მთავარი,სიახლეები

„პუტინმა ვერ შეაფასა ზელენსკი. ეს იყო მისი მთავარი შეცდომა“

28.07.2022 • 6306
„პუტინმა ვერ შეაფასა ზელენსკი. ეს იყო მისი მთავარი შეცდომა“

„ომის შემდგომი ზელენსკი, სხვა ზელენსკია“ – ამბობს სერგეი რუდენკო, უკრაინელი ჟურნალისტი, ავტორი წიგნისა – „ზელენსკი. პოლიტიკური ბიოგრაფია. ომის დროის პრეზიდენტი“. წიგნი 25 ივლისს გამოვიდა გერმანიაში და გერმანულმა „დოიჩე ველემ“ რუდენკოსთან ინტერვიუ ჩაწერა.

ზელენსკიზე დაწერილი წიგნის ავტორი მიიჩნევს, რომ სხვა, ნამდვილი ზელენსკი უკრაინამ და მსოფლიომ 24 თებერვალს, ომის დაწყების დღეს ნახა:

„ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილი ზელენსკი ვნახეთ 2022 წლის 24 თებერვალს. ეს საშინელი დღე იყო უკრაინისთვის. იმ მომენტში ზელენსკიმ შეასრულა ძალიან დიდი როლი, როცა უკრაინელებს უთხრა: „ხალხო, დაიწყო ომი, ჩვენ მტერს წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მტერი დავამარცხოთ“.

ვფიქრობ ეს გარდასახვა ზელენსკი-პოლიტიკოსიდან ზელენსკი-კრიზისის მენეჯერად მოხდა დილის 5 საათზე, 6:30 საათზე კი ჩვენ უკვე ვნახეთ ტელევიზორის ეკრანებზე მისი მიმართვა.

იმ მომენტში მე დავინახე სრულიად სხვა ზელენსკი.

რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პერიოდი დასაწყისში, როცა რუსეთის ჯარები უტევდნენ უკრაინის დედაქალაქს, ზელენსკი კი, ამის მიუხედავად, იყო პრეზიდენტის ოფისში. მას არ შეეშინდა, დარჩა თავის ადგილას, თუმცა მას სთავაზობდნენ კიევიდან ევაკუაციას. ეს გარდამტეხი მომენტი იყო ზელენსკისთვის, ქვეყნისთვის და ამ ომისთვის.

კიევიდან გაქცევის შემთხვევაში ზელენსკი დამარხავდა არა მხოლოდ თავის პოლიტიკურ კარიერას, არამედ მთელი ქვეყნის მომავალს.

აქამდე ოპონენტები, ოპოზიცია მას აკრიტიკებდნენ, რომ იგი გაუბედავი იყო, რომ გაიქცეოდა, თუ პუტინი დაესხმებოდა თავს ქვეყანას. მაგრამ ეს არ მოხდა. რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის უფრო იოლი იქნებოდა თავდასხმა, თუ ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტი, მაშინ უკრაინის თავდაცვა, ჩვეულებრივი მოქალაქეები დემორალიზებულნი იქნებოდნენ. ასე კი ისინი გრძნობდნენ, რომ ქვეყნის სათავეში არის ლეგიტიმური პრეზიდენტი.

სერგეი რუდენკო. ფოტო: facebook

რატომ ვლაპარაკობ „სხვა“ ზელენსკიზე? იმიტომ, რომ ისეთი, როგორსაც ახლა ვხედავთ, ჩვენ ზელენსკი არ გვინახავს. აქამდე ჩვენ ვხედავდით ბევრ თეატრალურობას მის ჟესტებში, ბევრ არტისტიზმს მის გამოსვლებში. ომის დაწყების შემდეგ ის ყოველ დღეს მიმართავს ხალხს, ეს მიმართვები იწერება ჩვეულებრივ სმარტფონზე. ყოველთვის არ არის ლამაზი უკანა ხედი, კარგი განათება, მაგრამ გულწრფელობა, რასაც აჩვენებს ზელენსკი, ბევრი ღირს.

ზელენსკი გახდა გულწრფელი. და ეს გასაგებია – ძალიან ძნელია ითამაშო რაღაც როლი და დარჩე იგივე, როცა ათასობით ადამიანი იღუპება, როცა მტერი ანგრევს ჩვენს მშვიდობიან ქალაქებს. ბევრი მოულოდნელი რამ გაჩნდა მის ხასიათში“.

სერგეი რუდენკო „დოიჩე ველესთან“ ამბობს, რომ ახლა, როცა ზელენსკი ხშირად საკმაოდ უხეშად, არადიპლომატიურად საუბრობს სხვა ქვეყნის ლიდერებთან, იგი უფრო გასაგები გახდა ხალხისთვის:

„მე ვფიქრობ, მისთვის არ არის იოლი დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევა დასავლელ პარტნიორებთან. როცა ის გამოდის მათ წინაშე, არ ინარჩუნებს დიპლომატიურობას, არამედ ამბობს, რასაც ფიქრობს უკრაინაში ომზე, რუსეთზე, მსოფლიოზე, უსაფრთხოების სისტემაზე. და ეს ქმნის ნდობას მასა და ხალხს შორის. ხალხს ახლა უფრო ესმის ზელენსკის, ხალხის იმ ნაწილსაც კი, რომელმაც მას ხმა არ მისცა 2019 წელს.

ამიტომ ვლაპარაკობ მე სხვა ზელენსკიზე, ომის დროის პრეზიდენტზე. ზელენსკიზე, რომელიც პუტინს დაუპირისპირდა“.

რუდენკო ასევე აღნიშნავს, რომ პუტინმა სათანადოდ ვერ შეაფასა ზელენსკი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი კლოუნად და არა მისი რანგის პოლიტიკოსად თვლიდა და შესაძლოა, სწორედ ეს იყო პუტინის შეცდომა.

„პუტინი არასდროს მიიჩნევდა ზელენსკის თანასწორად და არც ახლა მიიჩნევს. ზელენსკის ყველა მცდელობა პუტინთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო, ჩაიშალა, იმიტომ, რომ პუტინს ზელენსკისგან უნდოდა მხოლოდ კაპიტულაცია.

პუტინი დარწმუნებული იყო, რომ ადამიანს ისეთი მინიმალური პოლიტიკური გამოცდილებით, როგორიც ზელენსკია, მისთვის სინზე უნდა მიერთმია უკრაინის დამოუკიდებლობა.

ეს იყო პუტინის მთავარი შეცდომა. რუსეთის სპეცსამსახურებმა, რომლებიც აკეთებდნენ გათვლებს, რა მოხდებოდა, ვერ გაითვალისწინეს ერთი – რომ ადგება მთელი უკრაინა და დაიწყება სახალხო ომი. და ის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი დარჩება პრეზიდენტის სავარძელში. პუტინი იმედოვნებდა, რომ ზელენსკი სუსტი აღმოჩნდებოდა. და ეს მისი მთავარი შეცდომა იყო.

ვფიქრობ, რომ პუტინი აღიქვამს ზელენსკის, როგორც მსახიობს, კომიკოსს, რომელმაც შემთხვევით გაიმარჯვა პრეზიდენტის არჩევნებში. ის ფიქრობდა, რომ ზელენსკის არ ეყოფოდა სიმამაცე შესწინააღმდეგებოდა რუსეთის არმიას. მას კაპიტულაციისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ ეს არ მოხდა და არ მოხდება, რადგან უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის უკვე ათასობით ადამიანმა გაიღო სიცოცხლე.

პუტინი დარწმუნებული იყო, რომ მას უკრაინაში ყვავილებით შეხვდებოდნენ. უკრაინელების გამოსაფხიზლებლად, მათ გამოსაფხიზლებლადაც კი, ვისაც მოსწონდა პუტინი, საკმარისი იყო რაკეტების დაშვება და მათ გააკეთეს ის, რასაც პუტინი არ ელოდა“ – ამბობს რუდენკო.

ჟურნალისტმა მას შეკითხვა დაუსვა ზელენსკის მომავალზე, მათ შორის იმაზეც, მისი აზრით, იყრის თუ არა კენჭს ზელენსკი მეორედ პრეზიდენტის პოსტზე.

„ძალიან ვისურვებდი, რომ ზელენსკი დარჩეს ადამიანად, რომელმაც მიიღო პუტინის გამოწვევა ამ დიდ ომში. მაინცდამაინც ვერ წარმომიდგენია ზელენსკი ქვეყნის ლიდერის როლში, რომელიც იღებს საერთაშორისო დახმარებას ქვეყნის აღსადგენად.

ვისურვებდი, რომ ზელენსკი დარჩეს ისტორიულ პერსონაჟად, იქცეს ამ ომში გამარჯვებულ პრეზიდენტად. შემდგომმა პოლიტიკურმა კარიერამ შესაძლოა გააფუჭოს მისი იმიჯი.

ის გაიმარჯვებს, თუ დააყენებს თავის კანდიდატურას. ახლა ეს ეჭვგარეშეა. და თუ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინის არმიის რომელიმე ხელმძღვანელი, მაგალითად ზალუჟნი, რადგან დარწმუნებული ვარ, არმიისადმი ნდობა უკრაინაში ძალიან მაღალია. იყრის თუ არა პრეზიდენტად კენჭს ზალუჟნი, ეს მე არ ვიცი, მაგრამ მე ვისურვებდი, ეს არ გააკეთოს ზელენსკიმ. ის თავის ისტორიულ მისიას ახლა ასრულებს“ – ამბობს სერგეი რუდენკო.

_________________

მომზადებულია „დოიჩე ველეზე“ დაყრდნობით.

ფოტო: president.gov.ua

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: