მთავარი,სიახლეები

როგორია ბობოყვათის სამკერვალოს თანამშრომლების ჯანმრთელობა მოწამვლის შემდეგ

29.07.2022
როგორია ბობოყვათის სამკერვალოს თანამშრომლების ჯანმრთელობა მოწამვლის შემდეგ

„მხოლოდ ერთი თანამშრომელი რჩება კლინიკაში, დანარჩენი ყველა გამოწერეს და კარგად არიან,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „აჭარა ტექსტილეს“ ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკის წარმომადგენელმა, გია ლომინაძემ.

გუშინ, 28 ივლისს, ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკიდან დაახლოებით 30 თანამშრომელი [სამკერვალოს ადმინისტრაციის ინფორმაცია] ინტოქსიკაციის დიაგნოზით კლინიკებში გადაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ სამკერვალოს თანამშრომლები გუშინ საუბრობდნენ სპეციფიკურ სუნზე, რაც მათი თქმით, გაზის სუნი იყო, „აჭარა ტექსტილეს“ ფაბრიკის ადმინისტრაცია ბუნებრივი აირით, ასევე საკვებით ინტოქსიკაციას გამორიცხავს.

„გაზი საერთოდ არაა შენობაში, მხოლოდ არის გათბობის ბლოკი, რაც შენობის გარეთაა, გათბობა გამორთული იყო ისედაც… საკვები აქ მზადდება, მაგრამ ეს ის დრო არ იყო, საკვები მირთმეული არ ჰქონდათ. იმედია, ყველაფერი გაირკვევა,“ – ამბობს გია ლომინაძე.

სოფელ ბობოყვათში სასმელი წყალი რომ უსაფრთხო არ არის, ექსპერტიზის დასკვნის შესახებ „ბათუმელები“ 20 ივლისს წერდა. სამკერვალო ფაბრიკის ადმინისტრაციაში თვლიან, რომ მოწამვლა სავარაუდოდ არც სასმელ წყალს არ უკავშირდება, რადგან წყლის ხარისხიც პერიოდულად მოწმდება.

როგორ იყო წყალი უსაფრთხო სამკერვალოში, თუკი ზოგადად სოფელს სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება? – ბობოყვათის სამკერვალოს ადმინისტრაციის უფროსმა გვითხრა, რომ არ ახსოვს კონკრეტული თარიღი, ბოლოს როდის შემოწმდა წყლის ხარისხი სამკერვალოში.

„კონკრეტული თარიღი არ მახსოვს, ინსპექციის თანამშრომლები მყავს ახლა, მოგვიანებით დაგირეკავთ,“ – სატელეფონო საუბარი შეწყვიტა გია ლომინაძემ.

შრომის ინსპექციას ამ ეტაპზე მოკვლევა სამკერვალოში არ დაუსრულებია. სამკერვალოში დღეს, 29 ივლისს სამუშაო პროცესი შეჩერებულია და ჯერ არ იციან, როდის განახლდება სამუშაო პროცესი.

„ორი პაციენტი მივიღეთ და ორივე გავწერეთ ამ დილით“, – გვითხრეს კლინიკა „მედალფაში“. ეს ერთ-ერთი კლინიკაა, სადაც ინტოქსიკაციის დიაგნოზით სამკერვალოდან გადაიყვანეს თანამშრომლები. კლინიკაში აღნიშნეს, რომ ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი.

___

მთავარი ფოტო: ბათუმელების არქივი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: