სიახლეები

„ორკებს” ცხვირწინ ხიდი აუფეთქა და გაიქცა – უკრაინის 29 წლის გმირი

28.07.2022 • 20487
„ორკებს” ცხვირწინ ხიდი აუფეთქა და გაიქცა – უკრაინის 29 წლის გმირი

ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს და სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინის 29 წლის გმირი, ოლეგ მოროზი სლავიანსკთან დაიღუპა. მოროზი 79-ე სადესანტო-საჰაერო დანაყოფის ოცეულის უფროსი სერჟანტი იყო.

უკრაინის გმირის შესახებ მასალა უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა საინფორმაციო გამოცემამ, Armyinform-მა მოამზადა.

ოლეგ მოროზი ჯარში მსახურებასთან ერთად აგრარულ უნივერსიტეტშიც ჩაირიცხა და იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, მშვიდობის დროს, თუმცა მისი გეგმები ოკუპანტებმა ჩაშალეს.

როგორც ოლეგის მეგობარი დიმიტრი იხსენებს, 2022 წლის 24 თებერვალს ისინი ერთად შეხვდნენ შჩასტიას დასახლების მახლობლად განლაგებულ საბრძოლო პოზიციებზე.

„დილის 4 საათზე ძლიერმა აფეთქებებმა გაგვაღვიძა, მიწა ზანზარებდა და ყველაფერი გუგუნებდა, ბნელი ცა ნათდებოდა აფეთქებებისგან, სწრაფად წავედით თავშესაფრისკენ. რუსები საარტილერიო თავდასხმის შემდეგ ტანკებითა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებით დაიძრნენ და უკრაინელთა პოზიციებში შეჭრა სცადეს, თუმცა ჩვენმა ნაწილებმა უკვე მოახერხეს პოზიციების დაკავება და დამპყრობლებს საპასუხო ცეცხლით შეხვდნენ.

ისინი ჯერ გაჩერდნენ, შემდეგ კი უკან გაბრუნდნენ, დატოვეს თავიანთი გარდაცვლილი ჯარისკაცების გვამები და დამწვარი საბრძოლო ტექნიკა. ყველანი მივხვდით, რომ ეს იყო არა მორიგი პროვოკაცია, არამედ რუსული არმიის ღია შემოჭრის დასაწყისი“, – იხსენებს გარდაცვლილი გმირის მეგობარი დიმიტრი.

ოლეგ მოროზი ფრონტის მეგობარ დიმიტრისთან ერთად/წყარო: Armyinform

მედესანტეების პოზიციების დაკავების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რუსებმა კვლავ დაიწყეს ძლიერი შტურმი და მზადება შემდეგი თავდასხმისთვის. დამპყრობლების ცოცხალი ძალის გადაადგილების ერთადერთი გზა მდინარე სევეროდონეცკის საგზაო ხიდზე გადიოდა, გადაწყდა მისი აფეთქება. მაგრამ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც იქ წინასწარ იყო დაყენებული, არ მუშაობდა, ჭურვების ფრაგმენტებმა მისი მავთულები დააზიანა. ასმეთაურმა სერჟანტ მოროზს ამ საინჟინრო სტრუქტურის განადგურება დაავალა.

სასწრაფოდ მოქმედება იყო საჭირო, რადგან მტერს ნებისმიერ მომენტში შეეძლო ხელახლა შეტევაზე გადასვლა. ოლეგმა „ურალის“ ტიპის სატვირთო მანქანა შესთავაზა ასმეთაურს, რომელიც დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო დატვირთული.

როცა დაღამდა, ოლეგი მანქანის საჭეს მიუჯდა და გამორთული ფარებით ხიდამდე მივიდა. იმედოვნებდა, რომ რუსები ასეთ მანევრს არ მოელოდნენ და მაშინვე ვერ შეამჩნევდნენ.

გადამწყვეტად და სწრაფად მოქმედებდა, მაგრამ სატვირთო მანქანა შენიშნეს და სროლა დაუწყეს. ხიდზე გადავიდა, მანქანიდან სწრაფად გადახტა და ტყვიების ზუზუნის ქვეშ თხრილისკენ გაიქცა. ბუჩქებში მიმალულმა აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ძლიერმა აფეთქებამ ხიდი თითქმის გაანადგურა. ოლეგმა ცეცხლით და კვამლით ისარგებლა, რომელიც მას მტრისგან ფარავდა და უვნებლად დაბრუნდა დანაყოფთან.

ოკუპანტები შოკში იყვნენ, არ ელოდნენ, რომ უკრაინელი სამხედროები თითქმის ცხვირწინ აუფეთქებდნენ მნიშვნელოვანი ხიდს ასე უჩვეულო გზით.

ოლეგი ამ მანევრს საგმირო საქმედ არ მიიჩნევდა. თუმცა ყველა მისი თანამებრძოლისა და მეთაურისთვის ის ნამდვილი გმირი იყო.

2022 წლის 10 მარტს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოცეულის უფროს სერჟანტ ოლეგ მოროზს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა და ოქროს ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვა უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის გამოჩენილი პირადი გამბედაობისა და გმირობისთვის, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის.

სერჟანტ ოლეგ მოროზის გმირული მანევრის წყალობით, უკრაინელმა მედესანტეებმა შეძლეს გარკვეული დროით გადაედოთ ოკუპანტების წინსვლა და ასე დახმარებოდნენ ძირითად შემადგენლობას ახალ პოზიციებზე თავდაცვის მოსამზადებლად.


ოლეგ მოროზი 2013 წელს ჩაეწერა 79-ე დანაყოფში. თვეობით ვარჯიშობდა სროლასა და მძლეოსნობაში, ახალი ნაცნობები, სამსახური და მედესანტეების საძმო ოლეგს ძალიან მოსწონდა. აღფრთოვანებული იყო „ფრთოსანი რაკეტებით“ და მძიმე საბრძოლო ტექნიკით.

მეგობრები იხსენებენ, როგორ გამოიგონა მან საკეტის კონსტრუქცია, რომელსაც პროფესიონალიც კი ვერ გახსნიდა. მოგვიანებით განყოფილების მეთაური გახდა და თავად დაიწყო პერსონალის მომზადება რთული დავალებების შესასრულებლად.

2014 წლის ივლისშიც, უკრაინა-რუსეთის საზღვრის მახლობლად, მედესანტეები არაერთხელ შეეტაკნენ რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებს დოვჟანსკის, მარინოვკასა და კრასნოდონის დასახლებებთან.

ოლეგის ქვედანაყოფი მუდმივი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იგერიებდა ოკუპანტების შემოტევას.

2014 წლის ოქტომბერში ოლეგ მოროზი როტაციით წავიდა დონეცკის აეროპორტში. მძიმე ბრძოლები იქ მთელი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსეთი აეროდრომის ხელში ჩაგდებას ცდილობდა. ბოევიკები ყოველდღე ესხმოდნენ თავს უკრაინელ სამხედროებს ჯავშანტექნიკითა და ტანკებით.

გარკვეული გამოცდილების მქონე სერჟანტს თავდაცვის ორგანიზებაში არაერთხელ გამოადგა ტექნიკური უნარები და შესაძლებლობები. მან ამოიცნო თავდაცვისთვის ყველაზე საშიში ადგილები და ჩასაფრება მოაწყო, ოკუპანტებს სხვადასხვაგვარი „საჩუქარი“ დაუტოვა.  ეს იყო ნამდვილი ნადირობა, საიდანაც ოლეგი გამარჯვებული გამოდიოდა.


მთავარ ფოტოზე: უკრაინის გმირი ოლეგ მოროზი/წყარო: Armyinform

გადაბეჭდვის წესი


ასევე: