მთავარი,სიახლეები

ყველას გიპოვით და გაგანადგურებთ – „აზოვის“ განცხადება ოლენოვკაში თავდასხმაზე

29.07.2022
ყველას გიპოვით და გაგანადგურებთ – „აზოვის“ განცხადება ოლენოვკაში თავდასხმაზე

აზოვმა“ ნადირობა გამოაცხადა ყველა იმ პირზე, ვინც ოლენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზეა პასუხისმგებელი.

„ღამით რუსებმა ტყვე „აზოველების“ ნაწილი დახოცეს. რუსეთის სარდლობამ ტყვეთა მასობრივი მკვლელობა უკრაინის არმიის ქმედებად გაასაღა.

მანამდე პოლკის მებრძოლები ცალკე შენობაში გადაიყვანეს. უკვე ცხადია, რომ ეს იყო იმ ქვეყნის მიერ წინასწარ დაგეგმილი აქტი, რომლისთვისაც გაუგებარია, რას ნიშნავს ოფიცრის ღირსება, ჟენევის კონვენციის, ომის წესებისა და კანონების დაცვა.

რუსეთმა ვერ დაამარცხა „აზოვი“ თანაბარ ბრძოლაში, ამიტომაც ჩვენს განადგურებას მუხანათურად ცდილობენ. „აზოვის“ დანაყოფების სახელით, ვაცხადებ ნადირობას ყველა იმ პირზე, ვინც ამ მასობრივ მკვლელობასთანაა დაკავშირებული. პასუხისმგებელია ნებისმიერი რიგითი შემსრულებელი და ნებისმიერი ორგანიზატორი, თანამდებობისა და ადგილის მიუხედავად.

სადაც უნდა დაიმალოთ, გიპოვით და გაგანადგურებთ“, – ეს განცხადება „აზოვის“ დამფუძნებელმა ანდრეი ბილეცკიმ ტელეგრამ არხით გაავრცელა.

29 ივლისის დილას, რუსეთის თავდაცვამ ოლენოვკის კოლონიაზე უკრაინელთა თავდასხმის შესახებ განაცხადა. პროპაგანდისტული მედიის ცნობით, დაიღუპა სულ მცირე 53 და დაიჭრა 75 სამხედრო ტყვე.

განცხადებას მალევე უპასუხა უკრაინის გენშტაბმა, რომელმაც ბრალდება უარყო და ის რუსეთის მიზანმიმართულ პროვოკაციად შეაფასა. გენშტაბის განცხადებით, რუსეთი სამხედრო ტყვეთა წამებისა და მკვლელობის ფაქტების დაფარვას და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ომის დანაშაულების დაბრალებას ცდილობს.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, საარტილერიო თავდასხმა ოლენოვკაზე რუსეთის მხრიდან განხორციელდა. მანამდე კი, რამდენიმე დღით ადრე, სამხედრო ტყვეთა ნაწილი, მათ შორის „აზოვის“ მებრძოლები, ცალკე შენობაში გადაიყვანეს. სწორედ იმ შენობაში, რომელსაც რუსებმა დღეს დაარტყეს.

„აზოვის“ პატრონაჟის სამსახურის ცნობით, მუშაობენ დაღუპულთა და დაჭრილთა ვინაობის დადგენაზე. ადგილზე გაემგზავრნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები.

უკრაინელი სამხედროები ოლენოვკაში, კოლონიაში 16-17 მაისს გადაიყვანეს, როდესაც მათ რამდენიმეთვიანი ბრძოლების შემდეგ „აზოვსტალი“ დატოვეს. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: