მთავარი,სიახლეები

პოდოლიაკი იმაზე, თუ რატომ დაესხა რუსეთი თავს საქართველოს და უკრაინას

28.07.2022 • 4482
პოდოლიაკი იმაზე, თუ რატომ დაესხა რუსეთი თავს საქართველოს და უკრაინას

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამერიკული წარმოების სარაკეტო სისტემების საჭიროებაზე საუბრობს, რომლის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია და აცხადებს, რომ პუტინი „მოძალადეა, რომელიც ჩაგრავს სუსტს და გაურბის ძლიერს“.

„რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და უკრაინას, მაგრამ „ჩაყლაპა“ ფინეთის ნატოში გაწევრიანება. მოსკოვი ემუქრება მოლდოვას, მაგრამ თავს არიდებს კონფლიქტებს თურქეთთან. პუტინი თავს შეშლილად გვაჩვენებს, მაგრამ არ არის. ის არის მოძალადე, რომელიც ჩაგრავს სუსტს და გაურბის ძლიერს. რა უჩენს მოძალადეებს თავის ადგილს? #ATACMS და შეიარაღებული უკრაინა“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

ATACMS არის დიდ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები, რომელიც HIMARS და M270 MLRS სისტემებიდან გაიშვება და 310 კილომეტრს აღწევს.

CNN-ის ცნობით, 27 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებსა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს შორის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით კლასიფიცირებული შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მიჩიგანის დემოკრატმა დეპუტატმა ელისა სლოტკინმა განაცხადა, რომ კონგრესში ორპარტიული თანხმობა არსებობს უკრაინისთვის ATACMS რაკეტების მიწოდებაზე. ის ახლახან ეწვია უკრაინას.

სლოტკინის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ მომდევნო 3-6 კვირა გადამწყვეტი იქნება, რადგან უკრაინა ცდილობს აქტიური კონტრშეტევით უკან დაახევინოს რუსეთს.

თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ უკრაინას არ მიაწვდიდა ATACMS რაკეტებს, რადგან მათი სროლა შესაძლებელი იქნება რუსეთის ტერიტორიაზე, რამაც შესაძლოა ომის დამატებითი ესკალაცია გამოიწვიოს.

როგორც CNN წერს, აშშ-ის სენატს ასევე ექნება ბრიფინგი უკრაინის საკითხზე.

80-კილომეტრიანი მოქმედების HIMARS საარტილერიო სისტემა არის ყველაზე შორს მოქმედი იარაღი, რაც აქამდე უკრაინს აშშ-მ გადასცა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: