მთავარი,სიახლეები

დასავლეთის პაციფიზმი და წერის ხელოვნება – ფესტივალის მეორე დღე ბათუმში

06.10.2022 • 852
დასავლეთის პაციფიზმი და წერის ხელოვნება – ფესტივალის მეორე დღე ბათუმში

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმში ოდესის ლიტერატურული ფესტივალის მეორე დღეა. ფესტივალი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო წელს ბათუმში იმართება.

ბათუმში ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასები, დისკუსიები, წიგნების პრეზენტაციები და ავტორებთან შეხვედრები გაიმართება. ღონისძიებების დიდი ნაწილი ღიაა და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.

ფესტივალის დღევანდელი პროგრამა ასე გამოიყურება:

  •  11:00-12:00 საათზე – შეხვედრა უკრაინელ საბავშვო მწერალ ჰალინა ვდოვიჩენკოსთან და წიგნის „36 და 6 კატა“ წარდგენა

უკრაინელი მწერლის, ჰალინა ვდოვიჩენკოს ეს ნაწარმოები უკრაინული სკოლის დაწყებითი და საშუალო კლასების პროგრამაშია შეტანილი.

ქუჩის კატების შესახებ დაწერილი ტეტრალოგიის პირველი ნაწილი 2015 წელს გამოიცა. ამბავი იმით იწყება, რომ 36 კატა და 6 კნუტი თავშესაფარს ქალბატონ კრეპოვასთან პოულობს და მის ძმისშვილს საკუთარი ბიზნესის წამოწყებაშიც კი ეხმარება. მოგვიანებით კატები ხდებიან დეტექტივები, ფეხბურთელები, თეატრის მსახიობები, ბოლოს კი კატების სამაშველო სამსახურსაც ჩამოაყალიბებენ.

ავტორი შეხვდება ბათუმში მცხოვრებ უკრაინელ დევნილ ბავშვებს.

შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება [26 მაისის ქუჩა #31] უკრაინულ ენაზე.

  •  12:00-13:00 საათზე – შეხვედრა საბავშვო მწერალ თათია ნადარეიშვილთან და წიგნის „თინას ჰყოფნის გამბედაობა“ წარდგენა

ეს დახურული ღონისძიებაა მოსწავლეებისთვის. შეხვედრა ბათუმის I საჯარო სკოლაში გაიმართება.

ქართველი ილუსტრატორის, თათია ნადარეიშვილის წიგნი სიმამაცის, ცნობისმოყვარეობისა და მეგობრობის ამაღელვებელ და იდუმალ ამბავს მოგვითხრობს.

თინას მამასთან ერთად აღმოჩენები უყვარს. ერთადერთი, რისი შესწავლაც ჯერ ვერ მოასწრო, მისი სახლის უკან ბამბუკის დაბურული ტყეა. ვიდრე მამა შინ არ არის, გოგონა თავის ძაღლთან, პოპისთან ერთად ტყის მხარეს გაჭრილ ჭიშკარში გადის. იქ სტვენის ხმა ესმის და უცნაურ მინიშნებებსაც პოულობს. პოპისთან ერთად თინა ნიშნებს მიჰყვება და ხეზე აგებულ სახლს აგნებს. იქ მათ მოულოდნელობა ელით.

  • 13:15-14:30 საათზე – „მივწეროთ წერილი უკრაინას“ – თათია ნადარეიშვილის სემინარი ბავშვებისთვის

კიდევ ერთი ღონისძიებაა მოსწავლეებისთვის ბათუმის I საჯარო სკოლაში.

მოსწავლეები, მწერალ და ილუსტრატორ თათია ნადარეიშვილთან ერთად, დაწერენ და დახატავენ წერილებს უკრაინელი თანატოლებისთვის. ფესტივალის დასრულების შემდეგ ორგანიზატორები წერილებს უკრაინაში მცხოვრებ ბავშვებს გაუგზავნიან.

  • 14:00-15:00 საათზე – „საფრთხეშია თუ არა სიტყვის თავისუფლება?“ დისკუსია ბურჰან სიონმეზთან

ონლაინღონისძიება თურქ ავტორთან და ადამიანის უფლებათა დამცველ ბურჰან სიონმეზინთან, რომელიც 2021 წელს საერთაშორისო პენცენტრის პრეზიდენტი იყო.

იგი ისაუბრებს სიტყვის თავისუფლების წინაშე არსებულ საფრთხეებზე.

შეხვედრა ინგლისურ ენაზე გაიმართება. მოდერატორი არტ ანტონიანი იქნება.

პირდაპირი ეთერის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე – https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

  • 16:00-17:00 საათზე – „წერის ხელოვნება“-  დისკუსია ჰალინა პეტროსანიაკთან (უკრაინა)

პოეტისთვის, პროზაიკოსისა და ლიტერატურის მკვლევრისთვის, ჰალინა კრუკისთვის, რომელიც უკრაინულ ლიტერატურაში მნიშვნელოვან ხმად მიიჩნევა, პოეზია ცხოვრებისეული ყოველდღიურობიდან საზრდოობს.

ფესტივალზე წარმოდგენილია მისი ლექსები, რომლებიც ქართულად რაულ ჩილაჩავამ თარგმნა.

შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება.

შეხვედრის მოდერატორია პაატა შამუგია.

  • 18:00-19:00 – „სამი ლოქორია მერისთვის“/ საუბარი სერჰი ოსოკასთან (უკრაინა)

სერჰი ოსოკას ტექსტები იმ ჩვეულებრივი ადამიანებისა და მოვლენების შესახებ გვიამბობს, მისი ოსტატური ასახვის გარეშე უყურადღებოდ რომ დარჩებოდნენ. მისი პროზა მეტწილად ასახავს ისეთ ეგზისტენციალურ გამოცდილებებს, როგორიცაა: შიმშილი, დაბერება, ავადმყოფობა, სისუსტე, უიმედობა, გაუცხოება, ტკივილი და ა.შ.

შეხვედრის მოდერატორი იულია სუშჩენკო იქნება.

შეხვედრა ონლაინ გაიმართება და პირდაპირი ეთერის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

  • 19:00-20:30 საათზე – ქალების ხმები: ომის დღიურები

ქართველი და უკრაინელი მწერალი ქალები, ვისი შემოქმედებაც ომის გამოცდილებამ განსაზღვრა, თავიანთ ტექსტებს წარმოადგენენ, ისაუბრებენ თავიანთ განცდებსა და სამხედრო ძალადობის წინააღმდეგ არსებულ პერსპექტივებზე.

ქართველი და უკრაინელი ავტორები: ეკატერინე ტოგონიძე, ჰალინა კრუკი (უკრაინა), თამთა მელაშვილი და ია კივა (უკრაინა) ისაუბრებენ ამ თემაზე.

შეხვედრა ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება და მისი მოდერატორი მაია ფანჯიკიძე იქნება.

შეხვედრის პირდაპირი ეთერის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

  • 20:30- 21:30 საათზე – დასავლეთის გაუაზრებელი პაციფიზმი

შეხვედრა და დისკუსია ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება. მონაწილეები არიან შტეფან ტვარდოხი (პოლონეთი) და ლაშა ბუღაძე.

პოლონელი ავტორი, შტეპან ტვარდოხი, თავისი წიგნებიდან ამონარიდებს წარადგენს. ლაშა ბუღაძე წაიკითხავს ნაწყვეტს თავისი რომანიდან „პატარა ქვეყანა“.

შეხვედრის მოდერატორია ლაშა ბაქრაძე.

შეხვედრის პირდაპირი ეთერის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

  • 21:30- 22:30 – წერის ხელოვნება – დისკუსია ფილიპ ფლორიანთან (რუმინეთი) და იაკუბ მალეცკისთან (პოლონეთი)

დისკუსია რუმინელ ავტორთან ფილიპ ფლორიანთან და პოლონელ მწერალთან, იაკუბ მალეცკისთან ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება.

ფილიპ ფლორიანი რუმინულ ლიტერატურაში გამორჩეული ხმაა, მისი რამდენიმე რომანი ლიტერატურული პრემიებითაა დაჯილდოებული. ის კითხულობს ნაწყვეტს ჯერაც გამოუქვეყნებელი რომანიდან „საშუალო არითმეტიკული“.

იაკუბ მალეცკის რომანი „სატურნინი“ წარმოგვიდგენს ომის შედეგებს და ძალადობით, რეპრესიებითა და შურისძიებით გამოწვეულ ტრავმებს, რაც თაობიდან თაობაში გადადის.

შეხვედრის მოდერატორია გიორგი მასალკინი.

შეხვედრის პირდაპირი ეთერის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: