მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა იცვლება პაციენტებისთვის კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემით და როდის

07.10.2022 • 1431
რა იცვლება პაციენტებისთვის კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემით და როდის

ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემის ამოქმედების ვადა გადაავადა, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირით.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ახალი DRG სისტემით ყველა კლინიკას განესაზღვრება ისეთი სატარიფო სისტემა და საბაზისო ტარიფი, რომ პაციენტს არ მოუწიოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისზე კლინიკისთვის დამატებით თანხის გადახდა.

„პაციენტს დღეს თუ უწევს [თანხის] დამატება სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე, ჩვენი ამ შეთანხმების მიხედვით, ისეთი ტარიფები განისაზღვრება, რომ არანაირი დამატების საჭიროება პაციენტს არ უნდა ჰქონდეს“, – განმარტა აზარაშვილმა 6 ოქტომბერს „პირველი არხის“ ეთერში

ზურაბ აზარაშვილი

სამინისტროს განმარტებით,  DRG დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელია, რომლის თანახმადაც დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. სისტემის საშუალებით ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების მკურნალობისათვის გადაიხდის.

DRG სისტემა 3 ოქტომბერს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მინისტრის თქმით, მოდელის გადავადება იმ 100-მა კლინიკამ სთხოვა, რომლებთანაც სამინისტროს შესაბამისი შეთანხმება ჰქონდა დადებული. 

„დაპირებისამებრ, ყველაფერი მზად გვქონდა და 3 ოქტომბერს უნდა გაგვეშვა კიდეც სისტემა. თუმცა კლინიკების ასოციაციამ DRG-ს გადავადება გვთხოვა, რადგან, მათი თქმით, კლინიკებს სისტემა აქვთ გადასაწყობი. 

ვფიქრობ, თუ ამ სისტემების გადაწყობის საჭიროებაა, პარალელურადაც შეიძლება გაკეთებულიყო, ჩვენ DRG გაგვეშვა და ეს პროექტი არ შეგვეფერხებინა, რადგანაც რამდენიმე თვე ისეც საპილოტე რეჟიმში იქნებოდა და თუ რაღაც ხარვეზები იქნებოდა, პარალელურად გამოვასწორებდით, მაგრამ ამ წერილის საფუძველზე, რომელიც შემოვიდა სამინისტროში, ჩვენ შევაჩერეთ პროცესი და ახლა განვიხილავთ, თუ რა პერიოდით შეგვიძლია გადავადება,“ – თქვა აზარაშვილმა.

მინისტრის თქმით, სამინისტრო განიხილავს რამდენად საჭიროა ან რამდენი ხნით შეიძლება მოხდეს გადავადება. „[ამოქმედების] პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირა შეიძლება გადავხედოთ და გავითვალისწინოთ მათი პოზიციები,“ – აღნიშნა მინისტრმა. 

სამინისტრომ DRG სისტემის დანერგვაზე მუშაობა 2022 წლის იანვარში დაიწყო და მისი დანერგვის დაწყების ვადად ოქტომბერი განისაზღვრა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: