სიახლეები

ვინ არის ბექა, ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩი აჭარიდან

28.07.2022 • 960
ვინ არის ბექა, ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩი აჭარიდან

აჭარაში ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩი, ბექა ჯოყილაძე გახდა. ბექა ამჟამად ბათუმში ცხოვრობს, თუმცა წარმოშობით ხულოდან, სოფელ ქედლებიდანაა და სოფელთანაც ხშირი ურთიერთობა აქვს.

რას ნიშნავს თანასწორობის ელჩობა? – ვკითხეთ ბექას. მისი თქმით, თანასწორობის ელჩები ევროპის საბჭოს ეხმარებიან მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაში სხვადასხვაზე საკითხზე, იქნება ეს რელიგიური უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემები, ქალთა უფლებები, სექსუალური უმცირესობები, შშმ პირთა პრობლემები თუ სხვა.

„მე ჩვენს რეგიონში, აჭარაში ვიქნები თანასწორობის ელჩი და ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშაო ამ საკითხებზე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან. მინდა ბევრი საინტერესო აქტივობა დავგეგმო, რაშიც უშუალოდ იქნებიან სამიზნე ჯგუფები ჩართული – მათთვის მნიშვნელოვან საკითხებში ცნობიერების ამაღლებაში დავეხმარებით.

გარდა სოციალური და ჯანდაცვის საკითხებისა, ბექას თქმით, აქტიურად აპირებს მუშაობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სიძულვილის ენის გამოყენება სოციალურ ქსელებში, დისკრიმინაცია ან გამოხატვის თავისუფლება.

დღეს ძალიან ბევრი ადამიანი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია და ხშირია შემთხვევები, როცა ისინი ნებით თუ უნებურად იყენებენ სიძულვილის ენას, ან მსხვერპლები ხდებიან სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის. ამიტომ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ახალგაზრდებთან, რომ მათი ცნობიერება გაიზარდოს ადამიანის უფლებებზე. არის შემთხვევა, როცა ადამიანები გამოხატვის თავისუფლებას, მუქარას ან შეურაცხყოფას ვერ მიჯნავენ ერთმანეთისგან და შემდეგ ეს პრობლემებს ქმნის. გვინდა, რომ სიძულვილის ენა, დისკრიმინაცია და გამოხატვის თავისუფლება გამიჯნონ ადამიანებმა“, – ამბობს ბექა.

თანასწორობის ელჩის სტატუსით ბექა აქტიურ თანამშრომლობას აპირებს სკოლის პედაგოგებთან და რესურსცენტრებთან, რადგან, მისი აზრით, ხშირად სიძულვილის ენის გავრცელება და სხვადასხვა სახის ბულინგი, სწორედ სკოლიდან იწყება.

„დისკუსიების და სხვადასხვა აქტივობის განხორციელების გარდა, მინდა ამ თემაზე შექმნილი ლიტერატურაც მივაწოდო სკოლებს, რომ პედაგოგებმა გამოიყენონ სხვადასხვა თემაზე მუშაობის დროს.

ასევე, ვაპირებ ვითანამშრომლო ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან და ყველა მოწყვლად ჯგუფებთან, რომ შეძლონ მათ თემში, მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება მათივე ჩართულობით. ჩვენ დავეხმარებით ამ ადამიანებს შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაში“, – გვეუბნება ბექა.

ბექა ასევე აქტიურად აპირებს დისკუსიების მოწყობას ევროინტეგრაცია.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემაზე ადამიანებს კონკრეტული მაგალითებით ვაჩვენოთ, რა სიკეთე შეიძლება მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.

„მინდა ვესაუბრო რამდენად მაღალია ამ ქვეყნებში განსხვავებული ადამიანების მიმღებლობა, გავაცნო ბედნიერების ინდექსი, თუ რამდენად და რატომ გრძნობენ ამ ქვეყნებში ადამიანები თავს ბედნიერად და დაცულად, ასევე ვესაუბრო იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის მიღწევაში ჩვენი, ანუ ადამიანების ჩართულობა და თანამონაწილეობა ცვლილებებში“, – ამბობს ბექა.

როგორც ბექა ამბობს, წელს თანასწორობის ელჩები აჭარის გარდა აირჩიეს თბილისში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ახმეტაში.

ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ გახდნენ ელჩები თავიანთ თემში და თანატოლებს ინფორმაცია მიაწოდონ ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე,  დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებული სამართლებრივი მექანიზმებზე, თანასწორობასა და მრავალფეროვნებაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: