როცა პოლიციელი ქუჩაში მოზარდს აჩერებს და ფოტოს უღებს – ინტერვიუ

„ის, რომ არასრულწლოვანი ღამით გადაადგილდება, ეს არ არის საფუძველი, რომ მისი ვინაობის დადგენა მოინდომოს პოლიციელმა,“ – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე. იურისტს ვკითხეთ: როგორ უნდა მოიქცეს არასრულწლოვანი, როცა ქუჩაში პოლიციელი აჩერებს და ფოტოს უღებს.

იურისტი ამბობს, რომ თუ პოლიციელი უსაფუძვლოდ გვაჩერებს ქუჩაში და პირადობის მოწმობის წარდგენის მიუხედავად, ფოტოს მაინც გვიღებს, ამ დროს შეიძლება, მოზარდმაც გადაუღოს პოლიციელს ფოტო, ან ვიდეო.

„უბრალოდ უნდა გააფრთხილოს პოლიციელი, რომ ვიდეოს უღებს… ვიდეოს გადაღება ამ დროს არის კარგი მტკიცებულება, რომ გამოჩნდეს განხორციელებული საპოლიციო ღონისძიება როგორ ჩატარდა,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

„ბათუმელებმა“ იურისტ პაატა დიასამიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო პაატა, რა შემთხვევაში შეიძლება პოლიციელმა ქუჩაში გააჩეროს მოზარდი და მას ფოტო გადაუღოს? 

სრულწლოვნისგან განსხვავებით, არასრულწლოვანთან მიმართებით სამართალდამცავ მუშაკს დამატებითი ვალდებულებები გააჩნია „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ შესაბამისად.

არ აქვს მნიშვნელობა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედებებში მონაწილეობს არასრულწლოვანი, თუ საპოლიციო ღონისძიების დროს ხდება ქუჩაში მისი შეჩერება – პოლიციელი ვალდებულია, გაითვალისწინოს არასრულწლოვანის განსაკუთრებული საჭიროებები და იმოქმედოს კანონით დადგენილი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

როგორც სრულწლოვნის, ისე არასრულწლოვანის ქუჩაში შეჩერება პოლიციელს შეუძლია, თუ არსებობს ამისთვის საკმარისი საფუძველი. შესაძლოა, არასრულწლოვანი შეაჩერონ მისი იდენტიფიცირების მიზნით, ხოლო თუ იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, შესაძლოა, სამართალდამცველმა განახორციელოს იდენტიფიცირების ღონისძიება, მათ შორის, ფოტოგადაღება.

  • აღნიშნეთ, რომ პოლიციელს უნდა ჰქონდეს „საკმარისი საფუძველი“ იმისთვის, რომ შეაჩეროს არასრულწლოვანი ქუჩაში. რა შეიძლება იყოს საფუძველი?

არასრულწლოვანი შეიძლება შეაჩერონ ქუჩაში კონკრეტულ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში: თუ მას აქვს დაკარგული პირის იდენტური ნიშნები, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ არასრულწლოვანმა ჩაიდინა სამართალდარღვევა, ან არის დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდენს მას. საფუძველია ისიც, თუ მოზარდი იმყოფება სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებულ ადგილზე, მაგალითად, დანაშაულის ადგილას.

  • მაგალითად, 16 წლის მოზარდი ქუჩაშია ღამით. მისი ვინაობის გადამოწმების უფლება აქვს პოლიციელს? 

პირის გამოკითხვა საჭიროა რომელიმე კონკრეტული შემთხვევა, რაც ჩამოვთვალე. პოლიციელს არ აქვს უფლება, უსაფუძვლოდ შეაჩეროს ქუჩაში არასრულწლოვანი. ზეპირი გასაუბრების მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა. ამ მიზნით აქვს პოლიციელს უფლება, დაადგინოს პირის ვინაობა იმ კონკრეტულ შემთხვევებში, რაც ჩამოვთვალეთ. ის, რომ არასრულწლოვანი ღამით გადაადგილდება, ეს არ არის საფუძველი, მისი ვინაობის დადგენა მოინდომოს პოლიციელმა.

სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, ნებისმიერი პირის უსაფრთხოება უზრუნველყოს, მაგრამ, სავალდებულოა არსებობდეს საფუძველი. სრულწლოვანთან მიმართებითაც იგივე საფუძვლები მოქმედებს. სხვა შემთხვევაში პოლიციელს ჩვენი ქუჩაში შეჩერების უფლება არ აქვს. პოლიციელი ვალდებულია, მოქალაქეს შეჩერებისთანავე განუმარტოს საფუძველი, რის გამო შეაჩერა იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ არასწორია ეს საპოლიციო ღონისძიება. თუ ადამიანის წინააღმდეგ ჩატარდა უკანონო საპოლიციო ღონისძიება, მას ამის გასაჩივრება შეუძლია.

პაატა დიასამიძე – იურისტი

გასაჩივრება ეხება შემთხვევასაც, როცა არასრულწლოვანი ეუბნება პოლიციელს თავის სახელს, გვარს, აჩვენებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და მაინც უღებს მას პოლიციელი ფოტოს – გამოდის, რომ ფოტოგადაღების საფუძველი არანაირად არ არსებობდა და საპოლიციო ღონისძიება, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ ჩატარდა, არის უკანონო.

თუ პირადობა თან არ აქვს მოქალაქეს და მხოლოდ სახელის და გვარის დასახელებით პოლიციელი ახდენს პირის იდენტიფიცირებას, მაშინ პოლიციელს ფოტოს გადაღების უფლება აღარ აქვს, რადგან ფოტოს გადაღება არის იდენტიფიცირების ღონისძიება. სხვა მიზანი არ შეიძლება ჰქონდეს ფოტოს გადაღებას.

  • როცა გასამართლებულია არასრულწლოვანი, ან ის კანონთან კონფლიქტშია, ეს არ ქმნის საფუძველს, რომ ქუჩაში გააჩერონ? 

არა, ნასამართლობა ასეთ საფუძველს არ ქმნის.

  • შეუძლია არასრულწლოვანს უარი უთხრას პოლიციელს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე გასაუბრებაზე და პოლიციელს არც საკუთარი ვინაობა უთხრას? 

პიროვნების დადგენის მიზნით შეუძლია პოლიციელს, რომ არასრულწლოვანს ზეპირად გაესაუბროს და ფოტო გადაუღოს, თუ სხვა ფორმით ვერ დგინდება მისი ვინაობა, ხოლო თუ გასაუბრება იქნება საჭირო, ან ამის გამო პოლიციაში გადაყვანა, აუცილებლად უნდა მოიწვიოს მშობელი, კანონიერი წარმომადგენელი.

18 წლამდე პირი ითვლება არასრულწლოვნად. შესაბამისად, თუ არასრულწლოვანი გადაჰყავთ პოლიციის განყოფილებაში, უნდა გამოჰკითხონ წერილობით და ასე შემდეგ, კანონით სავალდებულოა, მშობელი, ან კანონიერი წარმომადგენელი დაესწროს ამ პროცედურებს. ქუჩაში პირის იდენტიფიცირებისთვის კი, შეუძლია პოლიციას 14 წლის ასაკიდან არასრულწლოვანი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე შეაჩეროს. 14 წლამდე მოზარდის შემთხვევაში, სავალდებულოა ქუჩაში შეჩერების დროსაც კანონიერი წარმომადგენლის დასწრება.

  • როგორ უნდა დაიცვას თავი მოზარდმა, თუ პოლიციელი ინტერესდება, მაგალითად, რატომ არის ღამით ქუჩაში? ან ვინაობა დადგინდა, მაგრამ პოლიციელი მაინც უღებს ფოტოს? 

შეიძლება გასაჩივრდეს იდენტიფიცირების ღონისძიება. თუ გამოჩნდა შესწავლის შედეგად, რომ საპოლიციო ღონისძიება უსაფუძვლოდ განხორციელდა, გამოდის, რომ საპოლიციო ღონისძიება არის უკანონო. მოზარდს შეუძლია მიმართოს გენინსპექციასაც, ასევე შესაძლებელია გასაჩივრდეს ოქმი, რომელიც დგება იდენტიფიცირების ღონისძიების დროს.

  • როგორია პრაქტიკა – პოლიციელი მსგავს სიტუაციაში ადგენს ოქმს, ან გადასცემს ოქმის ასლს მოქალაქეს? 

არ აძლევენ პრაქტიკულად ამ ოქმს. მოქალაქეს შეუძლია 3 დღის ვადაში მიმართოს სამინისტროს წერილობით და მოითხოვოს ოქმი განხორციელებული იდენტიფიცირების ღონისძიების შესახებ. მე რა პრაქტიკაც მქონია, სრულწლოვანთან დაკავშირებით არასდროს არ იძლევიან იდენტიფიცირების ოქმს. ეს არის პრობლემა. სამწუხარო პრაქტიკაა, რომ მიმართვის შემთხვევაშიც არ გასცემენ ამ ოქმს და მხოლოდ სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგ გასცემენ.

  • შეუძლია ქუჩაში შეჩერების დროს არასრულწლოვანმა პოლიციელს გადაუღოს ვიდეო? 

შეუძლია, უბრალოდ უნდა გააფრთხილოს პოლიციელი, რომ ვიდეოს უღებს. ვიდეო შეიძლება გადაიღოს თანმხლებმა, ან გარეშე პირმაც, თუ იკვეთება, რომ პოლიციელი არღვევს კანონს, ან არსებობს მოლოდინი, რომ პოლიციელმა შესაძლოა გადააჭარბოს თავის უფლებამოსილებას.

  • ზედაპირული შემოწმების და ჩხრეკის უფლება თუ აქვს ამ დროს პოლიციელს? 

ზედაპირული შემოწმება შესაძლოა დაიწყოს ქუჩაში გამოკითხვის შემდეგ. ზედაპირულ შემოწმებასაც სჭირდება თავისი საფუძველი. გასაუბრების შემდეგ თუ პოლიციელს შეექმნება საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ  მოზარდი ატარებს კანონსაწინააღმდეგო ნივთს, შესაძლოა, განხორციელდეს ზედაპირული შემოწმება. 14 წელს ზევით ასაკიდან არასრულწლოვანი შესაძლოა ქუჩაში პოლიციელმა ზედაპირულად შეამოწმოს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე.

ზედაპირული შემოწმება გულისხმობს ტანსაცმლის გარედან, ზედაპირზე ხელით, ან სპეციალური ხელსაწყოთი შეხებას.

  • ჯიბეში მოზარდს ხელი ვერ უნდა ჩაუყოს?

ჯიბეში ხელს ვერ ჩაუყოფს, ეს უკვე ჩხრეკაა. თუ ზედაპირული შემოწმების დროს წარმოიშვა საფუძველი იმისა, რომ ნამდვილად ატარებს პირი კანონსაწინააღმდეგო ნივთს და ნებაყოფლობით არ ხდება მისი წარმოდგენა, ასეთ შემთხვევაში, ზედაპირული შემოწმება შესაძლოა გადაიზარდოს ჩხრეკაში. ამ შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოქმედებს. შესაძლებელია, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩატარდეს ჩხრეკა.

გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ქუჩაში, არასრულწლოვანის ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს 14 წლის ასაკიდან კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, რადგან 14 წლის ასაკიდან იწყება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

  • რას ურჩევდით არასრულწლოვანებს, თუ მას ქუჩაში გააჩერებს პოლიციელი? 

თუ უსაფუძვლოდ აჩერებენ, უნდა სცადონ მტკიცებულებების შექმნა, მაგალითად, ვიდეოს გადაღება, წინააღმდეგობის გაწევა მისი ინტერესების საწინააღმდეგოა, რადგან ეს ხელს აძლევს პოლიციელს, ჩაატაროს საპოლიციო ღონისძიება, გადაიყვანოს პოლიციის განყოფილებაში და ასე შემდეგ.

პოლიციელს ასევე უნდა მოვითხოვოთ შესაბამისი ოქმი იდენტიფიცირების შესახებ. თუ არ მისცემენ ამას, შესაძლებელია მისი წერილობით გამოთხოვა და გასაჩივრება. თუ მას ზიანი მიადგა, შეუძლია ზიანის ანაზღაურებას მოითხოვოს. ვიდეოს გადაღება ამ დროს არის კარგი მტკიცებულება, რომ გამოჩნდეს განხორციელებული საპოლიციო ღონისძიება როგორ ჩატარდა.

___

ამ თემაზე:

როგორ უნდა მოიქცე, როცა პოლიციელი ქუჩაში ფოტოს გიღებს და გჩხრეკს – ინტერვიუ

რუსულნომრიან მანქანებს ვერც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია რუსულნომრიან მანქანებს არასწორი დგომისა და პარკინგის საფასურის გადაუხდელობის გამო ვერ აჯარიმებს. ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პარკირების დარღვევისთვის დაჯარიმების წესში ცვლილების განხილვისას იმსჯელეს. ეს ინფორმაცია არც ინსპექციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლაშა მამულაძემ უარყო.

სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთმა მოადგილემ, ზურა ნაკაიძემ განმარტა, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთის, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნომრიანი მანქანის მფლობელი, ჯარიმებს ქვეყნიდან გასვლისას, საბაჟოზე იხდიან. თუმცა, ეს მუნიციპალური ჯარიმა არ არის, აქ მათ ხვდებათ ე.წ. საპატრულო პოლიციის ჯარიმები, გადაადგილებისას დაფიქსირებული დარღვევების გამო და არა პარკირების დარღვევის ან მისი საფასურის გადაუხდელობის გამო დაკისრებული ჯარიმები.

„მე ვაცილებდი სტუმარს და საბაჟოზე გადაახდევინეს ჯარიმა, პატრული დახვდა ადგილზე“, – განაცხადა ზურა ნაკაიძემ. მან გააჟღერა ინიციატივა: „მივაბათ მუნიციპალური ჯარიმებიც“.

იმისთვის, რომ ინსპექციამ უცხო ქვეყნის ნომრიანი მანქანების მძღოლების დაჯარიმება შეძლოს, საჭიროა ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ასეთი ცვლილების მომზადება შეუძლია მაგალითად რესან კონცელიძეს, რომელიც ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში. რესან კონცელიძეს ამ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციასთან კონსულტაციის და, ზოგადად, კომუნიკაციის პრობლემა დიდი ალბათობით არ ექნება.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში, უცხოურნომრიანი ავტომობილების დაჯარიმებისა და შემდგომ ჯარიმების ამოღების სისტემას მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს ქვეყნის მასშტაბით. პრობლემას აღიარებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

 

 

ფრიდონ ხალვაშის გამზირი 5 ივნისამდე არ გაიხსნება – რა მიზეზს ასახელებს დეპარტამენტი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, რომელიც 22 მაისს უნდა გახსნილიყო, კვლავ გადაკეტილია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოების დასრულება „უამინდობის გამო ვერ მოესწრო“ და მოძრაობა 5 ივნისამდე არ აღდგება.

„ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ0-კმ4 მონაკვეთზე (ფრიდონ ხალვაშის ქუჩა) მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისთვის, აღნიშნული გზის კმ1-კმ3 მონაკვეთი ჩაკეტილია, ხოლო კმ3-კმ5 მონაკვეთზე ჩაკეტილია მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი (ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით), ახალციხიდან ბათუმის მიმართულებით კი მსუბუქი ავტოტრანსპორტი მოძრაობს ცალმხრივად.

სამუშაოების წარმოების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2023 წლის 21 მაისი, თუმცა, სამუშაოების დასრულება მითითებულ ვადაში უამინდობის გამო ვერ მოესწრო. სამუშაოების დასასრულებლად, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ1-კმ3 და კმ3-კმ5  მონაკვეთებზე დაწესებული  მოძრაობის სპეციალური რეჟიმი გაგრძელდება 2023 წლის 4 ივნისის ჩათვლით.

ჩაკეტვის პერიოდში, ახალციხიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მაჭავარიანის ქუჩის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის გავლით. ხოლო, ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 109-ე კმ-დან ჭოროხისა და ა. შანიძის ქუჩების გავლით და დაუკავშირდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზას მე-5 კმ-ზე.“ – აცხადებს დეპარტამენტი.

ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 13.05.2023

ამავე თემაზე:

ფრიდონ ხალვაშის ხალვაშის გამზირი 3 მაისიდან გადაკეტილია, რის გამოც მოძრაობა გართულებულია მიმდებარე ქუჩებზე.

„დღეს ძლივს გადავრჩი“ – აეროპორტის გზატკეცილი ქვეითებისთვის სახიფათოა

უკრაინა პირდაპირ კავშირში არ არის ბელგოროდის ოლქის მოვლენებთან – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ უკრაინა პირდაპირ კავშირში არ არის რუსეთში, ბელგოროდის ოლქში 22 მაისს განვითარებულ მოვლენებთან.

„ერთადერთი მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა მარწუხებში მოქცეულ ტოტალიტარულ ქვეყანაში ყოველთვის გარდაუვალად ხდება პარტიზანული მოძრაობა იარაღით ხელში.

უკრაინა ინტერესით ადევნებს თვალს რუსეთში, ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებს და სწავლობს სიტუაციას, ამავე დროს ამ მოვლენებთან არ არის პირდაპირ დაკავშირებული. როგორც ცნობილია, ტანკები იყიდება რუსეთის ნებისმიერ სამხედრო განყოფილებაში, ხოლო პარტიზანული რაზმები რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება“ – წერს პოდოლიაკი.

  • რა ხდება?

22 მაისის დილიდან, მედია და ტელეგრამ-არხები აქტიურად წერენ უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე.

ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსების ლეგიონმა რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა, ხოლო იქამდე – რუსული სასაზღვრო პუნქტი გაანადგურა.

უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქის დაბა გრაივორონში არტილერიული ცეცხლით განადგურებულია სასაზღვრო პუნქტი, მოგვიანებით კი გავრცელდა ვიდეო, სადაც პუნქტზე უკრაინული ტანკიც გადაადგილდება.

რუსული მხარე აქედან მხოლოდ გრაივორონის რაიონის რამდენიმე სოფლის დაბომბვას ადასტურებს, თუმცა, ამ სოფლებს შორისაა კაზინკაც, რომელიც უშუალოდ უკრაინის საზღვართანაა და რომელშიც მდებარეობს ხსენებული პუნქტი.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი გლადკოვი იმასაც ამბობს, რომ რაიონში უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფია შესული, რომელსაც რუსული ძალები ებრძვიან. რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ჯგუფთან საბრძოლველად გააგზავნეს ვერტმფრენებიც.

უკრაინული მხარე კი ამბობს, რომ ბელგოროდში არა უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები, არამედ ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ მოქმედებს [ლეგიონში რუსები არიან გაწევრიანებული და იბრძვის უკრაინის მხარეს]. პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციაშიც თქვეს, რომ მიმდინარე მოვლენებთან უკრაინას უშუალო შეხება არ აქვს.

ბათუმის პორტში კატარღაზე ხანძარი გაჩნდა

დღეს, 22 მაისს, ბათუმის პორტში, ზღვაში მყოფ კატარღაზე ხანძარი გაჩნდა.

როგორც თვითმხილველებმა უთხრეს „ბათუმელებს“, კატარღაზე მყოფი ადამიანები ხანძრის გაჩენის შემდეგ ზღვაში გადახტნენ. კატარღაზე 2 ტურისტი, ინდოეთის მოქალაქეები და მესაჭე იყვნენ.

ისინი უსაფრთხოდ გამოვიდნენ ნაპირზე.

ხანძარი კატარღაზე. ფოტო: ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ხანძარი კატარღაზე. ფოტო: ფოტო: „ბათუმელები“

ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფი და სამაშველო კატარღა, რომელიც ხანძარს აქრობს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ახალი უფროსი დანიშნეს – ვინ არის ალექსი ახვლედიანი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი უფროსი ჰყავს. ალექსი ახვლედიანი ამ პოსტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, „ალექსი ახვლედიანს დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშენებლო-ეკონომიკური ფაკულტეტი და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. მისი შრომითი გამოცდილება საკმაოდ მრავალმხრივია – სხვადასხვა წლებში მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი დირექტორი არის საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი“.

ეკონომიკის სამინისტროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია, სად მუშაობდა ალექსი ახვლედიანი და რა კარიერული გზა გაიარა, სანამ ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელი გახდებოდა.

ისევე როგორც ამ დრომდე არ გაუვრცელებია ალექსი ახვლედიანის ფოტო.

ვინ არის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი დირექტორი

ალექსი ახვლედიანს, როგორც ააიპ – „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ბოლო დეკლარაცია 2016 წელს აქვს შევსებული.

ამ დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობდა მიწის ნაკვეთებს და ბინებს საქართველოში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და უკრაინაში.

დეკლარაციის თანახმად, ალექსი ახვლედიანი 2016 წლისთვის ფლობდა წილებს რამდენიმე ბიზნეს კომპანიაში, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში.

ამასთან, ალექსი ახვლედიანის სახელი უკავშირდება „რუსთავი 2“-ის და იმჟამინდელი დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეს.

კერძოდ, 2015 წელს, მაშინ, როდესაც ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელი იყო და ხელისუფლება ტელევიზიისგან მის ჩამოშორებას ცდილობდა, გვარამიამ ღიად განაცხადა, რომ მას ხელისუფლება პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით დაემუქრა.

2015 წლის 21 ოქტომბერს, „რუსთავი 2“-ის საგანგებო ეთერში, ნიკა გვარამია გამოვიდა და თქვა, რომ „2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის შენობაში მასთან შეხვედრისა და ხელისუფლების მოთხოვნის გადასაცემად მივიდა მისი მეგობარი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი – 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.

ხელისუფლების გზავნილი შეიცავდა მოთხოვნას, რომ სასამართლოში მიმდინარე პროცესებისთვის ამ უკანასკნელს არ შეეშალა ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაასაჯაროებდნენ მისი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს, სხვადასხვა სატელეფონო საუბრებს, მათ შორის ტელეკომპანიის მართვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან გამართულ სატელეფონო საუბრებს“.

მოგვიანებით, ნიკა გვარამიამ ჩვენება მისცა პროკურატურას. გვარამიას ჩვენების საფუძველზე კი ალექსი ახვლედიანი დაიკითხა როგორც მოწმე. ცნობისათვის, მან დაადასტურა გვარამიასთან შეხვედრა, თუმცა უარყო, რომ მას რაიმე სახის გზავნილი გადასცა.

2015 წლის 23 ოქტომბერს პროკურატურამ ამ საქმეზე განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ „ალექსი ახვლედიანმა დაადასტურა ნიკა გვარამიასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა, ამ ურთიერთობის ფარგლებში მათი სხვადასხვა ვითარებაში ხშირი შეხვედრები და  მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში 2015 წლის 21 ოქტომბერს შემდგარი შეხვედრის ფაქტი, თუმცა კატეგორიულად უარყო რაიმე სახის სახელისუფლებო გზავნილების გადაცემის, მათ შორის სასამართლოში მიმდინარე პროცესებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების ანდა სატელეფონო საუბრების მასალების გასაჯაროებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მოთხოვნის გადაცემის ფაქტი“.

ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ ალექსი ახვლედიანს საჯარო სამსახურში აღარ უმუშავია.

  • აუდიტი უწყებაზე, რომელსაც ახვლედიანი ხელმძღვანელობა

2017 წელს აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ააიპ „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ს საორგანიზაციო კომიტეტის“ აუდიტი – კომიტეტს ალექსი ახვლედიანი ხელმძღვანელობდა.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, კომიტეტის საქმიანობაში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა.

კერძოდ, ვერ იქნა წარმოდგენილი საორგანიზაციო კომიტეტის 2011-2015 წლების შესაბამისი პერიოდების ფინანსური ანგარიშგება, ბალანსები და მასთან დაკავშირებული სხვა ანგარიშები;

„ადგილი ჰქონდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაუცველად ხელშეკრულებების გაფორმებას საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლებთან, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, უმეტეს შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ბინის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმების დარღვევის ფაქტებს. მივლინების ბრძანებებში არ იყო ინფორმაცია, თუ რამდენი დღის მიხედვით ხდებოდა სასტუმროს ხარჯის ანაზღაურება. ზოგიერთ შემთხვევაში ბრძანებით არ იკვეთება მივლინების მიზანი და ის ზოგადი ხასიათისაა. ვერ იქნა წარმოდგენილი ღონისძიებებზე ოფიციალური მოწვევები და ინფორმაცია მივლინებით მიღწეულ შედეგებზე,“ – ვკითხულობთ 2017 წელს გამოქვეყნებულ აუდიტის დასკვნაში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წინა ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა სააგენტო 1-ელ მაისს დატოვა.

თამარ იოსელიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ტოვებს

ბათუმში ქართველი და უკრაინელი მოჭადრაკეების სოლიდარობის მატჩი გაიმართება

ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაციისა [„ფიდე“] და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმში  უკრაინელი და ქართველი ცნობილი მოჭადრაკეების შეხვედრა გაიმართება.

„ფიდეს“ ცნობით, 5-11 ივნისს სასტუმრო „ლეგენდაში“, ბათუმში სოლიდარობის მატჩს გამართავენ მარია და ანა მუზიჩუკები [უკრაინა] და ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე [საქართველო].

დები ანა და მარია მუზიჩუკები  ლვოვის ოლქში მდებარე სოფლიდან არიან. სწორედ იქ დაიწყო საჭადრაკო კარიერა უფროსმა დამ, ანა მუზიჩუკმა, რომელსაც ახლა დიდოსტატის წოდება აქვს, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია ჭადრაკში და უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. ქალთა შორის დიდოსტატის წოდება და ბევრი ჯილდო აქვს მის დას, მარია მუზიჩიკსაც.

ქართველი მოჭადრაკე ქალებიდან უკრაინელებს ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე შეხვდებიან. ბაციაშვილი გროსმაისტერია, იგი საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია. მერი არაბიძე ევროპის მოქმედი ჩემპიონია, „ფიდე“ წერს, რომ „თავისი ამჟამინდელი ძალითა და ამბიციური თამაშით, ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი მოთამაშე და უახლოეს მომავალში დიდოსტატის ტიტულის მოპოვების შანსი აქვს“.

რას ამბობს სააგენტო ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის საზღვაო გადაზიდვებზე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ

„ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება“ – აცხადებს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის რეგულარული საზღვაო გადაზიდვები დაიწყო, დღეს გავრცელდა სომხურ მედიაში.

„რაც შეეხება ცნობას კონკრეტული გადაზიდვების შესახებ, აპრილში პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა Haci Musa Ucak- (IMO 9128544) ნამდვილად შეასრულა ორი კომერციული რეისი ნოვოროსისკსა და ბათუმს შორის.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის რეგულარული რეისი და სრულად არის კომერციული ხასიათის, რომელიც სისტემატურად ხორციელდება. აღნიშნული გემის მფლობელი კომპანია, რომელიც არ იძებნება სანქცირებულთა სიაში, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას. რაც შეეხება ტვირთს, ის სრულად ტრანზიტულია და განკუთვნილია სომხეთის რესპუბლიკისთვის.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შეაბამისად, თუკი გემი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“ – ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

უკრაინელი პილოტების F-16-ისთვის მომზადება დაწყებულია – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების, F-16-ების მიწოდება მალე დაიწყება – წერს უკრაინული მედია.

„ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„პილოტების მომზადება უკვე დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენ შევძლებთ უკრაინას ეს იარაღი [F-16] მივაწოდოთ“, – ციტირებს უკრაინული მედია ბორელის.

F-16 თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავია, რომელსაც რაკეტის გასროლა 800 კილომეტრის მანძილზე შეუძლია. აღნიშნული თვითმფრინავი უკრაინას ბრძოლის ველზე მიანიჭებს დიდ უპირატესობას და მას შესაძლებლობა ექნება, ფრონტის ხაზიდან მოშორებით შეუტიოს მტრის პოზიციებს.

გასულ კვირას დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ კოალიცია, რომელშიც უკვე შედიან: დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, შეერთებული შტატები და პორტუგალია, მიზნად ისახავს უკრაინელი მფრინავების მომზადებას მეოთხე თაობის გამანადგურებლებისთვის, მათ შორის F-16-ისთვის.

თეთრმა სახლმა ასევე დაადასტურა, რომ უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები და მოკავშირეები განიხილავენ, როდის და რა რაოდენობით მიიღებს უკრაინა თანამედროვე მებრძოლებს.

____________

ფოტოზე: F-16. ფოტო: ვიკიპედია

თიბისი უზბეკეთში EBRD-ის მიერ გამართული ყოველწლიური ფორუმის მხარდამჭერია 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში, რიგით 32-ე ყოველწლიურ შეხვედრას და ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი თიბისი ჯგუფი (TBC Group PLC) იყო.

ფორუმი, სახელწოდებით “Investing in Resilience”, 16 მაისს გაიხსნა და სამი დღე გაგრძელდა, მასში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წარმომადგენლებმა, ფინანსური და კორპორატიული სექტორის აღმასრულებლებმა, მეწარმეებმა, სამოქალაქო სექტორმა და მედიამ მთელი მსოფლიოდან.

ფორუმზე თიბისი ჯგუფის (TBC Group PLC) დელეგაციას ხელმძღვანელობდა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. სადისკუსიო პანელებში მონაწილეობდნენ თიბისი ბანკი უზბეკეთისა და Payme უზბეკეთის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და Space International-ის აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ქურდიანი და თიბისი ბანკი უზბეკეთის აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი თეთრაშვილი, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს ციფრული პროგრესის მნიშვნელობას, უზბეკეთის ბაზრის მიმზიდველობას და ციფრული ტრანსფორმაციის გავლენას ფინანსურ ჩართულობაზე.

„მოხარული ვარ, რომ თიბისი ჯგუფი, მასში შემავალ კომპანიებთან ერთად, წარმოდგენილია EBRD-ის ყოველწლიურ ფორუმზე, რომელიც ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ბოლო 12 წლის განმავლობაში.  თიბისი ჯგუფს EBRD-თან წარმატებული თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს, რომელიც უკვე ორ ათწლეულს ითვლის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თიბისი უზბეკეთის გაფართოებაში, რაც საშუალებას  გვაძლევს, უფრო მეტ მომხმარებელს შევთავაზოთ ინოვაციური და ხელმისაწვდომი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრი,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ერთად, 2021 წელს თიბისი ბანკი უზბეკეთის კაპიტალის მოცულობის ზრდაში მიიღო მონაწილეობა. პირველი შენატანის სახით, თითოეულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა თიბისი უზბეკეთში 9.4 მილიონ აშშ დოლარი განახორციელა. EBRD და IFC კაპიტალის მოცულობის ზრდას 2024 წლამდე გააგრძელებენ.

სამარყანდის ფორუმმა თემების ფართო სპექტრი მოიცვა, მათ შორის: უზბეკეთის საინვესტიციო პერსპექტივა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და განახლებადი ენერგიები; უკრაინასთან ომით გამოწვეული მოკლე და გრძელვადიანი გამოწვევები; დიჯიტალიზაცია განვითარებად ბაზრებზე და ფინანსური ჩართულობა.

„მინდა გავხსნა ხილის საწარმო“ – შშმ ქალების გეგმები და გამოწვევები  

44 წლის ზეინაბ თურმანიძემ ქედაში, სოფელ მერისში, სილამაზის სალონი გახსნა. ზეინაბი შილაკის სპეციალისტია. თავის სალონში სტილისტიც დაასაქმა. ახლა უნდა, რომ საქმიანობა გააფართოოს, ამისთვის კი ფინანსები სჭირდება. სწორედ ამ მიზნით გაიარა მან სპეციალური ტრენინგკურსი, სადაც პროექტის წერა ისწავლა.

„ამ ტრენინგებმა მომცა იმის შანსი, რომ კიდევ ერთხელ დავინახო ჩემი შესაძლებლობები. ჩემი სურვილი და ოცნება ავისრულო და კიდევ ერთ სფეროში გამოვცადო ჩემი თავი,“ – ამბობს ზეინაბი.

ტრენინგები ბიზნესპროექტების წერისათვის ქედაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ალიანსმა ჩაატარა.  მასში მონაწილეობა ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ ქალებსა და შშმ პირთა დედებს შეეძლოთ. ტრენინგები „მაკ ჯორჯიასა“ და ქედის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

ტრენინგები ბიზნესპროექტების წერისათვის

„სოფლად მცხოვრები ადამიანების ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა მეტად რთულია, ვიდრე ქალაქში. დასაქმების შანსი შშმ პირებისთვის, ფაქტობრივად, ნულამდეა დაყვანილი, თუ ის არ წამოიწყებს საოჯახო ბიზნესს ან/და საოჯახო მეურნეობაში არ იქნება ჩართული.

საბედნიეროდ, სახელმწიფოში არსებობს ბევრი ისეთი პროექტი, რომლებიც აძლევს სოფლად მცხოვრებ ოჯახებს საკუთარი ბიზნესის წამოწყების საშუალებას.

აქ ორი საკითხია – ერთი, ოჯახებმა არ იციან, როგორ დაწერონ პროექტი, რადგან ამას სპეციფიკური ცოდნა სჭირდება და მეორე – ოჯახებს არ გააჩნიათ იმის ფინანსური რესურსი, დავუშვათ, ვიღაცას დაუკვეთონ მათი იდეის პროექტად ქცევა და დაწერა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეგეგმა ტრენინგების კურსი, სადაც ისინი ისწავლიდნენ ბიზნესპროექტების შედგენის საფუძვლებს და იმას, თუ როგორ აესახათ ფურცელზე საკუთარი იდეა.

ჩვენი ტრენერთა გუნდი მათ არამარტო ცოდნას აძლევს, არამედ საბოლოო განაცხადამდე უწევს მენტორობას და ეხმარება საპროექტო ფორმის სრულფასოვნად შევსებაში. ამ ეტაპზე ქედის მუნიციპალიტეტში გამოცხადებულია საგრანტო კონკურსი. თანხის მოცულობა 5 ათასი ლარია. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა რამდენიმე მონაწილემ პირველ ეტაპზევე სცადოს ბედი ამ კონკურსში,“ – ამბობს შშმ ქალთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი დეა ერემაშვილი.

დეა ერემაშვილი

„სოფელ კოლოტაურში ვცხოვრობ. შშმ ქალთა ალიანსმა მომცა განვითარების საშუალება და მოტივაცია, დამეწყო სწავლა. ხეხილის ბაღი მაქვს. ძალიან მინდა ხილის საწარმო გავხსნა. ამ ტრენინგებზე ვისწავლე პროექტის წერა და იმედი მაქვს, რომ შევძლებ ჩემი ბიზნესგეგმების განხორციელებას,“ – ამბობს ტრენინგის კიდევ ერთი მონაწილე ქეთევან მახარაძე.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა გამოწვევები ქედაში

საკუთარი ბიზნესის დაწყების იმედი აქვს მადლენა მახარაძესაც. ის სოფელ ზუნდაგაში ცხოვრობს და საოჯახო სასტუმროს გახსნა სურს.

„14 წლის შშმ ბავშვის დედა ვარ. რადგან შშმ პირი მოითხოვს იმაზე მეტ ყურადღებას, ვიდრე ტიპური განვითარების ბავშვები, აქედან გამომდინარე გვიწევს 24 საათი მათთვის ყურადღების მიქცევა. აქედან გამომდინარე ბევრ რამეზე გვიწევს უარის თქმა.

ამიტომ თითოეული ასეთი შესაძლებლობა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა. კონკრეტულად ამ ტრენინგმა დამანახა გზა, თუ როგორ უნდა განვახორციელო იდეა, როგორ დავწერო ბიზნესგეგმა, როგორ წამოვიწყო სასტუმროს ბიზნესი, რომელიც ჩემი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობას გააძლიერებს და რომელშიც ჩემი შშმ შვილიც იქნება ჩართული,“ – ამბობს მადლენა.

ბიზნესპროექტების წერის ტრენინგზე

გარდა ტრენინგების ციკლისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ალიანსმა ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ქალებისა და მათი ოჯახების საჭიროებების დასადგენად კვლევა ჩაატარა.

კვლევის მიზანი იყო ეჩვენებინა, რა გამოწვევების წინაშე დგანან შშმ პირები სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი კუთხით და ასევე, იმის დადგენა, თუ რა უშლით ხელს შშმ პირებს სოციალიზაციაში.

თვისობრივი კვლევა ქედის სოფლებსა და მუნიციპალიტეტის ცენტრში ჩატარდა. გამოიკითხნენ შშმ ქალები, მათი ოჯახის წევრები, სოფლის ექიმები, პედაგოგები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. სულ ჩატარდა  22 სიღრმისეული ინტერვიუ.

კვლევის პრეზენტაცია ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში

კვლევის შედეგად გამოიკვეთა ის გამოწვევები, რაც სოფლად თუ მუნიციპალურ ცენტრებში მცხოვრებ შშმ პირებს აქვთ.

გაირკვა, რომ შშმ პირებს სერვისების ხელმისაწვდომობაში მთელი რიგი ბარიერები აქვთ, ამასთან, მთელი რიგი სერვისები ბათუმშია თავმოყრილი, რის გამოც მასზე წვდომა სოფლად მცხოვრები შშმ პირებისთვის ხშირად დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

შშმ ქალებისთვის დამატებითი გამოწვევაა სტერეოტიპები, რასთან გამკლავებაც უწევთ. გარდა ამისა, ნაკლებადაა ან საერთოდ არ არსებობს სოციალიზაციაზე მიმართული პროგრამები. ხშირად შშმ პირებს არ აქვთ ინფორმაცია მათ უფლებრივ მდგომარეობაზეც.

15 მაისს ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

„მუნიციპალიტეტს წარვუდგენთ ამ კვლევას, რადგან ჩვენი მიზანია, ქედის მუნიციპალიტეტმა ნათლად დაინახოს ქედაში მცხოვრებ შშმ ქალთა ოჯახების საჭიროებები, რომ პროგრამები და რესურსები, რაც გააჩნია მუნიციპალიტეტს, იყოს მორგებული შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე,“- ამბობს დეა ერემაშვილი.

კვლევის პრეზენტაცია ქედაში

დეა ერემაშვილის თქმით, თავად შშმ ქალებმა ბევრი რესურსი ჩადეს, რომ კარგად ჩამოეყალიბებინათ ის, რისი თქმაც უნდოდათ.

„ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, ვიყოთ ანგარიშვალდებული იმ ხალხის მიმართ, ვისთვისაც ვაკეთებთ ამ პროექტს. ჩვენი ორგანიზაცია ერთადერთია აჭარაში, რომელიც მუშაობს შშმ ქალთა პრობლემებზე. ყველა კვლევის თანახმად, გინდა საქართველოში და გინდა მსოფლიოში, ჩანს, რომ შშმ ქალები არიან ბევრად უფრო მოწყვლადები, ვიდრე კაცები. თუნდაც განათლების ხელმისაწვდომობით, ოჯახების მხრიდან დამოკიდებულებით და ა.შ.

ასევე, მეორე მოწყვლადი ქალების ჯგუფს წარმოადგენენ შშმ ბავშვების დედები, რომელთა ჯაფა არის დაუნახავი, რადგან ძირითადად შშმ შვილებზე ზრუნვა მათ უწევთ.

ჩვენი პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ერთი, მუნიციპალიტეტს დავანახებთ იმ გამოწვევებს, რასაც შშმ ქალები და შშმ პირთა დედები აწყდებიან და მეორე იმით, რომ მივცემთ საჭირო უნარებს ამ ადამიანებს იმისათვის, რომ გაიუმჯობესონ საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობები,“ – ამბობს დეა ერემაშვილი.

პროექტი, რომელსაც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ალიანსი“ ახორციელებს, მიზნად ისახავს ქედაში მცხოვრები შშმ ქალებისა და შშმ პირთა დედების ინტერესების ლობირებას მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე.

პროექტში ჩართულმა ბენეფიციარებმა ისეთი უნარ-ჩვევები შეიძინეს, რაც სამომავლოდ მათ ფინანსურ გაძლიერებაში დაეხმარება.

„შშმ ქალთა ალიანსი“ 2021 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი მიზანი შშმ ქალთა უფლებების დაცვა და მათი გაძლიერებაა.

პროექტის განხორციელება ორგანიზაციამ „მაკ ჯორჯიას“ და ქედის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით შეძლო.

რუსეთი ქმნის ახალ ჯგუფს უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებისთვის – ბრიტანული დაზვერვა

„რუსეთი, დიდი ალბათობით, ქმნის ახალ „ელიტარულ“ საავიაციო თავდასხმის ჯგუფს, სახელწოდებით „შტორმი“, უკრაინის თავზე ოპერირების მიზნით. ქვედანაყოფი, სავარაუდოდ, შედგენილი იქნება Су-24-ების, Су-34-ისა და თავდასხმითი შვეულმფრენების ესკადრილიისგან“ – დაწერა დღეს, 22 მაისს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში.

უწყება წერს, რომ მსგავსი შემადგენლობის ჯგუფს სავარაუდოდ ექნება მთავარი როლი უკრაინაზე საჰაერო თავდასხმისას.

რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, დაზვერვა წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიზანია მიიზიდოს მაღალკვალიფიციური და მოტივირებული მფრინავები დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ და პენსიაზე გასული მფრინავების გაწვევით.

დაზვერვის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი დაჯგუფების შექმნა იმაზე მეტყველებს, რომ რუსული საჰაერო ძალები ვერ ასრულებენ ძირითად ამოცანებს – თავდასხმას უკრაინის პოზიციებზე.

______________

ფოტოზე: Су-24. ფოტო: ვიკიპედია

როგორ გამოიყურება ზვავის მიერ დანგრეული უბანი ბახმაროში | ფოტორეპორტაჟი

ბახმაროში, მიმდინარე წლის ზამთარში, ზვავმა პიონერის ქუჩაზე 20-ზე მეტი სახლი დაანგრია.

ნახეთ რა მდგომარეობაა დღეს სტიქიის ადგილზე

ფოტოები 2023 წლის 21 მაისს არის გადაღებული

ბახმარო, პიონერის ქუჩა / 21.05.2023
ბახმარო, პიონერის ქუჩა / 21.05.2023
ბახმარო / 21.05.2023
ბახმარო / 21.05.2023
ბახმარო / 21.05.2023
ბახმარო / 21.05.2023
ბახმარო / 21.05.2023
ბახმარო / 21.05.2023
ბახმარო / 21.05.2023
ბახმარო / 21.05.2023
ბახმარო / 21.05.2023

სტიქიის შედეგად რამდენჯერმე ჩაიხერგა ბახმაროში მისასვლელი გზაც. ამ დროისთვის კურორტზე მისასვლელ გზაზე მოძრაობა თავისუფალია.

ბახმაროში მისასვლელი გზა / 21 მაისი 2023 წელი
ბახმაროში მისასვლელი გზა / 21 მაისი 2023 წელი
ბახმაროში მისასვლელი გზა / 21 მაისი 2023 წელი

კურორტ ბახმაროში წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობების აშენებას სახელმწიფო შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გეგმავს. ნაგებობის აშენება 4 წლის წინ დააანონსეს, თუმცა ამ დრომდე შესაბამისი პროექტებიც კი არ არის მზად.

ამის მთავარ მიზეზად კომპანიაში „ბათუმელებს“ „ბახმაროს რთული რელიეფი“ დაგვისახელეს:

ზვავმა წელს ბახმაროში 20 სახლი დაანგრია

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 22 მაისს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge-ზე, ასევე საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ კერძო და საჯარო დაწესებულებებში.

სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს გაზრდილია ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა – ეს საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც.

„აღნიშნული პროგრამების დასრულების შემდეგ გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის.

რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. დუალური მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 მაისის 21 საათიდან 23 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 24-25 მაისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 203 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +720]
  • ტანკი – 3 785 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 7 407 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 3 278 ერთეული [+20]
  • MLRS – 565 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 327 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 309 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 830 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 011 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 129 ერთეული [+14]
  • სპეცტექნიკა – 427 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 428 თვითმფრინავი
  • 235 ვერტმფრენი
  • 4 262 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 257 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 881 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 379 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

[yellow_box]უკრაინელი პილოტების F-16-ისთვის მომზადება დაწყებულია – ბორელი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

უკრაინამ ჩამოაყალიბა 65-ათასიანი დაჯგუფება და შეტევისთვის ელოდება თვითმფრინავებს – ინტერვიუ

ბათუმელი მოსწავლეებისთვის ლექციები გაიმართება განახლებადი და სუფთა ენერგიის შესახებ

ხვალ, 22 მაისს, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში და GREDA საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უპირატესობების, ეკონომიკური ზრდისა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის შესახებ ბათუმელი მოსწავლეებისთვის ორ ლექციას გამართავს.

როგორც ამ ღონისძიების ორგანიზატორები წერენ, „ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ლექციები მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიისა და გარემოს დაცვის შესახებ მომავალ თაობებში ცოდნის ამაღლებას. მიზნობრივი ინტერვენციები ახალგაზრდებში მდგრადი გადაწყვეტილებებისა და ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში მათი წვლილის წასახალისებლად არის მიმართული.

ხოლო, ახალი იდეები და ტექნოლოგიები მათ კრიტიკული აზროვნების განვითარებაში და ენერგეტიკული პრობლემების მოგვარების ახალი გზების პოვნაში დაეხმარება“.

ლექცია ბათუმში გაიმართება ხვალ 13:30 საათზე, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, რომელიც მდებარეობს ლეონიძის #15-ში.

ხვალვე კიდევ ერთი ლექცია გაიმართება ბათუმის ფიზიკისა და მათემატიკის სკოლაში [ფიროსმანის ქ. N5].

23 მაისს კი ლექციები იგეგმება შუახევსა და ხულოში.

პროექტის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ „ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი მომავლისთვის. ამ ინიციატივის მეშვეობით, USAID ცდილობს შექმნას განახლებადი ენერგიის უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური მომავალი და უზრუნველყოს, რომ სუფთა და მდგრადი ენერგიის შესახებ ყველას ზუსტი აღქმა ჰქონდეს“.

ავარია მახინჯაურში, დაშავდა ერთი ადამიანი

დღეს, 21 მაისს, ავტოავარია მოხდა ბათუმში, მახინჯაურში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიისას ერთ-ერთი ავტომობილი გასაყიდად გამოტანილ ბამბუკის კიბეებს შეეჯახა და ღობე გაარღვია.

ავარიის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ორი ქართველი მეზღვაური მეკობრეების ტყვეობიდან გაათავისუფლეს – სააგენტო

„ქართველი მეზღვაურები, რომლებიც მეკობრეებმა გაბონში გემიდან გაიტაცეს, თავისუფალნი არიან.

ტყვეობიდან გამოხსნილი მეზღვაურები ნიგერიაში სამედიცინო შემოწმებას გადიან. პირველადი მონაცემებით, ორივე მეზღვაური თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე დღეში სამშობლოში დაბრუნდებიან,“ – ინფორმაციას ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ავრცელებს.

ინფორმაცია მეზღვაურების გატაცების შესახებ 2 მაისს გახდა ცნობილი. სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საკონსულო იტყობინებოდა, რომ ღამის საათებში გემიდან, რომელიც გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე იდგა,  გაიტაცეს სამი მეზღვაური, მათ შორის, ორი საქართველოს მოქალაქე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით მეზღვაურთა გათავისუფლებაში ჩართულნი იყვნენ:    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ნიუ-იორკის შტატსა და სინგაპურში არსებული საქართველოს გენერალური საკონსულოები და გემთმფლობელი კომპანია.

2 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს გემიდან გაბონის ტერიტორიულ წყლებში

მეცხვარეების გზა შირაქის ველიდან თუშეთის საზაფხულო საძოვრებისკენ [ფოტო]

ყოველი წლის გაზაფხულზე, აპრილის ბოლოს თუში მეცხვარეები ზამთრის საძოვრებიდან ცხვარს თუშეთში მიერეკებიან. გზა შირაქ-სამუხის ველიდან თუშეთის საზაფხულო საძოვრებამდე გრძელია და თითქმის ორი კვირა სჭირდება ცხვრის გადარეკვას.

მეცხვარეებს რთული, სახიფათო და გრძელი გზის გავლა უწევთ, სანამ სამშვიდობოს გააღწევენ და ცხვარს დააბინავებენ.

რამაზ ომაიძეს მცირე ცხვრის ფარა ჰყავს. ამიტომ ის ყოველ წელს მეგობარ მეცხვარეებს ატანს ხოლმე საკუთარ ცხვარს მთაში. თან რთულ გზაზე აცილებს და აბანოს უღელტეხილის გადალახვაში ეხმარება.

ცხვრის გადარეკვა აბანოს უღელტეხილზე 4|05|2023 ფოტო: რამაზ ომაიძე

რამაზ ომაიძემ 4-18 მაისის განმავლობაში სამი ცხვრის ფარა გადააცილა შირაქის ველიდან თუშეთის ზაფხულის იალაღებამდე.

„ცხვრის გადარეკვა 25 აპრილიდან იწყება. შირაქ-სამუხის ველიდან, მივდივართ თუშეთში. ორკვირიანი პროცესია გაზაფხულზე ეს მგზავრობა. ჯერ ცხვარი ალვანში აგვყავს, ალვანის ველებზე, სადაც თუშები ცხოვრობენ. მერე აქედან გადადის თუშეთის საზაფხულო საძოვრებზე. ოქტომბრის შუა რიცხვამდე რჩება თუშეთში ცხვარი. ოქტომბრის 15 რიცხვიდან კი ისევ გადმოდის შირაქზე.

მე მანქანით მივყვები ხოლმე. მერე 8-10 კილომეტრი ზემოთ უღელტეხილზე ფეხითაც ავდივარ. როგორც წესი აბანოს უღელტეხილზე, 39-ე კილომეტრამდე ვაცილებ ხოლმე. იქიდან კიდევ 70 კილომეტრი აქვთ მწყემსებს გასავლელი თუშეთის ზაფხულის საძოვრებამდე,”- უყვება რამაზ ომაიძე „ბათუმელებს“.

ცხვრის გადარეკვის დროს კარგ ამინდს დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი ფარა წელს აბანოს უღელტეხილზე რომო გიგოლაშვილმა და ქართლო მოზაიძემ გადაიყვანა. მეცხვარეებს კარგი ამინდები დაემთხვათ ფოტო: რამაზ ომაიძე
ცხვრის გადარეკვა შირაქიდან თუშეთის საზაფხულო საძოვრებზე

ამინდში არ გაუმართლათ მაისის შუა რიცხვებში წასულ მწყემსებს. რამაზ ომაიძის თქმით, 500 სული ცხვარი მიჰყავდათ, უღელტეხილზე ასულებს კი თოვა დახვდათ.

ცხვრის გადარეკვა აბანოს უღელტეხილზე ფოტო: რამაზ ომაიძე

„თოვლი და წვიმა გვქონდა. ორი დღე ვერ გადავედით აბანოს უღელტეხილზე. ორი დღე მთის ძირში ვიდექით, მთა არ გვიშვებდა, თოვდა მაღლა.

სირთულე ეგაა, რომ ქარსა და წვიმაში გარეთ ნაბადში გძინავს. ცხვარს მომწყემსვა უნდა. დღე და ღამ არ გვეძინა. ვმორიგეობდით ორ-ორი კაცი. ცუდი ამინდი რომაა ცხვარი იშლება, არ გაჩერდება ერთ ადგილზე. თუ არ მომწყემსავ დაიფანტება და მერე ნადირი წაიღებს.

ნადირმაც მოგვპარა ერთი სული. დათვი მოვიდა ერთი ცხვარი წაიყვანა. ასეთი მგზავრობა გვქონდა,“ – ამბობს რამაზ ომაიძე.

ცხვრის
ცხვრის გადარეკვა აბანოს უღელტეხილზე 17|05|2023ფოტო: რამაზ ომაიძე
ცხვრის გადარეკვა აბანოს უღელტეხილზე 17|05|2023ფოტო: რამაზ ომაიძე

თუშეთის საძოვრებიც დაყოფილია სოფლების და ხეობების მიხედვით. ოთხი სათემო გვაქვს – პირიქითი, გომეწარი, წოვათა და სასაჩაღმო. მე ვარ პირიქითის თემის უფროსი და ჩემი ცხვარი პირიქითის ხეობაში მიმყავს.

პირიქითის ხეობაში ძოვს მარტო პირიქითის ცხვარი. გომეწრის ხეობა არის გომეწრის სოფლებში მცხოვრები მეცხვარეების და ასეა დაყოფილი. მწყემსები სხვა ხეობაში არ გადადიან. განა ვინმე რამეს ეტყვის, მაგრამ დაუწერელი კანონია ასეთი. წინაპრებიდან ასე იყო ყველა თავის ხეობაში აძოვებდა და აძოვებს თავის საქონელს – ცხვარს ან ძროხას,“ – უყვება რამაზ ომაიძე „ბათუმელებს“.

ცხვრის გადარეკვა აბანოს უღელტეხილზე  ფოტო: რამაზ ომაიძე  17 |05|2023

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო მონაცემებზე ომში – 21 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 203 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +730]
  • ტანკი – 3 783 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 7 398 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 3 258 ერთეული [+29]
  • MLRS – 564 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 327 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 822 ერთეული [+21]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 011 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 115 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 425 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 428 თვითმფრინავი
  • 234 ვერტმფრენი
  • 4 245 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 251 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 871 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 365 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

უკრაინამ ჩამოაყალიბა 65-ათასიანი დაჯგუფება და შეტევისთვის ელოდება თვითმფრინავებს – ინტერვიუ

ბათუმის სტადიონთან 130 მეტრი სიმაღლის კიდევ ერთი ცათამბჯენი აშენდება – საკრებულო თანახმაა 

ბათუმის საკრებულო 1 ან 2 განაშენიანების გეგმას თითქმის ყოველ სხდომაზე, ან ყოველ მეორე სხდომაზე მაინც ამტკიცებს. სხდომა თვეში ერთხელ იმართება. ბოლო სხდომაზე, რომელიც 19 მაისს გაიმართა, საკრებულომ K2 კოეფიციენტი გაუზარდა კომპანიას, რომელიც აპირებს 35- სართულიანი ორი კორპუსი და ერთიც 25-სართულიანი ააშენოს მელიქიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, ყოფილი „უნივერსამის“ ტერიტორიაზე.

ამავე სხდომაზე საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების გეგმის კონცეფცია, რომელიც ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან 40-სართულიანი კომპლექსის მშენებლობას გულისხმობს.

100-125 მეტრი სიმაღლის კორპუსები ყოფილი უნივერსამის ადგილას

ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან, ბაგრატიონის #135-ში შპს „ჯი. არ. აი“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კოეფიციენტის გაზრდას ეს კომპანიაც ითხოვს 7.0-მდე. სამშენებლო მიწის ნაკვეთი 7 727 კვ.მეტრია.

წითლად მონიშნულია საპროექტო ტერიტორია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, კომპანია აპირებს გაზრდილი კოეფიციენტით მიღებული ფართობის 10 %-ი მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდს გადასცეს. ეს ქალაქისთვის კანონით დადგენილი ერთგვარი კომპენსაციაა: კოეფიციენტის გადამეტების შემთხვევაში კამპანია ვალდებულია სხვაობით მიღებული ფართობის 10 პროცენტი, ბინების სახით, მერიას გადასცეს.

კოეფიციენტის გაზრდა კომპანიას საშუალებას აძლევს კონკრეტულ ზონაში დადგენილზე მაღალი შენობა ააშენოს. შესაბამისად, მეტი ფართობი და მეტი სარგებელი მიიღოს.

მას შემდეგ, რაც, 19 მაისს, ბათუმის საკრებულომ მიწის ნაკვეთის განაშენიანების გეგმის კონცეფცია  დაამტკიცა, კომპანიამ ახლა, კანონით დათქმულ ვადაში, მერიას განაშენიანების დეტალური გეგმა უნდა წარუდგინოს, რომელსაც თავის მხრივ მერია საკრებულოს წარუდგენს დასამტკიცებლად.

კანონი განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავებას იმ შემთხვევაში ითხოვს, თუ კომპანიას ზონაში დადგენილი კოეფიციენტის გადამეტება სურს.

განაშენიანების გეგმის კონცეფცია არ მოიცავს დაგეგმილი სამშენებლო პროექტის ზუსტ პარამეტრებს, თუმცა მასში მოცემულია საორიენტაციო პარამეტრები. სწორედ ამ პარამეტრების მიხედვით ბაგრატიონის #135-ში მინიმუმ 40-სართულიანი კორპუსი აშენდება, რომელიც 755 ბინას გააერთიანებს. ამას დაემატება კომერციული ფართობებიც. შენობის სიმაღლე 130 მეტრი იქნება.

კონცეფციაში მოცემული ინფორმაციით, კომპანია ააშენებს ერთ მიწისქვეშა სართულს, სადაც პარკინგს მოაწყობენ, პირველ ორ სართულზე კი კომერციული ფართობები იქნება.

შპს ჯი.არ.აი -ს მფლობელი ნინო განჯელაშვილია.

ამ სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ, მშენებლობას გეგმავს ასევე შპს „სთარ არ ჯი“. ეს კომპანია 13 914 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს საკუთრებაში ჟიული შარტავასა და ასლან აბაშიძის  16ა-ში.

ესკიზი

პროექტზე დეტალურად წაიკითხეთ აქ:

ბათუმის სტადიონთან მინიმუმ 4 თაუერის აშენებას გეგმავენ – პარლამენტიდან ბიზნესში

„სიცრუეა, რომ რუსეთი აფხაზეთს დაგვიბრუნებს“ – კიდევ რაზე მსჯელობენ ხანდაზმულთა ცენტრში

ბათუმის ხანდაზმულთა დღის ცენტრში 200-მდე ადამიანია რეგისტრირებული. ხანდაზმულები ხშირად იკრიბებიან აქ, რადგან ფიქრობენ, რომ მათთვის სოციალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და გვინდა, რომ ხანდახან საკუთარ თავზეც ვიფიქროთ. მოვდივართ, ხან ნარდს ვთამაშობთ, ხან ყვავილებს ვრგავთ, დავდივართ ექსკურსიებზეც“, – ამბობენ ხანდაზმულები „ბათუმელებთან“.

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მდებარე ამ ცენტრს წითელი ჯვარი აფინანსებს.

დავით თურმანიძე 65 წლისაა და ცენტრს ძალიან ხშირად სტუმრობს. „მომწონს, რომ ვიღაც ფიქრობს ჩვენზე და ეს ძალიან კარგია“, – გვეუბნება ის.

77 წლის ოთარიც დიდი ხანია, რაც ცენტრშია გაწევრიანებული და ამბობს, რომ ბევრი ახალი მეგობარიც შეიძინა აქ.

„ჩვენი პენსია ძალიან დაბალია. არ იძლევა იმის საშუალებას, რომ წელიწადში ერთხელ მაინც სადმე წახვიდე. ცენტრი საშუალებას გვაძლევს ეს დანაკლისი ცოტათი მაინც ავინაზღაუროთ. ახლახან თეატრშიც ვიყავით, დაგეგმილი გვაქვს ბაკურიანში წასვლაც.

ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, ამიტომ პატარა დრო შენს თავსაც ხომ უნდა დაუთმო“, – გვეუბნება ოთარ აბუსერიძე.

ოთარ აბუსელიძე, დავით თურმანიძე, ნაზიკო მორთულაძე

მერი მიქელაძე ახალგაზრდობაში სოკოს ქარხანაში მუშაობდა. იყო დიასახლისიც. თუმცა როგორც გვეუბნება, პენსია, რომელსაც დღეს სახელმწიფო აძლევს, ძალიან მიზერულია.

„რაში უნდა ვიკმაროთ? – წამალი ძვირია, საკვები ძვირი, პენსია კი ცოტა.

ძალიან მინდა ამ ქვეყანაში არავის შიოდეს, არ იყვნენ გაჭირვებულები, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი იცვლება“.

მერი ამბობს, რომ ბოლო იმედსაც კარგავს, რადგან „მთავრობა ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების იმედი ეწურება“.

„ჩვენი მთავრობის შემყურე უკვე ყველაფერი მეეჭვება. ჩინოვნიკები ფულს აკეთებენ, ჩვენ კი გაუსაძლისი ყოფა გვაქვს. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ წავიდნენ ევროპაში და ცხოვრება შეიცვალონ“, – გვეუბნება ის.

მერი მიქელაძე

ჟუჟუნა თურმანიძეც ცხოვრების გაუმჯობესების იმედს საქართველოს ევროინტეგრაციაში ხედავს. „მკერავი ვარ, რამდენი წელი ვიმუშავე და ასეთი დაბალი პენსია გვაქვს.

მე და ჩემი მეუღლე დავბერდით, გვიჭირს სიარული და პატარა ავტომანქანა ვიყიდეთ კრედიტით, რომ წავიდ-წამოვიდეთ, მაგრამ ძალიან მაღალი პროცენტი გვაქვს გადასახდელი. ორი ადამიანის პენსია ამაზე მიდის.

გვჭირდება წამლებიც, ამიტომ, რა თქმა უნდა, პენსია საკმარისი არ არის ჩვენთვის“, – გვეუბნება ის.

ჟუჟუნას ძმისშვილი და მაზლიშვილი ევროპასა და ამერიკაში ცხოვრობენ. ამბობს, რომ მათი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, როცა ისინი აქედან წავიდნენ.

„ევროკავშირი ცხოვრება კარგი იქნება აბა რა. სწავლა-განათლებაც უკეთესი გახდება და სოციალური ყოფაც.

ჟუჟუნა თურმანიძე

ჩემი ძმისშვილი ამერიკაში სწავლობს, ცხოვრობს, დაოჯახდა კიდეც იქ და ვხედავ რა კარგადაა. იტალიაში მყავს მაზლიშვილები. აქ გაჭირვებით ცხოვრობდნენ, ნაქირავებში იყვნენ, ახლა მილანში არიან და ბინაც იყიდეს. ძალიან კარგად არიან. მე ვისაც ვუყურებ ჩემიანებს, ევროპაში უკეთ არიან.

პუტინის მე ძალიან მეშინია, ის თავის ხალხს არ იცავს და ჩვენ რას უნდა ველოდეთ მისგან.

ძალიან საშიშია უვიზო რეჟიმი რომ გვაქვს რუსეთთან. ამდენი რუსი შემოვიდა, ბინები გაძვირდა, ჩვენი სტუდენტები ბინას ვეღარ ქირაობენ. ეს ძალიან ცუდია“, – გვეუბნება ის.

გუგული დევაძე

გუგული დევაძეც საქართველოს ევროინტეგრაციის მომხრეა. ბრაზობს, რომ გუშინ საქართველოს აეროპორტში რუსული თვითმფრინავი დაფრინდა, ამის გაპროტესტების გამო კი ისევ საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

„მე ჩემდათავად ევროპა მინდა. ჩამოფრინდა რუსული თვითმფრინავი და იქ რომ ამბავი იყო, აღარ ვიცი… 5 კაცი დაიჭირეს უკვე და რისთვის? – სიმართლისთვის.

კაცმა თქვა, რუსეთი არ მინდაო და ამისთვის როგორ უნდა დაიჭირო, ესაა სამართალი?“ – გვეუბნება გუგული.

ამბობს, რომ მთავრობის ხსენებაც არ სურს, რადგან ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ.

„არ დამელაპარაკო მთავრობაზე, ისინი მთლიანად რუსეთს უჭერენ მხარს. ჩვენ არ გვინდა რუსეთი, მაგრამ ესმის ვინმეს? 90 პროცენტი ეუბნება, რომ ევროპა უნდა და მაინც არ ესმით“.

გუგულის აზრით, გამოსავალი საზოგადოების ერთიანობაშია. „უნდა დავაძალოთ მთავრობას, რომ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რაც ხალხს უნდა. სხვა გზა არ არის. შევიკრიბოთ, დავდგეთ ერთად, თორემ მათ ოჯახების ევროპაში ჰყავთ გადამალული, ჩვენ ვიკითხოთ“, – გვეუბნება ის.

გუგულის არც რუსული პროპაგანდის სჯერა. მისი აზრით, დიდი სიცრუეა თუკი ვინმეს სჯერა, რომ რუსეთი აფხაზეთს დაგვიბრუნებს ამ ყველაფრის გამო.

„აფხაზეთს დაგვიბრუნებსო, ასე ამბობენ და რისი იმედი უნდა გვქონდეს? აგერ უკრაინას საკუთარ ტერიტორიებს ართმევს, ანადგურებს, ბავშვებს კლავს და ესენი დააბრუნებენ აფხაზეთს? რუსეთთან ლაპარაკი უშედეგოა, რადგან რასაც ამბობს, არასდროს ასრულებს“, – მიიჩნევს გუგული.

საუბარში მერი მიქელაძე გვერთვება, რომელიც ამბობს, რომ ასეთ დროს, კარგი მეგობრებია საჭირო. „უკრაინას მეგობარი რომ არ ჰყოლოდა, ხომ ვერ მოაღწევდა აქამდე. მეგობარი საჭიროა რა თქმა უნდა“, – ამბობს ის.

თქვენ ვინ მიგაჩნიათ საქართველოს მეგობრად? – ვეკითხებით მას. – „ნატო-ს იმედი გვაქვს, თუ არა და არავინ“, – გვპასუხობს ის.

ნაზიკო მორთულაძე და ჟუჟუნა თურმანიძე

ნაზიკო მორთულაძე ცვლილებებს არჩევნებზე ელის. „უნდა შეიცვალოს მთავრობა“, – გვეუბნება ის.

„ექიმთან ვერ მიხვალ, ყველაფერი ძვირია, წამალი ცარცს ჰგავს, თურქეთში თუ არ ვიყიდე, არ მშველის. მთავრობაც ამ წამალს ჰგავს, ცარცივითაა.

იმედია, არჩევნებზე ეს ხელისუფლება შეიცვლება და ჩვენი ცხოვრებაც გაუმჯობესდება“, – გვეუბნება ის.

ფატი უშარიძე ხანდაზმულთა ცენტრში აქტიურად დადის. ამბობს, რომ პანდემიის დროს, კორონამ ჯანმრთელობა შეურყია და შორს მგზავრობა აღარ შეუძლია. ამიტომ დღის ცენტრი მისთვის ადგილია, სადაც მარტოობას ნაკლებად გრძნობს.

ფატი უშარიძე

„77 წელი ფეხმოუდრეკელი ვიშრომე, მაგრამ ახლა ძალა აღარ მაქვს. ამ ცენტრში მოსვლა და ადამიანებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

წლების განმავლობაში თამბაქოს ფაბრიკაში ვიმუშავე, მეუღლე ადრე გარდამეცვალა, მაგრამ არასდროს სხვისგან დახმარება არ მიმიღია, ისე აღვზარდე შვილები.

ჯანმრთელობის გამო ვერ დავყვები ამათ ექსკურსიებზე და ეს ძალიან ცუდია. ექიმთან რომ მივდივარ, ზოგიერთი მეუბნება „ასაკობრივია ბებო“ და ეს მაღიზიანებს. ასეთთან აღარც მივდივარ, რადგან ხანდაზმული ვარ, ყველაფერს ასაკობრივს მიაწერენ“, – გვეუბნება ფატი.

მაყვალა ქოქოლაძე ექთანი იყო. წლების განმავლობაში 200 ლარზე იმუშავა, თუმცა გული მაინც დაწყდა, როცა სამსახურიდან საპენსიო ასაკის გამო გამოუშვეს.

ფატი ვარშანიძე

„სახლიდან რომ გამოვდიოდი და სამსახური მქონდა, ეს კარგი იყო ჩემთვის, მაგრამ დამაკარგვინეს. აქაც რომ არ მოვდიოდე, ალბათ გავგიჟდებოდი“, – გვეუბნება ის.

ფატი ვარშანიძე დაწყებითის მასწავლებელია და ცენტრს ხშირად სტუმრობს. რეფორმების უკმაყოფილო არ არის, თუმცა მასწავლებლის ხელფასი არ აკმაყოფილებს.

„თურქეთში, მუჰაჯირობის დროს გადასახლებული ნათესავები მყავს და იქ დავდივარ ხოლმე. ერთმა მკითხა, რამდენი გაქვს ხელფასიო. მაშინ 300 ლარიც არ მქონდა. ეს ხომ ერთი კვირის ხელფასიაო, ის 5 ათას ლირას იღებდა. მაშინ ლირა ასეთი სუსტი არ იყო“, – ამბობს ფატი.

ნათელა ზოიძე

ნათელა ზოიძეც ხშირად სტუმრობს ხანდაზმულთა ცენტრს. მოსწონს, როცა ერთად იკრიბებიან მოხუცები. კარტს თამაშობენ, ყვავილებს რგავენ ეზოში, თეატრში და პარკში დადიან. „ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავსო“, – გვეუბნება ნათელა.

თურქეთის გარდა სხვა უცხო ქვეყანაში არასდროს უმოგზაურია. ინდოეთში ვიმოგზაურებდიო, ამბობს. თუმცა, მისთვის ეს შორეული ოცნებაა და ფიქრობს, რომ ქართველი პენსიონერის პენსიით, ამ ოცნების ასრულება შეუძლებელია.

ხანდაზმულების აზრით, ბევრად უკეთესი იქნებოდა საქართველოში ცხოვრება, კორუფცია რომ ასეთი მაღალი არ იყოს.

„ქვეყანა იმიტომაა ღარიბი, რომ კორუფციაა. აამუშაონ ქარხნები, დაასაქმონ ხალხი, მაგრამ მათ ცოლ-შვილს არ ჰყოფნის არაფერი.

ხალხის ძალა ერთობაშია, მაგრამ ეს ერთობაც რომ აღარ არის? ხახვზე და კარტოფილზე გაყიდეს ადამიანებმა ხმები“, – წუხან ხანდაზმულები. თუმცა არიან ოპტიმისტებიც, ვინც ფიქრობს, რომ მიზნისთვის ბრძოლა საჭიროა. „თორემ უბრძოლველად, არავინ არაფერს არ აკეთებს“.

რას შეცვლის არჩევნების ელექტრონულად ჩატარება – დისკუსია ბათუმში

„ელექტრონული არჩევნებით „ოცნებამ“ მიაღწია მთავარს, რომ აი, კონტროლდება ყველაფერი. დაზღვევის მექანიზმი რა გვაქვს, რომ არჩევნების მიმართ ნდობა აღდგა?“ – იკითხა დისკუსიის დროს გია აბულაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ენმ-დან.

19 მაისს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საარჩევნო გარემოზე შეხვედრა მოაწყო. სხვადასხვა პრობლემასთან ერთად გაჟღერდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარებაც.

გია აბულაძემ საკუთარი გამოცდილება გაიხსენა წინა – 2021 წლის არჩევნებზე, როცა ელექტრონულად ჩატარდა არჩევნები რამდენიმე უბანზე, მათ შორის, ბათუმში.

„ადგილზე იყო ცესკოს წარმომადგენელი, რომელიც რეალურად სუსის წარმომადგენელია, ის წყვეტდა საკითხებს… უბნის თავმჯდომარეს ვთხოვდი, შენი უფლებამოსილება განახორციელე-მეთქი… გაიჭედებოდა აპარატი, გამოიძახებდნენ სპეციალისტს, გადატვირთავდნენ, გადმოტვირთავდნენ“, – თქვა გია აბულაძემ და განმარტა, რომ მისი აზრით, ელექტრონული არჩევნების შემოღებამ შესაძლოა გამჭვირვალობის ნაცვლად განცდა გააჩინოს, რომ ამომრჩეველს აკონტროლებენ.

„თანაც, ფლომასტერით უნდა იყოს შემოხაზული ბიულეტენზე შესაბამისი ნომერი, ეს მეორე მხარეს შესამჩნევია,“ – დასძინა უშანგი მიქელაძემ, ენმ-ს წარმომადგენელმა ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

„ჩვენი რეკომენდაციაა, ვერიფიკაცია მოხდეს თითის ანაბეჭდით,“ – შეხვედრის მონაწილეებს მიმართა ნინო დოლიძემ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა.

„აპარატი არ გამორიცხავს, ვინმე სხვისი პირადობით შევიდეს საარჩევნო უბანზეც, თუ კომისიის წევრი არ ეტყვის, რომ ეს თქვენ არ ხართ,“- დასძინა ნინო დოლიძემ და საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესზე ისაუბრა.

„სულ ვსაუბრობთ პროფესიული წევრების არჩევის შესახებ, რომ უნდა იყოს მაღალი სტანდარტი,“ – თქვა ნინო დოლიძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლება საარჩევნო რეფორმას ამ სფეროში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობის გარეშე ცვლიან.

„2007 წლიდან ვაკვირდები არჩევნებს და ასეთი რამ არ მინახავს. სამუშაო ჯგუფშიც არ დამნიშნეს, არანაირი დისკუსია არ ყოფილა,“ – აღნიშნა ნინო დოლიძემ.

„რატომ აძლევთ ლეგიტიმაციას ასეთ გადაწყვეტილებებს?“ – იკითხა ირმა ზოიძემ, ჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა. მისი აზრით, თანმიმდევრულობა და შესაბამისი ფორმით პროტესტის გამოხატვაა საჭირო, რომ სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევი გახდეს.

„თუ ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ და არაფერი გამოდის, რაღაც შესაცვლელია. საარჩევნო რეფორმის პროცესში თუ თქვენ არ ჩაგრთეს, საერთოდ ლეგიტიმაციის საკითხი უნდა დადგეს, რომ არ ვცნობთ ამ დოკუმენტს. სულ ვლაპარაკობთ, რომ რაღაც არ მოგვწონს, მაგრამ არაფერს ვცვლით,“ – აღნიშნა ირმა ზოიძემ.

ნინო დოლიძის თქმით, ახლა უკვე სხვა ეტაპზეა პროცესი და ხელისუფლება „საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციებს აღარ ითვალისწინებს“.

„გეთანხმებით, რომ კამპანიის ხასიათი უნდა ჰქონდეს ამას და უფრო ეფექტურად შევძლოთ ადვოკატირება,“ – თქვა ნინო დოლიძემ და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციების დამოუკიდებლობის ნება ისევ არ არსებობს.

„პარტიებსაც ეკისრება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა,“ – აღნიშნა გია აბულაძემ. – „ფიქრობენ, რომ მაინც არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი და ის დაიცავს მთელ უბანს, რაც ძალიან დიდი აბსურდია. პარტიებმა უნდა გადახედონ ამ მიდგომას“.

„რამდენი პარტიის რამდენი წარმომადგენელია უბნებზე და ამ დროს განსხვავებული მოსაზრება წინა არჩევნებზე იყო სულ სამი,“ – დისკუსიაში ჩაერთო ლელა ხათრიძე, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი. მან ის შემთხვევებიც გაიხსენა, როცა ამ ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ამა თუ იმ უბანზე დარღვევა დააფიქსირეს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა კი, შესაბამისი პოზიციები არ დააფიქსირეს.

„ერთიანი დოკუმენტი უნდა არსებობდეს, კონკრეტულ მუხლში რა ცვლილებაა შესატანი. მაგალითად, არ მოგვწონს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი – ჩვენ რას ვთავაზობთ?“ – იკითხა გია აბულაძემ.

„ჯერ პრინციპების დონეზე უნდა მოხდეს შეთანხმება, ეს არის ტექნიკური საკითხი. თუ არ ვთანხმდებით იმაზე, რომ კომისია უნდა იყოს მიუკერძოებელი, რა უნდა ჩავწეროთ მუხლში? ნება უნდა არსებობდეს,“ – მიმართა გია აბულაძეს ლევან ნატროშვილმა, „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის მოადგილემ.

შეხვედრაზე ისაუბრეს 5%-იან ბარიერზეც, რაზეც ამ ეტაპზე შეთანხმება არ არსებობს.

„ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არის ეს ბარიერი და არ რის პრობლემა, მაგრამ იქ არის ძალიან ძლიერი პარტიული სისტემები. მაგალითად, შვედეთში ყველაზე ახალგაზრდა პარტია იყო 30 წლის. როცა ჩამოყალიბებულია პარტიული სისტემები, შესაძლებელია ბუნებრივი იყოს ბარიერი.

საარჩევნო კოდექსი ნამდვილად თავიდან ბოლომდე გადასაწერია,“ – თქვა ნინო დოლიძემ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა.

„რედისის“ ცოლის თქმით, „აზოვის“ მეთაურებმა უარი თქვეს ახლობლებმა ისინი მოინახულონ თურქეთში

პოლკ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს [რედისის] მეუღლემ, ეკატერინა პროკოპენკომ, რომელმაც „აზოვსტალის“ მცველების ტყვეობის პერიოდში „აზოვსტალის“ მცველთა ოჯახების ასოციაცია დააფუძნა, განაცხადა, რომ პოლკ „აზოვის“ მეთაურები თურქეთში ცხოვრობენ დახურული ტიპის დაწესებულებაში, მაგრამ აქვთ ინფორმაციაზე წვდომა.

მან ამის შესახებ Ukrinform-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ისინი უსაფრთხო ადგილას არიან, ამიტომ, საბედნიეროდ, მიწისძვრა მათ არ შეხებია“, განაცხადა ეკატერინა პროკოპენკომ.

რედისის მეუღლის თქმით, ახლა ის ცხოვრობს ისეთ სიტუაციაში, როცა რუსეთის ტყვეობაში დარჩენილი მებრძოლების ქალებს შეუძლიათ „უბრალოდ მომწერონ, დამემუქრონ კიდეც და მითხრან: „შენი ქმარი კურორტზეა“. ეს არ არის სიმართლე. ისინი დახურულ ტიპის დაწესებულებაში იმყოფებიან. არც კი ვიცით კონკრეტულად სად. ისინი კურორტზე არ არიან და არც ზღვაზე.

მათ აქვთ გარკვეული რეჟიმი, რეგლამენტირებული ზარები, განრიგი. მათ არ აწამებენ, როგორც რუსეთში, მაგრამ ამის მიუხედავად არ არიან სრულიად თავისუფლები.

ჩვენ  ყველას გვესმის, იმ პირობებში უფრო მეტ ხანს რომ დარჩენილიყვნენ ტყვეობაში, მაშინ მათ მდგომარეობა შეუქცევადი იქნებოდა“.

ეკატერინე პროკოპენკოს განცხადებით, „აზოვის“ პოლკის მეთაურებს, რომლებიც რუსეთმა იმ პირობით გაათავისუფლა ტყვეობიდან, რომ ისინი თურქეთში დარჩებოდნენ, აქვთ წვდომა ინფორმაციაზე და მათ იციან ყველაფერი, რაც უკრაინაში ხდება.

ამავე დროს, ეკატერინა პროკოპენკომ თქვა, რომ „აზოვის“ მეთაურებმა უარი თქვეს, მოინახულონ ახლობლებმა და ამას უწოდებენ „კაცურ სამხედრო სოლიდარობას“ – მათ სურთ თავიანთ ხელქვეითებთან მიმართებაში მორალურად თანაბარ პირობებში იყვნენ.

____

2022 წლის 21 სექტემბერს ტყვეების გაცვლის ფარგლებში უკრაინამ მოახერხა 215 მებრძოლის გათავისუფლება რუსეთის ტყვეობიდან.

მაშინ რუსეთმა გაათავისუფლა მესაზღვრეები, პოლიციელები, მეზღვაურები, ტერიტორიული თავდაცვის წარმომადგენლები, ასევე მებაჟეები და მოქალაქეები. მათ შორის იყვნენ პოლკ „აზოვის“ მეთაურები – დენის პროპოპენკო [რედისი] სერგი ვოლინსკი [ვოლინა], სვიატოსლავ პალარმა, დენის შლეგა, ოლეგ ხომენკო.

გათავისუფლებულ „აზოველებს“ შორის იყვნენ ნიკოლაი კუში [ფროსტი] და კონსტანტინ ნიკიტენკო [ფოკსი]. რუსეთი მათ დასჯას აპირებდა.

სანაცვლოდ უკრაინამ რუსეთს გადასცა უკრაინელი მილიარდერი ვიქტორ მედვედჩუკი, იგივე „პუტინის ნათლია“ და 55 რუსი სამხედრო.

„აზოვის“ 5 მეთაური დღემდე თურქეთში იმყოფება პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გაცემული პირობით, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.

___

ფოტო უკრაინის შსს: აზოვის მეთაურები, დაღუპული შს მინისტრი, დენის მონასტრისკი, დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი თურქეთში 2022 წლის ბოლოს

ძაღლის დაკბენით 4607-მა ადამიანმა მიმართა ექიმს – რატომ ვერ აშენებს მერია თავშესაფარს

რატომ ვერ აშენდა ცხოველთა თავშესაფარი? – ამ კითხვით ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, მერს, არჩილ ჩიქოვანს მიმართეს. საკრებულოს წევრმა ნატალია ძიძიგურმა სხდომაზე წაიკითხა რესპუბლიკური საავადმყოფოდან მიღებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძაღლის დაკბენის შედეგად დაზარალებულმა 4607-მა ადამიანმა მიმართა ექიმს.

„ეს არის კატასტროფა, ქალაქი არის ოსკარის მფლობელი, მზარდი ტურიზმით. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება არის უპირატესი, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. ველოსიპედით საერთოდ ვეღარ გადაადგილდებიან ქალაში, ბავშვები ვეღარ გადაადგილდებიან. როდის გვექნება თავშესაფარი?“ – მიმართა მან მერს, არჩილ ჩიქოვანს, რომელიც სხდომას ესწრებოდა.

ბათუმში, ძაღლსაშენისა და იპოდრომის მოწყობა ქალაქის მერიამ რამდენიმე წლის წინ დააანონსა, 2021 წელს კი, კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა – დაპროექტებასა და მშენებლობაზე; თუმცა, ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე, მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.

მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული [ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა].

ხელახალი ტენდერი სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა [ხოლო ხელშეკრულება ამჯერად შპს „აჭარკაპმშენთან“ 587 ათას ლარზე გააფორმა].

მერმა სხდომაზე განაცხადა, რომ იმედი აქვს უახლოეს მომავალში პროექტი მზად იქნება, შემდეგი სხდომისთვის კი მერია ბიუჯეტში კორექტირების თხოვნით მიმართავს საკრებულოს, სადაც თავშესაფრის მშენებლობისთვის განკუთვნილ თანხას ასახავენ ბიუჯეტში.

„თქვენ იცით, რომ მერიას ტენდერიც ჰქონდა გამოცხადებული მშენებლობაზე, შესაბამისმა კომპანიამ ვერ უზრუნველყო პროექტის წარმატებით განხორციელება და მასთან ხელშეკრულება შეწყდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არსებულ ტერიტორიაზე გვეყიდა პროექტი, რომელიც ალბათ უახლოეს პერიოდში იქნება და იმედს ვიტოვებ, რომ მომდევნო სხდომებზე, სადაც ჩვენ ბიუჯეტის კორექტირება გვექნება, ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის ნაწილში გვექნება კონკრეტული განფასება და პროექტიც, ავსახავთ საბიუჯეტო ასიგნებებში აღნიშნულ პროექტს.“

მერმა სხდომაზე თქვა ისიც, რომ მხოლოდ თავშესაფრის აშენება პრობლემას ვერ მოაგვარებს და ამის მაგალითად დედაქალაქი დაასახელა:

„თავშესაფარი აშენდა თბილისში, მაგრამ პრობლემა ისევ არის. თქვენ იცით, რომ როგორც ჩვენს ქალაში, ასევე მეზობელ მუნიციპალიტეტებში არის გამოწვევა ამ მიმართულებით ისევ და ისევ ჩვენი თანამოქალაქეების დაუდევრობისა და არაჰუმანური მოპყრობის გამო. ხდება მიტოვება მათ შორის ჩვენ ქალაში, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც კომერციული ობიექტებია.“

ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ მერიამ თავშესაფრის მშენებლობისთვის ტენდერი უნდა გამოაცხადოს. ყველაფერი კარგადაც რომ წავიდეს, ეს პროცედურები მოითხოვს გარკვეულ დროს. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მერიამ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყება წელს მოახერხოს.

„მოთხოვნა გაიზარდა“ – ბათუმის მერიამ ურეხის სტადიონი აჭარის ფეხბურთის ფედერაციას გადასცა

ბათუმში, ურეხის დასახლებაში მდებარე სპორტული მოედანი და მასთან დაკავშირებული შენობები ბათუმის მერიამ „აჭარის ფეხბურთის ფედერაციას“ 10 წლის ვადით, უზურფრუქტის წესით გადასცა.

შეთანხმების მიხედვით ფედერაციამ აქ UEFA-ს სტანდარტების  შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა უნდა უზრუნველყოს, სასყიდლის სახით კი ბათუმის ბიუჯეტში ყოველწლიურად 500 ლარს შეიტანს.

რა ვადაში უნდა შეძლოს ფედერაციამ საკრებულოს განკარგულების პროექტით განსაზღვრული პირობა, ამის შესახებ არც ამ  განკარგულებაში ჩაუწერიათ და არც განმარტებით ბარათში. როგორც მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა საკრებულოს სხდომაზე განმარტა, ვადების შესახებ უზურფრუქტის ხელშეკრულებაში ჩაიწერება.

ქონების გასხვისების ეს ფორმა, სწორედ იმ მიზეზით, რომ პირობები დაზუსტებული არ არის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ დაიწუნა.  მან პრეტენზია დააფიქსირა იმის გამოც, რომ ფედერაციის წარმომადგენელი სხდომაზე არ იმყოფებოდა:

„მე ვფიქრობ უნდა ამოვიღოთ ეს საკითხი დღის წესრიგიდან.  მესმის, რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ სამწუხაროდ ყველა სხდომაზე გვიწევს რაღაცის მოთმენა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია. კეთილი ინებონ და პატივი სცენ საკრებულოს. ინსტიტუტის მიმართ პატივისცემა გამოიჩინონ. მივიდნენ და ივარჯიშონ, მივცეთ ნებართვა. ამას არ სჭირდება ქონების გადაცემა.“ – განაცხადა ნოდარ დუმბაძემ სხდომაზე.

მერიის განმარტებით, ქონების გადაცემის მოთხოვნით ფედერაციამ მიმართა, იმ მოტივით, რომ სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი და შესაბამისად მიმართვიანობა გაიზარდა, გამართული ინფრასტრუტურა კი იმისთვის, რომ ბავშვებმა სრულფასოვნად ვარჯიში შეძლონ ქალაქს არ აქვს.

„ელემენტარული სავარჯიშო პირობები არ აქვთ, გასახდელი არ აქვთ, მოედანი არ აქვთ და ეზოს მოედნებზე ვარჯიშობენ. აქედან გამომდინარე ეს საშუალებას მოგვეცემს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მოვაწესრიგოთ ურეხის სტადიონი.“ – განმარტა ფედერაციის წარმომადგენელმა, რომელიც სხდომაზე მოგვიანებით მივიდა.

ფედერაციის წარმომადგენლის ინფორმაციით ამ დროისთვის ბათუმში 12 საბავშვო-საფეხბურთო კლუბია ოფიციალურად დარეგისტრირებული, მათ შორის ზოგი ფასიანია. სკოლებში კი 3500 – ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს და მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.

ურეხის სტადიონის ფართობი 8675 კვ.მეტრია. ამ ქონებასთან ერთად ფედერაციას გადაეცა ორი შენობა და მცირე ზომის მიწის ნაკვეთი მიმდებარედ.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 202 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +670]
  • ტანკი – 3 781 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 7 382 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 3 229 ერთეული [+19]
  • MLRS – 564 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 325 ერთეული [+6]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 801 ერთეული [+32]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 011 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 103 ერთეული [+20]
  • სპეცტექნიკა – 423 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს [განახლებულ მონაცემებს აქვე მოგაწვდით].

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 428 თვითმფრინავი
  • 234 ვერტმფრენი
  • 4 236 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 423 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 236 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 859 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 322 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

უკრაინამ ჩამოაყალიბა 65-ათასიანი დაჯგუფება და შეტევისთვის ელოდება თვითმფრინავებს – ინტერვიუ

უკრაინამ ჩამოაყალიბა 65-ათასიანი დაჯგუფება და შეტევისთვის ელოდება თვითმფრინავებს – ინტერვიუ

„მოულოდნელობა“ – გადამდგარი გენერალი მიიჩნევს, რომ უკრაინელებმა ამ გზით უნდა სცადონ კონტრშეტევაში წარმატება. ვახტანგ კაპანაძე ისევ აქტიურად აკვირდება ფრონტს უკრაინაში.

გადამდგარი გენერალი ეჭვობს, რომ უკრაინელები, რომლებიც კონტრშეტევისთვის ზაპოროჟიეს რაიონშიც განლაგდნენ, თვითმფრინავებს ელიან საჰაერო მხარდაჭერისთვის – უკრაინა ჯერ კიდევ ელის შესაბამის აღჭურვილობას დასავლეთიდან.

„წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კონცენტრირებული იქნებიან, მასირებული გარკვეულ მონაკვეთზე,“ – აღნიშნავს ვახტანგ კაპანაძე, რომელსაც უკრაინაში ორი რუსი პოლკოვნიკის დაღუპვაზეც ვკითხეთ.

„ცდილობენ უშუალოდ მართონ ბრძოლის ველი. ეს აჩვენებს იმას, რომ ქვედა რგოლის მეთაურების კვალიფიკაციის დონე არ არის შესაბამის დონეზე…“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალ-მაიორთან ინტერვიუ ჩაწერა. ვახტანგ კაპანაძე სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა ხდება ამჯერად ბახმუტში, სადაც ორივე მხარე აცხადებს, რომ წარმატებას აღწევს?

უკრაინა წარმატებას აღწევს ბახმუტთან და არა ბახმუტში, რაც უკავშირდება რუსების ალყის გახსნას. უკრაინელებს ბახმუტის შემოგარენში აქვთ გარკვეულ წინსვლა, თუმცა არა ისეთი სწრაფი, რაც სასურველი იქნებოდა – წინააღმდეგობას უწევენ რუსები.

თვითონ ბახმუტში კი, უკრაინელების კონტროლქვეშ დარჩენილია მხოლოდ დასავლეთის მხარე, იქ 4 რაიონია პირობითი სახელებით: „ბუდე“, „კონსტრუქტორი“, „დომინო“ და სამხრეთ-დასავლეთ „თვითმფრინავი“. „ვაგნერმა“ კონტროლის დამყარება ვერ შეძლო ამ ეტაპამდე მხოლოდ „თვითმფრინავზე“, სადაც ახლა მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები. შეიძლება ითქვას, რომ 98 % უკვე „ვაგნერის“ ხელშია.

ქალაქის ფარგლებში „ვაგნერი“ გავიდა იმ ტრასაზე, რომელიც უერთდებოდა ბახმუტს. შესაბამისად, უკრაინელებისთვის ძალიან გართულებულია მომარაგების ბახმუტის დამცველებისთვის მიწოდება და როტაცია.

  • რა შეიცვალა კონტრშეტევის კუთხით სხვა მიმართულებებზე? მაგალითად, ხარკოვის რაიონში, ასევე ზაპოროჟიეში? 

კუპიანსკზე უტევენ რუსები, მარინკაზეც უტევენ რუსები, თუმცა უფრო ადგილი აქვს შემხვედრ ბრძოლებს – ორივე მხარე შეტევებით ცდილობს წარმატებით მიღწევას. ძირითადი დატვირთვა მაინც არის ბახმუტი-მარინკა-ავდეევკას მიმართულებაზე.

ზაპოროჟიეში გააქტიურდნენ უკრაინელები, მაგრამ ამის შემდეგ სიახლე არ არის: ეჭვი მაქვს, უკრაინელები ელოდნენ თვითმფრინავებს საჰაერო მხარდაჭერისთვის. დაჯგუფება, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს, ეს არის 65 ათასი კაცი, დაახლოებით ორი საარმიო კორპუსი თავისი აღჭურვილობით, ეს არის მომზადებული კონტრშეტევისთვის, მაგრამ ჯერჯერობით კონტრშეტევა არ ხორციელდება.

  • დღეს რუსეთი თავდაცვის სამინისტრო წერდა, რომ შოიგუ უნდა ჩავიდეს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. ეს რის ნიშანია?

ეს არაფრის ნიშანი არაა, ამდენ ხანსაც უნდა ჩასულიყო შოიგუ იქ და ენახა, რა ხდება ბრძოლის ველზე. ის ხომ სამოქალაქო მინისტრი არაა – სამხედრო მინისტრია. თავის დროზე უნდა ჩაეტარებინა ე.წ.სამეთაურო რეკოგნოსირება, რაც არ ჩაუტარებია. ახლა პრიგოჟინთან რომ არ ჩავა ბახმუტში, ეს გასაგებია.

  • რა ხდება პრიგოჟინი-შოიგუს ფრონტზე, თქვენი დაკვირვებით, საითკენ მიდის ეს დაპირისპირება?

ორი გამოსავალია: ან პრიგოჟინი უნდა დარჩეს, ან შოიგო გერასიმოვთან ერთად, სხვა გამოსავალი აქ აღარ არის, მაგრამ ლოგიკურ დასკვნებს რუსებზე მე ვერ გააკეთებ.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრიგოჟინი ცდილობს იყოს გატელევიზორებული. ფიქრობს, რომ ეს არის მისი გარანტია – ცოცხალი დარჩეს. პროგოჟინს აქვს გადაწყვეტილი, ბახმუტი აიღოს და ამის შემდეგ ის შეიძენს გმირის სახელს რუსეთის მოსახლეობის თვალში. ამ განცხადებებს იგი უფრო იმიტომ აკეთებს, რომ დაცული იყოს. თუ ის გაჩუმდება და ეკრანიდან გაქრება, მაშინ მისი გაქრობაც მარტივად იქნება შესაძლებელი.

პრიგოჟინს ძალა აქვს, დანაყოფები, ფული, სახელი, ამბიციები, ვიღაც უმაგრებს ზურგს, ალბათ, ეფესბე, უმაგისოდ ეგ არ იქნება. კიდევ რის ამბიცია ექნება, შემდეგ გამოჩნდება.

  • ფიქრობთ, რომ შეტევას განაგრძობს პრიგოჟინი? 

მე ვფიქრობ, რომ ბახმუტს აიღებს და შემდეგ შეტევას აღარ გააგრძელებს. მარტო „ვაგნერის“ კისერზე ხომ არ გადავა ეს ომი? ჩემი აზრით, ის როტაციას მოითხოვს, რომ დაისვენოს და მოიყვანოს თავისი დანაყოფი წესრიგში.

  • რადგან რუსეთის სამხედრო ძალები ამ დრომდე კონცენტრირებულია ბახმუტზე, რომლის სრულად აღებას უკვე 10 თვე ვერ ახერხებენ, რამდენად მოახერხეს რუსებმა უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდაცვითი ზღუდეების მოწყობა?

ბახმუტმა და პრიგოჟინმა რუსებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, მოეგოთ ის სამი-ოთხი თვე, რაც მათ სჭირდებოდათ მობილიზებული ადამიანების მომზადებისთვის, ასევე თავდაცვითი ზღუდეების აღმართვისთვის. ეს დრო მოიგო რუსეთმა სწორედ ბახმუტის და პრიგოჟინის საშუალებით.

გამოყენებული დროის შედეგია ისიც, რომ რუსებს ზაპოროჟიეში საკმაოდ კარგად მოწყობილი თავდაცვითი ზღუდეები აქვთ. ამიტომაც, იქ ძალიან რთული იქნება უკრაინელებისთვის წარმატებული შეტევის განხორციელება.

  • რუსული მედიის ცნობით, ე.წ. „სპეცოპერაციის ზონაში“ უკრაინაში რუსული არმიის ორი პოლკოვნიკის დაიღუპა. ეს რას აჩვენებს თქვენთვის?

ერთი ბატალიონის მეთაური იყო, მეორე – მეთაურის მოადგილე აღმზრდელობით დარგში. ომში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რუსი ოფიცრების და გენერლების ხშირი დაღუპვა ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ისინი ცდილობენ უშუალოდ მართონ ბრძოლის ველი. ეს აჩვენებს იმას, რომ ქვედა რგოლის მეთაურების კვალიფიკაციის დონე არ არის შესაბამისი.

თუმცა კარგა ხანია, მაღალი წოდების ოფიცერი არ დაუკარგავთ რუსებს – ძირითადად უკვე თავდაცვაში უწევთ ბრძოლა რუსებს, ნაკლებად უწევთ შეტევებში გადასვლა და მეორეცაა: რაღაც ისწავლეს.

  • თქვენი დაკვირვება გაგვიზიარეთ – რა მოხდა ყირიმში და როგორ აისახება ეს ომზე? რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რკინიგზის აფეთქებამ შესაძლოა შეაფერხოს შავი ზღვის ფლოტისთვის შეიარაღების, კერძოდ, „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება – წერს ბრიტანეთის დაზვერვა. 

არა მგონია, რადგან რკინიგზის აღდგენა დღეს საკმაოდ სწრაფად ხდება, თუ შესაბამისი სარემონტო სამსახურები ფუნქციონირებს. ის ეშელონი, რაც ააფეთქეს და გადავარდა, ხორბლით იყო დატვირთული.

ეს უფრო ჰგავს დივერსიას – ყირიმში ყირიმელი თათრებიც არიან, რომლებიც სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთთან შეერთებას. დივერსიული ჯგუფები იქ უკრაინელებსაც ჰყავთ, რომლებიც ამას აკეთებენ.

  • წინა ინტერვიუში ამბობდით, რომ უკრაინის მთავარი სისუსტეა საჰაერო მხარდაჭერა, ანუ უკრაინელებს არ აქვთ შესაბამისი რაოდენობის თვითმფრინავები. გასულ კვირას ზელენსკი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჩავიდა, დღეს იმყოფებოდა G-7-ის სამიტზე. თქვენი აზრით, რის წამოღებას მოახერხებს ზელენსკი ევროპიდან ამჯერად?

ვერ გეტყვით, ჯერჯერობით ეს პოლიტიკის საკითხია, რაც სცდება ჩემს კომპეტენციას. ფაქტი გამოჩნდება, რას მიაღწევს… ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ეს F16-ები არ გააჩნია, გერმანიამ თქვა, რომ მხოლოდ მფრინავებს მოამზადებს, აშშ არ აცხადებს, რომ მზადაა F16-ები უკრაინას მიაწოდოს. სკანდინავიის ქვეყნები მზად არიან ამის მისაწოდებლად, მაგრამ როცა მიაწვდიან, ეს შემდეგ გამოჩნდება.

  • CNN ამბობს, რომ აშშ მისცემს მოკავშირეებს უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემის უფლებას, მაგრამ ამას თავად არ გააკეთებს…

ვერ გეტყვით, რამდენს დაიტოვებს თავისთვის კონკრეტული ქვეყანა და რამდენს გადასცემს უკრაინას. არ გამოვა ისე, რომ რომელიმე ქვეყანამ თავისი საჰაერო ძალები გააუქმოს და ყველაფერი უკრაინას მისცეს.

  • რამდენი თვითმფრინავი სჭირდება უკრაინას საჰაერო მხარდაჭერისთვის? 

რაც მეტი, მით უკეთესი, მაგრამ 12 – 14 მაინც სჭირდება. დღეში საბრძოლო დატვირთვა მფრინავზე არის 2 გაფრენა, მაქსიმუმ – 4 გაფრენა. თვითმფრინავმა უნდა იფრინოს წყვილში, ან რგოლში ოთხმა ერთად, როცა საცეცხლე მხარდაჭერაზეა ლაპარაკი.

  • რამდენად აძლიერებს უკრაინას თავდაცვის რაკეტები და თავდასხმისთვის განკუთვნილ დრონები, რომლითაც 200 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეიძლება? ამ აღჭურვილობას დიდი ბრიტანეთი აძლევს უკრაინას. 

რა თქმა უნდა, ეს გაზრდის უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებს, მაგრამ გააჩნია, როდის მიაწვდის. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიაწოდოს, რადგან მთავრდება ეს ზაფხულიც. შემოდგომაზე ისევ დაიწყება ღრუბლიანი დღეები, წვიმა, ტალახი და ასე შემდეგ.

  • რაზეა ამჯერად ყველაზე მეტად დამოკიდებული უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევა?

ველოდები, რომ რაღაცას ეცდება უკრაინა, თორემ დაიწყეს უკვე ლაპარაკი კონფლიქტის გაყინვასა და კორეის ვარიანტზე.

უკრაინამ რაღაც უნდა გააკეთოს, რომ თვალსაჩინო წარმატებას მიაღწიოს. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია ზაპოროჟიე და აზოვის ზღვაზე გასვლა, მაგრამ ყურადღების გადატანისთვის არაა გამორიცხული, ბელგოროდს, რუსეთის ტერიტორიას დაარტყან უკრაინელებმა.

  • ყურადღების გადატანა რატომ არის მნიშვნელოვანი? 

რა თქმა უნდა, მოულოდნელობის ეფექტი ამ ტაქტიკურ დონეზე მაინც უნდა შექმნან უკრაინელებმა – სტრატეგიული და ოპერატიული მოულოდნელობის შექმნა მათ აღარ შეუძლიათ.

65 ათასი კაცი თავისი აღჭურვილობით, ანუ ორი კორპუსი არის ის ძალა, რომლითაც შეიძლება რაღაც მიმართულებაზე გააკეთო კონცენტრაცია და მნიშვნელოვანი კონტრშეტევა. თუ ეს ძალა უკრაინამ დაქსაქსა და მთელს 1000-კილომეტრიან ხაზზე გადაანაწილა, არა მგონია, მნიშვნელოვანი კონტრშეტევა განახორციელოს.

კონტრშეტევის წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მოულოდნელი იქნება ეს შეტევა დროის გათვალისწინებით, ასევე რამდენად კონცენტრირებული იქნება – მასირებული გარკვეულ ერთ მონაკვეთზე. ამ ეტაპზე ჩანს, რომ ზაპოროჟიეს რაიონში აქვთ კონცენტრაცია უკრაინელებს. მეტი ამ ეტაპზე არაფერი ჩანს.

დაგიძველდა ფოტო კრემლთან, ახალს გადაიღებ სიმონიანის მიწვევით – დაპირისპირება საკრებულოში

დღეს, 19 მაისს, რუსეთიდან ფრენების საკითხს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ვაჟა დარჩია გამოეხმაურა. შემდეგ კი მან „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს უთხრა – კრემლთან ფოტო დაგიძველდა და ახალს გადაიღებ მარგარიტა სიმონიანის მიწვევითო:

„აღდგა უკვე ფრენები და შეგიძლიათ გააგრძელოთ, შემდეგი ფოტო მარგარიტა სიმონიანის მოწვევით ჩახვიდეთ და გადაიღოთ.“

„ოცნების“ ფრაქციის გაბრაზებულმა თავმჯდომარემ, თენგიზ აფხაზავამ მას უპასუხა: „მევახშეების პარტიის ნაწილი ხარ. გაიგე?“

როცა ეს პასუხი კოლეგის კრიტიკის საპირწონედ მიიჩნია, ამ დროს თენგიზ აფხაზავას ალბათ არ ახსოვდა, რომ ბანკი ბიძინა ივანიშვილსაც აქვს. თანაც, ივანიშვილის ბანკი გაცილებით მსხვილ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს აფინანსებს სასესხო ხელშეკრულებებით.

რუსეთიდან ფრენებთან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირების გასანეიტრალებლად, თავისი სიტყვა საკრებულოს თავმჯდომარემაც თქვა. ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ფრენების აღდგენით პირველ რიგში ისინი იხეირებენო:

„თქვენ იცოდეთ, რომ ამით დიდ შეღავათს ნახავენ ის ოჯახები, რომლებიც ქართველები არიან.“

მილიონი თუ 258 ათასი? – რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში რეალურად

„ქვეყანა ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს ბატონო რამაზ და ამაზე ჩვენი პარტნიორები ღიად საუბრობენ“, – უპასუხა მას ვაჟა დარჩიამ.

თენგიზ აფხაზავამ სხდომაზე დაადასტურა, რომ კრემლთან ფოტო ნამდვილად აქვს გადაღებული:

„ჩემი სურათები როცა ნახეთ რამდენი წლის უკან იყო და ეს იყო მსოფლიოს სამეცნიერო ინოვაციური ფორუმი, რომელზეც ვიყავი ჩასული სტუმრად – მეტი არაფერი. და მეორე, იმ ფორუმის ორგანიზატორი იყო იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჩინეთის პრემიერ-მინისტრი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ჩაატარეს მოსკოვში და არ წავსულიყავი? – ამიტომ ბიჭო, ასეთ განცხადებებს რომ აკეთებ, ცოტა აზრი  ხომ უნდა დაატანო, რომ წითელ ხაზებს არ გადახვიდე იქით. თქვენი ფრაქციის თავმჯდომარეო და ასე შემდეგ, რომ გიყურებ მგონია გაეროს სხდომიდან ხარ ახალი  ჩამოსული.  მოდიხარ აქ პოლიტიკურ „რაზბორკებს“ არჩევ. ასეთი მაგარი პოლიტიკური ანალიზის გაკეთება თუ შეგიძლია, დადე რა სოციალურ ქსელში და მომხრეები მოიპოვე, ერთპარტიული მევახშეების პარტიის ნაწილი ხარ. გაიგე? – თავს უფლებას ნუ აძლევ ბიჭო შენ… თორემ გაგცემთ საკადრის პასუხს.“

„ზედმეტებში გადადიხართ უკვე ორი სხდომაა ბატონო თენგო და ახლაც ზედმეტებში გადადიხართ, მე მგონი ამას საზოგადოება კარგად ხედავს“, – უპასუხა მას ვაჟა დარჩიამ.

მანამდე კი ვაჟა დარჩიამ რუსეთიდან ფრენებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ცოტა უფრო ვრცლად ჩამოაყალიბა.

„ეს დრო, რაც წინა სხდომის შემდეგ გავიდა, დატვირთული იყო ისეთი არასასიამოვნო ფაქტებით, რაზეც მოქალაქეები დიდწილად შეწუხდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ეხება, რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, შემდეგ უკვე ჩვენს დამოკიდებულებას ამ ყველაფრის მიმართ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენს ხელისუფლებას ცენტრალურ დონეზე ძალიან მოეწონა პუტინის გადაწყვეტილება…

რანაირად აპირებთ რუსეთთან აღადგინოთ ფრენები, ისეთ კომპანიებთან, რომლებსაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ფაქტობრივად აღიარებული ჰქონდათ და  ეს მხოლოდ იმის გამო წაშალეს საიტიდან, რომ ჩვენთან ფრენები განეხორციელებინათ. მერე ამით იყავით აღფრთოვანებულები.

მოსახლეობა იძახდეს, რომ რუსეთის წარმომადგენლის შემოსვლა პრობლემაა და ამ დროს სალიბაურში სოფელს აშენებენ, ფრენებს ვამარტივებთ. მარგარიტა სიმონიანი გვეუბნება ქართველები ისე კარგად იქცევიან, რომ მომავალ 9 მაისს ჩვენს აღლუმზეც ჩამოვლენო“.

თენგიზ აფხაზავას კრემლთან გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში განთავსებული არ აქვს.

მოსკოვმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

დღეს პირველი საპროტესტო აქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გაიმართა, სადაც პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ პირველი რეისის ჩამოფრენას, რომელიც რუსულმა კომპანიამ, „აზიმუტმა“ შეასრულა.

დღეს, 22 საათიდან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია იგეგმება პარლამენტთან.

___

ფოტო: ვაჟა დარჩია და თენგიზ აფხაზავა.

ევროკავშირის პროექტის წარმატებული სტაჟიორები დააჯილდოვეს

„21 წლის ვარ, აქამდე არსად ვყოფილვარ დასაქმებული. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, გასული წლის პირველი ივლისიდან ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში ანაზღაურებადი სტაჟირება დავიწყე“ – ამბობს დიანა აბულაძე.

დიანა, სხვა ახალგაზრდებთან ერთად, „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტშია ჩართული, რომლის ერთ-ერთი მიზანია 15-დან 29 წლის ახალგაზრდებს პირველი ანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობა მისცეს.

18 მაისს პროექტის მონაწილე 5 წარმატებული სტაჟიორი ბათუმში ქრომბუქებით დააჯილდოვეს.

„ამ პროექტის ფარგლებში გავიარე ინგლისური ენის, ასევე კომპიუტერის და მეწარმეობის კურსები, რაც ძალიან დამეხმარა წინსვლაში. დღეს ლეპტოპითაც დამასაჩუქრეს, რაც ჩემს საქმიანობას გააადვილებს,“ – აღნიშნავს დიანა აბულაძე.

დიანა აბულაძე.
დიანა აბულაძე

LINKS-ის პროექტში ჩართვამდე დასაქმებული არც ლეილა ვანაძე ყოფილა. პროექტის ფარგლებში გავლილი ტრენინგების შემდეგ მან სტაჟირება ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში დაიწყო, სოციალური მედიის სპეციალისტად:

„29 წლის ვარ და აქამდე არსად ვმუშაობდი. ჩემი სტაჟირება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა იმდენი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, რომ დიდი ალბათობით იგივე პოზიციაზე გავაგრძელებ მუშაობას.

დღეს ქრომბუქებიც გადმოგვცეს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა, რადგან სახლში არ მაქვს კომპიუტერი. ყოველთვის სამსახურის კომპიუტერზე ვიყავი დამოკიდებული. ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ და ძალიან დამეხმარება როგორც სწავლაში, ისე სამსახურში“, – ამბობს  ლეილა ვანაძე.

ლეილა ვანაძე
ლეილა ვანაძე

ღია საზოგადოების ფონდის კოორდინატორის, ნინო კიკნაველიძის თქმით, პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს არ შეეძლოთ ლეპტოპების ყიდვა, რაც  მათ დასაქმებისა და განათლებისთვის ძალიან სჭირდებათ. შესაბამისად, ფონდმა გადაწყვიტა თითოეულ რეგიონში მცხოვრები მონაწილეებისთვის 5-5 ქრომბუქი გამოეყო.

„ჩამოვედით აჭარაში, რათა სერთიფიკატებით დავაჯილდოვოთ ის ახალგაზრდები, რომლებმაც ინგლისური ენის კურსი გაიარეს. ასევე, გვინდა გავესაუბროთ ანაზღაურებადი სტაჟირების მონაწილეებსა და მათ დამსაქმებლებს. ჩვენ ადგილზე ვნახეთ როგორ მუშაობენ ისინი“ – ამბობს  ნინო კიკნაველიძე.

ნინო კიკნაველიძე
ნინო კიკნაველიძე

ევროკავშირის პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაცია ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრია.  რამინ მაჭარაშვილი თქმით, მსგავსი პროექტები მათ ორგანიზაციას ახალი კადრებითა და იდეებით აძლიერებს: 

„დიანა აბულაძემ ჩვენს ორგანიზაციაში გაიარა სტაჟირება და ჩართული იყო ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

ძალიან საინტერესო და კარგი პროექტი იყო, რადგან მსგავსი პროექტები ახალი კადრების მოძიებაში გვეხმარება. მსგავს პროექტებში ყოველთვის სიამოვნებით ვერთვებით. სტაჟიორი ცოდნასა და გამოცდილებას იღებს და ჩვენც ახალ მოკავშირეებს ვიძენთ, რომლებსაც შშმ პირების უფლებებსა და საჭიროებებზე ცნობიერების გაზრდაში ვეხმარებით“, – აღნიშნავს რამინ მაჭარაშვილი.

რამინ მაჭარაშვილი
რამინ მაჭარაშვილი

საქართველოს გაეროს ასოციაცია და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტს“.

პროექტი LINKS არის ევროკავშირის მასშტაბური პროგრამის – Skills4Jobs-ის ნაწილი და იგი ხორციელდება საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. აჭარაში პროექტის პარტნიორ ორგანიზაციას „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ წარმოადგენს.

აჭარის რეგიონის მასშტაბით, LINKS პროექტის საქმიანობის შედეგად, 500-ზე მეტმა 15-დან 29 წლის ახალგაზრდამ განივითარა დასაქმებისათვის საკვანძო უნარები. 200-ზე მეტმა პროექტის მონაწილემ გაიარა პროფესიული და კარიერული კონსულტაცია. ჯამში დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა 17 ახალგაზრდას მიეცა. აღსანიშნავია, რომ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ სისტემატურად აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ორგანიზაციასთან ახალგაზრდების გრძელვადიანი დასაქმებისთვის.


„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ, ხოლო აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“ (IJH) 

ჩვენ არსად წავალთ – დიდი ბრიტანეთის პრემიერის გზავნილი პუტინს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეები ურყევნი არიან თავიანთ გადაწყვეტილებაში, მხარი დაუჭირონ უკრაინას.

„ჩვენ არსად წავალთ“ – ასეთია რიში სუნაკის გზავნილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი.

ინტერვიუ Sky News-მა G7-ის სამიტზე ჩაწერა, რომელიც იაპონიაში, ჰიროსიმაში მიმდინარეობს დღეს, 19 მაისს.

„რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ურყევი ვართ უკრაინის მხარდასაჭერად არა მხოლოდ აქ და ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

დიდი ბრიტანეთი რუსეთის თავდასხმის პირველივე დღიდან უჭერს მხარს უკრაინას.

გასული კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიაწვდის Storm Shadow-ის რაკეტებს. ეს არის მაღალი სიზუსტის რაკეტა, რომელიც გათვლილია ისეთ მსხვილ შენობა-ნაგებობებზე თავდასხმისთვის, როგორიცაა: პორტის ინფრასტრუქტურა, ბუნკერები, აეროდრომები და ხიდები.

ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა განაცხადა, რომ ჰიროსიმაში G7 ქვეყნების ლიდერები განიხილავენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდას, მათ შორის, F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას.

____________

ფოტოზე: რიში სუნაკი და ვოლოდიმირ ზელენსკი.

სუფსის ხიდზე მოძრაობა 15 ივნისამდე შეზღუდული იქნება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთთან, მდინარე სუფსაზე არსებულ ხიდზე მიმდინარე სამუშაოები, რომელიც 12 მაისს უნდა დასრულებულიყო, 15 ივნისამდე გაგრძელდება. შესაბამისად, ამ პერიოდში ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი გაგრძელდება.

„დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „როსტვერკი“, საერთაშორისო მნიშვნელობის  სენაკი-ფოთი (ასაქცევი) – სარფის საავტომობილო გზის 50-ე კმ-ზე მდინარე სუფსაზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე აწარმოებს სარემონტო სამუშაოებს.

სამუშაოების წარმოების პერიოდში სავალი ნაწილი დროებით შევიწროებულია ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე.

აღნიშნული სამუშაოების წარმოების ვადა განსაზღვრული იყო 2023 წლის 12 მაისის ჩათვლით, თუმცა უამინდობის გამო საჭირო გახდა ვადის გაგრძელება 2023 წლის 15 ივნისამდე“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გრიგოლეთთან, მდინარე სუფსაზე არსებულ ხიდზე სამუშაოები მიმდინარეობს – მოძრაობა ცალმხრივია / 19.05.2023

სუფსის ხიდთან არსებული გზის ზემოთ გაივლის ახალი, ჩქაროსნული გრიგოლეთი-ქობულეთის გზაც, რომლის მხოლოდ 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს გასული წლის ბოლოს. გრიგოლეთი-ქობულეთის გზის გაგრძელება კი ქობულეთის შემოვლითი გზაა, რომლის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთება იგეგმება.

ამავე თემაზე: 

მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

რას წერს ბრიტანული დაზვერვა ყირიმში რკინიგზის აფეთქებაზე

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რკინიგზის აფეთქებამ, რომელიც 18 მაისს მოხდა, შესაძლოა შეაფერხოს შავი ზღვის ფლოტისთვის შეიარაღების, კერძოდ, „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება – წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ, მოკლე მიმოხილვაში, დღეს, 19 მაისს.

აფეთქება რკინიგზაზე, ოკუპირებულ ყირიმში, სიმფიროპოლის მახლობლად, 18 მაისს  მოხდა. ლიანდაგის დაზიანების შედეგად მატარებელი რელსებიდან გადავიდა და გადაკეტა სევასტოპოლისკენ, რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტისკენ მიმავალი ერთადერთი სარკინიგზო ხაზი.

ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ რუსეთი შეეცდება სწრაფად შეაკეთოს ხაზი, მაგრამ ეს ინციდენტი შეაფერხებს იარაღის მიწოდებას რუსეთის ფლოტისთვის.

„ნებისმიერი დივერსია ამ მგრძნობიარე ზონაში კიდევ უფრო გააძლიერებს კრემლის შეშფოთებას ყირიმის სხვა საკვანძო ინფრასტრუქტურის დაცვაზე. ნახევარკუნძული ინარჩუნებს სასიცოცხლო ფსიქოლოგიურ და ლოგისტიკურ როლს უკრაინაში რუსეთის ომისთვის“ – წერს ბრიტანული დაზვერვა.

_____________

ფოტო: „რია ნოვოსწი“

ჩაის სეზონი თურქეთში ქართველი მკრეფავების გარეშე – ფასი გავზარდეთ, მაგრამ მაინც აღარ მოდიან

„ჩაის კრეფის სეზონი დაიწყო, მაგრამ ჯერ ვერ ვიწყებთ, მკრეფავებს ველით. დაკრეფის ფასი მოვამატეთ წელს, ქართველები მაინც აღარ მოდიან“, – ამბობს ერჰან ქოსიოღლუ, რომელსაც ჩაის პლანტაცია აქვს რიზეში, დემირისარში და მკრეფავების გამოჩენას ელის.

წინა წლებში თურქეთში თხილისა და ჩაის დასაკრეფად საქართველოს ასეულობით მოქალაქე გადადიოდა თურქეთში სამუშაოდ. წელს, გასული წლის მსგავსად, თურქეთში ჩაიზე სამუშაოდ წამსვლელი ადამიანების რაოდენობა ისევ მკვეთრად შემცირებულია. მუშახელი საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში არჩევს დასაქმებას.

ერჰან ქოსიოღლუს თქმით, წელს 1 ტონა ჩაის დაკრეფის საფასური 3 000 ლირამდე გაიზარდა [19 მაისის კურსით ეს 383 ლარია], ამას ემატება კვების ხარჯი დღეში – 500 ლირა [63 ლარი]. გასულ წელს კი, თურქი დამსაქმებლები ტონა ჩაიზე 2000 – 2200 ლირას იხდიდნენ.

„ასევე შესაძლებელია შეთანხმება დღიურ ანაზღაურებაზე – დღეში 750 ლირა [95 ლარი],“ – დასძინა ერჰან ქოსიოღლუმ.

ერჰანი ამბობს, რომ ქართველი მკრეფავების მუშაობა განსაკუთრებით მოსწონს და წელსაც მათ გამოჩენას ელის.

„სამუშაოდ ჩამოდიან უფრო ავღანელები, ასევე სხვა ხალხი, მაგრამ ნელა მუშაობენ… მე ისევ ქართველებთან ერთად მინდა ვიმუშაო,“ – ამბობს ერჰან ქოსიოღლუ.

თურქეთი, რიზე, სოფელი ჩაიელი, ერჰან ქოსიოღლუს ფოტო

100-125 მეტრი სიმაღლის კორპუსები ყოფილი უნივერსამის ადგილას

ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობა აქციეს შესაძლებლობად, არამხოლოდ ავარიული სახლის ადგილზე, არამედ სხვა მისამართზე დაგეგმილ მშენებლობაზეც მაქსიმალურ სიმაღლეზე თანხმობის მისაღებად. ბათუმში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა კომპანია ერთ მისამართზე ავარიული სახლის ათვისების სანაცვლოდ, მერიას სხვა ადგილზე განაშენიანების კოეფიციენტის [კ2] მაქსიმალურად გაზრდას სთხოვს.

მერია კი თანახმაა. უარზეც, რომ იყოს, ეს დროის საკითხია, თანხმობა მიიღწევა.

ბათუმში, პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთასთან ავარიული სახლის სანაცვლოდ კომპანია იქვე ახლოს, ყოფილი სავაჭრო ცენტრ „უნივერსამის“ ადგილზე, უკვე მიმდინარე სამშენებლო პროექტისთვის განაშენიანების მაქსიმალურ კოეფიციენტს, 17.0-ს ითხოვს. 2014 წელს ამ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ „უნივერსამის“ ადგილას დაახლოებით 16-17-სართულიანი შენობის აშენებას გეგმავდნენ. კოეფიციენტის მომატების შემდეგ კი, აქ აშენდება 32-32-სართულიანი ორი კორპუსი და ერთიც – 25-სართულიანი. 

ეს იმას ნიშნავს, რომ მშენებელს აქ მაქსიმალურად მაღალი შენობის, უფრო სწორად, წარდგენილი ესკიზის მიხედვით, შენობების აშენება სურს.

ესკიზი

მერიაში განმარტეს, რომ პრობლემა არ არის. ცოტა ადრე კი იმავე ტერიტორიის მიმდებარედ არსებულის დემონტაჟსა და ახლის მშენებლობის პროექტზე მერმა კომპანიას უარი უთხრა.

არჩილ ჩიქოვანი წინააღმდეგი იყო და ეს ხელმოწერითაც დაადასტურა. მაშინ მერიაში განმარტეს, რომ ერჩივნათ ქალაქის გენგეგმას დალოდებოდნენ, მოგვიანებით კი ეს ამბავი მოგვარდა, გადაიფიქრეს და დემონტაჟის ნებართვაც მისცეს.

უარი მაშინ ანუ 2022 წელს არჩილ ჩიქოვანმა ასე დაასაბუთა:

„მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა იმსჯელა თქვენი მოთხოვნის განხილვაზე, საქმის გარემოებების შესწავლისა და ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელია, ვინაიდან დაგეგმილმა მშენებლობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის ეფექტურ განხორციელებაზე, ქალაქგეგმარებით პროცესზე.

ქალაქის ამ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემამ ასევე შესაძლოა გავლენა მოახდინოს კვლევით ნაწილზე, რაც შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს მისაღებ დოკუმენტთან და ხელი შეუშალოს სივრცითი დაგეგმარების ჯგუფს დადგენილი ვალდებულების შესრულებაში“.

ქალაქს გენგეგმა ჯერ ისევ არ აქვს. ამჯერად კომპანიამ საკუთარი ნაკვეთის მიმდებარედ, სადაც მშენებლობა უკვე დაწყებული აქვს, ავარიული სახლი იპოვა [მელიქიშვილის #42], სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მისი მდგრადობის შესახებ დასკვნაც მოამზადებინა  და ამ სახლის ხარჯზე კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა მისამართზე – პუშკინის N132ბ/132გ/132დ.

ავარიული სახლის მიმდებარედ კომპანია 4161 კვ. მეტრ ტერიტორიას ფლობს საკუთრებაში. ეს არის ადგილი, სადაც ყოფილი „უნივერსამი“ ფუნქციონირებდა წლების განმავლობაში. კომპანიას აქ მშენებლობა  დაწყებული აქვს, ეს მერიაში წარდგენილი ესკიზებიდანაც ჩანს.

წითლად მონიშნულია საპროექტო ტერიტორია: #1 -ით აღნიშნულია ადგილი, პუშკინის ქუჩა N132ბ/132გ/132დ. მარცხნივ კი ადგილი, სადაც ავარიული სახლი მდებარეობს. ეს არის მელიქიშვილის 42.

ესკიზის მიხედვით, რომელიც კომპანიამ მერიას წარუდგინა, პროექტი სამი ბლოკისგან შედგება. A და B ბლოკები 32-32- სართულიანი იქნება და მათი სიმაღლე 125 მეტრს მიაღწევს. C ბლოკი 100 მეტრი სიმაღლის უნდა იყოს და 25-სართულიანი.

შპს „უნივერსამი“ ამჯერად ბათუმის მერიას პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთასთან [მელიქიშვილის 42] ავარიული სახლის ათვისებას სთავაზობს და სანაცვლოდ იმავე ადგილზე მრავალბინიანი კორპუსის ასაშენებლად მაქსიმალურ კოეფიციენტს სთხოვს.

ბათუმის მერიის განმარტებით, არსებული ქალაქმშენებლობითი პირობებიდან გამომდინარე,  ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება შესაძლებელია.

მერიის განმარტებით, ამ „პროექტის განხორციელებით მიიღწევა რამდენიმე მიზანი“:

  • მელიქიშვილის ქ. N42-ში მოხდება „ბარაკული ტიპის“ ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ათვისება და ამ სახლში მცხოვრები ადამიანების დაკმაყოფილება.
  • ბათუმში, პუშკინის ქ. N132ბ/132გ/132დ-ში  და მელიქიშვილის ქ. N42-ში, სადაც არსებული ქალაქმშენებლობითი პირობებიდან გამომ­დინარე შესაძლებელია ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება, კოეფიციენტი გაიზრდება 17,0-მდე. აღნიშნულის სანაცვლოდ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მშენებლობის ნებართვის აღების პარალელურად საკუთრებაში გადაეცემა შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა სასარგებლო ფართობის სახით, რომელიც გამოყენებულ უნდა იყოს სოციალური მიზნით, ავარიული ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებისთვის, მათ შორის, მუზეუმის მიმდებარედ.

მელიქიშვილის #42-ში, სადაც კომპანიამ ავარიული სახლი უნდა აითვისოს, 1802 კვ. მეტრია მიწის ფართობი. კომპანიას კოეფიციენტის გაზრდა აქაც დასჭირდება. მერია თავისივე განმარტებით ბარათში წერს, რომ კოეფიციენტის გაზრდა პრობლემა არც აქ არის: „ქალაქმშენებლობითი პირობებიდან გამომდინარე.“

ამ საკითხთან დაკავშირებით მერიამ დოკუმენტები საკრებულოში უკვე გადააგზავნა, საკრებულომ ის უკვე განიხილა და მის კენჭისყრას დღეს, 19 მაისს, სხდომაზე გეგმავს. შესაბამისი განკარგულების პროექტი უკვე მზად არის.

პროექტის რენდერი
Exit mobile version