მთავარი,სიახლეები

„ვეხები თემებს, რაც ხალხისთვის აქტუალურია“ – ბათუმელი ტიკტოკერი

29.07.2022 • 1632
„ვეხები თემებს, რაც ხალხისთვის აქტუალურია“ – ბათუმელი ტიკტოკერი

ბათუმელი ტიკტოკრის, 20 წლის ლუკა ართმელაძის ვიდეოებმა ბოლო დროს ბევრის ყურადღება მიიქცია.

ლუკას ვიდეოების გმირები ტიკტოკზე არიან: ახალბედა კონსულტანტი, რომლის მენეჯერი ცდილობს მის ზეგანაკვეთურ დასაქმებას; მკვეხარა ბიზნესმენი, რომლის შვილი „ჰარვარდში სწავლობს“, თავად კი ხილ-ბოსტნეულს ჰყიდის; ავტობუსის კონტროლიორი და ა.შ. 

ლუკა ბათუმის შოთა რუსთველის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მე-4 კურსის სტუდენტია.

„ჩემი მიმართულებაა ყველაფერი, რაც მართლა რეალურად ხდება, უბრალოდ გაზვიადებულად, რომ იუმორი გაიგოს ხალხმა“ – ამბობს ლუკა.

იგი გვიყვება, რომ ვიდეოების სიტუაციებსა და გმირებს ყოველდღიური ცხოვრებიდან იღებს.

„წინასწარ არაფერს არ ვწერ და არ ვიზეპირებ. იმპროვიზაციით ვსაუბრობ ნებისმიერ ვიდეოში, რომელსაც ვიღებ. სახელი-გვარი, რაღაც პროდუქტის დასახელება და ა.შ. რაიმეს რეკლამას კი არ ვუკეთებ“ – ამბობს ლუკა.

იგი გვიყვება, რომ ვიდეოს თემის შერჩევის შემდეგ იქ მიდის, სადაც ვიდეო უნდა გადაიღოს, ირთვება კამერა და ასე იწერება იმპროვიზებული ვიდეო-ხუმრობა.

ლუკას თქმით, პირველი ვიდეო ტიკტოკზე ეროვნული გამოცდების დროს გამოაქვეყნა აბიტურიენტების თემაზე. გვითხრა, რომ ამ ვიდეოს გადაღების იდეა სახლში, უქმად ჯდომის დროს მოუვიდა.

„ვეხები ისეთ თემებს, რაც ხალხისთვისაა აქტუალური და ყველას გვინახავს. თუნდაც ის ვიდეო, ტურისტი რომ მგონია მომხმარებელი, რომელიც ტირის სათამაშოდ მოდის. ვეუბნები – სროლა 600 ლარი ღირს და „გამარჯობაო“-  ქართულად, რომ მპასუხობს, ეგრევე ვერთვები – „უი, ქართველი ხარ, მაშინ 5 ლარი-თქო“.

ლუკას თქმით, ამ ვიდეო იდეა ის იყო, რომ ტურისტებისთვის, სტანდარტულ ფასებთან შედარებით, ყველაფერი უფრო ძვირია.

ის გვიყვება, რომ სოციალური საკითხები სპეციალურად არ აურჩევია ვიდეოების გადასაღებად და სხვა თემებიც აინტერესებს.

„მე არ მყავს ვიდეოსთვის არც სპეციალური გადამღები, არც კამერა. ჩემი 2018-წლიანი აიფონით ვიღებ. ყოფილა მომენტი, რომ ჩემს მეგობრებს არ ეცალათ და ბულვარში ახალგაზრდა, ჩემი ასაკის თაობის ხალხისთვის მითხოვია გადაღება და ასეთი ვიდეოც დამიდია.

გააჩნია ჩემს გვერდით ვინ არის დროის იმ მონაკვეთში, როცა ვიდეოს გადაღება მინდა. ხან ვინ მიღებს, ხან – ვინ. სულერთია, მთავარია კამერა დაიჭირონ. არც ვიდეოს ხარისხზე მაქვს პრეტენზია, მთავარია ჩემი სათქმელი გადმოვცე სწორად.

ყოფილა ვიდეოები მარტივად გადამიღია, ყოფილა – რთულად.

თუ ვიდეოები საზოგადოებრივ ადგილასაა, ან უშუალოდ პერსონაჟების გარდა სხვებიც არიან, იცინიან და უამრავი კადრი იშლება“, – გვითხრა ლუკამ.

მისი თქმით, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მისმა ვიდეოებმა კარგი განწყობა შეუქმნა ადამიანებს და ეს მისთვის სტიმულია:

„ვიდეოების ნახვა გაიზარდა, იზრდება კომენტარების რაოდენობაც. ნეგატიური კომენტარები ძალიან იშვიათად რომ გამოერიოს“.

როგორც ის ამბობს, ვიდეოების გადაღებას იქამდე გააგრძელებს, სანამ ამის სურვილი ექნება და ხალხის გაცინებას შეძლებს.

„არც კონტრაქტები მაქვს და არც მილიონობით გამომწერი მყავს, უბრალოდ მე მომწონს და ვაკეთებ“ – ამბობს ლუკა.

ლუკა თავის მეგობარზე, გიორგი დუმბაძეზე გვიყვება, რომელიც მისი თქმით, ეხმარება ვიდეოს იდეის მოფიქრებაში, დადგმაში და ყოველთვის მის გვერდით იყო, მაშინაც, როცა ვიდეოს გადასაღებად მცირე თანხა იყო საჭირო. მას მხარს უჭერენ ოჯახის წევრებიც და რჩევებსაც აძლევენ ხოლმე.

ლუკა და გიორგი

ლუკა მხიარულთა და საზრიანთა კლუბში თამაშობდა ბსუ-ს გუნდთან ერთად „ქართულ ლიგაში“, რასაც თავის პირველ იუმორისტულ გამოცდილებად მოიხსენიებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: