მთავარი,სიახლეები

ჩემი სიყვარული და ჩემი საუკეთესო მეგობარი – ვოლოდიმირ ზელენსკი ცოლის შესახებ

28.07.2022 • 1345
ჩემი სიყვარული და ჩემი საუკეთესო მეგობარი – ვოლოდიმირ ზელენსკი ცოლის შესახებ

უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ფოტოებმა, რომლებიც ჟურნალ Vogue-ისთვის ცნობილმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა ენი ლეიბოვიცმა გადაიღო, უკვე მსოფლიო მოიარა.

ფოტოგრაფი ენი ლეიბოვიცი და ჟურნალისტი რეიჩელ დონადიო ამ რეპორტაჟისთვის კიევში ჩავიდნენ, შედეგად Vogue-ის ფურცლებზე, არამხოლოდ ოლენა ზელენსკას შესანიშნავი ფოტოები, არამედ საპრეზიდენტო წყვილის გულწრფელი აღიარებაც გაჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტატიის მთავარი გმირი ოლენა ზელენსკაა, უკრაინულ მედიას ყურადღების მიღმა არ დარჩენია თავად პრეზიდენტის ციტატებიც – როგორ უტყდება ის ცოლს სიყვარულში, როგორ ახასიათებს მას, როგორც საუკეთესო მეგობარს და ძლიერ ადამიანს და როგორ განიცდის შვილებთან დაშორებას.

„ცხადია, ის ჩემი სიყვარულია, მაგრამ ის ამავე დროს ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა. ოლენა ნამდვილად საუკეთესო მეგობარია. ისიც პატრიოტია და უზომოდ უყვარს უკრაინა. ეს ასეა. და ის შესანიშნავი დედაა,“ – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, მისი მეუღლე კიდევ უფრო ძლიერი ადამიანი გახდა და ომმა ის სხვა მხრიდანაც დაანახა.

„მას თავიდანვე ძლიერი ხასიათი ჰქონდა. ალბათ, ის უფრო ძლიერია, ვიდრე თავად ეგონა. ეს ომი კი – ნებისმიერი ომი, აღვიძებს თვისებებს, რომლებზეც არასოდეს გიფიქრიათ“ – დასძენს პრეზიდენტი.

ომის ხუთი თვის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვილები მხოლოდ ორჯერ ნახა – 24 თებერვალს, დღისით, ვიდრე ისინი კიევს დატოვებდნენ და მაისის დასაწყისში.

„როგორც ნებისმიერი ადამიანი, მეც ძალიან ვღელავდი მათზე, მათ უსაფრთხოებაზე. არ მინდოდა, რომ საფრთხეში ყოფილიყვნენ. რა თქმა უნდა, მენატრებოდნენ. ისე მინდოდა, შევხებოდი მათ, მოვხვეოდი,“ – ამბობს ზელენსკი.

ქმრისგან განსხვავებით, ოლენა ზელენსკა შვილებს რამდენიმე დღით მხოლოდ ივლისში დაშორდა, როდესაც ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა.

„არც კი ვიცი, როგორ გადავიტანდი ამ თვეებს, ცალ-ცალკე რომ ვყოფილიყავით. მისთვის (ვოლოდიმირ ზელენსკი) ამ მხრივ, ბევრად უფრო რთულია. ისიც იტანჯება და ბავშვებიც იტანჯებიან,“ – ამბობს ოლენა ზელენსკა.

„სიმამაცის პორტრეტი: უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა“ – ასე ჰქვია Vogue-ის ვრცელ რეპორტაჟს, რომელიც გამოცემის ვებგვერდზე 26 ივლისს გამოქვეყნდა.

მთავარი ფოტო: ოლენა ზელენსკა და ვოლოდიმირ ზელენსკი/ფოტო: ენი ლეიბოვიცი, Vogue

___

ნახეთ გზა – კომიკოსობიდან პრეზიდენტობამდე

ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკი?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: