მთავარი,სიახლეები

უკრაინაში რუსეთი „ვაგნერს“ ისევე იყენებს, როგორც თავის არმიას – ბრიტანეთის დაზვერვა

29.07.2022 • 2451
უკრაინაში რუსეთი „ვაგნერს“ ისევე იყენებს, როგორც თავის არმიას – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 29 ივლისის რელიზის თანახმად, უკრაინასთან ომში, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ისევეა ჩართული, როგორც რეგულარული რუსული არმია.

„რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ უკრაინის აღმოსავლეთში, რუს სამხედროებთან შეთანხმებით, მარტის შემდეგ მოქმედებს. დაჯგუფებას, სავარაუდოდ, ფრონტის ხაზის სპეციფიკურ სექტორებზე პასუხისმგებლობა ჩააბარეს, ისევე, როგორც არმიის ჩვეულებრივ დანაყოფებს“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყება აღნიშნავს, რომ ამგვარი მიდგომა რუსეთს 2015 წლის შემდეგ არ გამოუყენებია. „ვაგნერს“, როგორც წესი, რეგულარული რუსული ჯარისგან განსხვავებულ მისიებს აკისრებდნენ.

დაზვერვის შეფასებით, კოორდინირებული მოქმედებების ეს ხარისხი, სრულიად ეწინააღმდეგება რუსი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ პოლიტიკას, რომელიც ყოველთვის უარყოფდა კავშირს „ვაგნერსა“ და რუსეთის სახელმწიფოს შორის.

„ვაგნერის“ როლი, სავარაუდოდ, შეიცვალა იმის გამო, რომ რუსეთის თავდაცვას საბრძოლო ძალის სერიოზული დეფიციტი აქვს, თუმცა დიდი ალბათობით, ვერც „ვაგნერის“ ძალები იქნება საკმარისი ომის ტრაექტორიის სერიოზულად შესაცვლელად,“ – ასკვნის უწყება.

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ უკრაინის ომში მონაწილეობაზე დიდი ბრიტანეთის დაზვერვა პირველად არ წერს. „ვაგნერის“ როლს უწყებამ რამდენიმე რელიზი მიუძღვნა.

ჯერ კიდევ ივნისში, დაზვერვა გამოეხმაურა რუსული მოიერიშე სუ 25-ის პილოტის დაკავებას. ის „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლი აღმოჩნდა.

უკვე 18 ივლისის სადაზვერვო ცნობარში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა აღნიშნავდა, რომ „ვაგნერს“ რუსეთი აქტიურად იყენებს ლუგანსკში, სადაც დაჯგუფებას უკვე სერიოზული დანაკარგი აქვს.

დაზვერვის ინფორმაციით, „ვაგნერმა“, თავისი რიგების სწრაფად შევსების მიზნით, მებრძოლთა მიღების სტანდარტები დაწია და დაქირავებულებსაც სათანადოდ აღარ წვრთნის – „კომპანია ქირაობს ყოფილ პატიმრებს, წარსულში შავ სიაში მყოფ სამხედროებს.“

უწყება ხაზს უსვამდა, რომ უკრაინასთან ომში „ვაგნერის“ ასეთი დატვირთვით გამოყენება რუსეთის არმიაში საბრძოლო ძალის სერიოზულ დეფიციტზე მიუთითებდა.

20 ივლისს, ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ძალებმა ლუგანსკში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთ-ერთი ჯგუფი გაანადგურეს.

საერთაშორისო მედია ჯერ კიდევ აპრილში წერდა, რომ რუსეთი დაქირავებული მებრძოლების ნაწილის ლიბიიდან უკრაინაში გადაყვანას აპირებდა, მათ შორის „ვაგნერის“ წევრების.

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“, რომელიც დაქირავებული სამხედროებისგან შედგება, უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წელს გამოჩნდა, როდესაც ის პრორუს სეპარატისტებს ეხმარებოდა.

დაჯგუფება 2015 წლიდან მონაწილეობს სირიის ომში, აქტიურობდნენ მოზამბიკში, სუდანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც. 2021 წელს მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში, BBC აღნიშნავდა, რომ დაჯგუფება ლიბიაში სამხედრო დანაშაულებთან და რუსეთის არმიასთანაა დაკავშირებული. BBC-ის მიხედვით, „ვაგნერი“ ლიბიაში 2019 წელს გამოჩნდა და 2019-2020 წლებში იქ მისი 1 000-მდე წევრი იბრძოდა.

BBC-ის ინფორმაციით, ეს დაჯგუფება ოფიციალურად არ არსებობს, თუმცა 2014 წლამდე, დაახლოებით 10 ათასი ადამიანს მაინც ჰქონია ერთჯერადი კონტრაქტი „ვაგნერთან“.

მთავარი ფოტო: ukrinform.net

გადაბეჭდვის წესი


ასევე: