Batumelebi | “დიეს გრუპის” დამფუძნებლისა და კომპანიის სტრატეგიის შესახებ “დიეს გრუპის” დამფუძნებლისა და კომპანიის სტრატეგიის შესახებ – Batumelebi
RU | GE  

“დიეს გრუპის” დამფუძნებლისა და კომპანიის სტრატეგიის შესახებ

 

2012 წელს დაარსებული კომპანია „დიეს გრუფის“ ძირითადი მიმართულება სამშენებლო ბიზნესია. კომპანიის მფლობელი ბათუმში დაბადებული რუსეთის მოქალაქე, ბიზნესმენი სერგეი დავიდოვია, „ბათუმელები” „დიეს გრუფის” მფლობელებზე, კომპანიის სამუშაო სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის ხელმძღვანელს, სერგეი დავიდოვის წარმომადგენელს, დავით სალაძეს ესაუბრა.

 

დავით სალაძე

 ბატონო დავით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დამფუძნებლები და 50/50- პროცენტიანი წილის მფლობელები რუსეთის მოქალაქეები – სერგეი დავიდოვი და მელიტონ ტორჩინავა არიან. ვინ არიან კომპანიის მფლობელები და რატომ გადაწყვიტეს აჭარაში სამშენებლო ბიზნესში კაპიტალდაბანდება?

 

„დიეს გრუფის” დამფუძნებელი არის სერგეი დავიდოვი. მელონ ტორჩინავაზე ძალიან მოკლედ შემიძლიათ გითხრათ, მალე სერგეი დავიდოვი იქნება ასპროცენტიანი წილის მფლობელი. დაფუძნებამდე გვქონდა რამდენიმე კომპანია, მათ შორის სავაჭრო ცენტრი „მოსკოვი” (ძველი უნივერსამის შენობა). „უნივერსამის” ერთ-ერთი დამფუძნებელი არის სიმონ დავიდოვი, სერგეის ბიძა და მეორე – მარინა დავიდოვა, სერგეი დავიდოვის შვილი. სერგეი დავიდოვი დაბადებულია ბათუმში, 14 წლამდე იზრდებოდა აქ, შემდეგ მშობლები გადავიდნენ რუსეთში, მოსკოვში. სერგეი 2008 წელს ჩამოვიდა რუსეთიდან საქართველოში და სამწუხაროდ დაემთხვა ომი. მაგრამ ამას არ შეუშინდა, რადგან ძალიან დიდი ცვლილებები ნახა ბათუმში და გადაწყვიტა, აქ ბიზნესი დაეწყო.

 

  რა ბიზნესითაა დაკავებული რუსეთში?
 ბატონი სერგეის ოჯახი რუსეთში ფლობს კომპანია „ჟიგულის” 50-პროცენტიან წილს, საოჯახო ბიზნესი აქვთ. ძირითადად მუშაობენ ნავთობზე, ბენზინგასამართი სადგურები აქვთ თავისი ინფრასტრუქტურით, რაც ახლავს ბენიზგასამართ სადგურებს – სამრეცხაო, საბურავების მონტაჟი-დემონტაჟი და ასე შემდეგ. პლუს ამას აქვს ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ეს უკვე პირადად მისი ბიზნესია.

 

 აჭარაში არაერთი სამშენებლო კომპანიაა ბაზარზე, მათ შორის კომპანიები, რომელთაც აქვთ მუშაობის უკვე მრავალწლიანი გამოცდილება, კონკურენცია სამშენებლო ბაზარზე არის. რატომ გადაწყვიტეთ აქ კაპიტალდაბანდება?

 

ბატონი სერგეი მეგობრული სიტუაციიდან გამომდინარე მე დამეყრდნო, ეს ჩემი იდეა იყო. ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ და ამიტომაც დავიწყეთ ეს საქმე. ყველა ბიზნესში, გინდათ მშენებლობა იყოს ეს ან სხვა რამ, ძირითადი პრინციპი უნდა იყოს გულახდილობა და თანადგომა. უშეცდომო არავინ არ არის.

 

რა არის თქვენი კომპანიის უპირატესობა, რატომ უნდა მოვიდეს მომხმარებელი თქვენთან?

 

საწყის ეტაპზე მინდოდა გაგვეკეთებინა წინადადება ახალგაზარდა ოჯახებისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია ნაქირავებში თანხის გადახდა. გათვლა გვქონდა სწორედ ასეთ ოჯახებზე და მოვამზადეთ წინადადება – სამწლიანი უპროცენტო განვადება, წინასწარი შენატანის გარეშე, რომ საშუალო ხელფასის მქონე ადამიანებს შეძლებოდათ ბინის ყიდვა. ამ გათვლით დავიწყეთ და 500 ბინა ჩვენ მოკლე ხანში აღარ გვქონდა. მომხმარებელიც ხედავს იმ უპირატესობას, რაც ჩვენს კომპანიას აქვს. არავინ არ მინდა შევურაცხვყო, მაგრამ არის ბევრი მშენებლობა, რომელიც მუშაობს ასე – გაყიდა ბინა 30-პროცენტიანი ან 100-პროცენტიანი შენატანით, გარკვეული სამუშაოები ჩაატარა და გაჩერდა, რადგან ელოდება ბინების გაყიდვას. როცა ადამიანი მოდის და ხედავს, რომ მშენებლობა სწრაფად მიდის, ნდობის მომენტი მეტია. წელს, 20 ივნისს, გვქონდა მშენებლობის გახსნა, მხოლოდ შენობის საძირკველი იყო და დღეს დაისხა მეშვიდე სართულზე იატაკი. ჩვენ ვიმუშავეთ ხალხზე და არა იმაზე, რომ ერთი ბინიდან ზემოგება მიგვეღო.

 

რა ღირს ერთი კვადრატული მეტრი თქვენს აშენებულ სახლებში?

 

 პირველ ეტაპზე 380 დოლარად გავყიდეთ კვადრატული მეტრი, უპროცენტო განვადებით და შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ 99 პროცენტი გაიყიდა 400 დოლარად სამწლიანი განვადებით, პირველადი შენატანის გარეშე.

სამომავლოდ ფასი შენარჩუნდება თუ გაიზრდება?
 იმავე ფასებს შევინარჩუნებთ. აჭარის გზატკეცილზე, ტბელ-აბუსერიძის ქუჩაზე, სადაც ჩვენი 46-სართულიანი კორპუსი შენდება, მის გვერდით არის შენობა, რომელიც კატასტროფულ მდომარეობაშია. ამ სახლის დემონტაჟს ვაპირებთ, დროებით საცხოვრებლად გადაგვყავს ხალხი გვერდით შენობაში და ამ ადგილას 50 ათას კვადრატულ მეტრზე დავიწყებთ მშენებლობას, სადაც იმავე პრინციპით გაიყიდება ბინების ნაწილი. სავარაუდოდ, ახალი წლიდან დაიწყება აქ მშენებლობა, პროექტი უკვე გამზადებულია.

 

 

როგორც ვიცით, ყოფილი უნივერსამის ტერიტორიაზე აპირებთ მშენებლობის დაწყებას. აქ რა აშენდება?

ეს იქნება დაახლოებით 16-17-სართულიანი შენობა, ჯერ ზუსტად არ ვიცით. გვინდა, რომ პირველ-მეორე სართულზე იყოს დიდი სავაჭრო ცენტრი და ზემოთ, დამოუკიდებელი შესასვლელით იქნება საცხოვრებელი კორპუსი.

 

სავაჭრო ცენტრში დასაქმებული ადამიანების გადაყვანას სად გეგმავთ?
  სავაჭრო ცენტრში ოთხი წელი ვმუშაობდი, დირექტორი ვიყავი და ვიცი რა პრობლემებია აქ, ძალიან ძველი შენობაა, რამდენჯერმე გვინდოდა დემონტაჟი დაგვეწყო, მაგრამ მოვაჭრეების მოთხოვნას ვითვალისწინებდით, ამ ხალხი გამოყვანა ვერ მოვახერხეთ, რადგან ბევრს ბანკის ვალი აქვს, აქ მუშაობით არჩენენ ოჯახს, ამიტომ მათ შევთავაზეთ უფრო კომფორტულ, დაცულ გარემოში იმუშაონ და მოხდება შენობის დემონტაჟი, სავაჭრო ცენტრი კი გადავა ახალ შენობაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც 6 000 კვადრატული მეტრი კეთილმოწყობილი ფართობი იქნება, ექსკავატორებით, ისე, როგორც პლაზაშია.

  ხშირად ყიდულობენ თქვენს აგებულ სახლებში ბინას უცხოელები?

  თავიდანვე ჩვენ გათვლა გვქონდა არა ტურისტებზე, არამედ ადგილობრივ მოსახლეობაზე და ასეც მოხდა. სამი პროცენტი თუ იქნება უცხოეთის მოქალაქეების. მყიდველების დაახლოებით ათი პროცენტი თბილისელია, დანარჩენი – სენაკი, ოზურგეთი, ქუთაისი და უმეტესობა ბათუმელები, 50 პროცენტზე მეტი. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, სადაც დასრულებული სახლია, მყიდველების 20 პროცენტია ბათუმელი, დანარჩენი უცხოელია. ეს ხდება ფასიდან გამოდინარე, რადგან ცენტრში უფრო ძვირი ღირს ბინები. მიწის ნაკვეთიდან იწყება ფასის კალკულაცია და ცენტრში მიწის ფასი უფრო მაღალია, თან სამშენებლო რეგულაციები არ მაძლევს საშუალებას, ავაშენო მაღალსართულიანი სახლი, თორემ ბინების განლაგება და სამშენებლო მასალები ყველაგან ერთი და იგივეა.

 

  უცხოელებიდან რომელი ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ ბინებს ყველაზე ხშირად?
  ჩვენთან ძირითადად რუსეთის მოქალაქეები ჭარბობენ.

 

  როგორ აფასებთ საქართველოში, აჭარაში, ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობას? რა მიმართულებებით არის პრობლემები და რა არის საჭირო ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად?

 

 ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, ბიზნესი სხვა სფეროა, ეს ისეთი კითხვაა, რომელიც ცოტა პოლიტიკურში გადადის, ნამდვილად არ მინდა ვინმე ვაძაგო და ვინმე ვაქო. ეს კითხვა დავტოვოთ ღიად.

თქვენი აზრით, რატომ უჭირთ ბიზნესმენებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? განვითარებულ ქვეყნებში არაერთი ბიზნესმენი ღიად გამოხატავს თავის პოლიტიკურ სიმპათიებს…

 ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ირეოდეს ჩვენისთანა ქვეყანაში. სადაც სტაბილურად მიდის ყველაფერი, იქ შეიძლება ადამიანმა რაღაც არჩევანი გააკეთოს, მაგრამ მე ერთს ვიტყვი, ბიზნესისთვის მთვარია არა პოლიტიკური ცვლილება, არამედ მშვიდობა, რომ არ იყოს ომი და კრიმინალი, რომ ბიზნესი განვითარდეს. სხვა მხრივ პოლიტიკურ გარემოს რაღაც მხრიდან ყოველთვის მოევლება.

 

მსხვილ კომპანიებს ხშირად აქვთ სხვადასხვა სოციალური პროექტი, რაც ხაზს უსვამს მათ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას. “დიეს გრუფს” თუ აქვს მსგავსი პროექტები ან თუ გეგმავთ სამომავლოდ მუშაობას ამ მიმართულებით?

 

 დაგვიფინანსებია სხვადასხვა პროექტი, მაგრამ ეს სერგეის ჯიბის თანხით ხდებოდა. მას არ უნდა ისე გამოვიდეს, რომ თითქოს, აი, რაღაცას საჩვენებლად აკეთებს. ეკლესიის აშენება უნდოდა საჩუქრად ქალაქისთვის, მიწა მიგვითითეთ და მიწასაც ჩვენ ვიყიდოთო. ძალიან მორწმუნეა. მონაწილეობდა სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებულ პროექტებში, სათნოების სახლთან და ასე შემდეგ. ბევრ რამეს აკეთებს, რასაც არ ახმოვანებს.

 

სამომავლოდ ხომ არ გეგმავს „დიეს გრუფი” სხვა მიმართულებითაც განვითარებას?

 

გვაქვს გლობალური პროექტები, რომლის შესახებაც ინფორმაციის გახმაურება ჯერჯერობით არ მინდა. ამ პროექტების განხორციელება ბათუმშია დაგეგმილი. გვინდა პროექტი სიურპრიზის სახით, თავისი სარეკლამო რგოლით გამოვიდეს, ეს მოულოდნელი იქნება არამარტო ბათუმისთვის, არამედ საქართველოსთვის. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ქალაქის მიყრუებული ადგილი აყვავდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნანა კვაჭაძე