მთავარი,სიახლეები

„წყალი არ არის უსაფრთხო“ – ქობულეთის ერთი სოფლის მოსახლეობას მერია ინფორმაციას უმალავს

20.07.2022 • 1992
„წყალი არ არის უსაფრთხო“ – ქობულეთის ერთი სოფლის მოსახლეობას მერია ინფორმაციას უმალავს

„გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე სასმელი წყალი არ არის უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ დასკვნაში, რომელიც ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში აღებული სასმელი წყლის ლაბორატორიულ დასკვნას ეხება.

დასკვნის მიხედვით, სასმელ წყალში აღმოჩნდა E.coli [იგივე ნაწლავის ჩხირი] და Streptopcocus faecalis. დასკვნა 14 ივლისს მომზადდა, თუმცა ამ დრომდე მოსახლეობისთვის შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. სოფელში დაგვიდასტურეს, რომ ისევ ონკანის წყალს იყენებენ სასმელად.

„ქობულეთის სოფლის წყალში“, რომელიც ქობულეთის მერიის შპს-ია, არ თვლიან საჭიროდ, ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას ლაბორატორიული დასკვნის შესახებ, სადაც პირდაპირ ხაზგასმულია საფრთხე ადამიანების ჯანმრთელობაზე.

ლაბორატორიული შემოწმების მოთხოვნით სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის გიორგი მახარაძეს 6 ივლისს მიუმართავს, ის სოფელ ბობოყვათში ცხოვრობს და პროფესიით ადვოკატია.

„რადგან წყალი მუდმივად მღვრიეა, მაგრამ მოსახლეობის პრეტენზიებს არავინ იზიარებს, მე მივმართე სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ოფიციალურად წერილი მივწერე,“ – გვიყვება გიორგი მახარაძე. -„ წყლის სისტემა რამდენიმე წლის წინ მოეწყო ჩვენს სოფელში გერმანიის ბანკის მხარდაჭერით, მაგრამ ვერ დავადგინე, რატომ ვერ მოეწყო გამწმენდი ნაგებობა, რატომ არ იფილტრება წყალი.

დასკვნის ჩაბარების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიპასუხა, რომ გააფრთხილეს წყლის მომწოდებელი კომპანიაც, მაგრამ მოსახლეობისთვის არავის არანაირი ფორმით არ მიუწოდებია ინფორმაცია. მე ფეისბუქში დავდე პოსტად ლაბორატორიის ეს დასკვნა და იმედია, ბევრმა ადამიანმა ნახა კიდეც, ახლა წყალს მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვის ვიყენებთ ჩემს ოჯახში და სასმელად წყაროს წყალი გვაქვს,“ – გვითხრა გიორგი მახარაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნაში წერია ისიც, რომ ბობოყვათში წყალი „სასმელად გამოიყენება მხოლოდ გადადუღებულ შემთხვევაში“, თუმცა ამავე დასკვნის მიხედვით, წყლის სინჯში მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის 58-ე დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს.

ადვოკატი გიორგი მახარაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ სახის საფრთხის შესახებ მოსახლეობისთვის შესაბამისი ორგანოების მხრიდან დროული და სათანადო ინფორმაციის მიუწოდებლობა შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

„ჩვენ დასკვნის მიღებისთანავე დავიცავით სანიტარული ზომები, ხელახლა გავწმინდეთ სისტემა სრულად, ზოგს წყარო წყალი აქვს მიერთებული, ზოგს რაღაც, ამ დროისთვის წყალი სუფთაა,“ – ირწმუნება შპს „ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორი, სულიკო თხილაიშვილი, თუმცა არ აქვს დოკუმენტი, რაც ამას დაადასტურებს.

„აღებულია სინჯები ისევ და თვის ბოლოს გვექნება პასუხები“, – გვითხრა სულიკო თხილაიშვილმა. მას არ ჩაუთვლია საჭიროდ, მოსახლეობისთვის ლაბორატორიული დასკვნის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

„მე ორი დღის წინ მივიღე ეს დასკვნა… არ ჩამითვლია საჭიროდ ინფორმაციის მიწოდება, რადგან გაწმენდილია ყველაფერი და არ არის საფრთხე,“ – ამბობს სულიკო თხილაიშვილი.

 

ამონარიდი სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნიდან

გიორგი მახარაძის თქმით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაბორატორიული კვლევა უფასოდ ჩაატარა – მას თანხა არ გადაუხდია.

ბობოყვათში ქობულეთის მერის რწმუნებულის თქმით, სოფელ დაახლოებით 900 ოჯახი [4500 ადამიანი] ცხოვრობს. ის ასევე ტურისტული სოფელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: