მთავარი,სიახლეები

რუსეთი ხარკოვზე ხელახალი შეტევისთვის ემზადება – ISW

29.07.2022
რუსეთი ხარკოვზე ხელახალი შეტევისთვის ემზადება – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინტიტუტის ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთმა შესაძლოა ხარკოვზე შეტევა განაახლოს. ინსტიტუტის უახლეს რელიზში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, რუსეთის ძალები ამისთვის შესაბამის პირობებს იქმნიან.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის დანაყოფები, დიდი ალბათობით, ცდილობენ, ბახმუტის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიღწეული უმნიშვნელო წარმატებები შეინარჩუნონ, რის გამოც, შესაძლოა, მათთვის ნაკლებად პრიორიტეტული გახდეს სივერსკზე შეტევა. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის დაკავების შემდეგ, მათ ქალაქის მიმართულებით წინსვლა ვეღარ შეძლეს.

„რუსეთის სარდლობა, სავარაუდოდ, ეცდება შეინარჩუნოს საბრძოლო იმპულსი ბახმუტის გარშემო. ბახმუტის მიმართულებით მცირედი წინსვლის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ძალები ქალაქის დაკავებას შეძლებენ“, – აღნიშნავენ ინსტიტუტის მკვლევრები.

რა ვითარებაა ფრონტზე:

  • უკრაინული მედიის ცნობით, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ყველაზე დიდი დანაკარგი, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთს კრივოროჟსკის მიმართულებაზე აქვს.
  • სლოვიანსკის, ბახმუტისა და კრამატორსკის მიმართულებებზე რუსებს აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ უწარმოებიათ, თუმცა რამდენჯერმე ცეცხლი გაუხსნეს დონბასის დასახლებულ პუნქტებს.
  • უკრაინელმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს რუსების შეტევები ვერშინისა და სემიგორიეს მიმართულებით.
  • რუსეთის ძალები ცდილობენ შეტევას ნოვოლუგანსკისა და სოლედარის სიახლოვეს. იქ აქტიური ბრძოლები გრძელდება.

ხარკოვზე იერიში რუსეთის არმიამ აქამდეც მიიტანა, მაგრამ უკარინის არმიამ ოკუპანტს უკან დაახევინა.

ხარკოვი უკრაინის ერთ-ერთი დიდი ქალაქია, სადაც მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს. ხუთთვიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ამ ზომის ვერც ერთი უკრაინული ქალაქის დაპყრობა ვერ მოახერხა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: