24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინასთან ომში, რუსეთმა შესაძლოა 100-125 ათასამდე სამხედრო დაკარგა, რაც მეორე მსოფლიო ომის ყველაზე ცუდ მაჩვენებლებს უდრის – ასეთ ვარაუდს გამოთქვამენ ანალიტიკოსები გამოცემა The Economist-თან საუბარში. სტატიის დეტალებს უკრაინული მედია ავრცელებს.
1816 წლიდან მოყოლებული, ომებში, მსოფლიო ომების გამოკლებით, ბრძოლის ველზე, დღეში დაახლოებით 50 ჯარისკაცი იღუპებოდა, თუმცა ანალიტიკოსები, რომლებიც გამოცემასთან საუბრობენ, აღნიშნავენ, რომ „რუსეთის ომი უკრაინაში გაცილებით სისხლიანია“.
ბრიტანეთის, ესტონეთისა და აშშ-ის დაზვერვის სამსახურების ყველაზე მინიმალური გათვლებით, რუსეთი უკრაინასთან ომში, დღეში საშუალოდ 100 ჯარისკაცს კარგავს. ამ ქვეყნების სპეცსამსახურები დაახლოებით 15 000 დაღუპულ სამხედროს ასახელებენ.
სავარაუდო უმაღლესი მაჩვენებელი ივნისის ბოლოს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა დაასახელა, როდესაც განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 25 ათასი რუსი სამხედრო გაანადგურეს.
ამ მაჩვენებლებს ბევრად აღემატება უკრაინის გენშტაბის მონაცემები. 27 ივლისის რელიზის თანახმად, მოკლული რუსი სამხედროების რიცხვი 40 000-ს სცდება, რაც დღეში დაახლოებით 260 დაღუპულს ნიშნავს.
„ჩემი მოლოდინით, ეს ომი თავისი სიკვდილიანობით ყველა სხვა დიდ ევროპულ ომებს გაუსწრებს, აქ არ ვგულისხმობ მსოფლიო ომებს, არამედ თუნდაც ისეთს, როგორიც საფრანგეთ-პრუსიის ომი იყო 1870-1871 წლებში“, – ამბობს პოლ პოსტი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის დანაკარგი უკრაინასთან ომში კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ომების მონაცემებს უტოლდება.
ექსპერტების აზრით, უკრაინაში დაახლოებით სამჯერ მეტი რუსი სამხედრო დაიჭრა, ვიდრე დაიღუპა. ამ მონაცემს, უკრაინული მედიის ცნობით, ადასტურებს ის დოკუმენტებიც, რომლებიც უკრაინამ ომის პირველ ფაზაშივე მოიპოვა. დოკუმენტების მიხედვით, მაგალითად, პირველ სატანკო არმიას, მარტის შუა რიცხვების მდგომარეობით, სამჯერ მეტი დაჭრილი ჰყავდა, ვიდრე დაღუპული.
The Economist-ის ვარაუდით, სწორედ ასეთი დანაკარგებია იმის მიზეზი, რომ რუსეთის სამხედრო დანაყოფები დაუკომპლექტებელია, შენელებულია დონბასში რუსეთის წინსვლა და რუსეთის არმია სარეზერვო ბატალიონებსა და მოხალისეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებს.






