მთავარი,სიახლეები

„მინდა გავხსნა ხილის საწარმო“ – შშმ ქალების გეგმები და გამოწვევები  

22.05.2023 • 812
„მინდა გავხსნა ხილის საწარმო“ – შშმ ქალების გეგმები და გამოწვევები  

44 წლის ზეინაბ თურმანიძემ ქედაში, სოფელ მერისში, სილამაზის სალონი გახსნა. ზეინაბი შილაკის სპეციალისტია. თავის სალონში სტილისტიც დაასაქმა. ახლა უნდა, რომ საქმიანობა გააფართოოს, ამისთვის კი ფინანსები სჭირდება. სწორედ ამ მიზნით გაიარა მან სპეციალური ტრენინგკურსი, სადაც პროექტის წერა ისწავლა.

„ამ ტრენინგებმა მომცა იმის შანსი, რომ კიდევ ერთხელ დავინახო ჩემი შესაძლებლობები. ჩემი სურვილი და ოცნება ავისრულო და კიდევ ერთ სფეროში გამოვცადო ჩემი თავი,“ – ამბობს ზეინაბი.

ტრენინგები ბიზნესპროექტების წერისათვის ქედაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ალიანსმა ჩაატარა.  მასში მონაწილეობა ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ ქალებსა და შშმ პირთა დედებს შეეძლოთ. ტრენინგები „მაკ ჯორჯიასა“ და ქედის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

ტრენინგები ბიზნესპროექტების წერისათვის

„სოფლად მცხოვრები ადამიანების ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა მეტად რთულია, ვიდრე ქალაქში. დასაქმების შანსი შშმ პირებისთვის, ფაქტობრივად, ნულამდეა დაყვანილი, თუ ის არ წამოიწყებს საოჯახო ბიზნესს ან/და საოჯახო მეურნეობაში არ იქნება ჩართული.

საბედნიეროდ, სახელმწიფოში არსებობს ბევრი ისეთი პროექტი, რომლებიც აძლევს სოფლად მცხოვრებ ოჯახებს საკუთარი ბიზნესის წამოწყების საშუალებას.

აქ ორი საკითხია – ერთი, ოჯახებმა არ იციან, როგორ დაწერონ პროექტი, რადგან ამას სპეციფიკური ცოდნა სჭირდება და მეორე – ოჯახებს არ გააჩნიათ იმის ფინანსური რესურსი, დავუშვათ, ვიღაცას დაუკვეთონ მათი იდეის პროექტად ქცევა და დაწერა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეგეგმა ტრენინგების კურსი, სადაც ისინი ისწავლიდნენ ბიზნესპროექტების შედგენის საფუძვლებს და იმას, თუ როგორ აესახათ ფურცელზე საკუთარი იდეა.

ჩვენი ტრენერთა გუნდი მათ არამარტო ცოდნას აძლევს, არამედ საბოლოო განაცხადამდე უწევს მენტორობას და ეხმარება საპროექტო ფორმის სრულფასოვნად შევსებაში. ამ ეტაპზე ქედის მუნიციპალიტეტში გამოცხადებულია საგრანტო კონკურსი. თანხის მოცულობა 5 ათასი ლარია. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა რამდენიმე მონაწილემ პირველ ეტაპზევე სცადოს ბედი ამ კონკურსში,“ – ამბობს შშმ ქალთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი დეა ერემაშვილი.

დეა ერემაშვილი

„სოფელ კოლოტაურში ვცხოვრობ. შშმ ქალთა ალიანსმა მომცა განვითარების საშუალება და მოტივაცია, დამეწყო სწავლა. ხეხილის ბაღი მაქვს. ძალიან მინდა ხილის საწარმო გავხსნა. ამ ტრენინგებზე ვისწავლე პროექტის წერა და იმედი მაქვს, რომ შევძლებ ჩემი ბიზნესგეგმების განხორციელებას,“ – ამბობს ტრენინგის კიდევ ერთი მონაწილე ქეთევან მახარაძე.

საკუთარი ბიზნესის დაწყების იმედი აქვს მადლენა მახარაძესაც. ის სოფელ ზუნდაგაში ცხოვრობს და საოჯახო სასტუმროს გახსნა სურს.

„14 წლის შშმ ბავშვის დედა ვარ. რადგან შშმ პირი მოითხოვს იმაზე მეტ ყურადღებას, ვიდრე ტიპური განვითარების ბავშვები, აქედან გამომდინარე გვიწევს 24 საათი მათთვის ყურადღების მიქცევა. აქედან გამომდინარე ბევრ რამეზე გვიწევს უარის თქმა.

ამიტომ თითოეული ასეთი შესაძლებლობა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა. კონკრეტულად ამ ტრენინგმა დამანახა გზა, თუ როგორ უნდა განვახორციელო იდეა, როგორ დავწერო ბიზნესგეგმა, როგორ წამოვიწყო სასტუმროს ბიზნესი, რომელიც ჩემი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობას გააძლიერებს და რომელშიც ჩემი შშმ შვილიც იქნება ჩართული,“ – ამბობს მადლენა.

ბიზნესპროექტების წერის ტრენინგზე

გარდა ტრენინგების ციკლისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ალიანსმა ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ქალებისა და მათი ოჯახების საჭიროებების დასადგენად კვლევა ჩაატარა.

კვლევის მიზანი იყო ეჩვენებინა, რა გამოწვევების წინაშე დგანან შშმ პირები სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი კუთხით და ასევე, იმის დადგენა, თუ რა უშლით ხელს შშმ პირებს სოციალიზაციაში.

თვისობრივი კვლევა ქედის სოფლებსა და მუნიციპალიტეტის ცენტრში ჩატარდა. გამოიკითხნენ შშმ ქალები, მათი ოჯახის წევრები, სოფლის ექიმები, პედაგოგები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. სულ ჩატარდა  22 სიღრმისეული ინტერვიუ.

კვლევის პრეზენტაცია ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში

კვლევის შედეგად გამოიკვეთა ის გამოწვევები, რაც სოფლად თუ მუნიციპალურ ცენტრებში მცხოვრებ შშმ პირებს აქვთ.

გაირკვა, რომ შშმ პირებს სერვისების ხელმისაწვდომობაში მთელი რიგი ბარიერები აქვთ, ამასთან, მთელი რიგი სერვისები ბათუმშია თავმოყრილი, რის გამოც მასზე წვდომა სოფლად მცხოვრები შშმ პირებისთვის ხშირად დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

შშმ ქალებისთვის დამატებითი გამოწვევაა სტერეოტიპები, რასთან გამკლავებაც უწევთ. გარდა ამისა, ნაკლებადაა ან საერთოდ არ არსებობს სოციალიზაციაზე მიმართული პროგრამები. ხშირად შშმ პირებს არ აქვთ ინფორმაცია მათ უფლებრივ მდგომარეობაზეც.

15 მაისს ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

„მუნიციპალიტეტს წარვუდგენთ ამ კვლევას, რადგან ჩვენი მიზანია, ქედის მუნიციპალიტეტმა ნათლად დაინახოს ქედაში მცხოვრებ შშმ ქალთა ოჯახების საჭიროებები, რომ პროგრამები და რესურსები, რაც გააჩნია მუნიციპალიტეტს, იყოს მორგებული შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე,“- ამბობს დეა ერემაშვილი.

კვლევის პრეზენტაცია ქედაში

დეა ერემაშვილის თქმით, თავად შშმ ქალებმა ბევრი რესურსი ჩადეს, რომ კარგად ჩამოეყალიბებინათ ის, რისი თქმაც უნდოდათ.

„ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, ვიყოთ ანგარიშვალდებული იმ ხალხის მიმართ, ვისთვისაც ვაკეთებთ ამ პროექტს. ჩვენი ორგანიზაცია ერთადერთია აჭარაში, რომელიც მუშაობს შშმ ქალთა პრობლემებზე. ყველა კვლევის თანახმად, გინდა საქართველოში და გინდა მსოფლიოში, ჩანს, რომ შშმ ქალები არიან ბევრად უფრო მოწყვლადები, ვიდრე კაცები. თუნდაც განათლების ხელმისაწვდომობით, ოჯახების მხრიდან დამოკიდებულებით და ა.შ.

ასევე, მეორე მოწყვლადი ქალების ჯგუფს წარმოადგენენ შშმ ბავშვების დედები, რომელთა ჯაფა არის დაუნახავი, რადგან ძირითადად შშმ შვილებზე ზრუნვა მათ უწევთ.

ჩვენი პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ერთი, მუნიციპალიტეტს დავანახებთ იმ გამოწვევებს, რასაც შშმ ქალები და შშმ პირთა დედები აწყდებიან და მეორე იმით, რომ მივცემთ საჭირო უნარებს ამ ადამიანებს იმისათვის, რომ გაიუმჯობესონ საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობები,“ – ამბობს დეა ერემაშვილი.

პროექტი, რომელსაც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ალიანსი“ ახორციელებს, მიზნად ისახავს ქედაში მცხოვრები შშმ ქალებისა და შშმ პირთა დედების ინტერესების ლობირებას მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე.

პროექტში ჩართულმა ბენეფიციარებმა ისეთი უნარ-ჩვევები შეიძინეს, რაც სამომავლოდ მათ ფინანსურ გაძლიერებაში დაეხმარება.

„შშმ ქალთა ალიანსი“ 2021 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი მიზანი შშმ ქალთა უფლებების დაცვა და მათი გაძლიერებაა.

პროექტის განხორციელება ორგანიზაციამ „მაკ ჯორჯიას“ და ქედის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით შეძლო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: