მთავარი,სიახლეები

ირანული დრონები ომზე გავლენას ვერ მოახდენს – ISW

07.10.2022 • 734
ირანული დრონები ომზე გავლენას ვერ მოახდენს – ISW

ირანული დრონები „შაჰედ 136-ები“ ომის მიმდინარეობაზე გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს, რუსეთი მათ ძირითადად ტერორისთვის იყენებს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW), რომლის უახლეს ანგარიშშიც ნათქვამია, რომ ირანული დრონების გამოყენება ვერ აძლევს რუსეთს იმავე ეფექტს, რასაც „ჰაიმარსები“ – უკრაინელებს.

„რუსები ნაკლებად მიმართავენ უპილოტო საფრენ აპარატებს ბრძოლის ველზე, ისინი ბევრ „შაჰედს“ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ და ზურგის რაიონებში იყენებენ. სავარაუდოდ, იმედი აქვთ, რომ ასეთი ტერორით ირიბ ეფექტს მიაღწევენ, თუმცა ეს ქმედება წარუმატებელია,“ – წერს ISW-ი.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით მიუთითებენ, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინაში სავარაუდოდ უკვე გამოიყენეს 86 ირანული დრონი, რომელთა 60% უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს.

რაც შეეხება უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებს, ISW-ის ცნობით, 6 ოქტომბერს უკრაინის ძალები განაგრძობდნენ კონტრშეტევას ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით კუპიანსკის რაიონში და კრემანაია-სვატოვოს გზაზე ლუგანსკის ოლქის დასავლეთით.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსები თავდაცვით პოზიციებს ქმნიდნენ ხერსონის ოლქის ზედა ნაწილში და განაგრძობდნენ სახმელეთო თუ საჰაერო შეტევებს დონეცკის, დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის ოლქებში.

ISW-ის ანგარიშის მთავარი მიგნებები მოკლედ:

  • კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ გამოაცხადა, რომ თავისი ტელეგრამარხი გახსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ მის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს სურს, საკუთარი ტრიბუნა ჰქონდეს;
  • უკრაინის ძალები განაგრძობდნენ კონტრშეტევას ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებში;
  • რუსული ძალები ხერსონის ზედა ნაწილში თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას ცდილობენ;
  • რუსებმა შესაძლოა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს ბახმუტთან;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს რამდენიმე ოლქში;
  • ადგილობრივი რუსი ჩინოვნიკები ცდილობენ იპოვონ თანხები მობილიზებული დანაყოფებისთვის, რადგან კრემლი ომის დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ითხოვს;
  • უკრაინული წყაროების ცნობით, რუსებმა უკრაინის მოქალაქეების იძულებითი მობილიზაცია დაიწყეს ლუგანსკის ოლქში, ოკუპირებულ კრემენაიასა და სტარობილსკში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: