუჯდა და გამორთული ფარებით ხიდამდე მივიდა. იმედოვნებდა, რომ რუსები ასეთ მანევრს არ მოელოდნენ და მაშინვე ვერ შეამჩნევდნენ.

გადამწყვეტად და სწრაფად მოქმედებდა, მაგრამ სატვირთო მანქანა შენიშნეს და სროლა დაუწყეს. ხიდზე გადავიდა, მანქანიდან სწრაფად გადახტა და ტყვიების ზუზუნის ქვეშ თხრილისკენ გაიქცა. ბუჩქებში მიმალულმა აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ძლიერმა აფეთქებამ ხიდი თითქმის გაანადგურა. ოლეგმა ცეცხლით და კვამლით ისარგებლა, რომელიც მას მტრისგან ფარავდა და უვნებლად დაბრუნდა დანაყოფთან.

ოკუპანტები შოკში იყვნენ, არ ელოდნენ, რომ უკრაინელი სამხედროები თითქმის ცხვირწინ აუფეთქებდნენ მნიშვნელოვანი ხიდს ასე უჩვეულო გზით.

ოლეგი ამ მანევრს საგმირო საქმედ არ მიიჩნევდა. თუმცა ყველა მისი თანამებრძოლისა და მეთაურისთვის ის ნამდვილი გმირი იყო.

2022 წლის 10 მარტს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოცეულის უფროს სერჟანტ ოლეგ მოროზს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა და ოქროს ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვა უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის გამოჩენილი პირადი გამბედაობისა და გმირობისთვის, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის.

სერჟანტ ოლეგ მოროზის გმირული მანევრის წყალობით, უკრაინელმა მედესანტეებმა შეძლეს გარკვეული დროით გადაედოთ ოკუპანტების წინსვლა და ასე დახმარებოდნენ ძირითად შემადგენლობას ახალ პოზიციებზე თავდაცვის მოსამზადებლად.


ოლეგ მოროზი 2013 წელს ჩაეწერა 79-ე დანაყოფში. თვეობით ვარჯიშობდა სროლასა და მძლეოსნობაში, ახალი ნაცნობები, სამსახური და მედესანტეების საძმო ოლეგს ძალიან მოსწონდა. აღფრთოვანებული იყო „ფრთოსანი რაკეტებით“ და მძიმე საბრძოლო ტექნიკით.

მეგობრები იხსენებენ, როგორ გამოიგონა მან საკეტის კონსტრუქცია, რომელსაც პროფესიონალიც კი ვერ გახსნიდა. მოგვიანებით განყოფილების მეთაური გახდა და თავად დაიწყო პერსონალის მომზადება რთული დავალებების შესასრულებლად.

2014 წლის ივლისშიც, უკრაინა-რუსეთის საზღვრის მახლობლად, მედესანტეები არაერთხელ შეეტაკნენ რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებს დოვჟანსკის, მარინოვკასა და კრასნოდონის დასახლებებთან.

ოლეგის ქვედანაყოფი მუდმივი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იგერიებდა ოკუპანტების შემოტევას.

2014 წლის ოქტომბერში ოლეგ მოროზი როტაციით წავიდა დონეცკის აეროპორტში. მძიმე ბრძოლები იქ მთელი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსეთი აეროდრომის ხელში ჩაგდებას ცდილობდა. ბოევიკები ყოველდღე ესხმოდნენ თავს უკრაინელ სამხედროებს ჯავშანტექნიკითა და ტანკებით.

გარკვეული გამოცდილების მქონე სერჟანტს თავდაცვის ორგანიზებაში არაერთხელ გამოადგა ტექნიკური უნარები და შესაძლებლობები. მან ამოიცნო თავდაცვისთვის ყველაზე საშიში ადგილები და ჩასაფრება მოაწყო, ოკუპანტებს სხვადასხვაგვარი „საჩუქარი“ დაუტოვა.  ეს იყო ნამდვილი ნადირობა, საიდანაც ოლეგი გამარჯვებული გამოდიოდა.


მთავარ ფოტოზე: უკრაინის გმირი ოლეგ მოროზი/წყარო: Armyinform

„პუტინმა ვერ შეაფასა ზელენსკი. ეს იყო მისი მთავარი შეცდომა“

„ომის შემდგომი ზელენსკი, სხვა ზელენსკია“ – ამბობს სერგეი რუდენკო, უკრაინელი ჟურნალისტი, ავტორი წიგნისა – „ზელენსკი. პოლიტიკური ბიოგრაფია. ომის დროის პრეზიდენტი“. წიგნი 25 ივლისს გამოვიდა გერმანიაში და გერმანულმა „დოიჩე ველემ“ რუდენკოსთან ინტერვიუ ჩაწერა.

ზელენსკიზე დაწერილი წიგნის ავტორი მიიჩნევს, რომ სხვა, ნამდვილი ზელენსკი უკრაინამ და მსოფლიომ 24 თებერვალს, ომის დაწყების დღეს ნახა:

„ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილი ზელენსკი ვნახეთ 2022 წლის 24 თებერვალს. ეს საშინელი დღე იყო უკრაინისთვის. იმ მომენტში ზელენსკიმ შეასრულა ძალიან დიდი როლი, როცა უკრაინელებს უთხრა: „ხალხო, დაიწყო ომი, ჩვენ მტერს წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მტერი დავამარცხოთ“.

ვფიქრობ ეს გარდასახვა ზელენსკი-პოლიტიკოსიდან ზელენსკი-კრიზისის მენეჯერად მოხდა დილის 5 საათზე, 6:30 საათზე კი ჩვენ უკვე ვნახეთ ტელევიზორის ეკრანებზე მისი მიმართვა.

იმ მომენტში მე დავინახე სრულიად სხვა ზელენსკი.

რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პერიოდი დასაწყისში, როცა რუსეთის ჯარები უტევდნენ უკრაინის დედაქალაქს, ზელენსკი კი, ამის მიუხედავად, იყო პრეზიდენტის ოფისში. მას არ შეეშინდა, დარჩა თავის ადგილას, თუმცა მას სთავაზობდნენ კიევიდან ევაკუაციას. ეს გარდამტეხი მომენტი იყო ზელენსკისთვის, ქვეყნისთვის და ამ ომისთვის.

კიევიდან გაქცევის შემთხვევაში ზელენსკი დამარხავდა არა მხოლოდ თავის პოლიტიკურ კარიერას, არამედ მთელი ქვეყნის მომავალს.

აქამდე ოპონენტები, ოპოზიცია მას აკრიტიკებდნენ, რომ იგი გაუბედავი იყო, რომ გაიქცეოდა, თუ პუტინი დაესხმებოდა თავს ქვეყანას. მაგრამ ეს არ მოხდა. რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის უფრო იოლი იქნებოდა თავდასხმა, თუ ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტი, მაშინ უკრაინის თავდაცვა, ჩვეულებრივი მოქალაქეები დემორალიზებულნი იქნებოდნენ. ასე კი ისინი გრძნობდნენ, რომ ქვეყნის სათავეში არის ლეგიტიმური პრეზიდენტი.

სერგეი რუდენკო. ფოტო: facebook

რატომ ვლაპარაკობ „სხვა“ ზელენსკიზე? იმიტომ, რომ ისეთი, როგორსაც ახლა ვხედავთ, ჩვენ ზელენსკი არ გვინახავს. აქამდე ჩვენ ვხედავდით ბევრ თეატრალურობას მის ჟესტებში, ბევრ არტისტიზმს მის გამოსვლებში. ომის დაწყების შემდეგ ის ყოველ დღეს მიმართავს ხალხს, ეს მიმართვები იწერება ჩვეულებრივ სმარტფონზე. ყოველთვის არ არის ლამაზი უკანა ხედი, კარგი განათება, მაგრამ გულწრფელობა, რასაც აჩვენებს ზელენსკი, ბევრი ღირს.

ზელენსკი გახდა გულწრფელი. და ეს გასაგებია – ძალიან ძნელია ითამაშო რაღაც როლი და დარჩე იგივე, როცა ათასობით ადამიანი იღუპება, როცა მტერი ანგრევს ჩვენს მშვიდობიან ქალაქებს. ბევრი მოულოდნელი რამ გაჩნდა მის ხასიათში“.

სერგეი რუდენკო „დოიჩე ველესთან“ ამბობს, რომ ახლა, როცა ზელენსკი ხშირად საკმაოდ უხეშად, არადიპლომატიურად საუბრობს სხვა ქვეყნის ლიდერებთან, იგი უფრო გასაგები გახდა ხალხისთვის:

„მე ვფიქრობ, მისთვის არ არის იოლი დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევა დასავლელ პარტნიორებთან. როცა ის გამოდის მათ წინაშე, არ ინარჩუნებს დიპლომატიურობას, არამედ ამბობს, რასაც ფიქრობს უკრაინაში ომზე, რუსეთზე, მსოფლიოზე, უსაფრთხოების სისტემაზე. და ეს ქმნის ნდობას მასა და ხალხს შორის. ხალხს ახლა უფრო ესმის ზელენსკის, ხალხის იმ ნაწილსაც კი, რომელმაც მას ხმა არ მისცა 2019 წელს.

ამიტომ ვლაპარაკობ მე სხვა ზელენსკიზე, ომის დროის პრეზიდენტზე. ზელენსკიზე, რომელიც პუტინს დაუპირისპირდა“.

რუდენკო ასევე აღნიშნავს, რომ პუტინმა სათანადოდ ვერ შეაფასა ზელენსკი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი კლოუნად და არა მისი რანგის პოლიტიკოსად თვლიდა და შესაძლოა, სწორედ ეს იყო პუტინის შეცდომა.

„პუტინი არასდროს მიიჩნევდა ზელენსკის თანასწორად და არც ახლა მიიჩნევს. ზელენსკის ყველა მცდელობა პუტინთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო, ჩაიშალა, იმიტომ, რომ პუტინს ზელენსკისგან უნდოდა მხოლოდ კაპიტულაცია.

პუტინი დარწმუნებული იყო, რომ ადამიანს ისეთი მინიმალური პოლიტიკური გამოცდილებით, როგორიც ზელენსკია, მისთვის სინზე უნდა მიერთმია უკრაინის დამოუკიდებლობა.

ეს იყო პუტინის მთავარი შეცდომა. რუსეთის სპეცსამსახურებმა, რომლებიც აკეთებდნენ გათვლებს, რა მოხდებოდა, ვერ გაითვალისწინეს ერთი – რომ ადგება მთელი უკრაინა და დაიწყება სახალხო ომი. და ის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი დარჩება პრეზიდენტის სავარძელში. პუტინი იმედოვნებდა, რომ ზელენსკი სუსტი აღმოჩნდებოდა. და ეს მისი მთავარი შეცდომა იყო.

ვფიქრობ, რომ პუტინი აღიქვამს ზელენსკის, როგორც მსახიობს, კომიკოსს, რომელმაც შემთხვევით გაიმარჯვა პრეზიდენტის არჩევნებში. ის ფიქრობდა, რომ ზელენსკის არ ეყოფოდა სიმამაცე შესწინააღმდეგებოდა რუსეთის არმიას. მას კაპიტულაციისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ ეს არ მოხდა და არ მოხდება, რადგან უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის უკვე ათასობით ადამიანმა გაიღო სიცოცხლე.

პუტინი დარწმუნებული იყო, რომ მას უკრაინაში ყვავილებით შეხვდებოდნენ. უკრაინელების გამოსაფხიზლებლად, მათ გამოსაფხიზლებლადაც კი, ვისაც მოსწონდა პუტინი, საკმარისი იყო რაკეტების დაშვება და მათ გააკეთეს ის, რასაც პუტინი არ ელოდა“ – ამბობს რუდენკო.

ჟურნალისტმა მას შეკითხვა დაუსვა ზელენსკის მომავალზე, მათ შორის იმაზეც, მისი აზრით, იყრის თუ არა კენჭს ზელენსკი მეორედ პრეზიდენტის პოსტზე.

„ძალიან ვისურვებდი, რომ ზელენსკი დარჩეს ადამიანად, რომელმაც მიიღო პუტინის გამოწვევა ამ დიდ ომში. მაინცდამაინც ვერ წარმომიდგენია ზელენსკი ქვეყნის ლიდერის როლში, რომელიც იღებს საერთაშორისო დახმარებას ქვეყნის აღსადგენად.

ვისურვებდი, რომ ზელენსკი დარჩეს ისტორიულ პერსონაჟად, იქცეს ამ ომში გამარჯვებულ პრეზიდენტად. შემდგომმა პოლიტიკურმა კარიერამ შესაძლოა გააფუჭოს მისი იმიჯი.

ის გაიმარჯვებს, თუ დააყენებს თავის კანდიდატურას. ახლა ეს ეჭვგარეშეა. და თუ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინის არმიის რომელიმე ხელმძღვანელი, მაგალითად ზალუჟნი, რადგან დარწმუნებული ვარ, არმიისადმი ნდობა უკრაინაში ძალიან მაღალია. იყრის თუ არა პრეზიდენტად კენჭს ზალუჟნი, ეს მე არ ვიცი, მაგრამ მე ვისურვებდი, ეს არ გააკეთოს ზელენსკიმ. ის თავის ისტორიულ მისიას ახლა ასრულებს“ – ამბობს სერგეი რუდენკო.

_________________

მომზადებულია „დოიჩე ველეზე“ დაყრდნობით.

ფოტო: president.gov.ua

 

რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ბირთვული იარაღი – ანალიტიკოსების ანგარიში

რუსეთმა შეიძლება მიიღოს ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება, თუკი იგრძნობს, რომ NATO-ს ჩარევა და მასთან პირდაპირი კონფლიქტი გარდაუვალია – მიიჩნევენ კვლევითი ცენტრის, Rand Corporation-ის ანალიტიკოსები, რომლებმაც ანგარიში მოამზადეს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაიძაბოს უკრაინაში ომის გამო ვითარება რუსეთსა და ალიანსს შორის.

ექსპერტებს დოკუმენტში რუსეთსა და ალიანსს შორის ესკალაციის ოთხი შესაძლო სცენარი მოჰყავთ. მათ შორის ერთ-ერთია რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე.

ამ სცენარის მიხედვით, ესკალაციის ამგვარ ვარიანტს წინ რამდენიმე ფაქტორი უნდა უძღოდეს, მათ შორის NATO-ს წევრ ქვეყნებში უნდა გაიზარდოს პოლიტიკური ზეწოლა უკრაინის ომში ჩარევის მოთხოვნით, ალიანსმა დამატებითი ძალები უნდა გადაისროლო აღმოსავლეთის ფლანგზე და ყველა სხვა ფაქტორთან ერთად, რუსეთმა უნდა დაინახოს უკრაინის ომში NATO-ს ჩარევისა და ალიანსის მხრიდან მის პოზიციებზე დარტყმის გარდაუვალი საფრთხე.

ასეთ შემთხვევაში, ანალიტიკოსების აზრით, ესკალაცია შეიძლება დაიწყოს რუსეთის მხრიდან NATO-ს ძალებზე ან მისი წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე თავდასხმით ან რუსეთმა მიმართოს ბირთვულ იარაღს.

„თუმცა რუსეთისა და NATO-ს ომი სულაც არ არის ამჟამინდელი კონფლიქტის აუცილებელი დასასრული. აშშ-ისა და მისი მოკავშირე ქვეყნების პოლიტიკოსები შეშფოთებული უნდა იყვნენ კონკრეტული შესაძლებლობებით და ესკალაციის გამომწვევი პოტენციური ფაქტორებით. თუმცა, მათ არ უნდა იმოქმედონ იმ ვარაუდის შესაბამისად, რომ ყოველი ნაბიჯი აუცილებლად ესკალაციის მწვავე საფრთხეს შექმნის,“ – ნათქვამია ანგარიშში.

RAND Corporation – ამერიკული არაკომერციული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც გლობალური პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს. ის 1948 წელს Douglas Aircraft Company-მ შექმნა აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის კვლევების ჩასატარებლად. ცენტრს აშშ-ის ხელისუფლება და კერძო ფონდები აფინანსებენ.

ვინ არის ბექა, ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩი აჭარიდან

აჭარაში ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩი, ბექა ჯოყილაძე გახდა. ბექა ამჟამად ბათუმში ცხოვრობს, თუმცა წარმოშობით ხულოდან, სოფელ ქედლებიდანაა და სოფელთანაც ხშირი ურთიერთობა აქვს.

რას ნიშნავს თანასწორობის ელჩობა? – ვკითხეთ ბექას. მისი თქმით, თანასწორობის ელჩები ევროპის საბჭოს ეხმარებიან მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაში სხვადასხვაზე საკითხზე, იქნება ეს რელიგიური უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემები, ქალთა უფლებები, სექსუალური უმცირესობები, შშმ პირთა პრობლემები თუ სხვა.

„მე ჩვენს რეგიონში, აჭარაში ვიქნები თანასწორობის ელჩი და ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშაო ამ საკითხებზე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან. მინდა ბევრი საინტერესო აქტივობა დავგეგმო, რაშიც უშუალოდ იქნებიან სამიზნე ჯგუფები ჩართული – მათთვის მნიშვნელოვან საკითხებში ცნობიერების ამაღლებაში დავეხმარებით.

გარდა სოციალური და ჯანდაცვის საკითხებისა, ბექას თქმით, აქტიურად აპირებს მუშაობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სიძულვილის ენის გამოყენება სოციალურ ქსელებში, დისკრიმინაცია ან გამოხატვის თავისუფლება.

დღეს ძალიან ბევრი ადამიანი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია და ხშირია შემთხვევები, როცა ისინი ნებით თუ უნებურად იყენებენ სიძულვილის ენას, ან მსხვერპლები ხდებიან სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის. ამიტომ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ახალგაზრდებთან, რომ მათი ცნობიერება გაიზარდოს ადამიანის უფლებებზე. არის შემთხვევა, როცა ადამიანები გამოხატვის თავისუფლებას, მუქარას ან შეურაცხყოფას ვერ მიჯნავენ ერთმანეთისგან და შემდეგ ეს პრობლემებს ქმნის. გვინდა, რომ სიძულვილის ენა, დისკრიმინაცია და გამოხატვის თავისუფლება გამიჯნონ ადამიანებმა“, – ამბობს ბექა.

თანასწორობის ელჩის სტატუსით ბექა აქტიურ თანამშრომლობას აპირებს სკოლის პედაგოგებთან და რესურსცენტრებთან, რადგან, მისი აზრით, ხშირად სიძულვილის ენის გავრცელება და სხვადასხვა სახის ბულინგი, სწორედ სკოლიდან იწყება.

„დისკუსიების და სხვადასხვა აქტივობის განხორციელების გარდა, მინდა ამ თემაზე შექმნილი ლიტერატურაც მივაწოდო სკოლებს, რომ პედაგოგებმა გამოიყენონ სხვადასხვა თემაზე მუშაობის დროს.

ასევე, ვაპირებ ვითანამშრომლო ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან და ყველა მოწყვლად ჯგუფებთან, რომ შეძლონ მათ თემში, მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება მათივე ჩართულობით. ჩვენ დავეხმარებით ამ ადამიანებს შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაში“, – გვეუბნება ბექა.

ბექა ასევე აქტიურად აპირებს დისკუსიების მოწყობას ევროინტეგრაცია.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემაზე ადამიანებს კონკრეტული მაგალითებით ვაჩვენოთ, რა სიკეთე შეიძლება მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.

„მინდა ვესაუბრო რამდენად მაღალია ამ ქვეყნებში განსხვავებული ადამიანების მიმღებლობა, გავაცნო ბედნიერების ინდექსი, თუ რამდენად და რატომ გრძნობენ ამ ქვეყნებში ადამიანები თავს ბედნიერად და დაცულად, ასევე ვესაუბრო იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის მიღწევაში ჩვენი, ანუ ადამიანების ჩართულობა და თანამონაწილეობა ცვლილებებში“, – ამბობს ბექა.

როგორც ბექა ამბობს, წელს თანასწორობის ელჩები აჭარის გარდა აირჩიეს თბილისში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ახმეტაში.

ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ გახდნენ ელჩები თავიანთ თემში და თანატოლებს ინფორმაცია მიაწოდონ ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე,  დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებული სამართლებრივი მექანიზმებზე, თანასწორობასა და მრავალფეროვნებაზე.

რუსეთის მოქალაქეები ესტონეთში ვეღარ ისწავლიან – ქვეყანამ ვიზის გაცემა შეზღუდა

ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა შეუზღუდოს რუსეთის მოქალაქეებს განაცხადი დროებით ბინადრობაზე ან ვიზის გაცემაზე ესტონეთში სწავლის მიზნით.

გარდა ამისა, ესტონეთში, რუსეთისთვის უკვე დაწესებულ სანქციებში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ესტონეთში მოკლევადიან სამუშაოებზე რეგისტრაცია რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს შეეძლებათ მხოლოდ ესტონეთის მიერ გაცემული ვიზით.

ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის ეროვნული მაუწყებელი ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უხეშად არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, უარყოფითად აისახება ესტონეთისა და ევროკავშირის უსაფრთხოებაზე.

„აუცილებელია გაგრძელდეს რუსეთზე ზეწოლა სანქციების გზით. თუ სანქციები ხელს შეუწყობს რუსეთის აგრესიის დასრულებას, ეს დადებითად იმოქმედებს ჩვენს უსაფრთხოებაზეც”, – განაცხადა მინისტრმა.

სანქციებში ცვლილების თანახმად, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის სხვა ქვეყანაში ცხოვრების კანონიერი უფლება, უკვე ვეღარ შეძლებენ დარეგისტრირდნენ მოკლევადიან სამუშაოზე ესტონეთში და ვერ შეძლებენ განაცხადის გაკეთებას გრძელვადიან სამუშაო ვიზის მისაღებად.

ჩემი სიყვარული და ჩემი საუკეთესო მეგობარი – ვოლოდიმირ ზელენსკი ცოლის შესახებ

უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ფოტოებმა, რომლებიც ჟურნალ Vogue-ისთვის ცნობილმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა ენი ლეიბოვიცმა გადაიღო, უკვე მსოფლიო მოიარა.

ფოტოგრაფი ენი ლეიბოვიცი და ჟურნალისტი რეიჩელ დონადიო ამ რეპორტაჟისთვის კიევში ჩავიდნენ, შედეგად Vogue-ის ფურცლებზე, არამხოლოდ ოლენა ზელენსკას შესანიშნავი ფოტოები, არამედ საპრეზიდენტო წყვილის გულწრფელი აღიარებაც გაჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტატიის მთავარი გმირი ოლენა ზელენსკაა, უკრაინულ მედიას ყურადღების მიღმა არ დარჩენია თავად პრეზიდენტის ციტატებიც – როგორ უტყდება ის ცოლს სიყვარულში, როგორ ახასიათებს მას, როგორც საუკეთესო მეგობარს და ძლიერ ადამიანს და როგორ განიცდის შვილებთან დაშორებას.

„ცხადია, ის ჩემი სიყვარულია, მაგრამ ის ამავე დროს ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა. ოლენა ნამდვილად საუკეთესო მეგობარია. ისიც პატრიოტია და უზომოდ უყვარს უკრაინა. ეს ასეა. და ის შესანიშნავი დედაა,“ – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, მისი მეუღლე კიდევ უფრო ძლიერი ადამიანი გახდა და ომმა ის სხვა მხრიდანაც დაანახა.

„მას თავიდანვე ძლიერი ხასიათი ჰქონდა. ალბათ, ის უფრო ძლიერია, ვიდრე თავად ეგონა. ეს ომი კი – ნებისმიერი ომი, აღვიძებს თვისებებს, რომლებზეც არასოდეს გიფიქრიათ“ – დასძენს პრეზიდენტი.

ომის ხუთი თვის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვილები მხოლოდ ორჯერ ნახა – 24 თებერვალს, დღისით, ვიდრე ისინი კიევს დატოვებდნენ და მაისის დასაწყისში.

„როგორც ნებისმიერი ადამიანი, მეც ძალიან ვღელავდი მათზე, მათ უსაფრთხოებაზე. არ მინდოდა, რომ საფრთხეში ყოფილიყვნენ. რა თქმა უნდა, მენატრებოდნენ. ისე მინდოდა, შევხებოდი მათ, მოვხვეოდი,“ – ამბობს ზელენსკი.

ქმრისგან განსხვავებით, ოლენა ზელენსკა შვილებს რამდენიმე დღით მხოლოდ ივლისში დაშორდა, როდესაც ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა.

„არც კი ვიცი, როგორ გადავიტანდი ამ თვეებს, ცალ-ცალკე რომ ვყოფილიყავით. მისთვის (ვოლოდიმირ ზელენსკი) ამ მხრივ, ბევრად უფრო რთულია. ისიც იტანჯება და ბავშვებიც იტანჯებიან,“ – ამბობს ოლენა ზელენსკა.

„სიმამაცის პორტრეტი: უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა“ – ასე ჰქვია Vogue-ის ვრცელ რეპორტაჟს, რომელიც გამოცემის ვებგვერდზე 26 ივლისს გამოქვეყნდა.

მთავარი ფოტო: ოლენა ზელენსკა და ვოლოდიმირ ზელენსკი/ფოტო: ენი ლეიბოვიცი, Vogue

___

ნახეთ გზა – კომიკოსობიდან პრეზიდენტობამდე

ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკი?

პოდოლიაკი იმაზე, თუ რატომ დაესხა რუსეთი თავს საქართველოს და უკრაინას

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამერიკული წარმოების სარაკეტო სისტემების საჭიროებაზე საუბრობს, რომლის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია და აცხადებს, რომ პუტინი „მოძალადეა, რომელიც ჩაგრავს სუსტს და გაურბის ძლიერს“.

„რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და უკრაინას, მაგრამ „ჩაყლაპა“ ფინეთის ნატოში გაწევრიანება. მოსკოვი ემუქრება მოლდოვას, მაგრამ თავს არიდებს კონფლიქტებს თურქეთთან. პუტინი თავს შეშლილად გვაჩვენებს, მაგრამ არ არის. ის არის მოძალადე, რომელიც ჩაგრავს სუსტს და გაურბის ძლიერს. რა უჩენს მოძალადეებს თავის ადგილს? #ATACMS და შეიარაღებული უკრაინა“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

ATACMS არის დიდ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები, რომელიც HIMARS და M270 MLRS სისტემებიდან გაიშვება და 310 კილომეტრს აღწევს.

CNN-ის ცნობით, 27 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებსა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს შორის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით კლასიფიცირებული შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მიჩიგანის დემოკრატმა დეპუტატმა ელისა სლოტკინმა განაცხადა, რომ კონგრესში ორპარტიული თანხმობა არსებობს უკრაინისთვის ATACMS რაკეტების მიწოდებაზე. ის ახლახან ეწვია უკრაინას.

სლოტკინის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ მომდევნო 3-6 კვირა გადამწყვეტი იქნება, რადგან უკრაინა ცდილობს აქტიური კონტრშეტევით უკან დაახევინოს რუსეთს.

თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ უკრაინას არ მიაწვდიდა ATACMS რაკეტებს, რადგან მათი სროლა შესაძლებელი იქნება რუსეთის ტერიტორიაზე, რამაც შესაძლოა ომის დამატებითი ესკალაცია გამოიწვიოს.

როგორც CNN წერს, აშშ-ის სენატს ასევე ექნება ბრიფინგი უკრაინის საკითხზე.

80-კილომეტრიანი მოქმედების HIMARS საარტილერიო სისტემა არის ყველაზე შორს მოქმედი იარაღი, რაც აქამდე უკრაინს აშშ-მ გადასცა.

ბობოყვათის სამკერვალოში მინიმუმ 15 პირი მოიწამლა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 29 ივლისს, ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკიდან მინიმუმ 15 ადამიანი ინტოქსიკაციის ნიშნებით ქობულეთის ორ და ბათუმის ერთ კლინიკში გადაიყვანეს. შემთხვევასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ინტოქსიკაცია გამოიწვია ან ბუნებრივმა აირმა, ან წყალმა, თუმცა ჯერ ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

ამის შესახებ ინფორმაციას სასწრაფო სამედიცინო სამსახური ადასტურებს. უწყების ცნობით, დაზარალებულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

„ბათუმელები“ ტექსტილის წარმომადგენელს, გია ლომინაძეს დილით ესაუბრა. მან თქვა, რომ „სოკარის“ წარმომადგენლები მიიყვანეს, რადგან სუნი იგრძნობოდა ტექსტილის ფაბრიკის ტერიტორიაზე. თუმცა ლომინაძის თქმით, ბუნებრივი აირის გაჟონვა არ დადასტურდა.

„გაზის მოწყობილობები არ გვაქვს საერთოდ ფაბრიკის ტერიტორიაზე, ამიტომ არა მგონია ეს ბუნებრივი აირის გაჟონვის ბრალი ყოფილიყო. ადრეც იყო მსგავსი შემთხვევა, თუმცა მაშინ ფაბრიკასთან ახლოს რაღაც კეთდებოდა და სავარაუდოდ იქიდნ მოვიდა სუნი“, – ამბობს ლომინაძე.

შემოწმების პერიოდში ფაბრიკაში იმყოფებოდნენ დასაქმებული ადამიანები. მოგვიანებით კი მათი ნაწილი სასწრაფომ გადაიყვანა.

როგორც აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში აცხადებენ, სიტუაციის შესასწავლად მათი წარმომადგენლები ახლა [16:25 საათი] მიდიან ქობულეთში.

„ბათუმელები“ ამ დრომდე ცდილობს კლინიკებში გადაყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დადგენას. ინფორმაციას, მიღების შემთხვევაში აქვე განვაახლებთ.

______________

წაიკითხეთ სტატია ბობოყვათში წყლის დაბინძურების შესახებ:

მსგავს თემაზე:

„წყალი არ არის უსაფრთხო“ – ქობულეთის ერთი სოფლის მოსახლეობას მერია ინფორმაციას უმალავს

 

ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება – რას ნიშნავს ეს

2023 წლიდან კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასის კონტროლის მიზნით, რეფერენტული ფასები დაწესდება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აწესებს მაქსიმალურ ზედა ზღვარს, თუ რა ფასად შეიძლება გაიყიდოს კონკრეტული მედიკამენტი ან მოხდეს იმპორტი.

„რეფერენტული ფასის დადგენა ნიშნავს, რომ ქვეყანა განსაზღვრავს თავის რეფერენტ მეზობელ ქვეყანას, ან მსგავს ქვეყანას, იქ კვლევების საფუძველზე ადგენს გარკვეულ მედიკამენტებზე რა ფასებია და შემდეგ ადგენს, თუ რა შეიძლება იყოს საქართველოში ის მაქსიმალური ფასი, რა ფასადაც შეიძლება გაიყიდოს მედიკამენტი აფთიაქში, ან რა მაქსიმალურ ფასად შეიძლება მიჰყიდოს სახელმწიფოს ფარმაცევტულმა კომპანიამ კონკრეტული მედიკამენტი” – განმარტა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა.

პირველ ეტაპზე ფასების ზედა ზღვარი ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დადგინდება.

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესდება ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობის და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის სამოქმედო გეგმის ნაწილია. გეგმის პირველი ეტაპი იყო თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნა, შემდეგი ეტაპი იყო ახალი რეგულაციის ამოქმედება, რაც გულისხმობს ელექტრონული რეცეპტების გამოწერას წამლის გენერიკი დასახელებით.

„თავდაპირველად, ზედა ზღვარს ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის განვსაზღვრავთ, რადგან სწორედ ისინი იყიდება ყველაზე დიდი რაოდენობით, არის ყველაზე ძვირადღირებული და, ამასთანავე, ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს სახელმწიფო ამ მედიკამენტების დაფინანსებაზე.

ახლა მეთოდოლოგიის შერჩევის ეტაპზე ვართ. პროცესში ჩართულები არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები, მათ შორის, ვისაც ნამუშევარი აქვს ამ რეფორმაზე ბულგარეთში, სლოვენიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ა.შ.“, – თქვა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, რეფერენტული ფასები გენერიკების დონეზე დაწესდება და ნებისმიერი კომპანია, რომელიც კონკრეტული გენერიკის გაყიდვას გადაწყვეტს, ვალდებული იქნება, დადგენილ ტარიფზე მაღალი ფასი არ დააწესოს.

რუსეთს უკრაინიდან არა მხოლოდ მარცვლეული, არამედ მზესუმზირაც გააქვს – BBC

რუსეთს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან არა მხოლოდ ხორბალი, არამედ მზესუმზირაც გააქვს. 2021 წელს ორივე ქვეყანა, რუსეთი და უკრაინა, მზესუმზირას ზეთის ექსპორტის მსოფლიო ლიდერები იყვნენ, მაგრამ ახლა უკრაინული მზესუმზირასგან ზეთს რუსეთში ამზადებენ. სტატიას ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული რედაქცია აქვეყნებს.

ივლისის დასაწყისში, ოკუპირებულ მელიტოპოლში, რუსეთის მიერ დანიშნულ ჩინოვნიკი ადგილობრივ, უკრაინელ ფერმერებს შეხვდა. ფერმერების წინაშე რუსეთის წარმომადგენელი, ანდრეი სიგუტა გამოვიდა, რომელიც ომამდე მელიტოპოლის საკრებულოს დეპუტატი, პრორუსული, „ოპოზიციური პლატფორმის“ წარმომადგენელი იყო, ახლა კი უკრაინის პროკურატურა მას ბრალს სდებს სახელმწიფოს ღალატსა და კოლაბორაციონიზმში.

„ჩვენ შევქმენით „მარცვლეულის სახელმწიფო კომპანია“, რომელმაც ამ დროისთვის შემოიღო მარცვლეულის საორიენტაციო ფასები და მომავალში შემოიღებს ფასებს ზეთოვან პროდუქციაზეც“, – თქვა სიგუტამ. რომელმა სახელმწიფომ შექმნა “მარცვლეულის კომპანია”, რომელიც ადგენს სარეკომენდაციო ფასებს, მან არ დააკონკრეტა.

„ბიბისი“ წერს, რომ მისი გამოსვლის ვიდეო ადგილობრივ პრორუსულ საზოგადოებაში გავრცელდა. ვიდეოში ფერმერების რეაქცია არ არის, ისინი მხოლოდ რამდენიმე წამით აჩვენეს. კადრში ისინი დაძაბული და დაღლილი უმზერენ სიგუტას, რომლის უკან, სცენაზე არის უკრაინის სოფლის მეურნეობის ორი მთავარი სიმბოლო, რომლითაც ქვეყანა ცნობილია მთელ მსოფლიოში: ხორბლის თავთავებისა და მზესუმზირას თაიგული.

გაზაფხულიდან მოყოლებული უკრაინის ხელისუფლება რუსეთს ბრალს დებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულის გატანაში და ამას მაროდიორობას უწოდებს. თუმცა, როგორც „ბიბისიმ“ გაარკვია, რუსეთს უკრაინიდან გააქვს არა მხოლოდ მარცვლეული, არამედ მზესუმზირაც.

ომამდე ეს ქვეყნები მთავარი მეტოქეები იყვნენ მსოფლიოში მზესუმზირას ზეთის ექსპორტის ლიდერობისთვის არაფორმალურ ბრძოლაში. მაგალითად, 2021 წელს უკრაინამ საზღვარგარეთ გაყიდა 5,1 მილიონი ტონა ზეთი (წარმოებული მოცულობის 85%), ხოლო რუსეთმა – 3,1 მილიონი ტონა.

ახლა უკრაინული მზესუმზირასგან ზეთს რუსეთში ამზადებენ.

უკრაინული მზესუმზირა გააქვთ არა მხოლოდ უკრაინის სამხრეთის რეგიონებიდან, არამედ ხარკოვის ოკუპირებული ნაწილიდანაც.

„იმ პირობებს, რომლითაც უკრაინელი ფერმერები იძულებულნი არიან გაყიდონ მოსავალი, საბაზრო პირობებს ვერ ვუწოდებთ“ – წერს „ბიბისი“.

რედაქცია ანონიმურობის დაცვით ესაუბრა ფერმერს ზაპოროჟიიდან, რომელიც ამბობს, რომ 1200 ტონა მზესუმზირა და 860 ტონა ხორბალი ჰქონდა, მაგრამ ოკუპანტებმა გაძარცვეს.

მისი თქმით, მაისის ბოლოს მასთან, საწარმოში მოდიოდნენ რუსი სამხედროები და მოსავალი გაჰქონდათ.

სატვირთო მანქანებს, რომელზეც მზესუმზირასა და ხორბალს ტვირთავდნენ, ანექსირებული ყირიმის ნომრები ჰქონდა. ფერმერის გათვლებით, გატანილი პროდუქციის საერთო ღირებულება 23 მლნ გრივნაა. მან დაახლოებით 1,8 მლნ დოლარის ღირებულების ტექნიკაც დაკარგა.

თუ ფერმერს არ სურს თანამშრომლობა საოკუპაციო ხელისუფლებასთან, მაშინ მას მზესუმზირასა და სხვა მარცვლეულს უბრალოდ ართმევენ – ამას ადასტურებს ზაპოროჟიის რეგიონის ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვალერია მატვიენკო, რომელმაც უკვე დატოვა ოკუპირებული ტერიტორიები.

მან „ბიბისის“ უამბო, რომ ბევრ უკრაინელ ფერმერს არ სურდა დარეგისტრირება რუსეთის მიერ შექმნილ „მარცვლეულის სახელმწიფო კომპანიაში“ და მზესუმზირას საწყობში ინახავდნენ:

„აი, რა ხდებოდა შემდეგ: თუ მსხვილი საწარმო არ რეგისტრირდებოდა, მას ართმევდნენ ყველაფერს. შედიოდნენ საწყობებში, ტვირთავდნენ ყველაფერს და გაჰქონდათ. მიჰქონდათ ტექნიკაც. არავითარ თანხას არ სთავაზობდნენ. უბრალოდ მიჰქონდათ ყველაფერი. მიჰქონდათ წერილი – „თქვენი საწარმო ნაციონალიზებულია რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ“.

მელიტოპოლის წვრილი და საშუალო მეწარმეები იძულებულნი არიან მზესუმზირა დაბალ ფასად გაყიდონ. მატვიენკოს თქმით, ესაა 150 დოლარი ტონაზე, მაშინ როცა ომამდე 1 ტონა მზესუმზირას ფასი 600-700 დოლარი იყო.

იგივე მდგომარეობაა ოკუპირებულ ხერსონში – ამბობს ადგილობრივი ფერმერების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ გორდიენკო. „ფერმერები აბარებენ მზესუმზირას, რადგან ფული სჭირდებათ. მაგრამ თუ ეს ფასი იქნება, მუშაობას საერთოდ არა აქვს აზრი“ – ამბობს ის.

ხანდაზმულმა ზაპოროჟიელმა ფერმერმა „ბიბისის“ უამბო, რომ 2021 წელს მზესუმზირას ძალიან კარგი მოსავალი იყო. 23 თებერვალს, ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე იგი მელიტოპოლში ქარხანას მოელაპარაკა 80 ტონა მზესუმზირას ჩაბარებაზე, ფასი – 20 000 გრივნა ტონაზე, 700 დოლარი ომამდელი კურსით:

„27 თებერვალს უნდა წავსულიყავი ყველაფრის გასაფორმებლად. ვფიქრობდი ამ ფულით კომბაინი მეყიდა, პირველ შენატანზე საკმარისი იქნებოდა. მაგრამ 24-ში ომი დაიწყო და ყველაფერი დაინგრა. ახლა რა მოუვა ჩემს მოსავალს, უბრალოდ არ ვიცი. ჩვენ დავკარგეთ ყველაფერი, რაც 29 წლის განმავლობაში მძიმე შრომით მოვიპოვეთ“.

_______________

მასალა მომზადებულია „ბიბისიზე“ დაყრდნობით.

ფოტო: EPA-EFE/RONALD WITTEK

 

ივნისში საქართველოში რუსეთის 135 457 მოქალაქე შემოვიდა – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საზღვარი ივნისის თვეში რუსეთის 135 457-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეების მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 340 პროცენტითაა გაზრდილი.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ამავე პერიოდში საქართველოში 28 989 ადამიანია შემოსული.

რუსეთის მოქალაქეების შემდეგ, ყველაზე მეტი – 86 565 მოქალაქე შემოსულა სომხეთიდან, 69 973 მოქალაქე კი თურქეთიდან.

შვიდეულს შორის, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში, გასულ თვეში, არის ასევე ისრაელი, უკრაინა და ყაზახეთი.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში უკრაინიდან 19 585 ადამიანი შემოვიდა.

ივნისის თვეში საზღვრის კვეთის შესახებ მონაცემები 6 ივლისს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომაც გამოაქვეყნა. ამ სახელმწიფო უწყების მონაცემები განსხვავდება შს სამინისტროს მონაცემებისგან – ტურიზმის ცნობით, ივნისის თვეში, რუსეთიდან საქართველოს საზღვარი რუსეთის 90 239-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

____

ივნისის თვეში საქართველოში რუსეთის 90 ათასი მოქალაქე შემოვიდა

ჯაველინა და ბაირაქტარი – უკრაინაში ბავშვებს ახალ სახელებს არქმევენ

უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ იმ სახელების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც 2022 წლის პირველ ნახევარში უკრაინაში დაბადებულ ბავშვებს ყველაზე ხშირად არქმევენ.

„ჩვენს სახელმწიფოში არ არის არანაირი შეზღუდვა ან აკრძალვა სახელის დარქმევაზე. ამიტომაც ახალშობილთა მშობლებს სრული უფლება აქვთ, თავის პატარებს დაარქვან ნებისმიერი სახელი, რომელიც მოსწონთ“, – წერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრო თავის ფეისბუქგვერდზე.

უწყების პოსტიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში დაბადებული ბავშვებისთვის სახელის შერჩევაზე გავლენა ომმა და ევროვიზიამაც მოახდინა და უკვე ტრადიციული სახელების გვერდით ახლებიც გაჩნდა.

ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული ჯგუფის Kalush Orchestra-ს ცნობილი სიმღერის პატივსაცემად უფრო მეტ გოგონას დაარქვეს სტეფანია, რუსეთთან ომის გამო კი გახშირდა დასავლურ შეიარაღებასთან დაკავშირებული სახელები.

უკრაინელი გოგოებისთვის ყველაზე პოპულარული „სამხედრო“ სახელი ჯაველინაა – ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის დასახელება.

რამდენიმე ახალშობილ ბიჭს კი მშობლებმა თურქული სამხედრო დრონის – ბაირაქტარის სახელი შეურჩიეს.

2022 წლის პირველ ნახევარში უკრაინაში 104 905 ბავშვი დაიბადა.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Swing-ი ფოთის ნაცვლად ბათუმში ჩატარდება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „სვინგი“ წელს ფოთის ნაცვლად ბათუმში ჩატარდება.

ადგილთან ერთად იცვლება ფესტივალის ფორმატიც და ღია სივრცეში განთავსებული სცენების ნაცვლად 60-მდე არტისტი ბათუმის კლუბებში: „ზღვაზე“, BAHN-სა და Gate / Botanico -ში დაუკრავს.

ფესტივალი 5-7 აგვისტოს გაიმართება. 

„ოქროს ტბის [მდებარეობს ფოთის მახლობლად] ტერიტორიაზე არსებულმა საორგანიზაციო და ლოგისტიკურმა გამოწვევებმა, მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რის შედეგადაც სტუმრების და არტისტების კომფორტი და უსაფრთხოება უკეთ იქნებოდა უზრუნველყოფილი. რასაკვირველია, აღნიშნული ცვლილება როგორც მსმენელისთვის, ისე ჩვენთვის ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს კვლავ შევხვდებით ოქროს ტბის ზღაპრულ ლოკაციაზე” – წერს ფესტივალის საორგანიზაციო გუნდი.

იმის გათვალისწინებით, რომ შეიცვალა ფესტივალის ადგილი და ფორმატი, რაც შეიძლება სტუმრებისთვის აღარ იყოს ხელსაყრელი, შესაძლებელია ბილეთების გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება.

ბილეთების დასაბრუნებლად 29 ივლისის ჩათვლით უნდა ეწვიოთ ელექტრონული ბილეთის ბმულს, რომელიც შეძენის შემდეგ გამოგეგზავნათ ელ. ფოსტაზე ან მობილურის ნომერზე.

ბათუმში უნალექო დღეებია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ივლისის 21 საათიდან 29 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 30-31 ივლისს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად ბათუმში 2 აგვისტომდე შენარჩუნდება ძირითადად უნალექო ამინდი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

„არიან პირადი და ანგარების მოტივებით“ – რიჟვაძის მორიგი ბრალდება ოპონენტებს

„რა თქმა უნდა, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც ძირითადად მოტივირებული არიან პირადი და ანგარების მოტივებით, ცდილობენ ამ პროგრამის მაქსიმალურ დისკრედიტაციას,“ – აღნიშნა დღეს, 28 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ „ავარიული სახლების პროგრამის“ მიმართ კრიტიკაზე.

კრიტიკულ და საქმიან მოსაზრებებზე პასუხის გაცემის, ან გათვალისწინების ნაცვლად, თორნიკე რიჟვაძემ ბრალ დასდო ადამიანებს, რომლებიც, მაგალითად, საფრთხეს ხედავენ იმაში, რომ ბათუმის მერს ერთპიროვნულად შეეძლება ახალ სამშენებლო პროექტებზე სიმაღლის, ანუ K2 კოეფიციენტის გაზრდა და ამით ბათუმის ჩაბეტონების, სამშენებლო ქაოსის პრობლემის კიდევ უფრო გამწვავება.

თორნიკე რიჟვაძეს არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა „ოპონენტებში“, ან რატომ მიიჩნევს, რომ „დისკრედიტაციაა“ კრიტიკული პოზიციის გამოხატვა კონკრეტული პროგრამის მიმართ, რაშიც ბიუჯეტიდან მინიმუმ 80 მილიონი ლარი დაიხარჯება.

თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის როლს, რომელმაც „ავარიული სახლების პროგრამისთვის“ „უსწრაფესად შეძლო 80 მილიონი ლარი მობილიზება“.

კიდევ ერთი აქცენტი ეს იყო:

„პარლამენტის მხარდაჭერით შევძელით, როგორც ამ პროგრამის ფარგლებისთვის, ასევე სხვა, ავარიული, საფრთხის შემცველი ნაგებობის ჩანაცვლებისთვის განხორციელებულიყო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

პარლამენტის „მხარდაჭერაში“ იგულისხმება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, ბათუმის მერს ავარიულ სახლებზე K 2 კოეფიციენტის გასაზრდელად საბჭოს თანხმობა დასჭირდება, თუმცა ამ საბჭოს შემადგენლობას თავად განსაზღვრავს.

ამ თემაზე:

„განუკითხაობის დაკანონება“ – სპეციალისტები ავარიული სახლებისთვის შექმნილ კანონზე

 

რუსეთის დანაკარგი უკრაინაში შესაძლოა 100-125 ათასი სამხედრო იყოს – The Economist

24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინასთან ომში, რუსეთმა შესაძლოა 100-125 ათასამდე სამხედრო დაკარგა, რაც მეორე მსოფლიო ომის ყველაზე ცუდ მაჩვენებლებს უდრის – ასეთ ვარაუდს გამოთქვამენ ანალიტიკოსები გამოცემა The Economist-თან საუბარში. სტატიის დეტალებს უკრაინული მედია ავრცელებს.

1816 წლიდან მოყოლებული, ომებში, მსოფლიო ომების გამოკლებით, ბრძოლის ველზე, დღეში დაახლოებით 50 ჯარისკაცი იღუპებოდა, თუმცა ანალიტიკოსები, რომლებიც გამოცემასთან საუბრობენ, აღნიშნავენ, რომ „რუსეთის ომი უკრაინაში გაცილებით სისხლიანია“.

ბრიტანეთის, ესტონეთისა და აშშ-ის დაზვერვის სამსახურების ყველაზე მინიმალური გათვლებით, რუსეთი უკრაინასთან ომში, დღეში საშუალოდ 100 ჯარისკაცს კარგავს. ამ ქვეყნების სპეცსამსახურები დაახლოებით 15 000 დაღუპულ სამხედროს ასახელებენ.

სავარაუდო უმაღლესი მაჩვენებელი ივნისის ბოლოს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა დაასახელა, როდესაც განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 25 ათასი რუსი სამხედრო გაანადგურეს.

ამ მაჩვენებლებს ბევრად აღემატება უკრაინის გენშტაბის მონაცემები. 27 ივლისის რელიზის თანახმად, მოკლული რუსი სამხედროების რიცხვი 40 000-ს სცდება, რაც დღეში დაახლოებით 260 დაღუპულს ნიშნავს.

„ჩემი მოლოდინით, ეს ომი თავისი სიკვდილიანობით ყველა სხვა დიდ ევროპულ ომებს გაუსწრებს, აქ არ ვგულისხმობ მსოფლიო ომებს, არამედ თუნდაც ისეთს, როგორიც საფრანგეთ-პრუსიის ომი იყო 1870-1871 წლებში“, – ამბობს პოლ პოსტი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის დანაკარგი უკრაინასთან ომში კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ომების მონაცემებს უტოლდება.

ექსპერტების აზრით, უკრაინაში დაახლოებით სამჯერ მეტი რუსი სამხედრო დაიჭრა, ვიდრე დაიღუპა. ამ მონაცემს, უკრაინული მედიის ცნობით, ადასტურებს ის დოკუმენტებიც, რომლებიც უკრაინამ ომის პირველ ფაზაშივე მოიპოვა. დოკუმენტების მიხედვით, მაგალითად, პირველ სატანკო არმიას, მარტის შუა რიცხვების მდგომარეობით, სამჯერ მეტი დაჭრილი ჰყავდა, ვიდრე დაღუპული.

The Economist-ის ვარაუდით, სწორედ ასეთი დანაკარგებია იმის მიზეზი, რომ რუსეთის სამხედრო დანაყოფები დაუკომპლექტებელია, შენელებულია დონბასში რუსეთის წინსვლა და რუსეთის არმია სარეზერვო ბატალიონებსა და მოხალისეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებს.

29 ივლისს ბათუმში Apple-ის Premium Reseller-ის iSpace-ის მაღაზია იხსნება

29 ივლისს, ბათუმში, სავაჭრო ცენტრში Metro City გაიხსნება Apple ტექნიკის ყველაზე დიდი და თანამედროვე მაღაზია Apple Premium Reseller სტატუსით. iSpace-ის ბათუმის ფილიალი, იქნება პირველი APR დასავლეთ საქართველოში.

iSpace-ის ბათუმის ფილიალი სავაჭრო ცენტრ Metro City-ში 29 ივლისს 13:30 საათზე გაიხსნება. მთელი დღის განმავლობაში მაღაზია შემოგვთავაზებს უწყვეტ გართობას, კონკურსებს, საჩუქრებს და სპეციალურ შეთავაზებებს მომხმარებლისთვის.

iSpace-ის ბათუმის ფილიალის გახასნისას მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ექსკლუზიური შეტავაზებებით: მხოლოდ 29 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით მოქმედებს საუკეთესო Trade-in პირობები: Apple-ის ახალი აღჭურვილობის შეძენისას 1800 ლარამდე თანხის დაზოგვაა შესაძლებელი.

ამ სამი დღის განმავლობაში გააკეთეთ Trade-in, დატოვეთ iSpace-ში თქვენი ძველი ტელეფონი, კომპიუტერი ან ტაბლეტი, აირჩიეთ ახალი და გადაიხადეთ თანხის სხვაობა.

!! აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის ჩაბარებისას, განურჩევლად ბრენდისა და მდგომარეობისა, მიიღებთ გარანტირებულ მინიმუმ 200₾ ბალანსს.

ახალი მოწყობილობის დარჩენილი საფასურის გადახდა შესაძლებელია დაუყოვნებლივ ან 36 თვემდე განვადებით.

შეთავაზებები ასევე საინტერესოა ტურისტებისთვის: iSpace–ში მუშაობს Tax Free! ეს ნიშნავს, რომ საქართველოს არარეზიდენტებს შეუძლიათ Apple-ის ნებისმიერი მოწყობილობის შეძენა საფასურის 18%–ის დაზოგვით!

Exit mobile version