მთავარი,სიახლეები

5 წელი მიუსაჯეს პატრულ-ინსპექტორს, რომელმაც შშმ პირს სცემა

29.07.2022 • 821
5 წელი მიუსაჯეს პატრულ-ინსპექტორს, რომელმაც შშმ პირს სცემა

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის მიმართ არაადამიანური მოპყრობის, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქმე ეხება 2022 წლის იანვარში, თბილისში მომხდარ ფაქტს – 17 წლის ბიჭი, რომელსაც სმენასთან და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ძმასთან და მეგობრებთან ერთად ისნის მეტროში იმყოფებოდა, როცა პოლიციელმა სცემა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

„პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მეტროსადგურ ისანში შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მეტროპოლიტენის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არაადამიანურად მოეპყრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც მისივე მეგობრების თანდასწრებით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 25 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ არაადამიანური მოპყრობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“ – იუწყება პროკურატურა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: