მთავარი,სიახლეები

„სიცრუეა, რომ რუსეთი აფხაზეთს დაგვიბრუნებს“ – კიდევ რაზე მსჯელობენ ხანდაზმულთა ცენტრში

20.05.2023 • 4673
„სიცრუეა, რომ რუსეთი აფხაზეთს დაგვიბრუნებს“ – კიდევ რაზე მსჯელობენ ხანდაზმულთა ცენტრში

ბათუმის ხანდაზმულთა დღის ცენტრში 200-მდე ადამიანია რეგისტრირებული. ხანდაზმულები ხშირად იკრიბებიან აქ, რადგან ფიქრობენ, რომ მათთვის სოციალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და გვინდა, რომ ხანდახან საკუთარ თავზეც ვიფიქროთ. მოვდივართ, ხან ნარდს ვთამაშობთ, ხან ყვავილებს ვრგავთ, დავდივართ ექსკურსიებზეც“, – ამბობენ ხანდაზმულები „ბათუმელებთან“.

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მდებარე ამ ცენტრს წითელი ჯვარი აფინანსებს.

დავით თურმანიძე 65 წლისაა და ცენტრს ძალიან ხშირად სტუმრობს. „მომწონს, რომ ვიღაც ფიქრობს ჩვენზე და ეს ძალიან კარგია“, – გვეუბნება ის.

77 წლის ოთარიც დიდი ხანია, რაც ცენტრშია გაწევრიანებული და ამბობს, რომ ბევრი ახალი მეგობარიც შეიძინა აქ.

„ჩვენი პენსია ძალიან დაბალია. არ იძლევა იმის საშუალებას, რომ წელიწადში ერთხელ მაინც სადმე წახვიდე. ცენტრი საშუალებას გვაძლევს ეს დანაკლისი ცოტათი მაინც ავინაზღაუროთ. ახლახან თეატრშიც ვიყავით, დაგეგმილი გვაქვს ბაკურიანში წასვლაც.

ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, ამიტომ პატარა დრო შენს თავსაც ხომ უნდა დაუთმო“, – გვეუბნება ოთარ აბუსერიძე.

ოთარ აბუსელიძე, დავით თურმანიძე, ნაზიკო მორთულაძე

მერი მიქელაძე ახალგაზრდობაში სოკოს ქარხანაში მუშაობდა. იყო დიასახლისიც. თუმცა როგორც გვეუბნება, პენსია, რომელსაც დღეს სახელმწიფო აძლევს, ძალიან მიზერულია.

„რაში უნდა ვიკმაროთ? – წამალი ძვირია, საკვები ძვირი, პენსია კი ცოტა.

ძალიან მინდა ამ ქვეყანაში არავის შიოდეს, არ იყვნენ გაჭირვებულები, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი იცვლება“.

მერი ამბობს, რომ ბოლო იმედსაც კარგავს, რადგან „მთავრობა ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების იმედი ეწურება“.

„ჩვენი მთავრობის შემყურე უკვე ყველაფერი მეეჭვება. ჩინოვნიკები ფულს აკეთებენ, ჩვენ კი გაუსაძლისი ყოფა გვაქვს. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ წავიდნენ ევროპაში და ცხოვრება შეიცვალონ“, – გვეუბნება ის.

მერი მიქელაძე

ჟუჟუნა თურმანიძეც ცხოვრების გაუმჯობესების იმედს საქართველოს ევროინტეგრაციაში ხედავს. „მკერავი ვარ, რამდენი წელი ვიმუშავე და ასეთი დაბალი პენსია გვაქვს.

მე და ჩემი მეუღლე დავბერდით, გვიჭირს სიარული და პატარა ავტომანქანა ვიყიდეთ კრედიტით, რომ წავიდ-წამოვიდეთ, მაგრამ ძალიან მაღალი პროცენტი გვაქვს გადასახდელი. ორი ადამიანის პენსია ამაზე მიდის.

გვჭირდება წამლებიც, ამიტომ, რა თქმა უნდა, პენსია საკმარისი არ არის ჩვენთვის“, – გვეუბნება ის.

ჟუჟუნას ძმისშვილი და მაზლიშვილი ევროპასა და ამერიკაში ცხოვრობენ. ამბობს, რომ მათი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, როცა ისინი აქედან წავიდნენ.

„ევროკავშირი ცხოვრება კარგი იქნება აბა რა. სწავლა-განათლებაც უკეთესი გახდება და სოციალური ყოფაც.

ჟუჟუნა თურმანიძე

ჩემი ძმისშვილი ამერიკაში სწავლობს, ცხოვრობს, დაოჯახდა კიდეც იქ და ვხედავ რა კარგადაა. იტალიაში მყავს მაზლიშვილები. აქ გაჭირვებით ცხოვრობდნენ, ნაქირავებში იყვნენ, ახლა მილანში არიან და ბინაც იყიდეს. ძალიან კარგად არიან. მე ვისაც ვუყურებ ჩემიანებს, ევროპაში უკეთ არიან.

პუტინის მე ძალიან მეშინია, ის თავის ხალხს არ იცავს და ჩვენ რას უნდა ველოდეთ მისგან.

ძალიან საშიშია უვიზო რეჟიმი რომ გვაქვს რუსეთთან. ამდენი რუსი შემოვიდა, ბინები გაძვირდა, ჩვენი სტუდენტები ბინას ვეღარ ქირაობენ. ეს ძალიან ცუდია“, – გვეუბნება ის.

გუგული დევაძე

გუგული დევაძეც საქართველოს ევროინტეგრაციის მომხრეა. ბრაზობს, რომ გუშინ საქართველოს აეროპორტში რუსული თვითმფრინავი დაფრინდა, ამის გაპროტესტების გამო კი ისევ საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

„მე ჩემდათავად ევროპა მინდა. ჩამოფრინდა რუსული თვითმფრინავი და იქ რომ ამბავი იყო, აღარ ვიცი… 5 კაცი დაიჭირეს უკვე და რისთვის? – სიმართლისთვის.

კაცმა თქვა, რუსეთი არ მინდაო და ამისთვის როგორ უნდა დაიჭირო, ესაა სამართალი?“ – გვეუბნება გუგული.

ამბობს, რომ მთავრობის ხსენებაც არ სურს, რადგან ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ.

„არ დამელაპარაკო მთავრობაზე, ისინი მთლიანად რუსეთს უჭერენ მხარს. ჩვენ არ გვინდა რუსეთი, მაგრამ ესმის ვინმეს? 90 პროცენტი ეუბნება, რომ ევროპა უნდა და მაინც არ ესმით“.

გუგულის აზრით, გამოსავალი საზოგადოების ერთიანობაშია. „უნდა დავაძალოთ მთავრობას, რომ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რაც ხალხს უნდა. სხვა გზა არ არის. შევიკრიბოთ, დავდგეთ ერთად, თორემ მათ ოჯახების ევროპაში ჰყავთ გადამალული, ჩვენ ვიკითხოთ“, – გვეუბნება ის.

გუგულის არც რუსული პროპაგანდის სჯერა. მისი აზრით, დიდი სიცრუეა თუკი ვინმეს სჯერა, რომ რუსეთი აფხაზეთს დაგვიბრუნებს ამ ყველაფრის გამო.

„აფხაზეთს დაგვიბრუნებსო, ასე ამბობენ და რისი იმედი უნდა გვქონდეს? აგერ უკრაინას საკუთარ ტერიტორიებს ართმევს, ანადგურებს, ბავშვებს კლავს და ესენი დააბრუნებენ აფხაზეთს? რუსეთთან ლაპარაკი უშედეგოა, რადგან რასაც ამბობს, არასდროს ასრულებს“, – მიიჩნევს გუგული.

საუბარში მერი მიქელაძე გვერთვება, რომელიც ამბობს, რომ ასეთ დროს, კარგი მეგობრებია საჭირო. „უკრაინას მეგობარი რომ არ ჰყოლოდა, ხომ ვერ მოაღწევდა აქამდე. მეგობარი საჭიროა რა თქმა უნდა“, – ამბობს ის.

თქვენ ვინ მიგაჩნიათ საქართველოს მეგობრად? – ვეკითხებით მას. – „ნატო-ს იმედი გვაქვს, თუ არა და არავინ“, – გვპასუხობს ის.

ნაზიკო მორთულაძე და ჟუჟუნა თურმანიძე

ნაზიკო მორთულაძე ცვლილებებს არჩევნებზე ელის. „უნდა შეიცვალოს მთავრობა“, – გვეუბნება ის.

„ექიმთან ვერ მიხვალ, ყველაფერი ძვირია, წამალი ცარცს ჰგავს, თურქეთში თუ არ ვიყიდე, არ მშველის. მთავრობაც ამ წამალს ჰგავს, ცარცივითაა.

იმედია, არჩევნებზე ეს ხელისუფლება შეიცვლება და ჩვენი ცხოვრებაც გაუმჯობესდება“, – გვეუბნება ის.

ფატი უშარიძე ხანდაზმულთა ცენტრში აქტიურად დადის. ამბობს, რომ პანდემიის დროს, კორონამ ჯანმრთელობა შეურყია და შორს მგზავრობა აღარ შეუძლია. ამიტომ დღის ცენტრი მისთვის ადგილია, სადაც მარტოობას ნაკლებად გრძნობს.

ფატი უშარიძე

„77 წელი ფეხმოუდრეკელი ვიშრომე, მაგრამ ახლა ძალა აღარ მაქვს. ამ ცენტრში მოსვლა და ადამიანებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

წლების განმავლობაში თამბაქოს ფაბრიკაში ვიმუშავე, მეუღლე ადრე გარდამეცვალა, მაგრამ არასდროს სხვისგან დახმარება არ მიმიღია, ისე აღვზარდე შვილები.

ჯანმრთელობის გამო ვერ დავყვები ამათ ექსკურსიებზე და ეს ძალიან ცუდია. ექიმთან რომ მივდივარ, ზოგიერთი მეუბნება „ასაკობრივია ბებო“ და ეს მაღიზიანებს. ასეთთან აღარც მივდივარ, რადგან ხანდაზმული ვარ, ყველაფერს ასაკობრივს მიაწერენ“, – გვეუბნება ფატი.

მაყვალა ქოქოლაძე ექთანი იყო. წლების განმავლობაში 200 ლარზე იმუშავა, თუმცა გული მაინც დაწყდა, როცა სამსახურიდან საპენსიო ასაკის გამო გამოუშვეს.

ფატი ვარშანიძე

„სახლიდან რომ გამოვდიოდი და სამსახური მქონდა, ეს კარგი იყო ჩემთვის, მაგრამ დამაკარგვინეს. აქაც რომ არ მოვდიოდე, ალბათ გავგიჟდებოდი“, – გვეუბნება ის.

ფატი ვარშანიძე დაწყებითის მასწავლებელია და ცენტრს ხშირად სტუმრობს. რეფორმების უკმაყოფილო არ არის, თუმცა მასწავლებლის ხელფასი არ აკმაყოფილებს.

„თურქეთში, მუჰაჯირობის დროს გადასახლებული ნათესავები მყავს და იქ დავდივარ ხოლმე. ერთმა მკითხა, რამდენი გაქვს ხელფასიო. მაშინ 300 ლარიც არ მქონდა. ეს ხომ ერთი კვირის ხელფასიაო, ის 5 ათას ლირას იღებდა. მაშინ ლირა ასეთი სუსტი არ იყო“, – ამბობს ფატი.

ნათელა ზოიძე

ნათელა ზოიძეც ხშირად სტუმრობს ხანდაზმულთა ცენტრს. მოსწონს, როცა ერთად იკრიბებიან მოხუცები. კარტს თამაშობენ, ყვავილებს რგავენ ეზოში, თეატრში და პარკში დადიან. „ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავსო“, – გვეუბნება ნათელა.

თურქეთის გარდა სხვა უცხო ქვეყანაში არასდროს უმოგზაურია. ინდოეთში ვიმოგზაურებდიო, ამბობს. თუმცა, მისთვის ეს შორეული ოცნებაა და ფიქრობს, რომ ქართველი პენსიონერის პენსიით, ამ ოცნების ასრულება შეუძლებელია.

ხანდაზმულების აზრით, ბევრად უკეთესი იქნებოდა საქართველოში ცხოვრება, კორუფცია რომ ასეთი მაღალი არ იყოს.

„ქვეყანა იმიტომაა ღარიბი, რომ კორუფციაა. აამუშაონ ქარხნები, დაასაქმონ ხალხი, მაგრამ მათ ცოლ-შვილს არ ჰყოფნის არაფერი.

ხალხის ძალა ერთობაშია, მაგრამ ეს ერთობაც რომ აღარ არის? ხახვზე და კარტოფილზე გაყიდეს ადამიანებმა ხმები“, – წუხან ხანდაზმულები. თუმცა არიან ოპტიმისტებიც, ვინც ფიქრობს, რომ მიზნისთვის ბრძოლა საჭიროა. „თორემ უბრძოლველად, არავინ არაფერს არ აკეთებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: