აზერბაიჯანის პატიმრების საქმეთა სახელმწიფო კომისია აცხადებს, რომ აღმოაჩინა, როგორც თავად ამბობს, მისი ჯარისკაცების მასობრივი სამარხი. ისინი, სავარაუდოდ, სომეხმა სეპარატისტულმა ძალებმა 1991-1994 წლებში, სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო მომხდარი ომის დროს დახვრიტეს.
ამ სოფელში აზერბაიჯანელების კიდევ ერთი მასობრივი სამარხი მიმდინარე წლის თებერვალშიც აღმოაჩინეს.
მთიანი რეგიონის გამო ბაქოსა და ერევანს შორის ორი მასშტაბური ომი გაიმართა – 2020 და 1991 წლებში.
„სოფელ ედილში აღმოაჩინეს ყარაბაღის პირველი ომის დროს ნაწამები და სიკვდილით დასჯილი აზერბაიჯანელი სამხედროების მასობრივი სამარხი“, – დაწერა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა, ჰიქმეტ ჰაჯიევმა ოთხშაბათს Twitter-ზე.
მისივე თქმით, 1990-იანი წლების ომის შემდეგ 4000 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. „სომხეთი უარს ამბობს მასობრივი სამარხების ადგილმდებარეობის გამხელაზე“, – წერს ის.
აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეთა, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელმწიფო კომისიის წარმომადგენელი ნამიგ ეფენდიევი აზერბაიჯანულ მედიასთან ამბობს, რომ კომისიამ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად, პრეზიდენტის დავალებით, თებერვალში დაიწყო ტყვედ და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნა.
აზერბაიჯანის ომბუდსმენის ცნობით, ხოჯავანდის რაიონის სოფელ ედილის სამარხში აღმოჩენილ 12 ადამიანის ნეშტს, ხელ-ფეხი სიკვდილამდე ჰქონდა შეკრული. ნეშტებთან ნაპოვნი ნივთებით ვარაუდობენ, რომ ისინი სამხედროები იყვნენ.
„ალჯაზირა“ წერს, რომ თებერვლის შემდეგ მასობრივ სამარხებში სულ 25 ადამიანის ნეშტია აღმოჩენილი. ეფენდიევის თქმით, ხოჯავანდის სოფელ ედილში უახლოეს დღეებში განახლდება გათხრები.
კვირას, ორ ოქტომბერს, სომხეთმა აზერბაიჯანის ჯარები დაადანაშაულა ომის დანაშაულებების ჩადენაში, სექტემბერში მომხდარი სასაზღვრო შეტაკებების დროს.
ბოლო ომის შემდეგ უკვე სომხური მხარე აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ჟენევის კონვენციის აკრძალვის მიუხედავად, არაერთი სომეხი ტყვე აწამეს ან დახოცეს.
„არაერთი ვიდეო, რომლებიც რეგულარულად ქვეყნდება აზერბაიჯანელი მომხმარებლების მიერ სოციალურ მედიაში, ასახავს ომის დანაშაულებს, სომეხი სამხედრო ტყვეების მკვლელობებს, სომეხი სამხედროების წამებას, მათ შორის, ქალებისა და ცხედრების შეურაცხყოფას, რომლებიც ჩადენილია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ“, – წერია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში.
სექტემბერში მომხდარი შეიარაღებული შეტაკებისას მინიმუმ 286 ადამიანი დაიღუპა ორივე მხრიდან.