მთავარი,სიახლეები

რატომ ჟონავს წყალი ახალი კორპუსების ინტერიერში – მიზეზი და გამოსავალი

07.10.2022 • 5183
რატომ ჟონავს წყალი ახალი კორპუსების ინტერიერში – მიზეზი და გამოსავალი

მოქალაქეები ხშირად ჩივიან, რომ ახალაშენებულ კორპუსებში ძლიერი წვიმის დროს კედლებიდან წყალი ისე ჟონავს, რომ ინტერიერიც კი სველდება.  სპეციალისტების განმარტებით, ამის მიზეზი ბეტონის სისქე და უხარისხო შესაფუთი მასალაა. მერიის შესაბამისი სამსახურები შენობას მხოლოდ პროექტთან შესაბამისობაში ამოწმებენ, სამშენებლო მასალების ხარისხი კი არ კონტროლდება.

თავის მხრივ, მშენებლები ამბობენ, რომ მაღალი ხარისხი კიდევ უფრო გააძვირებს უძრავი ქონების ფასს. არის თუ არა ეს ასე და რა არის გამოსავალი? – ამ თემაზე არქიტექტორ გიორგი რამიშვილს დავუსვით რამდენიმე შეკითხვა.

  • ბატონო გიორგი, ბათუმში ბევრი ჩივის, რომ  ინტერიერის კედლები სველდება. გასაგებია – ძლიერი წვიმის დროს, თუმცა იგივე პრობლემა დღის წესრიგში დგას არა მხოლოდ წვიმის დროს. როგორ ხდება, რომ კედელი ინტერიერშიც სველდება?

პირველი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის უხარისხო მშენებლობა, უხარისხო საშენი მასალა. საუბარია ბლოკის კედელზე და არა მონოლითურზე.

მეორე მიზეზი კედლის სისქეა. იმის გარდა, რომ კედელს უნდა ჰქონდეს თბოიზოლაციის უნარი, მას უნდა ჰქონდეს გარკვეული სისქე. ხშირ შემთხვევაში ჩვენი შენობები არის კარკასული. ანუ დიდი ნაწილი არის კარკასი და მისი შევსება ხდება წვრილი საკედლე ბლოკით.  ბათუმში ეს არის გავრცელებული შემთხვევა, თითქმის ყველა ასე აშენებს იშვიათი გამონაკლისის გარდა.

თუ სტანდარტულ ბლოკს იყენებენ და ხშირად სწორედ ასე აშენებენ, ამ შემთხვევაში კედლის სისქე 20 სანტიმეტრია, შელესვის ჩათვლით 22 სანტიმეტრი გამოდის. ეს სისქე არ არის საკმარისი, ხდება კონდენსირება და შენობის ინტერიერში, ცივ ამინდში, როცა ბინაში სითბოა და გარეთ ცივა, ხდება კონდენსატი.

კედელი მინიმუმ 25 სანტიმეტრი უნდა იყოს.

ასევე, მიზეზი უხარისხო მშენებლობაა, როდესაც ხარვეზით აშენებენ.

გიორგი რამიშვილი – არქიტექტორი

  • მშენებლები ამბობენ, რომ ეს გააძვირებს მშენებლობას…

ძალიან არ გააძვირებს. 20-სანტიმეტრიანი ბლოკი შესაძლებელია მოიხმარონ იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება არასტანდარტული. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ქაფბეტონი. ასევე შეიძლება იყოს პემზა ბლოკი ან სხვა შემავსებლები იყოს გამოყენებული. ცხადია, ეს აისახება ღირებულებაზე, მაგრამ არა მგონია, რომ ძალიან დიდი განსხვავება იყოს.

ბევრი მაჩვენებლით, რა თქმა უნდა, აგურის კედელი სჯობს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ფასი საკმაოდ განსხვავებულია.

  • რა გზას შეიძლება მიმართონ ადამიანებმა, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან?

შეიძლება დათბუნება, შეფუთვა გამოიყენონ, იმ შემთხვევაში, თუ კედელი მხოლოდ 20-სანტიმეტრიანი ქვით არის ნაშენი.

ეს საკითხი დიდი ხანია გადაწყვეტილია და წესით, ასეთი სახით არ უნდა ხდებოდეს შენობის ჩაბარება, მაგრამ ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მიეჩვივნენ ადამიანები, რომ არ კონტროლდება ეს ყველაფერი არც სახელმწიფოს და არც დამკვეთის მიერ.

ხშირად დამკვეთი ისე ყიდულობს შენობას, რომ არ უყურებს რა მახასიათებლები უნდა გააჩნდეს, ამას არ აქცევენ რატომღაც ყურადღებას.

სამწუხაროდ, ჩვენთან ვერ ჩამოყალიბდა იგივე საკონსულტაციო სამსახური. არ ვიცით სად, რა და რატომ ღირს, უძრავი ქონების შემთხვევაში ძირითადი კრიტერიუმები რას უნდა აკმაყოფილებდეს, რა ზეგავლენა აქვს სხვადასხვა მახასიათებლის ქონას ან არ ქონას, როგორ უნდა აისახებოდეს ეს სახლის ღირებულებაზე. მენაშენეებიც მიეჩვივნენ და ძალიან ბევრ მახასიათებელს არ აქცევენ ყურადღებას, იმიტომ, რომ ამის მოთხოვნა არ არის საზოგადოებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ნორმები გვაქვს, თუნდაც რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თბოიზოლაციასთან დაკავშირებით კედელი, მათ არ იყენებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: