განათლება,მთავარი,სიახლეები

აშშ-ის ელჩთან გადაღებული ფოტოს გამო მოღალატე მიწოდეს – მასწავლებელი

06.10.2022 • 2760
აშშ-ის ელჩთან გადაღებული ფოტოს გამო მოღალატე მიწოდეს – მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი ნანა მგალობლიშვილი, რომელიც ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ  აშშ-ის ელჩთან გადაღებული ფოტოს ფეისბუქში გამოქვეყნების შემდეგ, თავდასხმის ობიექტი გახდა. „მოღალატე“, „ფარისეველი“ – ამ და სხვა შინაარსის კომენტარებს მას საჯაროდაც უწერდნენ და პირად შეტყობინებებშიც უგზავნიდნენ.

  • ქალბატონო ნანა, თქვენ როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი,  ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალში მოხვდით. როგორ ფიქრობთ, ვინ არიან ისინი, ვინც შეურაცხყოფა მოგაყენათ სოციალურ ქსელში და რას გსაყვედურობდნენ კონკრეტულად?

ემოციური ადამიანი ვარ და ყველა შეტყობინება არც გამიხსნია, სადღაც 20-მდე მონაწერი იყო პირადში. როცა გეძახიან „მოღალატე“, „ფარისეველო“, მაინც მტკივნეულია.

ამ კომენტარს რომ 40 მოწონება აქვს, ესეც ხომ იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანის აზრს იზიარებენ?

ერთი კაცი მწერდა, როგორ თუ თავისუფალ აზროვნებას ასწავლი ბავშვებს, თავისუფალი კი არა, სწორი აზროვნება უნდა ასწავლოო. „სწორი აზროვნება“ პირობითია, მე ლიტერატურის მასწავლებელი ვარ და ბავშვს ინტერპრეტაციის საშუალება უნდა ჰქონდეს, თავისი აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება.

  • რა არ მოეწონათ კონკრეტულად?

არ მოეწონათ, სურათი რომ მიდევს ამერიკის ელჩთან გადაღებული, რატომ გიდევსო. 9 აპრილს დაღუპული გმირები მიწაში გადაატრიალეო.

  • ამერიკის ელჩი რა კავშირშია 9 აპრილთან, ეს ტრაგედია ხომ რუსეთმა დაატრიალა თბილისში?

იმ დროს, 9 აპრილის აქციის დარბევისას, მე მოვიწამლე, აქციაზე ვიყავი, როცა რუსმა სამხედროებმა დაგვარბიეს. თითქოს ამით შეურაცხყოფა მივაყენე მათ, რადგან ამერიკას კოლონიად ვუნდივართო. ეს რუსეთია, ვინც ჩვენს ქვეყანას როგორც კოლონიას, ისე უყურებს და არა – ამერიკა. თუმცა ამის გაგება არ უნდათ, ან მიზანმიმართულად აკეთებენ.

რუსეთს არ განიხილავენ მტრად, მართლმადიდებელი ქვეყანააო და რელიგია რომ პოლიტიკაში არაფერს ნიშნავს, რომ ეს „ერთმორწმუნეობა“ ფარსია და მხოლოდ ინსტრუმენტია რუსეთისთვის ადამიანების დასამორჩილებლად, მათზე გავლენის მოსახდენად, ამას ვერ ხვდებიან.

ესენი არიან პრორუსულად განწყობილი ე.წ. „პატრიოტები“, რომლებსაც სურთ მოდერნიზებულ საბჭოთა ჭაობში დაგვაბრუნონ.

აღარ უნდათ, გადაეჩვივნენ ქართველები, რომ თავიანთი ნების აგენტი თავად იყვნენ. დღეს ძალიან მძიმე ვითარებაა და განსაკუთრებით საჭიროა ამაზე აქცენტის გაკეთება.

ნანა მგალობლიშვილი „ეროვნული ჯილდოს“ ცერემონიაზე, კოლეგებთან და აშშ-ს ელჩთან ერთად.

ეროვნული ღირებულებების მოღალატეს მიწოდებენ ეს ადამიანები. ჩემი ქვეყნის განვითარებისთვის ის მოდელი მინდა აირჩიონ ადამიანებმა, რომელიც ილია ჭავჭავაძეს უნდოდა. ილიას კიდევ ნამდვილად არ სურდა რუსეთის მფარველობის ქვეშ საქართველოს ყოფნა. ძალიან უნდოდა, რომ ევროპული მომავალი ჰქონოდა ქვეყანას.

მე ქართულს ვასწავლი და ილია ჩემთვის თავისი პრინციპებით არის მისაღები. დისტანცირებული ვარ იმ აზრისგან, რომ მის იდეალებს არ ვიზიარებდეთ, ამათ კი შერაცხეს წმინდანად, შემოსვეს პიედესტალზე და დატოვეს იქ.

ილიას ვასწავლი ისე, როგორც ილიას უნდოდა, რომ საქართველო ყოფილიყო.

როგორ შემორჩენილია ეს იმპერიული ნარატივი დღესაც, როგორ მოგვწამლეს ასე, მენტალობით, როგორ დავრჩით იქ და როგორ ვერ გამოვიგლოვეთ, ბოლოს და ბოლოს, ეს საბჭოეთი, რომ თავისუფლება ჩვენთვის უკვე აღარ არის ღირებულება და ამ მონური „მშვიდობით“ ადვილად ჩავანაცვლეთ. თან, ვისაც შემორჩა სურვილი თავისუფლების, აი, ახლა იმ ადამიანების დათრგუნვას ცდილობენ, უნდათ გათქმევინონ, რომ „ამ ქვეყანაში არ იცხოვრება“.

სამშობლოდან არასდროს მიდის ადამიანი, სადაც არ უნდა იყო, მაინც სამშობლოში იქნები – სამშობლოს და ადამიანს შორის სულიერი თანაარსებობა არის ყველგან.

ხანდახან ვეუბნები ჩემ თავს, რომ ერთი მიზეზი მაპოვნინე, რომ მოვეჭიდო და ვთქვა, ამ ქვეყანაში ღირს სიცოცხლე-მეთქი.

  • რაზეც ახლა საუბრობთ, ესეც არის მოჭიდების მცდელობა? 

მე რასაც ვეჭიდები, ახლა არის ის, რომ კარგი, ლაღი თაობა მოდის, მებრძოლი თაობა, რომელსაც თავისუფლების სიყვარული გამძაფრებული აქვს და ღირსების გრძნობა გამახვილებული. მინდა, ამ თაობის აღზრდაში რაღაც წვლილი შევიტანო.

ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, რომ მოსწავლე არის თიხა, რომლის სული უნდა გამოძერწოო, თითქოს ობიექტია ბავშვი. სინამდვილეში, სუბიექტია ბავშვი და როგორც სუბიექტმა სუბიექტთან ისე უნდა იურთიერთო, ბიძგი უნდა მისცე, შეეცადო, მისი შესაძლებლობების აქტუალიზაცია, ფიქრი ასწავლო და არა რაღაც ინფორმაციით მიმწოდებელი იყო მხოლოდ.

აი, ამას ითხოვენ ჩემგან ის ადამიანები ზუსტად, ფეისბუქში რომ მწერენ, როგორ თუ თავისუფლებას ასწავლიო.

მე ცოდნის მიმცემი კი არ ვარ მხოლოდ, ცოდნის აგებაშიც უნდა დავეხმარო ბავშვს. მინდა, რომ დროის თანაზომიერი პედაგოგი ვიყო და მათ რიტმს ავუწყო ნაბიჯი. მინდა, ჩემმა მოსწავლემ პროგრესის იდეას ხელი კი არ შეუშალოს, არამედ შეუწყოს, ხვალის უკეთესობა ამაშია.

მინდა, რომ ჩემს მოსწავლეს ჰქონდეს ინდივიდუალობა, მისწრაფებები, მიზნები, თავისი სურვილები და არ იყოს ჭანჭიკი, ექო არ იყოს. ეს აღიზიანებთ სწორედ ყველაზე მეტად „პატრიოტებს“, რომ პიროვნების განვითარებაზე ვარ ორიენტირებული და არა – მათ გაწვრთნაზე.

  • ეროვნული ჯილდოს ცერემონიაზე თქვენი უკრაინელი კოლეგა ამბობდა, რომ ის, რასაც ახლა უკრაინაში რუსეთი აკეთებს, ცუდი განათლების ბრალია და რუსეთის სამიზნედ ამიტომ იქცა, პირველ რიგში, წიგნები და მასწავლებლები. თქვენც ასე ფიქრობთ?

ვეთანხმები, რადგან ცუდი განათლების შედეგია ის, როცა თავისუფლებას ვერ აღიქვამ აუცილებლობად. როცა მე მიყვარს თავისუფლება, მაშინ შენს თავისუფლებასაც პატივს ვცემ. ჩემი მოვალეობაა, რომ შენს თავისუფლებას გავუფრთხილდე.

მასწავლებლის სწავლების სტილიც დამოკიდებულია მის ფასეულობებზე, ავტორიტარი მასწავლებელი ვერ იქნება დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფლების მხარდამჭერი.

ასეთი ადამიანებისთვის, ბუნებრივია, პრობლემაა ამერიკა  და ევროპული ღირებულებები.

არ შეიძლება მასწავლებლის მიმართ გქონდეს დამოკიდებულება პოლიტიკური მიზანშეწონილობით, მასწავლებელს თავისუფლება უნდა მისცე და რომელიმე პარტიის იდეოლოგიის ქოლგის ქვეშ არ უნდა ამყოფო, თორემ ის თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს ვერ გაგიზრდის.

დააკვირდით მასწავლებლებს, ნახეთ, როგორ იყენებენ მათ. არასოდეს არც ერთ გადაცემაში არ ეპატიჟებიან, თითქოს მასწავლებელი მოქალაქე არ იყოს და თავისი პოზიცია არ ჰქონდეს. მარტო პაროდიებს ვისმენთ მასწავლებლებზე, სერიოზულად აღიქვამს ვინმე, საზოგადოების ნდობა და პატივისცემა არსებობს მათ მიმართ?

  • საარჩევნოდ რესურსად ხომ განიხილავენ ხოლმე?

იმიტომაც არის ასეთი დამოკიდებულება მათ მიმართ, ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა, რომ მასწავლებლებს იყენებ პარტიული ინტერესებისთვის და არ აძლევენ თავისუფლებას.

ზოგიერთი მაინც ინარჩუნებს თავისუფლებას… ჩემზე ვერცერთი ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ ჯიბეში ჩამისვა.

  • თქვენ არ გეშინიათ სისტემის?

არ მეშინია, რადგან ძალიან მდგრადი დამოკიდებულება მაქვს ღირებულებების მიმართ.

  • შიშს ხშირად იმით ამართლებენ ადამიანები, რომ „სამსახურს დაკარგავენ“ და ეს ასე ადვილი არ არის. თქვენ არ გეშინიათ თავისუფალი აზროვნების გამო სამსახურიდან გათავისუფლების?

არ მეშინია. ერთხელ ნიკო კეცხოველი ეკამათა ჩინოვნიკს და იცით, რა უთხრა? თქვენ იკითხეთ, მაქედან რომ წახვალთ, თორემ მე თაობები მყავს აღზრდილი და ერთ ღამეს ყველა გამათევინებსო.

33 წელია სკოლაში ვარ და ჩემთვის უდიდესი საჩუქარია იმ თაობათა სიყვარული, ვინც აღვზარდე. ისინი არიან ჩემი პირველი გულშემატკივრები.

15 სექტემბერს, სწავლა რომ დაიწყო, კოვიდი მქონდა და საავადმყოფოში ვიწექი. ჩემი მოსწავლეები ჯერ ჩემ სანახავად მოვიდნენ და მერე წავიდნენ სკოლაში. ამიტომ არ მეშინია.

როცა თავისუფლება არის სტატუსის, ჩინოვნიკის კეთილგანწყობის საპირწონე, შენი თავისუფლების ხარისხი კი მაღალია, არაფრის გეშინია.

მაგრამ თუ თავისუფლების სანაცვლოდ არჩევ კეთილგანწყობას, კეთილდღეობას ან რაღაც მონის სალაფავს, შემდეგ ადვილად ცვლი ამ ყველაფერს მხედრის ულუფაზე. შენ არ უნდა გადაეჩვიო აზრის გამოხატვას, რაც მიუღებელია იმის გაპროტესტებას, აქტიური მოქალაქე უნდა იყო მასწავლებელი.

შენი მოსწავლეებისთვის უნდა იყო ქცევის მოდელი, მასწავლებელი რომ ვერ უპასუხებს კითხვას – „არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?“ უხერხულია შევიდეს მოსწავლეებთან და ღირებულებებზე ესაუბროს.

  • როგორ ფიქრობთ, ეს ღია შემოტევები არის იმის მცდელობა, რომ გააჩუმონ ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ ემორჩილება სისტემას?

ჩემზე სიუჟეტი გააკეთეს და იქ შევახსენე პარლამენტის წევრებს მათი მოვალეობები. ვთქვი, რომ პარლამენტში იმიტომ კი არ სხედან, რომ ტელეფონში ითამაშონ, სხედან იმიტომ, რომ ჩვენ დავიქირავეთ, ქვეყანაზე რომ იზრუნონ-მეთქი. მაშინ ამანაც დიდი კრიტიკა გამოიწვია, არ ვიცი, ტროლები იყვნენ, თუ რეალური ადამიანები, თავს დამესხნენ და ისეთი რაღაცები მაკადრეს, ფიქრშიც რომ არ გამივლია.

თუ გინდა ადამიანი შეურაცხყო და პატივი აყარო, ისეთი რამ უნდა დააბრალო, ფიქრშიც რომ არ გაუვლია. მაგრამ იცით, როგორ არ მედარდება? მთავარია, სამშობლო არ გავაბრაზო თორემ, ხელისუფლების გაბრაზება ჩემთვის არის ორი ყურის პრინციპი – ერთში შევუშვებ, მეორეში გავატარებ.

სულ მახსოვს გაბრიელ მარკესის სიტყვები, მე ვემსახურები ჩემს ქვეყანას და არა – ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას. პოლიტიკოსებისგან რჩება ანეკდოტები და მე ვისაც ვასწავლი, იმ მწერლებისგან დარჩა უზარმაზარი შემოქმედება. მთავარია, იმათ პრინციპებს არ ვუღალატო თორემ, ვინ არის პოლიტიკოსი?

ქვეყანა რომ თავზე გექცევა, შეიძლება პირად კეთილდღეობაზე იფიქრო და შენს სამშობლოზე უკეთ იცხოვრო, თუ გიყვარს შენ ეს ქვეყანა?

იყო პერიოდი, როცა არ იყო არც საწვავი, არც შუქი, ტანსაცმელს ღამით ვაშრობდი და დილით ისე ვიცვამდი, რომ დავინახავდი, ბავშვს ფეხსაცმელი არ ეცვა, მთელი დღე ვფიქრობდი, სად მეშოვა ფული საყიდლად, ექსკურსიაზე რომ წამეყვანა, თეატრი და კინო რომ ენახა, არ ჩამორჩენილიყო მისი განვითარება.

და მაინც შეიძლება მოღალატე მეძახო?

ამიტომ არის ჩემთვის ძალიან კარგი პროექტი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“, წელს ილიაუნის რჩეულიც გავხდი და გიორგი მრელაშვილი დოკუმენტური ფილმის გადაღებასაც გეგმავს ჩემს სკოლაზე. აი, ეს არის ჩემთვის სასიხარულო და მნიშვნელოვანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: