მთავარი,სიახლეები

„დღეს ძლივს გადავრჩი“ – აეროპორტის გზატკეცილი ქვეითებისთვის სახიფათოა

12.05.2023
„დღეს ძლივს გადავრჩი“ – აეროპორტის გზატკეცილი ქვეითებისთვის სახიფათოა

მას შემდეგ, რაც ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირი გადაკეტეს, ხელვაჩაურიდან მომავალი ტრანსპორტის ნაკადმა აეროპორტის გზატკეცილზე გადაინაცვლა, რამაც კიდევ უფრო გადატვირთა მოძრაობა მაგისტრალზე.

აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრები მოქალაქეები „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობენ, რომ მაგისტრალის გადაკვეთა არც აქამდე ყოფილა უსაფრთხო, თუმცა მოძრაობის ინტენსივობის გაზრდის გამო, კიდევ უფრო სახიფათო გახდა.

მაგისტრალზე არ არის შუქნიშნები, ქვეითების გადასასვლელი ზებრები კი სულ რამდენიმე ადგილზეა და ისიც – გადაშლილი.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მაგისტრალის გადაკვეთა სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში უწევთ.

„დღეს ძლივს გადავრჩი გადმოსვლისას, ისეთი სიტუაციაა. ორი ადამიანი უნდა მინიმუმ, რომ დადგეს და დაიცვას გზა, რომ გადახვიდე მეორე მხარეს. ხელები უნდა ასწიო და „გააჩერე“ ეძახო მანქანებს, ისე ვერ გადახვალ.

მძღოლები საერთოდ არ ითვალისწინებენ ქვეითების ინტერესებს, წაშლილია ზებრები, თუმცა არც ამას აქცევენ დიდად ყურადღებას. ერთი თუ აჩერებს, მეორე მანქანა უსწრებს წინ და მაინც სახიფათო სიტუაცია იქმნება.

საპატრულოშიც დავრეკე და მითხრეს, რომ ერთი კვირა გვაცალეთ, დამთავრდება გზა და სიტუაცია შეიცვლებაო.

მე როგორც ვიცი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე სამუშაოები ივნისამდე არ დამთავრდება, ამიტომ კარგი იქნება, სანამ სავალალო შედეგები არ დადგება, მანამდე მიიღონ ზომები“ – გვითხრა მზიური ბალაძემ.

აეროპორტის გზატკეცილზე, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, ზებრები წაშლილია ან საერთოდ არ არის.
მოძრაობა არც შუქნიშნით რეგულირდება.

„ძალიან მიჭირს ქუჩის მეორე მხარეს გადასვლა, ზებრაზე არ აჩერებენ, ძლივს გადავდივარ“ – გვითხრა მანანა მალაყმაძემ.

მისი თქმით, საჭიროა ავტომანქანების ნაკადის დარეგულირება შუქნიშნით, ასევე გზა უნდა დაიხაზოს ქვეითებისთვის.

„დიდი ხანია ასეთ მდგომარეობაში ვართ. გზის გადაკეტვის გამო ისედაც გართულდა მოძრაობა, ავტობუსიც კი აღარ მოძრაობს გარკვეულ მონაკვეთებზე და აქაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა.

ყველგან უნდა იყოს მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები, რომ ბავშვია თუ უფროსი, უსაფრთხოდ გადავიდეს მეორე მხარეს“- გვითხრა მან.

ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია, რის გამოც გადაიკეტა აღნიშნული გზა, 2023 წლის თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანეს და სამუშაოების დასრულების ვადა ივნისამდე გადაიწია.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ამ დროისთვის მთლიანად გადაკეტილია მეჯინისწყლის ხიდის მიმდებარე მონაკვეთში, შესაბამისად, ხელვაჩაურიდან მომავალი თუ ხელვაჩაურისკენ მიმავალი ავტომანქანები აეროპორტის გზატკეცილით მოძრაობენ.

ვიდეო:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.