მთავარი,სიახლეები

განქორწინების დროს როგორ იყოფა ბინა, თუ სესხს ქმარი იხდის – ინტერვიუ იურისტთან

05.10.2022 • 23507
განქორწინების დროს როგორ იყოფა ბინა, თუ სესხს ქმარი იხდის – ინტერვიუ იურისტთან

„ქორწინების შემდეგ კი შევიძინეთ ქონება, მაგრამ მე ვიხდიდი ფულს“ – საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ პრაქტიკაში ეს არგუმენტი ყველაზე ხშირად ესმის, როცა განქორწინებული წყვილი ქონებას ვერ იყოფს და სასამართლოში მისვლამდე იურისტებთან კონსულტაციაზე მიდიან.

იურისტი განმარტავს, რა შემთხვევა იყოფა ქონება, რა პირობებით და რა ხდება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა ქორწინება რეგისტრირებული არ იყო?

ან იმ დროს რა ხდება, როცა ბინა ქორწინებამდეა შეძენილი სესხით და იპოთეკური სესხი წყვილმა ქორწინების შემდეგ დაფარა?

„ბათუმელებმა“ პაატა დიასამიძესთან განქორწინების დროს ქონების გაყოფაზე ინტერვიუ ჩაწერა, იგი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელია.

  • პაატა, პრაქტიკაში რა არის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც განქორწინებული წყვილი სასამართლო დავის გარეშე ქონებას ვერ იყოფს? 

შემთხვევები სხვადასხვაა, მაგალითად: „ქორწინების შემდეგ კი შევიძინეთ ქონება, მაგრამ მე ვიხდიდი ფულს“, ან ეს: „ქონება ჩემია, რადგან არასრულწლოვანი ბავშვები ჩემთან რჩებიან“… დავის ხშირი მიზეზია საერთო ვალებიც, როცა ქორწინების დროს პირი მეუღლეს სესხს გამოატანინებს და განქორწინების შემდეგ სესხია დასაფარი. კანონის მიხედვით კი, ვალიც თანაბრად უნდა გაიყოს, როგორც წილი.

კანონი პირდაპირ ამბობს, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეების მიერ ქორწინების შემდეგ შეძენილი ქონება არის თანასაკუთრება. მნიშვნელოვანია რისკის ერთგვარი დაზღვევისთვის თანამესაკუთრედ რეგისტრირება ნებისმიერ მოძრავ თუ უძრავ ნივთზე, რადგან შესაძლოა ერთ-ერთმა მეუღლემ ქონება განკარგოს შეთანხმების გარეშე. კანონი მიიჩნევს ორივე მეუღლეს თანამესაკუთრედ, თუ ეს პირები რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან და ქორწინების შემდეგ შეძენილი ნებისმიერი ქონება მიიჩნევა საერთო ქონებად, მაგრამ ამ გზით შესაძლებელია რისკის [მეუღლეებს შორის შეთანხმების გარეშე საერთო ქონების რეალიზება] დაზღვევა.

  • არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყიდა კონკრეტული ქონება? 

თანასაკუთრებად ითვლება ნებისმიერი ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაშია შეძენილი. თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, როცა ერთ-ერთი მათგანი აწარმოებდა საოჯახო-სამეურნეო საქმიანობას, ზრდიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზით არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

  • რა ხდება ასეთ შემთხვევაში: მაგალითად, პირმა შეიძინა ბინა დაქორწინებამდე, თუმცა იპოთეკური სესხით და სესხი დაფარა ქორწინების შემდეგ. კანონი ამბობს, რომ მხოლოდ ქორწინების შემდეგ შეძენილი ქონება იყოფა. 

მსგავს შემთხვევაში კანონში სპეციფიკური ჩანაწერი არ არის, მაგრამ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ სამოქალაქო კოდექსის ნორმით, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს თანასაკუთრებად, თუ დგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გარკვეული ხარჯების გაწევის შემდეგ, ამ ქონების ღირებულება გაიზარდა. უნდა დადგინდეს ამ შემთხვევაში ის, რომ მეუღლემ, რომელსაც ეს ბინა არ შეუძენია, მონაწილეობდა სესხის დაფარვის პროცესში და ეს სესხი გადახდილია მეუღლეების მიერ ერთობლივად.

შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების წესების მიხედვითაც სესხისთვის გადახდილი ფულის დაბრუნების მოთხოვნა.

  • ზოგჯერ ქონების გაყოფის დროს ქონებას ერთ-ერთი მეუღლე მალავს ან ასხვისებს, აჩუქებს… რაა გამოსავალი ამ დროს? 

საერთო ქონების განკარგვას სჭირდება მეუღლეთა შეთანხმება, თუმცა თუ თანასაკუთრება რეგისტრირებული არ არის, ამ შემთხვევაში შეიძლება ქონება გაასხვისოს ერთ-ერთმა მეუღლემ და მეორე მეუღლე ვერ მოითხოვს ამ გარიგების ბათილად მიჩნევას იმ მოტივით, რომ არ იცოდა ამის შესახებ, ან არ ეთანხმება გარიგების პირობებს.

  • მაგალითად, წყვილი აპირებს განქორწინებას და ერთ-ერთმა მეუღლემ გაყიდა ავტომანქანა. ვერ იდავებს მეორე მხარე მის დაბრუნებაზე? 

ვერ. იდავებს იმ შემთხვევაში, თუ ეს იყო თვალთმაქცური გარიგება. ერთია თვალთმაქცური გარიგება, როცა რეალურად ერთ-ერთ მეუღლეს კი არ გაუყიდია მანქანა, ან კი არ უჩუქებია ვინმესთვის, არამედ ეს თვალთმაქცობაა.

თუ თვალთმაქცური გარიგება არაა და ნამდვილად გაყიდა ერთ-ერთმა მეუღლემ ავტომანქანა, ან ბინა, მაგრამ მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი წილი. მაგალითად, თუ ავტომანქანა გაიყიდა 20 ათას ლარად, მიიღოს 10 ათასი ლარი.

  • თუ გააჩუქა რეალურად ავტომანქანა და ეს არ იყო თვალთმაქცური გარიგება? 

ამ შემთხვევაში მხარეს შეუძლია იდავოს ზიანის ანაზღაურების კუთხით, რადგან მისი თანასაკუთრება გააჩუქეს მასთან შეთანხმების გარეშე.

რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა მეუღლეების გარდა სხვა პირებიც არიან თანამესაკუთრეები, მაგალითად, მშობლები? 

თუ წყვილმა ქორწინების შემდეგ შეიძინა ბინა, მაგრამ თანამესაკუთრეები მშობლებიც არიან, მაშინ მათ შორის წილი თანაბრად იყოფა.

ხშირად არის ხოლმე მსგავსი დავები, გვეკითხებიან: მეუღლის მშობლის საკუთრებაა სახლი, მაგრამ ჩემი ყოფილი მეუღლეა მემკვიდრე და წილი არ მეკუთვნის? კანონი ცალსახად ამბობს, რომ იყოფა მხოლოდ და მხოლოდ ის ქონება, რომელიც რეგისტრირებული ქორწინების შემდეგ, თანაცხოვრების შემდეგ არის შეძენილი.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩუქებით და მემკვიდრეობის გზით მიღებული ქონება არ იყოფა განქორწინების დროს. ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ერთ-ერთ მეუღლეს ქორწინებამდე, ის არ ექვემდებარება გაყოფას.

აქტუალურია ეს საკითხიც, რომ განქორწინებული წყვილის საერთო შვილია ქონების მემკვიდრე, მაგრამ ერთია მემკვიდრეობის გზით მიღებული ქონება და მეორე – განქორწინების შემდეგ მიღებული. ის, რასაც მემკვიდრე მიიღებს, უნდა მიიღოს მემკვიდრეობით, სხვა გზით ვერ მოხდება ამ ქონების მიღება.

  • შვილების არსებობა რამდენად ცვლიან ქონების გაყოფის პირობას? 

განქორწინების დროს ხშირია დავა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე. კანონი ამბობს, რომ მშობლებს თანაბარი უფლებამოვალეობები გაჩნიათ შვილების მიმართ, თუმცა სასამართლო პრაქტიკა ითვალისწინებს დედასთან ბავშვის მიჯაჭვულობის კომპონენტს. ასევე გააჩნია ინდივიდუალურ ფაქტორებს: რომელ მშობელს აქვს ბავშვის ცხოვრებისთვის უკეთესი გარემო და პირობები, ამოსავალია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა…

როცა განისაზღვრება ვისთან უნდა იყოს ბავშვი, ან ბავშვები, შემდეგ განისაზღვრება ქონების წილი თანასაკუთრების გაყოფის დროს და ამას სასამართლო ინდივიდუალურად აფასებს.

  • შეიძლება თუ არა პირმა მოითხოვოს ქონების გაყოფა, როცა ის არ იყო რეგისტრირებულ ქორწინებაში? ვიცით, რომ კანონი ამას არ უშვებს, თუმცა ბათუმელი „ციალა პერტიას საქმეზე“ უზენაესმა სასამართლომ წინა ორი ინსტანციისგან განსხვავებით განსხვავებული პრაქტიკა დაადგინა და ქალს ბინის ნახევარი მიაკუთვნა. 

უფლებებსა და ვალდებულებებს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს.

გვსმენია ამ განსხვავებულ პრაქტიკაზე, როცა პირი სამოქალაქო ქორწინებაში არ იყო, თუმცა დადასტურდა თანაცხოვრება და მოხდა ქონების გაყოფა. ეს ნამდვილად განსხვავებული პრაქტიკაა, მაგრამ იგი არაა სავალდებულო ძალის, რადგან ეს საქმე საკასაციო პალატას არ გადაუცია დიდი პალატისთვის განსახილველად. კანონით კი, სავალდებულოა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი განმარტება. მსგავს დავებზე სასამართლომ უნდა შეაფასოს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

  • როგორ დგინდება გასაყოფი ქონების ღირებულება განქორწინების დროს და სასამართლო დავა რა უჯდებათ მხარეებს? 

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ქონების გაყოფა შესაძლებელია ქორწინების პერიოდშიც, ისევე, როგორც ალიმენტის დაკისრება, თუ, მაგალითად, წყვილი განქორწინებული არ არის, მაგრამ შვილი იზრდება ერთ-ერთ მშობელთან.

განქორწინების შემთხვევაში კი, გასათვალისწინებელია, რომ არსებობს ხანდაზმულობის ვადა – განქორწინებიდან 3 წლის განმავლობაში შეიძლება მოითხოვოს პირმა საერთო ქონების გაყოფა.

ქონების შეფასებას აუდიტი ახდენს და ამ ღირებულების 3 პროცენტს იხდიან მხარეები სასამართლოში ბაჟის სახით. ბაჟისთვის მხარეები 1.5 პროცენტს იხდიან, თუ დავის საგნის ღირებულება 5 ათას ლარს არ აღემატება. ასეთ შემთხვევებს მაგისტრატი მოსამართლე განიხილავს.

კიდევ ერთი გარემოება: კანონი ითვალისწინებს წილის კომპენსაციას, ასევე პროფესიული საქმიანობისთვის შეძენილ ქონებას, რომელიც შეიძლება თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი, თუმცა გადაეცემა ერთ-ერთ მეუღლეს თავისი პროფესიული საქმიანობისთვის და თუ ამ ქონების ნაწილი მის წილს აღემატება, მეორე მხარეს უნდა გადაუხადოს კომპენსაცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: