მთავარი,სიახლეები

უკრაინამ ჩამოაყალიბა 65-ათასიანი დაჯგუფება და შეტევისთვის ელოდება თვითმფრინავებს – ინტერვიუ

19.05.2023 •
უკრაინამ ჩამოაყალიბა 65-ათასიანი დაჯგუფება და შეტევისთვის ელოდება თვითმფრინავებს – ინტერვიუ

„მოულოდნელობა“ – გადამდგარი გენერალი მიიჩნევს, რომ უკრაინელებმა ამ გზით უნდა სცადონ კონტრშეტევაში წარმატება. ვახტანგ კაპანაძე ისევ აქტიურად აკვირდება ფრონტს უკრაინაში.

გადამდგარი გენერალი ეჭვობს, რომ უკრაინელები, რომლებიც კონტრშეტევისთვის ზაპოროჟიეს რაიონშიც განლაგდნენ, თვითმფრინავებს ელიან საჰაერო მხარდაჭერისთვის – უკრაინა ჯერ კიდევ ელის შესაბამის აღჭურვილობას დასავლეთიდან.

„წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კონცენტრირებული იქნებიან, მასირებული გარკვეულ მონაკვეთზე,“ – აღნიშნავს ვახტანგ კაპანაძე, რომელსაც უკრაინაში ორი რუსი პოლკოვნიკის დაღუპვაზეც ვკითხეთ.

„ცდილობენ უშუალოდ მართონ ბრძოლის ველი. ეს აჩვენებს იმას, რომ ქვედა რგოლის მეთაურების კვალიფიკაციის დონე არ არის შესაბამის დონეზე…“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალ-მაიორთან ინტერვიუ ჩაწერა. ვახტანგ კაპანაძე სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა ხდება ამჯერად ბახმუტში, სადაც ორივე მხარე აცხადებს, რომ წარმატებას აღწევს?

უკრაინა წარმატებას აღწევს ბახმუტთან და არა ბახმუტში, რაც უკავშირდება რუსების ალყის გახსნას. უკრაინელებს ბახმუტის შემოგარენში აქვთ გარკვეულ წინსვლა, თუმცა არა ისეთი სწრაფი, რაც სასურველი იქნებოდა – წინააღმდეგობას უწევენ რუსები.

თვითონ ბახმუტში კი, უკრაინელების კონტროლქვეშ დარჩენილია მხოლოდ დასავლეთის მხარე, იქ 4 რაიონია პირობითი სახელებით: „ბუდე“, „კონსტრუქტორი“, „დომინო“ და სამხრეთ-დასავლეთ „თვითმფრინავი“. „ვაგნერმა“ კონტროლის დამყარება ვერ შეძლო ამ ეტაპამდე მხოლოდ „თვითმფრინავზე“, სადაც ახლა მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები. შეიძლება ითქვას, რომ 98 % უკვე „ვაგნერის“ ხელშია.

ქალაქის ფარგლებში „ვაგნერი“ გავიდა იმ ტრასაზე, რომელიც უერთდებოდა ბახმუტს. შესაბამისად, უკრაინელებისთვის ძალიან გართულებულია მომარაგების ბახმუტის დამცველებისთვის მიწოდება და როტაცია.

  • რა შეიცვალა კონტრშეტევის კუთხით სხვა მიმართულებებზე? მაგალითად, ხარკოვის რაიონში, ასევე ზაპოროჟიეში? 

კუპიანსკზე უტევენ რუსები, მარინკაზეც უტევენ რუსები, თუმცა უფრო ადგილი აქვს შემხვედრ ბრძოლებს – ორივე მხარე შეტევებით ცდილობს წარმატებით მიღწევას. ძირითადი დატვირთვა მაინც არის ბახმუტი-მარინკა-ავდეევკას მიმართულებაზე.

ზაპოროჟიეში გააქტიურდნენ უკრაინელები, მაგრამ ამის შემდეგ სიახლე არ არის: ეჭვი მაქვს, უკრაინელები ელოდნენ თვითმფრინავებს საჰაერო მხარდაჭერისთვის. დაჯგუფება, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს, ეს არის 65 ათასი კაცი, დაახლოებით ორი საარმიო კორპუსი თავისი აღჭურვილობით, ეს არის მომზადებული კონტრშეტევისთვის, მაგრამ ჯერჯერობით კონტრშეტევა არ ხორციელდება.

  • დღეს რუსეთი თავდაცვის სამინისტრო წერდა, რომ შოიგუ უნდა ჩავიდეს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. ეს რის ნიშანია?

ეს არაფრის ნიშანი არაა, ამდენ ხანსაც უნდა ჩასულიყო შოიგუ იქ და ენახა, რა ხდება ბრძოლის ველზე. ის ხომ სამოქალაქო მინისტრი არაა – სამხედრო მინისტრია. თავის დროზე უნდა ჩაეტარებინა ე.წ.სამეთაურო რეკოგნოსირება, რაც არ ჩაუტარებია. ახლა პრიგოჟინთან რომ არ ჩავა ბახმუტში, ეს გასაგებია.

  • რა ხდება პრიგოჟინი-შოიგუს ფრონტზე, თქვენი დაკვირვებით, საითკენ მიდის ეს დაპირისპირება?

ორი გამოსავალია: ან პრიგოჟინი უნდა დარჩეს, ან შოიგო გერასიმოვთან ერთად, სხვა გამოსავალი აქ აღარ არის, მაგრამ ლოგიკურ დასკვნებს რუსებზე მე ვერ გააკეთებ.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრიგოჟინი ცდილობს იყოს გატელევიზორებული. ფიქრობს, რომ ეს არის მისი გარანტია – ცოცხალი დარჩეს. პროგოჟინს აქვს გადაწყვეტილი, ბახმუტი აიღოს და ამის შემდეგ ის შეიძენს გმირის სახელს რუსეთის მოსახლეობის თვალში. ამ განცხადებებს იგი უფრო იმიტომ აკეთებს, რომ დაცული იყოს. თუ ის გაჩუმდება და ეკრანიდან გაქრება, მაშინ მისი გაქრობაც მარტივად იქნება შესაძლებელი.

პრიგოჟინს ძალა აქვს, დანაყოფები, ფული, სახელი, ამბიციები, ვიღაც უმაგრებს ზურგს, ალბათ, ეფესბე, უმაგისოდ ეგ არ იქნება. კიდევ რის ამბიცია ექნება, შემდეგ გამოჩნდება.

  • ფიქრობთ, რომ შეტევას განაგრძობს პრიგოჟინი? 

მე ვფიქრობ, რომ ბახმუტს აიღებს და შემდეგ შეტევას აღარ გააგრძელებს. მარტო „ვაგნერის“ კისერზე ხომ არ გადავა ეს ომი? ჩემი აზრით, ის როტაციას მოითხოვს, რომ დაისვენოს და მოიყვანოს თავისი დანაყოფი წესრიგში.

  • რადგან რუსეთის სამხედრო ძალები ამ დრომდე კონცენტრირებულია ბახმუტზე, რომლის სრულად აღებას უკვე 10 თვე ვერ ახერხებენ, რამდენად მოახერხეს რუსებმა უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდაცვითი ზღუდეების მოწყობა?

ბახმუტმა და პრიგოჟინმა რუსებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, მოეგოთ ის სამი-ოთხი თვე, რაც მათ სჭირდებოდათ მობილიზებული ადამიანების მომზადებისთვის, ასევე თავდაცვითი ზღუდეების აღმართვისთვის. ეს დრო მოიგო რუსეთმა სწორედ ბახმუტის და პრიგოჟინის საშუალებით.

გამოყენებული დროის შედეგია ისიც, რომ რუსებს ზაპოროჟიეში საკმაოდ კარგად მოწყობილი თავდაცვითი ზღუდეები აქვთ. ამიტომაც, იქ ძალიან რთული იქნება უკრაინელებისთვის წარმატებული შეტევის განხორციელება.

  • რუსული მედიის ცნობით, ე.წ. „სპეცოპერაციის ზონაში“ უკრაინაში რუსული არმიის ორი პოლკოვნიკის დაიღუპა. ეს რას აჩვენებს თქვენთვის?

ერთი ბატალიონის მეთაური იყო, მეორე – მეთაურის მოადგილე აღმზრდელობით დარგში. ომში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რუსი ოფიცრების და გენერლების ხშირი დაღუპვა ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ისინი ცდილობენ უშუალოდ მართონ ბრძოლის ველი. ეს აჩვენებს იმას, რომ ქვედა რგოლის მეთაურების კვალიფიკაციის დონე არ არის შესაბამისი.

თუმცა კარგა ხანია, მაღალი წოდების ოფიცერი არ დაუკარგავთ რუსებს – ძირითადად უკვე თავდაცვაში უწევთ ბრძოლა რუსებს, ნაკლებად უწევთ შეტევებში გადასვლა და მეორეცაა: რაღაც ისწავლეს.

  • თქვენი დაკვირვება გაგვიზიარეთ – რა მოხდა ყირიმში და როგორ აისახება ეს ომზე? რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რკინიგზის აფეთქებამ შესაძლოა შეაფერხოს შავი ზღვის ფლოტისთვის შეიარაღების, კერძოდ, „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება – წერს ბრიტანეთის დაზვერვა. 

არა მგონია, რადგან რკინიგზის აღდგენა დღეს საკმაოდ სწრაფად ხდება, თუ შესაბამისი სარემონტო სამსახურები ფუნქციონირებს. ის ეშელონი, რაც ააფეთქეს და გადავარდა, ხორბლით იყო დატვირთული.

ეს უფრო ჰგავს დივერსიას – ყირიმში ყირიმელი თათრებიც არიან, რომლებიც სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთთან შეერთებას. დივერსიული ჯგუფები იქ უკრაინელებსაც ჰყავთ, რომლებიც ამას აკეთებენ.

  • წინა ინტერვიუში ამბობდით, რომ უკრაინის მთავარი სისუსტეა საჰაერო მხარდაჭერა, ანუ უკრაინელებს არ აქვთ შესაბამისი რაოდენობის თვითმფრინავები. გასულ კვირას ზელენსკი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჩავიდა, დღეს იმყოფებოდა G-7-ის სამიტზე. თქვენი აზრით, რის წამოღებას მოახერხებს ზელენსკი ევროპიდან ამჯერად?

ვერ გეტყვით, ჯერჯერობით ეს პოლიტიკის საკითხია, რაც სცდება ჩემს კომპეტენციას. ფაქტი გამოჩნდება, რას მიაღწევს… ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ეს F16-ები არ გააჩნია, გერმანიამ თქვა, რომ მხოლოდ მფრინავებს მოამზადებს, აშშ არ აცხადებს, რომ მზადაა F16-ები უკრაინას მიაწოდოს. სკანდინავიის ქვეყნები მზად არიან ამის მისაწოდებლად, მაგრამ როცა მიაწვდიან, ეს შემდეგ გამოჩნდება.

  • CNN ამბობს, რომ აშშ მისცემს მოკავშირეებს უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემის უფლებას, მაგრამ ამას თავად არ გააკეთებს…

ვერ გეტყვით, რამდენს დაიტოვებს თავისთვის კონკრეტული ქვეყანა და რამდენს გადასცემს უკრაინას. არ გამოვა ისე, რომ რომელიმე ქვეყანამ თავისი საჰაერო ძალები გააუქმოს და ყველაფერი უკრაინას მისცეს.

  • რამდენი თვითმფრინავი სჭირდება უკრაინას საჰაერო მხარდაჭერისთვის? 

რაც მეტი, მით უკეთესი, მაგრამ 12 – 14 მაინც სჭირდება. დღეში საბრძოლო დატვირთვა მფრინავზე არის 2 გაფრენა, მაქსიმუმ – 4 გაფრენა. თვითმფრინავმა უნდა იფრინოს წყვილში, ან რგოლში ოთხმა ერთად, როცა საცეცხლე მხარდაჭერაზეა ლაპარაკი.

  • რამდენად აძლიერებს უკრაინას თავდაცვის რაკეტები და თავდასხმისთვის განკუთვნილ დრონები, რომლითაც 200 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეიძლება? ამ აღჭურვილობას დიდი ბრიტანეთი აძლევს უკრაინას. 

რა თქმა უნდა, ეს გაზრდის უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებს, მაგრამ გააჩნია, როდის მიაწვდის. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიაწოდოს, რადგან მთავრდება ეს ზაფხულიც. შემოდგომაზე ისევ დაიწყება ღრუბლიანი დღეები, წვიმა, ტალახი და ასე შემდეგ.

  • რაზეა ამჯერად ყველაზე მეტად დამოკიდებული უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევა?

ველოდები, რომ რაღაცას ეცდება უკრაინა, თორემ დაიწყეს უკვე ლაპარაკი კონფლიქტის გაყინვასა და კორეის ვარიანტზე.

უკრაინამ რაღაც უნდა გააკეთოს, რომ თვალსაჩინო წარმატებას მიაღწიოს. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია ზაპოროჟიე და აზოვის ზღვაზე გასვლა, მაგრამ ყურადღების გადატანისთვის არაა გამორიცხული, ბელგოროდს, რუსეთის ტერიტორიას დაარტყან უკრაინელებმა.

  • ყურადღების გადატანა რატომ არის მნიშვნელოვანი? 

რა თქმა უნდა, მოულოდნელობის ეფექტი ამ ტაქტიკურ დონეზე მაინც უნდა შექმნან უკრაინელებმა – სტრატეგიული და ოპერატიული მოულოდნელობის შექმნა მათ აღარ შეუძლიათ.

65 ათასი კაცი თავისი აღჭურვილობით, ანუ ორი კორპუსი არის ის ძალა, რომლითაც შეიძლება რაღაც მიმართულებაზე გააკეთო კონცენტრაცია და მნიშვნელოვანი კონტრშეტევა. თუ ეს ძალა უკრაინამ დაქსაქსა და მთელს 1000-კილომეტრიან ხაზზე გადაანაწილა, არა მგონია, მნიშვნელოვანი კონტრშეტევა განახორციელოს.

კონტრშეტევის წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მოულოდნელი იქნება ეს შეტევა დროის გათვალისწინებით, ასევე რამდენად კონცენტრირებული იქნება – მასირებული გარკვეულ ერთ მონაკვეთზე. ამ ეტაპზე ჩანს, რომ ზაპოროჟიეს რაიონში აქვთ კონცენტრაცია უკრაინელებს. მეტი ამ ეტაპზე არაფერი ჩანს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: