მთავარი,სიახლეები

პოლიციის 12 ავტომანქანით საქეიფოდ რესტორანში და გვარამიას პატიმრობა „მანქანის საქმეზე“

28.07.2022 • 5351
პოლიციის 12 ავტომანქანით საქეიფოდ რესტორანში და გვარამიას პატიმრობა „მანქანის საქმეზე“

სასაზღვრო პოლიციის 12 ავტომანქანა „ბათუმელებმა“ გონიოში, ერთ-ერთი რესტორნის ეზოში 16 ივლისს, შუადღისთვის დააფიქსირა. რესტორნის ეზოში შეკრებილები, ძირითადად კაცები, მას შემდეგ დაიძრნენ რესტორნისკენ, რაც შავი ჯიპი ჩამოდგა და იქედან სავარაუდოდ ხელმძღვანელი გადმოვიდა.

დამხვდურებს სავარაუდო ხელმძღვანელმა მოუწონა შენობის ექსტერიერი და იმედი გამოთქვა, რომ სამზარეულოც ასეთივე საინტერესო და ხარისხიანი იქნებოდა.

შაბათს, არასამუშაო დღეს სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსნები და თანამშრომლები რესტორანში სახელმწიფოს კუთვნილი მანქანებით მივიდნენ.

გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ 12 ავტომობილი, სახელმწიფო ნომრებით: GE-401-BP, GE-767-BP, GE-443-BP, GE-766-BP, GE-346-BP, QQ-797-PP, GE-083-BP, DD-198-GD, GE-720-BP, GE-442-BP, GE-711-BP, GE-055-BP, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სარგებლობაშია.

ეს ავტომანქანები დაფიქსირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2021 წლის ნოემბერში გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის დოკუმენტებში – ტენდერი სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევაზეა გამოცხადებული.

გონიოში, რესტორან „ერას“ ტერიტორიაზე ასევე იყო დამატებით 6 ავტომანქანა, რომელთა კუთვნილებაც „ბათუმელებმა“ ვერ დაადგინა.

სასაზღვრო პოლიციაში ვიკითხეთ: რა სამსახურებრივი ამოცანის შესასრულებლად მივიდნენ რესტორანში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები სასაზღვრო პოლიციის, ანუ სახელმწიფო და თანაც სამართალდამცავი უწყების ავტომანქანებით?

policia

სანაპირო დაცვის პოლიციის ავტომანქანები რესტორნის ეზოში

„16 ივლისს იყო სანაპირო დაცვის დღე და თანამშრომლებს ჰქონდათ ფურშეტი“, – გვითხრეს სასაზღვრო პოლიციაში და უარი განაცხადეს ეთქვათ: რა სამსახურებრივი და პროფესიული საჭიროება იყო, სასაზღვრო პოლიციის მანქანებით მისულიყვნენ თანამშრომლები რესტორანში?

სასაზღვრო პოლიციის პრესცენტრში ასევე არ გვითხრეს, სახელმწიფომ ხომ არ დააფინანსა ვახშამი რესტორანში სასაზღვრო პოლიციის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლებისთვის, რა დაჯდა პოლიციელების ქეიფი და ვინ დაესწრო კონკრეტულად ვახშამს?

სასაზღვრო პოლიციის პრესცენტრში თქვეს, რომ მხოლოდ საჯარო ინფორმაციის ფორმატში უპასუხებენ ჩვენს კითხვებს. საჯარო ინფორმაციას კი, უწყება 10 სამუშაო დღეში გასცემს.

„ხარჯებთან დაკავშირებით დეტალები არ ვიცით. თანხებთან და ხარჯებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოიწეროთ ოფიციალურად“, – გვითხრეს სასაზღვრო პოლიციაში.

„ბათუმელებმა“ სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე გადაამოწმა, არის თუ არა გადახდილი ფურშეტის მომსახურების თანხა უშუალოდ უწყების მიერ. თუმცა, 27 ივლისის მონაცემებით, ასეთი ხარჯის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი პორტალზე ატვირთული არ აქვს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციას, არც შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს და არც შსს სასაზღვრო პოლიციის N I სამმართველოს [ბათუმი].

სანაპირო დაცვის დღე 16 ივლისს ოფიციალურად ფოთში აღინიშნეს.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, 2022 წლის 16 ივლისს „შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 24 წელი შესრულდა. სანაპირო დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რანგის კაპიტან რამაზ პაპიძესთან ერთად გახსნა“.

აქვთ თუ არა საჯარო მოხელეებსა და მაღალი თანამდებობის პირებს სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანებით რესტორანში წასვლის უფლება? – კანონმდებლობის თანახმად არა. 

policia

პოლიციის მანქანები რესტორნის ეზოში

„სამსახურებრივი ქონების პირადი მიზნებისთვის გამოყენება გამოდის,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ის განმარტავს, რომ ეს შემთხვევა შსს-ს გენინსპექციამ უნდა შეისწავლოს, ხოლო დისციპლინური გადაცდომის დადგენის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

პაატა დიასამიძის აზრით, რესტორანში სამსახურებრივი მანქანებით მისვლა არც იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ, მაგალითად, პოლიციელები სანაპირო დაცვის დღის აღსანიშნავად შეიკრიბენ სავახშმოდ.

„ღონისძიების ნაწილი რომც ყოფილიყო, იქ პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას რანაირად ასრულებდა? ნებისმიერი სახელმწიფო ქონების გადაცემა, ეს იქნება ფორმა, იარაღი, თუ სატრანსპორტო საშუალება, ეს არის გადასახადების გადამხდელების მიერ შეძენილი ქონება და მას უნდა იყენებდეს დასაქმებული მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის. სამსახურებირივი ქონების პირადი მიზნებისთვის გამოყენებაზე მოკვლევას აწარმოებს გენერალური ინსპექცია,“ – აღნიშნა პაატა დიასამიძემ.

თუ დისციპლინური გადაცდომა დადგინდება, შსს-მ ის პოლიციელები, რომლებიც რესტორანში სამსახურებრივი ავტომანქანებით მივიდნენ, უნდა დააკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა: სიტყვიერი გაფრთხილება, საყვედური, სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა, თანამდებობიდან ჩამოქვეითება, ან სამსახურიდან დათხოვნა.

ჩანს თუ არა შერჩევითი სამართლის პრობლემა, როცა, მაგალითად, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი – ნიკა გვარამია ციხეშია, მათ შორის, ავტომანქანის პირადი მიზნით გამოყენების გამო, ხოლო მეორეს მხრივ, ბიზნესკომპანიის კი არა, სახელმწიფო და განსაკუთრებით სამარათალდამცავი უწყების თანამშრომლები იყენებენ სახელმწიფო ქონებას – სამსახურებრივ ავტომანქანებს პირადი მიზნებისთვის?

„კონტექსტი განსხვავებულია, თუმცა გარკვეულ კავშირს ვხედავ,“ – მიიჩნევს საიას-ს ანალიტიკოსი თაკო ბოჭორიშვილი.

შეგახსენებთ, რომ  თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2019 წელს ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი სარეკლამო დრო საბაზრო ფასზე ნაკლებად გაყიდა, რათა ბარტერის სანაცვლოდ, შუამავალი კომპანიისაგან (შპს „პროესკო მედია“) მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში ავტომანქანა მიეღო. 

საია-ს ანალიტიკოსი, თაკო ბოჭორიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „მანქანის ეპიზოდი“ ნიკა გვარამიას შემთხვევაში, სასამართლომ შეაფასა იმ სიმძიმის დანაშაულად, რომ სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმა – თავისუფლების აღკვეთა გამოიყენა ამ საქმის სხვა ეპიზოდებისგან განსხვავებით.

„თუ დადასტურდა, რომ პოლიციელებმა სამსახურებრივი ავტომანქანები გამოიყენეს პირადი მიზნებისთვის, აქ ჩანს, როგორ აღიქვამს ხელისუფლების სხვადასხვა შტო რაღაც მოვლენას – როცა კერძო კომპანიას ეხება საქმე, ასეთი მკაცრი მიდგომა გაქვს, რომ თავისუფლების აღკვეთას იყენებს სასამართლო, მეორეს მხრივ კი, როცა საჯარო მოხელეებს ეხება საქმე, პოლიციელებს, ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, თუმცა მნიშვნელოვანია ეს იყო მართლაც თუ არა ავტომანქანების პირადი მიზნებით გამოყენების შემთხვევა და ხომ არ იყო რესტორანში სამსახურებრივი შეხვედრა: შესაძლოა, რესტორნის სივრცეში მოეწყო სამსახურებრივი შეხვედრა და მიზანშეწონილი იყო სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენება,“ – გვითხრა საია-ს ანალიტიკოსმა, თაკო ბოჭორიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: