მთავარი,სიახლეები

რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან უბანს სავარაუდოდ კორუფციული გზით აშენებენ – „გამჭვირვალობა“

12.04.2023 • 4819
რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან უბანს სავარაუდოდ კორუფციული გზით აშენებენ – „გამჭვირვალობა“

„რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, 16,000 კვ.მ. ფართობზე საცხოვრებელი უბნის (Salibauri Hills) მშენებლობას გეგმავენ.

პროექტთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები მიანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქეების გავლით შესწირეს თანხა მმართველ პარტიას, რის შემდეგაც მალევე მიიღეს საჭირო ნებართვა“ – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს ინფორმაციაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ორგანიზაციის ცნობით, საუბარია კომპანია „ეიჩ გრუპ დეველოპმენტზე“, რომლის 90%-ს რუსეთის მოქალაქეები: მარეტა დოლგიევა და მაგომედ ჩაბიევი ფლობენ.

„2022 წლის 25 ნოემბერს კომპანიასთან დაკავშირებულმა ორმა საქართველოს მოქალაქემ – დირექტორმა მარინა დეხტიარევმა და ჩაბიევის ბიზნესპარტნიორმა ჯონი ჯინჭარაძემ – მმართველ პარტიას ჯამში 40,000 ლარი შესწირეს (მათი პირველი და ერთადერთი პოლიტიკური შემოწირულება). ორ კვირაში, 12 დეკემბერს, ხელვაჩაურის საკრებულომ პროექტისთვის განაშენიანების დეტალური გეგმა (გდგ) ერთხმად დაამტკიცა.

შემოწირულებისა და ნებართვის გაცემის თარიღებს შორის სიახლოვე აღძრავს ეჭვს, რომ შემოწირულების მიზანი შესაძლოა მშენებლობის ნებართვის მოპოვება ყოფილიყო. ხოლო, ის ფაქტი, რომ შემოწირულება სამშენებლო პროექტთან დაკავშირებულმა საქართველოს მოქალაქეებმა გაიღეს, აღძრავს ეჭვს, რომ ეს თანხა შესაძლოა არა მათ, არამედ მშენებელი კომპანიის მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ“ – წერს „გამჭვირვალობა“. 

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება პოლიტიკური შემოწირულება, კომპანიის რუსი მფლობელები ვერ შეძლებდნენ მმართველი პარტიისთვის თანხის პირდაპირ შეწირვას, ამიტომ სავარაუდოდ,  საჭირო ნებართვის მისაღებად მათ კომპანიასთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეები გამოიყენეს.

„მაგომედ ჩაბიევს სხვა პრობლემური პროექტებიც აქვს: ჩაბიევის ბიზნესპროექტები საქართველოში დაკავშირებულია ენვერ ცეცხლაძესთან, რომელიც ასლან აბაშიძის უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის, დისშვილია.

ჩაბიევი და ცეცხლაძე ბათუმში ერთად აშენებენ 40-სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს 7th Heaven Residence, რომლის გაყიდვების დირექტორიც ასევე ზემოხსენებული მარინა დეხტიარევია“ – წერს „გამჭვირვალობა“ და მიუთითებს „ბათუმელების“ 2018 წლის გამოძიებაზე, რომლის მიხედვით, მიწა, რომელზეც 7th Heaven Residence-ის პროექტი ხორციელდება, ენვერ ცეცხლაძემ 2016 წელს საეჭვო გზებით დაიბრუნა და მშენებლობის პროცესში მოპოვებულმა ნებართვებმა კითხვის ნიშნები გააჩინა.

„გამჭვირვალობა“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, მისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს ეს საკითხი და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედოს კანონის შესაბამისად.

________________________________

ფოტოზე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ მომზადებული ილუსტრაცია.

ამავე თემაზე: 

სალიბაურის ფერდობზე რუსეთის მოქალაქეები საცხოვრებელი უბნის აშენებას გეგმავენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: