მთავარი,სიახლეები

უკრაინელთა კონტრშეტევას ხარკოვში კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია – ISW

06.10.2022
უკრაინელთა კონტრშეტევას ხარკოვში კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია – ISW

უკრაინელთა კონტრშეტევას ხარკოვის ოლქში კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია და ახლა ის ლუგანსკის ოლქში გრძელდება – ასე აფასებს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ვითარებას უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრონტზე.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსებმა ვერ მოახერხეს მდინარეების – ოსკილისა და სივერსკი დონეცის სანაპიროებზე საკუთარი პოზიციების შენარჩუნება და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელთა წინსვლა ვერ შეაჩერეს.

„ლუგანსკის ოლქის დასავლეთ ნაწილის ბუნებრივი ლანდშაფტი ძალიან მოხერხებულია სწრაფი სამხედრო მანევრებისთვის, რასაც უკრაინის ძალები წარმატებულად მიმართავდნენ ხარკოვის აღმოსავლეთ ნაწილში, სექტემბრის დასაწყისში,“ – წერს ISW-ი.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ჯერჯერობით ღია წყაროებით არ დასტურდება, რომ რუსი სამხედროები საფუძვლიანად გამაგრდნენ ლუგანსკის დასავლეთ ნაწილში.

„უკრაინელთა კონტრშეტევები ჩრდილოეთსა და სამხრეთში, სავარაუდოდ, აიძულებს კრემლს პრიორიტეტი მიანიჭოს ერთი რომელიმე რაიონის დაცვას მეორის ხარჯზე, რაც პოტენციურად ორივე რაიონში უკრაინელთა წარმატების ალბათობას ზრდის,“ – მიუთითებენ ანალიტიკოსები.

5 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში ექვსი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლებს.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის ძალებმა ივნისის შემდეგ პირველად შეუტიეს კიევის ოლქს ირანული Shahed-136 დრონებით.
  • უკრაინის ძალებმა ბოლო 48 საათში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ხერსონის ოლქში;
  • რუსეთის არმია განაგრძობდა სახმელეთო შეტევებს დონეცკში;
  • ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ პუტინმა მას გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა;
  • რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის სრული კონტროლი გამოაცხადა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე;
  • რუსი სამხედრო ბლოგერები განაგრძობდნენ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ პროცესის კრიტიკას;
  • მზარდი შიდა კრიტიკა აიძულებს პუტინს „განტევების ვაცი“ ეძებოს და ის, სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ იქნება;
  • მობილიზაციის პროცესში მთელი ტვირთი რუსეთის ეკონომიკურად დაუცველ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოქალაქეებს აწვებათ; საგამოძიებო მასალების თანახმად, რუსეთის ხელისუფლება განზრახულად ცდილობს ღარიბი და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოქალაქეები უფრო საშიშ პოზიციებზე გაუშვას;
  • რუსეთის პრეზიდენტმა საბოლოო ფორმალური ნაბიჯი გადადგა უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიისკენ და ხუთ ოქტომბერს შესაბამის კანონს მოაწერა ხელი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: