მთავარი,სიახლეები

„ხელ-ფეხი შემიკრეს და სკამზე დამსვეს“- ყაჩაღობის საქმის განხილვა სასამართლოში

30.11.2023 •
„ხელ-ფეხი შემიკრეს და სკამზე დამსვეს“- ყაჩაღობის საქმის განხილვა სასამართლოში

დღეს, 30 ნოემბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ყაჩაღობის საქმე განიხილა.

ეს შემთხვევა ქობულეთში 2023 წლის 17 მაისს მოხდა – ღამით ოჯახში სამი შეიარაღებული, ნიღბიანი კაცი შევიდა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა მოითხოვა.

ჯგუფური ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებას და პოლიციელებზე თავდასხმას პროკურატურა 3 ბრალდებულს ედავება.

„საღამოს 11 საათი იქნებოდა, სამი შეიარაღებული კაცი შემოვიდა უცებ სახლში ნიღბებით. ორს გადაჭრილი იარაღი ჰქონდა, ერთს კი – მაყუჩიანი პისტოლეტი,“ – დაიწყო დაზარალებულად ცნობილმა სერგეი კ.-მ ყაჩაღობის ამბის გახსენება. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და უკვე 6 წელია საქართველოში ცხოვრობს.

„სახლში იყო ჩემი ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილიც…

იატაკზე დაწექითო, უხეშად გვითხრეს. მე იარაღის შენახვა ვთხოვე, რადგან იქ ბავშვები  იყვნენ.

დაიწყეს ყვირილი, დაწექით სწრაფად იატაკზეო, გვემუქრებოდნენ ამ იარაღით.  მე იატაკზე დავწექი სახით, რის შემდეგ ერთ-ერთმა ჩამარტყა იარაღის კონდახი თავში, ქალა გამიბზარეს, შუბლი და ცხვირიც დამიზიანეს, მერე წებოვანი ლენტით შემიკრეს ხელ-ფეხი, დამსვეს სკამზე და ფული მომთხოვეს: 300 ათას დოლარს ითხოვდნენ.

ვუთხარი, რომ ამდენი ფული არასდროს მქონია, სახლში რასაც ხედავთ, წაიღეთ-მეთქი. მოიტანეს რაღაც მილის ნაჭერი და თქვეს, ახლა ამით გავაუპატიურებთ შენს მეუღლესო.

გავუმეორე, რომ ფული არ მქონდა.

მაღალი რომელიც იყო, მოვიდა და რაღაც ამონაწერი მაჩვენა ტელეფონით: სადაა ის ფული, რომელიც „მერსედესის“ გაყიდვით მიიღეო? ვუთხარი, რომ სხვა მანქანა ვიყიდე და ფული აღარ დამრჩა. შევთავაზე, რაც მაქვს ბანკში, ერთად ვნახოთ ამონაწერი და მოგცემთ ჩემს ბარათებსაც-მეთქი.

ანგარიშებში ჩანდა, რომ დაახლოებით 2 ათასი დოლარი მქონდა. მაღალმა კაცმა თქვა, ამით ბიტკოინები ვიყიდოთ ჯობიაო, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს… დაახლოებით 2-3 საათი გრძელდებოდა ეს. ჩემი ტელეფონის ეკრანზე ფოტოების გადაღება დაიწყო იმ მაღალმა კაცმა და ვიღაცას უგზავნიდა, რომ გაეგოთ, როგორ ეყიდათ ბიტკოინები.

მერე მე დავპირდი, რომ ბიტკოინის სახით გადავუგზავნიდი ამ ფულს.

სამკაულები წაართვეს ჩემს ცოლს, ოქროს იყო, ბავშვის პატარა ყელსაბამიც წაიღეს… თქვეს, რომ 3 დღეში უნდა მიგვეცა 300 ათასი დოლარი და ეს ჩვენი ვალი იყო. ვუთხარი, 10 წელი დამჭირდება ამხელა თანხისთვის-მეთქი და ამდენი დრო არ გვაქვსო…

წასვლის დროს მითხრეს, რომ მომკლავდნენ, ჩემს მეუღლეს კი, დაამახინჯებდნენ, თუ პოლიციას რამეს ვეტყოდი.

