მთავარი,სიახლეები

რა არის სკოლების მთავარი პრობლემა – ინტერვიუ ხულოს სოფლის ინგლისურის პედაგოგთან

07.10.2022 • 1646
რა არის სკოლების მთავარი პრობლემა – ინტერვიუ ხულოს სოფლის ინგლისურის პედაგოგთან

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვენდოთ სკოლებს“ – მიიჩნევს როლანდ შავაძე, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. მას ვესაუბრეთ ბარიერებზე, რაც აფერხებს სკოლების გაძლიერებას, კრიტიკული აზრის ქონასა და მის გაჟღერებაზე.

როლანდ შავაძეს ოპტიმისტური მოლოდინი აქვს. ის დარწმუნებულია, რომ დეცენტრალიზაცია და სკოლების ავტონომიურობა გარდაუვალი პროცესია და ეს იმიტომ, რომ ახალი თაობის დაკვეთის გარდა, აქტიურ მასწავლებლებს სხვადასხვა სკოლიდან უკვე ერთმანეთთან კავშირი და ერთობლივად მოქმედება შეუძლიათ.

„ბათუმელებმა“ როლანდ შავაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის ხულოს სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია.

  • ბატონო როლანდ, რას ნიშნავს სტატუსი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ თქვენთვის? ეს აღიარებაა კარგი მასწავლებლობის, თუ ეს სტატუსი გაძლევთ სხვა მასშტაბის აქტიურობის სტიმულს? 

ეს სტატუსი ნიშნავს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომ ბევრი ადამიანი გენდობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვემსახურებით ქვეყნის მომავალს და ეს აღიარებაც უნდა გამოვიყენოთ, ახალი ურთიერთობები, როგორც სკოლის დონეზე, ისე მუნიციპალიტეტის, რეგიონის დონეზე.

ჯილდოს მიღებამდეც ვცდილობდი ვყოფილიყავი აქტიური მოქალაქე. ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე ქვეყანაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე მასწავლებლის ხმა ჩუმია. მასწავლებლები აქტიურად უნდა ჩავერთოთ მიმდინარე პროცესებში, ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები და ეს არ ეხება მხოლოდ განათლების სფეროს, სასწავლო საკითხებს. ნებისმიერი საკითხი გვეხება ჩვენ, მასწავლებლებს, რაც ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა იყოს გადაწყვეტილი.

  • ხაზი გაუსვით მასწავლებლების „სიჩუმეს“. რა იწვევს ამას, რა უშლის ხელს მასწავლებელს იყოს უფრო აქტიური? 

ვფიქრობ, მიდგომა არის მასწავლებლების მხრიდანაც, რომ ჩვენ მხოლოდ საგანმანათლებლო საკითხები გვეხება, ცუდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა საბჭოთა კავშირმა, როცა ეს მიდგომა არსებობდა და ახლაც იზიარებს ამას ბევრი. მე ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. მიმაჩნია, რომ თუ გვსურს, ვიცხოვროთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ვალდებულნი ვართ, ვითხოვდეთ იმ პრინციპების დაცვას, რაც გაცხადებული აქვს ქვეყანას და გვქონდეს კრიტიკული პოზიციები, რაც უნდა იყოს მიღებული ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ კრიტიკას.

  • მაგალითად, რის შეცვლის საჭიროებას ხედავთ, პირველ რიგში, რა ხედვა გაქვთ ახლა უკვე ამ ჯილდოს სტატუსით? 

ეს სტატუსი ხმამაღალია იმისთვის, რომ რაღაცები შევძლო და შევცვალო. თუ ეს ხმა იქნება მეტად გასათვალისწინებელი, ვიქნები ყოველთვის სიმართლის სადარაჯოზე და აქტიურად დავაფიქსირებ ჩემს პოზიციებს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი პროცესები განვითარდეს.

დღევანდელი რეალობა განსხვავდება იმისგან, რაც გვქონდა წლების წინ. ჩვენ გვყავს აქტიური მასწავლებლები მასშტაბურად და შეგვიძლია თანამშრომლობა, შეგვიძლია ერთიანი ხმა მივაწვდინოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს იმ საკითხებზე, რაც სკოლას სჭირდება.

  • ფულბრაითის პროგრამით იყავით აშშ-ში, მონტანას შტატში. თქვენი დაკვირვებით, ამერიკელი მასწავლებელი როგორ ხედავს საკუთარ როლს? 

ჩემი დაკვირვებით სკოლების მაქსიმალური დეცენტრალიზაციაა საჭირო, რთულია დაინახო ცენტრიდან სკოლის საჭიროებები რეგიონებში, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვენდოთ სკოლებს, სკოლა და მისი ადმინისტრაცია მაქსიმალურად უნდა იყოს ცენტრისგან დამოუკიდებელი და თითოეულმა სკოლამ თავად განსაზღვროს საჭიროებები, ეს არის გამოსავალი. სკოლა უნდა იყოს თავისუფალი საკადრო პოლიტიკაში, საბიუჯეტო სახსრების განკარგვაში, ასე მივიღებთ ჩვენ ჯანსაღ რეალობას.

  • რატომ ვერ ვაღწევთ ამ მიზანს, წლებია ეს გვესმის, რა არის ბარიერი? 

ვფიქრობ, ნდობის საკითხია მთავარი პრობლემა. მესმის, რომ ნებისმიერ საკითხს ახლავს განსხვავებული მოსაზრებები და არსებობს რისკებიც, მაგრამ ჩვენ უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯები. ჩვენ, საბოლოო ჯამში, მაინც მოგვიწევს ამის გაკეთება, გავხდეთ ავტონომიურები.

ეს მოაგვარებს იმ პრობლემებს, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ. ამერიკულ სკოლაში, რაც ასევე განსაკუთრებულად ვიგრძენი, ეს არის სკოლის ინფრასტრუქტურაც. სკოლებში უნდა იყოს ყველა სივრცე, რაც ჯანსაღ საგანმანათლებლო პროცესს სჭირდება. განსაკუთრებით საჭიროა ამ მიდგომის გაძლიერება მაღალმთიან სკოლებში, სადაც მცირეკონტინგენტიანი სკოლებია და კომპიუტერული ბაზაც პრობლემაა.

  • როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესის გააქტიურება, რომ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ მოინდომოს დემოკრატიული სკოლის არსებობა? 

ვფიქრობ, ყველაზე მთავარია საკანონმდებლო რეგულაციების კარგად ცოდნა მასწავლებლების მხრიდან, ჩვენ კარგად უნდა ვერკვეოდეთ სამართლებრივ ვალდებულებებში. კანონი გვკარნახობს, როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი. თუ განათლების მარეგულირებელი კანონები კარგად გვესმის და მათ არ გადავუხვევთ, თუ ვუერთგულებთ პრინციპებს, აუცილებლად იქნება ცვლილებები.

  • უშვებთ, რომ ამ ჯილდომ და ყურადღების ცენტრში ყოფნამ შესაძლოა უფრო მოწყვლადი გაგხადოთ, მაგალითად, ვეღარ იყოთ კრიტიკული ხელისუფლების მიმართ? 

ეს შეუძლებელია, რადგან გამოვა, რომ მე ჩემს პრინციპებზე ვამბობ უარს… ნებისმიერი საკითხი, რაც არ მომწონდა, ადრე მუდმივად ვსაუბრობდი და ვააქტიურებდი ამას. მგონია, რომ ეს აქტიურობა საჭიროა.

  • რჩებით ხულოში, მეკეიძეების სკოლაში, სადაც თქვენ ბათუმიდან დადიხართ? 

კი, აუცილებლად, რამდენიმე წელი მინიმუმ ალბათ ვიქნები, ვიდრე კარგი კადრი გამოჩნდება და მას გადავაბარებ ჩემს საქმეს. ძალიან კარგი თაობა მოდის, სკოლაში ვისაც ვასწავლიდი, უმაღლესშია ახლა… სიამოვნებით ვიხილავდი კარგ მასწავლებელს ჩემ ნაცვლად. მე როცა სკოლა დავამთავრე მეკეიძეებში, მაშინ ინგლისური არ ისწავლებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: