მთავარი,სიახლეები

85 წელი სტალინური რეპრესიებიდან – როგორ ხვრეტდნენ უდანაშაულო ადამიანებს

29.07.2022 •
85 წელი სტალინური რეპრესიებიდან – როგორ ხვრეტდნენ უდანაშაულო ადამიანებს

30 ივლისს 85 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც დიდი სტალინური ტერორის ყველაზე სისხლიანი ფაზა დაიწყო. რეპრესიები, რომელმაც ათიათასობით უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე ფურცელია.

საბჭოთა კავშირი შექმნის დღიდანვე ძალადობრივი, არაჰუმანური სისტემა იყო, მაგრამ 1937-38 წლებში რეჟიმის სისასტიკე საკუთარ თავზე ათიათასობით ადამიანმა იწვნია.

1937 წლის 30 ივლისით თარიღდება საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) მიერ გამოცემული ბრძანება #004447. სწორედ ეს ბრძანება გახდა სტალინური რეპრესიების ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ტალღის საფუძველი, რის დროსაც დაახლოებით 25-30 ათასი ადამიანი დააპატიმრეს. მათგან ნახევარი დახვრიტეს, ნახევარი გადაასახლეს. გადასახლებულთაგან ბევრმა გულაგებში დაასრულა სიცოცხლე და უკან, სახლში ვეღარ დაბრუნდა.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია წელს მეოთხედ აღნიშნავს სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს.

როგორ გაჩნდა ამ დღის აღნიშვნის იდეა, როგორ კლავდა სისტემა უდანაშაულო ადამიანებს – „ბათუმელები“ საბჭოთა წარსულის მკვლევარს, ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრა.

  • როგორ გაჩნდა სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღნიშვნის იდეა და რატომ უნდა აღვნიშნოთ 30 ივლისს?

გვინდა ეს თარიღი საბჭოთა მასობრივი რეპრესიების მსხვერპლთა მოხსენიების დღედ იქცეს ეროვნულ დონეზე. საერთაშორისო დონეზე საერთო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა დღე 23 აგვისტოა.

როდესაც ვფიქრობდით, რისთვის უნდა დაგვეკავშირებინა, როგორც ტერორის მსხვერპლთა დღე, შევარჩიეთ 30 ივლისი, #004447 ბრძანების გამოსვლის თარიღი. ეს არის 1937 წელს გამოცემული შიდა სისტემური ბრძანება საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) ე.წ. კულაკური ოპერაციის დაწყების შესახებ. სწორედ ეს იყო ყველაზე მასობრივი და სისხლიანი ოპერაცია დიდი ტერორის განმავლობაში.

ამ ოპერაციის სამიზნე იყო მსხვერპლის ყველაზე დიდი სეგმენტი, სოფლის მოსახლეობა. ე.წ. კულაკობის და კოლექტივიზაციის მოწინააღმდეგედ მიჩნეული გლეხების მასობრივი წმენდა და განადგურება ჰქონდა ამას მიზნად. ამ ოპერაციისთვის შეიქმნა ცნობილი ე.წ. „ტროიკა“ – სამეული, რომელიც დაჩქარებული, საგანგებო წესით, კონვეიერულად წყვეტდა ადამიანების ბედს. „ტროიკა“ გადაიქცა 1937-38 წლების დიდი სტალინური ტერორის სიმბოლოდ.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ აგვერჩია ეს თარიღი, როგორც ყველაზე კატასტროფული, მასშტაბური, სისხლისმღვრელი, ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოშვების დღე.

ირაკლი ხვადაგიანი

  • რატომ არის მნიშვნელოვანი ამ დღის აღნიშვნა?   

ტოტალიტარული, აგრესიული, მასობრივი დანაშაულის რეჟიმის შესახებ მეხსიერების შენარჩუნება არის ძალიან საჭირო. აუცილებელია, რომ მსგავსი კატასტროფებისთვის ისევ არ დარჩეს საზოგადოებაში სივრცე. როდესაც დანაშაულს ხმამაღლა დაერქმევა სახელს, მუდმივად გაზიარდება ამის შესახებ ინფორმაცია. იმის ჩვენება, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე ღირებულია. ტერორის მსხვერპლები – ეს არ არის უბრალოდ რიცხვები, კონკრეტული ადამიანები დგანან ამ რიცხვების მიღმა. არაადამიანურ მმართველობასთან გვქონდა საქმე, როდესაც ერთი ბრძანებით ათიათასობით ადამიანის ბედს წყვეტდა კონკრეტული ადამიანების ჯგუფი.

ამ დღის აღნიშვნას აქვს ხსოვნის, ასევე საგანმანათლებლო ელემენტი. ეს არის ჩვენი საერთო მეხსიერების ნაწილი და ასევე პოლიტიკური განათლების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის. ვხედავთ, რომ არსად არ წასულა ამ ტიპის აგრესიული რეჟიმის რესტავრაციის და ამ დანაშაული განმეორების ვნება.

ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ის, რასაც რუსი სამხედროები აკეთებენ უკრაინაში, დაპყრობილ ტერიტორიებზე. რეალურად ეს უახლესი წარსულია. ეს არის პირდაპირი მემკვიდრეობა, თაობიდან თაობას გადმოცემული განადგურების მექანიზმი, ასეთი კონვეიერული, ცივსისხლიანი წესით. რასაც აკეთებდა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი.

  • ხშირად მომისმენია, რომ 1937-1938 წლების რეპრესიებს შეეწირნენ პატრიოტი, მეამბოხე ქართველი ინტელექტუალები. რეალურად ვინ იმსხვერპლა სტალინურმა რეჟიმმა, როგორი იყო ამ ადამიანების ბედი?

ეს რიტორიკა, რომ საუკეთესო ნაწილი იმსხვერპლა რეპრესიებმა ქართული საზოგადოების, ცოტა ელიტისტური მიდგომაა და ზედაპირული. ეს იყო ტოტალური წმენდა, როდესაც წინასწარ, კარგად, გეგმურად ხდება რეჟიმის მიერ საფრთხის შემცველი ან მის მიერ ასე შეფასებული მთელი ჯგუფების, ფენების, გამიზნულად ფიზიკური მოსპობა და განადგურება.

ის შეეხო ყველას. იშვიათად თუ იპოვით 1937-38 წლებში მაშინდელ სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინსტიტუციას, სადაც ამ ტერორის კვალი არ იკითხება. მთავარი ამოცანა რეჟიმს ჰქონდა მოსახლეობის დაშინება, განეიტრალება და დამორჩილება.

პირველი ტალღები მიმართული იყო ნაშთების – იმ პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომლებიც იატაკქვეშეთიდან ებრძოდნენ საბჭოთა რეჟიმს. თუკი ვინმე იყო იმ ორგანიზაციებიდან, როგორც პოლიტპატიმარი, გადასახლებაში ან ისევ ციხეებში ფიზიკურად სპობდნენ. ასევე ანადგურებდნენ შიდაპარტიულ ოპოზიციას, უხუცეს ბოლშევიკებს. არმიაში მოხდა ტოტალური წმენდა.

რეჟიმი ატარებდა ე.წ. საჩვენებელ სასამართლოებს, პროცესებს, სადაც აცხადებდა, რომ გამოვლენილი დამნაშავეებს ასამართლებდა, სადაც ისინი აღიარებდნენ ბრალს და მოწყალებას ითხოვდნენ, რომ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ.

  • როგორი სასამართლო სისტემა იყო იმ წლებში და რატომ ხვრეტდნენ ამდენ ადამიანს?

მექანიზმის დონეზე რომ შევადაროთ – ყველაზე მასობრივი და სისხლიანი ორგანო იყო ე.წ. „ტროიკა“, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან (НКВД) არსებული სამეული. მსგავსი წესით პოლიტიკური მოწინააღმდეგეების თავიდანვე სპობდა რეჟიმი, უბრალოდ 30-იანი წლების დასაწყისში ფორმალურად ეცადნენ ჩარჩოებში მოქცევა და უფრო სასამართლო პროცედურების დაცვით ცდილობდნენ ადამიანების გასამართლებას. მასშტაბიც შედარებით ნაკლები იყო.

როდესაც განსაზღვრეს ტერორის მასშტაბი, მიხვდნენ, რომ ვერანაირი სასამართლო ინსტანცია ამას ვერ გაუმკლავდებოდა, ამიტომ დაუბრუნდნენ ძველ და ნაცად ხერხს – „ტროიკას“. თვითონ სისტემის წარმომადგენლების პატარა ჯგუფი დაჩქარებულად, იმპერატიულად წყვეტდა ადამიანების ბედს.

საბჭოთა კავშირის ყველა სახელმწიფოს დონეზე, შინსახკომმა მოაწყო სამეულები, სადაც შედიოდნენ შინსახკომის უშიშროების განყოფილების ხელმძღვანელი, რესპუბლიკის პროკურორი და მუშათა და გლეხთა მილიციის უფროსი. ასევე მდივანი. ეს ადამიანები ფორმალურად წყვეტდნენ ბრალდებულების ბედს.

სასამართლოზე ბრალდებულების დასწრების, მათთვის შეტყობინების გარეშე. ასევე დაცვის უფლების გარეშე, არც იცოდნენ ადამიანებმა, რომ მათ საქმეს განიხილავდნენ. არც განაჩენის გასაჩივრების უფლება ჰქონდათ. ეს იყო საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ყოფილიყო სისრულეში მოყვანილი.

რეპრესიების პროცესის პიკში, დაახლოებით ეს არის 1937 წლის ნოემბერი-დეკემბერი, არის შემთხვევები, როდესაც ერთ სხდომაზე 100-200 ადამიანის ბედიც კი გადაუწყვეტიათ. ამას აკეთებდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში. ეს მასობრივი და გამანადგურებელი იყო.

ასევე იყო მეორე ტიპის სასამართლო, ფორმალური პროცედურების დაცვისთვის. ეს იყო უმაღლესი სასამართლო, სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესია, რომელიც ცენტრიდან (მოსკოვიდან), მოკავშირე რესპუბლიკების ცენტრებში (დედაქალაქებში) პერიოდულად ჩადიოდა.

ეს სასამართლო სპეციალურ კატეგორიაში მყოფ, მნიშვნელოვანი მსხვერპლების საქმეებს წყვეტდა. ასეთ სასამართლოებზე მეტ-ნაკლებად, კარიკატურულ დონეზე იყო წესები დაცული – ბრალდებული მიჰყავდათ იზოლატორიდან. დღევანდელი უზენაესი სასამართლოს შენობაში ტარდებოდა მსგავს სასამართლოებზე სხდომები.

მსხვერპლს ჰქონდა საშუალება, რამდენიმე წუთის განმავლობაში თავი დაეცვა, შემდეგ ეს კოლეგია გადიოდა და რამდენიმე წუთში იღებდა გადაწყვეტილებას, რომელიც არ საჩივრდებოდა.

უმრავლეს შემთხვევაში დახვრეტის გადაწყვეტილება აქვს მიღებული გამსვლელ სესიას.

რეჟიმის სახეს და სისასტიკეს აჩვენებს ისიც, რომ რეალურად გადაწყვეტილებას რიგი კატეგორიის მსხვერპლებზე ეს ორგანოები არ იღებდნენ. ყველა რესპუბლიკიდან სპეციალური აპარატი წინასწარ გზავნიდა სპეციალურად შერჩეული კატეგორიების პატიმრების სიებს კრემლში, პოლიტბიუროში. მონიშნული კატეგორიით – რა გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მათზე მიღებული: დახვრეტა თუ გადასახლება. პირველი კატეგორია, მეორე კატეგორია. ამ სიას პოლიტბიუროს შემადგენლობა ადასტურებდა, სანქციებს აძლევდა და განსაზღვრავდა.

ეს ცნობილია სტალინის სიის სახელით.

თვითონ უშუალოდ უმძლავრესი ძალაუფლების მქონე პირები იყვნენ ჩართული კონკრეტული ადამიანების ბედის გადაწყვეტაში. მათი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ეს განაჩენები ფორმალურად დასტურდებოდა ან უმაღლესი სასამართლოს გასვლით სესიაზე, ან „ტროიკაზე“ ან სხვა ორგანოს მიერ, ვის ხელშიც აღმოჩნდებოდა ეს კონკრეტული ადამიანები.

სტალინიც აქტიურად იყო ჩართული და უმრავლესობა ამ სიებისა მის ხელშია გადიოდა. სტალინის უშუალო ნაცნობების, ძველი კოლეგების და ა.შ.  სიცოცხლე დასრულდა კონკრეტულად სტალინისავე მითითებით.

  • რა ბრალდებით აკავებდნენ ამ ადამიანებს და მერე ხვრეტდნენ?

ბრალდებების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. როცა საბჭოთა კავშირში კოლექტივიზაციის პირველი ფაზა ჩავარდა, შემდგომ რეჟიმი მობილიზდა. დიდი ტერორით მოსპო ყველა მოწინააღმდეგე ელემენტი სოფელში, რომ კოლექტივიზაცია, იძულებითი შრომის სისტემა დამკვიდრებულიყო სოფლად. შესაბამისად, გლეხების უმრავლესობა გახდა ამ სისხლიანი ოპერაციის მსხვერპლი.

გლეხების ბრალში ძირითადად ფიგურირებს ანტისაკოლმეურნეო მოძრაობაში ჩართულობა, კულაკობა, საბოტაჟი, კოლმეურნეობის აქტივისტებზე თავდასხმა.

სისტემისთვის მეორე საინტერესო და საყვარელი ბრალდების ფორმულირება იყო ანტისაბჭოთა კონტრ-რევოლუციური ორგანიზაციის წევრობა ან ანტისაბჭოთა აგიტაცია პროპაგანდა.

ძირითადად, ყველა ეს ბრალდება ფორმალიზებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პუნქტებით. იყო ასევე დივერსია, ტერორიზმი. ერთი ხაზია ბრალდების ტერორისტული აქტის ორგანიზება რეჟიმის წინააღმდეგ. საკმაოდ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ამ ბრალდების მსხვერპლი. ასევე რეჟიმის „საყვარელი“ ბრალდება იყო საბოტაჟი.

ეს ბრალდებები ანარეკლია იმის, თუ როგორ დაიგეგმა მასობრივი წმენდა, ვინ იყო სამიზნე და როგორ შეიფუთა შემდეგ განადგურების აუცილებლობა – რომ აი, კონტრრევოლუციური მემარჯვენეთა ალიანსი არსებობდა პარტიაში.

  • რამდენი ათასი ადამიანი შეეწირა რეპრესიებს?

ბოლომდე სანდო რიცხვები არ გვაქვს, მაგრამ რადგან ყველაზე სისხლისმღვრელი ორგანოს სტატისტიკა არის დამუშავებული და შესწავლილი, აქედან გამომდინარე მიახლოებით შეიძლება გამოანგარიშება.

1936-38 წლებში, ჯამში, საქართველოში დაპატიმრებული და რეპრესირებული იყო, სადღაც 25000-30000 ადამიანი, საიდანაც 12 ათასამდე ადამიანი მალევე დახვრიტეს, სხვები კი 8 – 10 წლით გადაასახლეს ე.წ. შრომა-გასწორების კოლონიებში, გულაგებში. იქიდან დიდი ნაწილი ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა. იქ არსებული რეჟიმის და პირობების გამო.

ცალკე კატეგორიაა უკვე ოჯახის წევრები. რეჟიმი მსხვერპლთა ოჯახის წევრებსაც შეეხო. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით აპატიმრებდნენ ოჯახის წევრებს, ძირითადად ცოლებს და მათაც ასახლებდნენ, როგორც ხალხის მტრის ოჯახს.

რუსეთში და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში ასეთი ოჯახების ბავშვები რჩებოდნენ მარტო. მათ სპეციალურ ბავშვთა ბაღებში აგზავნიდნენ, რომელსაც საბავშვო კოლონიები შეიძლება დავარქვათ. საქართველოში ბავშვები გადაურჩნენ მსგავს კოლონიებს, რადგან ძირითადად ნათესავებმა აიღეს თავზე მათი მოვლა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: