ზღვის ხელოვნური კვება ისევ საჭიროა, მაგრამ მდინარეებში აღარაა ინერტული მასალა – ინტერვიუ

„მდინარეების ნაპირებზე რომ გაიაროთ, როცა წყალუხვობა დავარდნილია, ნახავთ, მხოლოდ სილაა, ქვიშას თითქმის ვეღარ დაინახავთ,“ – გვიყვება გეოლოგი ტარიელ ტუსკია, მას ზღვის სანაპირო ზოლის გამაგრებაზე ვესაუბრეთ.

რამდენად იცავს პლაჟს მისი ხელოვნური კვება და რა გამოჩნდა 27 ნოემბერს, როცა შტორმმა ბათუმის ახალი ბულვარი ისევ დააზიანა? –  სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ზღვის ხელოვნური კვება ყოველწლიურად უნდა გაგრძელდეს, რადგან ამგვარი ჩარევის დადებითი ეფექტი თვალსაჩინოა, თუმცა ტარიელ ტუსკია დასძენს, რომ უკვე ინერტული მასალის მოპოვებაა პრობლემა.

„ბათუმელებმა“ გეოლოგთან, საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრთან, ტარიელ ტუსკიასთან ინტერვიუ ჩაწერა:

ბატონო ტარიელ, ძლიერმა შტორმმა სანაპირო ზოლი ისევ დააზიანა. თქვენი დაკვირვებით რამდენად იმუშავა სანაპირო ზოლის გამაგრებამ?  

ინერტული მასალა მდინარე ჭოროხიდან უკვე შეტანილია სანაპირო ზოლში დაახლოებით 400 ათასი კუბ. მეტრი, რამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია მთლიანად პლაჟის შენარჩუნებაზე. რაც მოხდა სანაპიროზე შტორმის დროს, ფილების დაშლა, სანაპირო ინფრასტრუქტურის დაზიანება და ასე შემდეგ, ეს ცალკე პრობლემაა, მაგრამ  რომ არ ყოფილიყო ეს ინერტული მასალა შეტანილი, ზარალი გაცილებით მეტი იქნებოდა.

ხელოვნურმა ჩარევამ ჩვენ ძალიან დიდი შედეგი მოგვცა. მაღლივი კორპუსები რომაა გზის გადაღმა, იმ გზის მთლიანი გარეცხვა შეიძლება მომხდარიყო. სანაპირო ზოლზე ხელოვნური ჩარევით კი, დაახლოებით 20-25 მეტრით მომატებულია პლაჟი იმ ტერიტორიაზე, სადაც ინერტული მასალა შეიტანეს.

8-ბალიანი შტორმი ბათუმში იშვიათობაა. მე რაც მოვიკითხე, ბოლო 100 წლის განმავლობაში 8-ბალიანი შტორმი საქართველოში დაფიქსირებული არ ყოფილა. გამოჩნდა, რომ ძალიან კარგად იმუშავა იმ ქვებმაც, რომელიც გვაქვს აეროპორტის მიმდებარედ.

ყველაზე მეტად დაზიანდა ახალი ბულვარი აკვაპარკის მიმდებარედ, სადაც ბოლო დროს შეჰქონდათ ინერტული მასალა. რა იყო ამის მიზეზი? 

წელიწადში რამდენჯერმე ხდება შტორმული მოვლენები და დროთა განმავლობაში ისე ჩამოყალიბდა ზღვის რელიეფი – ყველაზე დიდი დარტყმა არის ამ ტერიტორიაზე, სადაც ახლა პლაჟი გაფართოვდა.

ტარიელ ტუსკია

რა სურათი გვექნებოდა დღეს, დროულად რომ დაწყებულიყო ჩარევა, ანუ ზღვის ხელოვნური კვება, რასაც თქვენ წლების წინაც ითხოვდით? 

ადრე რომ შეტანილიყო ინერტული მასალა, ცხადია, უკეთესი იქნებოდა.

მთავარია, რომ შეიტანეს ინერტული მასალა და ამან გარკვეული უკეთესობა მოგვცა, თორემ აქტიურ უბნებში მთლიანად მოხდებოდა სანაპირო ზოლის გარეცხვა, კატასტროფული სიტუაცია შეიქმნებოდა. შეიძლება იმ მაღალსართულიანი შენობების ფუნდამენტამდეც მისულიყო ზღვა.

რა სახის პრობლემას უქმნის სანაპიროს მაღალსართულიანი შენობები პლაჟთან ახლოს? 

ეს სხვა პრობლემაა, რომ მაღლივი კორპუსებია სანაპირო ზოლში. ეს სხვა თემასთანაა დაკავშირებული და არ უკავშირდება შტორმს.

კავშირი არის ის, რომ თუ არ იქნებოდა შეტანილი ინერტული მასალა სანაპიროზე, შტორმი უკვე ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნიდა ამ შენობებს. დღეს ამ შენობებს უძლიერესი შტორმის შედეგად პრაქტიკულად არანაირი ზიანი არ მიუღიათ. არაა მთლად სასურველი ამხელა კორპუსები იყოს ზღვასთან ახლოს. დარწმუნებული ვარ, საქნაპირდაცვა რომ არსებობდეს და იყოს სპეციალური სამსახური, ამ სიმაღლის შენობების აშენების უფლებას არ გასცემდნენ.

სპეციალისტები ამბობთ, რომ ინერტული მასალის შეტანა სანაპიროზე ზოლზე უნდა ხდებოდეს ყოველწლიურად. თქვენ კონკრეტულად რა საჭიროებას ხედავთ ამ ეტაპზე? 

120 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა კიდევ არის შესატანი, რაც დარჩენილია არსებული პროექტის ფარგლებში და რაც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

რა თქმა უნდა, წესით ყოველწლიურად უნდა მოხდეს ინერტული მასალის შეტანა ზღვაში, თუმცა მისი მოპოვებაც პრობლემა გახდა. ზღვის პლაჟის აღდგენას აუცილებლად მდინარეული ინერტული მასალა სჭირდება, რადგანაც ქვები დამრგვალებულია და პრობლემას არ ქმნის დამსვენებლებისთვის. კლდოვანი ქანების ნაშალს კი, წვეტოვანი კუთხეები აქვს. მდინარის მიერ დამუშავებული ინერტული მასალა საუკეთესოა პლაჟს ბუნებრივი შენარჩუნებისთვის.

მე ყოველთვის ამას ვემხრობოდი, რომ აუცილებელია ზღვის ხელოვნური კვება. მანამდეც, როცა 2008 და 2009 წლებში შევიტანეთ ინერტული მასალა, აეროპორტის ასაფრენ ბილიკთან იყო თითქმის ზღვა მისული და პირველივე შეტანამ თვალსაჩინო შედეგი გვაჩვენა. ანალოგიური მოხდა დღესაც, როცა ჩვენ ამ ეფექტს ვხედავთ.

კახეთსა და სხვა რეგიონებში არსებობს ინერტული მასალის რესურსი, ბევრი მშრალი მდინარეა, თუმცა ტრანსპორტირებაა რთული. შესაძლებელია, მატარებლის ვაგონებით ამ ინერტული მასალის ჩამოტანა.

ზღვაში რა მდინარეებიც ჩადის, ყველა პრობლემურია უკვე, ყველგან ამოღებულია უკვე ინერტული მასალა, თანაც, იმდენი ჰესი აშენდა. აჭარისწყალს, მაგალითად, ფაქტობრივად ნატანი აღარ აქვს, რაც ჩამოჰქონდა და არეგულირებდა სანაპირო ზოლს. მდინარეების ნაპირებზე რომ გაიაროთ, როცა წყალუხვობა დავარდნილია, ნახავთ, სილაა, ქვიშის თითქმის ვეღარ დაინახავთ.

გასულ წელს აჭარის მთავრობის დაკვეთით მომზადებულ კვლევაში ჩაიწერა, რომ სანაპირო ზოლის გამაგრებაზე უნდა შემუშავდეს ახალი სტრატეგია, ჩართული ხართ ამ პროცესში? თქვენი ხედვით, რა სტრატეგიული მიდგომაა საჭირო?  

ძალიან ბევრი სამუშაოა ამ კუთხით. მაგალითად, ბათუმის კონცხზე, სადაც ჩვენ საზღვაო-სანაოსნო გვაქვს, ჭარბი რაოდენობითაა შეტანილი მასალა. ამ კონცხზე ერთხელ მოხდა მეწყრული პროცესი, რაც გამოიწვია დაგროვილმა ჭარბმა ინერტულმა მასალამ – როგორც იცით, ზღვა თავად ანაწილებს ინერტულ მასალას, თუმცა აქ გვაქვს ფერდი, რომელიც ახლა დამძიმებულია, ჭარბი რაოდენობაა და მისი გადანაწილება უნდა მოხდეს. ვიცი, რომ მთავრობა მუშაობს პროექტზე. თუ ეს არ მოხდება, შესაძლოა, იმ ადგილზე მოხდეს მიწის ჩახეთქვა…

არ ვიცი, როგორ მოხდება, მაგრამ ყველა ვარიანტში გემის საშუალებით უნდა მოხდეს მაგის ამოტანა და შემდეგ მისი გადანაწილება.

ადრე სპეციალური სამსახურები იყო, რომელიც ამ თემას ემსახურებოდა, რაც დღეს არ გვაქვს და ძალიან დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ. სტრატეგიული დანიშნულება აქვს სანაპირო ზოლის შენარჩუნებას, აუცილებლობაა სტრატეგიული დოკუმენტის დროულად დადება. არ მაქვს ინფორმაცია, რა ეტაპზეა ეს.

ამავე თემაზე:

საფრთხე ბათუმის კონცხთან – 43 000 კუბ/მ ხრეშს მახინჯაურში გადაიტანენ

რამდენ პირს ჩამოართვეს თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლება – სასამართლოს სტატისტიკა

2022 წლის სტატისტიკით, მსჯავრდებულს პირებს შორის, რომლებსაც სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა დაუმტკიცდათ, საქართველოში სულ 23 პირს ჩამოართვეს თანამდებობის დაკავების უფლება, ან საქმიანობის უფლება.

2021 წელს კი, ასეთი სასჯელი სულ 3 ადამიანს შეეხო. 2021 წელს საერთო მსჯავრდებულების რაოდენობის მაჩვენებელში ეს 0.02 %-ია, 2022 წელს კი, 0.12 %.

2022 წელს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებით სულ 18 850 პირი გახდა მსჯავრდებული, 2021 წელს – 15 412.

მსჯავრდებულების ნახევარზე მეტს პირობითი მსჯავრი აქვს: 2022 წელს – 9785 პირს [51%] 2021 წელს – 8242 [53%].

2022 წელს მსჯავრდებულების 21 %-ს შეუფარდეს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა – 4128 ადამიანს. 2021 წელს  – 3502 პირს [22%].

კიდევ ერთი საინტერესო მაჩვენებელი: განაჩენის აღსრულება 2022 წელს 9 მსჯავრდებულის შემთხვევაში გადაიდო, 2021 წელს კი, 6 პირს გადაუვადეს სასჯელი.

შინაპატიმრობის მაჩვენებელი ისევ დაბალია: 2022 წელს შინაპატიმრობაში მხოლოდ 13 მსჯავრდებული იყო, ეს საერთო მსჯავრდებლების მაჩვენებლის 0.1 %-ია.

სად განიხილავენ მოქალაქეებთან ერთად ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს

2023 წლის 4 დეკემბრიდან ბათუმის მერია ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს. შეხვედრები ბათუმის სხვადასხვა უბანში გაიმართება.

4 დეკემბერს ბათუმის ბიუჯეტის პროექტს აეროპორტისა და გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში განიხილავენ [შარაშიძის ქუჩა #12], 5 დეკმებერს – სამრეწველო და კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულებში [დიდაჭარის ქუჩა #23], 6 დეკემბერს – ბონი-გოროდოკის, თამარისა და მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულებში [მაიაკოვსკის ქუჩა 67], 7 დეკემბერს – ხიმშიაშვილისა და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულებში [გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა #5].

8 დეკემბერს ბათუმის ბიუჯეტის პროექტზე ორი საჯარო განხილვა გაიმართება: რუსთაველისა და ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულები [ვაჟა-ფშაველას ქუჩა 32].

ბიუჯეტის საჯარო პროექტების განხილვა დილის 10 საათზე დაიწყება.

8 დეკემბერს, დღის 2 საათზე ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება ჯავახიშვილის ქუჩა # 70-შიც. ეს ბაგრატიონი პირველის, ჯავახიშვილისა და ბაგრატიონი ორის ადმინისტრაციული ერთეულებია.

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 365 მილიონ ლარია. .ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს.

ამ თემაზე:

2024 წლის ბათუმის ბიუჯეტი „იაფი სახლის“ გარეშე – რას აკლდება და რას ემატება დაფინანასება

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 331 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070]
  • ტანკი – 5 571 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 10 385 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 7 941 ერთეული [+10]
  • MLRS – 913 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 602 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 994 ერთეული [+18]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 568 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 410 ერთეული [+11]
  • სპეცტექნიკა – 1 138 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 545 თვითმფრინავი
  • 256 ვერტმფრენი
  • 9 353 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 743 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 187 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 215 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 844 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„თუ დნეპრი გაიყინა, ეს უკრაინელებს გაუადვილებს პლაცდარმის მომარაგებას“- ინტერვიუ

„ბენზეს ხიდს“ გააფართოებენ – მის რეაბილიტაციაში ახლახან 1,8 მილიონი დაიხარჯა

ბათუმში, თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყალზე მდებარე ხიდის გაფართოებაა დაგეგმილი. ამ ხიდის სარეაბილიტაციოდ 2020-22 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,8 მილიონი დაიხარჯა. რეაბილიტაციის შედეგად „ბენზეს ხიდის“ სავალი ნაწილი დაავიწროვეს და ხიდს მძღოლებმა „ძაბრი“  შეარქვეს – აქ ავტომანქანების მუდმივი საცობის გამო.

ხიდის გაფართოებისთვის ამჯერად ფული ბათუმის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, თუმცა რამდენი, ჯერ მერიაში არ ამბობენ – უნდა მომზადდეს ხელახალი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, დადგინდება სავარაუდო თანხის ოდენობა, რომელიც შემდეგ ტენდერში დაზუსტდება.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნული ხიდის გაფართოება 2024 წლისთვის აქვთ დაგეგმილი.

მძღოლების თქმით, რეაბილიტირებული ხიდი დღეს მანქანებს იმ ინტენსივობით, როგორც ადრე, ვეღარ ატარებს.

რეაბილიტირებული „ბენზეს ხიდი“/„ძაბრი“. თვალსაჩინოებისთვის –  წითელი ხაზებით ნაჩვენებია გზის სავალი ნაწილის სიგანე, რომელიც ხიდთან ვიწროვდება

„ბენზეს ძაბრ ხიდზე გვინდა გესაუბროთ. იმავენაირი ხიდი იყო ზუგდიდშიც, გაფართოვეს, 2-ზოლიანის ნაცვლად გადაკეთდა 4-ზოლიანად, რის საშუალებასაც ჩვენი ე.წ. ბენზეს ხიდი იძლევა. მოვითხოვთ ხიდის გაფართოებას. დავიღალეთ ამ საცობებით… ელემენტარულად, თუნდაც ტროტუარების ხარჯზე მოახდინონ ხიდის გაფართოება და გაივლის 4 მანქანა ერთდროულად“ – მოგვწერა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

„ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ოფიციალურად 14 ნოემბერს მიმართა. დეპარტამენტისგან პასუხს რამდენიმე კითხვაზე ვითხოვდით, მათ შორის:

  • რატომ შემცირდა ხიდის სავალი ნაწილის სიგანე 10,4 მეტრიდან [ორთავე ზოლი ჯამში] 8 მეტრამდე?
  • გათვალისწინებული იყო თუ არა სარეაბილიტაციო პროექტის შედგენისას ამ მონაკვეთში არსებული ინტენსიური მოძრაობა და ხიდის დავიწროების ზეგავლენა ავტოტრანსპორტის საცობზე?
  • განიხილებოდა თუ არა აღნიშნული ხიდის 4-ზოლიანად გადაკეთება? – თუ კი, რატომ არ გადაწყდა დადებითად?
  • განიხილება თუ არა დღეს აღნიშნული ხიდის ნაცვლად 4-ზოლიანი ახალი ხიდის მშენებლობა, ან არსებულის გადაკეთება?[ამის საშუალება ამ ადგილზე არის, ვინაიდან რეაბილიტაციის დროს გვერდით დროებითი ხიდიც ფუნქციონირებდა.]
„ბენზეს ხიდი“ დღეს. ფოტოზე ჩანს, როგორ ვიწროვდება გზის სავალი ნაწილი ხიდზე / 1.12.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდი მდინარე ყოროლისწყალზე აშენებულია და ექსპლუატაციაში მიღებულია 1961 წლიდან და ის „გაანგარიშებული იყო საქართველოში 50-იან წლებში მოქმედი სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებულ საავტომობილო დროებით დატვირთვებზე, რომელიც საკმარისი იყო იმ დროს არსებული ავტოპარკის გასატარებლად“.

დეპარტამენტი ასევე გვწერს, რომ „ხიდის გაბარიტი ითვალისწინებდა ავტოტრანსპორტის ორი რიგის მოძრაობას (ორ სამოძრაო ზოლს), ამასთან, ხიდთან მისასვლელი გზაც არის ორზოლიანი“.

„აღსანიშნავია, რომ ხიდის მალის ნაშენები და ბურჯები გაანგარიშებული იყო ზემოთ ხსენებულ დატვირთვებზე, ხოლო ხიდის ტროტუარების გაბარიტი საკმარისი იყო იმ დროს არსებული ფეხით მოსიარულეთა ინტენსივობის გასატარებლად.

ხიდის არსებული სავალი ნაწილის გაბარიტი იყო 10.4 მეტრი და იგი იმთავითვე ვერ უზრუნველყოფდა ტრანსპორტის ოთხზოლიანი მოძრაობის გატარებას [ქალაქის პირობებში 60 კმ/სთ დასაშვები მაქსიმალური სიჩქარის შემთხვევაში ხიდის სავალი ნაწილის გაბარიტის სიდიდე უნდა იყოს მინიმუმ 14 მეტრი დღეს მოქმედი სტანდარტების მიხედვით]“ – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

თუმცა, დეპარტამენტი არ გვპასუხობს კითხვაზე – განიხილებოდა თუ არა ხიდის გაფართოება ან 4-ზოლიანად გადაკეთება? პირიქით, დეპარტამენტი გვწერს, რომ არსებული სავალი ნაწილი/გაბარიტი შემცირდა „დღეს მოქმედი საქართველოს ეროვნული სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად“.

გზის სავალი ნაწილი, რომელიც ხიდზე ვიწროვდება / „ბენზეს ხიდი“ / 1.12.2023

დეპარტამენტის პასუხიდან ასევე ირკვევა, რომ ჩატარებული „სარეკონსტრუქციო სამუშაოების“ მთავარი მიზანი „სახიდე გადასასვლელზე არსებული დაზიანებების გათვალისწინებით, არსებულ ბურჯებზე მუდმივი დატვირთვების შემცირება და მათი კონსტრუქციის გაძლიერება-დაცვა“ იყო.

„ამგვარად, ხიდის გაბარიტი მიღებულ იქნა შემდეგი ზომებით: 2X4.0+2 X2.0, სადაც სავალი ნაწილი მიღებულია ქალაქში არსებული დასაშვები სიჩქარის 60 კმ/სთ-ში 3.25 მ, ხოლო უსაფრთხოების ზოლი 0.75 მ. ამავე დროს გაიზარდა თვალამრიდების სიმაღლე 0.75 მ-მდე. ამგვარად, ხიდზე მოძრაობის ინტენსივობა არ შემცირებულა და ხიდის გამტარუნარიანობა იგივე დარჩა (ორზოლიანი)“ – გვწერს გზების დეპარტამენტი.

ანუ, გზების დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ მოძრაობის ინტენსივობის მხრივ მდგომარეობა არ გაუარესებულა და ხიდზე, რომელსაც 1,8 მილიონი ლარი დაახარჯეს, გამტარუნარიანობის კუთხით არც არაფერი შეცვლილა.

„ბენზეს ხიდი“ / 1.12.2023

აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: გასაგებია, რომ „ქალაქში არსებული დასაშვები სიჩქარის“ მიხედვით შეამცირეს ხიდის ისედაც არასაკმარისი გაბარიტები, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ გზა, რომელზეც ეს ხიდია, ქალაქში ერთადერთი შემოსასვლელ-გასასვლელია და აქვეა ტრანზიტული მოძრაობაც. ეს უზარმაზარი დატვირთვა გზაზე კი, ხიდის რეაბილიტაციის დროს გათვალისწინებული არ ყოფილა.

ამასთან, ეს გზა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაა, ბუნებრივია თავის „ბენზეს ხიდიანად“ და არ არის უბრალოდ „საქალაქო გზა“.

ავტოტრანსპორტის ნაკადები არა, მაგრამ ფეხით მოსიარულეთა და ტურისტული ნაკადები გავითვალისწინეთო – გვწერს დეპარტამენტი და ხიდზე მანქანების სავალი ნაწილის ხარჯზე ტროტუარები გავზარდეთო.

„ამასთან, ტროტუარების გაბარიტებთან დაკავშირებით, გადაწყდა მათი ზომის გაზრდა, ვინაიდან საგრძნობლად გაიზარდა ქალაქის მოსახლეობა და რაც მთავარია ტურისტული ნაკადები (ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით)“ – გვწერს გზების დეპარტამენტი.

ხიდზე, რომლის რეაბილიტაცია 20 თვის წინ დასრულდა [მიღება-ჩაბარების აქტი 2022 წლის მარტშია დამტკიცებული], გაზრდილ ტროტუარებზე წყალი დგას:

გაფართოებული ტროტუარი ხიდზე, რომელზეც წყალი დგას / 1.12.2023

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ასევე ვწერდით, რომ აღნიშნულ ხიდთან ხშირად არის საცობი, რომ საცობია მთლიანად ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან ამ ხიდამდე [თამარის დასახლებამდე] მონაკვეთში [როგორც ჩაქვის, ასევე ბათუმის მიმართულებით].

აქედან გამომდინარე, გვაინტერესებდა შესწავლილი აქვს თუ არა აღნიშნული პრობლემა დეპარტამენტს? რა არის მიზეზი? არსებობს თუ არა ბათუმის შემოსასვლელში საცობის პრობლემის მოგვარების ხედვა-გეგმა-ან კონცეფცია? – კონკრეტულად რაში ხედავს დეპარტამენტი გამოსავალს?

„ბენზეს ხიდი“ / 1.12.2023

„ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში 2022 წლის 18 ივლისს შეტანილი ცვლილების თანახმად, თქვენს განცხადებაში მითითებული საავტომობილო გზის მონაკვეთი [მათ შორის ხიდი] აღარ ირიცხება დეპარტამენტის ბალანსზე“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

გვირაბიდან „ბენზემდე“ მონაკვეთში გზაზე მუდმივი საცობების გამო, ზემოთ აღნიშნული კითხვებით მერიის სამმართველოსაც მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ პასუხებს წერილობით მოგვაწვდიან.

განახლება: მერიის სამმართველოდან 7 დეკემბერს წერილობით მივიღეთ, ის რომ „ბენზეს“ ხიდს გააფართოებენ:

მერიის სამმართველოდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი წერილიდან

რეაბილიტირებული ბენზეს ხიდი [მარცხნივ წითელი ხაზებით ნაჩვენებია გზის და ხიდის სავალი ნაწილის სიგანე] / 1.12.2023
თამარის ხიდის რეაბილიტაციაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტენდერი 2020 წელს 2 357 195 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიისთვის კი, შესყიდვების პორტალის მიხედვით, 1 836 100 ლარია ჯამში გადარიცხული.

ტენდერის დეტალები შეგიძლიათ ნახოთ „ბათუმელების“ ამ სტატიაში:

ბათუმის შემოსასვლელში ხიდის რემონტის გამო ტრანსპორტი დროებით ნაგებობაზე იმოძრავებს

 

 

რატომ შემცირდა აჭარის ბიუჯეტი 28 მილიონით – ოპოზიციამ კლებას „სეკვესტრი“ უწოდა

წლის ბოლოს აჭარის მთავრობამ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა. შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირდა ძირითადად არაფინანსური აქტივებისა ნაწილში ბიუჯეტის შეუსრულებლობისა და რიგი პროექტების შეფერხების გამო. კლებას ოპოზიციამ სეკვესტრი უწოდა.

ეს მნიშვნელოვანი საკითხი გუშინ, 30 ნოემბერს, დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების თემამ გადაფარა.

2023 წლის ბიუჯეტში უკვე დამტკიცებული ცვლილების მიხედვით, აჭარის მთავრობამ შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 41 მილიონ 390 000 ლარით შეამცირა. აქედან ყველაზე მეტი, 40 მილიონი – არაფინანსური აქტივების კლების ნაწილში, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ საინვესტიციოდ გატანილი ქონება ვერ გაყიდა.

ბიუჯეტის დაგეგმვისას არაფინანსურ აქტივებში თანხების გაბერვასა და არარეალურ დაგეგმვაზე სახელმწიფო აუდიტიც მიუთითებდა, როგორც წინა წლის ბოლოს მიმდინარე ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე 2022 წლის ბოლოს, თუმცა მთავრობამ ეს არ გაითვალისწინა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მთავრობას მოსწონს, როცა დაგეგმვისას „მაღალ ციფრებს აბრეხვებს“, ამიტომაც არ ითვალისწინებს შენიშვნას, რის გამოც წლის ბოლოს ბიუჯეტში დიდი გარღვევა ფიქსირდება.

იმავეს წერს აუდიტიც.

სახელმწიფო აუდიტი მიიჩნევს, რომ აჭარის მთავრობა გარკვეულ შემთხვევებში პროგრამებსა და ქვეპროგრამებს ჭარბი რესურსით გეგმავს, რაც წლის განმავლობაში ბიუჯეტში ნაშთის დაგროვებას უწყობს ხელს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ათვისების დაბალი მაჩვენებელიც არის.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მთავრობა ამ შენიშვნის გათვალისწინებას არც მომავალში გეგმავს.

30 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამტკიცებული ცვლილების შედეგად საბოლოდ ბიუჯეტის ასიგნებები 572 მილიონ 651 400 ლარით განისაზღვრა, მაშინ როცა წლის დასაწყისში ბიუჯეტი 600 მილიონზე მეტს შეადგენდა.

2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით შემოსულობები – 512 მილიონ 549 400 ლარით, ხოლო გადასახდელები 535 მილიონ 549 400 ოდენობით განსაზღვრეს. ივლისში ბიუჯეტში ცვლილება შეიტანეს და შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 560 მილიონ 189 400 ლარამდე, გადასახდელები კი 600 მილიონ 589 400 ლარამდე გაიზარდეს. ახლა კი ეს ციფრი 572 651 400 ლარამდე ჩამოწიეს.

2023 წლის ბიუჯეტში დამტკიცებული ცვლილების მიხედვით 1 მილიონ 390 000 ლარით შემცირდა სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი. ეს თანხა მთავრობას დეპოზიტებზე და ანგარიშებზე დარიცხული პროცენტებიდან, ჯარიმებიდან, სანქციებიდან და საურავებიდან მისაღები შემოსავლების სახით უნდა ამოეღო.

შემცირდა გადასახდელებიც, კერძოდ, ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 27 მილიონ 937 900 ლარით შეამცირეს.

მთავრობის განმარტებით, ცვლილება ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტების, სხვადასხვა ღონისძიებების მოცულობის ცვლილებით, სახელმწიფო შესყიდვების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიებისა და სხვადასხვა გარემოებებით არის გამოწვეული.

უშუალოდ, ბიუჯეტის დამგეგმავმა ორგანომ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საკუთარი გადასახდელები 21 მილიონ 914 800 ლარით შეამცირა.

კერძოდ, 2 მილიონ 315 500 ლარით შემცირდა აჭარის ტერიტორიაზე არსებული მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარების პროგრამა, 3 მილიონ 050 000 ლარით – ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.

სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამა – 6 მილიონი ლარით, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირების პროგრამა კი 2 მილიონ 780 000 ლარით შეამცირეს.

აჭარის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშის შეფასებისას აუდიტი წერდა, რომ მაღალმთიანი სოფლების გაზსადენის მშენებლობისთვის გათვალისწინებული 4 მილიონიდან აჭარის მთავრობამ მხოლოდ 700 000 ლარის ათვისება შეძლო. ამის თაობაზე აჭარის მთავრობამ თავის ანგარიშში განმარტა, რომ შეფერხება ხულო- ზარზმის გზის მშენებლობამ გამოიწვია.

პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტის, ხიჭაურის დასახლებასა და გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალო წნევიანი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებდა. მთავრობის ინფორმაციით გაზსადენის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობს, რაც ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებით არის გამოწვეული:

„ვინაიდან გაზსადენის კონტური გასდევს საავტომობილო გზის კონტურს. გზის რეკონსტრუქციის პროფილის ჩამოყალიბება ეტაპობრივად მიმდინარეობს და შესაბამისად ხორციელდება გაზსადენის სამონტაჟო სამუშაოები.“

ბიუჯეტში გზების რეაბილიტაციის პროგრამა – 1 მილიონ 989 900 ლარით შეამცირეს, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 1 მილიონ 068 100 ლარით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა კი – 785 100 ლარით.

11 მილიონ 563 300 ლარით შეამცირეს საერთო რესპუბლიკური გადასახდელების დაფინანსება. მათ შორის ყველაზე მეტი – 9 მილიონ 333 100 ლარი პროექტების მართვის კომპანიის დაფინანსებას გამოკლდა.

9 თვის ანგარიშის შეფასებისას აუდიტი წერდა, რომ „საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელების“ ათვისების დაბალი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაკავშირებულია აჭარის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფინანსებასთან.

აუდიტის ინფორმაციით, 2023 წლის 9 თვეში გადახრა წლიურ გეგმასთან მიმართებით შეადგენდა 26 მილიონ 712 000 ლარს, ხოლო 9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან – 17 მილიონ 510 800 ლარს. მათ შორის, ძირითადი წილი მოდის შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიაზე,“ სადაც 2023 წლის 9 თვის გეგმიდან აუთვისებელი იყო 15 მილიონ 251 400 ლარი.

აუდიტის განმარტებით, აუთვისებლობა ძირითადად დაკავშირებულია მიმწოდებელი კომპანიის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებასთან.

გამოთავისუფლებული თანხა მთავრობამ წლის დასრულებამდე ერთი თვით ადრე სხვა მუხლებში გადაიტანა. კერძოდ, 2 მილიონ 589 000 ლარი დაუმატეს აჭარის განათლების სამინისტროს. ეს თანხა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს. ყველაზე მეტი, 8 მილიონი დაუმატეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს.

2023 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტი უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ 12 ხმით დაამტკიცა.

______________

ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო 

როგორ შეძლო ქალმა ხულოში საკონდიტროზე ოცნება რეალობად ექცია

„გარიგებით დავქორწინდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, შემდეგ შემიყვარდა ჩემი მეუღლე. სამი შვილი მყავს. ორი გოგო და უმცროსი ბიჭი, რომელიც 25 დღის იყო, როცა ჩემი ქმარი გარდაიცვალა. 16 წელია, რაც ქმარი აღარ მყავს.

ძალიან რთულია, იყო მარტოხელა დედა. ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა აიღო, იტვირთო და აიტანო, რათა ოჯახი არჩინო“ – გვიყვება 45 წლის ეკა აბულაძე.

ეკა ხულოს სოფელ ქედლებში უმცროს შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი ერთი შვილი, გოგო, დაქორწინდა, მეორე კი ბათუმშია.

„10-11 წელი ვიარე თურქეთში. თხილსა და ჩაის ვკრეფდი სეზონურად.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ ბავშვს სჭირდებოდა მკურნალობა. თითქმის ერთი წელი ვმკურნალობდით და არ მქონდა ის საშუალება… თანხა გინდოდა ექიმთან მისასვლელად, წამლები… ფული გჭირდებოდა, რომ ბავშვისთვის გეყიდა წამალი და ამის გამო გადავწყვიტე თურქეთში მევლო და ასე მეზრუნა ოჯახზე, შვილებზე.

ეს წლები ჩემს ჯანმრთელობას დაეტყო. იქ ჩაის რომ მოკრეფ, შენი მოკრეფილი ჩაი აღმაც უნდა აიტანო, განზეც უნდა გაიტანო, ქვევითაც… შენს ტვირთს არავინ არ აიტანს, იქ ვერავინ დაგეხმარება. ძალიან ბევრი წვალება, გაჭირვება, პრობლემა გამოვიარე.

ფიზიკური შრომა მიყვარს, მაგრამ სამი წელია გულზე პრობლემა შემექმნა და ვეღარ გავდივარ თურქეთში. სოფელში მომყავს მოსავალი“ – გვიყვება ეკა.

ქალისთვის ფიზიკური მძიმე შრომა არც თურქეთში მუშაობის დაწყებამდე იყო უცხო ხულოს რელიეფისა და მკაცრი ზამთრის პირობებში. ბევრჯერ დაუჩეხავს ზამთრის მარაგის შეშა მარტოს.

მისი თქმით, ქმრის გარდაცვალების შემდეგ ძალიან ეშინოდა და 2 წლით დედამთილთან გადავიდა საცხოვრებლად შვილებთან ერთად, რის გამოც სოციალური დახმარება არ მისცეს.

„სამჯერ გადავიტანე კორონა. ერთხელ ისე მძიმედ, რეანიმაციაშიც კი მოვხვდი. ბრონქები მაწუხებს, მაგრამ რომ არ არის საშუალება, ვერ დავდივარ ჰაერის გამოსაცვლელად“, – გვითხრა ეკამ.

ეკამ გვითხრა, რომ აქამდე ყოველთვის ჰყავდა საქონელი, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის წინ ყველა გაყიდა უფროსი შვილის ქორწილის სამზადისისთვის.

„როცა გოგო დაქორწინდა, მაშინ გავყიდე ყველა. სხვა საშუალება არ მქონდა, რომ შვილისთვის რაღაც მიმეტანა და არც ის მინდოდა, რომ ეფიქრა, მამა არ ჰყავდა და ამიტომ არაფერი არ ეღირსა. ამიტომ გავყიდე საქონელი და გადავუხადე ქორწილი“.

ოჯახის ფინანსური გაძლიერებისთვის ეკამ წლების წინ ვაჭრობაც დაიწყო ბათუმში, საახალწლოდ ნაძვის ტოტებისგან აწყობილ ნაძვის ხეებს ყიდის, მარტში კი – იებს და ა.შ..

ეკას ოცნება და მიზანი საკონდიტროს გახსნაა. ამაზე საუბარს იქიდან იწყებს, თუ როგორ ისწავლა ტკბილეულის ცხობა.

„დედაჩემი საპატარძლო ტორტებს აცხობდა და რთავდა. ტორტის გამოცხობა დედამ დაქორწინებამდე მასწავლა. მაშინ არ იყო ტორტებზე არც ასეთი მოთხოვნა, არც ტორტის მოსართავი რაიმე საშუალება გვქონია. ჭარხალს დავხეხავდით, მოვხარშავდით და მისი ან სტაფილოს წვენით ვაფორმებდით ტორტს, ფერადი რომ გამოსულიყო.

ნამცხვრების გამოცხობა კი დედამთილმა მასწავლა. ჩემს დედამთილს უყვარდა ცხობა. ქორწილებში დადიოდა მზარეულად. როცა დავქორწინდი, გვერდით დამიყენა და ყველა სახის ნამცხვრის ცხობა მასწავლა. შემდეგ უკვე მეც დავდიოდი ქორწილებში მზარეულად“, – გვიყვება ეკა.

ქალის თქმით, საახალწლოდ ბათუმში სავაჭროდ ჩასულს ტკბილეულსაც უკვეთავდნენ. თავიდან მისი მომხმარებლები მხოლოდ ნაცნობები იყვნენ, თუმცა შემკვეთების რაოდენობა მალე გაიზარდა.

„ღამის საათებში ვაცხობდი, დღისით ნაძვებს ვყიდდი. ბევრჯერ გამითენებია ღამე ცხობაში, განსაკუთრებით დღესასწაულებზე. ახალ წელს ძალიან დატვირთული ვარ.

დღისით რომ ნაძვებს ყიდი, საღამოს მიდიხარ და იცი, შენს იმედად ვიღაც არის, იმას ვერ მოატყუებ. უნდა გაუკეთო, რაზეც შეთანხმდით. ისეთი შემთხვევებიც მქონია, როცა ადამიანს გადახდის საშუალება არ ჰქონია და უსასყიდლოდ გამომიცხვია მისთვის“, – გვეუბნება ეკა.

მისი თქმით, ძველით ახალ წელს უკვე სოფელშია და ადგილობრივ შეკვეთებზე მუშაობს.

„არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე კონდიტერი გავხდებოდი, რადგან არ მქონია საშუალება, საჭირო რესურსი შემეძინა.

ძალიან ვწვალობ და დიდი დრო მჭირდება, რადგან არ მაქვს შესაბამისი საცხობი, დიდი მიქსერი… ტორტის მოსართავი საშუალებები. ძველებური საშუალებებით ერთსა და იმავე მორთულობას ვუკეთებ ტორტებს სულ, მაშინ, როცა უამრავი სხვა იდეა მაქვს.

რთულია, როცა იდეა გაქვს, მაგრამ ფინანსური საშუალება არა მის განსახორციელებლად“, – გვეუბნება ქალი.

მისი თქმით, არა თუ საჭირო ტექნიკის შეძენა, არამედ ამა თუ იმ ნამცხვრის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტების თავმოყრაც ბევრჯერ გასჭირვებია.

„ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ დამკვეთს კონკრეტული ნამცხვარი სდომებია, მაგრამ არც მე მქონია საჭირო ინგრედიენტები და არც სოფლის მაღაზიაში ყოფილა. მიწევს მომხმარებელს სხვა ნამცხვრის გამოცხობა შევთავაზო, რაც მისთვისაც უფრო იაფი იქნება.

ყველა საჭირო ინგრედიენტის შეგროვებას ვახერხებ პერიოდულად, როცა ვვაჭრობ.

ახლა საკონდიტროს გახსნა გადავწყვიტე, რათა ადამიანებიც დავასაქმო და ადგილობრივებს უფრო ხელმისაწვდომად გამოვუცხო ნამცხვრები თუ ტორტები. თუ ახლო მანძილზე შეიძენენ ტკბილეულს, ეს მათთვისაც მომგებიანი იქნება“, – გვითხრა ქალმა.

ეკამ ხულოს ქალთა ოთახის პროექტში მიიღო მონაწილეობა, სადაც გაიმარჯვა და მისი იდეის განსახორციელებლად 5 000 ლარს მიიღებს. ამ თანხით ეკა ძირითადად ტექნიკის შეძენას გეგმავს.

„მაცივრის შეძენას ვაპირებ, სადაც შევინახავ მზა ტკბილეულს, სანამ მომხმარებელი წაიღებს. ტორტს ხომ სჭირდება გაცივება?

სამუშაო მაგიდა მჭირდება, საცხობი, მიქსერი და ცომსაზელი. ამ ყველაფერს რომ შევიძენ, ნახევარ დროს დავხარჯავ იმასთან შედარებით, რა დროსაც ახლა ვანდომებ. აღარ მომიწევს ასე წვალება, ღამეების თენება, ჩემი ცხოვრების ხარისხიც გაუმჯობესდება და უფრო მეტი მომხმარებელიც მეყოლება. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში დამიდგა“ – ამბობს ეკა.

ეკა ამ ეტაპზე მცირე საკონდიტროს მოწყობას სახლის სამზარეულოში აპირებს.

„სახლის გვერდით მაქვს აშენებული სივრცე და იმედი მაქვს, თანდათან გავძლიერდები და გადავალ იქ.  ახლა არ მაქვს რემონტი გაკეთებული და ვერ შევძლებ მუშაობას“, – გვითხრა ეკამ.

ეკა აღნიშნავს, რომ ქალისთვის ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა პირადი შემოსავლის ქონა და დამოუკიდებლობა.

„შრომისმოყვარე ადამიანი ყველაფერს მიაღწევს. არის ადამიანების კატეგორია, ვისაც მხოლოდ ფული უნდა, შრომის გარეშე. თუ არ იშრომე, საიდან ნახავ ფულს?“.

ეკა 7 წელია მზარეულის დამხმარედ მუშაობდა სოფლის ბაღში, ერთი წელია კი მთავარი მზარეულია.

„პროფესიით ექთანი ვარ. ხულოს სემინარია დავამთავრე. როცა დავქორწინდი, მაშინ არ ვსწავლობდი. მე სულ სხვა მიზნები მქონდა, მაგრამ მაშინ 90-იანი წლები და დიდი გაჭირვება იყო. არ ჰქონდა ოჯახს იმის საშუალება, რომ ქალაქში მესწავლა, მე კი ძალიან მინდოდა ქალაქში მესწავლა, ისტორიულზე მინდოდა ჩამებარებინა.

მაქსიმალურად ვეცადე ჩემს შვილებს მხარში დავდგომოდი. უფროს გოგოსაც ვასწავლე უნივერსიტეტში, მეორეც სწავლობს, მაგრამ ძალიან დიდი წვალებით და შრომით ვუხდიდი სწავლის საფასურს, რომ ხელი არ ჩაექნიათ სწავლაზე და განათლება მიეღოთ“ – ამბობს ეკა.

როგორ ცხოვრობს დასანქცირების შემდეგ ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძე

ჩარტერული რეისის დაქირავებას ამერიკამდე ყოფილი მოსამართლის, ვალერიან ცერცვაძის პენსიონერი მამაც შეძლებდა. იმის გათვალისწინებით, რომ მურთაზ ცერცვაძის შვილიშვილი, ვალერიან ცერცვაძის შვილი ნიუ-იორკშია დაბადებული და ამერიკის მოქალაქეა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამის საჭიროება დამდგარიყო. 

თუმცა, ყოფილ მოსამართლეს, ვალერიან ცერცვაძეს ჩარტერული რეისის დაქირავება არ დასჭირდება, რადგან ის სანქცირებულ მოსამართლეებს შორის მოხვდა, შესაბამისად, აშშ-ში ვერ ჩავა, თუმცა ფაქტია, რომ როგორც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იტყოდა, „შეძლებული ოჯახი“, ყოფილ მოსამართლეს, ვალერიან ცერცვაძესაც ჰყოლია.

ყოფილი მოსამართლის მამის გამდიდრების ისტორია 2011 წლიდან იწყება. ამ დროს შვილი, ვალერიან ცერცვაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

  • „შუაგული“ 

ყველაზე შთამბეჭდავი, რისი შექმნაც მურთაზ ცერცვაძემ მოახერხა, ეს სარიტუალო სივრცე „შუაგულია.“ აქ მდიდარი ოჯახები ქორწილებს იხდიან და მათთვის მნიშვნელოვან თარიღებს აღნიშნავენ. აქ არსებული ინფრასტრუქტურით თუ ვიმსჯელებთ, „შუაგულის“ შესაქმნელად დიდი ძალისხმევის გარდა დიდი ფულიც იქნებოდა საჭირო.

6 ჰექტარზე მეტი, თბილისთან ახლოს, სოფელ წილკანში, სადაც ყოფილი მოსამართლის მამა პრესტიჟული სარიტუალო სივრცე შექმნა, მურთაზ ცერცვაძემ 2017 წელს დაირეგისტრირა.

ფოტო სარიტუალო სივრცე „შუაგულის“ ფეისბუქის გვერდიდან
ფოტო: ფეისბუქი

ღია და დახურული სივრცეები წვეულებისთვის, პატარა ტბა, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, გულის ფორმის კუნძული ტბაში, სცენა კონცერტებისთვის, ცოცხალი მუსიკა, ინდივიდუალური ფანჩატურები ეზოში, საბავშვო სივრცეები და ასე შემდეგ – ამ ყველაფერს მოიჯარე კომპანია „ივენთ გარდენი“ მართავს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავად მურთაზ ცერცვაძეც არის და კომპანია, რომელსაც მისი დაარსების დღიდან ყოფილი მოსამართლის მეუღლე, გვანცა მიქუჭაძე მართავს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მურთაზ ცერცვაძემ ეს ქონება წილკანში 2017 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა და მალევე საიჯარო წესით გაასხვისა.

მოიჯარე კომპანიის „ივენთ გარდენის“ 100-ვე პროცენტს შპს „გარდენ სითი“ ფლობს, ამ კომპანიის მფლობელი კი თავად მურთაზ ცერცვაძეა. საინტერესოა ისიც, რომ „გარდენ სითი“ მურთაზ ცერცვაძემ 2016 წელს ემზარ ივანიშვილთან ერთად დააფუძნა.

მალევე ემზარ ივანიშვილმა კომპანიის თავისი წილიც მურთაზ ცერცვაძეს დაუთმო, უსასყიდლოდ.

იმაზე, რომ ეს ქონება და ბიზნესი თავად ყოფილ მოსამართლეს ეკუთვნის, გასულ წლებშიც ბევრჯერ გაჟღერდა. ამას უარყოფდნენ, თუმცა ფაქტია, რომ მიწის ნაკვეთი წილკანში, 62 410 კვ.მეტრი, სადაც „შუაგული“ ფუნქციონირებს, ვალერიან ცერცვაძემ გადაიფორმა 2022 წლის ივლისში, როცა უკვე მოსამართლე აღარ იყო. ის წილკანში იგივე ნაკვეთის მიმდებარედ კიდევ ერთ ნაკვეთს, 6300 კვ. მეტრს ფლობს.

  • ყოფილი მოსამართლის ცოლი – „ეფლის“ ოფიციალური პარტნიორი საქართველოში

2015 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ყოფილი მოსამართლის მეუღლე გვანცა მიქუჭაძე „გრინ ეფლის“ მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა. შპს „გრინ ეფლი ჯორჯია“ 2011 წელს დაუფუძნებიათ. კომპანიის 33 პროცენტს ყოფილი მოსამართლის მამა, მურთაზ ცერცვაძე, 33 პროცენტს – ბაქარ მიქუჭაძე, ყოფილი მოსამართლის მეუღლის, გვანცა მიქუჭაძის ძმა, 34 პროცენტს კი ვახტანგ ჟუჟუნაძე ფლობდნენ.

კომპანიის წილებში ცვლილება ბევრჯერ აისახა, საბოლოოდ კი ის შპს „აიტექნიკის“ საკუთრებაში გადავიდა. შპს „აიტექნიკის“ 100-ვე პროცენტის მფლობელი ყოფილი მოსამართლის მეუღლე გვანცა მიქუჭაძეა.

რამდენიმე თვის წინ Apple-ის ოფიციალურმა პარტნიორმა „აიტექნიკსმა“ [ამ სახელით ოპერირებს კომპანია] ქართულ ბაზარზე საქმიანობის 12 წელი აღნიშნა.

  • ფეშენებელური სახლი აუზით და კორტებით

ყოფილი მოსამართლე ფლობს ასევე ფეშენებელურ სახლს და მიწის ნაკვეთს თბილისში, სოფელ დიღომში. ამ ნაკვეთის [ 2900კვ.მეტრი] შესახებ ვალერიან ცერცვაძემ 2018 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშიც ჩაწერა, სადაც მიუთითა, რომ აქ მან 2500 კვ.მეტრი 2011 წელს 55 000 დოლარად იყიდა, დამატებით 400 კვ.მეტრი კი 2017 წელს დაირეგისტრირა.

სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით ვალერიან ცერცვაძემ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. 2015 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით მან 2014 წლის სამშენებლო ხარჯის სახით 70 000 ლარი მიუთითა.

2015-2016 წლებში ვალერიან ცერცვაძეს მშენებლობის ხარჯის სახით მხოლოდ 25 000 ლარი აქვს მითითებული, 2018 წელს კი – 80 000 დოლარი, თუმცა სახლის მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, ხარჯი გაცილებით დიდი უნდა იყოს.

სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით ვალერი ცერცვაძის სახლის საერთო ფართობი 413 კვ.მეტრია. მათ შორის მათ შორის საცხოვრებელი ფართი 220.36 კვ.მ. დამხმარე ფართობი 84.04, საზაფხულო ფართობი – 71.81 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი – 37.6 კვ.მ.), აუზი – საერთო ფართით 40.0 კვ.მ. და შენობა N2 – 41.22 კვ.მ.

ეს ქონება ყოფილ მოსამართლეს „პროკრედიტ ბანკში“ იპოთეკით აქვს დატვირთული.

ფოტოზე მონიშნულია ვალერიან ცერცვაძის სახლი და ეზო
ვალერიან ცერცვაძის სახლი

2018 წლის შემდეგ ვალერიან ცერცვაძეს ქონებრივი დეკლარაცია აღარ შეუვსია. ამ წლების განმავლობაში მან დიღომში დაასრულა ფეშენებელური სახლის მშენებლობა, თავისი დამხმარე ნაგებობებით, ჩოგბურთის კორტებითა და აუზით.

სახლის რენდერი

ეზოში ვალერიან ცერცვაძემ სპეციალურად დაგეგმარებული ლანდშაფტური გამწვანება მოაწყო. 

2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ვალერიან ცერცვაძე ბორჯომში, სოფელ სადგერში ფლობდა მიწის ნაკვეთებს, 3 საკადასტრო ერთეულს. რეესტრის მონაცემებით მას ეს ნაკვეთები 2021 წელს გაუსხვისებია.

  • ყოფილი მოსამართლის ცოლის, გვანცა მიქუჭაძის ქონება და ბიზნესი

2015 წელს შევსებულ დეკლარაციაში ვალერიან ცერცვაძემ ჩაწერა, რომ მისი მეუღლე გვანცა მიქუჭაძე შპს „გრინ ეფლის“ მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა. შემდეგ დეკლარაციებში მას მეუღლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ შეუტანია. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი გვანცა მიქუჭაძე რამდენიმე კომპანიის წილებს ფლობს, რამდენიმეს კი ხელმძღვანელობს.

„აიტექნიკის“ გარდა, გვანცა მიქუჭაძე ფლობს შპს „ჯეველბერი ჯორჯიას“ 50 პროცენტს და თავად ფიქსირდება კომპანიის დირექტორად. დარჩენილი 50 პროცენტის მფლობელი კი შპს „ჯეველბერი ინვესტია“, რომლის მფლობელებიც რუსეთის მოქალაქეები არიან.

შპს „ჯეველბერი ინვესტი“ 2022 წლის ოქტომბერშია დაფუძნებული.

გვანცა მიქუჭაძე შპს ვი.ენ.ჯი გრუპ – ის ამონაწერში პროკურისტად არის დაფიქსირებული [პირი, რომელსაც აქვს გენერალური სავაჭრო მინდობილობა]. ამ კომპანიის 50 პროცენტს ყოფილი მოსამართლის შვილი მარიამ ცერცვაძე, ხოლო დარჩენილ 50 პროცენტს კი ყოფილი მოსამართლის მამა, მურთაზ ცერცვაძე ფლობენ.

2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, ვალერიან ცერცვაძის მეუღლე, გვანცა მიქუჭაძე ფლობს მიწის ნაკვეთს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაშქვაში. [600 კვ.მ]. ამავე დეკლარაციაში მითითებულია, რომ გვანცა მიქუჭაძეს შეუსყიდია სახლი 15 000 ლარად, მისამართი დეკლარაციაში მითითებული არ არის.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2022- 2023 წლებში გვანცა მიქუჭაძემ წილკანში ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში 16 322 კვ.მეტრი დაირეგისტრირა. მათ შორის ერთი იჯარით არის გაცემული, მოიჯარე „ჯეველბერი ჯორჯიაა“.

დიღომში მიწის ნაკვეთებს გვანცა მიქუჭაძეც ფლობს. მან 2022 წელს გრიგოლ ჩხიკვიძის ქუჩაზე, ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში 1100 კვ.მეტრი დაირეგისტრირა. ამ ნაკვეთზე სამშენებლო პირობების დადგენას ითხოვდნენ ჯერ საოფისე ფართობის მოსაწყობად, შემდეგ კი კორექტირება და მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მოითხოვეს.

გვანცა მიქუჭაძე ფლობს ასევე რამდენიმე მიწის ნაკვეთს ბორჯომში, სოფელ სადგერში, რამდენიმე მიწის ნაკვეთი კი მას აქ გაუსხვისებია.

  • რუსი პარტნიორები

შპს „ჯეველბერი ჯორჯია“ 2019 წლის ივნისში რუსეთის მოქალაქეს ვიტალი იაზვენკოს დაუფუძნებია. აგვისტოში კომპანიის 50 პროცენტის მფლობელი გვანცა მიქუჭაძე გახდა. ისინი გარკვეულ პირობებზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკების საგანი იყო, მაგალითად, გლემპინგ პარკის მოწყობა წილკანში, მურთაზ ცერცვაძის ნაკვეთზე, შესაბამისი აქტივობების გამართვა-პოპულარიზაცია. მეორე მხარემ კი გარკვეული ინვესტიციის გაღების ვალდებულება აიღო.

2023 წლის მაისში კომპანიის წილებში ისევ აისახა ცვლილება, ვიტალი იაზვენკომ თავისი 50 პროცენტი შპს „ჯბ შუაგული“-ს, იგივე „ჯეველბერი ინვესტს“ გადასცა.

  • ვინ არის ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძე

ვალერიან ცერცვაძე ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომლებსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოჯახებთან ერთად სანქციები დაუწესა. ვალერიან ცერცვაძის მსგავსად, აშშ-ში შესვლა აეკრძალა მოსამართლეებს: ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და მათი ოჯახის წევრებს.

ვალერიან ცერცვაძე 2017 წლიდან სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს. მანამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. 2016 წელს ასევე იკავებდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის საბჭოს თავმჯდომარის პოსტს. აღნიშნულ თანამდებობაზე ცერცვაძე მაშინ ლევან მურუსიძემ წარადგინა, ის ერთადერთი კანდიდატი იყო.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

„თუ დნეპრი გაიყინა, ეს უკრაინელებს გაუადვილებს პლაცდარმის მომარაგებას“- ინტერვიუ

„არ ვიცი, ვინ როგორ შეძლებს მომზადებას გაზაფხულამდე, მაგრამ ომი ჩიხში შევიდა,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის არც გაზაფხულზე ელის ფართომასშტაბიან დაპირისპირებას.

„ორივე მხარე ახლა ცდილობს, რომ ბუნებრივი ეფექტი გამოიყენოს თავისი ოპერატიული პაუზისთვის და გაზაფხული – ზაფხულის კამპანიისთვის. ეჭვი მეპარება, ზამთრის განმავლობაში დიდი აქტიურობა იყოს გამომდინარე იმ გამოფიტვით, რასაც ორივე მხარე განიცდის,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი და თავის დაკვირვებას გვიზიარებს, ამ ეტაპზე რუსების ამოცანაა დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავიდეს, რუსები იმის წარმოჩენას ცდილობენ, თითქოს ეს გვინდოდა და მეტი არაფერიო.

ამასობაში კი, უკრაინელები აწყობენ პლაცდარმს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე:

„თუ გაიყინა დნეპრი, ეს კიდევ უფრო გაუადვილებს უკრაინელებს პლაცდარმის მომარაგებას. ეს პლაცდარმი მნიშვნელოვანია, თუ დნეპრის ფორსირება იგეგმება, თორემ ისე ამ ჯგუფების ნაგლეჯ-ნაგლეჯ მუდმივად ცეცხლის ქვეშ ყოფნას აზრი არ აქვს,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი.

რა იქნება ლოგიკური გაგრძელება, თუ ომი მართლაც ჩიხში შევა?

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ბოლო მონაცემებით, რუსული ძალები ყველაზე ხშირად უტევენ ავდიივკას და კუპიანსკის მიმართულებებს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები კვლავ ცდილობენ ალყაში მოაქციონ ავდიივკა, მაგრამ უკრაინის თავდაცვა მათ უმკლავდება. 30 ნოემბერს, უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, რუსები უტევდნენ 6 მიმართულებით. რის მიღწევას ცდილობენ რუსები ახლა?

ბახმუტისგან განსხვავებით, ეს უკრაინელების მიერ კარგად გამაგრებული პუნქტია და დონეცკის ცენტრიდან დაახლოებით 20 კილომეტრამდე მანძილითაა დაშორებული. ავდიივკა 2014 წლიდან იყო დაკავებული სეპარატისტების მიერ, შემდეგ იგი უკრაინელებმა გაათავისუფლეს და მუდმივად იცავენ. სეპარატისტები და რუსები ცდილობენ, ავდიივკიდან უკან დაახევინონ უკრაინელებს და მოაცილონ დონეცკიდან ეს საფრთხე.

ავდიივკა არის ღრმად შეჭრილი რუსების განლაგებაში, რაც საშუალებას აძლევს რუსებს, რომ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შეძლონ მოკვეთა და ეცადონ მისი ალყაში მოქცევა. ამ ეტაპზე რუსებს აქვთ გარკვეული წარმატებები. მათი ერთი მხრიდან აიღეს ცნობილი ტერიკონი, რაც დამუშავებული მიწის მთაა და გაბატონებული სიმაღლე იყო.

ამჯერად ბრძოლები მიმდინარეობს უკვე კოქსის გადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსები სამხრეთის მიმართულებიდან სამრეწველო ზონაში არიან შესულები, რაც ერთ-ერთ ყველაზე გამაგრებულ ადგილად მიიჩნეოდა. უკრაინელების ძალიან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსებს აქვთ გარკვეული წარმატება. მთავარია, რამდენად შეძლებენ რუსები საერთოდ ბლოკირებას იმ მომარაგებისა, რომელიც ავდიივკაში ხორციელდება.

  • რუსები თუ ავდიივკის ბლოკირებას შეძლებენ, დაიწყებენ შეტევას ახალი მიმართულებით? 

არა, ეჭვი მეპარება, რომ რუსებმა რამე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყონ ამ ეტაპზე, მათ ამის პოტენციალი აღარ გააჩნიათ, იძახიან კიდეც, რომ მათი მთავარი მიზანია დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაა. ეს არის ლოკალური პოზიციების გაუმჯობესების ბრძოლები.

რუსებს უნდათ დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა. როგორც ვიცით, მათ მხოლოდ 60 % აქვთ დაკავებული დონეცკის ოლქის და ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ წარმატების წარმოჩენას ისე, რომ აი, ჩვენ თითქოს ეს გვინდოდა და მეტი არაფერი.

  • როგორ ატყობთ, გავლენ რუსები დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე? 

ჯერჯერობით ეს საფრთხე არსებობს. ახლა მთავარია უკრაინელები რას გადაწყვეტენ, თუ ეს საშიშროება შეიქმნა, გაიყვანენ დაჯგუფებას, თუ ალყაშიც განაგრძობენ ბრძოლას. დღეს რაც ჩანს, უკრაინელები ცდილობენ გორლოვკაზე მიიტანონ შეტევა. ეს არის ახლო დასახლებული პუნქტი რაიონში და თანაც იმ მანძილზე, რომელიც საშუალებას არ მისცემს რუსულ დაჯგუფებას ავდიივკასა და გორლოვკაზე ერთიანი ძალისხმევით შეძლონ ბრძოლა. უკრაინელები ცდილობენ რუსების ძალები გაფანტონ და წნეხი ავდიივკაზე შეამცირონ.

  • დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რამდენად ახერხებენ უკრაინელები პლაცდარმის შექმნას? 

მიდის ბრძოლა დნეპრის მარცხენა ნაპირისთვის. თუ გაიყინა დნეპრი, ეს კიდევ უფრო გაუადვილებს უკრაინელებს პლაცდარმის მომარაგებას.

არსებობს რამდენიმე კუნძული დნეპრის დელტაში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ჯერჯერობით მცირე მასშტაბებით არის ეს პლაცდარმი დაკავებული. რა თქმა უნდა, ეს პლაცდარმი მნიშვნელოვანია, თუ დნეპრის ფორსირება იგეგმება, თორემ ისე ამ ჯგუფების ნაგლეჯ-ნაგლეჯ მუდმივად ცეცხლის ქვეშ ყოფნას აზრი არ აქვს.

ორივე მხარე ახლა ცდილობს, რომ ბუნებრივი ეფექტი გამოიყენოს თავისი ოპერატიული პაუზისთვის და გაზაფხული – ზაფხულის კამპანიისთვის. ეჭვი მეპარება, ზამთრის განმავლობაში დიდი აქტიურობა იყოს გამომდინარე იმ გამოფიტვით, რასაც ორივე მხარე განიცდის.

  • ზამთარში რას შეიძლება ველოდეთ? ზელენსკიმ „ასოშიეითედ პრესთან“  განაცხადა, რომ ზამთრის დადგომასთან ერთად ომი გადადის ახალ ფაზაში და უკრაინას რთული ზამთარი ელის. 

იგულისხმება ის, რომ გაიზრდება დარტყმები ენერგოობიექტებზე, რათა მთელი უკრაინა დატოვონ გადატანითი მნიშვნელობით, უშუქოდ. ერთი ზამთარი ასე უკვე გადაიტანა უკრაინამ და ახლა უფრო მძიმე იქნება ასეთი მეორე ზამთრის გადატანა. გარკვეული ზომები უკრაინას უკვე მიღებული აქვს, რომ დაიცვას ეს ობიექტები და მოსახლეობაც უფრო მომზადებული დახვდეს ენერგო პრობლემებს.

  • დღეს, პირველ დეკემბერს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონტრშეტევით არ იქნა მიღწეული ის შედეგი, რაც სურდა უკრაინას, მან თქვა, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი ძალა იარაღის სახით და ეს ამის გამო მოხდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ იხევს უკან და ის კმაყოფილია არმიით. თქვენი დაკვირვებით, ეს მოცემულობა უკავშირდება იარაღს, თუ ჩანს სხვა მიზეზებიც? 

გათვლების საკითხია. თუ იარაღი არ გაქვს და შესაბამისი რესურსი საკმარისი რაოდენობით, მაშინ რატომ იწყებ კონტრშეტევას? მე ძალიან არ მინდა ახლა ოთახიდან, და სავარძლიდან ვაკრიტიკო უკრაინელები, რომლებიც მართლაც გმირულად იბრძვიან და ყოველი გოჯი მიწისთვის სისხლს ღვრიან, მაგრამ ომში ძალიან ბევრი მოცემულობაა, ბევრი ცვლადია: დაწყებული პოლიტიკური ფაქტორებით, დასრულებული გეოგრაფიული მოცემულობით. ზელენსკის ეს რომც არ ეთქვა, ისედაც ყველა ვხედავთ.

  • მალე ორი წელი შესრულდება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. რა ჩანს ამ გადასახედიდან, საითკენ მიდის ომი – გაზაფხულზე შეძლებს უკრაინა კონტრშეტევას და ჩანს ამის ნიშნები? რუსეთი განაახლებს იერიშებს? თუ ომი ჩიხში შედის?

არ ვიცი, ვინ როგორ შეძლებს მომზადებას გაზაფხულამდე, მაგრამ ომი რომ ჩიხში შევიდა, ამაზე უკვე ორი აზრი არ არსებობს.

დღევანდელი გადასახედიდან არცერთ მხარეს არ აქვს ისეთი შესაძლებლობა, რომ რამდენიმე თვეში დიდი შეტევა დაიწყოს.

  • მომავალი წლის გაზაფხულზეც არ ელოდებით მნიშვნელოვან კონტრშეტევას უკრაინის მხრიდან? 

არა, ჩემი აზრით, ეს ალბათ ვერ მოხერხდება, რადგან გაზაფხულზე მიიღებს უკრაინა პირველ თვითმფრინავებს და ამას მიიღებს ნაწილ-ნაწილ. უკრაინას საჰაერო მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაუჭირდება შეტევის განხორციელება. საგაზაფხულო წყალდიდობა ასევე დნეპრში წყლის დონის მომატებას გამოიწვევს და მისი ფორსირებაც გართულდება.

ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, გაიგიჟოს თავი დასავლეთმა და მიაწოდოს ყველა ის შეიარაღება უკრაინას, რაც მას სჭირდება.

  • ნატოს გენერალური მდივანი, სტოლტენბერგი ელის, რომ შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რესპუბლიკელი კანონმდებელი ამის წინააღმდეგია. რამდენად შეძლებს უკრაინა აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე თავდაცვის ორგანიზებას? 

უკრაინა თავდაცვის ორგანიზებას ნამდვილად შეძლებს, მაგრამ ძალიან გაუჭირდება. ჯერჯერობით აშშ შეიარაღების კუთხით ყველაზე ნაკლები რაოდენობით ეხმარება უკრაინას, ვიდრე ევროპა და ნატო. აშშ-ს მხარდაჭერა ძირითადად ფინანსურ დახმარებაში გამოიხატება.

დღეს უკრაინას შეუძლია არ დამარცხდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია დაამარცხოს რუსეთი.

  • თუ ომი ჩიხში შედის, ლოგიკური გაგრძელება რა შეიძლება იყოს? 

ჩემი აზრით, ეს შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტაზე გარკვეული შეთანხმება და ორივე მხარემ გამოიყენოს ამოსუნთქვის საშუალება მომზადებისთვის. აქ არის საჭირო და აუცილებელი დასავლეთის დახმარების გააქტიურება, რომ უკრაინამ უფრო მალე შეძლოს გადახალისება თავისი შეიარაღებული ძალების, შეიარაღება შეავსოს და აღარ მისცეს რუსეთს იმის საშუალება, რომ  უპირატესობა ჰქონდეს ბრძოლის ველზე.

უკრაინა ვერ გადავა კონტრშეტევაზე არსებულ ვითარებაში საჰაერო მხარდაჭერის გარეშე. უკრაინელები აცხადებენ, რომ სჭირდებათ, მაგალითად, თვეში 30 ათასი ცალი დრონის წარმოების დაწყება და 100 ათასამდე ასვლა, რომ როგორმე გაათანაბრონ საარტილერიო უპირატესობა. საუბარია იმაზე, რომ სამხედრო – სამრეწველო კომპლექსის ამოქმედებაა საჭირო, სამხედრო ქარხნების ამუშავება და ასე შემდეგ.

ომში მყოფ უკრაინას ძალიან გაუჭირდება ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა. თუ მას ექნება ამოსუნთქვის საშუალება, უკრაინამ ევროპის და მსოფლიოს მხარდაჭერით, უნდა მოახერხოს თავისი მიზნის განხორციელება, გააძლიეროს თავდაცვისუნარიანობა და სამხედრო მრეწველობა. ის დამოკიდებული მხოლოდ დასავლეთის მხარდაჭერაზე არ უნდა იყოს.

  • თქვენი დაკვირვებით, რა გათვლა აქვს ამ ეტაპზე უკრაინას დნეპრის მარცხენა სანაპიროზე აქტიურობით? 

უკრაინის მიზანია, პლაცდარმი შეინარჩუნოს, რომელსაც შემდეგ გამოიყენებს ფორსირებისთვის. თუ მათ მოახერხეს დნეპრის ფორსირება, ხერსონის რაიონში რუსებს დიდ საფრთხეს შეუქმნიან და შეიძლება მარცხენა ფლანგიდან შემოუარონ სუროვიკინის ხაზს, რომელიც არის ძირითად მიმართულებაზე ზაპოროჟიეში.

უკრაინამ ამ კონტრშეტევის პერიოდში გათავისუფლა მხოლოდ 0.25 % რუსეთის მიერ უკრაინაში დაკავებული ტერიტორიიდან. პირველი კონტრშეტევის დროს კი, 50%-ზე მეტი გაათავისუფლეს.

  • რუსეთი პერიოდულად განაგრძობს სარაკეტო თავდასხმებს. 28 ნოემბერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში ექვსი რაკეტა გაუშვეს, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ამ საბრძოლო მოქმედებით რა შედეგზე აქვს გათვლა რუსეთს?

ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა ნადგურდება, ეს იყო საწყობი, დაჯგუფება… დაბომბვებს პერიოდულად ახორციელებს რუსეთი გარკვეულ ობიექტებზე. ორი აზრი არ არსებობს, რომ უკრაინა უნდა მოემზადოს მასიური დარტყმებისთვის და არა მხოლოდ ფრონტის შიდა რაიონებში, არამედ სიღრმეშიც.

  • გააქტიურდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაცხადდა ოჩამჩირეში რუსების მიერ ახალი ბაზის მშენებლობის დაწყება. თქვენი დაკვირვებით, რა პერსპექტივა აქვს ამ ბაზას და ნატოს კონტროლის მოპოვებას შავ ზღვაზე?

მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ აქტიურად მიმდინარეობდეს ბაზის მშენებლობა, თუმცა ეს რუსებს ხელს არ შეუშლის, შემოვიდნენ  და დადგნენ აფხაზების სამოქალაქო პორტში, ან დადგნენ რეიდზე და იქიდან განახორციელონ საცეცხლე ზემოქმედება საქართველოზე, ან თუნდაც უკრაინაზე.

საყურადღებო უფრო სხვა საკითხია: ახლა რუსეთი ჩაბმულია ომში. ექსპერტების გათვლებით, როცა იქნება ომის შეწყვეტის ფაზა, რუსეთს დასჭირდება 6-დან 10 წლამდე იმისთვის, რომ ძალების აღდგენა მოახერხოს. ვიდრე რუსეთი ამ ომშია, ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვცდილობდეთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ეს გულისხმობს შესაბამისი ბიუჯეტის გაზრდას და სხვა ღონისძიებებს, მაგალითად, შეიარაღებული ძალების წვრთნების გააქტიურებას.

მიმაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს შეიარაღებული ძალების რაოდენობაც. არ უნდა დაველოდოთ, როდის გაძლიერდება მოსკოვი. როცა საფრთხე იქნება რეალური, მაშინ უკვე ვერ მოვასწრებთ რეაგირებას.

ამგვარი მიდგომის ძალიან კარგი მაგალითია ბალტიის ზღვა, რომელიც ფაქტობრივად გახდა ნატოს ტბა. ერთი ვიწრო გასასვლელი დაუტოვეს მხოლოდ რუსეთს კალინინგრადში, დანარჩენი არის ნატოს წევრი ქვეყნების კონტროლქვეშ. შვედეთიც იმედია მალე გახდა ნატოს წევრი.

იგივე სიტუაცია გვაქვს შავ ზღვაში: თუ ე.წ. შავი ზღვის უსაფრთხოების ფორმატი შეიქმნება, ერთადერთი ნატოს არაწევრი ქვეყანა რუსეთი დარჩება. ესაა ახლა გასაკეთებელი და ამ დროს ჩვენ ვუყურებთ, ვიღაც ცეცხლთაყვანისმცემელი სექტანტი უნდა წაეყვანათ ჯარში თუ არა, ამაზე მიდის ცხარე კამათი პარლამენტში.

პარლამენტში ახლა უნდა იყოს მსჯელობა თავდაცვის გეგმებზე, ბიუჯეტის გაზრდასა და ქვეყნის გაძლიერებაზე. საქართველო უნდა გადავიდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების რელსებზე, რაღაც უნდა გაიჭირვოს კიდეც, რომ შესაბამისი რესურსები გამოვნახოთ. ჩვენ თანამეგობრობას აქტიურად უნდა ვესაუბროთ.

რატომ არ უნდა ვაჩუქოთ ბავშვს ქუჩაში ფული – ინტერვიუ

„ვიღაც შესაძლოა კეთილი განზრახვით ჩუქნის ბავშვს ფულს, მაგრამ გამოდის ისე, რომ ამ ბავშვს დამნაშავეს ვუგდებთ ხელში, თუნდაც იმით, რომ ვასაჯაროებთ ბავშვის ადგილმდებარეობას. უკვე იციან მისი სუსტი წერტილი, რაზე რეაგირებს კარგად ეს ბავშვი ხომ?! ჩვენ ჩავივლით, მაგრამ ბავშვი ხდება დაუცველი რისკებისგან“ – ამბობს ფსიქოლოგი სალომე ჩარკვიანი. ის „ბათუმელებთან“ საუბრობს, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბავშვს ისე, რომ არ შევლახოთ მისი ღირსება და არც საფრთხე წინაშე დავაყენოთ.

  • ქალბატონო სალომე, ამ დღეებში ფეისბუქში დიდი განხილვა მოყვა ვიდეოს, სადაც ასახულია, თუ როგორ ჩუქნის ქალი ყვავილების გამყიდველ ბავშვს ფულს. ვიდეოს დიდი განხილვა მოჰყვა სოციალურ ქსელებში. თქვენი აზრით, რა შემთხვევაში შეიძლება გადაიქცეს სიკეთე ბავშვისთვის ზიანის მომტანად?

ეს ძალიან ინდივიდუალურია და გადაჭრით თუ ვიტყვით, რომ ზიანი მოაქვს ამ ტიპის სიკეთეს, შესაძლოა, ვიღაც შემოგვედავოს, რომ აი, დაეხმარა, გააშუქა კიდეც, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ყველა ბედნიერია.

ერთი შეხედვით, შესაძლოა ძალიან გულისამაჩუყებელია ეს, მაგრამ სხვა კუთხით თუ შევხედავთ, კარგად დავინახავთ რისკებს.

დღეს ძალიან ბევრი ბავშვი ცხოვრობს ქუჩაში, რომელსაც ერთის მხრივ შეიძლება ვინმე აიძულებდეს ქუჩაში მუშაობას და ექსპლუატაციას უწევდე, შესაძლოა იყოს ძალადობის მსხვერპლი და მშობელი აიძულებდეს მოწყალების თხოვნას და ასე შემდეგ.

ასეთ შემთხვევებში ბავშვისთვის ფულის მიცემა არარეკომენდებულია, რადგან ეს ფული არ ხმარდება ბავშვის საჭიროებებს.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ბავშვი ღარიბი ოჯახიდანაა და სხვა გზა არ აქვს, დგას ქუჩაში და მოწყალებას ითხოვს ან ყიდის რაიმეს, შესაძლოა ფიზიკურად მუშაობს. ეს სხვა შემთხვევაა და შეგვიძლია გამოვიკვლიოთ ჯერ ბავშვის მდგომარეობა და საჭიროებები.

ფული დახმარება იმ შემთხვევაში არ ავნებს ბავშვს, თუ დანამდვილებით ვიცით, რომ სახლში მიიტანს და ვთქვათ საკვებს შეიძენს, ამავდროულად ეს არ მოხდება ბავშვის საჯაროდ დამცირების ხარჯზე, რადგან დახმარების კადრებით გავრცელებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ამ ოჯახის კეთილდღეობაზე.

ბოლო ფაქტიდან რომ ვიმსჯელოთ, რომელსაც ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, ჩვენ არც ის ვიცით, ხვდებოდა თუ არა ბავშვი, რომ იწერდნენ. მეორეს მხრივ, ბავშვს შესაძლოა არ ჰქონოდა კადრების გასაჯაროებაზე პრობლემა, მაგრამ დედა დარჩა შეურაცხყოფილი და დაითრგუნა იმ ფაქტით, რომ ყველამ იცოდა მისი შვილის შესახებ.

იქნებ ადამიანს არ სურს, მაგალითად, გაიგონ სკოლაში, რომ მისი შვილი მუშაობს. ბავშვის მუშაობა არ არის მარტივი საკითხი, მისი შრომითი უფლებებია აქ გასათვალისწინებელი. მით უმეტეს დამაზიანებელია ამ ყველაფრის საჯაროდ გამოტანა, თუკი არ მიგვიღია თანხმობა კადრების გავრცელებაზე.

  • აქ საზოგადოების აზრი ხშირად იყოფა ორ ნაწილად. ვიღაც ამბობს, რომ მსგავსი ვიდეოკადრების გავრცელებით ხდებით სიკეთის კეთების წახალისება და ასე შემდეგ, მეორე მხარე კი საუბრობს ბავშვის უფლებებზე. რა უნდა ვუთხრათ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ფიქრობს, რომ ბავშვზე დახმარების ეს ფორმა მისაღებია?

ასე იმიტომ ფიქრობენ, რომ მათ არ აქვთ წვდომა იმ კვლევებთან, იმ შემთხვევებთან, რის საფუძველზეც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს საფრთხის შემცველია. ბევრი შემთხვევა გვაჩვენებს, რომ ხშირად, როცა ბავშვის ვიდეო ვრცელდება, ის ხდება მოწყვლადი დამნაშავეებისთვის.

ვიღაც კეთილი ადამიანი შეიძლება კეთილი განზრახვით აკეთებს რაღაცას, მაგრამ ამ დროს გამოდის ისე, რომ დამნაშავეს ვუგდებთ მასალას ხელში. როგორ იმანიპულიროს ბავშვით, რადგან იცის ამ ბავშვის ადგილმდებარეობა, იცის რაზე რეაგირებს კარგად ეს ბავშვი. ვინც მსგავს საკითხებზე ვმუშაობთ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ვიდეოების გავრცელებით ბავშვი ხდება დაუცველი რისკებისგან.

ჩვენ წავალთ, ჩავივლით, ბავშვი კი თავს ვერ იცავს, ამიტომ არის მისი პრივატულობის დაცვა საჭირო.

  • საჯაროდ სიკეთის კეთებით რის ჩვენება უნდათ სინამდვილეში? სურთ, რომ სოლიდარობის, თანადგომის მუხტი გააღვივონ საზოგადოებაში თუ რაიმე სხვა ახსნა აქვს ამას, თქვენი აზრით?

ზოგადად, ადამიანებს გვაქვს ხოლმე მიდრეკილება რომ სხვამაც ნახოს ჩვენი გაკეთებული სიკეთე. ყველამ გაიგოს, თუნდაც მოგვბაძონ, ტაში დაგვიკრან, რატომაც არა, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს სუსტი ადამიანის კიდევ უფრო დაუცველობის ხარჯზე.

აი, თუნდაც იმ ადამიანს, ვინც პატარა ბიჭს დაეხმარა, რომ ეთქვა – „ბოდიში, მაგრამ ვერ გავთვალე რისკები“, სხვა საკითხია. მაგრამ ის გადავიდა თავდაცვაზე, – „რასაც მინდა იმას ვიზამ“, „მეორედაც გადავუღებ თუ მომინდება“, – ეს დამოკიდებულებაა პრობლემა, რადგან როგორც ჩანს, ჩვენ საზოგადოებას სათანადოდ ვერ ვაწვდით, თუ რატომ არის ეს საშიში და არა ის, რომ ბავშვს დაეხმარა.

მასწავლებლებიც კი აზიარებდნენ იმ ბავშვის ვიდეოს, როგორც კარგ მაგალითს, მაშინ როცა ჩვენ მასწავლებლებს სულ იმას ვეუბნებით, რომ არ გაავრცელონ ბავშვების კადრები სკოლიდან, რადგან გარეთ დადის ძალიან ბევრი ისეთი დამნაშავე, რომელმაც შეიძლება ცუდად გამოიყენოს ეს ყველაფერი.

ქვეყანაში ძალიან ბევრი პედოფილიის შემთხვევაა, მაღალია ბავშვების ტრეფიკინგი, ბევრი თაღლითური სქემაა და ამიტომ უნდა დავიცვათ ბავშვები საჯაროობისგან მაქსიმალურად, მაგრამ როგორც ვხედავთ, პედაგოგებიც კი აზიარებენ ასეთ ვიდეოებს.

  • ბავშვის უფლებების სტანდარტი ამბობს, რომ თუკი ბავშვს ვიღებთ ვიდეოზე, ამის შესახებ აუცილებლად უნდა გავაფრთხილოთ, კარგად ავუხსნათ სად და რა კონტექსტში იქნება მისი კადრი, ვიდეო, კომენტარი გამოყენებული. ფაქტია, რომ ამ სტანდარტს არ იცავს საზოგადოება. რა არის აქ გასაკეთებელი ამ კუთხით და ვისი მხრიდან?

თავიდან მეც გავბრაზდი როცა ფულის ჩუქების ვიდეო შემხვდა და ვამბობდი – „სხვისი შვილი არ ადარდებს“, „თავის შვილს ხომ ასე არ მოექცევა?“, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ზოგადად ძალიან დაბალია საზოგადოების ცნობიერება პირადი ინფორმაციის დაცულობაზე, რომ ადამიანები რეალურად თავიანთი შვილებთან მიმართებაშიც კი არ იცავენ პირად საზღვრებს.

გასაგებია, რომ ჩვენ ფოტოებს ვდებთ მეგობრებისთვის და ალბათ ყველას გაგვიკეთებია ეს, მაგრამ არ ვიცით კიდევ ვის აქვს ხელმისაწვდომობა.

ზიარდება ისეთი ვიდეოები, ფოტოები, რომლითაც ხდება იდენტიფიცირება, თუ სად ერთობა ბავშვი, რომელ პარკში დაჰყავს მშობელს, ან რომელ პარკში დადის მარტო, რომელ სკოლაში დადის. აი, ასეთი საკითხების მიმართ სენსიტიურობა ჩვენს საზოგადოებაში ბევრად დაბალია.

ალბათ იმის გამოც, რომ ახალია რეალურად სოციალური ქსელებით დანაშაულის გავრცელება და ეს არ აქვთ ადამიანებს ბოლომდე გააზრებული.

  • თუმცა ბევრი ფაქტის შესახებ ვიცით უკვე, სადაც საუბარია ონლაინ ჩაგვრაზე, ბულინგზე, შევიწროებაზე და ასე შემდეგ, ეს არაფერს ცვლის?

ვფიქრობ, არ აქვთ სათანადო წვდომა ამ ინფორმაციაზე ადამიანებს.

როცა პედოფილიის თუ ბულინგის ფაქტი ვრცელდება, მაშინვე მოჰყვება ხოლმე რეაქცია – „ნუ უკეთებთ ბავშვებს ფეისბუქს“, „ნუ ავრცელებთ ვიდეოებს“ და ასე შემდეგ, მაგრამ არ მოჰყვება ხოლმე ამ ყველაფერს მდგრადი განვითარება, ასე რომ ვთქვათ. იმას ვგულისხმობ, რომ არავინ ახსენებს სტაბილურად ადამიანებს ამ საფრთხეებს.

ადამიანის ფსიქოლოგია კი მიდრეკილია იქითკენ, რომ იფიქროს – „მე ეს არ დამემართება“.

  • ფაქტია, რომ არც ბავშვებს ჰყოფნით ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ. ეს კომპონენტი სკოლაში უნდა გაძლიერდეს?

აუცილებლად უნდა იყოს სასკოლო განათლების ნაწილი უსაფრთხოება. არის კიდეც მეტ-ნაკლებად სამოქალაქო განათლებაში ეს კომპონენტი, თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერ იყენებენ ამ ცოდნას ბავშვები, რადგან კულტურა არ გვიწყობს ხელს. კულტურით ჩვენ ვართ ძალიან ღია ადამიანები, გვიყვარს ინფორმაციის, ჩვენი ემოციების გაცვლა-გამოცვლა.

მოზარდების ნაწილი უშლის ხოლმე მშობლებს მათი ფოტოების გაზიარებას სოცქსელში, მაგრამ ამას მთელ პოპულაციაზე ვერ გავავრცელებთ, ცხადია. ვფიქრობ მოზარდებმა სკოლაში შეიძინეს ეს უნარ-ჩვევები, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა არც თავის პირადი ინფორმაციის გავრცელებას ერიდებიან და სხვასაც უღებენ ჩუმად.

ამიტომ, სკოლაც მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს და მშობელიც. მაგრამ ხომ ხედავთ, საზოგადოების რეაქცია როგორია – „მერე რა მოხდა“?

ამ საზოგადოების წევრები არიან მშობლებიც და მასწავლებლებიც და ვინ უნდა გააკეთოს მაშინ ეს ყველაფერი?!

ამიტომ პასუხისმგებლობა მოდის სახელმწიფო პოლიტიკაზე, მედია და სკოლაც უნდა დაეხმაროს ხალხს, რომ ცნობიერება ამაღლდეს.

  • იყო კითხვები – „აბა, როგორ დავეხმაროთ ბავშვს“? როგორ უნდა დავეხმაროთ, რომ მისი ინტერესები იყოს დაცული და არა უფროსების ამბიციები?

მესმის, რომ რთულია ნახო ბავშვი, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა, გადადო ყველა შენი საქმე, გაჰყვე ოჯახში, გაიგო მის თავს რა ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედო. წესით ეს არის ბავშვის დახმარების გაიდლაინი, მაგრამ შეუძლებელია ინდივიდები ასე მოიქცნენ.

ნორმალურ ქვეყანაში არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ეთიკურად ეხმარებიან ბავშვებს და მე თუ მეცოდინებოდა, რომ ჩვენთანაც არსებობს მსგავსი ორგანიზაციები, გადავრიცხავდი თანხას და ამ ფორმით გამოვხატავდი ჩემს თანადგომას. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი სანდო ორგანიზაციებიც, როგორც ჩანს, გვაკლია.

მე პირადად მიყიდია ბავშვისთვის ქუჩაში საჭმელი, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ფორმა უფრო უსაფრთხოა ვიდრე ფულის ჩუქება, თუკი არ ვიცი რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას.

თუ ფულს მივცემ, შეიძლება წავიდეს და ნარკოტიკი იყიდოს, ან წებო… ამიტომ, თუ ვერ გავარკვევ ამას, სჯობს ამგვარად დავეხმარო.

  • ფულის ჩუქება კიდევ რა რისკებს შეიცავს, თქვენი აზრით?

აი, მაგალითად, ბავშვების გარკვეული ნაწილი დღის ცენტრებში დადის ხომ? სადაც საკვებსაც იღებენ, გარკვეულ განათლებასაც და ქუჩაზე უკეთეს პირობებში არიან ნამდვილად, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა დღის ცენტრებში მიგვიყვანია ბავშვები და მაინც გამოქცეულან ქუჩაში, რადგან დაუჭერიათ ის ფაქტი, რომ ამბობენ – „საყვარელი ბავშვია“ და ამით მარტივად შოულობენ ფულს.

ის, რომ მოწყვლად ბავშვებს ჰქონდეთ უსაფრთხო თავშესაფარი, უსაფრთხო გარემო, ამას უნდა უზრუნველყოფდეს სახელმწიფო, მაგრამ როცა ყველაფერი თავშია მოშლილი, მერე ადამიანებიც ქაოსურად იქცევიან და შესაბამისად, ეს ქაოსი უფრო მეტ მავნებლობას მოიტანს ხოლმე.

სოციალური დაცვის სისტემაა მოსაწესრიგებელი. თავში უნდა დალაგდეს ეს ყველაფერი.

რატომ გვჭირდება ვიტამინი B12 და გვემუქრება თუ არა მისი დეფიციტი – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

ვიტამინი B12 აუცილებელი საკვები ნივთიერებაა, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ ის გარე წყაროებიდან უნდა მივიღოთ. საკვებიდან მისი ძირითადი წყარო ცხოველური წარმოშობის პროდუქტებია, ამიტომ ვეგანური კვებით, შესაძლოა, რთული იყოს სათანადო რაოდენობის B12-ის მიღება. ვიტამინი B12-ის დეფიციტი შესაძლოა ბევრი სხვა მიზეზითაც განვითარდეს, მათ შორის, იმ ადამიანებთანაც, რომლებიც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს მოიხმარენ. „ბათუმელები“ ამ მიზეზებზე „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ენდოკრინოლოგს, თეონა გოგიტიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო თეონა, რისთვის არის საჭირო ვიტამინი B12 კობალამინი?

ვიტამინი B12 აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების ნორმალური მომწიფებისა და ჰემოგლობინის ნორმალური დონის შენარჩუნებისთვის ჩვენს სისხლში. ჰემოგლობინი აუცილებელია, რომ სისხლი ჟანგბადით გამდიდრდეს და ჟანგბადი მიეწოდოს პერიფერიულ ქსოვილებსა და უჯრედებს. ეს არის მისი ძირითადი ფუნქცია.

ასევე,  ვიტამინი B12 საჭიროა ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

  • რა არის მისი წყარო? 

ორგანიზმი B12-ს არ გამოიმუშავებს, მისი ძირითადი წყარო არის საკვები. შეწოვა ხდება კუჭ-ნაწლავის სისტემაში კასლის ფაქტორის დახმარებით [კუჭის უჯრედების მიერ გამომუშავებული გლიკოპროტეინი, რომლის საშუალებითაც ხდება საკვებთან ერთად მიღებული ვიტამინ B12-ის აქტიურ ფორმაში გადაყვანა შემდგომ მისი წვრილ ნაწლავში შეთვისებისთვის].

საკვები, რომელიც შეიცავს  ვიტამინს B12-ს, ძირითადად ცხოველური წარმოშობისაა. ეს არის: ხორცი [ცხვრის, საქონლის], თევზეული, სარდინი, ხამანწკები, თინუსი… ასევე, არის რძის პროდუქტებსა და კვერცხში.

მისი ვეგანური წყაროა B12-ით გამდიდრებული [ფორტიფიცირებული] საკვები. მათ შორის ზოგიერთი მცენარეული რძე,  სოიას ზოგიერთი პროდუქტი და სეზამის მარცვლეული.

ზოგიერთი კვლევის თანახმად, B12-ის არაცხოველური წარმოშობის წყარო შეიძლება იყოს გამომშრალი წყალმცენარე ნორი. დაახლოებით 4 გ. გამხმარი ნორის მოხმარება უზრუნველყოფს რეკომენდებულ დღიურ დოზას, 2,4 მკგ/დღეში.

  • რა მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს B12-ის  დეფიციტი?

ვეგანური და ვეგეტარიანული კვების დროს შეიძლება განვითარდეს B12-ის დეფიციტი, რადგან ამ დროს არ მოიხმარენ ცხოველურ პროდუქტებს. თუმცა შესაძლოა ადამიანი მიირთმევდეს ცხოველურ პროდუქტებს და მაინც განვითარდეს ვიტამინ B12-ის  დეფიციტი – შეწოვის პრობლემების გამო.

ჩვენ უკვე ვახსენეთ კუჭის არეში არსებული კასლის ფაქტორი, რომელიც კუჭ-ნაწლავის სისტემაში საკვების გადამუშავების რეაქციაში შედის  ვიტამინ B12-თან და აუცილებელია მისი შეწოვისთვის, მაგრამ შესაძლოა რაიმე ქრონიკული ან/და გენეტიკური დაავადებების გამო ეს ვერ ხერხდებოდეს.

შეწოვის პრობლემები შეიძლება განვითარდეს, მაგალითად, ავტოიმუნური დაავადებების დროს; ასეთია, მაგალითად, პერნიციოზული ანემია, როდესაც არ ხდება ნორმალური შეწოვა კასლის ფაქტორის გამოუმუშაველობის გამო; მალაბსორბციის სინდრომი – კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც არ ხდება არა მხოლოდ B12-ის, არამედ სხვა საკვები ნივთიერებების შეწოვა.

მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიკამენტი, რომელთა ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს  ვიტამინ B12-ის დეფიციტი, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში არის პირველი რიგის მედიკამენტი მედფორმინი, რომლის ხანგრძლივი მიღების გვერდითი ეფექტია B12-ის დეფიციტი; არის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები – მედიკამენტები, რომლებიც მჟავიანობას აქვეითებენ. ეს ხშირ შემთხვევაში ომეპრაზოლის ჯგუფის მედიკამენტებია, რომელთაც პაციენტები თვითნებურად, ხანგძლივად იღებენ იმის გამო, რომ აქვთ გულძმარვა.

ასევე, რისკჯგუფში არიან ის პაციენტები, რომელთაც აწუხებთ სიმსუქნე და ვისაც აქვს ჩატარებული ბარიატრიული (კუჭის) ოპერაცია. საქმე ის არის, რომ ბარიატრიული ოპერაციის დროს იკვეთება კუჭის ის ნაწილი, რომლის უჯრედებშიც გამომუშავდება კასლის ფაქტორი, ამიტომ ასეთი პაციენტები უნდა იყვნენ  ვიტამინ B12-ის (ასევე D ვიტამინის) შენაცვლებით თერაპიაზე.

  • გამოხატული სიმპტომატიკა აქვს B12-ის დეფიციტს?

B12-ის დეფიციტი ხშირ შემთხვევაში იწვევს სისხლში ჰემოგლობინის დაქვეითებას – ანემიას, ანუ სისხლნაკლებობას – ამას მეგალობლასტური ანემია ეწოდება. ანემიისა და ჰემოგლობინის ნაკლებობის დროს რა სიმპტომატიკაც არის დამახასიათებელი, ყველაფერი იქნება გამოხატული B12-ის დეფიციტის დროს.

ეს სიმპტომებია: საერთო სისუსტე, დაღლილობა, ფერმკრთალი კანი, ხელისა და ფეხის თითების დაბუჟება, გულის რითმის აჩქარება.

ბუნებრივია, ეს სიმპტომატიკა დამოკიდებულია, რა ხარისხის დეფიციტი გვაქვს B12-ის და რა ხარისხის ანემია.

გარდა ამისა, B12 ვიტამინი მოქმედებს ნერვული სისტემის მოქმედებაზე, ძირითადად იწვევს დემენციას, მეხსიერების დაქვეითებას, თავბრუსხვევას, დეპრესიულ განწყობას. 

შეიძლება გარკვეულწილად იმოქმედოს რეპროდუქციულ სისტემაზე, თუმცა ეს არ არის გამოხატული მენსტრუაციული ციკლის დარღვევით.

MayoClinic-ი წერს, რომ: ნიშნები და სიმპტომები თავდაპირველად შეიძლება იყოს მსუბუქი, მაგრამ ძლიერდება დეფიციტის გამწვავებასთან ერთად. ეს ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: დაღლილობას; ჰაერის უკმარისობას; თავბრუსხვევას; ფერმკრთალ ან მოყვითალო კანს; არარეგულარულ გულისცემას; წონის კლებას; დაბუჟებას ან ჩხვლეტას ხელებსა და ტერფებში; კუნთების სისუსტეს; ხასიათის ცვლილებებს; დაბნეულობას ან ცუდ მეხსიერებას.

  • რას იწვევს B12-ის დეფიციტი?

პირველ რიგში მისი გართულებაა ანემია, იმიტომ, რომ B12 ვიტამინის დეფიციტი იწვევს სისხლნაკლებობას, რაც იწვევს ქსოვილების არასაკმარის გაჯერებას ჟანგბადით ანუ ქსოვილების ჰიპოქსიას. რადგან ნერვული სისტემა უფრო მგრძნობიარეა ჰიპოქსიის მიმართ, ნერვული სისტემის მხრივ უფრო ვლინდება ეს ცვლილებები. ბუნებრივია, ხანგრძლივმა სისხლნაკლებობამ, თუ დროულად არ მოხდა მკურნალობა და შევსება B12-ის დეფიციტის, შეიძლება გამოიწვიოს სხვა სახის ცვლილებებიც, მათ შორის ქსოვილის სიკვდილიც კი – მაგალითად, ნეკროზი, იშემია. 

მაგრამ დღეს ასეთი შორსწასული და მძიმე გართულებები ვიტამინ B12-ით  გამოწვეული ანემიით თითქმის აღარ გვხვდება პრევენციული ღონისძიებების შედეგად. თერაპევტები და ენდოკრინოლოგები ხშირად რთავენ ლაბორატორიულ ანალიზებში ამ კვლევას, პაციენტების ჩივილებისა და კვებითი პრეფერენციების გათვალისწინებით.

MayoClinic-ი წერს, რომ B12 დეფიციტური ანემიას შეიძლება მოჰყვეს გართულებები ორსულობის დროს – განვითარებად ნაყოფს, რომელიც ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით ფოლიუმის მჟავას დედისგან, შეიძლება განუვითარეს თავის ტვინისა დაზურგის ტვინის დეფექტები. რაც შეეხება ნერვული სისტემის დარღვევებს – არანამკურნალევმა B-12 ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ნევროლოგიური პრობლემები, როგორიცაა: მუდმივი ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში ან წონასწორობის პრობლემები. 

  • როგორ ხდება ვიტამინ B12-ის შევსება?

ვინც ცხოველურ პროდუქტებს არ მიირთმევს, მათთან უნდა ჩაირთოს B12 ვიტამინის შენაცვლებითი თერაპია. ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება უნდა მიიღოს პაციენტმა ეს ვიტამინი.

პირველ რიგში, უნდა  შეფასდეს, არის თუ არა დეფიციტი. შემდგომ იმის მიხედვით, თუ რა სახის და რა ხარისხის დეფიციტი გვაქვს, უნდა დაინიშნოს შესაბამისი დოზის ვიტამინი გარკვეული დროით. შედეგ ხდება შემოწმება და პრევენციისთვის. ექიმის გადაწყვეტილებით, ვიტამინი ინიშნება თვეში ერთხელ ან ორჯერ მისაღებად. 

ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით: B12 დეფიციტური ანემია [და არა B12 ვიტამინის დეფიციტი] ხშირად გამოწვეულია შეწოვის პროცესების დარღვევით, რის გამოც სამკურნალოდ უფრო მეტად გამოიყენება საინექციო ვიტამინ B12-ის 2 ფორმა. B12 დეფიციტური ანემიის მკურნალობა სწრაფად იძლევა კარგ შედეგს. როგორც წესი, თერაპიას არ ახლავს გართულებები. მკურნალობის დაწყება შეიძლება მხოლოდ მიელოგრამის საფუძველზე დიაგნოზის ვერიფიცირების შემდეგ, ვინაიდან ვიტამინ B12–ის ერთმა ინექციამაც კი მეგალობლასტური სისხლწარმოქმნა შეიძლება შეცვალოს ნორმობლასტურით და ძვლის ტვინის პუნქცია გახადოს არაინფორმატიული.

კერამიკული ნაწარმი ტყვიასა და კადმიუმზე უნდა შემოწმდეს – ახალი რეგლამენტი

საქართველოში სურსათისთვის განკუთვნილი კერამიკული ნაწარმი ბაზარზე ვერ გაიყიდება, თუ ის არ იქნება შემოწმებული მძიმე მეტალებზე – ტყვიასა და კადმიუმზე.

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც კერამიკული ნაწარმის გასაყიდად შესაბამისობის დეკლარაცია იქნება საჭირო.

დეკლარაციაში აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული, რომ სურსათისთვის განკუთვნილ კერამიკულ ნაწარმში ტყვიისა და კადმიუმის მიგრაციის ზღვარი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

კერამიკული ნაწარმის გასაყიდად საჭირო დეკლარაცია/დოკუმენტაცია ასევე უნდა შეიცავდეს ჩატარებული ანალიზების შედეგებს, გამოკვლევის პირობებსა და იმ ლაბორატორიის დასახელებასა და მისამართს, სადაც განხორციელდა გამოკვლევები.

მთავრობამ რეგლამენტი 2023 წლის 14 ნოემბერს დაამტკიცა და ის 2026 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

რეგლამენტის მიღების მიზანი „სურსათთან შეხებისათვის  განკუთვნილი კერამიკული ნაწარმის შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება, ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაა“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ტექნიკური რეგლამენტით კერამიკული ნაწარმი არის – „ჩვეულებრივი თიხის ან სილიკატის მაღალი შემცველობის მქონე არაორგანული მასალის ნარევისგან დამზადებული ნაკეთობები, საგნები, ნაწარმი, რომელსაც შესაძლოა დამატებული ჰქონდეს მცირე რაოდენობით ორგანული მასალები. კერამიკულ ნაწარმს თავდაპირველად აძლევენ ფორმას, რომელიც შემდეგში ფიქსირდება გამოწვით. ასეთი ნაკეთობები შესაძლებელია დაფარული იყოს მინანქრით, ემალით და/ან იყოს დეკორირებული/გაფორმებული“.

ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი კერამიკული ნაწარმის სახელმწიფო კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

„ბათუმელები“ შეეცადა დაეზუსტებინა, ეხება თუ არა რეგლამენტი იმ კერამიკის/თიხის ჭურჭელს, რომლებსაც საქართველოში  ადგილზე ამზადებენ და მრავლად იყიდება ბაზრებსა თუ ბაზრობებზე – მაგალითად: სურსათისთვის განკუთვნილი თიხის ქოთნები, კეცები, ქვევრები, თასები, ყანწები და ა.შ. ანუ, დასჭირდება თუ არა ამ ადამიანებს მათ მიერ დამზადებული ნაწარმის ლაბორატორიებში გამოკვლევა, რათა შემდგომ ეს ნაწარმი გაყიდონ.

თიხის ადგილობრივი ნაწარმი / შროშა

„ახლა დეტალებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. 2026 წლამდე არის საკმაო დრო და [ეს ადამიანები] ერთი წლით ადრე გაიგებენ დეტალებს… შეიძლება ჩვენი ინიციატივა იყო ეს [პროექტი], მაგრამ აქ მთელი რიგი დეტალები შემდეგში უნდა გაირკვეს, ვიდრე ამოქმედდება [რეგლამენტი]. რაც შეეხება ადმინისტრირებას და კონტროლის მექანიზმებს, ამ თემაზე მოგვიანებით გავაკეთებთ განმარტებას“ – გვითხრეს სააგენტოში.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში მოგვიანებით „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ტექნიკური რეგლამენტი მხოლოდ მოჭიქულ კერამიკას შეეხება, რომელიც სურსათისთვის არის განკუთვნილი და არა ჩვეულებრივ თიხის ჭურჭელს“, თუმცა საქართველოში თიხის მოჭიქულ ჭურჭელსაც ამზადებენ. 

სააგენტოში ასევე გვითხრეს, რომ „ტექნიკური რეგლამენტი ძირითადად 2027 წლიდან ამოქმედდება“. საქმე იმაშია, რომ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული:

„სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი კერამიკული ნაწარმი, რომელიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია ბაზარზე განთავსებულ იქნეს ამ დადგენილების ამოქმედებიდან [ანუ 2026 წლის იანვრიდან] ერთი წლის განმავლობაში.“

მთავრობის ახალი დადგენილებით:

„რეგლამენტი განსაზღვრავს სპეციალურ მოთხოვნებს სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი კერამიკული ნაწარმიდან ტყვიისა და კადმიუმის შესაძლო მიგრაციასთან დაკავშირებით და ეს მოთხოვნები ვრცელდება ბაზარზე განთავსებულ კერამიკულ ნაწარმზე, რომელიც დამზადებულია ან/და ბაზარზე განთავსებულია ერთ-ერთი დანიშნულებით:

  • განკუთვნილია სურსათთან შეხებისათვის
  • უკვე  შეხებაშია სურსათთან
  • გამიზნულია, რომ მოვიდეს შეხებაში სურსათთან

სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი კერამიკული ნაწარმის  ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

კერამიკული ნაწარმი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუ დადგენილი პირობების მიხედვით გამოყოფილი ტყვიის ან/და კადმიუმის რაოდენობა არ აღემატება „ტყვიისა და კადმიუმის ზღვრულ მნიშვნელობებს კერამიკული ნაწარმისთვის“.

„თუ კერამიკულ ნაწარმში ტყვიის ან კადმიუმის შემცველობა არ აღემატება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ რაოდენობას 50%-ზე მეტით, უნდა ჩაითვალოს, რომ ეს ნაწარმი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს მხოლოდ იმ პირობით, თუ იმავე ფორმის, ზომის, გაფორმებისა (დეკორირებული) და მომინანქრების მქონე სამი სხვა ნაწარმი დაექვემდებარა დადგენილი პირობების მიხედვით გამოკვლევებს და ამ სამი ნაკეთობიდან გამოყოფილი ტყვიის და/ან კადმიუმის საშუალო რაოდენობა არ აღემატება დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობას და, ამასთანავე, არც ერთი მათგანი არ აღემატება ზღვრული მნიშვნელობის 50%-ზე მეტს“ – აღნიშნულია რეგლამენტში.

  • შესაბამისობის დეკლარაცია

„კერამიკულ ნაწარმს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის შეხებაში სურსათთან, მარკეტინგის ყველა ეტაპზე, საცალო ვაჭრობის ეტაპის ჩათვლით, თან უნდა ახლდეს წერილობითი შესაბამისობის დეკლარაცია, რომელიც მიწოდებულ უნდა იქნეს მწარმოებელი ან საცალო ვაჭრობის ბიზნესოპერატორის მიერ.

დეკლარაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მზა კერამიკული ნაწარმის მწარმოებელი და იმპორტიორი ბიზნესოპერატორი, მისამართი და საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) კერამიკული ნაწარმის დასახელება;

გ) დეკლარაციის თარიღი;

დ) დადასტურება, რომ კერამიკული ნაწარმი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტითა და შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“

ტექნიკური რეგლამენტი ადგენს „ტყვიისა და კადმიუმის მიგრაციის განსაზღვრის ძირითად წესებს“, ასევე „ტყვიისა და კადმიუმის მიგრაციის განსაზღვრის ანალიზის მეთოდებს“.

____________________

საქართველოში დოქის დამზადების ტრადიციას 2021 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა:

იმავე წელს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა ასევე „მექვევრეობის ტრადიციას საქართველოში“.

ვაზის დაბრუნება

საქართველომ და თურქეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური ასამბლეის 33-ე რეგულარული სესიის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც მხარეებმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს. კერძოდ, მემორანდუმის თანახმად, საქართველოში სერტიფიცირებული მეზღვაურები შეძლებენ თურქეთის სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმდნენ და პირიქით.

ხელმოწერამდე გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან ორ ქვეყანას შორის საზღვაო სექტორში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. მათ შორის, გამოითქვა მზადყოფნა, გაღრმავდეს თანამშრომლობა როგორც მეზღვაურების განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების, ისე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის კუთხით. ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის საბორნე მიმოსვლის დანიშვნას.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა თურქეთის დელეგაციის წევრები საქართველოში მოიწვია.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი დეკემბრის 21 საათიდან 2 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია; ღელვა 2-3 ბალი;

სინოპტიკოსების ცნობით, 3-4 დეკემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი. ფოტო ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – პირველი დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის პირველ დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 330 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280]
  • ტანკი – 5 564 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 10 372 ერთეული [+32]
  • საარტილერიო სისტემა – 7 931 ერთეული [+22]
  • MLRS – 912 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 602 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 976 ერთეული [+22]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 567 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 399 ერთეული [+38]
  • სპეცტექნიკა – 1 137 ერთეული [+13]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 545 თვითმფრინავი
  • 256 ვერტმფრენი
  • 9 348 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 735 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 187 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 214 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 831 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის სარაკეტო დარტყმა დონეცკში – ნანგრევებიდან 6 თვის ჩვილი ამოიყვანეს

„ხელი ვის დაარტყი ბიჭო, შე ყ.. შენ!“ – ფიზიკური დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში

„დავაი, ბიჭო“, „დავაი ახლა-მეთქი, დაახვიეთ!“ , „შენ ენა გეისწორე!“, „ხელი ვის დაარტყი ბიჭო!“, „შენ ყ.. შენ!“ , „მოდი, ბიჭო აქა!“ – ასე მიმართავდნენ დღეს, 30 ნოემბერს, ერთმანეთს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები.

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც დეპუტატებს შორის დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, აჭარის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილება უნდა განეხილათ.

ტელევიზიების მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ გაუსწორდნენ ერთმანეთს დეპუტატები. კარგად ჩანს ისიც, ვინ უფრო მეტად აქტიურობდა, ვინ გამოირჩეოდა აგრესიით და ვინ ცდილობდა ვითარების განმუხტვას.

ფიზიკურ დაპირისპირებაში აქტიურად მონაწილეობდნენ: დავით ბაციკაძე -„ოცნებიდან“, ელგუჯა ბაგრატიონი – ენმ -დან, ტიტე აროშიძე- „ოცნებიდან“, ლევან ანთაძე ენმ-დან… გაშველების მცდელობისა და მიწოლის დროს ლევან ანთაძე და გიორგი მანველიძე წაიქცნენ კიდეც, თუმცა ამას ჩხუბის გაგრძელებაში ხელი არავისთვის შეუშლია.

უმაღლეს საბჭოში დაპირისპირება ოპოზიციონერი ელგუჯა ბაგრატიონის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც მთავრობის მუშაობა გააკრიტიკა.

კადრი: აჭარის ტელევიზია

ოპოზიცია ამბობს, რომ კრიტიკულ შეფასებას მოჰყვა ჯერ შეურაცხმყოფელი რეპლიკები, რის შემდეგაც დაიწყო კამათი, შემდეგ კი – ფიზიკური დაპირისპირება.

ენმ- ის ფრაქციის თავმჯდომარის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, დეპუტატი „ოცნებიდან“ – ტიტე აროშიძე მისი გამოსვლის დროს აკეთებდა შეურაცხმყოფელ რეპლიკებს, რასაც დავით ბაციკაძეც შეუერთდა:

„ბიუჯეტში შედიოდა ცვლილება და კითხვები გვქონდა მინისტრთან. საუბარი გვქონდა ბავშვთა შიმშილზე, უსახლკაროების და სხვა ყოფით პრობლემებზე. საარჩევნო წელი გაქვთ მომავალში და ერთხელ მაინც დახარჯეთ ბიუჯეტი ხალხისთვის, უამრავი პრობლემაა-მეთქი. ჩვეულებრივ მიდიოდა პროცესი, ფრაქციის გამოსვლების ნაწილში ვაფასებთ ბიუჯეტში ცვლილებას და მინისტრის მუშაობას. ვისაუბრე კორუფციაზე, ჩავარდნილ ტენდერებზე, შემცირებულ თანხებზე, ვთქვი, რომ ეს არის სეკვესტრი, რაც შევარდნაძის შემდეგ არ გაგონილა“ – უთხრა ელგუჯა ბაგრატიონმა „ბათუმელებს“.

კადრი: ტელეკომპანია „მთავარი“

დეპუტატი ვარაუდობს, რომ მისი კოლეგები არა მისმა გამოსვლამ სხდომაზე, არამედ სხვა რამემ გააღიზიანა:

„მოქალაქეები იყვნენ მოსული შესვენების დროს. უსახლკაროები, რომლებიც ნაქირავებში ცხოვრობდნენ, მაგრამ რუსების შემოსვლის შემდეგ გაძვირდა ეს ქირა და ვეღარ იხდიდნენ ქირის თანხას, დარჩნენ ქუჩაში. ორი წელია დავრბივართ და მთავრობასთან შეხვედრას ვითხოვთ, ვერ მოვახერხეთ და რადგან სხდომაა და მინისტრიც აქ არის შემოგვიშვითო.

დავით გაბაიძე [აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე] შეხვდა მათ და უთხრა, რომ რეგლამენტი არ ითვალისწინებს მოქალაქეების სხდომაზე დასწრებას და სხდომაზე კითხვების დასმას. ამაზე ვუთხარი, რა რეგლამენტზე ლაპარაკობთ, ხალხი ფეხებზე გკიდიათ, ჯანმრთელობის პრობლემით, პატარა ბავშვებით სოფლებიდან მოსული ქუჩაში დგას-მეთქი. ეს ესმოდა ამ ხალხს და მოჰყვა ტაში ჩემს სიტყვებს. როგორც ჩანს, ეს ვერ აიტანეს და ტიტე გადავიდა უზრდელობაზე, უნამუსო კაცი ხარ, მოქალაქეებით მანიპულირებო“.

ელგუჯა ბაგრატიონმა დააზუსტა, რომ ტიტე აროშიძე არ წამომდგარა და ადგილიდან ისროდა რეპლიკებს მისი გამოსვლის დროს.

„რომ დავასრულე სიტყვა, ვუთხარი, ნუ უზრდელობ-მეთქი. ამას ბაციკაძე აჰყვა. ნუ გადმოდიხარ პირად შეურაცხყოფაზე, ენას ძვალი არა აქვს, მაგრამ მიიღებ ადეკვატურ პასუხს-მეთქი. ამას მოსახლეობა არ იმსახურებს ხალხთან, სირცხვილია, სხვა რამე თუ გაინტერესებს, მაგის ადგილი სხვაგანაა და სხვაგან ვილაპარაკოთ-მეთქი ამ დროს დაცვა ჩადგა და დაიწყო ფიზიკური დაპირისპირებაც“.

რამდენიმეწუთიანი დაპირისპირების შემდეგ ჩხუბში ჩართული დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. მოგვიანებით „ოცნების“ უმრავლესობა სხდომაზე დაბრუნდა და ბიუჯეტში ცვლილება დაამტკიცა. ოპოზიცია სხდომათა დარბაზში აღარ დაბრუნებულა.

ტიტე აროშიძე ბრალდებებს უარყოფს. იგი ამბობს, რომ ყველაფერი პირიქით იყო, კერძოდ, მისი თქმით, ელგუჯა ბაგრატიონმა თავისი გამოსვლა „ოცნების“ უმრავლესობის წევრებისა და მთავრობის შეურაცხყოფისთვის გამოიყენა და პირად შეურაცხყოფაზეც გადავიდა:

„როგორც წესი, 2 წუთი აქვს გამომსვლელს. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ელგუჯა ბაგრატიონი იმეორებდა იმავეს, რაც ილაპარაკა მანამდე კითხვების ნაწილში, დაზუსტებებში და თან პირად შეურაცხყოფაზე გადადიოდა.

მოვუწოდეთ, რომ გაჩერებულიყო. თავმჯდომარემ რამდენჯერმე უთხრა, რომ დრო ამოეწურა. თქვენ იპარავთ, ბიუჯეტს ქურდავთ და ჯიბეებს ისქელებთო – გადავიდა სახელობით ბრალდებებზე. მე ვუთხარი, დამშვიდდი, არ შეიძლება ასე საუბარი, უნამუსობასაც საზღვარი აქვს-მეთქი. აქ დასამალი არაფერია. რასაც მთელი 9 წლის განმავლობაში ნაცმოძრაობა აკეთებდა, იმავეს იმეორებდა ბაგრატიონი ჩვენ მიმართ.

დათო ბაციკაძემაც უთხრა ორი სიტყვა, ამის შემდეგ მივიდა მასთან. დათომ მშვიდად აუხსნა თავიდან რაღაცები, შემდეგ ლევან ანთაძეც მოვიდა და პირად შეურაცხყოფებზე გადმოვიდა, მომიქნია ხელი. მე პირველ რიგში ვარ ადამიანი, მამაკაცი ვარ, პირველ რიგში და ხელის მოქნევას ვერ ვაპატიებ ვერავის“ – თქვა ტიტე აროშიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრისას.

მან გვირჩია, იმის გასარკვევად, თუ ვინ ვის აყენებს შეურაცხყოფას, ტელევიზიების მიერ გადაღებული კადრები ვნახოთ:

„ადამიანი, რომელიც მიდის კოლეგასთან, პირდაპირ ადგება თავზე, რაღაცებს ეძახის, შეურაცხყოფას აყენებს… მე მგონი, ეს მოსათმენი არ არის. ძალიან უსიამოვნოა, მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერ ავცდით.

როდესაც აბრალებს მთავრობის თავმჯდომარეს, ქალაქის მერს, დეპუტატებს ქურდები ხართ, იპარავთ და ჯიბეებს ისქელებთო, ეს, მგონი, არ არის უკვე ზოგადი კრიტიკა, ეს არის პირდაპირი ბრალდება, შეურაცხყოფა, ღირსების შემლახველი განცხადება. ძალიან ცუდია ეს მისთვის, ვინც ნახა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ვარ ადამიანი, ვარ პიროვნება და ამის შემდეგ ვარ დეპუტატი“ – ამბობს ტიტე კომახიძე.

დღეს ჩხუბში არც ერთი ქალი დეპუტატი არ მონაწილეობდა, ისინი გაშველებას ცდილობდნენ: „დეპუტატები ხართ, გაჩერდით, დასხედით“ – მოუწოდებდა მათ მედეა ვასაძე.

დღევანდელ დაპირისპირებას აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც გამოეხმაურა:

„გადაჭამეს აჭარა, კორუფცია, უსამართლობა, სეკვესტრირებული ბიუჯეტი, გარუსებული ქოცების დეპუტატები. უსახელო-უგვარო და უავტორიტეტო, რუსული პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენს თანამებრძოლებს, ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ტურებივით დაესიენ, როცა ისინი ადგილობრივების, ხალხის ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში.

ცხადია, თავს არავის დავაჩაგვრინებთ და მზად ვართ, ფიზიკურად მოვიგერიოთ პუტინისტების თავდასხმები. ჩემი სოლიდარობა ჩემს თანაგუნდელებს, თანამებრძოლებს და ძმებს. რუსული ოცნების აღსასრული ახლოვდება და ისტერიკა, პანიკა მატულობს…“ – დაწერა ლევან ხაბეიშვილმა ფეისბუქზე.

შეთანხმება ან ექსპროპრიაცია – 6 მილიონი კომპენსაციისთვის ბათუმში ქუჩების გასაგრძელებლად

ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტში 6,4 მილიონი ლარი გაითვალისწინეს იმ კერძო საკუთრების გამოსასყიდად, რომელიც ფარნავაზ მეფისა და ინასარიძის ქუჩების გაგრძელებისთვის, ასევე ადლიისა და კაჩინსკების ქუჩების დასაკავშირებლადაა საჭირო.

კერძო მესაკუთრეები მერიასთან თუ ვერ შეთანხმდებიან, მათ საკუთრებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ.

აღნიშნული სამუშაოები ბათუმის მერიას აქვს დაგეგმილი, რაზედაც ქალაქის საკრებულოც თანახმაა.

კერძო საკუთრების გამოსყიდვის შემდეგ, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო მოამზადებს შესაბამის პროექტსა და ხარჯთაღრიცხვას, აუცილებელი იქნება ასევე კვლევები და ექსპერტიზა, რის შემდეგადაც დაიწყება უშუალოდ სამშენებლო [ქუჩების გაგრძელება-შეერთების] სამუშაოები, მანამდე კი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისი თანხის ქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინება და ტენდერის გამოცხადება იქნება საჭირო.

დაიწყო თუ არა კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკება ქონების გამოსყიდვაზე და რა ეტაპზეა? – ამ კითხვაზე მერიის პასუხს მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.

რაც შეეხება ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს, სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხა ჯერ გაწერილი არ არის.

დაგეგმილი სამუშაოები

  • ბათუმის მერია გეგმავს ადლიის ქუჩა დაუკავშიროს ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩას. მერიის ინფორმაციით, ამ ქუჩებს შორის შემაერთებელი გზის მშენებლობის პროექტისთვის შპს „ელთ ბილდინგის“ საკუთრებაში არსებული ორი ნაკვეთიდან 1105 კვადრატული მეტრი ფართობია საჭირო.
  • ინასარიძის ქუჩის ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩამდე გაგრძელების [შეერთების] პროექტი კი, მერიის ინფორმაციით, მოიცავს კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული 10 უძრავი ქონების [მიწის ნაკვეთების – სულ 16 809 კვ.მ] ნაწილებს, მათგან 5-ზე განთავსებულია შენობები.

მერიას ინასარიძის ქუჩის გასაგრძელებლად ჯამში 7112 კვადრატული მეტრი ფართობის 10 მიწის ნაკვეთის და ორი მესაკუთრის 220,6 კვადრატული მეტრი ფართობის შენობის ათვისება მოუწევს.

  • ფარნავაზ მეფის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელების პროექტი „მოიცავს კერძო საკუთრებაში რეგისტრირებულ 9 უძრავ ქონებას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 2 უძრავ ქონებას, მათგან 6-ზე განთავსებულია შენობები.“

მერიის დოკუმენტების მიხედვით, პროექტის განხორციელებისთვის ასათვისებელია მიწის ნაკვეთების 3 502 კვადრატული მეტრი ფართობი და მესაკუთრეების შენობა-ნაგებობები.

ამ თემაზე ვრცლად:

ფარნავაზ მეფის ქუჩა ფიროსმანამდე გაგრძელდება – ექსპროპრიაციით ან შეთანხმებით მესაკუთრეებთან

„ამას წლები დასჭირდება“ – როგორ გეგმავს მერია ქონების აღრიცხვას

მუნიციპალური ქონების არასრულ აღრიცხვასა და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე ბათუმის მერიაში 2018 წლიდან საუბრობენ, იმ დროიდან, როცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამ პრობლემის შესახებ შეფასების ანგარიშში დაწერა. მაშინ აუდიტი წერდა, რომ ბათუმის მერიას 670 მილიონი ლარის ღირებულების ქონების მხოლოდ 0,1% აქვს აღწერილი და ამის შესახებ 2015-2016 წლებშიც მიუთითეს, თუმცა უშედეგოდ.

აუდიტის ინფორმაციით, ბათუმის მერიას მის ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების სრული ინვენტარიზაცია, მოქმედი რეგულაციის შესაბამისად, ბოლო 12 წელია არ ჩაუტარებია. შესაბამისად, მერიის ბალანსზე არსებული ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის ფიზიკური არსებობის დადასტურების შესაძლებლობა აუდიტორს არ ჰქონდა.

ამ ანგარიშიდან 4 წლის შემდეგ, 2023 წლის სექტემბერში, სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა ბათუმის მერიის მუშაობის შეფასების ანგარიში, სადაც გაცილებით სიღრმისეულად მიმოიხილა ეს საკითხი.

იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად დიდ სირთულეს ქმნის ეს გარემოება, თუნდაც მომავალი წლის დაგეგმვის თვალსაზრისთ, აუდიტმა რამდენიმე მიმართულებაზე გამახვილა ყურადღება.

კერძოდ, აუდიტი წერს, რომ 2022 წლის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში არ არის შესრულებული მოთხოვნები იჯარით გაცემული ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით. იჯარით გაცემული ქონება ბუღალტრულად არ არის აღრიცხული და შესაბამისად, ის არც ფინანსურ ანგარიშგებაში ფიგურირებს:

„საიჯარო ხელშეკრულებების ძირითადი ნაწილი გაფორმებულია წინა წლებში და მერიამ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია იჯარით გაცემული ქონების ღირებულების შესახებ.

იჯარით გაცემული ქონების აღურიცხველობა, ძირითადი კაპიტალის მოხმარების მუხლის არასწორ ასახვას იწვევს, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს „წმინდა აქტივის/კაპიტალის“ მუხლის სისწორეზე. შესაბამისად, ვერ მივიღეთ რწმუნება 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „საინვესტიციო ქონების“ მუხლის სისწორესთან დაკავშირებით.“

ანგარიშის მიხედვით, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ არის ასახული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და შენობები, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკუთრებად ითვლება. ამ აქტივების სარგებლობაში პირველადი გადაცემა არ განხორციელებულა და არ არის შეფასებული.

მერიის ფინანსურ ანგარიშგებაში არ ირიცხება 2000 ერთეულზე მეტი მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და არ არის შეფასებული.

ეს ანგარიში საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განიხილეს, სადაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ განმარტა, რომ აუდიტი საუბრობს საერთაშორისო სტანდარტების აღრიცხვაზე, რასაც წლები დასჭირდება:

„აღრიცხვის სისტემა გადადის საერთაშორისო სტანდარტებზე. ეს ითვალისწინებს, რომ თითოეული ქონება და შემადგენელი ნაწილი, წინასწარვე უნდა იყოს განსაზღვრული, რისთვის, რა მიზნისთვის გვაქვს. ფინანსურ ნაწილში ასე უნდა იყოს დალაგებული. კი ბატონო, კარგია, მაგრამ ამის გაკეთებას ვერც შემდეგ წელში მოხდება და ვერც იმის შემდგომ წლებში. ამას წლები დასჭირდება, იმიტომ, რომ საკმაოდ შრომატევადია. რაც აღრიცხული გვაქვს, გვაქვს კანონმდებლობის სრული დაცვით. რაც შეეხება ინვენტარიზაციას, მოგეხსენებათ, რომ ესეც ქვეყნის მასშტაბის პრობლემაა“.

ედნარ ნატარიძის ინფორმაციით, მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი საწყობის ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნით და გამარჯვებული კომპანიაც შერჩეულია, რომელმაც „25 დეკემბრამდე სრული ინვენტარიზაცია, მარაგებისა და ნაშთების მოწოდება უნდა უზრუნველყოს“.

24 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე თენგიზ აფხაზავა საკრებულოს კომისიის სხდომაზე დაინტერესდა, მოხდება თუ არა აღწერილი მარაგების პროგრამული უზრუნველყოფა, რაზეც ედნარ ნატარიძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ინვენტარიზაცია იყო ტენდერის მოთხოვნა.

აუდიტი ასევე წერდა, რომ ინვენტარიზაცია არც მუნიციპალურ ორგანიზაციებში ჩატარებულა:

„ინვენტარიზაცია ჩაუტარდა მხოლოდ ადმინისტრაციული დანიშნულების, 999 465 ლარის ნარჩენი საბალანსო ღირებულების მოძრავ ქონებას, რაც მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების 0,09%-ს შეადგენს. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ასევე არ ჩატარებულა იმ უძრავი ქონების ინვენტარიზაცია, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებას წარმოადგენს“.

2022 წელს არცერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში არ ჩატარებულა მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. აუდიტი აცხადებს, რომ ადგილზე შეამოწმა ა(ა)იპ − ბათუმის კულტურის ცენტრის ბალანსზე რიცხული აქტივების ფიზიკური მდგომარეობა და აღმოჩნდა, რომ არ არის უზრუნველყოფილი მათი დაზიანებისგან დაცვისა და შენახვის პირობები, რაც განაპირობებს მათ მწყობრიდან გამოსვლას.

კომისიის კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრმა რეზო ხარაზმა მოითხოვა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა გამოიყენოს სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზე არსებული შესაძლებლობა და ატვირთოს განმარტებები აუდიტის მითითებებთან დაკავშირებით.

 

„ხელ-ფეხი შემიკრეს და სკამზე დამსვეს“- ყაჩაღობის საქმის განხილვა სასამართლოში

დღეს, 30 ნოემბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ყაჩაღობის საქმე განიხილა.

ეს შემთხვევა ქობულეთში 2023 წლის 17 მაისს მოხდა – ღამით ოჯახში სამი შეიარაღებული, ნიღბიანი კაცი შევიდა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა მოითხოვა.

ჯგუფური ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებას და პოლიციელებზე თავდასხმას პროკურატურა 3 ბრალდებულს ედავება.

„საღამოს 11 საათი იქნებოდა, სამი შეიარაღებული კაცი შემოვიდა უცებ სახლში ნიღბებით. ორს გადაჭრილი იარაღი ჰქონდა, ერთს კი – მაყუჩიანი პისტოლეტი,“ – დაიწყო დაზარალებულად ცნობილმა სერგეი კ.-მ ყაჩაღობის ამბის გახსენება. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და უკვე 6 წელია საქართველოში ცხოვრობს.

„სახლში იყო ჩემი ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილიც…

იატაკზე დაწექითო, უხეშად გვითხრეს. მე იარაღის შენახვა ვთხოვე, რადგან იქ ბავშვები  იყვნენ.

დაიწყეს ყვირილი, დაწექით სწრაფად იატაკზეო, გვემუქრებოდნენ ამ იარაღით.  მე იატაკზე დავწექი სახით, რის შემდეგ ერთ-ერთმა ჩამარტყა იარაღის კონდახი თავში, ქალა გამიბზარეს, შუბლი და ცხვირიც დამიზიანეს, მერე წებოვანი ლენტით შემიკრეს ხელ-ფეხი, დამსვეს სკამზე და ფული მომთხოვეს: 300 ათას დოლარს ითხოვდნენ.

ვუთხარი, რომ ამდენი ფული არასდროს მქონია, სახლში რასაც ხედავთ, წაიღეთ-მეთქი. მოიტანეს რაღაც მილის ნაჭერი და თქვეს, ახლა ამით გავაუპატიურებთ შენს მეუღლესო.

გავუმეორე, რომ ფული არ მქონდა.

მაღალი რომელიც იყო, მოვიდა და რაღაც ამონაწერი მაჩვენა ტელეფონით: სადაა ის ფული, რომელიც „მერსედესის“ გაყიდვით მიიღეო? ვუთხარი, რომ სხვა მანქანა ვიყიდე და ფული აღარ დამრჩა. შევთავაზე, რაც მაქვს ბანკში, ერთად ვნახოთ ამონაწერი და მოგცემთ ჩემს ბარათებსაც-მეთქი.

ანგარიშებში ჩანდა, რომ დაახლოებით 2 ათასი დოლარი მქონდა. მაღალმა კაცმა თქვა, ამით ბიტკოინები ვიყიდოთ ჯობიაო, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს… დაახლოებით 2-3 საათი გრძელდებოდა ეს. ჩემი ტელეფონის ეკრანზე ფოტოების გადაღება დაიწყო იმ მაღალმა კაცმა და ვიღაცას უგზავნიდა, რომ გაეგოთ, როგორ ეყიდათ ბიტკოინები.

მერე მე დავპირდი, რომ ბიტკოინის სახით გადავუგზავნიდი ამ ფულს.

სამკაულები წაართვეს ჩემს ცოლს, ოქროს იყო, ბავშვის პატარა ყელსაბამიც წაიღეს… თქვეს, რომ 3 დღეში უნდა მიგვეცა 300 ათასი დოლარი და ეს ჩვენი ვალი იყო. ვუთხარი, 10 წელი დამჭირდება ამხელა თანხისთვის-მეთქი და ამდენი დრო არ გვაქვსო…

წასვლის დროს მითხრეს, რომ მომკლავდნენ, ჩემს მეუღლეს კი, დაამახინჯებდნენ, თუ პოლიციას რამეს ვეტყოდი.

დილიდან ავიბარგეთ და თბილისში წავედით, რომ უსაფრთხო ადგილი მოგვეძებნა.

მეორე დღეს უცხო ნომრიდან დამირეკა მამაკაცმა და მითხრა, მოლაპარაკება არ შეასრულეთ, რატომ არ გადმორიცხეთ ის ფულიო. ვუთხარი, ჩვენ წავედით და აღარ მაქვს ფული-მეთქი.

შემდეგ წავედი პოლიციაში და დავწერე განცხადება,“- დაასრულა დაზარალებულმა.

ბრალდებულები პოლიციელებმა ხელვაჩაურში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, როცა მათ სროლა დაიწყეს. ამ შემთხვევის დროს 2 პოლიციელი დაიჭრა.

გამოძიებამ ამოიღო იარაღიც, რომელიც, პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა ყაჩაღობის დროს გამოიყენეს.

ამოღებულია ოქროს ძეწკვიც. დაზარალებულის სახლიდან წაღებული ნივთები 2 ათას დოლარად შეფასდა.

„რამე დავალიანება გაქვთ მათი, ან ვინმეს მიმართ ამ ოდენობის თანხის?“- ჩაეკითხა დაზარალებულს პროკურორი დავით კირჩხელი.

„არა, დავალიანება არ მაქვს… მათ თქვეს, თითქოს მე დავალიანება მაქვს. ფული მოგვეცი და მერე გაიგებო,“- თქვა დაზარალებულმა.

„გქონდათ მანამდე რამე კომუნიკაცია ვინმესთან ვალის დაბრუნებაზე?“- დაზარალებულს ამჯერად ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა მიმართა.

დაზარალებულმა უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია, თუმცა შემდეგ თქვა, რომ კონკრეტულ პირთან, არტიომ ლ.-სთან სესხის შესახებ საუბარი ჰქონდა.

„17 მაისს ამ პირების შემოსვლა დაკავშირებულია ამ ადამიანთან?“- დაკონკრეტება ითხოვა მოსამართლემ.

„არაფერი ვალი არა მაქვს, არ ვიცი… არტიომს შემდეგ დავუკავშირდი, ასე რატომ იფიქრე, სულელი ხარო… მას სურდა შურისძიება, მაგრამ მათ ამის უფლება არ ჰქონდათ,“- გაბრაზება დაეტყო დაზარალებულს.

„რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ ამის უფლება, მაგრამ ამ პირების შემოსვლა უკავშირდება იმ ვალს, რომელსაც თქვენ არ აღიარებთ?“- იკითხა ისევ ადვოკატმა.

„ალბათ, დაკავშირებულია,“- უპასუხა ადვოკატს დაზარალებულმა და პაუზის შემდეგ დასძინა, რომ თავდამსხმელები შემთხვევის მეორე დღეს დაუკავშირდნენ მის ყოფილ ბიზნესპარტნიორს, არტიომს, ვინც დაზარალებულის თქმით, მეგობრებთან ამბობდა, რომ ვალი ჰქონდა სერგეისგან ასაღები.

უნდა შეიცვალოს კვალიფიკაცია, თუ დადგინდება, რომ სხვა პირის სესხის დაბრუნება ამ ფორმით სცადეს ბრალდებულებმა?- ვკითხეთ ადვოკატ დავით ჩავლეიშვილს სხდომის დასრულების შემდეგ.

„კი, ეს გამოდის ძალადობა და თვითნებობაა, ყაჩაღობა – არა,“- გვითხრა ადვოკატმა, ვიდრე სხდომის დარბაზს დატოვებდა.

„ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს, სადაც  ჩანს, როგორ იყო გაბზარული დაზარალებულის თავი,“- ადვოკატს სიტყვა  დააწია გზაში პროკურორმა.

საქმის მოსმენა დეკემბრის ბოლოს განახლდება.

5 წელი ვმუშაობდი ერაყში, ქმარი იქ დამეღუპა – ემიგრანტი ქალი ჩოხატაურიდან

„შემოსავალი არ აქვს ქალს საქართველოში. აქ რომ ოდნავი გასაქანი ყოფილიყო, არ წავიდოდა ამდენი ქალი უცხოეთში. ახლა მე საქმე მომეცა და ამიტომ დავბრუნდი საქართველოში, თორემ დავბრუნდებოდი სხვებივით ემიგრაციაში“ – ამბობს ნონა ბერიძე, 53 წლის ემიგრანტი, რომელმაც ერაყში 5 წელი გაატარა, მერე კი სახლში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურაში დაბრუნდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკოურა

„ემიგრაციის შემდეგ ვფიქრობდი, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება საქართველოში. ავიღე ჩემი მზითვის საკერავი მანქანა და კერვა დავიწყე. კერვა და ქსოვა ადრეც ვიცოდი, მაგრამ არ მეგონა, რომ ეს საქმე ასე გამომადგებოდა. უამრავი შეკვეთა მაქვს. ბევრ რამეს ვკერავ და საკმაოდ კარგადაც გამომდის ხელსაქმე.

რაღა ემიგრაციაში დავბრუნდე უკან-მეთქი ვიფიქრე და დავრჩი სახლში.

მერე მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაციის პროექტის შესახებ შევიტყვე და ბიზნესგეგმა დავწერე., აღვწერე, როგორ გამოვიმუშავებდი ხელფასს ჭრა-კერვით და რომ მინდოდა გამეუმჯობესებინა ჩემი საქმიანობა.

მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაციამ 7000 ლარის ღირებულების საქსოვი და საკერავი მანქანა გადმომცა. ისევ გრძელდება ეს პროექტი და ჩავრთე ჩემს სოფელში დაბრუნებული ყოფილი ემიგრანტი ქალებიც საქმეში, ვუამბობ მათ ამ პროექტის შესახებ და ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას. სოფელში ცხოვრება და საქმის დაწყება რთულია და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ეს დამატებითი რესურსი ბევრ რამეს ნიშნავს ჩვენთვის“ – ამბობს ყოფილი ემიგრანტი.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია – გაეროს მიგრაციის სააგენტო -IOM – 1993 წლიდან მოქმედებს საქართველოში, 2003 წლიდან კი სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებასა და რეინტეგრაციაში დახმარებას. დღემდე IOM-ი დაეხმარა 8096 დაბრუნებულ მიგრანტს რეინტეგრაციაში – სულ 6361 ოჯახს.

ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამით სარგებლობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ ყოფნის დროს აღმოჩნდა მოწყვლად მდგომარეობაში, მაგალითად: არ აქვს ლეგალური სტატუსი ან სამგზავრო დოკუმენტები, გახდა თაღლითობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლი, უარი ეთქვა თავშესაფარზე და/ან არ აქვს თავისი ხარჯებით სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) სამშობლოში ნებაყოფლობითი დაბრუნების და რეინტეგრაციის პროექტი ფინანსდება ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ.

ნონა ბერიძე ფონდ „ტასოს“ ბენეფიციარიცაა. მან 2 საკერავი და საქსოვი მანქანა შეიძინა ამ ფონდის დახმარებით და „ტასოს“ პროგრამის ფარგლებში ჭრა-კერვის კურსებიც გაიარა ოზურგეთში.

„ტასო“ ქალთა ეროვნული ფონდია, რომლის საქმიანობებიც მიმართულია ქვეყანაში ქალთა გაძლიერებისა და მძლავრი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ.

„ტასოს“ დონორები არიან ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC), ქალთა საერთაშორისო ასოციაცია (IWA), ქალთა გლობალური ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ღია საზოგადოება საქართველო და სხვები.

ნონა ბერიძე ერაყში 5-წლიანი ემიგრაციის განმავლობაში პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში. ლეგალურად იყო დასაქმებული და მისვლა-მოსვლის უფლება ჰქონდა, თუმცა, მისი თქმით, ერაყში მუშაობდნენ არალეგალურად მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც.

ემიგრაციიდან დაბრუნებული ნონა ბერიძე შვილიშვილებთან ერთად/ჩოხატაური, სოფელი ჩხაკოურა, 2023 წელი

„ჩემი ქმარი ხის სახერხ საამქროში მუშაობდა, მერე დაიკეტა ეს საამქრო და დარჩა უმუშევარი. უსახსროდ ვიყავით. მრავალშვილიანები ვართ, 13 ვიყავით სახლში, შვილებით, შვილიშვილებით… ჩემმა ქმარმა შემომთავაზა ერაყში წავსულიყავით ერთად სამუშაოდ. ჩემი ძმა იყო იმ დროს ერაყში და მან გაგვიგო ყველაფერი. გამოჩნდა ოჯახი, სადაც ჯერ მე წავედი სამუშაოდ და მერე ჩემი მეუღლეც ჩამოვიდა“ – იხსენებს ნონა ბერიძე.

ის გვიყვება, რომ ერაყში ბევრი ქართველი ემიგრანტი მიდის შრომით ემიგრაციაში. კორპუსში, სადაც ნონას და მის მეუღლეს ჰქონდათ ბინა ნაქირავები, სულ ქართველები ცხოვრობდნენ. პანდემიის პერიოდშიც ემიგრაციაში იყვნენ, ძირითადად უმუშევრები და ჩაკეტილები.

ყოფილი ემიგრანტი ამბობს, რომ 4 საათში 25 დოლარს უხდიდნენ ერაყელი ოჯახები ქართველ ემიგრანტებს დალაგება-დასუფთავებასა და სადილ-ვახშმის მომზადებაში. იყვნენ ემიგრანტები, რომლებსაც 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი ჰქონდათ, ოჯახებშივე ცხოვრობდნენ და თვეში 600 დოლარი ჰქონდათ ხელფასი.

ნონას თქმით, ქართველი ემიგრანტები ერაყის საავადმყოფოებშიც არიან დასაქმებულები.

ნონას თავიდან დიდი ხელფასი არ ჰქონდა, მაგრამ ცოტა დრო რომ გავიდა, 1200-1300 დოლარს უხდიდნენ სახლის საქმეებში.

ემიგრაციაში დაიღუპა ნონას მეუღლე.

„ჩემი მეუღლე ავარიით დაიღუპა. ქართველებთან ვიყავით სტუმრად და საღამოს შინ ვბრუნდებოდით, ტრასა გადავჭერით და ჩემს ქმარს მანქანამ დაარტყა, ადგილზევე გარდაიცვალა.

მძღოლი დაიჭირეს. იქ ასეთი წესია, თუ ვინმე ვინმეს შემთხვევით კლავს, ოჯახს კომპენსაციას უხდიან. სასამართლოსთვის არ მიგვიმართავს, საჩივარი არ შეგვიტანია მძღოლის წინააღმდეგ, არ გაქცეულა, მანქანა გააჩერა და გვეპატრონა. ოჯახი გვთხოვდა, დაგვესახელებინა თანხა, რაც მათ შეეძლოთ გადაეხადათ დანაშაულისთვის. ვერაფერს ვამბობდი, ქმარი დამეღუპა და ფული როგორ ავიღო-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ ბანკის ვალების გამო ვიყავით წასული და გადავწყვიტე, დავთანხმებოდი, მიგვეღო ამ ხალხისგან 20 ათასი დოლარი“ – იხსენებს ნონა ბერიძე.

პანდემიის მერე ერაყში სამსახურის პოვნა ჭირდა და ნონაც ჩოხატაურში დაბრუნდა. ეს ჩემი ემიგრაციის დასასრულია, ამ წლებმა ოჯახთან ყოფნის ძვირფასი შესაძლებლობა და მეუღლე წამართვაო, ამბობს.

ნონას 4 შვილი ჰყავს, 3 ბიჭი და ერთი გოგო. ორი ბიჭს ოჯახი აქვს, შვილებიც ჰყავთ, გოგო მეათეკლასელია. ნონა  პენსიონერ მამამთილსაც უვლის. ყოფილი ემიგრანტის ოჯახში ახლა 9 წევრია.

ნონას შვილმა და რძალმა ცალკე მოაწყვეს საკალმახე მეურნეობა, ლიფსიტებიც გამოჰყავთ და რეალიზაციას ეწევიან. ნონა ფიქრობს, რომ თუ შესაძლებლობა ჩნდება, სჯობს საკუთარ ქვეყანაში მოეკიდოს ადამიანი საქმეს, მაგრამ ყველას ეს საწყისი მოცემულობა არ აქვს. მას და მის ოჯახს გაუმართლა. ორი ბიზნესით, ჭრა-კერვითა და საკალმახე მეურნეობით ნონას დიდი ოჯახი თავის გატანას ახერხებს.

ნონას შვილისა და რძლის საკალმახე მეურნეობაც ფონდი „ტასოს“ დაფინანსებითაა შექმნილი.

„ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, მაგრამ ჩემი ყურადღება პარლამენტში ატეხილმა დავიდარაბამ მიიპყრო. რუსული კანონის მიღებას აპირებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების შესავიწროებლად.

ეს ორგანიზაციები ხალხისთვისაა, ხალხს გვეხმარება, გვერდით გვიდგას. ძლივს რაღაც საშველი დაგვადგა გლეხ ქალებს, შეგვიძლია პროექტი, ბიზნესგეგმა დავწეროთ და იდეის განხორციელება შევძლოთ, უცებ კი იწყებენ საუბარს ამ კანონზე. არ შეიძლებოდა ასეთი რამ, ხალხს თუ ვინმე გვერდით დაუდგება, რატომ უნდა ვდევნოთ, არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რას აკეთებენ ეს ორგანიზაციები, არ ვფიქრობთ ხალხზე, ვისაც ისინი ეხმარებიან“ – ამბობს საქართველოში დაბრუნებული ყოფილი ემიგრანტი.

ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში საქართველოდან ემიგრაციაში წამსვლელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველო დატოვა 80 351-მა მოქალაქემ. იმავე პერიოდში, საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ემიგრაციიდან დაბრუნდა 39 526 მოქალაქე. შესაბამისად, უარყოფითი მიგრაციული სალდო იყო 25 966.

2022 წელს, საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 108 590 ადამიანი.

ნახეთ ვიდეო:

YouTube video player

„ქობულეთის მუსლიმური პანსიონის საქმეზე“ ევროსასამართლომ დარღვევა დაადგინა

ევროპის ადამიანის უფლების დაცვის საერთაშორისო სასამართლომ „ქობულეთის მუსლიმური პანსიონის საქმეზე“ ქართველი მუსლიმების მიმართ დარღვევა დაადგინა.

ქობულეთში მუსლიმ თემს პანსიონით სარგებლობის უფლება 2014 წელს არ მისცეს, მაშინ პანსიონის კარზე ადგილობრივებმა ღორის თავი მიაჭედეს.

2016 წელს ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა, თუმცა დისკრიმინაცია დადგინდა ფიზიკური პირების, ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ და არა – სახელმწიფოს და კონკრეტულად შსს-ს მიმართ.

მუსლიმმა თემმა სტრასბურგის სასამართლოს კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების დარღვევის დადგენის მოთხოვნით მიმართა, რაც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, ასევე, დისკრიმინაციის აკრძალვას გულისხმობს.

„…სახელმწიფომ მუსლიმი თემის უსაფრთხოების და უფლებების დაცვაზე დემონსტრაციული უარი თქვა და ამ დრომდე უკვე 9 წელია იმავეს აკეთებს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა და მიიჩნია, რომ სახელმწიფომ მოსარჩელეების მიმართ დაარღვია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და რელიგიის თავისუფლება, დისკრიმინაციასთან ერთად, ასევე საკუთრების უფლება.

ეს საქმე ყველას გვახსოვს იმ შემზარავი ისლამოფობიური აქტით, როცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა პანსიონატის ჭიშკართან ღორი დაკლა და მისი თავი შენობის კარზე მიაჭედა. მომდევნო თვეები კი პანსიონატის შენობასთან ორგანიზებული აქციებით და მორიგეობით ავიწროებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სასულიერო პირებს და პანსიონატის თანამშრომლებს. ეს აქტი ისლამოფობიის კლასიკური შემთხვევა იყო და უმძიმესი გამოცდილების გამოვლა მოუწიათ ადამიანებს.
ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სამართლის სისტემის შიგნით ჩვენი მოქალაქეები ვერ იღებენ დარღვეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობას, ამას ვახერხებთ ევროპული სასამართლოს გზით და მართლმსაჯულება მაინც ზეიმობს,“ – წერს სოციალურ ქსელში თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია სასამართლოებში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროსასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 [პირადი ცხოვრების უფლება] და მე-9 მუხლების [აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება] დარღვევა, მე-14 მუხლთან [დისკრიმინაციის აკრძალვა] ერთობლიობაში და მიიჩნია, რომ პოლიციამ არ შეაჩერა კერძო პირების დისკრიმინაციული ქმედებები რელიგიური პანსიონატის წინააღმდეგ და ამასთან ერთად, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული შევიწროების აქტზე, გამოძიების ფორმალური ჩატარების მიუხედავად, შესაბამისი სამართლებრივი შედეგი არ დადგა.

ევროპული კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლებთან და მათთან კავშირში მე-14 მუხლთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების ორგანოების მხრიდან განმცხადებლების პირადი ცხოვრება, ღირსება და რელიგიური მრწამსი სათანადოდ არ იქნა დაცული. განმცხადებლები აგრესიულად განწყობილი ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქციის დროს სიძულვილის ენის, მუქარისა და დამამცირებელი მოპყრობის სამიზნეები იყვნენ, აღნიშნულმა კი, პოლიციის უმოქმედობასთან ერთად, შიშისა და დაუცველობის განცდა ჩამოაყალიბა, რის გამოც განმცხადებლებმა პანსიონატის გახსნისგან თავი შეიკავეს.

კონტექსტის გააზრებისა და გარემოებების ობიექტური შეფასების ფონზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ძალადობრივი ქმედებები, განმცხადებლების რწმენის წინააღმდეგ იყო მიმართული, კერძოდ კი, მათ დასამცირებლად და შესაშინებლად. ამიტომ, არსებითი იყო შესაბამის ეროვნულ ორგანოებს გაეღოთ ყველა შესაძლო ზომა, მათ შორის სპეციფიკური კონტექსტის გათვალისწინებით გამოძიების ჩატარება რელიგიით მოტივირებული ძალადობრივი ქმედებების გამოვლენის მიზნით.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნულმა ორგანოებმა სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს პოზიტიური ვალდებულება, დაედგინა რელიგიურ მრწამსთან მიმართებით ზიანი, რაც უნდა ყოფილიყო ამ მოვლენების გამოძიების ცენტრალური ყურადღების საგანი.

განმცხადებლები ასევე სადავოდ მიიჩნევდნენ კონვენციის მე-3 მუხლის [წამებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა] დარღვევას და მათ მიმართ ღირსების შემლახავ მოპყრობას.

ევროსასამართლომ არ უარყო შენობის კარზე ღორის თავის დაკიდების ფაქტი, რამდენად დამამცირებელი შეიძლება ყოფილიყო მუსლიმი თემის წარმომადგენლებისათვის, თუმცა დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე გამოვლენილი სისასტიკის ზღვარი არ უახლოვდება კონვენციის მე-3 მუხლით დადენილ სტანდარტს და ღირსების შელახვის შეფასება კონვენციის მე-8 მუხლის [პირადი ცხოვრების უფლება] ქვეშ მოახდინა.

სასამართლომ განმარტა, რომ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობებს“ ჰქონდა დაქირავებული შენობის თავისუფლად გამოყენებისა და მფლობელობის უფლება. სასამართლომ მიუთითა კერძო პირების მიერ ჩადენილ არაკანონიერ ქმედებებსა და სახელმწიფოს მხრიდან მიღებული არასაკმარის ზომებზე და აღნიშნა, რომ შპს „ქობულეთის წყლისა“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ სკოლის შენობის საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირების განზრახ შეფერხებით, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობებმა“ ფაქტობრივად დაკარგა თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, იმდენად, რამდენადაც, მას მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში არ მიეცა შესაძლებლობა, მისი სურვილის შესაბამისად, შენობა მუსლიმური სკოლის გასახსნელად გამოეყენებინა.

საყურადღებოა, რომ ამ ნაწილში სასამართლომ არ გაიზიარა სახელმწიფოს პოზიცია,რომ განმცხადებლისათვის თავისი უფლებების ეფექტური დაცვის საშუალების მინიჭების გზით, სახელმწიფომ მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება შეასრულა.

ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ სკოლის შენობით სარგებლობის უფლების დაკარგვა, მისი თანმდევი შედეგებით, ვერ იქნება მხოლოდ კერძო პირების არაკანონიერი ქმედებების შედეგი, იმდენად, რამდენადაც, პასუხისმგებელმა სახელმწიფო ორგანოებმა, დისკრიმინაციული ქმედებებისა და მუქარის წნეხის ფონზე, ვერ შეძლეს დროულად შეეჩერებინათ სკოლის ბლოკადა, რაც სასამართლომ სახელმწიფოს მიერ მასზე დაკისრებული უარყოფით ვალდებულებების შეუსრულებლობად მიიჩნია,“ – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ განცხადებაში.

ევროსასამართლომ საქართველოს ასევე დააკისრა კომპენსაციის სახით 5 ათასი ევროს გადახდა. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ამ პროცესზე ზედამხედველობა დაწესდება.

„ქართველ მუსლიმთა ურთიერთობების“ და სხვა შვიდი მუსლიმური თემის წარმომადგენლის სახელით განაცხადი ევროპულ სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ „ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან“ (EHRAC) ერთად 2019 წელს წარადგინა.

ამ თემაზე: 

რამდენად შეიცვალა ადგილობრივების განწყობა ქობულეთში მუსლიმურ პანსიონზე

ბათუმში რამდენიმე მარკეტი და აფთიაქი გაქურდეს

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, რამდენიმე ობიექტი, მათ შორის, აფთიაქი გატეხეს. შემთხვევა 30 ნოემბერს, ღამით მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მარკეტიდან წაღებულია სიგარეტები. რა წაიღეს აფთიაქიდან, ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით – ქურდობა.

ბათუმში შტორმის დროს მოზარდი დაშავდა

ბათუმში 27 ნოემბერს ძლიერი შტორმის დროს ზღვასთან ახლოს, პირსზე მდგომი ორი მოზარდიდან ერთ-ერთი დაშავდა.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, მოზარდმა ტალღის დარტყმის შედეგად მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა მიიღო.

შტორმში მოხვედრილი მოზარდების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. კადრებში ნათლად ჩანს, ტალღის ძლიერი დარტყმის შედეგად როგორ ეცემა ძირს ორი ადამიანი.

ძლიერი შტორმის დროს პირსზე მდგომი ორი ადამიანიდან ერთ-ერთი დაშავდა.

მოზარდები პირსის მოაჯირმა შეაკავა და ასე გადაურჩნენ ზღვაში ჩავარდნას.

მოზარდის დაშავების ფაქტი შსს-შიც დაგვიდასტურეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

ბათუმში, შავ ზღვაზე, დაახლოებით 8-ბალიანი შტორმი 27 ნოემბერს დაფიქსირდა. შტორმმა ზიანი მიაყენა ბულვარის და სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურას, დაიტბორა სანაპიროსთან ახლოს ქუჩების ნაწილიც.

ბათუმის ბულვარმა შტორმული გაფრთხილების შესახებ დღის მეორე ნახევარში გააკეთა განცხადება ფეისბუქში, თუმცა მოქალაქეების ნაწილი მაინც იმყოფებოდა ზღვის სანაპიროსთან ახლოს.

 

მთავარი ფოტო: შტორმი ბათუმში / 27.11.2023

რუსეთის სარაკეტო დარტყმა დონეცკში – ნანგრევებიდან 6 თვის ჩვილი ამოიყვანეს

30 ნოემბერს, ღამე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში, პოკროვსკის, ნოვოგროდოვსკისა და მირნოგრადის მიმართულებით ექვსი რაკეტა გაუშვეს.

უკრაინული მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი – 13, 16 წლის და 6 თვის, 5 ადამიანს კი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ ეძებენ.

„უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ პოლიციის სამედიცინო მუშაკი ნანგრევებიდან გამოსვლაში დაეხმარა მამაკაცს, რომელსაც ხელში გასისხლიანებული ბავშვი ეჭირა. გასინჯვის შემდეგ ბავშვი სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში. მედიის ცნობით, 6 თვის ჩვილის სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.

ასევე, ნოვოგრადოვკაში რუსული რაკეტა მოხვდა მრავალსართულიან კორპუსს. დაჭრილია 13 წლის მოზარდი. პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები სარაკეტო დარტყმის ადგილზე მუშაობას განაგრძობენ. არსებული ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ 5 ადამიანი იყოს, მათ შორის ერთი ბავშვი.

ბათუმში დაზიანებული ველობილიკების აღსადგენად 328 ათას ლარს დახარჯავენ

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე დაზიანებული ველობილიკის გამოცვლის სამუშაობი მიმდინარეობს. ველობილიკის ნაწილს ცვლიან ვაჟა-ფშაველას ქუჩის დასაწყისშიც.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები ტროტუარებისა და ველობილიკების აღდგენაზე ჩატარებული ტენდერის ფარგლებში მიმდინარეობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარია განსაზღვრული.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ესია ჯგუფი“ ატარებს.

მერიის სამმართველომ „ესია ჯგუფთან“ ხელშეკრულება 500 ათას ლარზე 2023 წლის 11 სექტემბერს გააფორმა –  ველობილიკების რეაბილიტაციასა და ტროტუარების მოწყობაზე.

ხელშეკრულების მიხედვით, უშუალოდ ველობილიკების რეაბილიტაციისთვის 328 ათას 490 ლარი უნდა დაიხარჯოს, თუმცა კონკრეტულად რომელ ქუჩაზე და რა მონაკვეთში უნდა შეკეთდეს ველობილიკი, მითითებული არ არის. კონკრეტული მონაკვეთები ვერც ინფრასტრუქტურის სამმართველოში დაგვისახელეს.

„აღნიშნული ითვალისწინებს წლის განმავლობაში  მოვლა-შენახვის ღონისძიების ჩატარებას დაზიანებულ მონაკვეთებზე, მისამართები კონტრაქტორ კომპანიებს საჭიროებიდან გამომდინარე, ეტაპობრივად მიეწოდება მთელი წლის განმავლობაში“ – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის სამმართველოში.

თუმცა აღნიშნული ტენდერის ფარგლებში „ესია ჯგუფმა“ სამუშაოები 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით უნდა დაასრულოს.

ამავე თემაზე:

ველობილიკის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს ბათუმის ბულვარიც, სადაც ბილიკი მწვანე ფერის იქნება:

ბულვარში ველობილიკს მწვანედ შეღებავენ და გაანათებენ – ორმილიონიანი ტენდერი

 

როგორი ამინდი იქნება დეკემბრის პირველ დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ნოემბრის 21 საათიდან პირველი დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვა, დღისით უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი 

ზღვაზე ღელვა 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 2-3 დეკემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 328 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
  • ტანკი – 5 551 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 10 340 ერთეული [+28]
  • საარტილერიო სისტემა – 7 909 ერთეული [+1]
  • MLRS – 910 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 600 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 954 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 567 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 361 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 1 124 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 544 თვითმფრინავი
  • 255 ვერტმფრენი
  • 9 310 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 712 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 187 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 205 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 781 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ხელფასს არ ვუზრდით ფიზიკის მასწავლებელს, რომელიც გაქცევაზეა სკოლიდან?! – აფხაზავა

შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, განათლების მინისტრმა კი მასწავლებლის ხელფასების მატება, სწორედ საშვებულებო პერიოდს დაამთხვია. მან თქვა, რომ „შესაბამისი საკანონმდებლო ერთჯერადი ცვლილებაა საჭირო, სამართლებრივი საფუძველი გაჩნდეს, რომ დავარიგოთ ეს ხელფასები შვებულებაში“.

რატომ არღვევს განათლების მინისტრი კანონს და რა პრინციპით უნდა გაზრდილიყო ხელფასები, რომ მასწავლებლის სოციალური მდგომარეობის გარდა, სწავლის ხარისხიც გაუმჯობესებულიყო? – ამ თემაზე „ბათუმელები“ „განათლების კოალიციის“ წევრს, განათლების სპეციალისტს, რევაზ აფხაზავას ესაუბრა.

იგი მიიჩნევს, რომ ხელფასების ზრდის პროცესი აჩვენებს, რომ ეს გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო ხელისუფლებამ და მასზე არ ყოფილა ნამსჯელი და ნაფიქრი.

„არ ყოფილა საჯარო განხილვა, საკომუნიკაციო სტრატეგია, არც საექსპერტო წრეში უმსჯელიათ, არც სამუშაო ჯგუფებში მომხდარა ამის განხილვა.

როგორც ჩანს, ეს იყო მყისიერი გადაწყვეტილება და მინისტრს, შესაძლოა, უნდოდა, რომ იანვარში ყოფილიყო ხელფასების მატება, მაგრამ როგორ ჩანს, პარტიას ურჩევნია ეს იყოს არჩევნებთან ახლოს, რადგან იანვარში მომატებული ხელფასი მასწავლებლებს სექტემბერში დაავიწყდებათ.

ცხადია, ეს იწვევს გარკვეულ კონფლიქტს კანონთან და რატომ უნდა გახდეს კანონის ცვლილება საჭირო, როცა შეეძლოთ იანვარში გაეზარდათ ხელფასი ან თუნდაც თებერვალში. რაღა მაინც და მაინც ივლისამდე გადაიწია ამ საკითხმა“-ამბობს რევაზ აფხაზავა.

მისი აზრით, ამ პროცესში ყველაზე პრობლემური არის ის, თუ რა პრინციპით იზრდება ხელფასები.

„ზოგადად, გაუგებარია, თუ რატომ არ ცვლის სამინისტრო ხელფასების გაანგარიშების სისტემას და რატომ არის ისევ ეს „სრული დატვირთვა“, რატომ ვანგარიშობთ საბჭოთა სისტემიდან მოყოლებული ასე ხელფასებს.

მასწავლებლის ფუნქციაში მარტო გაკვეთილის ჩატარება შედის? ამაში შედის გაკვეთილების მომზადებაც, ხომ? სამუშაოს აღწერილობაში და მასწავლებლის სტანდარტშიც ხომ ასეა განსაზღვრული. მაშინ რატომ ვუხდით მხოლოდ გაკვეთილების ჩატარებაში. ეს სისტემური შეცდომაა და ამიტომაც ვიღებთ უხარისხო გაკვეთილებს.

იმ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ზარის დარეკვიდან ზარის დარეკვამდეა მასწავლებელი მხოლოდ სკოლაში.

ადამიანები ბევრს შრომობენ თავიანთი პროფესიული განვითარებისთვის და ამაზე დროს ხარჯავენ, გაკვეთილის მომზადებისთვის დროს ხარჯავენ, სადამრიგებლო საათებზე დროს ხარჯავენ და დანამატი აქვთ მინიმალური, ფაქტობრივად დამრიგებლები ვერ ასრულებენ თავის ფუნქციას და შემდეგ ეს აისახება საკლასო კონფლიქტებზე, უსაფრთხოებაზე, ინდივიდუალური მიდგომების არ არსებობაზე და ასე შემდეგ.

როცა ვამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, სასკოლო კლუბების და წრეების განვითარება, ამ კლუბებში და წრეებში რომ მასწავლებლები მუშაობენ, მათ რატომ არ უნდა აუნაზღაურდეთ ეს შრომა? აი, ეს კითხვებია რელევანტური და არა ის, კანონში შევა ერთჯერადად ცვლილება თუ არა“- ამბობს რევაზ აფხაზავა.

მისი თქმით, ხელისუფლება განათლების ხარისხზე რომ იყოს ორიენტირებული, ამ პრინციპს გაითვალისწინებდა. იგი მიიჩნევს, რომ დაფინანსება უნდა იყოს არა მხოლოდ მასწავლებლის სოციალურად გაუმჯობესების ინსტრუმენტი, არამედ განათლების ხარისხის ინსტრუმენტიც.

„და თუ მხოლოდ მასწავლებლის სოციალურ მდგომარეობას აუმჯობესებს ხელფასი და არა ასწავლის ხარისხს, მაშინ ეს გადაწყვეტილება არაეფექტურია“ – გვეუბნება ის.

მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ უზრდის სამინისტრო სრული დატვირთვის მქონე მასწავლებლებს ხელფასს და არა პირიქით.

„რატომ არ ვუზრდით, მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს ხელფასს? ფიზიკის მასწავლებელი, რომელიც გაქცევაზეა სკოლიდან, იმას არ ვუზრდით ხელფასს? ის ფიზიკურად ვერ შეძლებს იმ რაოდენობის საათების დაგროვებას, რომ მასაც 500 ლარით გაეზარდოს ხელფასი.

ქიმიის მასწავლებლებს? აქაც კატასტროფული პრობლემები გვაქვს და ფიზიკა, ქიმია დეფიციტური პროფესიები ხდება ქვეყანაში. ამ საგნებში ისედაც ცოტა საათებია და მცირეკონტინგენტიან სკოლებში, რომელიც 60% გვაქვს ქვეყანაში, ისედაც ვერ ივსებენ ამ საგნის მასწავლებლები საათებს.

ინტერესიც აღარ აქვთ ქიმიის და ფიზიკის მასწავლებლებს, რომ სკოლაში იმუშაონ. ამიტომ უნდა ყოფილიყო პირიქით, ვისაც ცოტა საათები აქვს, იმას უნდა დამატებოდა ხელფასი, რადგან მათ სჭირდებათ დახმარება.

რატომ არ ვუზრდით, მაგალითად, IT-ის მასწავლებლებს ხელფასებს? აი, ეს არის სახელფასო პოლიტიკა და ამაზე უნდა ეფიქრა სამინისტროს, როცა ბიუჯეტიდან ამხელა თანხების დახარჯვას აპირებს. და არა ის, რომ რომელიღაც ტრიბუნიდან რომელიმე მინისტრმა ან პრემიერმა დაიყვიროს როგორი კარგები არიან, რომ ხელფასებს ზრდიან და ნაცარი შეაყარონ თვალებში ყველას“ – ამბობს რევაზ აფხაზავა.

მისი თქმით, ხარისხის განვითარებისთვის სხვა ნაბიჯებია საჭირო და ხელფასის ზრდა ერთ-ერთი კომპონენტია მათ შორის, მაგრამ არა გადამწყვეტი.

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, „დღეს რა ხელფასებიც აქვთ სრული განაკვეთის პირობებში მასწავლებლებს, მინიმუმ 500 ლარით ეზრდებათ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს არის 600-700 და 800 ლარიც. სხვა შემთხვევაში, ეს 100 ლარზე მეტი იქნება. იქნება 200-300-400 ლარი, გააჩნია რა ფორმულად დავიანგარიშებთ, მაგრამ არცერთი ადამიანი არ დარჩება სისტემაში ვისაც ხელფასი მკვეთრად, ამ მოცემულობით არ გაეზრდება“.

რევაზ აფხაზავას თქმით, ეს მიდგომა მაინც დისკრიმინაციული გამოდის, რადგან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პედაგოგებს.

მისთვის ასევე უცნობია, რამდენი მასწავლებელი მუშაობს ქვეყანაში სრული დატვირთვით.

„ამის შესახებ ინფორმაცია რომ მოვითხოვეთ, არ გვაწვდიან. არ გვაქვს ხელმისაწვდომობა მონაცემებზე, თორემ დავუთვლიდით და საზოგადოებასაც უკეთესად გავაცნობდით. ეს პროცესი არის დახურული და ამაზე მსჯელობა შეუძლებელია“ – ამბობს რევაზ აფხაზავა.

მისი აზრით, სახელმწიფო მსგავს შედეგებს იმიტომ იღებს, რომ არ ცდილობს სპეციალისტებთან მუშაობას.

„ის, რომ სადღაც დარბაზში შეყრიან ამ მასწავლებლებს და ისინიც თვალანთებული უკრავენ ტაშს, ნიშნავს, რომ არც სკოლას იცნობენ და არც სასკოლო პროცესებს.

ამ მასწავლებლებსაც იმიტომ კი არ აქვთ ანთებული თვალები, რომ მადლიერები არიან, შეშინებული არიან. ხომ ვხედავთ დირექტორების შემთხვევაში რა ქნეს? კვალიფიციური დირექტორები ისე გაუშვეს თანამდებობიდან, გაგანია პანდემიის დროს, არც მადლობა უთქვამთ, არც – საყვედური.

თუ ადამიანი არ არის ლოიალური პარტიის მიმართ, ათასი პრობლემა ექმნება“ – ამბობს რევაზ აფხაზავა და სუს-ის კრებსებსაც იხსენებს.

„ვნახეთ ხომ, როგორ მიდის ყველა დირექტორზე თვალთვალი. ვინც ნაკლებად დაუკრავს ტაშს ხელისუფლებას, ფაქტობრივად შიმშილისთვის სწირავენ ადამიანებს.

მაგალითად, სოფლად ერთადერთი შემოსავლის წყარო აქვთ ამ ადამიანებს სკოლაში მუშაობით და ცალკე საკითხია, შეშინებულმა მასწავლებელმა როგორი მოსწავლე უნდა გაზარდოს“-ამბობს რევაზ აფხაზავა.

პედაგოგების გარკვეული ნაწილი ღიად აპროტესტებს სამინისტროს სახელფასო პოლიტიკას და სამინისტროს წინ აქციებსაც მართავს. ნაწილმა პეტიციაც შეადგინა, სადაც ისინი ხელფასების იანვრიდან მატებას მოითხოვენ, თუმცა ამ პროცესში მხოლოდ აქტიური პედაგოგების მცირე ნაწილი მონაწილეობს, უმრავლესობა კი დუმილს არჩევს.

„მასწავლებლების უმრავლესობა პარტიულია, რაზე უნდა ვილაპარაკოთ. პეტიციაზეც კი, სადაც ეწერა, – „გთხოვთ გამიზარდოთ ხელფასი“, მხოლოდ 8 ათასმა მასწავლებელმა მოაწერა ხელი“ – ამბობს რევაზ აფხაზავა.

მისი თქმით, შესაძლოა მინისტრს ჰქონდეს რაღაც ცვლილებების განხორციელების სურვილი, „თუმცა მსგავსი ამბიციები წინა მინისტრებსაც შესაძლოა ჰქონდათ. მე-14 მინისტრია ეს, მაგრამ ამას არ წყვეტენ მინისტრები. ამას წყვეტს პარტია, სუს-ი. ესენი იღებენ გადაწყვეტილებას“ – ამბობს აფხაზავა.

ბათუმში პარკირების 45 845 დარღვევა დააფიქსირეს – 11 თვის მონაცემები

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ პარკირების ზედამხედველობის განყოფილების მუშაობის 11 თვე შეაჯამა და ამ განყოფილების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინსპექციის ინფორმაციით, 2023 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში ბათუმში პარკირების 45 845 დარღვევა დააფიქსირეს.

აქედან აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის 67 პროცენტი, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომაა – 30 639 დარღვევა.

ეს მაშინ, როცა წელს, 5 თვის განმავლობაში [თებერვლიდან ივლისამდე] ბათუმში პარკირების გადახდა შეუძლებელი იყო და არც მძღოლებს აჯარიმებდნენ [მიზეზად მერიის შესაბამისი სამსახურები სერვერის დაზიანებას ასახელებდნენ].

პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გარდა, მუნიციპალური ინსპექციის მონაცემებით, 2023 წლის 11 თვეში ბათუმში დაფიქსირებულია ასევე:

  • ტროტუარზე დგომა – 6 045 ფაქტი
  • დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა – 4 390
  • ავტობუსის გაჩერებაზე დგომა – 2 217
  • პარკირების წესების სხვა დარღვევა – 1 601
  • ველობილიკზე არასწორი პარკირება – 711
  • შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა – 242
  • ევაკუირებულია – 1 238

პარკირება ბათუმში [ფოტოები გადაღებულია ნოემბერში

ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“

ერთი მხრივ, მერია აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, მეორე მხრივ კი, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად საკრებულოსთან ერთად ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომლებიც პარკინგების ადგილების მოწყობას, ბინების რაოდენობის პროპორციულად, არ ითვალისწინებს.

ბათუმში პარკირების პრობლემაზე სტატია ნახეთ ამ ბმულზე:

„მაპოვნინე აბა სხვა ადგილი“ – მძღოლი, რომელმაც მანქანა ზებრაზე გააჩერა

აჭარაში უშვილობის მკურნალობის პროგრამით ბაღისა და სკოლის თანამშრომლებიც ისარგებლებენ

2024 წლიდან აჭარაში „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამის ბენეფიციართა ჩამონათვალი ფართოვდება.

2024 წელს პროგრამით სარგებლობა სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ პერსონალსაც შეეძლება.

აჭარაში „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამა 2022 წლის ივლისში ამოქმედდა. თავიდან ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ შშმ სტატუსის ან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ადამიანები, შემდეგ ქულა 300 000-მდე გაიზარდა. მომავალი წლიდან პროგრამით სარგებლობას შეძლებენ სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული  პედაგოგები და სხვა დასაქმებული პირები.

„2024 წლიდან დასაფინანსებელ ბენეფიციარებს დაემატება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალი, ამის პარალელურად გრძელდება დაფინანსება შშმ სტატუსის მქონე პირებისთვის და პირებისთვის, რომელთაც აქვთ 300 000-მდე სარეიტინგო ქულა (წყვილიდან ერთ-ერთი მაინც უნდა აკმაყოფილებდეს ამ კრიტერიუმებს)” – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე.

პროგრამის ბენეფიციარები ბოლო ერთი წლის განმავლობაში უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი აჭარაში და ასევე, უნდა იყვნენ ოფიციალურ ქორწინებაში მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში.

„ეს ორი ცვლილება ძალაში შევიდა აგვისტოდან, იქამდე იყო 2 წელი აჭარაში რეგისტრაციის ვადა და ერთი წელი – ქორწინების, მაგრამ ხშირად არის, რომ ჯვრისწერის შემდგომ, ან ისე, არაოფიციალურ ქორწინებაში არიან ხანგრძლივად მოქალაქეები; თან ეს ის კატეგორიაა წყვილების, რომელთაც მაღალი ასაკობრივი კატეგორია აქვთ და მეტი დრო რომ არ დაეკარგათ, შევამცირეთ ეს ვადა“ – ამბობს მინისტრის მოადგილე.

2024 წლისთვის პროგრამის ბიუჯეტი 700 000 ლარი იქნება.  პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარისთვის გათვლილია ვაუჩერული დაფინანსება – მაქსიმუმ 10 000 ლარის ოდენობით.

მარი ზანაქიძე განმარტავს, რომ დაფინანსება ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით: „შეიძლება რაღაც მიზეზით შეწყდეს მკურნალობა, მაგალითად, დადგეს ორსულობა ინვიტრო განაყოფიერებამდე და არ გახდეს საჭირო სრული თანხის დახარჯვა“.

„თუ ინვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში, პირველი გადატანის შემდეგ არ დადგება ორსულობა, განმეორებით პაციენტს უფინანსდება გადატანის თანხა – 3000 ლარი, რადგან სხვა სამედიცინო პროცედურები უკვე ჩატარებული აქვს და ორგანიზმი მომზადებული აქვს ორსულობისთვის“ – ამბობს მინისტრის მოადგილე.

პროგრამით ფინანსდება საქართველოში არსებულ რეპროდუქტოლოგიურ კლინიკებში მკურნალობა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ამ პროგრამის ფარგლებში დაიბადა 10 ბავშვი, ამჟამად შვილს ელოდება 15 წყვილი.

ამავე თემაზე: 

ბინა გავყიდე, რომ მკურნალობის თანხა მქონოდა – უშვილობა, ანუ ჯანდაცვის სისტემის უხილავი დიაგნოზი

ემიგრანტი ქალები შვილიშვილებისთვისაც აგრძელებენ შრომას ემიგრაციაში – კვლევა

„ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ ვითომ, მაგრამ ყველაზე მთავარს ვაფუჭებთ – შვილებს ვკარგავთ, ახლობლებს ვკარგავთ, მეგობრებს… ყველაფერს ვკარგავთ, აბსოლუტურად. ჩემი შვილი 14 წლის გათხოვდა – აი, ეს გააკეთა ჩემმა აქ წამოსვლამ… ამას ვერანაირი ფული ვერ აანაზღაურებს“- ციტირებს ერთ-ერთი ემიგრანტი ქალის ნათქვამს კვლევა, რომელიც წელს, 10 ნოემბერს გამოქვეყნდა.

კვლევა ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) – საქართველო“, გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

კვლევა – „საქართველოს შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა“ მიზნად ისახავდა ქართველი შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის საკითხების შესწავლას, დაბრუნებისა და რეინტეგრაციის კონტექსტში.

კვლევა აჩვენებს, რომ საკუთარ ოჯახთან, სახლსა და ქვეყანასთან განშორება უზარმაზარი სტრესია მიგრანტი ქალებისთვის, განსაკუთრებით კი, არასრულწლოვანი შვილების დედებისთვის.

„დედის ემიგრაცია, ერთი მხრივ, აუმჯობესებს შვილების მატერიალური კეთილდღეობისა და განათლების მიღების შესაძლებლობებს, მეორე მხრივ კი, ეს იწვევს ფიზიკური და ემოციური ზრუნვის დეფიციტს, რაც უარყოფითად აისახება დატოვებული ბავშვების სოციალიზაციისა და რეალიზაციის პროცესებზე.

ოჯახისა და სახლისგან შორს ყოფნის ტკივილს თან ერთვის შესრულებული სამუშაოს ფიზიკური და ემოციური სირთულეები, რაც ხშირად უარყოფითად აისახება ქალების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე“ – ნათქვამია კვლევაში.

აქვე საუბარია იმაზე, რომ ემიგრანტი ქალების სამუშაო სტრესულია, რადგან გულისხმობს მუდმივად სხვის ოჯახში, „სხვისი ცხოვრებით“ ცხოვრებას და თან სდევს შრომითი უფლებების დარღვევა.

გარდა ამისა, ხანგრძლივი ემიგრაცია თითქმის გარდაუვალად იწვევს ოჯახთან და საზოგადოებასთან გაუცხოების პრობლემას, რაც ქალებს თავს „ზედმეტად“ აგრძნობინებთ საქართველოში და რეემიგრაციის მიზეზიც ხშირად ხდება.

ამავე კვლევის მიხედვით, 2020 წლისთვის საქართველოდან 861 ათასი ადამიანი წავიდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23 პროცენტია და რომლის 51 პროცენტი არის ქალი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, კი, 2021 წლისთვის ემიგრანტების რაოდენობამ 99 974 შეადგინა, რომელთა 38 პროცენტი ქალია.

„ემიგრაციიდან დაბრუნებული რესპონდენტები წარმოადგენენ ქალებს, რომლებიც 1-8 წლის წინ დაბრუნდნენ საქართველოში, უსარგებლიათ ან არ უსარგებლიათ ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო ან არასახელმწიფო პროგრამებით, მათ შორის, დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამებით და დასაქმდნენ ან ვერ დასაქმდნენ ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ.

როგორც შრომით ემიგრაციაში მყოფი, ისე დაბრუნებული ქალები წარმოადგენენ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს (32-იდან 72 წლის ჩათვლით), არიან როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქალაქებიდან და სოფლებიდან, მათი ოჯახური მდგომარეობა განსხვავებულია.

ყველა მათგანი ემიგრაციაში დაკავებულია ან დაკავებული იყო დაბალკვალიფიციური, დაბალანაზღაურებადი საქმით, ძირითადად, შინ შრომით (მოხუცისა თუ ბავშვის მოვლა, დალაგება, და ა.შ.)“ – წერია კვლევაში.

რესპონდენტების ემიგრაციის ქვეყნებს წარმოადგენს: ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი, თურქეთი, იტალია, ისრაელი, პორტუგალია, რუსეთი და საბერძნეთი.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრების საჭიროებები მუდმივად იზრდება და ემიგრანტი ქალები შვილების შემდეგ შვილიშვილების კეთილდღეობისთვის აგრძელებენ შრომას ემიგრაციაში.

„ვამბობდი, რომ პრობლემებს მოვაგვარებ და დავბრუნდები, მაგრამ პრობლემა პრობლემას ემატებოდა ეკონომიკის მხრივ, უკან-უკან წავიდა ქართული ყოფიერება…“ – ამბობს 48 წლის ერთ-ერთი ემიგრანტი კვლევაში.

„ეს სურათი მიუთითებს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რომლის გამოც ოჯახები თაობათა ცვლის პროცესშიც კი რჩებიან ფულად გზავნილებზე დამოკიდებულნი.

მართლაც, საქართველოს ეკონომიკაზე ფულადი გზავნილების გავლენა ყოველწლიურად იზრდება.

ეროვნული ბანკის უახლესი მონაცემებით, ემიგრანტების გზავნილებმა 2022 წელს 2.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს დაახლოებით 9 პროცენტია.

წინა წლებს, განსაკუთრებით პანდემიამდე პერიოდს თუ შევადარებთ, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 916.3 მლნ აშშ დოლარი იყო, მშპ-ს დაახლოებით 5 პროცენტი“ – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად, ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების მიზეზებიც განსხვავებულია, თუმცა უფრო ხშირად პირად და ოჯახთან დაკავშირებულ ვალდებულებებს უკავშირდება, ვიდრე ფინანსური თვითკმარობის მიღწევას.

„ზოგიერთ შემთხვევაში, ქალები ბრუნდებიან ფიზიკური ან ემოციური რესურსის ამოწურვის გამო, ზოგჯერ – მოხუცი მშობლის ან შვილიშვილის მოსავლელად. უფრო იშვიათად კი ბრუნდებიან ემიგრაციის „მიზნის“ მიღწევის შემდეგ, რაც შესაძლოა, მაგალითად, ვალების გასტუმრებას, უძრავი ქონების შეძენას გულისხმობდეს.

თუმცა ეს დაბრუნების შემდეგ ფინანსური კაპიტალის არსებობას და მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას არ ნიშნავს.

დაბრუნებული მიგრანტი ქალების ეკონომიკური სტაბილურობის ხელის შემშლელად, პირველ რიგში, სამუშაო ადგილების ნაკლებობა და დაბალი ანაზღაურება დასახელდა“ – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევაში გამოიკვეთა, რომ დაბრუნებული მიგრანტი ქალებისთვის ღირსეული ანაზღაურებით სამუშაო ადგილის პოვნას ხშირად აფერხებს გამოცდილების ნაკლებობა. საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, ქართველი ემიგრანტი ქალებიც, ძირითადად, შინ შრომაში არიან ჩართულები – უვლიან ბავშვებს ან მოხუცებს, ალაგებენ სახლებს.

„საშინაო შრომა კი, საქართველოში დაუფასებელი და მინიმალურად ანაზღაურებადია, ვერ უზრუნველყოფს ოჯახების ეკონომიკურ უსაფრთხოებას და დაბრუნებული ემიგრანტი ქალები გამოსავალს ისევ ემიგრაციაში პოულობენ.

„თუ ჩემი ქვეყანა მთავაზობს და სხვა საშუალება ვერ ვნახე, რომ ვიყო ისევ დამლაგებელი… მაშინ მირჩევნია ვიყო დოლარად ანაზღაურებადი დამლაგებელი“- ამბობს 57 წლის ემიგრანტი ქალი კვლევაში.

ხშირად, ბანკის ვალი და მისი გადაუხდელობის გამო საცხოვრებლის დაკარგვის რისკი ის ბოლო წვეთია, რომელიც ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილებას განაპირობებს.

საქართველოში ჩატარებული სხვა კვლევებიც ადასტურებს, რომ ვალის გადაუხდელობის გამო საცხოვრებლის დაკარგვა ხშირად უკავშირდება იძულებით ემიგრაციას სარჩოსა და თავშესაფრის საძიებლად.

2019-2022 წლების განმავლობაში სხვა პროგრამებით ჯამში დაახლოებით 350 მიგრანტი დაბრუნდა საქართველოში, საიდანაც 55 პროცენტი იყო ქალი.

„მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში, 2021-2022 წლის მონაცემებით, საქართველოს 26 610 მოქალაქეს წარედგინა გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვების შესახებ, საიდანაც, იძულებით თუ ნებაყოფლობით, ჯამში 11 145 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, რომელთა 23% ქალი იყო.

დაბრუნებისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ბოლო სამი წლის განმავლობაში სერვისი მიიღო 1706-მა დაბრუნებულმა მიგრანტმა, საიდანაც 48% იყო ქალი“- ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ შრომითი მიგრანტი ქალები კიდევ ერთ გამოწვევას აწყდებიან – ინფორმაციის ნაკლებობას მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამების, დასაქმების, განათლებისა თუ დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.

კვლევაში ნათქვამია, რომ იმისათვის, რომ ქალები ემიგრაციიდან დაბრუნდნენ, საჭიროა ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური სისტემის რეფორმირება, მათ შორის, ზრუნვის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისებზე, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს – ინტერვიუ პარაზიტოლოგთან

ნაწლავური ჭიები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ინფექციებს შორისაა, გლობალურად ჰელმინთოზით 12-მდე მილიონი ადამიანი ავადდება ყოველწლიურად, მათი უმრავლესობა ბავშვია.

„საზღვაო ჰოსპიტლის“ ექიმი ეპიდემიოლოგ-პარაზიტოლოგი ია დავითაძე ამბობს, რომ ჭიებით ბავშვების ავადობის მიზეზი არასრულად ჩამოყალიბებული კუჭ-ნაწლავის სისტემაა, რის გამოც, ზრდასრულებისგან განსხვავებით, ბავშვის კუჭში, პარაზიტული ჭიის კვერცხის გაუვნებელყოფა ვერ ხერხდება. სხვადასხვა გართულების პარალელურად, ნაწლავური ჭიები ბავშვებში გონებრივი და ფიზიკური შეფერხების სერიოზულ მიზეზად მიიჩნევა.

  • ქალბატონო ია, რა არის ჰელმინთოზი?

ჰელმინთოზი ჰქვია ნაწლავური ჭიებით დაავადებას, ეს იმ დაავადებათა ჯგუფია, რომლის გამომწვევია პარაზიტული ჭიები – ჰელმინთები. პარაზიტიზმი ორგანიზმის თანაცხოვრების ისეთ ფორმაა, როცა ერთ ორგანიზმი, ანუ პარაზიტი გამოიყენებს მეორე ორგანიზმს, ანუ მასპინძელს და იკვებება მასპინძლის საკვები ნივთიერებებით, ართმევს ცილებს, ცხიმებს, სიცოცხლისთვის აუცილებელ ნივთიერებებს.

  • რომელია ნაწლავური ჭიების ყველაზე გავრცელებული სახეობები?

საქართველოში გავრცელებულია 25 სახეობის პარაზიტული ჭია, აქედან 20 ადგილობრივია და ხუთი შემოტანილია. ძირითადად, ჩვენთან ადამიანებში გვხვდება შვიდი სახეობის ჭია და მათგან ყველაზე გავრცელებულია სამი სახეობა – ასკარიდა, ენტერობიუსი და ტრიქოცეფალოზი. თუმცა ამ ბოლო დროს გამოჩნდა სხვა ჭიებიც, მაგალითად, არ იყო ადრე ტოქსოკარა, რომელიც შინაური ცხოველების მომრავლებას უკავშირდება, ძალიან ბევრ ოჯახს ჰყავს კატები, ძაღლები. ტოქსოკარა, ძირითადად, ამ ცხოველებიდან გადაედებათ ხოლმე ბავშვებს.

ეს ჭიები სხვადასხვა ზომისაა. მაგალითად, ასკარიდას მდედრი შეიძლება 25-დან 40 სანტიმეტრამდე ზომისა იყოს, მამრი უფრო მცირე ზომისაა. ენტერობიუსი შედარებით უფრო მცირე ზომისა ჭიაა – იგი 1 სანტიმეტრამდე იზრდება.

  • რატომ არის ჭიები უფრო გავრცელებული ბავშვებში?

იმიტომ, რომ როცა ორგანიზმში ხდება პარაზიტული ჭიის კვერცხი, იგი კუჭში მჟავე გარემოში ხვდება და ხდება მისი გაუვნებელყოფა, მაგრამ ბავშვის ორგანიზმში არ არის კუჭ-ნაწლავის სისტემა ისე ჩამოყალიბებული, რომ ეს სრულად მოხდეს, ამიტომაც პარაზიტები ნაწლავებში მრავლდებიან და იწვევენ სხვადასხვა სახის პათოლოგიას.

  • რა შეიძლება იყოს ჭიით დასნებოვნების წყარო?

წყარო არის გარემოში მოხვედრილი პარაზიტის კვერცხი. ადამიანი ინვაზირდება/დასნებოვნდება საყოფაცხოვრებო კონტაქტური გზით, მაგალითად დაუბანელი ხელის საშუალებით, საკვებით, კერძოდ: გაურეცხავი ბოსტნეულით, მწვანილით, ასევე ხორცითა და ხორცპროდუქტებით, რომლებიც არ არის სათანადოდ დამუშავებული.

ჭიის ლავრა ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ თუ მოხვდა საჭმლის მომნელებელ სისტემაში, კუჭის წვენის ზემოქმედების შედეგად იშლება, ხოლო ნაწლავში თუ მოხვდა, ხდება მათ გააქტიურება. 

  • რა სიმპტომები ახასიათებს ნაწლავურ ჭიებს [ჰელმინთოზს]? 

ადამიანის ინფიცირებისას პარაზიტები იწვევენ ინტოქსიკაციას, ანუ მათი ცხოველმოქმედების შედეგად ხდება მოწამვლა.

როგორ გამოიხატება ეს:

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ალერგიული რეაქცია, გამონაყარი კანზე, აღენიშნებოდეს ადვილად დაღლა, დაფიქსირდეს მადის ზრდა ან დაქვეითება, ახასიათებს თავის მუდმივი ტკივილი, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ყაბზობა, გულისრევა, ქვეითდება იმუნიტეტი, შესაძლოა განვითარდეს დისბაქტერიოზი.

ბავშვებთან, შესაძლოა, გამოიწვიოს შეფერხება გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში.

გარდა ამისა, არის სხვა ნიშნებიც. მაგალითად, ენტერობიოზის შემთხვევაში პაციენტს აღენიშნება ძლიერი ქავილი [ანუსის მიდამოში]; ის წვრილ ნაწლავებში ბინადრობს, მაგრამ ღამით ახასიათებს გამოსვლა და კვერცხების დადება სწორი ნაწლავის ირგვლივ, რაც იწვევს ძალიან შემაწუხებელ ქავილს. გოგონებში, შეიძლება სასქესო ორგანოებშიც გადავიდეს და იქ გამოიწვიოს ქავილი. ქავილი განსაკუთრებით დამახასიათებელია ღამის საათებში.

არის კიდევ ასეთი დაავადება – ფასციოლოზი, ღვიძლის პარაზიტი იწვევს. იგი ღვიძლში იბუდებს და გულისრევა-ღებინების გარდა, იწვევს სიყვითლეს.

არის შემთხვევები, როცა ჭია, მაგალითად ასკარიდა, რომელიც ნაწლავებში ბინადრობს, კვდება და გარეთ გამოდის, რასაც მშობლები ვიზუალურად აფიქსირებენ ხოლმე.

ასევეა სოლიტერის შემთხვევაში, მას წყდება ბოლო ნაწილები – პროგლოტიდები, რაც გამოდის გარეთ და დისკომფორტთან ერთად, თვალითაც შესამჩნევია.

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს?

თუ ასკარიდა დიდი რაოდენობითაა ორგანიზმში, შეიძლება ისე გამრავლდეს, რომ ნაწლავის სანათურში გაეჭედოს და ბავშვს დაემართოს გაუვალობა, საბოლოოდ ოპერაციაც კი შეიძლება გახდეს საჭირო. 

ჭიებზე გამოკვლევის გარეშე ძალიან რთულია მისი დიაგნოსტირება. ხშირად მიჰყავთ ბავშვი კლინიკაში, იქ შეიძლება დაუსვან ნაწლავის გაუვალობის დიაგნოზი ან ბრმა ნაწლავის შეტევას დააბრალონ ძლიერი მუცლის ტკივილი, თუმცა მერე აღმოჩნდება, რომ ეს არის ნაწლავური ჭია. ყოფილა შემთხვევები, როცა ოპერაციულად ამოუღიათ ძალიან დიდი რაოდენობით, გორგლად დახვეული ჭიები.

ენტერობიუსისთვის დამახასიათებელი ღამის შემაწუხებელი ქავილის გამო ბავშვს ეწყება უძილობა, ასეთი ბავშვი განერვიულებული, აღგზნებულია; თუ ძალიან პატარაა ბავშვი, ვერ ამბობს რა სჭირს და ხშირად ტირის. 

ზოგიერთი ჭიის სახეობით დასნებოვნება სისხლის ფორმულაზე მოქმედებს, რადგან იმ სახეობის ჭია იკვებება ჰემოგლობინით და შესაძლოა გამოიწვიოს ანემია.

ღორის და ხარის სოლიტერი (იზრდება რამდენიმე მეტრს), რომელიც ნაწლავზეა მიმაგრებული, იკვებება ადამიანისთვის საჭირო ნივთიერებებით, რის გამოც დგება სხეულის სერიოზული გამოფიტვის რისკი.

არის ზოგი ჭია, რომელიც იბუდებს კუნთებში, შეიძლება ჩაიბუდოს თვალის თვალბუდეში და სიბრმავე გამოიწვიოს, მაგრამ დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში ძალიან ადვილად იკურნება.

  • როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

ძირითადად დიაგნოსტირება სამი მეთოდით ხდება. ყველაზე გავრცელებული და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე უტყუარი მეთოდია მიკროსკოპული გამოკვლევა, რა დროსაც კეთდება ნატიური ნაცხი და მიკროსკოპში ისინჯება. ენტერობიოზზე პოლიეთილენის წებოვანი ლენტით ხდება მასალის აღება და შემდეგ მიკროსკოპში გასინჯვა. 

მიკროსკოპული ანალიზისთვის საჭიროა მასალის მიტანა ლაბორატორიაში.

გარდა ამისა, უკვე რამდენიმე წელია ჩვენთან ხელმისაწვდომია ტესტირების – ანტიგენ-ანტისხეულის სეროლოგიური მეთოდი, საკმაოდ მარტივი მეთოდია. ასე ხდება, როგორც ნატიური ნაცხის გამოკვლევა, ისე სეროლოგიური მეთოდით გამოკვლევა. სეროლოგიური კვლევით ძირითადად ლამბლიების აღმოჩენა ხდება, რომელიც მეტად გავრცელებულია ბავშვებში. 

არის კიდევ იმუნოფერმენტული მეთოდი, რომლითაც ხდება სისხლში ასკარიდას და ტოქსოკარას ანტისხეულების აღმოჩენა. 

ამ სამივე მეთოდით ჩვენში ძირითადად გავრცელებული ჭიების აღმოჩენა ხდება უტყუარად. 

  • ჭია „გადამდებია“?

გადადებას რაც შეეხება, ჩვენთან გავრცელებული ჭიებიდან გადამდებია მხოლოდ ენტერობიოზი, რომელიც ქავილს იწვევს, ღამით გამოდიან, დებენ კვერცხებს, რომლებიც შეიძლება საწოლში მიმოიფანტოს და მიკვრას ხელზე ბავშვს ან მოზარდს. თუ ხელებს არ დავიბანთ, ამ ხელებით შესაძლოა ნებისმიერი საგნის დაინვაზირება. თუ ჯანმრთელი ადამიანი მოკიდებს ამ ნივთს ხელს და შემდეგ პირისკენ წაიღებს, ჯანმრთელი ადამიანიც დაავადდება.

სხვა ჭიებს რაც შეეხება, მათ ასეთი გადაცემის გზა არ ახასიათებთ. უფრო გარემოდან მოხვედრისას ხდება ადამიანის დასნებოვნება და კონტაქტურად – ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა.

  • როგორ ხდება მკურნალობა?

მკურნალობა სხვადასხვა სახეობის ჰელმინთებზე სხვადასხვანაირია. მკურნალობა ძირითადად მედიკამენტურია (ინიშნება ანტიპარაზიტული და საჭიროების შემთხვევაში ნაღველმდენი საშუალებები) და მკურნალობის კურსი ძირითადად რამდენიმე დღეს გრძელდება.

პარაზიტის საწინააღმდეგო მედიკამენტის მიღება დილით უზმოზე ხდება. მედიკამენტის პარალელურად მკაცრი დიეტა არ არის საჭირო, მაგრამ მკურნალობის პერიოდში ძალიან ცხიმიანი საკვები არ უნდა მიიღოს პაციენტმა. ზოგიერთი ჭიის საწინააღმდეგო საშუალების დანიშვნის შემთხვევაში, პაციენტმა წინა დღეს უნდა დაიცვას დიეტა, უნდა მიირთვას არა მძიმე, არა ცხიმიანი, მსუბუქი საკვები. 

  • ხალხური მეთოდებით მკურნალობა რამდენად ეფექტური ან რამდენად საზიანოა?

მკურნალობის ხალხურ მეთოდებს ხშირად მიმართავდნენ ადრე, მათ შორის იყო საზიანო პრაქტიკაც, როცა ნივრიან ოყნებს უკეთებდნენ ბავშვს, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ნიორი წვავს ნაწლავს. გარდა ამისა იყენებდნენ სხვადასხვა მცენარის, მაგალითად ასფურცელას ნაყენს; ქავილის შემთხვევაში ანესთეზიის შემცველ მალამოს უსვამდნენ ქავილის არეში, გამონაკლის შემთხვევებში ახლაც იყენებენ სოდიან ოყნას (არ უნდა აღემატებოდეს კოვზის ერთ მესამედს), მაგრამ დიდი შედეგი არ აქვს ამ თვითმკურნალობას.

ნივრის კაფსულებსაც სვამენ ხოლმე, მაგრამ ეს უფრო იმუნიტეტს აძლიერებს, ჭიას არ კლავს.

დღეს ბევრი ძალიან ეფექტური მედიკამენტია ხელმისაწვდომი, რომელთაც იმდენად მცირე გვერდითი ეფექტები აქვთ, რომ ჯობს მედიკამენტი მიიღოს ადამიანმა. 

ორ წლამდე ბავშვებს და ორსულებს ჭიის წამალს არ ვაძლევთ, თუ ამის აუცილებლობა არ არის

  • შეიძლება ჭიისგან მკურნალობის გარეშე განკურნება?

არის შესაძლებელი, გამონაკლის შემთხვევაში. ასკარიდა, მაგალითად, ნაწლავებში ცხოვრობს ორ თვემდე და შეიძლება ორგანიზმიდან თავისით გამოვიდეს, მაგრამ ის ხომ ტოვებს თავის ტოქსინებს ორგანიზმში, თავის ცხოველქმედების პროდუქტებს და სწორედ ამიტომ არ არის სასურველი ამდენი ხანი ორგანიზმში რომ იყოს.

  • როგორია პროფილაქტიკა?

პროფილაქტიკა შემდეგია:

  • ჭამის წინ ხელის დაბანა აუცილებელია;
  • ხილი და ბოსტნეული აუცილებლად უნდა გაირეცხოს კარად;
  • ხორცი და თევზი აუცილებლად კარგად უნდა დამუშავდეს თერმულად;
  • არ შეიძლება საეჭვო წყლის დალევა, წყალსატევიდან მაგალითად;
  • საბავშვო ბაღებში, ან სახლში ბავშვის სათამაშოები ხშირად უნდა გაირეცხოს საპნით.

ბავშვი ქუჩაში თუ თამაშობს ბურთით ან სათამაშოთი, სახლში რომ შემოიტანს აუცილებლად უნდა გაირეცხოს; ასევე, ბავშვი უნდა მოერიდოს ქუჩაში ძაღლისა და კატის მოფერებას, რადგან ხშირად მიუსაფარი ცხოველი ბევრი პარაზიტული ჭიის მატარებელია; სახლში თუ ჰყავთ შინაური ცხოველები, უნდა იყვნენ ჭიაზე დამუშავებული.

რუსეთში ტურისტებისთვის აკრძალვების დაწესებას განიხილავენ

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ინიციატივით გამოდის, რუსეთში ჩასული უცხოელებისთვის „ლოიალურობის შეთანხმება“ შემოიღონ – წერს „მედუზა“.

თავის მხრივ, უცხოელი ამ შეთანხმებით ვალდებულებას იღებს, არ დაარღვიოს „რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის შემოღებული“ აკრძალვები. რუსეთის შსს-ის შეთავაზება გულისხმობს, რომ უცხოელებს რუსეთში ყოფნისას, მათ შორის, აეკრძალებათ:

  • რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიკის, ასევე ხელისუფლების ორგანოებსა და მათი თანამდებობის პირების ნებისმიერი ფორმით დისკრედიტაცია;
  • ინფორმაციის თავისუფლების უფლების ბოროტად გამოყენება, და ისეთი ცნობების გავრცელება, რომელიც ამცირებს, ან [სხვას] მოუწოდებს, უარყოს კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ზნეობრივი ღირებულებები, მათ შორის — ქორწინება, როგორც ქალისა და კაცის ერთობა;
  • „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა“;
  • „ისტორიული სიმართლის დამახინჯება სამშობლოს დაცვაში საბჭოთა ხალხის გმირობაზე და მის წვლილზე ფაშიზმის დამარცხებაში“.

თუკი კანონპროექტი მიიღეს, რუსეთში შესვლისას უცხოელს მოუწევს დაეთანხმოს, რომ არ გამოავლენს უპატივცემულობას ტრადიციული რუსული სულიერ-ზნეობრივი ღირებულებების მიმართ.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის, ან საერთოდ თუ შევა კანონპროექტი რუსეთის სახელმწიფო დუმაში. პირველად ანალოგიური კანონის მიღების იდეა 2021 წელს გაჩნდა.

კადიროვის 16 წლის შვილი სამხედრო ბატალიონის კურატორად დანიშნეს

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 16 წლის შვილი ადამი დაინიშნა შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონის კურატორად – აცხადებს რუსეთის სახელმწიფოს დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი, კადიროვის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე.

„ეს დანიშვნა კანონზომიერი შედეგია ადამის მოღვაწეობის ჩვენი ხალხის კულტურული, რელიგიური და ოჯახური ღირებულებების დაცვის საქმეში“, – აღნიშნა დელიმხანოვმა.

ბატალიონი, რომლის კურატორობაც 16 წლის ადამ კადიროვს ანდეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში შედის. „მედუზა“ აღნიშნავს, რომ მისი მეთაურია რუსლან გერემეევი – 2015 წელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმის ფიგურანტი.

ადამ კადიროვი 16 წლის 24 ნოემბერს გახდა. ბოლო თვეებში იგი საკმაოდ ხშირად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში. მამამისმა, რამზან კადიროვმა, თავად, „სიამაყით“, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ადამი ყურანის დაწვისთვის დაკავებულ პატიმარს სცემს. მოგვიანებით უმცროსი კადიროვი ჯერ ჩეჩნეთის გმირი გახდა, შემდეგ კი რუსეთის სხვა სუბიექტების ჯილდოები მიიღო.

რკინა მოვიპარე, ჯართში ჩავაბარე და ფეხსაცმელი ვიყიდე სკოლაში რომ მევლო – 16 წლის მოზარდი

„თითქმის ერთი თვე ვერ დავდიოდი სკოლაში უფეხსაცმლოების გამო. არც არავინ იყო ისეთი, ვინც დამეხმარებოდა. მეგობარს ვთხოვე ფეხსაცმელი, მაგრამ მეც ერთი მაქვსო, მითხრა. არც სხვებს ჰქონდათ რაიმე.

ვერც ოჯახი დამეხმარა. იმ პერიოდში დედა ავად იყო, ბაბუაც ახალგარდაცვლილი იყო და ფინანსური პრობლემები გვქონდა ოჯახში. მაგრად გაგვიჭირდა. მამამ მითხრა, როცა მექნება ფული, მერე გიყიდი ფეხსაცმელსო.

რა უნდა მექნა? თუ არ წავიდოდი, სკოლაში ძალიან დიდი პრობლემები შემექმნებოდა. შემაჯამებელი მქონდა, ჩათვლები, გამოცდები, თანაც ძალიან ბევრი „არა“ დამიგროვდა.

გაცდენების გამო მეათეში ჩამტოვეს და ექსტერნის ჩაბარება მომიწია. აღარ მინდოდა იგივე განმეორებულიყო“, – ამბობს 16 წლის გიორგი (სახელი შეცვლილია) „ბათუმელებთან“.

ბევრი ფიქრის შემდეგ, გიორგიმ არასასურველი ნაბიჯი გადადგა და ერთ-ერთი ობიექტიდან რკინა მოიპარა. მოპარული მასალა ჯართში ჩააბარა, 120 ლარი აიღო და ამ ფულით ფეხსაცმელი იყიდა.

„სადაც გავიხედე, ყველგან „არ მაქვს“ მესმოდა. სკოლაში ვერ მივდიოდი და უბანში ვბოდიალობდი, რა უნდა გამეკეთებინა? ყველა სკოლაში დადიოდა, მეც ხომ უნდა წავსულიყავი ბოლოს და ბოლოს“, – გვეუბნება გიორგი.

კანონთან კონფლიქტი მისთვის სასიამოვნო არ აღმოჩნდა. პოლიციასთან ურთიერთობას ახლაც უსიამოვნოდ იხსენებს.

„ძალიან უხეშად მელაპარაკა პოლიციელი. პირველად შემეშინდა, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია. მკითხა, სად წაიღე ფული, წილში ვინ გყავდაო. სიმართლე ვუთხარი, არ მყავდა თანამზრახველი და ისიც ვუთხარი, რისთვის მინდოდა.

მერე მშობლებს ვერ სთხოვე ფული, ფეხსაცმელი თუ არ გქონდაო? – მითხრა.

ვუთხარი, რომ მშობლებსაც არ ჰქონდათ. მერე მეპატრონეს მიუბრუნდა და უთხრა, – „ამისთვის დაგვირეკეო?“

რა ექნა იმასაც, ისიც ზარალში ჩავარდა“, – ამბობს გიორგი.

ვკითხეთ, რა უთხრეს სკოლაში, როცა გაიგეს, რომ უფეხსაცმლოების გამო აცდენდა. გიორგი ამბობს, რომ გულგრილობა იგრძნო და გული ეტკინა.

„დამრიგებელმა მითხრა დირექტორთან გაარკვიეო. ისიც თქვა, შვილისთვის როგორ არ უნდა გაიმეტო 50-60 ლარიო. მეწყინა ასე რომ მითხრა. ისე გამოდიოდა, თითქოს ჰქონდათ და არ ემეტებოდათ“, – გვეუბნება გიორგი.

მშობლებს რა რეაქცია ჰქონდათ, როცა გაიგეს? – ვკითხეთ გიორგის.

ამბობს, რომ მშობლები გაოგნებული იყვნენ. „ეეჰ… დედაჩემი სამი დღე აზრზე არ იყო. მამაჩემიც ხმას ვერ იღებდა. მაგრამ, რა უნდა ეთქვათ, ბავშვი ვიყავი“, – გვეუბნება ის.

ნანობ? – ისევ ვკითხეთ გიორგის.

„მაშინ იმიტომ გადავდგი ასეთი ნაბიჯი, რომ ასე მეგონა სწორი. მაშინ არ მიფიქრია, რა იყო სწორი და რა არასწორი. არ ვნანობ, რადგან მაშინ რომ არ მომეპარა სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებოდი სკოლაში. თუმცა მაგის მერე, მოსაპარად ხელი არ წამიღია და ეს ვისწავლე ცხოვრებაში. მანამდეც ვიცოდი, მაგრამ… ძალიან გამიჭირდა. პატიოსნებას არაფერი სჯობია“, – საბოლოოდ ასკვნის გიორგი.

„ფეხსაცმელი არ მქონდა და ამიტომ მოვიპარე“- 16 წლის მოზარდის ისტორია

ამ ინციდენტამდე გიორგის პოლიციასთან ჩხუბის გამოც მოუხდა შეხება.

შეყვარებული იყო, თუმცა რაღაც საკითხზე უთანხმოება მოუვიდა გოგოსთან.

„ერთი ბიჭი შემომივარდა ჩატში და თითქოს ამ გოგონას დაცვას ცდილობდა. არ მომეწონა მისი მიმოწერები და ვუთხარი გარეთ შემხვედროდა.

„მოგვივიდა ჩხუბი. მეც მახლდნენ მეგობრები და იმასაც. სასიკვდილოდ არ გაგვიმეტებია ერთმანეთი, მაგრამ მაგრად ვიცემეთ. შემდეგ უფროსებმა გაგვაშველეს და ხელიც ჩამოვართვით, მეორე დღეს კი კიდევ შევხვდით ერთმანეთს, ახლა უფრო ბევრი ვიყავით და იმაზე მაგრად ვიჩხუბეთ.

პოლიციამ საიდან გაიგო არ ვიცი, ან დარეკა ვინმემ, ან დაგვინახეს. ყველანი წაგვიყვანეს. ვიღაცები გაიქცნენ, მაგრამ მაინც დაგვიჭირეს. არ გავტყდით, პოლიციაში ერთმანეთს ვაფარებდით ხელს, არასრულწლოვნებიც ვიყავით, ამიტომ მალე გამოგვიშვეს“, – გვეუბნება გიორგი.

როცა კლასში ჩატოვეს, ის ბიჭი, ვისთანაც კონფლიქტი ჰქონდა, მისი კლასელი გახდა. ამბობს, რომ ვერც კლასში ეგუებოდნენ ერთმანეთს, თუმცა საქმე პოლიციამდე აღარ მისულა.

„ექსტერნი როცა ჩავაბარე, ისევ ჩემს კლასში დავბრუნდი“, – გვეუბნება გიორგი.

როგორც გვეუბნება, ახლა სკოლას აღარ აცდენს. ოჯახს სოციალური შემწეობა დაენიშნა და მამაც ახერხებს მუშაობას.

ამბობს, რომ ორი მიზანი აქვს, ან ბიზნესს მოკიდებს ხელს და თავისი საქმე ექნება, ან კომპიუტერულ მეცნიერებებს შეისწავლის.

„მინდა ჩემი ფული მქონდეს, რომ არასდროს მომიწიოს სხვებისთვის თხოვნა. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს ყველაფერს“, – გვეუბნება გიორგი.

Exit mobile version