დილიდან ავიბარგეთ და თბილისში წავედით, რომ უსაფრთხო ადგილი მოგვეძებნა.

მეორე დღეს უცხო ნომრიდან დამირეკა მამაკაცმა და მითხრა, მოლაპარაკება არ შეასრულეთ, რატომ არ გადმორიცხეთ ის ფულიო. ვუთხარი, ჩვენ წავედით და აღარ მაქვს ფული-მეთქი.

შემდეგ წავედი პოლიციაში და დავწერე განცხადება,“- დაასრულა დაზარალებულმა.

ბრალდებულები პოლიციელებმა ხელვაჩაურში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, როცა მათ სროლა დაიწყეს. ამ შემთხვევის დროს 2 პოლიციელი დაიჭრა.

გამოძიებამ ამოიღო იარაღიც, რომელიც, პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა ყაჩაღობის დროს გამოიყენეს.

ამოღებულია ოქროს ძეწკვიც. დაზარალებულის სახლიდან წაღებული ნივთები 2 ათას დოლარად შეფასდა.

„რამე დავალიანება გაქვთ მათი, ან ვინმეს მიმართ ამ ოდენობის თანხის?“- ჩაეკითხა დაზარალებულს პროკურორი დავით კირჩხელი.

„არა, დავალიანება არ მაქვს… მათ თქვეს, თითქოს მე დავალიანება მაქვს. ფული მოგვეცი და მერე გაიგებო,“- თქვა დაზარალებულმა.

„გქონდათ მანამდე რამე კომუნიკაცია ვინმესთან ვალის დაბრუნებაზე?“- დაზარალებულს ამჯერად ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა მიმართა.

დაზარალებულმა უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია, თუმცა შემდეგ თქვა, რომ კონკრეტულ პირთან, არტიომ ლ.-სთან სესხის შესახებ საუბარი ჰქონდა.

„17 მაისს ამ პირების შემოსვლა დაკავშირებულია ამ ადამიანთან?“- დაკონკრეტება ითხოვა მოსამართლემ.

„არაფერი ვალი არა მაქვს, არ ვიცი… არტიომს შემდეგ დავუკავშირდი, ასე რატომ იფიქრე, სულელი ხარო… მას სურდა შურისძიება, მაგრამ მათ ამის უფლება არ ჰქონდათ,“- გაბრაზება დაეტყო დაზარალებულს.

„რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ ამის უფლება, მაგრამ ამ პირების შემოსვლა უკავშირდება იმ ვალს, რომელსაც თქვენ არ აღიარებთ?“- იკითხა ისევ ადვოკატმა.

„ალბათ, დაკავშირებულია,“- უპასუხა ადვოკატს დაზარალებულმა და პაუზის შემდეგ დასძინა, რომ თავდამსხმელები შემთხვევის მეორე დღეს დაუკავშირდნენ მის ყოფილ ბიზნესპარტნიორს, არტიომს, ვინც დაზარალებულის თქმით, მეგობრებთან ამბობდა, რომ ვალი ჰქონდა სერგეისგან ასაღები.

უნდა შეიცვალოს კვალიფიკაცია, თუ დადგინდება, რომ სხვა პირის სესხის დაბრუნება ამ ფორმით სცადეს ბრალდებულებმა?- ვკითხეთ ადვოკატ დავით ჩავლეიშვილს სხდომის დასრულების შემდეგ.

„კი, ეს გამოდის ძალადობა და თვითნებობაა, ყაჩაღობა – არა,“- გვითხრა ადვოკატმა, ვიდრე სხდომის დარბაზს დატოვებდა.

„ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს, სადაც  ჩანს, როგორ იყო გაბზარული დაზარალებულის თავი,“- ადვოკატს სიტყვა  დააწია გზაში პროკურორმა.

საქმის მოსმენა დეკემბრის ბოლოს განახლდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: