რკინა მოვიპარე, ჯართში ჩავაბარე და ფეხსაცმელი ვიყიდე სკოლაში რომ მევლო – 16 წლის მოზარდი

„თითქმის ერთი თვე ვერ დავდიოდი სკოლაში უფეხსაცმლოების გამო. არც არავინ იყო ისეთი, ვინც დამეხმარებოდა. მეგობარს ვთხოვე ფეხსაცმელი, მაგრამ მეც ერთი მაქვსო, მითხრა. არც სხვებს ჰქონდათ რაიმე.

ვერც ოჯახი დამეხმარა. იმ პერიოდში დედა ავად იყო, ბაბუაც ახალგარდაცვლილი იყო და ფინანსური პრობლემები გვქონდა ოჯახში. მაგრად გაგვიჭირდა. მამამ მითხრა, როცა მექნება ფული, მერე გიყიდი ფეხსაცმელსო.

რა უნდა მექნა? თუ არ წავიდოდი, სკოლაში ძალიან დიდი პრობლემები შემექმნებოდა. შემაჯამებელი მქონდა, ჩათვლები, გამოცდები, თანაც ძალიან ბევრი „არა“ დამიგროვდა.

გაცდენების გამო მეათეში ჩამტოვეს და ექსტერნის ჩაბარება მომიწია. აღარ მინდოდა იგივე განმეორებულიყო“, – ამბობს 16 წლის გიორგი (სახელი შეცვლილია) „ბათუმელებთან“.

ბევრი ფიქრის შემდეგ, გიორგიმ არასასურველი ნაბიჯი გადადგა და ერთ-ერთი ობიექტიდან რკინა მოიპარა. მოპარული მასალა ჯართში ჩააბარა, 120 ლარი აიღო და ამ ფულით ფეხსაცმელი იყიდა.

„სადაც გავიხედე, ყველგან „არ მაქვს“ მესმოდა. სკოლაში ვერ მივდიოდი და უბანში ვბოდიალობდი, რა უნდა გამეკეთებინა? ყველა სკოლაში დადიოდა, მეც ხომ უნდა წავსულიყავი ბოლოს და ბოლოს“, – გვეუბნება გიორგი.

კანონთან კონფლიქტი მისთვის სასიამოვნო არ აღმოჩნდა. პოლიციასთან ურთიერთობას ახლაც უსიამოვნოდ იხსენებს.

„ძალიან უხეშად მელაპარაკა პოლიციელი. პირველად შემეშინდა, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია. მკითხა, სად წაიღე ფული, წილში ვინ გყავდაო. სიმართლე ვუთხარი, არ მყავდა თანამზრახველი და ისიც ვუთხარი, რისთვის მინდოდა.

მერე მშობლებს ვერ სთხოვე ფული, ფეხსაცმელი თუ არ გქონდაო? – მითხრა.

ვუთხარი, რომ მშობლებსაც არ ჰქონდათ. მერე მეპატრონეს მიუბრუნდა და უთხრა, – „ამისთვის დაგვირეკეო?“

რა ექნა იმასაც, ისიც ზარალში ჩავარდა“, – ამბობს გიორგი.

ვკითხეთ, რა უთხრეს სკოლაში, როცა გაიგეს, რომ უფეხსაცმლოების გამო აცდენდა. გიორგი ამბობს, რომ გულგრილობა იგრძნო და გული ეტკინა.

„დამრიგებელმა მითხრა დირექტორთან გაარკვიეო. ისიც თქვა, შვილისთვის როგორ არ უნდა გაიმეტო 50-60 ლარიო. მეწყინა ასე რომ მითხრა. ისე გამოდიოდა, თითქოს ჰქონდათ და არ ემეტებოდათ“, – გვეუბნება გიორგი.

მშობლებს რა რეაქცია ჰქონდათ, როცა გაიგეს? – ვკითხეთ გიორგის.

ამბობს, რომ მშობლები გაოგნებული იყვნენ. „ეეჰ… დედაჩემი სამი დღე აზრზე არ იყო. მამაჩემიც ხმას ვერ იღებდა. მაგრამ, რა უნდა ეთქვათ, ბავშვი ვიყავი“, – გვეუბნება ის.

ნანობ? – ისევ ვკითხეთ გიორგის.

„მაშინ იმიტომ გადავდგი ასეთი ნაბიჯი, რომ ასე მეგონა სწორი. მაშინ არ მიფიქრია, რა იყო სწორი და რა არასწორი. არ ვნანობ, რადგან მაშინ რომ არ მომეპარა სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებოდი სკოლაში. თუმცა მაგის მერე, მოსაპარად ხელი არ წამიღია და ეს ვისწავლე ცხოვრებაში. მანამდეც ვიცოდი, მაგრამ… ძალიან გამიჭირდა. პატიოსნებას არაფერი სჯობია“, – საბოლოოდ ასკვნის გიორგი.

„ფეხსაცმელი არ მქონდა და ამიტომ მოვიპარე“- 16 წლის მოზარდის ისტორია

ამ ინციდენტამდე გიორგის პოლიციასთან ჩხუბის გამოც მოუხდა შეხება.

შეყვარებული იყო, თუმცა რაღაც საკითხზე უთანხმოება მოუვიდა გოგოსთან.

„ერთი ბიჭი შემომივარდა ჩატში და თითქოს ამ გოგონას დაცვას ცდილობდა. არ მომეწონა მისი მიმოწერები და ვუთხარი გარეთ შემხვედროდა.

„მოგვივიდა ჩხუბი. მეც მახლდნენ მეგობრები და იმასაც. სასიკვდილოდ არ გაგვიმეტებია ერთმანეთი, მაგრამ მაგრად ვიცემეთ. შემდეგ უფროსებმა გაგვაშველეს და ხელიც ჩამოვართვით, მეორე დღეს კი კიდევ შევხვდით ერთმანეთს, ახლა უფრო ბევრი ვიყავით და იმაზე მაგრად ვიჩხუბეთ.

პოლიციამ საიდან გაიგო არ ვიცი, ან დარეკა ვინმემ, ან დაგვინახეს. ყველანი წაგვიყვანეს. ვიღაცები გაიქცნენ, მაგრამ მაინც დაგვიჭირეს. არ გავტყდით, პოლიციაში ერთმანეთს ვაფარებდით ხელს, არასრულწლოვნებიც ვიყავით, ამიტომ მალე გამოგვიშვეს“, – გვეუბნება გიორგი.

როცა კლასში ჩატოვეს, ის ბიჭი, ვისთანაც კონფლიქტი ჰქონდა, მისი კლასელი გახდა. ამბობს, რომ ვერც კლასში ეგუებოდნენ ერთმანეთს, თუმცა საქმე პოლიციამდე აღარ მისულა.

„ექსტერნი როცა ჩავაბარე, ისევ ჩემს კლასში დავბრუნდი“, – გვეუბნება გიორგი.

როგორც გვეუბნება, ახლა სკოლას აღარ აცდენს. ოჯახს სოციალური შემწეობა დაენიშნა და მამაც ახერხებს მუშაობას.

ამბობს, რომ ორი მიზანი აქვს, ან ბიზნესს მოკიდებს ხელს და თავისი საქმე ექნება, ან კომპიუტერულ მეცნიერებებს შეისწავლის.

„მინდა ჩემი ფული მქონდეს, რომ არასდროს მომიწიოს სხვებისთვის თხოვნა. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს ყველაფერს“, – გვეუბნება გიორგი.

ბათუმში კაცის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, ბათუმში, ნაცნობი მამაკაცი – 1983 წელს დაბადებული გ.მ., ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ კაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ა.მ. ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს“, – აცხადებს შსს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამ თემაზე:

გუშინ ბათუმში 50 წლამდე კაცი დაჭრეს

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 327 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
  • ტანკი – 5 538 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 10 312ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 7 908 ერთეული [+32]
  • MLRS – 910 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 600 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 944 ერთეული [+39]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 567 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 348 ერთეული [+46]
  • სპეცტექნიკა – 1 121 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 544 თვითმფრინავი
  • 255 ვერტმფრენი
  • 9 301 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 687 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 187 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 205 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 746 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინის დაზვერვის სამმართველოს უფროსის ცოლი მოწამლეს – უკრაინული მედია

„ლარიანი შოკოლადი 7 რატომ უნდა ღირდეს?“ – 14 წლის ბიჭი, რომელსაც კანონთან კონფლიქტი აქვს

„ლარიანი შოკოლადი შვიდი რატომ უნდა ღირდეს?“ – მეკითხება 14 წლის თომა [სახელი შეცვლილია], რომელიც ქურდობის ფაქტზე პოლიციელებმა რამდენჯერმე დააკავეს. თომა კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდია.

„შოკოლადიც ბევრჯერ მოვიპარე,“ – დასძენს თომა, იგი განრიდების პროგრამაშია ჩართული. ორი წელია თომა სკოლაში არ დადის. ამბობს, რომ არ უფიქრია, რატომ აღარ სურს სკოლაში დაბრუნება. თომას ბიზნესმენობა სურს, რომ, პირველ რიგში, იმ ბავშვებს დაეხმაროს, ქუჩაში ცხოვრება რომ უწევთ.

„პური და „ბულკი“ არ მომიპარავს, ზოგს მაგიც უჭირს… ვინც უყურებს ამ საქართველოს რა, ისე უნდა გააკეთოს, რომ ხალხი არ ცხოვრობდეს ასე,“ – კატეგორიულია თომა. – ზოგიერთი რომ ქუჩაში იძინებს და ჭამს, ხომ შეიძლება, რამე გააკეთონ, ხალხს დაეხმარონ? ლარიანი შოკოლადიც ლარი უნდა იყოს, მესმის, რომ ფასები გაძვირდა, იქ დოლარის კურსიო, მე მაგაში ვერ ვერკვევი…

არც ომი არ უნდა იყოს რა,“ – ეს 14 წლის თომას სიტყვებია, რომელსაც ბათუმში, ერთ-ერთი ქუჩის სკვერში ვესაუბრეთ.

თომას მეგობარიც ახლავს – ლევანი. ისიც 14 წლისაა. მეგობრების თქმით, მათ ხშირად აჩერებს ქუჩაში პოლიცია და ფოტოებს უღებს, ზოგჯერ კი, იძულებით პოლიციის მანქანაში სვამენ და სახლთან ახლოს ტოვებენ. თომა ამბობს, რომ შესაძლოა, კანონი დაარღვია, მაგრამ პოლიციაც ცუდად იქცევა, როცა მოზარდებს იარლიყს აკრავს და ყველა დანაშაულზე თავის მართლებას სთხოვს.

თომა გვიყვება, როგორია იყო მოზარდი, ვისაც კანონთან კონფლიქტი აქვს? სადღაც 11, ან 12 წლის ვიყავი, პირველად ველოსიპედები რომ მოვიპარეო, იხსენებს თომა. მას აღარ ახსოვს, ქურდობის ზუსტად რამდენ ფაქტზე დააკავეს.

„პირველად მოვიპარე ველოსიპედები, ბევრი მოვიპარე, სადღაც 10 ცალი… ყველგან ვიცოდი, სად რა ველოსიპედი ეყენა, ისეთ ველოსიპედები კი არა, სკამი რომ ძვრება, ძვირადღირებული ველოსიპედები.

მერე ვყიდდი ამ ველოსიპედებს. თავიდან ვერაფერი გაიგეს, საჩივრები შედიოდა თურმე პოლიციის განყოფილებაში…

ერთხელ, დილის 6 საათი იყო, როცა ველოსიპედს ვიპარავდი, ქალი მიყურებდა თურმე აივნიდან, იქიდან აგორდა ყველაფერი… დედაჩემი მეუბნება დილით, სკოლაში ვართ მისასვლელებიო, მეც მოვდივარ შენთან ერთადო. თურმე, პოლიცია მელოდა უკვე“, – გვიყვება თომა.

„არ უნდა გიჭირდეს. თუ გამიჭირდა, მაშინ ვაშავებ, თუ არ გაგიჭირდა, მაშინ დააშავებ?“ – საუბარში ლევანი ერთვება და სკვერში მოსეირნე ადამიანებს აკვირდება. – „თუ არ იბრძოლე, ისე ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში,“ – ასკვნის მალევე და სკვერში გასეირნებას ამჯობინებს.

„მერე მაღაზიებში შევდიოდით, ოფისებს ვტეხავდით…. იმის დაბრუნებას გვთხოვდნენ, რაც მოვიპარეთ, მაგრამ არცერთი ნივთი უკვე აღარ მქონდა, რაც წავიღე. პროკურატურა იყო ძალიან აგრესიული, ეს არ არის სწორი. შეიძლება, რაღაც შეიცვალოს მათი მხრიდან, ან ჩვენი მხრიდან… გეუბნებიან, დაგიჭერთ, გცემთ, გაიძულებენ, თქვა ისეთი რამ, რაც არ გინდა თქვა: ვინ იყო? ვისთან ერთად იყავი? ამას არ ეუბნები და ფიზიკურად გადმოდიან შენზე.

პოლიციელმა რომ ხელი დამარტყა, 14 წლის ვიყავი უკვე. პოლიციის მანქანაში დამარტყეს ხელი და მერე განყოფილებაშიც. ისიც დამინახია ბევრჯერ, ვიღაცას რომ ურტყამდნენ.

მაშინ 4 ბიჭი დაგვაკავეს ერთად. შემოვიდა ერთი კაცი, ჯანიანი იყო, მე ჩემ თავზე ავიღე ყველაფერი და „ვსო“, არავისთვის მითქვამს ეს ამბავი, ექსპერტიზა უნდა მომეთხოვა მაშინ… ვიფიქრე, გაჩერდებიან-მეთქი, მაგრამ არ გაჩერდნენ. აგრესიით არიან: გემუქრებიან, „გაგსროკავთ“ და ნახავ, რასაც გიზამთო.

ადრე როცა მაკავებდნენ, 12 წლის ვიყავი, 13 წლის, მაშინ ხელი არ მოუკიდიათ ჩემთვის. 14 წლის რომ გავხდი, განყოფილებაში მითხრეს, შენზე ყველანაირი კანონი იხსნება აწიო. კაი-მეთქი.

თუ ღამით ხარ ქუჩაში, ფოტოებს გიღებენ. შეპასუხებას აზრი არ აქვს… ხდება ისეც, რომ პირველი განყოფილება გიღებს ფოტოებს და მერე მესამე განყოფილების ტერიტორიაზე თუ მოხვდები, ისიც გიღებს,“ – ეცინება თომას.

„სულ რამდენჯერ დაგაკავეს?“ – ვეკითხები თომას.

„ბევრჯერ, მაგრამ სასამართლო არ მქონია,“ – მპასუხობს ის. თომა ამბობს, რომ სიღარიბე მთავარი მიზეზია, რის გამოც ქურდობის ჩადენა მოუხდა.

„ორი და მყავს, ერთი ჩემზე უფროსია, მეორე – ჩემზე პატარა. დედასთან ერთად ვცხოვრობ და დეიდაჩემთან, ნაქირავებში ვართ. დედა მუშაობს რესტორანში, პლუს სოციალური…

მამასთან ურთიერთობა არ მაქვს, არც ვიცნობ. არ მაქვს სურვილი, რომ მამა დავინახო. როცა გადაწყვეტ, რომ ოჯახი უნდა შექმნა და ბავშვები გყავს, არ უნდა წახვიდე. ცოლ-ქმარს შორის ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს, ერთმანეთის უნდა სჯეროდეთ,“ – ამბობს თომა და პაუზის შემდეგ ამატებს:

„ბიზნესმენი მინდა გავხდე, აი, ყველაზე მაღალი შემოსავალი რომ მქონდეს. ყველაფერს კარგს გავაკეთებდი, დავეხმარებოდი ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში არიან… დედამისს, ან მისი ოჯახის წევრს დავასაქმებდი, რომ კარგი შემოსავალი ჰქონოდა. აი, ჩემთან დავაწყებიებდი მუშაობას.

14 წლის თომა: პირველად მოვიპარე ველოსიპედები, ძალიან ბევრი - 10 ცალი

როცა ერთ საკითხზე დაგიჭერენ, ერთხელ დიდი არაფერი, მაგრამ სისტემატური სახე ეძლევა, სხვანაირად გიყურებს ყველა, ზოგჯერ ისე ყოფილა, რომ რაღაც მომხდარა, შენ იქ არ ყოფილხარ, მაგრამ არა, შენ იქნებოდიო, არა და თხლაშან?“ – გაშლილი ხელს გვაჩვენებს ისევ თომა და იცინის.

თომა არ გვიდასტურებს, რომ ქუჩაში მოზარდების ცხოვრება შეიძლება უკავშირდებოდეს „ქურდული სამყაროს“ ავტორიტეტებს, ან ვინმე უფროსობდეს, თუმცა მის მიერ აღწერილი ამბავი ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზებულობის შთაბეჭდილებას ტოვებს:

„ერთხელ 1800 ლარი გამოვიტანეთ მაღაზიიდან და გვიხაროდა… რომ გამოგაქვს ამხელა ფული, გიხარია, ფიქრობ, რომ აი, ავიწყვე ცხოვრება. სულ 8 ბიჭი ვიყავით ერთად. როგორ ხდება იცით? – ყველამ თანაბრად უნდა გაიყოს ეს ფული. იმანაც უნდა მიიღოს თანაბრად, ვინც შიგნით არ ყოფილა, მაგრამ გარეთ იდგა და უყურებდა სიტუაციას, რადგან ვიდრე მე გარეთ არ გამოვალ, ის არ უნდა წავიდეს იქიდან. მაგას ჰქვია „ატასა“ – სანამ მე არ გამოვალ, შენს „ატასაზე“ უნდა იდგე.

მერე, აქედან რომ გადიხარ, კამერებით ყველგან გეძებენ, ან გამოგყვნენ შეიძლება სახლამდე. ტანზეც რაც მაცვია, უნდა მოვიცილო ეგრევე, და ისე გავიდე… ქუჩაში როცა ხარ, სწავლობ ამ ყველაფერს რა.

ზოგადად, ფულია საჭიროა რა, ისე თუ ასე, ფული გჭირდება, შეიძლება, სხვა გზითაც იშოვო, შრომით… ისეთ ადამიანს არ უნდა წაართვა და არ უნდა მოჰპარო, ვისაც არ ერგება. როცა ადამიანს 10 გაქვს და ერთს არ მოგცემს, ეს უკვე „ნაგლობაა“. მე მაგალითად, სამი მაღაზია მქონდეს და ადამიანმა მითხრას, რომ მჭირდება ფული, ავდგები და მივცემ. ზოგიერთი ხალხი ფულზეა შეყვარებული და იმიტომ აკეთებს ასეთ რაღაცას – ძუნწობს.

როცა 18 წლის გავხდები, ასე აღარ ვიქნები.

სულ ქუჩაში ვერაფერს იზამ, რაღაც შეიძლება სწავლამ, ან ბიზნესმა მოგცეს. ჩემი ცხოვრება ახლა კარგისკენ მიდის,“ – ასრულებს თომა.

საბერძნეთიდან როცა ჩამოვედი, იმ ღამეს ჩემს შვილებს თვალი არ დაუხუჭავთ – ემიგრანტი ქალი | ვიდეო

„რომ ჩამოვედი, შვილებს დავურეკე და ვუთხარი, თეატრთან მიდით, ერთი ქალი გელოდებათ-მეთქი, არ იცოდნენ, რომ ჩამოვდიოდი. იმ ღამეს ბავშვებს თვალი არ დაუხუჭავთ. გათენებამდე ასე ვიყავით, ერთი მარჯვნივ იჯდა, მეორე – მარცხნივ, ხელებს არ მიშვებდნენ. ანდრეას ვკითხე, დედა, რატომ არ იძინებ-მეთქი, მეშინია თვალების დახუჭვის, რომ გავახელ და არ დამხვდეო?

მივხვდი, რომ შვილების ეს განცდები არაფრად ღირს. ამიტომ დავბრუნდი ემიგრაციიდან, ეს ჩემი ცხოვრების ჯოჯოხეთური 7 თვე იყო“, – იხსენებს 33 წლის ქალი, ლიკა ჩავლეშვილი, რომელიც ემიგრაციიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა ოზურგეთში. ლიკა ამბობს, რომ ეს მისთვის მძიმე გამოცდილება იყო, რასაც აღარ ისურვებდა.

ემიგრაციაში წასვლამდე სხვადასხვა დროს მუშაობდა ბანკსა და პროფესიულ სასწავლებელში, მაგრამ ლიკას საჭიროებები მას მერე გაიზარდა, რაც ორ შვილთან ერთად მარტო დარჩა. თავიდან ემიგრაციაში მყოფ დას ჩააკითხა საბერძნეთში, რომელიც ავად იყო და ლიკას დახმარება სჭირდებოდა, მერე რახან უკვე საბერძნეთამდე ჩავიდა, გადაწყვიტა, დარჩენილიყო, ემუშავა და  ბინის ფული დაეგროვებინა, მას და მის შვილებს სახლი არ ჰქონდათ:

„ბავშვები ბებოსთან მყავდა დატოვებული, 7 თვეს გასტანა ჩემმა ემიგრაციამ. თავიდან ეტლით მოსარგებლე ორ ქალს ვუვლიდი, მხოლოდ სახეს ამოძრავებდნენ, მეტს ვერაფერს გრძნობდნენ. ხელები ვიყავი ამ ქალებისთვის, ღამითაც მათთვის უნდა გამეწია მეთვალყურეობა. ორ დღეში მივხვდი, რომ ვერ გავძლებდი და სხვა სამსახურის ძებნა დავიწყე. მეორე ოჯახში 90 წლის მოხუცი ჰყავდათ. ეტლიდან დღეში 3-4-ჯერ უნდა გადამესვა სკამზე და მერე ისევ გადმომესვა. თუმცა აქ უფრო მარტივი იყო, რუსული ესმოდათ ოჯახში და ვაგებინებდით ერთმანეთს.

შვილები არასდროს დამიტოვებია და გაუსაძლისი აღმოჩნდა ჩემთვის მათი სიშორე. ძალიან ცოტა მქონდა ხელფასი და ბინის ფულს წლები ვერ დავაგროვებდი, ამას მალევე მივხვდი. გამოდიოდა, რომ უნდა ვქცეულიყავი საფულედ, გავგზავნიდი ბავშვებთან ხელფასს, რომელიც თვის ბოლოს აღარ იქნებოდა და ასე დაუსრულებლად. გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი შვილებთან და თუნდაც მხოლოდ ერთი ლუკმა პური გვქონოდა ყოველდღე“, – ამბობს ლიკა.

ემიგრანტი ქალი

ლიკა ახლა ოზურგეთში ტორტებსა და ნამცხვრებს აცხობს. შეკვეთა ბლომად აქვს, ყველა ცნობს ოზურგეთში მის ტორტებს. ცხობა დებმა ასწავლეს, წლების წინ სწორედ დებს ეხმარებოდა საკონდიტრო ნაწარმის მომზადებაში და ეს საქმე ასე ისწავლა.

ემიგრაციიდან დაბრუნება რომ გადაწყვიტა, ბევრს ფიქრობდა, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა საქართველოში, რითაც შვილების მოვლა-პატრონობასაც შეძლებდა და სამომავლოდ ბინასაც იყიდდა.

ემიგრანტი დისგან საბერძნეთშივე გაიგო ლიკამ მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაციის შესახებ, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში აპირებდა დაბრუნებას. ამის შემდეგ მას თვითმფრინავის ბილეთი უყიდეს და 1000 ევრო გადასცეს.

დაბრუნებამდე 2 დღით ადრე დაურეკეს მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაციიდან და უთხრეს, რომ მცირე ბიზნესსაც დაუფინანსებდნენ 4000 ლარით:

„იმედი მომეცა, რომ საქართველოში ჩამოსული ხელცარიელი არ ვიქნებოდი, რამეს დავიწყებდი და ბევრად მეტს გამოვიმუშავებდი, ვიდრე ბანკში მუშაობისას მიხდიდნენ საქართველოში.

გრანტით ტექნიკა ვიყიდე: დიდი მაცივარი, მიქსერი, მიკროტალღური და ელექტროღუმელი. პირველი ეტაპისთვის ჩემთვის ეს სრულიად საკმარისი იყო.

პირველ აგვისტოს დავიწყე მუშაობა, 6 თვე მაინც სჭირდება ბიზნესს, რომ ფეხზე დადგეს. მინდა, ჩემი საკონდიტრო კაფე მქონდეს, განვვითარდე და ფეხზე დავდგე“, – ამბობს ყოფილი ემიგრანტი.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია – გაეროს მიგრაციის სააგენტო (IOM) 1993 წლიდან მოქმედებს საქართველოში, 2003 წლიდან კი სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებასა და რეინტეგრაციაში დახმარებას. დღემდე IOM დაეხმარა 8096 დაბრუნებულ მიგრანტს რეინტეგრაციაში (6361 ოჯახს).

ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამით სარგებლობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ ყოფნის დროს აღმოჩნდა მოწყვლად მდგომარეობაში, მაგალითად: არ აქვს ლეგალური სტატუსი ან სამგზავრო დოკუმენტები, გახდა თაღლითობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლი, უარი ეთქვა თავშესაფარზე და/ან არ აქვს თავისი ხარჯებით სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) სამშობლოში ნებაყოფლობითი დაბრუნების და რეინტეგრაციის პროექტი ფინანსება ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ.

ლიკას ფეისბუქგვერდი აქვს: ლიკას ტორტები ოზურგეთში. 5000 გამომწერი ჰყავს – მისი მომხმარებლები არიან ძირითადად. ლიკას, როგორც მარტოხელა დედას, სახელმწიფო უწყებებისთვის დახმარების თხოვნით არასდროს მიუმართავს. მცირე მეწარმედაა დარეგისტრირებული და ასეთ დროს მარტოხელა დედას შეღავათი სახელმწიფოსგან არ აქვს.

საკონდიტროს გახსნასთან ერთად ლიკას მიზანი შვილებისთვის სახლის ყიდვაა. ახლა კი იმ სახლიდანაც უწევს გადასვლა, სადაც დროებით ცხოვრობს. ეს ლიკას ყოფილი მამამთილის სახლია, რომელიც  ბანკითაა ნაყიდი, ოჯახმა ბინის ფული ვერ გადაიხადა და არჩიეს გაეყიდათ სახლი, მერე კი ბანკის ვალი გადაეხადათ. ლიკამ და მისმა ორმა შვილმა ახლა სადმე სხვა საცხოვრებელი უნდა იპოვონ, მაგრამ როგორ, ეს ჯერ ლიკამ არ იცის.

„ოზურგეთშიც კი 800, 1000 ლარზე ნაკლებად ქალაქის ცენტრში ბინას ვერ იქირავებ. მე არ მაქვს ჩემი მცირე ბიზნესით ამხელა შემოსავალი, რომ ქირის ფული ვიხადო. სოფლებში სახლის დაქირავება გაცილებით მარტივი და იაფია ან გარეუბანში, მაგრამ ასეთ ადგილებში ვერ ვიმუშავებ, აღარ მომივა შეკვეთები. ბინის დაგირავება ძალიან ძვირია, თითქმის ბინის საფასურს უტოლდება, არ ვიცი, რას ვიზამთ, გაზაფხულზე უნდა დავცალოთ ეს ბინა“, – ამბობს ლიკა.

მას მიაჩნია, რომ სახელმწიფოსგან მეტ მხარდაჭერას უნდა გრძნობდნენ მარტოხელა დედები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თავად დედებს, რომლებსაც ხშირად რცხვენიათ იმაზე საუბრის, რომ მარტოხელა დედები არიან.

ლიკას მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს და ფიქრობს, რომ კაფე-საკონდიტროს გახსნა რომ შეძლოს, კარგად იმუშავებდა:

„10 წელია ვცხოვრობ ოზურგეთში, აქ ბევრი ნაცნობი და მეგობარი მყავს, ერთხელ ფეისბუქზე დავპოსტე, კაფე რომ გავხსნა, ჩემთან ფინჯან ცხელ შოკოლადზე თუ შემოივლიდით-მეთქი, უამრავი გამამხნევებელი კომენტარი ჰქონდა პოსტს, შენ ოღონდ მოინდომე და ყველანი მოვალთო, წერდნენ.

ხშირად წარმომიდგენია, როგორი იქნება ჩემი საკონდიტრო, როგორ დავასაქმებ იქ ჩემს მეგობრებს, ჩემსავით მარტოხელა დედებს და მათაც შევუმსუბუქებ ცხოვრებას. სახლში ტორტების ცხობა არაა მარტივი, მერვე სართულამდე ხელით ამომაქვს ტომრებით ფქვილი, შაქარი, ყველაფერი, კორპუსში ლიფტი არ არის… რთულია, ყოველდღე რომ ასე გიწევს შრომა“, – ამბობს ლიკა.

როცა ჩამოვედი ის ღამე ისე გათენდა, ჩემს შვილებს თვალი არ დაუხუჭიათ - ემიგრანტი ქალი

ყოფილი ემიგრანტი იმ რეალობაზე საუბრობს, რაც ქალებს ემიგრაციაში წასვლასა და მძიმე შრომას აიძულებს:

„იღვიძებენ ქალები დილით და შვილისთვის საჭმელს ვერ ყიდულობენ, გადასახადებს ვერ იხდიან, ნორმალურ განათლებას ვერ აძლევენ შვილებს. მე გამიმართლა, რომ კარგად ვიცი ცხობა და ამ საქმით პატარა ბიზნესი მაქვს, მაგრამ ყველას ხომ არ შეუძლია ასე? ხალხის უმრავლესობა მუშაობს მაღაზიაში გამყიდველად, კონსულტანტად, ბანკებში ოპერატორად, მოლარედ და ა.შ.

ხელფასი ყველგან ძალიან ცოტაა. ბავშვებს სჭირდებათ ექიმი, გამოკვება, ტანსაცმელი, განვითარება, ამ ყველაფერს ქართული ხელფასი ვერ სწვდება. რაღაც უნდა შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში, თორემ ამ ყველაფერს არაფერი ეშველება, სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი მიდის შრომით ემიგრაციაში.

რაღაცით მაინც უნდა დავემსგავსოთ იმ ქვეყნებს, სადაც ეს ხალხი გარბის, ესე იგი, იქ უკეთესია, ხომ? საბერძნეთში ფასებს რომ შევხედე, გავოგნდი, თურმე სად ვცხოვრობთ, როგორ გაგვაქვს თავი თვიდან თვემდე, როგორ ვცხოვრობთ საერთოდ. რა უნდა ვიყიდო მე 800-ლარიანი ხელფასით, როცა მარკეტიდან 2 სავსე პარკით გამოვდივარ და აღარ არის 200, 300 ლარი. ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, ესე იგი, მშიერი ზის ხომ?

ბავშვებს მშობლები ვერ აჭმევენ ხორცს, ყველს, შოკოლადს, ოჯახებისთვის ეს არის ფუფუნება. ევროპაში 4 ევრო ღირს ხორცი, ჩვენთან – 18 ლარი.

უნდა შეიცვალოს სახელმწიფოში მდგომარეობა, თუ ძვირდება პროდუქტი, უნდა გაიზარდოს ხელფასიც. ხელფასი იგივე გვრჩება, პროდუქტი ძვირდება და ძვირდება.

ემიგრაციაში მყოფი ქალების უმრავლესობას საქართველოში მაღალპროცენტიანი სესხები აქვთ ბანკებში, ბევრი სახლის დაკარგვის საფრთხის გამო წავიდა საბერძნეთში მოხუცებთან სამუშაოდ. მიუხედავად ამ რთული ყოფისა, არავინ არ უნდა გაიმეტოს საკუთარი ოჯახის წევრი შრომით ემიგრაციაში გასაშვებად. ყველამ ერთად უნდა გააკეთოს რაღაც. არ უნდა იყოს ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა ყველაფერი. არავინ არავისთვის არ უნდა იქცეს უბრალოდ საფულედ.

რამდენი ადამიანი ვნახე, რომ 15, 20 წელია იქ არიან ისე, რომ ერთხელაც არ ყოფილან საქართველოში. შენც შეეჩვევი – შვილებს სახლს უყიდი და შრომის შედეგს რომ დაინახავ, დამშვიდდებიო, მეუბნებოდნენ. მაგრამ არ მინდოდა შევჩვეოდი ასეთ ყოფას, არ მინდოდა შვილებისთვის უცხო გავმხდარიყავი ბინის სანაცვლოდ“.

შსს-ს მომსახურების სამსახური ბათუმიდან გონიოში გადასვლას გეგმავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გონიოში ახალი ოფისის მშენებლობას გეგმავს. ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის მიმდებარედ სააგენტოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემულია აჭარის საკუთრებაში არსებული 6 ჰექტარი ტერიტორია.

სააგენტოს ბათუმის სამსახური ამჯერად სულხან-საბა ორბელიანის N2-ში ფუნქციონირებს. ამ მისამართზე 11 843 კვადრატული მეტრი ტერიტორია ქალაქ ბათუმის საკუთრებაშია და ის სააგენტოსთვის უზუფრუქტითაა გადაცემული.

გონიოში ახალი ოფისის დაპროექტება-მშენებლობასთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტო ბაზარს იკვლევს.

ამ ეტაპზე უცნობია ბათუმიდან ყველა მომსახურებას გადაიტანენ გონიოში თუ არა. თუმცა შესყიდვების პორტალის დოკუმენტების მიხედვით, შენობებთან ერთად გონიოში მოეწყობა საგამოცდო მოედნები და ტექდათვალიერების ცენტრი [ავტომობილების განბაჟებისთვის].

მომსახურების სააგენტოს ოფისის გენგეგმა გონიოში

ადმინისტრაციული შენობისთვის საერთო ფართობი გათვლილია 5 300 კვ.მ, რომელშიც სხვადასხვა სივრცესთან ერთად უნდა განთავსდეს:

  • სანომრე ნიშნების დასაბეჭდად განკუთვნილი სივრცე, სანომრე ნიშნების დამზადებისთვის განკუთვნილი მასალის შესანახი ოთხი
  • ბალისტიკის ოთახი ავზით; IT თანამშრომლების სამუშაო ადგილი; სარეგისტრაციო სივრცე
  • მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ორი ოთახი; მართვის მოწმობებთან დაკავშირებული სივრცე
  • სამოქალაქო ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღის რეგისტრაციისათვის განკუთვნილი სივრცე
  • დამზადებული მოწმობებისა და სანომრე ნიშნების გაცემისთვის განკუთვნილი სივრცე
  • ბანკის ოპერატორებისთვის განკუთვნილი სივრცე
  • ხელმძღვანელების ოთახები (უფროსი, მოადგილე] და სხვა.

ბაზრის კვლევის დავალება მოიცავს „საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებას, რომლის თანახმადაც მიმწოდებელი ვალდებულია,  სააგენტოს მიერ გადაცემული ტექნიკური დავალების საფუძველზე მოამზადოს დეტალური სამშენებლო პროექტი და მის საფუძველზე  განახორციელოს მშენებლობა“.

საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები.

სააგენტო მიმწოდებელს გადასცემს მის ხელთ არსებულ ყველა მასალას, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს ტექნიკური და ფინანსური წინადადების მოსამზადებლად.

„ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) აჭარაში, გონიოში [ნაკვეთის საერთო ფართობი 61 017 კვ.მ, განაშენიანების ფართობი 39 100 კვ.მ] მომსახურების სააგენტოს შენობების მშენებლობისა და ტერიტორიის/საგამოცდო მოედნების მოწყობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების ტექნიკურ დავალებასთან“ დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განფასება, ასევე თავიანთი წინადადებები და შენიშვნები სააგენტოს 2023 წლის 16 დეკემბრამდე წარუდგინონ.

 

მთავარი ფოტო: მომსახურების სააგენტოს ბათუმის სამსახურის შენობა სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე

ქობულეთში პლაჟის ხარჯზე გზის გაფართოებას ითხოვენ – მერიამ 11-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა

ქობულეთის მერიის სატენდერო კომისიამ ზღვისპირა პარკის მოწყობაზე გამოცხადებული 10,9-მილიონიანი ტენდერი „მოქალაქეების კოლექტიური განცხადების“ საფუძველზე შეწყვიტა.

ამ განცხადებას ხელს ქობულეთის ზღვისპირა ზოლში მცხოვრები 24 მოქალაქე აწერს და ისინი არსებული „ვიწრო გზის“ გაფართოებას ითხოვენ პლაჟის ხარჯზე.

„დავით აღმაშენებლის გამზირი №325-375-ში მცხოვრებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილია ჩვენი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია, რომლითაც მხოლოდ არსებული 4,5-5 მეტრი სიგანის გზის რეაბილიტაცია ხდება და არა არსებული ვიწრო გზის გაფართოება, რაც ყოვლად დაუშვებელია და არანაირ თანამედროვე სტანდარტებში არ ჯდება. შეუძლებელია ამ ვიწრო გზის რეაბილიტაციით ამ სანაპიროს დაერქვას ბულვარი…. მოსახლეობა ამას არ დავუშვებთ.

ჩვენი მოთხოვნაა არსებული სივრცის გაფართოება პლაჟის მიმართულებით 7-10 მეტრით მაინც, რომ მივიღოთ თანამედროვე სტანდარტების ბულვარი გამიჯნული ზონებით. უნდა მოხდეს შეხვედრა ჩვენთან და ამ საკითხის განხილვა/გადაწყვეტა ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში მოქალაქეები წერენ, რომ მათი „მისამართები აღმაშენებლის გამზირია, მაგრამ რეალურად სახლების, სასტუმროების, შენობა-ნაგებობების უმეტესობა სანაპიროს მიმდებარედ არის განთავსებული და ალბათ, შემდგომში თამარ მეფის სანაპირო ქალაქის ცენტრიდან გაგრძელდება და ჩვენი გადამისამართებაც მოხდება ახალ ქუჩაზე“.

ქობულეთის სანაპირო ზოლი და აღმაშენებლის 325-375-ს შორის არსებული გზა, რომელიც დაახლოებით 600 მეტრი სიგრძისაა [მონიშნულია წითელი ხაზით]. ეს ადგილი ფიჭვნართანაა.
„არსებული ვიწრო ზოლი მოიცავს ფეხით მოსიარულეთა სასეირნო ბილიკს, ველოსიპედებისათვის განკუთვნილ გზას, აგრეთვე ამ ვიწრო გზით ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, კომუნალური მომსახურება მიმდებარედ არსებული სასტუმროებიდან და ტურისტული ობიექტებიდან, სადისტრიბუციო მომსახურება. ასევე მიმდებარე სასტუმროების და სახლების ნაწილს ფაქტობრივად შესასვლელი აქვს ამ არსებული ვიწრო გზიდან… გართულებულია ტრანსპორტის და დამსვენებლების მოძრაობა, ხშირია მიკრო ავარიები, ველოსიპედებით შეჯახება ბავშვებზე, ზოგადად უკმაყოფილება ტურისტებში და ადგილობრივ მოსახლეობაში“, – აღნიშნულია მოქალაქეების განცხადებაში.

სატენდერო კომისიის ოქმში დაფიქსირებულია კომისიის თავმჯდომარისა და ერთ-ერთი წევრის პოზიციები, რომლითაც ისინი ემხრობიან ტენდერის შეწყვეტას:

  • კომისიის თავმჯდომარემ დავით ვერულიძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი პროექტის მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაა და სწორედ მათ ინტერესებსა და მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. შესაბამისად, დაუშვებლად მიაჩნია ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება და მიზანშეწონილია გადაიხედოს პროექტი და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით მოხდეს პროექტის შესაძლო ცვლილების/გაფართოების საკითხის განხილვა და ამის შემდგომ განხორციელდეს იგი.
  • კომისიის წევრმა, დავით ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ პროექტის დიდი ნაწილი, იქ, სადაც შედარებით ფართო სანაპირო ზოლია, სწორედ ბულვარის გაფართოებას ითვალისწინებს. ვინაიდან მოსახლეობა იმ ნაწილში, სადაც ბულვარის გაფართოება გათვალისწინებული არ არის, პროექტის წინააღმდეგია, შესაძლებელია გაიყოს ეს პროექტი – პირველ ეტაპზე განხორციელდეს ფართო მონაკვეთის გაფართოება, რაც დაგეგმილია და შემდგომ მოსახლეობასთან შეთანხმებით, დაიგეგმოს და საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირდეს პროექტის მეორე ნაწილი.
  • კომისიამ მოიწონა აღნიშნული მოსაზრება და აღინიშნა, რომ მიზანშეწონილია შეწყდეს ელექტრონული ტენდერი, დაკორექტირდეს პროექტი და მხოლოდ ამის შემდგომ განხორციელდეს შესყიდვა.“

კომისიამ ტენდერი 2023 წლის 24 ნოემბერს შეწყვიტა. 27 ნოემბერს კი, შტორმმა ქობულეთის ზღვისპირა ზოლი და შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა დააზიანა, დაიტბორა სახლებიც.

რამდენად იქნება შესაძლებელი გზის გაფართოება და პარკის ინფრასტრუქტურის მოწყობა პლაჟის ხარჯზე, ქობულეთის მერიას ჯერ პასუხი არ აქვს, თუმცა ამ საკითხზე პასუხი აქვთ იქვე მცხოვრებ განცხადების ავტორებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ „უკვე ნაწილობრივ მოქმედი ტურისტული, კულტურული, სპორტული საცხოვრებელი ობიექტების განვითარება, ამოქმედება მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტის, რეგიონის და საერთოდ ქვეყნის ეკონომიკის, ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის და პირველ რიგში ამისთვის სასწრაფოდ საჭიროა ინფრასტრუქტურა, სამანქანე გზა ტროტუარებით და განათებით.“

„სანაპირო, პლაჟი გაფართოების საშუალებას იძლევა, ვინაიდან ჩვენს მონაკვეთზე ყველაზე მეტი სიფართის პლაჟია ქობულეთში, დაახლოებით 55-65 მეტრომდე და შესაბამისად ეს ვიწრო გზა და არა ბულვარი გაფართოვდეს 7-10 მეტრომდე და დაემსგავსოს მართლაც ბულვარს გამიჯნული სამანქანე, სასეირნო და მწვანე ზონებით. არანაირი საშიშროება არ არსებობს ზღვის შტორმის დროს დაზიანდეს მომატებული, გაფართოებული ბულვარი, ვინაიდან არსებული ჯებირიდან დაახლოებით 10 მეტრომდეც ვერ აღწევს ზღვის ტალღები.“ – აღნიშნულია მოქალაქეების განცხადებაში.

„ბათუმელები“ ესაუბრა განცხადების ერთ-ერთ ხელმომწერს დიმიტრი ვერულიძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ 27 ნოემბრის შტორმის დროს სანაპიროზე არსებულ გზამდეც კი არ მოუღწევია ტალღებს: „იქ, სადაც ზღვამ სანაპირო დააზიანა, პლაჟის სიგანე არის 10-20 მეტრი და ჩვენი სახლების გასწვრივ კი – 60 მეტრი. ასე, რომ აქ გაფართოება შესაძლებელია. ჩვენი ახირება ეს არ არის. ვითხოვთ, რომ სამანქანე გზა, სასეირნო და ველობილიკები ერთმანეთისგან იყოს გამიჯნული. ანუ, გაკეთდეს სტანდარტების დაცვით, რასაც 7-10 მეტრი ეყოფა და ამის საშუალება აქ არის“.

ქობულეთი, ფიჭვნარი / ხედი დავით აღმაშენებლის 377-დან /ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ქობულეთის მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა ტენდერში მონაწილე კომპანია „ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ საქართველოს ფილიალმა“, რომელსაც ტენდერის შეწყვეტამდე ორი დღით ადრე კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა.

მომჩივანი კომპანია მიიჩნევს, რომ „შემსყიდველის გადაწყვეტილება არის სრულიად უსამართლო და ყოველგვარ სამართლებრივ ნორმას მოკლებული. ტენდერი, რომელიც არის 10 959 000 ლარის, წყდება მხოლოდ იმიტომ, რომ 24 ადამიანს აქვს დაწერილი განცხადება პროექტის ცვლილების მოთხოვნით, ამ 24 ადამიანიდან 11 არის ერთი და იმავე გვარის – „ვერულიძე“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ერთმანეთის ნათესავებმა შეადგინეს განცხადება, დაახლოებით 3-4-მა ოჯახმა და მოითხოვეს პროექტის ცვლილება.“

„შემსყიდველის მსგავსი ქმედება აჩენს უამრავ კითხვას: რატომ არ გააცნო არსებული პროექტი ამ დრომდე მოსახლეობას? თუკი მოსახლეობის ჩართულობა საჭირო იყო პროექტის შედგენისას, რატომ არ მიაღებინა მათ ამ პროექტის დაგეგმვის დროს მონაწილეობა? რატომ არ მოიკითხა, რა სურდა მოსახლეობას?

მაშინ, როდესაც ტენდერი ჩატარდა, „ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ საქართველოს ფილიალმა“ წინადადების წარდგენის ეტაპზე ატვირთული დოკუმენტაციით დააკმაყოფილა სატენდერო მოთხოვნები, სწორედ ამის შემდგომ რატომ დაინტერესდა შემსყიდველი მოსახლეობის აზრით?

კერძოდ, 24 ადამიანის უბრალო განცხადების საფუძველზე რატომ შეწყვიტა ტენდერი მაშინ, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ აქვს იმის შესახებ, რომ მოსახლეობის მოსაზრება სანაპირო ზოლის გაფართოებაზე, არის განხორციელებადი?..“

მომჩივანი მიუთითებს ასევე, რომ ქობულეთის სატენდერო კომისიის „მსგავსი ქმედება რომ ჩაითვალოს კანონიერია, ეს იქნება მაგალითი ყველა შემსყიდველი ორგანოსთვის, თუ როგორ შეიძლება შეწყვიტონ ტენდერი მარტივად, რამდენიმე ადამიანის განცხადების საფუძველზე.“

„პრეტენდენტები ტენდერში მონაწილეობის დროს საკმაოდ დიდ თანხებს და რესურსს ხარჯავენ, ამიტომ არ შეიძლება შემსყიდველი 10 959 000 ლარის ტენდერს წარმოდგენილი მსგავსი განცხადების საფუძველზე წყვეტდეს.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით შემსყიდველს უფლება აქვს, კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

ვინაიდან ზემოაღნიშნული მუხლის არც ერთი მნიშვნელოვანი პირობა შემსყიდველს არ ჰქონდა სახეზე, მას არ ჰქონდა უფლება ტენდერის შეწყვეტის.

ამიტომ ვითხოვთ გაუქმდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N 142/4-ით შემსყიდველის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია საჩივარში.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, „ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკი“ 6 თვის წინ, 2023 წლის 25 მაისს არის რეგისტრირებული თბილისში, როგორც კანადური „კორპორაცია ჯეო კონსტრაქშენს ენდ სისტემს ინკის“ საქართველოს ფილიალი. ფილიალის დირექტორია ნათია ნინუა.

„ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ საქართველოს ფილიალი“ ქობულეთის მერიას მომსახურებას 9 მილიონ 530 ათას ლარად სთავაზობდა.

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში საჩივრის განხილვის თარიღად 2023 წლის 5 დეკემბერია ჩანიშნული.

შეწყვეტილი ტენდერის დეტალები ნახეთ ამ ბმულზე:

უკანონო კაფე ქობულეთის პლაჟზე მერიასთან ახლოს – როგორ მუშაობენ მუნიციპალიტეტში

„გამგებელი არც რიჟვაძესთან გვიშვებს“ – სოფელი, რომელსაც მეწყერი ემუქრება, დახმარებას ითხოვს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ სოფელში მეწყრის საშიშროებაა.

„სოფელი ბუთურაული არის სეისმურად აქტიური… დღითიდღე მატულობს მიწის გადაადგილება. ამასთან, ზამთრის თვეა და ესეც ხელს უწყობს მიწის გადაადგილებას. ხალხი პანიკასა და შიშში ცხოვრობს.

გვჭირდება დახმარება, გვსურს საცხოვრებელი ადგილით დაკმაყოფილება, რათა მოხდეს ადამიანების სოფლის ტერიტორიიდან გაყვანა.

არავინ იცის, როდის მოხდება ტრაგედია. ახლა გვჭირდება დახმარება… თუ მოხდა შოვის მსგავსი ტრაგედია, შემდგომში გოდება, გლოვა და მისამძიმრება ნულის ტოლფასია. სიცოცხლეში დაგვიცავით და დაგვეხმარეთ, რათა გადავრჩეთ“ – ეს წერილი „ბათუმელებს“ ბუთურაულიდან მოსწერეს.

წერილის მიღების შემდეგ „ბათუმელები“ ბუთურაულელებს დაუკავშირდა.

46 წლის რომან დიასამიძის თქმით, მთელი სოფელი საფრთხეშია, თუმცა ყველაზე მწვავე მდგომარეობა იმ უბანშია, სადაც თვითონ, 5-სულიან ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

რომანის თქმით, ამ უბანში სულ 20 ოჯახია.

„ძალიან ცუდი მდგომარეობაა ჩვენთან. გასული წლის 13 მარტს გააქტიურდა მეწყრული პროცესები და მას შემდეგ გამგეობა და მთელი მათი სამყარო გვევაჭრება, არა დღესო, არა ხვალო, არა ქირით გაგიყვანთო…

ჩვენი უბანი განსაკუთრებულად ცუდ დღეში ვართ. აგერ, მეზობლის სახლი უკვე უნდა წაიქცეს, ისეთ დღეშია. კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. გამგებელს ვუთხარით, რიჟვაძესთან შეხვედრა გვინდაო და არ შეგვახვედრა.

გეოლოგი მამუკა ფუტკარაძე იყო ჩვენთან და დასკვნაც დაიდო, რომ გასასახლებლები ვართ აქედან. გეოლოგების დასკვნა არსებობს ამის შესახებ. გვითხრეს, სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორიაო, მაგრამ… გამგეობა გვევაჭრება და ვერ მივდივართ.

გვეუბნებიან, რომ [კომპენსაცია] წელს 40 000 ლარია და თუ მოიცდით, მომავალ წელს 50 000 ლარი იქნებაო. ჩვენ არც 40 ათასი ლარი გვინდა და არც 50 ათასი. ჩვენ გვინდა, რაც 5-სულიან ოჯახს ეკუთვნის, საცხოვრებელი სახლი უსაფრთხო ადგილზე. ეს ვუთხარით გამგებელს და ეს არ იქნებაო. არც რიჟვაძესთან გვიშვებს და საერთოდ არსად“, – ამბობს რომან დიასამიძე.

მისი თქმით, ოჯახების უმრავლესობა, რომლებიც ქირით გადავიდნენ ბუთურაულიდან, საცხოვრებლის ქირის თანხას თავად იხდიან.

მეწყრის მიერ დაზიანებული სახლი სოფელ ბუთურაულში

„ქირით წასული არიან და არაფერი გადაუხდიათ მათთვის. დღეს იქნება, ხვალ, ამ კვირაში, იმ კვირაში… 2 ოჯახს გადაუხადეს მხოლოდ ქირა და მორჩა.

არანაირი ყურადღება არ არის არც შუახევიდან, არც ბათუმიდან, არც თბილისიდან.

შოვში რომ მოხდა, ისე თუ მოხდება აქაც, მერე მათ მოსვლას რაღა აზრი ექნება? ავდარი იწყება, თოვლი და წვიმა წამოვა და სახლში ვერავინ დავიძინებთ“.

რომან დიასამიძის თქმით, როცა 112-იდან იღებენ შეტყობინებას – „იყავით ფრთხილად“, პანიკაში ვარდებიან და კიდევ უფრო ეშინიათ.

„ფურცელი გამოგვიგზავნეს გამგეობიდან, დატოვეთ სახლები და გადით ქირით საცხოვრებლადო. ქირით გავიდე, ვნახავ რამეს 500 ლარად?! შევაფარებთ თავს?!

ვართ შიშში, არ გვძინავს. ოჯახის წევრებიდან ერთი ყოველთვის ფხიზლადაა, თუ რაიმე მოხდება, გაიქცეს და სხვები გააღვიძოს.

სულ დახეთქილია მიწა, წყალი მოდის. ჩემი სახლის მისაღებში წყალი შემოდის. მისაღების კედლებიც დაბზარულია. ორი წელია გამგეობას ტრაქტორს ვთხოვ და არ მომცეს. წყლის ასაცილებლად მინდოდა ტრაქტორი ორი საათით და არ არის, გაფუჭებულიაო.

მინდა, ჟურნალისტები მოვიდნენ და სოფელი, ჩვენი უბანი გადაიღონ. მოსახლეობას გვკითხონ, რა მდგომარეობაში ვართ“, – გვეუბნება რომან დიასამიძე.

ბუთურაულის ამავე უბანში ცხოვრობს 18 წლის გიორგი დიასამიძეც.

გიორგის თქმით, მდგომარეობა, რომელიც ახლა მათ აქვთ, დღითიდღე რთულდება და ძალიან უჭირთ სიმშვიდის შენარჩუნება.

გიორგი ხუთსულიანი ოჯახის წევრია, სადაც 2 არასრულწლოვანია.

„მოსწავლეების სკოლაში სიარული, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი რისკია. ერთი წელია, რაც დავასრულე სკოლა, როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი, დიდი ნალექის მოსვლისას არ მივდიოდი, რადგან მეწყრის მეშინოდა.

დაახლოებით ერთი თვის წინ, სადაც ახლა სკოლაა, მიწის დიდი მასის გადაადგილება მოხდა. ეს პროცესი დროებით შეჩერებულია, მაგრამ უხვი ნალექი რომ მოვიდა, ამის გამო ისევ არის გააქტიურების მაღალი რისკი. რა დროს რა მოხდება, არავინ იცის“, – ამბობს გიორგი და დასძენს, რომ საღამოობით რაღაც გაურკვეველი ხმები ესმით მიწის სიღრმიდან და ვერ ხვდებიან, რა შეიძლება იყოს ეს.

„ბათუმელები“ ამ თემაზე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის უფროსს, მამუკა ფუტკარაძეს ესაუბრა.

„ჩვენი დასკვნის მიხედვით, სოფელ ბუთურაულში მცხოვრები ყველა ოჯახი ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას. მეწყერია იქ და მორჩა. მათი იქ ყოფნა, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია“ – გვითხრა მან. 

„ბათუმელები“ დღეს, 28 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიასთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. შუახევის მერიიდან კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

__________________

ფოტოზე: მეწყრული პროცესები ბუთურაულში. კადრები ვიდეომასალიდან, რომელიც „ბათუმელებს“ სოფლიდან მოაწოდეს.

უშვილობასთან ბრძოლის ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიები

დამხმარე Რეპროდუქტოლოგიური საშუალებები გასული საუკუნის ბოლოს დამკვიდრდა. ეს ინოვაციური სამედიცინო მიმართულება უნაყოფო წყვილებს საშუალებას აძლევს, გახდნენ მშობლები. Ბათუმში 4 წელია ებრაულ-ქართული სამედიცინო ცენტრი BIRTH-ი დაარსდა, რომელიც პაციენტებს გინეკოლოგიურ და რეპროდუქტოლოგიურ სერვისებს სთავაზობს. Კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელი რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგი ირინა ნიკურაძე გვესაუბრება ხელოვნური განაყოფიერების პროცედურებსა და პრევენციაზე.

– ირინა ექიმო, გინეკოლოგიაში მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ, მოგვიყევით, რას წარმოადგენს ამხმარე ეპროდუქტოლოგიური საშუალებები და რამდენად ხშირად არის მათი საჭიროება?

– საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით ყოველ მე-7 წყვილს სჭირდება დამხმარე Რეპროდუქტოლოგიური საშუალებები იმისათვის, რომ გახდეს მშობელი. Მას მიმართავენ, როდესაც ბუნებრივად განაყოფიერება გართულებულია ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა უნაყოფობა, მშობლის ასაკი ან სამედიცინო პირობები, რომლებიც გავლენას ახდენენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ის არ მოიცავს მხოლოდ ინ-ვიტრო განაყოფიერებას, არამედ შესაძლებელია ინსემინაციის თუ სხვა რეპროდუქტოლოგიური პროცედურების გამოყენება. ასეთ დროს Მნიშვნელოვანია ზუსტი დიაგნოსტიკა და სწორი დაგეგმვა, რაც ნამდვილად საუკეთესოდ ხდება ჩვენს კლინიკაში.

– რა პრევენციული მეთოდები არსებობს, რომელსაც შეიძლება წყვილმა წინმსწრებად მიმართოს?

– ჯანსაღი ცხოვრების წესი ერთგვარი პანაცეაა – სწორი კვება, ალკოჰოლისა და სიგარეტისგან თავშეკავება, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენცია და ორსულობის სწორად დაგეგმვა შვილოსნობის შანსს ზრდის. Ქალმა და მამაკაცმაც პერიოდულად უნდა ჩაიტარონ გინეკოლოგიური და უროლოგიური კვლევები. სასურველია თინეიჯერობის ასაკიდანვე მიეჩვიონ გოგონებიც და ვაჟებიც, რომ წელიწადში ერთხელ მაინც საჭიროა გამოკვლევა, მათ შორის სპერმოგრამა. თუ მცირედი პრობლემა გამოვლინდება, დროულად მოხდეს ჩარევა და გართულებების პრევენცია.

– რა პროცედურებს მოიცავს ინ-ვიტრო განაყოფიერება და თუ აქვს უკუჩვენებები?

– ინ-ვიტრო განაყოფიერება სხვა ინოვაციური სამედიცინო პროცედურების მსგავსია. ორივე მშობლის ბიოლოგიური მასალის გამოყენებით გავდივართ შემდეგ ეტაპებს:

ნაბიჯი 1: ოვულაციის სტიმულირება

ინ-ვიტრო  მოგზაურობა იწყება საკვერცხეების სტიმულაციით, სადაც ინიშნება საკვერცხეების მასტიმულირებელი მედიკამენტები, რათა წარმოქმნას მრავალი კვერცხუჯრედი ქალის ორგანიზმში.

ნაბიჯი 2: კვერცხუჯრედის ასპირაცია

მას შემდეგ, რაც კვერცხუჯრედები მიაღწევენ სიმწიფეს, ტარდება მცირე ქირურგიული პროცედურა, რომელიც ცნობილია როგორც კვერცხუჯრედის ასპირაცია. თხელი ნემსი გამოიყენება საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედების შესაგროვებლად, ულტრაბგერითი გამოსახულების ხელმძღვანელობით. მოპოვებული კვერცხუჯრედები მოთავსდება სპეციალურ ინკუბატორში.

ნაბიჯი 3: სპერმის შეგროვება

პარალელურად, პარტნიორის ან დონორის სპერმა გროვდება და მუშავდება ლაბორატორიაში, რათა განაყოფიერებისთვის შეირჩეს ჯანმრთელი და სიცოცხლისუნარიანი სპერმა.

ნაბიჯი 4: განაყოფიერება

Შერჩეული ჯანმრთელი კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი განაყოფიერდება მიკროსკოპული აპარატის ქვეშ ემბრიოლოგის მიერ. ეს შეიძლება მოხდეს ჩვეულებრივი განაყოფიერების გზით, სადაც სპერმატოზოიდები მოთავსებულია კვერცხუჯრედებთან ერთად, ან ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის (ICSI) მეშვეობით, მეთოდი, რომელიც გულისხმობს ერთი სპერმის ინექციას კვერცხუჯრედში.

ნაბიჯი 5: ემბრიონის კულტივაცია

განაყოფიერების შემდეგ ემბრიონების კულტივირება ხდება კონტროლირებად გარემოში რამდენიმე დღის განმავლობაში. ემბრიოლოგი აკონტროლებს მათ განვითარებას, ირჩევს ყველაზე ჯანსაღ ემბრიონს დედის საშვილოსნოში გადასატანად.

ნაბიჯი 6: ემბრიონის გადატანა

ბოლო ეტაპი გულისხმობს ერთი ან ორი ემბრიონის გადატანას ქალის საშვილოსნოში. როგორც წესი, ეს არის უმტკივნეულო პროცედურა, რომელიც ხორციელდება ანესთეზიის გარეშე. ემბრიონ(ებ)ი მიემაგრება საშვილოსნოს ლორწოვან გარსს, რაც გამოიწვევს წარმატებულ ორსულობას.

– Როდის უფრო მაღალია შანსი ან რა გარანტია არსებობს, რომ ბავშვი იქნება ჯანმრთელი?

– ინ-ვიტრო განაყოფიერება ამითაც გამოირჩევა, რომ ბუნებრივი განაყოფიერებისგან განსხვავებით გენეტიკური ტესტირების შანსი ჯერ კიდევ ემბრიონად ყოფნის დროს არის შესაძლებელი. ამისათვის ტარდება გენეტიკური კვლევები, ემბრიონიდან იღებენ 1 უჯრედს, ხდება მისი გამოკვლევა და დასკვნა იძლევა საშუალებას განისაზღვროს გენეტიკურად რამდენად ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანია ემბრიონი.

– რამდენად მნიშვნელოვანია ქალის ორგანიზმის ინფეციებზე გამოკვლევა და რა არის საშოს მიკროფლორს გამოკვლევის Femoflor მეთოდის უპირატესობები?

– Femoflor-ი არის მოწინავე მიდგომა ვაგინალური მიკროფლორის გამოკვლევისთვის PCR მეთოდით, რომელიც ეფუძნება მიკრობის ან ვირუსის DNM-ის აღმოჩენას საშოს სეკრეტში. იგი მოიცავს სხვადასხვა მიკრობული კომპონენტის ყოვლისმომცველ ანალიზს, რაც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ბაქტერიების ბალანსი და გამოვავლინოთ ნებისმიერი გადახრები ნორმიდან. საშოს მიკროფლორა გადამწყვეტ როლს ასრულებს ქალების რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში. დაბალანსებული მიკროფლორა ხელს უწყობს ინფექციების თავიდან აცილებას, ინარჩუნებს გარემოს მავნე ბაქტერიების თავიდან ასაცილებლად და ხელს უწყობს ვაგინალურ ჯანმრთელობას. ამ დელიკატური ბალანსის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პრობლემა, მათ შორის უნაყოფობაც.

და ბოლოს, ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიები საკმაოდ ძვირადღირებულია, ამ მხრივ რა შეღავათებს სთავაზობთ თქვენს პაციენტებს?

– ჩვენი კლინიკა ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში „უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“, სხვათა შორის, საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგები გვაქვს. Ამის გარდა, დამატებით ქართულ-ებრაული ფონდი ეხმარება წყვილებს და ვაძლევთ შესაძლებლობას, თანხა გადანაწილდეს რამდენიმე თვეზე, სანამ პროცედურები მიმდინარეობს. ესეც საკმაოდ დიდი შეღავათია და აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენთან პირველადი ანგარიშფაქტურა არ იცვლება, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია პაციენტისთვის.

კითხვების შემთხვევაში დაგვირეკეთ : 557 53 36 92

რა ხდება შტორმის შემდეგ ბათუმის ბულვარში | ფოტოამბავი

ბათუმის ბულვარში 27 ნოემბერს შტორმმა ინფრასტრუქტურა დააზიანა. რა ხდება დღეს, 28 ნოემბერს, ბათუმის ბულვარში? – ნახეთ „ბათუმელების“ ფოტორეპორტაჟი.

ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ. 28 ნოემბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ. 28 ნოემბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ. 28 ნოემბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ. 28 ნოემბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ. 28 ნოემბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ. 28 ნოემბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ. 28 ნოემბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ. 28 ნოემბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ. 28 ნოემბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ. 28 ნოემბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ. 28 ნოემბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ. 28 ნოემბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ. 28 ნოემბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ. 28 ნოემბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ. 28 ნოემბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

უკრაინის დაზვერვის სამმართველოს უფროსის ცოლი მოწამლეს – უკრაინული მედია

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილო ბუდანოვის ცოლი, მარიანა, მძიმე მეტალებით მოწამლეს. გამოცემის წყაროების ცნობით, ქალი ცოცხალია და მკურნალობის პირველი ეტაპი დაასრულა.

„უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ წყაროების თანახმად, ბუდანოვის ცოლი, სავარაუდოდ, საკვებით მოწამლეს.

„რადგან ბუდანოვის ცოლი გამხდარია, მასთან ეს უფრო სწრაფად გამოვლინდა. მოწამვლა კიდევ რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა, უბრალოდ, რადგან ისინი უფრო დიდი წონის არიან, ჯერ ვერ შენიშნეს მოწამვლის ნიშნები. მათაც მკურნალობენ“ – ციტირებს „უკრაინსკა პრავდა“ წყაროს.

„ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, ბოლო 7 წლის განმავლობაში ბუდანოვის ლიკვიდაცია რუსეთმა 10-ჯერ მაინც სცადა. მისი მოკვლა პირველად 2016 წლის აგვისტოში სცადეს, როდესაც დროებით ოკუპირებულ ყირიმში ФСБ-ს პოლკოვნიკი მოკლეს.

ბათუმში გამოავლინეს კვების 9 ობიექტი, სადაც ქართული მენიუს გარეშე მუშაობენ

„კვების ობიექტებში შესულ მომხმარებლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიეღოთ ინფორმაცია… საცნობარო [კვების] მენიუ შედგენილი და განთავსებული იყო მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე,“ – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ დღეს, 28 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკურენციის სააგენტომ ბათუმში კვების 9 ობიექტს დარღვევა დაუდგინა და მოვაჭრეებს დაავალა, ერთ თვეში სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კონკურენციის სააგენტომ 11 ობიექტში შეისწავლა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტები. დარღვევა 9 ობიექტს დაუდგინდა.

„სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალებიდან დადგინდა, რომ შპს „ქიზილ 2023“-ის, შპს „გრილ ფუდის“, შპს „ჰარვიდენტის“, შპს „დარიას“, ი/მ ანდრეი ხარბედიას,  ი/მ ვლადისლავ კირიაკოვის, ი/მ ალექსანდრ ვასილევის, შპს “ინვესტ ინ ჯორჯიას” და ი/მ მარია კალუსტიანის კუთვნილ ობიექტებში საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილი და განთავსებული იყო მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე.

ამასთან, შპს „დანოს“ და შპს „მაქსი სედვიჩ ჩიქენის“ მხრიდან ზემოხსენებული დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა.

საკითხის შესწავლის პროცესში, რელევანტური გარემოებების დადგენა-დაზუსტების მიზნით, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობისთვის,  შპს „გრილ ფუდს“ და შპს „ჰარვიდენტს“ ჯარიმა დაეკისრათ, თითოეულს 500 ლარის ოდენობით. დღეის მდგომარეობით, შპს „გრილ ფუდის“ მიერ ხსენებული ჯარიმა გადახდილია,“ – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსულენოვან ბარებზე, სადაც მომსახურებას სტუმრები ქართულ ენაზე ვერ იღებდნენ, „ბათუმელები“ 2023 წლის ივლისში წერდა.

ამავე თემაზე: 

რა ხდება ბარებში, რომლებიც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა გახსნეს ბათუმში – VIDEO

ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეებში, 427 აბონენტს გაზი შეუწყდება

„სოკარის“ ცნობით, 30 ნოემბრის 12:00 საათიდან 30 ნოემბრის 18:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაქიძეებში 427 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება.

კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.

„ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება და სრულად აღდგება 30 ნოემბრის დღის ბოლომდე“ – იუწყება „სოკარი“.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ქალი ხულოდან, რომელიც სოკოს მოყვანას გეგმავს – „მიყვარს ბრძოლა“

დღეს 43 წლის გულნარა ლაბაძეზე გიყვებით. ის ხულოს სოფელ უჩხოში ცხოვრობს. გულნარას შვილები თბილისსა და ბათუმში ცხოვრობენ, მან კი სოფელში დარჩენა ამჯობინა და მარტო ცხოვრობს.

ქალის თქმით, ხულოს მკაცრი ზამთრის პირობებში მარტო ცხოვრება ძალიან რთულია.

„ხშირად ვგრძნობ დაღლას, მაგრამ არ მინდა, რომ ამას შევეგუო. 43 წლის ვარ. რა დროს დაღლაა ჯერ?“ – ამბობს გულნარა.

გულნარა სულ მალე კალმახა სოკოს სათბურს მოაწყობს უჩხოში, რაზეც წლებია ოცნებობდა და აქამდე ვერ მოახერხა, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი სივრცე: „ხის სახლი მაქვს და ეს სივრცე არ გამოდგებოდა სოკოს ტომრების განსათავსებლად, რადგან მათ ტენიანობა სჭირდებათ“.

„ახლა სარდაფი მაქვს აშენებული, სადაც შესაძლებელია სოკოს ტომრების განთავსება და ჩემი იდეის განხორციელება. ვიწყებ რესურსების შემოკრებას და სადღაც იანვრის ბოლოს, თებერვლის პირველ ნახევარში უნდა მქონდეს მზა სოკო სარეალიზაციოდ.

კალმახა სოკოსა და შამპინიონის წარმოებას ვაპირებ. ძირითადად მაინც კალმახა სოკო მექნება“, – გვიყვება გულნარა.

გულნარამ ხულოს ქალთა ოთახის პროექტის ფარგლებში 4800 ლარის დაფინანსებაც მიიღო, რითაც სოკოს 100 ტომრის შეძენას გეგმავს. მას ზუსტად აქვს გათვლილი ყველა ნაბიჯი.

სოკოს წარმოებაზე გულნარამ ბევრი არაფერი იცოდა, მხოლოდ სოკოს ტყეში დაკრეფის, დაკონსერვებისა და გაყიდვის გამოცდილება ჰქონდა. ინტერნეტში ხვდებოდა ხოლმე სახლში წარმოებული სოკოს შესახებ ინფორმაცია, რითაც ძალიან დაინტერესდა და ახლა უკვე თვითონ იქნება მწარმოებელი.

„მარტოხელა ქალი ვარ და სოფლის პირობებში ვცხოვრობ. შეშაც უნდა მოვიკრიბო, მოსავალიც უნდა დავაბინაო… ამიტომ მალევე ვერ დავიწყე სოკოს საკითხებზე ზრუნვა. თან მასწავლებელი ვარ და ხულოს კოლეჯშიც ვმუშაობ.

მალე ვიყიდი და დავამონტაჟებ ყველა საჭირო ინვენტარს. ამ საქმეში გამოცდილ ადამიანებთან გავიარე ონლაინკონსულტაცია, მქონდა სატელეფონო საუბარიც და თეორიულად ბევრი რამ ვიცი უკვე. ისიც ზუსტად ვიცი, თუ რა მინდა. პირველ ეტაპზე სოკოს ტომრების განთავსება ჩემთვის პრაქტიკული გამოცდილება იქნება.

ზამთრის პერიოდი დამემთხვა და შეიძლება რაღაცები ისე ვერ წავიდეს, როგორც ვგეგმავ, მაგრამ როცა პირველ ეტაპს გავივლი, რასაც გამოცდის ეტაპს ვეძახი და რომელიც აუცილებლად უნდა ჩავაბარო, შემდეგ დავასაქმებ ჩემს 2 მეზობელსაც“.

გულნარამ ზუსტად იცის, სად უნდა შეიძინოს სოკოს წარმოებისთვის საჭირო ტომრები.

„საწყის ეტაპზე 100 მზა ტომარას განვათავსებ ეტაპობრივად, რომ თანდათან დავკრიფო სოკოც. ჩემი რეალიზების არეალი ხულოს მუნიციპალიტეტი და ადგილობრივები იქნებიან. იმ შემთხვევაში, თუ სოკოს რეალიზება ცოცხალი სახით ვერ შევძელი, დავაკონსერვებ. ამ შემთხვევაში შევძლებ ბათუმში და სხვა მუნიციპალიტეტებში მის რეალიზებას.

საკმაოდ რთული საქმეა, ადგილზე წარმოება სულ სხვა ძალისხმევას მოითხოვს. მეშინია ცოტა, მაგრამ თან პრინციპულად მინდა, რომ ბოლომდე მივყვე ჩემს დასახულ მიზანს და სოკო გავიტანო ადგილობრივ ბაზარზე“, – გვეუბნება გულნარა.

ქალი გაზაფხულზე ჟოლოს ბაღის გაშენებასაც აპირებს, 200-300 ძირი მინდა დავრგოო – ამბობს.

გულნარას 3 შვილი ჰყავს, ისინი თბილისსა და ბათუმში ცხოვრობენ, მისი ქმარი სამი წლის წინ გარდაიცვალა. ქალის თქმით, თავად ვერ აუწყო ქალაქში ცხოვრებას ფეხი და სოფელში დარჩენა ამჯობინა.

„ჩემს სოფელში ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს და აქაური ბუნებაც მიყვარს, თუმცა გასულ წელს იმდენად მკაცრი ზამთარი იყო… თვითონ ვებრძოდი ამ ყველაფერს. გასულ წელს პირუტყვიც მყავდა. მე ვაკეთებდი ყველაფერს, სახურავის გადმოთოვლა იყო ეს თუ რამე სხვა.

შეშა შეკვეთით მოვატანინე. ზოგი შვილებმა, ზოგი მეზობლის ბიჭებმა დამიხერხეს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დაასრულეს და მე დავასრულე ეს საქმე.

წელს გავყიდე პირუტყვი. სოფლის მეურნეობას აქამდეც ვეწეოდი. სარეალიზაციო კარტოფილი, სიმინდი, ლობიო მომყავს“.

ჩვენთან საუბრისას გულნარა ახალგაზრდობის წლებსაც იხსენებს.

„17 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი. ეს საკუთარი ნებით არ ყოფილა. მაშინ მოტაცება იყო. ასე შეიქმნა ჩემი ოჯახი, თორემ მე სწავლა მინდოდა, სამართალზე მინდოდა ჩამებარებინა. სულაც არ მინდოდა პედაგოგიური, მაგრამ 90-იანების ბნელი პერიოდი დამემთხვა სტუდენტობისას, როცა ბევრ ახალგაზრდას არ დაუფასდა შრომა და ნიჭი.

დაქორწინებიდან მალევე შემეძინა შვილები. მათ ყურადღება სჭირდებოდათ და არავინ მყავდა დამხმარე. ვერც ქმარი მეხმარებოდა შვილების გაზრდაში ისე, როგორც საჭირო იყო.

ხულოში ანდრია პირველწოდებულის სახელობის კოლეჯი დავამთავრე, დაწყებითების სპეციალობით. მწარედ მახსოვს, რომ უნივერსიტეტში უფულობის გამო ვერ ჩავირიცხე. ცოდნას არავინ უყურებდა, მთავარი  იყო ფული.

ბევრი ვიბრძოლე. მიყვარს ბრძოლა. 

კოლეჯმა ვერ მომცა საფუძვლიანი ცოდნა, ჩემით ვცდილობდი მის შევსებას. დღესაც კი, ყველა საინტერესო ტრენინგს თუ სხვა სახის შემეცნებით შეხვედრას ვესწრები ცოდნის გასაღრმავებლად.

კომპიუტერული უნარები რომ შევისწავლე, სამი შვილი მყავდა და 2 სკოლაში ვმუშაობდი. 5 კილომეტრის დაშორებით იყო მეორე სკოლა. იქაც რომ დავასრულებდი გაკვეთილების ჩატარებას, შემდეგ დაბა ხულოში გავრბოდი ლექციების მოსასმენად.

მიხარია, რომ ეს გავაკეთე, თუმცა ძალიან დიდი მსხვერპლიც გავიღე. ჯანმრთელობაზეც დამეტყო. ამხელა თოვლი. ბევრჯერ გავცივებულვარ გზაში.

სტიმულს ის მაძლევს, რომ შვილები მყავს და მინდა მათ ძლიერი დედა ჰყავდეთ, მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტი მაქვს. არ მინდა, რომ ამ დაავადებამ დამიმორჩილოს, მინდა,  მე დავიმორჩილო ის.

მინდა, აქტიური ვიყო. შვილების გაზრდის პერიოდში ბევრ რამეს ჩამოვრჩი. ყველაფერს მე ვაგვარებდი, ყველა საქმე ჩემი გასაკეთებელი იყო, შემოტანაც და გატანაც.

მართალია, ქმარი მყავდა მაშინ, მაგრამ ის სხვა საკითხებში იყო ჩართული. რა დროც დავკარგე ამ ყველაფერში და ჩემი ნიჭი, შემართება ვერ დავხარჯე, მინდა, რომ ახლა გამოვიყენო და ვიყო ერთ-ერთი წარმატებული ქალი“, – მეუბნება გულნარა და დასძენს, რომ ნებისმიერი სახის პირადი შემოსავალი ქალისთვის უმნიშვნელოვანესია და არ აქვს მნიშვნელობა, ის სოფელში ცხოვრობს თუ ქალაქში.

„ქალებს არავინ უშლით დასაქმებას ხულოში, მაგრამ სად უნდა დასაქმდნენ?! საკმარისი დასაქმების ადგილების შექმნაა საჭირო“ – ამბობს გულნარა.

მისი თქმით, ხულოში მცხოვრები ქალების უმრავლესობამ ვერ შეძლო განათლების მიღება ნაადრევი ქორწინებისა და სხვა მიზეზების გამო, რის გამოც ისინი პირადი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„ძალიან განვიცდი მათ ამბავს და ვგულშემატკივრობ ასეთ ქალებს, რადგან ქალისთვის საკუთარი შემოსავლის ქონა ძალიან ბევრს ნიშნავს. მინდა ვუთხრა ქალებს, ნუ დაკმაყოფილდებიან დღევანდელით და ყოველთვის იყვნენ მომავლის მხარეს.

არ უნდა მოვდუნდეთ ქალები, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ დრო, ვიბრძოლოთ, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მნიშვნელობა.

ჩემს გოგო შვილსაც სულ იმას ვეუბნები, რომ პირადი შემოსავალი გაიჩინოს ჯერ და შემდეგ შექმნას ოჯახი. შესაძლოა ისეთი ქმარი გყავდეს, რომ ყველაფრით უზრუნველყოფილი იყო, მაგრამ საკუთარი შემოსავალი მნიშვნელოვანია, სოფელში – განსაკუთრებით“.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 326 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860]
  • ტანკი – 5 523 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 10 285 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 7 876 ერთეული [+1]
  • MLRS – 907 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 597 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 905 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 565 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 302 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 1 113 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 542 თვითმფრინავი
  • 255 ვერტმფრენი
  • 9 263 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 659 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 185 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 194 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 698 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

როგორია ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნები ბავშვებში – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

ნაადრევი პუბერტატი ნიშნავს სქესობრივ მომწიფებას, რომელიც ჩვეულებრივზე ბევრად ადრე იწყება. „მედცენტრის“ ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ლია კაკაურიძე ამბობს, რომ მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნაადრევი პუბერტატის ნიშნების ცოდნა.

  • ქალბატონო ლია, რას ნიშნავს ნაადრევი პუბერტატი?

პუბერტატი არის სქესობრივი მომწიფება გარდატეხის ასაკში, ეს ინდივიდუალურია ყველასთან და შესაძლოა ვარირებდეს გარკვეული ასაკის ფარგლებში. ნორმის ფარგლებში გოგონებში პუბერტატი იწყება 9-11 წლიდან და გრძელდება 15-17 წლამდე, ბიჭებში უფრო გვიან იწყება, 11-12 წლის ასაკში და შესაბამისად, მთავრდება უფრო გვიან – 16-17 წლის ასაკში.

ამ ვადებზე უფრო ადრე დაწყებული სქესობრივი მომწიფება უკვე მიიჩნევა ნაადრევად. 

  • როგორია ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნები?

სიმპტომებს წარმოადგენს მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება. გოგონებში ეს ნიშნებია თმიანობა, სხეულის ფორმების შეცვლა – მკერდის გაზრდა და მენარქე ანუ პირველი მენსტრუაცია. ბიჭებში მეორადი სასქესო ნიშნების განვითარების ნიშნებია: თმიანობა [თავიდან სახეზე, ზოგჯერ – მკერდზეც], ხმის დაბოხება და კუნთოვანი მასის მატება.

MayoClinic: ნაადრევი პუბერტატის სხვა ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: აკნეს, ზრდასრულებისთვის დამახასიათებელი სხეულის სუნსა და ზრდის ტემპს. გოგონებთან ეს ნიშნები შეიძლება იყოს: მკერდის ზრდა, მენსტრუაცია, თმიანობა ბოქვენისა და იღლიის მიდამოში. ნაადრევი პუბერტატის ნიშნები ცალკეულად ბიჭებში მოიცავს: ხმის დაბოხებას, თმის ზრდას სახეზე, ბოქვენისა და იღლიის მიდამოში, სასქესო ორგანოს ზრდას ზომაში და კუნთობრივი მასის ზრდას.

  • რამდენად გამოხატულია ოფლიანობა ამ დროს?

დიახ, ოფლიანობის მომატება შესაძლოა აღინიშნებოდეს ნაადრევი პუბერტატის დროს, მაგრამ ვთვლი, რომ სუნი მაინც უფრო დაკავშირებულია იმ საკვებთან, რასაც ბავშვი მიირთმევს, უშუალოდ სუნი დამახასიათებელი სიმპტომი არ არის ნაადრევი პუბერტატისთვის. 

ოფლიანობა შეიძლება მომატებული იყოს იმ შემთხვევაში, თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია არის მომატებული და ამის ფონზე არის ნაადრევი სქესობრივი განვითარება.

ოფლიანობის ნიშანი ასევე შეიძლება იყოს D ვიტამინის ნაკლებობაც და ეს ძალიან ხშირია. 

ამიტომ საჭიროა გამოკვლევა და შევსება დანაკლისის. უნდა აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებით პუბერტატულ და პოსტპუბერტატულ პერიოდში მოზარდის ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების საჭიროება იზრდება.

  • რამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი პუბერტატი?

რა თქმა უნდა, როცა ნაადრევი მომწიფების ნიშნებით მოგვმართავს მშობელი და მოჰყავს ბავშვი, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა გამოკვლევების და პირველ რიგში ვიწყებთ ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევით, ხომ არ არის მისი ფუნქცია არის მომატებული, შეიძლება ამან გამოიწვიოს ნაადრევი განვითარება.

მეორე არის ჰიპოთალამუს – ჰიპოფიზური სისტემის რაიმე პათოლოგია. ეს არის თავის ტვინის ფუძის ქვემოთ არსებული ორი პატარა ჯირკვალი.

ვიკვლევთ ზრდის ჰორმონს, სასქესო ჰორმონს [საკვერცხეებში გამომუშავდება ესტროგენი, სათესლე ჯირკვლებში კი – ტესტოსტერონი]. გარდა ამისა, ხდება ჰიპოფიზის მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა, რომ დავადგინოთ, ხომ არ ფიქსირდება რაიმე პათოლოგიური ცვლილება. ეს შეიძლება იყოს სიმსივნე, შეიძლება იყოს რაიმე ნეიროინფექციის გადატანის შემდეგი მოვლენები და შეიძლება იყოს გადატანილი სტრესის შედეგადაც.

მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს თირკმელზედა ჯირკვალი, კერძოდ, მისი პათოლოგიები.

ზოგჯერ [სასქესო ჰორმონების ნაადრევად წარმოქმნის დაწყების] მიზეზი ადგილობრივი პრობლემაა. როცა არის რომელიმე სასქესო ორგანოს პათოლოგია, მაგალითად, ბიჭებში ხშირად არის კრიპტორქიზმი, როდესაც ერთი ან ორი სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში სათანადოდ ან საერთოდ არ არის ჩამოსული. თუ ეს დროულად არ იქნა დიაგნოსტირებული და დროულად არ ჩატარდა ოპერაციული მკურნალობა, სათესლე ჯირკვალი დიდხანს რჩება მუცლის ღრუში და სითბოში გადაგვარდება, ესეც იწვევს ჰორმონალურ მოშლას.

გოგონებთან შეიძლება იყოს საკვერცხის პოლიკისტოზი.

  • როგორია და რამდენად ეფექტურია მკურნალობა?

როცა დიაგნოზს დავსვამთ, მკურნალობა შესაბამისი მედიკამენტით, რა თქმა უნდა, ეფექტურია. ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ დიაგნოსტირებას. მკურნალობა ძირითადად მედიკამენტურია, ეს არის ჰორმონალური პრეპარატები.

მენსტრუაციის ნაადრევად მოსვლის შემდეგ ფერხდება სიმაღლეში ზრდა, ფიზიკური განვითარება და ხშირად მოზარდი რჩება დაბალი ტანის, ამიტომ მკურნალობის პროცესში ვმართავთ ბავშვთა გინეკოლოგიასაც.

„მამამ მიგვატოვა, არავინ გვყავს, რომ დაგვეხმაროს“ – ქალი შვილის გადარჩენას ითხოვს

„ჯერ სახეში დამარტყა, მერე თმაში წამავლო ხელი და თმით მითრია. მაშინ ოთხი თვის ფეხმძიმე ვიყავი. ამის შემდეგ კიდევ იძალადა ჩემზე“, – ამბობს 31 წლის ქალი „ბათუმელებთან“, რომლის რეალურ სახელს მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ. 

ხატია (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ ქმრის გარდა, სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა დედამთილისა და მულისგანაც. „აღარ მინდა სოციალურ ქსელებში შემომივარდნენ და აქაც მომაყენონ შეურაცხყოფა“, – გვეუბნება ქალი.

ოჯახი თავდაპირველად ხულოს ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. თუმცა შემდეგ ბათუმში ნაქირავებში გადმოვიდნენ საცხოვრებლად.

„მოგვიანებით ქალაქთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში ემიგრანტმა დაგვითმო სახლი და იქ ვცხოვრობდით. მთავარია, სახლს მიმიხედოთო, გვითხრა და ქირას აღარ ვიხდიდით“, – გვეუბნება ხატია.

მას შვილი სამი თვის წინ შეეძინა, თუმცა ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია და კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

დედა ამბობს, რომ ზუსტ დიაგნოზს ვერ ეუბნებიან, ამიტომ შვილის თურქეთში გადაყვანა სურს.

„თავიდან სხვადასხვა ვერსია იყო, ჯერ ფილტვი არ ეხსნებაო – მითხრეს, ახლა მეუბნებიან, თავზე აქვს დაზიანებები, ჟანგბადი არ მიეწოდებაო. სავარაუდოდ, სტრესული ორსულობის შედეგიაო.

ჩემი შვილის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადავიყვანო თურქეთში, თუმცა ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. ძალიან ვთხოვ საზოგადოებას, რომ დამეხმაროს, არავინ მყავს. მეც და ბავშვიც მიგვატოვეს“, – ამბობს ხატია.

მისი თქმით, მეუღლესთან კონფლიქტის მიზეზი ის იყო, რომ მას ქმარი ყოველთვის  ფულს სთხოვდა.

„ხან მუშაობდა, ხან – არა. ბოლოს ჩვენი კონფლიქტის მიზეზი ის იყო, რომ თამაშობდა და რასაც იშოვიდა, სულ კაზინოში ყრიდა.

სახლში მხოლოდ მე ვმუშაობდი და ჩემს კისერზე იყო ყველაფერი, კომუნალური გადასახადები, საჭმელი, ყველაფერი მე მომქონდა. სიგარეტის ფულსაც მე მთხოვდა და ამაზე ვჩხუბობდით“, – ამბობს ხატია.

მისი თქმით, როცა მას პირველად სცემა, მეორე დღეს, სამსახურში ყოფნის დროსაც უგზავნიდა მუქარის შეტყობინებებს. „მოგკლავო მწერდა“, – გვეუბნება ხატია.

ქალმა პოლიციას მიმართა და მუქარის წერილებიც აჩვენა.

„განყოფილებაში ყოფნის დროსაც დამირეკა და მემუქრებოდა. პოლიციელებმაც მოისმინეს მუქარის სიტყვები და დააკავეს. ორი დღე იყო დაკავებული. შემაკავებელი ჰქონდა დედამთილსაც, მაგრამ შემდეგ დედამთილი, მული მაიძულებდნენ განცხადება გამომეტანა. მაინც არავინ გყავს და სულ მარტო დარჩებიო.

მეც გამოვიტანე განცხადება.

ეს იყო მარტში. მერე თითქოს ნორმალურად მიდიოდა ყველაფერი, მაგრამ ორი თვის შემდეგ ისევ მოუხშირა თამაშს და დაიწყო ფულის თხოვნა და ისევ დაიწყო უსიამოვნებები“, – გვიყვება ხატია.

ქალის თქმით, ზაფხულში ჯერ მისი დედამთილი წავიდა სახლიდან, შემდეგ კი მისი გერი (ქმრის შვილი პირველი ქორწინებიდან) და ბოლოს – ქმარიც.

„მითხრა, რომ ბახმაროში აპირებდა წასვლას და მუშაობას. ორსულ ქალს მარტო როგორ მტოვებთ-მეთქი, მაგრამ არაფერი გიჭირსო – მითხრა და წავიდა.

არ მირეკავდა, ათ დღეში ერთხელ შეტყობინებას თუ გამომიგზავნიდა. მაღაზიაში ვიყავი, როცა მშობიარობა დამეწყო და არავინ იყო ჩემ გვერდით. მეზობელი დამეხმარა და სამშობიაროში მიმიყვანა.

ჩემს ქმარსაც მისწერეს, უთხრეს, რომ ახალშობილი რეანიმაციაში იყო, მაგრამ არ მოვიდა. არც ნახა, არც მოიკითხა. არავინ მოსულა ჩემი და ბავშვის სანახავად. ცოცხალი ვიყავით თუ არა, არავინ დაინტერესებულა“, – გვეუბნება ხატია.

ცოტა ხნის წინ მან გაიგო, რომ დედამთილი თურქეთში წასულა, ქმრისგან კი მხოლოდ ერთი შეტყობინება მიიღო – „საქართველოდან მივდივარ“.

„როგორც მითხრეს, გერმანიაში წავიდა. მე და ჩემი შვილი კი სრულიად მარტოდ დაგვტოვა“, – ამბობს ხატია. ამბობს, რომ შვილის გარდა არავინ ჰყავს, ოჯახის არც ერთი წევრი, ვინც მასზე იზრუნებს და დაეხმარება შვილის მკურნალობაში, ამიტომ ის საზოგადოებას სთხოვს სამი თვის დემეტრეს გადარჩენაში დახმარებას.

ახალგაზრდა ქალმა ბავშვის ნათლიის საბანკო ანგარიშების გამოქვეყნება გვთხოვა.

________________________________________

თუკი გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ ახალგაზრდა დედას შვილის გადარჩენაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ მისამართზე:

თიბისი – GE32TB7010945164300002

საქართველოს ბანკი – GE71BG0000000020218600

მიმღები: ინდირა მოწყობილი

„არ ინერვიულოთ თქვენ, კუნძული აშენდება“ – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციას

„კუნძული აშენდება, მაგაზე არ ინერვიულოთ თქვენ.“ – უპასუხა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ საკრებულოს წევრს ოპოზიციიდან, თეკლა კავაზაშვილს, მას შემდეგ, რაც მან შტორმით გამოწვეულ პრობლემებზე, განსაკუთრებით კი სარფის სანაპიროს დაზიანებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ვნახოთ.“ – ასეთი იყო თეკლა კავაზაშვილის პასუხის პასუხი. მანამდე მან სარფის სანაპიროზე შტორმის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა.

თეკლა კავაზაშვილის ინფორმაციით, სარფში ზღვასთან ახლოს, მშენებარე კორპუსის მეორე სართულამდე აღწევს ტალღა, თან დიდი ზომის ქვებს ისვრის.

„დაწყებული სარფის სანაპიროდან ახალი ბულვარის ჩათვლით გზის პირას, მთელი ინფრასტრუქტურა მოშლილია. ასვე  კვარიათის ბოლოს შენდება კორპუსი, რომელზეც ნებართვა გაცემულია. ახლა როცა შტორმია იქ მეორე სართულამდე აღწევს ტალღა. მაინტერესებს, როდესაც გავცემთ ამ ნებართვებს, რატომ არ ვითვალისწინებთ, რომ ეს არის ბუნება, რომელიც ყოველთვის წაიღებს თავისას. როგორ შეიძლება ავაშენოთ კორპუსი ზღვაში, როცა ვიცით, რომ შტორმის დროს ზღვა საფრთხეს შეუქმნის იქ მაცხოვრებლებს. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ გახვიდეთ და ნახოთ, საშინელი მდგომარეობაა. და გვინდა კუნძული ავაშენოთ, რა ვიცი მისახედი ამბავია“, – განაცხადა თეკლა კავაზაშვილმა სხდომაზე.

თეკლა კავაზაშვილი საუბრობდა სასტუმრო „პანორამა კვარიათის“ მიმდებარედ დაწყებულ მშენებლობაზე, სადაც მშენებლობის დასაწყებად ტერიტორია გათხარეს. ნაკვეთის ზედა ნაწილში სატრანსპორტო გზა გადის.

ზედხედი
იგივე ადგილი შტორმის დროს

ადგილზე გამოკრული ბანერის მიხედვით, მშენებლობის დამკვეთი შპს „ახალი ჯგუფია“, მშენებელი კი – „ანაგი“. აქ მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა გასულ წელს გასცა.

რენდერის მიხედვით, სასტუმრო 6-სართულიანი იქნება. სამშენებლო მიწის ნაკვეთი 1272 კვ მეტრია.

საინფორმაციო დაფა

სარფის სანაპიროს თითქმის მთელი პერიმეტრი და იქ არსებული ინფრასტრუქტურა შტორმაა დააზიანა, ლოდები კი საავტომობილო გზებზეც დატოვა.

ბევრმა ემიგრანტმა ქალმა თავისი გაკეთებული რემონტი თვალითაც ვერ ნახა – ისინი გადავასვენეთ

ნინო ჩოგოვაძე პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. უმაღლესი განათლება ქუთაისში მიიღო, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. 90-იანი წლების მიწურულს საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წავიდა.

ის ე.წ. პირველი თაობის ემიგრანტია. განსხვავებით დღევანდელი ემიგრაციული ტალღისა 90-იანებში საქართველოდან წამსვლელები ტოტალურ შიმშილს, ომს, კრიმინალს და სრულ უიმედობას გაურბოდნენ.

„ანდაზის მიხედვით წყალწაღებული ხომ ხავსს ეჭიდებოდა, მე ის მოსაჭიდებელი ხავსიც არ მქონდა,“ – უყვება ნინო ჩოგოვაძე „ბათუმელებს“ იმ ბნელ წლებზე, როცა საკუთარი სახლის, შვილის და ქვეყნის დატოვება მოუწია თავის და ოჯახის გადასარჩენად.

„31 წლის ასაკში მომიწია ქვეყნის, ქალაქის და ოჯახის დატოვება. ბევრი ემიგრანტი ადამიანის წასვლის მიზეზი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ჩემიც მათ შორის, თითქმის იდენტურია.

ასეთი ტერმინი დავამკვიდრე ჩემს მეგობრებში. 90-იანი წლებში საქართველოში დაიწყო ე.წ ქარავანიზაცია. ქარავანი დაიძრა ქვეყნიდან, ეს იყო პურის ფულის მშოვნელთა საზოგადოება. სამწუხაროდ, ამ ქარავანში 70 % გახლდა ქალი. ერთ-ერთი მსხვერპლი ამ ქარავანიზაციის გავხდი მეც. ჩემი მთავარი მიზანიც იყო პურის ფულის შოვნა,“ – იხსენებს ნინო.

ნინო ჩოგოვაძე დეტალურად გვიყვება ჩაბნელებულ, უღარიბეს ქალაქში ცხოვრების წლებზე. დღეებზე, როცა საარსებო წყაროს უშედეგოდ ეძებდა. თავისი გაჭირვების აღსაწერად ნინო ერთ ეპიზოდს იხსენებს. როცა მისი შვილი 6 წლის გახდა, სკოლაში ვერ შეიყვანა, რადგან არ ჰქონდა საშუალება, რომ ბავშვისთვის საჭირო ნივთები – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა და წიგნები ეყიდა. მეორე წელს, როცა უკვე 7 წლის გახდა, ვერც მაშინ შეიყვანდა მისი მეგობარი, რომ არ დახმარებოდა და სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი არ ეყიდა.

უნივერსიტეტში საუკეთესო სტუდენტი იყო. სწავლის პერიოდში ზედმეტსახელი მქონდა „გუგას დედა“, რადგან ლექციებზე თავის პატარა შვილთან ერთად დადიოდა.

„ზოგჯერ ბავშვს დაცვის თანამშრომლებსაც კი ვუტოვებდი, როცა სხვა გამოსავალი არ მქონდაო,“ – იხსენებს. წლების შემდეგ, ფიქრობს, რომ თავის ქალაქში რომ დარჩენილიყო, ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი იქნებოდა, თავის სათქმელს იტყოდა. თუმცა სულ სხვანაირად გამოვიდა.

„1999 წლის 8 ივლისს გავიდა მატარებელი ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან. როცა მატარებელი დაიძრა, გამცილებლებს გამოეყო გუგა, რომელიც იყო ცხრა წლის და ვიდრე მატარებელი არ დაიმალა, მორბოდა. ასე მოხდა. ახლაც ემოციების გარეშე ვერ ვიხსენებ ამ ამბავს. ჩემი შვილი ვნახე 11 წლის, 2 თვის და 5 დღის შემდეგ,“ – ამბობს ნინო.

ნინოს თქმით, ემიგრაციის პირველი წლები რთული იყო.

„ეს იყო ოჯახების გახლეჩის და დანაკუწების ეპოქა, რომელიც აზიანებს ურთიერთობებს, აზიანებს ფსიქიკას… ყველაფერს აზიანებს.

მერე წამომეწია სკაიპი და გავხდი „სკაიპის დედა“. ასეთი სენტიმენტებით ვიცხოვრეთ წლები. ბევრი წლის შემდეგ გუგა ჩამოვიყვანე. მერე დედაჩემი ჩამოვიყვანე და აღარ ვარ მარტო, მაგრამ იცით რაშია საქმე? სულ ვაკეთებ შედარებას მაუგლისთან.

მაუგლიმ ვერ მოახდინა ადაპტირება ადამიანებთან? იმიტომ, რომ მან განვითარების ყველა ეტაპი გამოტოვა. ასევეა ემიგრაციის წლები, როდესაც ბავშვები არიან უდედოდ. შენ ეს  გამოტოვე, მორჩა, დამთავრდა.

შეიძლება პირდაპირ არ გითხრას. ჩემი შვილი მე ამას არ მეუბნება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ქვეცნობიერში აქვს ეს ფრაზა –  „დედამ მიმატოვა“. ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩემი შვილი 24 საათი მუშაობს თავის შვილებისთვის – რომ სწავლის ფული გადაიხადოს, სამედიცინო დაზღვევა ჰქონდეთ ბავშვებს, თავად გამოცადა ყველაფერი და იცის“.

  • ემიგრანტები, როგორც აქტიური მოქალაქეები

„ძალიან არ მიყვარს ფრაზა – „არ ვერევი პოლიტიკაში, რა ჩემი საქმეა პოლიტიკა“. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ პოლიტიკა ზუსტადაც ჩვენს ცხოვრებაზე აისახება. ჩვენ მივდივართ არჩევნებზე, ჩვენ ვქმნით პოლიტიკურ ამინდს, ჩვენ ვუქმნით ჩვენს შვილებს იმ გარემოებას, რომელშიც მათ უნდა იცხოვრონ. თითოეული ვართ ჩვენი შვილების მომავლის შემქმნელები.

მარტო ის არაა, რომ მე ვთქვათ საბანკო ანგარიში მაქვს გახსნილი ჩემი შვილიშვილისათვის და კოლეჯის თანხას ვაგროვებ. გამიმართლა, რომ კარგ ქვეყანაში ვარ და ამას მოვახერხებ. მშვენიერი და გადასარევია, მაგრამ მარტო ეს არ კმარა. პოლიტიკაა ის, რომ ბავშვს სამოქალაქო ღირებულებები ასწავლო და არა ის ჩოხა ჩააცვა, მერე მან მჯიღი დაიკრას გულზე და ჰიმნი იმღეროს. არა.

ყველა არჩევნებში ვარ ჩართული. კომისიაში ვზივარ, ვეხმარები და ხმებს ვითვლი, ერთ ამბავში ვარ. ვაშინგტონი და ნიუ იორკია ძირითადი ბირთვი, მაგრამ ახლომდებარე შტატებიდანაც – ნიუ ჯერსი, ფილადელფია, ჩამოდიან ემიგრანტები და აძლევენ ხმას. ჩვენთან ნიუ იორკში არჩევნები არ ყალბდება.

2012 წელსაც კი, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინაც გამჭვირვალე იყო არჩევნები. გაყალბებები აქ არ ხდება და ვერ ხდება, ისე როგორც საქართველოში. 2012 წლის გარდა „ქართულ ოცნებას“ არჩევნები ნიუ იორკის შტატში არ მოუგია. სწორედ იმიტომ, რომ აქ ვერ აყალბებენ.

პოლიტიკოსები ჩვენ არ გვისმენენ. ფულის გამგზავნ ბანკებს დავემსგავსეთ. არადა, გარდა იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკაში, ბიუჯეტში ძალიან დიდი წილი შეგვაქვს, გარდა იმისა, რომ აქ ჩამოსული ქალი ლამის 2-3 ოჯახს არჩენს, გარდა ამ ეკონომიური მხარისა, ჩვენ კიდევ სხვა რესურსი ვართ საქართველოსი.

წყალწაღებული ხომ ხავსს ეჭიდებოდა, მე ის მოსაჭიდებელი ხავსიც არ მქონდა - ემიგრანტი ქალი

  • ემიგრაციის ახალი ტალღა

„ემიგრაციაში წასვლა ძალიან კარგი რამეა, როცა განათლების მისაღებად მიდიხარ. მშვენიერია, რომ იღებ სხვა ქვეყნის გამოცდილებას, აქ თუ კარგ უნივერსიტეტში მოხვდი, მთლად გადასარევია.

მაგრამ ახლა ვინ მიდის ქვეყნიდან? მოაზროვნე, ახალგაზრდა და განვითარების მომტანი ძალა გადის ქვეყნიდან. მე დღემდე გული მწყდება. ზუსტად ვიცი, ვიქნებოდი ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი ჩემ ქალაქში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მომავალი თაობა დავაფინანსეთ და ჩვენმა შვილებმა უკეთესი განათლება მიიღეს, მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენ, სამწუხაროდ, რუსეთის პროპაგანდა დღემდე გვერევა.

ჩვენ ამ პროპაგანდის მსხვერპლი ვართ. რუსეთს არ აინტერესებს განათლებული საზოგადოება. დღესაც ხედავთ ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდებს როგორ ებრძვიან და დასდევენ, არის წიოკი.

არასტანდარტული განათლების წარმომადგენლებთან იმიტომ იბრძვიან, რომ ეს არის რუსეთის დირექტივა. რუსეთს აწყობს, რელიგიურად დაბნელებული საზოგადოება.

ქარავანიზაციამ გამოიწვია ის, რომ მტერი უფრო მოგვერია. იმიტომ, რომ საშოვარზე გასული ადამიანები, იმდენად ვერ ახერხებენ თუნდაც აქციაზე გამოსვლას და პროტესტის გამოხატვას.

სამწუხაროა და ფაქტია, რომ ბოლო წლებში გაიზარდა მიგრაცია.

მე არ ვარ არალეგალი, მაგრამ ხშირად ვერთვები ამ პროცესებში, როდესაც იწერება საქმეები. თითქმის ყველა, მექსიკიდან ჩამოსული ადამიანი ავსებს პოლიტიკურ თავშესაფარზე მოთხოვნას.

აი, ადამიანი, რომელმაც შემოხაზა 41, 48, ბილბორდებზე იყო გაკრული და ჭკუაზე არ იყო, ჩვეულებრივი აქტივისტია „ქართული ოცნების“, ჩამოდის ამერიკაში მექსიკით და თქვენ რომ წაიკითხოთ მათ საქმეებში რა წერია (მე არ მაქვს უფლება დეტალები მოგიყვეთ), თურმე მიშას გამოსაყვანად რომ დადგა „ვივამედთან“ აქციაზე, ქოცმა თავში ჩაარტყა და ა.შ. ასეთ რამეებს წერენ და ამით იგებენ პროცესებს.

ხანდახან ვბრაზდები, წავიდა, შემოხაზა 41, 48 და ჩამოვიდა ახლა და იძახის მიშა გადავარჩინეო. რაღაცა საოცრებები ხდება.

ისინი იყენებენ საქართველოს პოლიტიკურ ამინდს, რომ ამ ქვეყანაში ჩამოვიდნენ.

2000-იანების დასაწყისში ერთ-ერთ ოფისში ვიმუშავე შვიდი წელი. ეს იყო სათავო ოფისი, საიდანაც იგზავნებოდა თანხები. სულ პირველად ამ ოფისში იყო იბეიზე და ამაზონზე გამოწერა, იმიტომ, რომ  ჩვენ ფეიფალით ვიწერდით და ვუგზავნიდით.

იმ პერიოდში პოლიტიკური ქეისები გადიოდა, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გარკვეული პერიოდი რომ გავიდა, ეს პოლიტიკური ქეისები შეწყდა. ქვეყანას სხვა პროექტები ჰქონდა და ესე მარტივად ვეღარ ძვრებოდნენ. ახლა ისევ დაბრუნდა.

რაც შეეხება პოლიტიკოსებს. პოლიტიკოსები, რომლებიც ჩამოდიან ამერიკაში და ემიგრანტებს ხვდებიან, მათ მესიჯებში არ ვართ ჩვენ.

ბრტყელი და ერთმანეთის მსგავსია მათი მესიჯები. თითქმის არცერთთან არ წავედი შეხვედრაზე, შეიძლება მე დიდად ვერაფერი ვერ შევცვალო, მაგრამ რატომღაც ნდობის ფაქტორია ცოტა ჩამოწეული და ეს ძალიან არ მომწონს.

აქ ჩვენ უფრო ვხედავთ ოპოზიციის  წევრებს შორის ერთმანეთთან პირველობისთვის ბრძოლას და ვითომ გარე მესიჯია – საქართველო უნდა გადავარჩინოთ, ბიძინა უნდა მოვიშოროთ და ამისთვის რატომღაც ყველა ცალ-ცალკე რაღაცებს ლაპარაკობს. ჩემთვის ეს მოსაწყენია.

ნინო ჩოგოვაძე
  • მე, როგორც აქტიური მოქალაქე ემიგრანტი

ყველა აქციაზე ქუჩაში ვარ. დაწყებული 2014 წლიდან არცერთი აქცია არ გამომიტოვებია, უკრაინის, ყირიმის დროს და მაშინ ძალიან ციოდა ამერიკაში. მახსოვს, როგორ ჩაფუთნულები მივდიოდით. გამათბობლები ვიყიდეთ ამაზონზე, ხელში გვეჭირა და ჯიბეში ვიდებდით, რომ ვიყინებოდით…

აქაური ემიგრანტები ფინანსურადაც ვეხმარებით აქციებს. ჩემ მეგობარს ორგანიზაცია ჰქონდა, საოკუპაციო ხაზთან მდგომ ადამიანებს თანხებს  ვუგროვებდით, პლედები რომ ეყიდათ და ყავის ფული ჰქონოდათ.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ყველა ოჯახის მდგომარეობაზე აისახება და თუ ეს თანმიმდევრულად და თანადროულად არ გამოსწორდა, უფრო მეტი ოჯახი გაიხლიჩება ხვალ და ზეგ.

  • დაბრუნება

რომ შემეძლოს დავხატო ჩემი მდგომარეობა, დავხატავდი ჩემოდანზე ჩამომჯდარ ადამიანს, რომელიც გასაქცევადაა გამზადებული. ასე ვარ მე პირადად. ვიცი ბევრი ჩემნაირი. ბინა იყიდეს საქართველოში, რემონტი გააკეთეს და ვეკითხები: რატომ აკეთებ იქ? მეუბნებიან – მივდივართ.

სამწუხაროა, რომ ბევრმა ის თავისი გაკეთებული რემონტი თვალითაც ვერ ნახა. გადასვენების ცერემონიალით გავაცილეთ აეროპორტიდან ის ემიგრანტი ქალები, რომლებსაც თვალით არ ჰყავდათ ნანახი შვილები წლების განმავლობაში.

წელს დიდაჭარის სკოლის მოსამზადებელი ცენტრის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

ია წულუკიძე სოფელ დიდაჭარიდანაა, მან წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩააბარა, რისთვისაც ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდა მისსავე სოფელში გახსნილ აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრში უფასოდ.

ია ამბობს, რომ გასულ წლებში მის სოფელში მცხოვრებ აბიტურიენტებს უჭირდათ რეპეტიტორებთან სიარული, რადგან ხულოში ზამთრობით დიდი თოვლი მოდის, ხოლო მოსწავლეებს ხანდახან სხვა სოფელში უწევდათ წასვლა რეპეტიტორთან:

„მოსამზადებელ ცენტრში ყველა საგანი იყო თავმოყრილი და თან აქვე, შენს სოფელში. ეს დიდი შეღავათი იყო დიდაჭარასა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის“ – ამბობს ია, რომელიც ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია.

„აჭარისწყალი ჯორჯიას” მიერ დაფინანსებული მოსამზადებელი კურსი დიდაჭარაში. ინგლისური ენის გაკვეთილი.

ია კომპიუტერული მეცნიერებებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ონლაინ პროგრამირების შესახებ დაიწყო ლექციების მოსმენა. მიაჩნია, რომ ტექნოლოგიები თანამედროვე ეპოქაში გადამწყვეტ როლს თამაშობს:

„ხშირად ონლაინ ჩვენი უფლებები ირღვევა და უსაფრთხოებაც არაა დაცული, დაინტერესებული ვარ სამომავლოდ ვიმუშაო უსაფრთხოების გარანტიებზე ქსელში. ძალიან ხშირად იპარავენ მომხმარებელთა საბანკო ანგარიშებს და ძარცვავენ მათ, ბევრ ვინმეს მიუწვდება ხელი ჩვენს პირად ინფორმაციაზე, სხვადასხვა ტიპის მასალაზე, რაც ჩვენთანაა დაკავშირებული, ამიტომ უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია.

სწავლა ახლახან დავიწყე. სხვა მიმართულებაც ბევრია კომპიუტერულ მეცნიერებებში და დაკვირვების ეტაპზე ვარ, არ ვიცი კიდევ რა ინტერესები მექნება. ერთი კი ვიცი, რომ ამ პროფესიაში მინდა რაც შეიძლება მეტი გავიგო და განვვითარდე“ – ამბობს ია წულუკიძე.

სოფელ დიდაჭარაში მოსამზადებელი კურსი ყველა აბიტურიენტისთვის დააფინანსა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“. მოსამზადებელ ცენტრში დიდაჭარაში მცხოვრები აბიტურიენტების გარდა მიმდებარე სოფლებიდანაც დადიან.

ბაჩი შავაძეც დიდაჭარის აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრში ემზადებოდა ეროვნული გამოცდებისთვის და ახლა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტია.

ბაჩი გვეუბნება, რომ ბევრ ოჯახს ხულოში არ აქვს შესაძლებლობა, მიამზადოს ყველა საგნის რეპეტიტორთან აბიტურიენტი, ამიტომ დიდაჭარის მოსამზადებელმა ცენტრმა ოჯახებს ტვირთი შეუმსუბუქა:

„მე ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურში ვემზადებოდი. ახლა საზღვაო მექანიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მომწონს ეს პროფესია, ენებსაც კარგად ვსწავლობ, რადგან უცხოელ მეზღვაურებთან მომიწევს კომუნიკაცია. საქართველოში მაღალანაზღაურებად სამსახურს რთულად იპოვი, მეზღვაურებს კი კარგი ხელფასი აქვთ, თან მექანიკა ძალიან მომწონს, ეს ორი რამ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, როცა პროფესიას ვირჩევდი.

გემთმექანიკოსობა რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, მაგრამ საინტერესო. ჩემი მიზნისთვის რომ მიმეღწია, ძალიან დამეხმარა აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი. თუ განაგრძობს არსებობას ეს ცენტრი, ბევრ ახალგაზრდას შეუწყობს ხელს ხულოში“ – ამბობს ბაჩი.

დიდაჭარის აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრში აბიტურიენტები საგაკვეთილო პროცესის შემდეგ ემზადებიან რეპეტიტორებთან ისტორიაში, ბიოლოგიაში, უცხო ენაში, ქართულსა და მათემატიკაში – საჭიროებების მიხედვით.

ცენტრის კურსდამთავრებული ინდირა ირემაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სტუდენტი პირველ საუნივერსიტეტო წელს ზოგად მედიცინას შეისწავლის, სამომავლოდ კი რადიოლოგიისა და ენდოკრინოლოგიის შესწავლას გეგმავს.

ინდირას ყოველთვის აინტერესებდა ადამიანის აგებულება, თუ რას წარმოვადგენთ, როგორც ბიოლოგიური არსებები და ამიტომ გადაწყვიტა პროფესიად ექცია ეს ინტერესი:

„ჩვენს სოფელში, ირემაძეებში, სამედიცინო ამბულატორია გვაქვს, ექთანიც გვყავს, რომელიც სოფლის მცხოვრებლებს ეხმარება. თუმცა სოფელში არ არის აფთიაქი. ვისურვებდი ხალხს შეეძლოს საკუთარ სოფელში იყიდოს ყველა წამალი, რაც დასჭირდება და ამისთვის ხულოს ცენტრში სიარული არ იყოს აუცილებელი. სოფელშივე გავხსნიდი აფთიაქს, თუ შესაძლებლობა მომეცემოდა“ – ამბობს ინდირა.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ გვეუბნებიან, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მთაში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს, მიუხედავად მათი სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობისა, ჰქონდეს საშუალება მიიღოს უმაღლესი განათლება.

„აჭარისწყალი ჯორჯიას” მიერ დაფინანსებული მოსამზადებელი კურსი დიდაჭარაში. ინგლისური ენის გაკვეთილი.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ ჯერ კიდევ ჰესის მშენებლობისას, დაბა შუახევში, დაბა ხულოში, სოფელ დიდაჭარასა და ღურტაში გახსნა ინგლისური ენის მოსამზადებელი ცენტრები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. კომპანიამ დაასაქმა ინგლისური ენის ადგილობრივი პედაგოგები და 2 წლის განმავლობაში 212-მა მოსწავლემ გაიარა ეს კურსები უფასოდ.

კომპანია ასევე უზრუნველყოფდა სახელმძღვანელოებითა და სხვა სასწავლო მასალებით მოსწავლეებს. იმ პერიოდში ყველა მოსწავლემ გადალახა საგამოცდო ბარიერი და ინგლისურ ენაში არცერთი მოსწავლე არ ჩაჭრილა.

შარშან დიდაჭარის სკოლის ადმინისტრაციამ და მოსახლეობამ კომპანიას მიმართა თხოვნით, რომ გაეხსნათ ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი ცენტრი.

აბიტურიენტების მომზადება  საკმაოდ დიდი ფინანსური ტვირთია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. უფასო ცენტრის საშუალებით კი იზოგება ადგილობრივების მატერიალური რესურსი და ახალგაზრდებს მთიანი სოფლების დატოვება აღარ უწევთ, რადგან უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად ქალაქში ჩამოსვლა და მომზადება აღარ სჭირდებათ.

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ნაწილი 9 დეკემბრამდე ჩაიკეტა – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის 27 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღნიშნული 10-კილომეტრიანი მონაკვეთი, 2022 წლის დეკემბერში გაიხსნა. ეს გზა გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების – ხაჯალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს [თუმცა გვერდს უვლის სუფსის ცენტრს] და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას გრიგოლეთთან.

გზაზე დაწესებული შეზღუდვის განმავლობაში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ძველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ55 მონაკვეთის [ხაჯალია-ახალსოფელი-სუფსა-გრიგოლეთი] გავლით.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე, „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საგარანტიო ვადის დასრულების გამო მიმდინარეობს დეპარტამენტისთვის პროექტით შესრულებული სამუშაოების გადაბარების პროცესი“.

„პროცედურის ფარგლებში, 2023 წლის 27 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე დაგეგმილია ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების ინსპექტირება, საჭიროების შემთხვევაში კი, შესაბამისი ღონისძიებების გატარება. გეგმიური ინსპექტირება და შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდება კონტრაქტორი კომპანიის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო პერიოდის ფარგლებში.“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

ეს მონაკვეთი არის „4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, სადაც აშენდა 2 პარალელური გზაგამტარი და 1 სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობდა, რომლის ღირებულებამაც 113 მილიონი ლარი შეადგინა.“

„ასწიეთ ხელი, ვის გწამთ ღმერთის?“ – რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია სკოლებში

„იმ ქართველებს, რომლებიც მართლმადიდებლობის გარდა სხვა აღმსარებლობას ირჩევენ, გამოლაყებული აქვთ ტვინი. ასე გვეუბნება ხოლმე ჩვენი ქართულის მასწავლებელი.

წელს ხშირად ვეხებით რელიგიურ თემებს, რადგან ჰაგიოგრაფიას გავდივართ და „აბო“, „შუშანიკი“ – სულ ასეთ გმირებზე გვიწევს საუბარი“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეათეკლასელი ელენე (სახელი შეცვლილია).

არაოფიციალურ საუბრებში ცალკეული მასწავლებლები საჯარო სკოლებში რელიგიური ნიშნით მოსწავლეების მიმართ დისკრიმინაციის შემცირებაზე საუბრობენ, თუმცა      მოსწავლეების ნაწილს ჯერ კიდევ უწევთ პედაგოგების მხრიდან იმის მოსმენა, რომ თურმე „მუსლიმები არ არიან ქართველები“ და, რომ „ქართველობის“ საზომი ასეთი პედაგოგებისთვის მხოლოდ მართლმადიდებლობაა.

„როცა ვცდილობთ საპირისპირო აზრის გამოთქმას, ბრაზდება და უხეშად გვაწყვეტინებს. „შენ საიდან იცი გოგო?“, – ასე მომმართავს ხოლმე“, – ამბობს ნატა. ისიც უფროსკლასელია.

არც ნატა და არც ნინი არ არიან მუსლიმები, თუმცა ამბობენ, რომ ხშირად მასწავლებლის გამონათქვამები იმდენად უხეშია თუნდაც მუსლიმების მისამართით, რომ მათში პროტესტს და დისკომფორტს იწვევს.

„მე ძალიან მაწუხებს ასეთი დამოკიდებულება, რადგან 4-5 მუსლიმი თანაკლასელი მყავს და ისინიც ისმენენ ამ ყველაფერს.

მაწუხებს, რადგან მასწავლებელს ხომ აქვს კლასში გარკვეული ავტორიტეტი, გავლენა, მეც ვუსმენ, მეც მაინტერესებს, რას ამბობს მასწავლებელი, ამიტომ თუ ასეთი დისკრიმინაციული ენით ისაუბრებს ის განსხვავებული რელიგიის ბავშვებზე, სხვებსაც იგივე დამოკიდებულება გაუჩნდებათ და შემდეგ ეს ბავშვებიც ასეთი დამოკიდებულებით გაზრდიან თავიანთ შვილებს“, – გვეუბნება ელენე.

ნატა (სახელი შეცვლია), უფრო მძიმე გამონათქვამებსაც იხსენებს, რომელიც ასევე ქართულის მასწავლებელს უკავშირდება.

„კიდევ ასეთი რაღაც გვითხრა, რომ მუსლიმს და ქრისტიანს არ შეიძლება შვილი ჰყავდეთ, ეს არ არის კანონიერი და ჩემთვის მისაღებიო.

შევეკამათე, ასე რატომ ფიქრობთ-მეთქი, იწყებს თავის მართლებას და შემდეგ ამ კამათში გადის გაკვეთილის დრო“, – ამბობს ნატა.

თუმცა მოსწავლეები გვიყვებიან, რომ პედაგოგი, რომელიც „ისტორიული კონტექსტით“ ცდილობს გაამართლოს თავისი დამოკიდებულება, არასდროს ესაუბრება იმ გამოჩენილ ქართველებზე, რომლებსაც განსხვავებული მრწამსი ჰქონდათ, თუმცა დიდი წვლილი შეიტანეს ამ ქვეყნის განვითარებაში.

მაგალითად, ცნობილი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, მეწარმე ძმები – ზუბალაშვილები, რომლებმაც ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარი ააგეს, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მიხეილ თამარაშვილი, რომ კათოლიკეები იყვნენ, ამის შესახებ მასწავლებელს ბავშვებთან არასდროს უსაუბრია.

„არ გვსმენია ამის შესახებ“ – გვეუბნებიან მოსწავლეები.

რელიგიური ნიშნით ბავშვების დისკრიმინაციის გარდა, მოსწავლეები გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზეც საუბრობენ.

„ათ მცნებაზე ვსაუბრობდით ერთხელ და ასეთი ლაპარაკი წამოიწყო, რომ გაშიშვლებულები დადიან ეს ქალები და მერე, როცა აუპატიურებენ კაცები, უკვირთ ძალადობაო.

ან თმას რომ იღებავენ და ათას რამეს ირჭობენ სახეზე, ამას ნამდვილი ქრისტიანი ქალი არ იზამსო. შემდეგ გამოიხედავდა ჩემკენ და დააყოლებდა, – „ელენე, შენ თავზე არ მიიღო“, რადგან მე თმას შეღებილი მაქვს და ალბათ ამიტომ.

მისი თქმით, ქართულის მასწავლებელი კლასში უკონტექსტო კითხვებსაც სვამდა.

„მაგალითად, ერთხელ თქვა, აბა, ასწიეთ ხელი, ვის გწამთ ღმერთის“. მე არ ავწიე და მას შემდეგ ძალიან უცნაურად მიყურებდა ხოლმე – რომელ მშობელს უნდა ათეისტი, ან აგნოსტიკოსი შვილიო და დაიწყებდა, რელიგია უნდა ისწავლებოდეს სკოლაშიო. მერე კი დაამატებდა, გამოლაყებული აქვთ ტვინი იმ ქართველებს, ვინც სხვა გზას ირჩევსო.

მე ბავშვობაში მომნათლეს მშობლებმა და ბევრი ბავშვია ასე, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა მორწმუნეა? შეიძლება ბავშვს არ ჰქონდეს ჯერ კარგად გააზრებული შეხედულებები რომელიმე აღმსარებლობაზე, ან ათეისტი შეიძლება იყოს და ამიტომ უნდა გალანძღოს მასწავლებელმა?“ – გვეუბნება ელენე.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ არაფერი იცოდნენ, თუ განსხვავებული მრწამსის მოქალაქეები არ ისვენებდნენ მათთვის მნიშვნელოვან დღესასწაულებზე.

„ჩვენ გვეგონა, რომ ისვენებდნენ მუსლიმები ბაირამზე და არ ისვენებენ“, – გვეუბნებიან ბავშვები.

მასწავლებელი ამბობს, რომ ქორწინებაში მყოფი მუსლიმი და ქრისტიანი ხალხის შვილები არიან უკანონოები

მაგალითად,    12 წლის მართას (სახელი შეცვლილია. ის მისი მშობლების ნებართვით ჩავწერეთ), რომლის ოჯახიც ქრისტესშობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, სურს, რომ განსხვავებული აღმსარებლობის ბავშვებსაც შეეძლოთ მათთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულების აღნიშვნა.

მან თავისი სკოლის ადმინისტრაციას წინადადება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

„გადავწყვიტე გამეკეთებინა პროექტი რელიგიური მრავალფეროვნების დასაცავად და რადგან ბავშვები მხოლოდ მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე ვისვენებთ, მინდოდა, რომ სხვა რელიგიის აღმსარებელ ბავშვებსაც შეგვძლებოდა დასვენება და ვთხოვდით სკოლის ადმინისტრაციას, რომ არ დაეწერათ ჩვენთვის „არა“.

ჩავატარე გამოკითხვა სკოლაში, რადგან ბევრი ბავშვი გვყავს სხვა აღმსარებლობის, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. არ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და უფრო მეტიც, საპატიო „არა“ საერთოდ გააუქმეს“, – გვეუბნება მართა, რომელიც  ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში სწავლობს.

მისი თქმით, სხვა მხრივ, მასწავლებლების მხრიდან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია არ უგრძნია სკოლაში, „ერთადერთი, როცა რაღაც რელიგიური შინაარსის კითხვას სვამ, მასწავლებლები გპასუხობენ მათი თვალთახედვიდან და არა, ვთქვათ, მეცნიერული თვალსაზრისიდან.

ბიბლიურ მაგალითებზე თუ ვსაუბრობთ, მათი რელიგიური თვალსაზრისიდან გეუბნებიან პასუხს და არ ამბობენ, რომ ეს მათი რელიგიური წარმოდგენაა და არა ზოგადი ფაქტი“, – ამბობს მართა.

ილუსტრაცია ვიდეორგოლიდან/TDI

სკოლაში არსებულ მდგომარეობაზე თავის გამოცდილებას გვიზიარებს ჯაბა ბერიძეც. ის ახლა სტუდენტია და სკოლა ორი წლის წინ დაასრულა.   

ჯაბა ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობდა და რელიგიურ საკითხზე ჰქონია დისკუსია და ხშირად კამათიც მასწავლებლებთან.

„როცა მასწავლებელი რელიგიაზე საუბარს იწყებდა, ყოველთვის აღნიშნავდა, რომ  ქართველი არ უნდა ყოფილიყო, მაგალითად, მუსლიმი. ჩვენი წინაპრები ოდითგანვე იბრძოდნენ ქრისტიანობის შესანახად და ასე შემდეგ. 

გამომდინარე იქედან, რომ მე მუსლიმი ვარ, ხშირად მიწევდა ამ საკითხზე კამათი. 

ვეუბნებოდი, რომ რელიგია და ეროვნება არ უნდა გაგვეიგივებინა. 

მაშინ ყველაფერი გულთან მიმქონდა და განვიცდიდი, გამომდინარე იქედან, რომ უმცირესობაში ვიყავი, რადგან უმრავლესობა იმ აზრს უჭერდა მხარს, რომ ქართველი არ უნდა ყოფილიყო მუსლიმი. 

ამის გამო მქონდა განცდა, რომ თითქოს ვიჩაგრებოდი.

რელიგიურ სიმბოლოებს რაც შეეხება, არ მახსენდება ჩემს სკოლაში იყო თუ არა, ერთადერთი, რაც მახსენდება, ის იყო, რომ კუთხეში, სადაც ერთ-ერთი გარდაცვლილი მოსწავლის ფოტო იდო, მისი სურათის ირგვლივ ელაგა ხატები და სანთლები. ეს უბრალოდ პატივისცემის ნიშნად იყო“-გვეუბნება ჯაბა ბერიძე. 

მისი თქმით, არა მარტო სკოლაში, ცხოვრების განმავლობაში ხშირად უწევდა იმის მტკიცება, –  „მერე რა, რომ მუსლიმი ვარ, რომელი ქრისტიანია ჩემზე პატრიოტი?“. 

ყველაზე შეურაცხმყოფელია, როცა გეკითხებიან, „აი, მაგალითად, თურქეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი რომ გაჩნდეს, შენ ვის მხარეს დაიჭერ?“.

რატომ აქვთ განცდა ადამიანებს, რომ რელიგიის გამო შეიძლება მხარს უჭერდე არა შენს ქვეყანას, არამედ სხვა სახელმწიფოს, არ ვიცი. ალბათ წარსულის შიშების გამო ხდება ეს ყველაფერი, როცა აჭარა ოსმალეთის იმეპერიას ჰქონდა მიტაცებული. “-ამბობს ჯაბა. 

მისი თქმით, შეურაცხმყოფელი იყო ის ფაქტიც, როცა პარლამენტის დეპუტატს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მუსლიმია, უცხო ქვეყნის  აგენტობაში დასდეს ბრალი. „მაშინ, როცა იგივე მართლმადიდებელს არ ეტყვიან, რომ რუსეთის აგენტია ან ჯაშუში, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მართლმადიდებელია“-გვეუბნება ის.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა წლებია, რაც სკოლაში კონფლიქტების მოგვარების თემატიკაზე მუშაობს.

ლადო აფხაზავა/ფოტო: ლელა დუმბაძის

 აქვს რელიგიური ნიშნით კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მუშაობის გამოცდილებაც.

მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით სკოლებში ბევრად შეცვლილია მდგომარეობა, რადგან პედაგოგებმა ძალიან ბევრი ტრენინგი გაიარეს დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე, თუმცა ამ მიმართულებით მაინც არის სამუშაო.

„დღესაც გვაქვს სკოლები, სადაც ხატები და სხვა რელიგიური სიმბოლოებია გამოფენილი. ასეთ სკოლებში არ ითვალისწინებენ ყველაზე მთავარს – მოსწავლეს.

თუ ჩვენ ვამბობთ, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული უნდა იყოს სკოლა, მაშინ რა გამოდის, რომ ნაწილის აზრს ითვალისწინებ და მეორე ნაწილის აზრს არა?

ასევე, „რელიგია შემოიტანეთ სკოლაში“, რომ არის ხოლმე ასეთი მოწოდებები, ამ ხალხს ჰგონია, რომ რაღაც კარგი ინიციატივაა და ვერ ხვდებიან, რა შედეგებზე შეიძლება გავიდეთ ამით.

ეს შედეგები არ იქნება კარგი, რადგან ჩვენ არ გვყავს რელიგიის კვალიფიციური მასწავლებლები და რელიგიის სწავლება არ გულისხმობს მხოლოდ ერთი რელიგიის სწავლებას.

ბავშვს ჰყავს მშობელი და ის გადაწყვეტს, რომელ აღმსარებლობას შეასწავლის საკუთარ შვილს. მგონი ამას ისედაც ახერხებენ და სკოლაში იმ ფორმით ამ საგნის შემოტანით, რასაც

პოპულისტები გულისხმობენ ხოლმე, მხოლოდ  დისკრიმინაციას შევუწყობთ ხელს“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

მაგალითად, ფეისბუქში, მასწავლებლების ერთ-ერთ ჯგუფში ერთი პედაგოგი მუსლიმ მოსწავლეებს უწოდებდა „მაჰმადიანებს“, რასაც თავად მუსლიმები დისკრიმინაციულ ტერმინად მიიჩნევენ.

პედაგოგი დაჟინებით იმეორებდა, რომ ტერმინი „მაჰმადიანი“ არ არის დისკრიმინაციული და ამ სიტყვის გამოყენებაში პრობლემას ვერ ხედავდა.

ლადო აფხაზავას თქმით, ცუდია, როცა პედაგოგი დისკრიმინაციული ენით საუბრობს და ასევე დასძენს, რომ ტოლერანტობა არ უნდა დარჩეს ქაღალდზე – რეალურ ცხოვრებაში უნდა შეგვეძლოს განსხვავებულის მიღება.

„ქართველები ტოლერანტები არიან, ეს თუ ესმით, მოსწონთ, მაგრამ თუ, მაგალითად, მუსლიმ ბავშვებს ბაირამი ან რამადანი მივულოცე, მეუბნებიან: რა საჭირო იყო ახლა ამის მილოცვა.

მაინც რაღაცნაირად უცხოდ აღიქვამენ არამართლმადიდებელ მოსახლეობას, რაც ძალიან ცუდია“, – გვეუბნება ლადო.

მისი თქმით, განათლებას არა პოპულისტური განცხადებები, არამედ პრინციპული გადაწყვეტილებები სჭირდება. „ის, რაც მოიტანს ზიანს, უნდა მოვარიდოთ სკოლას“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

„ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ მიხედვით, „დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება.“

ილუსტრაცია ვიდეორგოლიდან/TDI

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ კვლევების მიხედვით, 2022 წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  რელიგიური შეუწყნარებლობის გარდა სავარაუდო ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობის ხუთი ფაქტი გამოვლინდა.

„აღნიშნული ხუთი შემთხვევიდან ორი ფაქტის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის სკოლას, ერთზე – წერილობითი პასუხი გაეგზავნა განმცხადებელს, ორი ფაქტის შესახებ კი მიმდინარეობს წარმოება“, – ამბობს TDI.

აღნიშნული ორგანიზაცია სკოლის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესშიც მონაწილეობდა, რათა ახალი სახელმძღვანელოების შედგენისას არ ყოფილიყო გამოყენებული რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციული კონტექსტი ან ტერმინოლოგია და შესაბამისობაში ყოფილიყო ადამიანის უფლებებთან.

ისევე როგორც ჯაბა ბერიძე, სხვა ახალგაზრდებიც, ვისაც ვესაუბრეთ, მიიჩნევენ, რომ განათლების ხარისხის გაუმჯობესების კვალდაკვალ, ახალი თაობა უკეთ გადაიაზრებს წარსულის ამ გამოცდილებას და მომავალში უფრო ნათელი დამოკიდებულება ექნებათ როგორც  მუსლიმების, ასევე სხვა აღმსარებლობის საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ამ ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მონაწილეობენ და „არა ისეთი, როგორსაც დღეს ვაწყდებით ხოლმე, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში“ – ამბობენ ახალგაზრდები.

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. ფოტოზე: რელიგიური სიმბოლიკა ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის საკლასო ოთახში. 

__________________________________

სტატია მომზადდა „ბათუმელების“ მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის „რელიგიური, ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტებისთვის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ ფარგლებში.

სტატიის შინაარსზე სრულად  პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

სოფელ ჩელტაში 76 აბონენტს ხვალ გაზი შეუწყდება – „სოკარი“

კომპანია „სოკარის“ ცნობით, ხვალ, 28 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩელტაში მხოვრებ 76 აბონენტს, გაზის მიწოდება შეუწყდება.

„სოკარის“ ცნობით, გაზი გაითიშება 28 ნოემბერს, 12:00 საათიდან, გაზმომარაგების აღდგენა კი დაიწყება 28 ნოემბერს, 14:00 სთ-დან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.

გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ქობულეთში ზღვა სანაპიროზე გადმოვიდა, დაიტბორა სახლები

ძლიერი შტორმის შედეგად ქობულეთში ზღვა სანაპიროზე გადმოვიდა, ზიანდება სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა, დაიტბორა სახლები.

„წყლით სავსეა ყველაფერი, ახლაც მოდის და მოდის წყალი, არავინ მოდის საშველად… დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო სახლების დატბორვა, დაამტვრია კარ-ფანჯრები, მოაჯირიც მოანგრია.

რაც ახალი ჯებირი მოეწყო სანაპიროზე, აღარ დავტბორილვართ, მერე ახალი სისტემა გააკეთეს, მაგრამ რა გაკეთდა, არ ვიცი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ დარეჯან ტაკიძე. ის ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროზე ცხოვრობს.

ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ზღვაზე ისევ შტორმია და მერია სიტუაციის შესწავლას იწყებს.

ქობულეთში ახალი ბულვარი 2022 წლის ზაფხულში გაიხსნა.

შტორმი ქობულეთში / 27.11.2023 / ფოტო: მარინა ბიაძე

როდის გამოიდარებს ბათუმში | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ნოემბრის 21 საათიდან 28 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – წვიმა, მთაში – თოვა.

აჭარაში 28 ნოემბერს, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. 

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

ზღვაზე მოსალოდნელია კვლავ შტორმი, 5-ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების ცნობით, 29-30 ნოემბერს აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

თავი შეიკავეთ სანაპიროსთან გადაადგილებისგან – საგანგებოს გაფრთხილება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში, შტორმისა და უამინდობის გამო, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან.

„საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და შტორმის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებულნი არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად და ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს, შტორმისა და უამინდობის გამო, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან“ – წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

26 ნოემბრის ღამიდან დღემდე შავ ზღვაში შტორმია – სტიქია შეეხო საქართველოს, უკრაინას, რუსეთს, რუმინეთს, მოლდოვასა და ბულგარეთს.

გუშინ ბათუმში 50 წლამდე კაცი დაჭრეს

გუშინ, 26 ნოემბერს, ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე 50 წლამდე კაცი დაჭრეს.

თვითმხილველის თქმით, რომელიც წითელი ჯვრის თანამშრომელია და დაჭრილს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა, შემთხვევა საღამოს მოხდა.

„მემედ აბაშიძის ქუჩის დასაწყისში ვიყავი, როდესაც დაახლოებით 50 წლამდე კაცის ყვირილის ხმა შემოგვესმა.

შენობის შიდა ეზოში შემოვარდა და ამბობდა, რომ ვიღაც მოსდევდა მოსაკლავად. მერე გვითხრა, რომ მისი მეგობარი იყო დაჭრილი და დაახლოებით ას მეტრში ვიპოვეთ ის კაციც. სავარაუდოდ, ცივი იარაღი ჰქონდა ფეხში ჩარტყმული და ძლიერი სისხლდენა ჰქონდა.

პირველადი დახმარება აღმოვუჩინეთ და შემდეგ გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება“, – ამბობს თვითმხილველი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 118-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას.

შს სამინისტროში არ გვიპასუხეს კითხვაზე, ამ ფაქტთან დაკავშირებით არის თუ არა ვინმე დაკავებული.

შტორმმა ბათუმის ახალ ბულვარში სანაპირო დააზიანა | ფოტო

დღეს, 27 ნოემბერს, ბათუმის ახალ ბულვარი შტრორმმა სანაპიროს ინფრასტრუქტურა დააზიანა. სინოპტიკოსების ცნობით, ზღვაზე 4-5-ბალიანი ღელვაა.

ადგილზე იმყოფებიან ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები.

შტორმი ბათუმის ბულვარში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
შტორმი ბათუმის ბულვარში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
შტორმი ბათუმის ბულვარში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
შტორმი ბათუმის ბულვარში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
შტორმი ბათუმის ბულვარში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
შტორმი ბათუმის ბულვარში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
შტორმი ბათუმის ბულვარში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე

ბათუმში 6 ნომერ ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვმა ფეხების დამწვრობა მიიღო

ბათუმში, 6 ნომერ ავტობუსში, რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა. 6 წლის ბავშვის დედამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბიჭს ორივე ფეხი აქვს დამწვარი. შემთხვევა გასულ შაბათს, 25 ნოემბერს მოხდა.

„ღამის საათებში სახლში მივდიოდით. შემაღლებული სკამები რომ არის, იქ ვისხედით, მოულოდნელად ცხელი წყალი წამოვიდა ხრიალით – თქვეს, რომ რადიატორი გასკდა. ბავშვს ორივე ფეხი დამწვარი აქვს. ავტობუსი სავსე იყო ხალხით“, – თქვა ქალმა.

ბავშვის დედას ვკითხეთ, ბათუმის მერიიდან ან ბათუმის ავტოტრანსპორტიდან თუ შეეხმიანა ვინმე. ქალმა თქვა, რომ არავინ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელს. ლევან ლაზარიაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

რამდენად გამოუვა ოპოზიციას „შეკრება“ და რას შეცვლის ეს? – ინტერვიუ

„რაც გადაწყვეტს ამ არჩევნების საბოლოო შედეგს, ეს არის პრაგმატული სტრატეგია,“ – კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტი და ფსიქოლოგი დავით ჯინჭარაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში ამომრჩეველი ბევრად კრიტიკული გახდა და მის პოლიტიკურ დაკვეთას ხშირად პოლიტიკოსები ვერ პასუხობენ.

დავით ჯინჭარაძის დაკვირვებით, ბოლო წლებში ამომრჩევლებს შორის ყველაზე ხალხმრავალი და კრიტიკულად განწყობილი ადამიანები – ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ ოპოზიცია ილაპარაკებს არა ზოგადად იმაზე, რომ ევროპა კარგია, არამედ როგორ აპირებს თავად ოპოზიცია ევროპული ტიპის სახელმწიფოს მოწყობას.

მეორე საკითხი ერთობაა – ამომრჩევლის ამ კატეგორიულ დაკვეთასაც ოპოზიცია ამ დრომდე არ იმჩნევს. რამდენიმე დღის წინ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ფეისბუქში დაწერა, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“. ოპოზიციური ლიდერის ამ მოწოდებას ოპოზიციის ველზევე სხვადასხვაგვარი შეფასება მოჰყვა.

დავით ჯინჭარაძის დაკვირვებით, ამ ეტაპზე ნაკლებად ჩანს ოპოზიციის კონსოლიდაციის რესურსი. რას შეცვლის ოპოზიციის ერთობა და რატომ?  – „ბათუმელებმა“ დავით ჯინჭარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტია, ფსიქოლოგი.

  • ბატონო დავით, მამუკა ხაზარაძის მოწოდებას „შუა უნდა შეიკრიბოს“ ოპოზიციაში სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა, თუმცა მკაფიოა საზოგადოების დაკვეთა ოპოზიციური ძალების გაერთიანებაზე. თქვენ რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ამ გადასახედიდან ოპოზიციის კონსოლიდაცია? 

ყველა კვლევით ჩანს, რომ 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში, შუა მართლაც უნდა შეიკრიბოს. საკითხავია, რამდენად ცენტრად შეიკრიბება ოპოზიცია. არსებობდა თავის დროზე განცხადებები, ვინ ვისთან უნდა მისულიყო და ერთგვარი კონკურენცია არსებობს ამ ე.წ. შუაში მყოფ პარტიებში, მაგრამ მათემატიკურად სხვა გამოსავალი არ არსებობს – დამოუკიდებლად ასპარეზობით ძალიან ბევრი ხმა დაიკარგება.

ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი, ვინც ოპოზიციურად არის განწყობილი, ჩათვლის, რომ საკუთარი ხმის დაკარგვას, უმჯობესია, რომელიმე მსხვილ პარტიას დაუჭიროს მხარი: „ქართულ ოცნებას“, ენმ-ს ან გახარიას პარტიას, როგორც ეს ბოლო კვლევებით ჩანს…

  • კვლევებზე დაყრდნობით რამდენად შეიძლება დაინახოს ოპოზიციურმა პარტიამ იმის რისკი, რომ გაერთიანებით შესაძლოა მისი პოტენციური ამომრჩეველი დაიკარგოს, მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებით? 

არსებობს ოპოზიციის ამომრჩევლებში ის კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ იმ პოლიტიკოსსაც კი არ მისცემს ხმას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, განიხილავენ კონკრეტულ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებებს და ამას „ქართული ოცნების“ ნარატივიც უწყობს ხელს.

ამომრჩეველთა ეს ნაწილი ამბობს, რომ საჭიროა სუფთა ხალხი პოლიტიკაში, თორემ სხვაგვარად არაფერი შეიცვლება. ამ მოცემულობას იყენებს „ქართული ოცნებაც“, რომ აი, ეს ოპოზიციური პარტია რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებაა. ამის საპასუხოდ კი, ოპოზიციური პარტიებიც ერთმანეთის საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ.

„სუფთა ხალხის“ მოსვლა შეიძლება ითქვას, რომ არ არის მაინცდამაინც რეალისტური მოლოდინი, რადგან ერთი წელიც აღარ დარჩა არჩევნებამდე.

დღევანდელ კონტექსტში ოპოზიციური ერთობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უშუალოდ პოლიტიკური ძალები მოხვდნენ პარლამენტში, თუმცა იმისთვის, რომ ადამიანებმა ამ ოპოზიციურ ერთობას მისცეს ხმა, საჭიროა ოპოზიციას ჰქონდეს სტრატეგია.

სტრატეგიით და კონკრეტული გეგმით გადაწყდება ის, თუ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი რას იზამს. არარეალისტურია ვიფიქროთ, რომ იმდენი ახალი ძალა შემოვა პოლიტიკაში, ისინი შეცვლიან თითქოს პოლიტიკურ რეალობა. ამის აღიარება ჯობია და უნდა გადავიდეთ მომავალზე.

  • „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა სხვა ოპოზიციური პარტიების ერთობა რამდენად შეიძლება გახდეს ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა? 

საინტერესო საკითხია. თუ მთავრობის შეკვრაზეა საუბარი, რთულად წარმოსადგენია ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების გარეშე იმ ტრაექტორიით, რაც დღეს ჩანს და რასაც აჩვენებს ბოლო კვლევები.

მართალია, ბოლო კვლევებით, ჯამურად ოპოზიციას მეტი ხმა აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“, მაგრამ საკითხავია, ჯამურად მეტი ხმა რამდენად საკმარისია იმისთვის, რომ გადაითარგმნოს რეალურ მთავრობაში. ამისთვის აუცილებელია, ეს ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს.

ამ გაერთიანების მთავარი მიზანი ზუსტად ეს არის, რომ როცა ჩვენ გვაქვს, პირობითად, 10 პარტია, რომელსაც ცალ-ცალკე 4.5 % შეიძლება ჰქონდეს, ჯამურად ეს 45 % გამოდის. მარტივად დასანახია, როგორ იკარგება ეს 45 %, თუ ეს პარტიები არ გაერთიანდებიან და 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ.

დავით ჯინჭარაძე

არჩევნებამდე უნდა შეკავშირდნენ ეს მცირე პარტიები, ცალკე უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მეორე ოპოზიციური ცენტრი. ეს ოპოზიციური ძალები არჩევნების შემდეგ უნდა შეკავშირდნენ, მთავრობის დაკომპლექტების დროს.

თუ არჩევნებამდე გაერთიანდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს ხელს შეუწყობს იმ ნარატივის გაძლიერებას, რომ აი, ესენიც „ნაციონალური მოძრაობის“ გაგრძელება არიან და თქვენ გინდათ, „ნაციონალები“ დაბრუნდნენ მთავრობაში? არ არის გამორიცხული, მოსახლეობის რაღაც ნაწილმა მართლაც თქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ სურს და ამ მოტივით მთლიანად ოპოზიციურ გაერთიანებას არ მისცეს ხმა.

ბოლო კვლევებით დგინდება ორი რამ: „ქართულ ოცნებას“, როგორც ერთ პარტიას, აქვს მაღალი რეიტინგი, თუმცა ოპოზიციას აქვს ჯამურად მეტი ხმა. მეორე საკითხია ის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის პროევროპული და არათუ რუსეთთან დაკავშირება, არამედ რუსების უკონტროლო შემოსვლაც კი არ სურთ საქართველოში.

ეს არის ერთგვარი აცდენა პროევროპელ მოსახლეობასა და ოპოზიციური ამომრჩევლების რაოდენობას შორის, რადგან იგი პირდაპირპროპორციული არ არის. ჩემი აზრით, ეს ასეა იმიტომ, რომ ყველა, ვისაც სურს ევროპა, არ მიდის არჩევნებზე და მეორე მხრივ, მე, როგორც ერთმა ამომრჩეველმა, შეიძლება კი ვიცი, რომ „ქართული ოცნების“ შეცვლას არ აქვს ალტერნატივა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მოვა კარგი მთავრობა, თუ ოცნება“ არ იქნება ხელისუფლებაში.

ეს არის მთავარი პრობლემა, რომ ევროინტეგრაცია რეალურად ნიშნავს კონკრეტულ ცვლილებებს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, მაგალითად, ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკის კონკრეტულ იდეას, გარემოს გაუმჯობესებას, ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც არ ჩანს.

ოპოზიციის შემთხვევაში ევროპული ინტეგრაცია არის დეკლარირებული, მაგრამ კონკრეტულად რა შეიცვლება ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საკმარისად არ იკვეთება.

მაგალითად, ეკონომიკურ საფუძვლებზე თუ ვიმსჯელებთ, დიდი განსხვავება ამ პარტიებს შორის არ არის. არის პარტია, რომელსაც რაღაც გამოკვეთილი პოზიცია აქვს, მაგრამ ბევრი საკითხია, რაზეც ვერ ვიტყვით, რომ ოპოზიცია რამე განსხვავებულ ხედვას გვთავაზობს. მოსახლეობის ნაწილი ლიბერალია, ნაწილი – კონსერვატორი, თუმცა ამ ყველაფრის იგნორირება ხდება.

  • გამოდის, ამომრჩევლის დაკვეთას ვერ ითვალისწინებს ოპოზიცია? 

ასე გამოდის, რადგან ამომრჩეველს აინტერესებს კონკრეტიკა.

არსებობს მოსახლეობის პოლიტიკურად აქტიური ნაწილი, რომელიც კარგად ჩახედულია პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა არსებობს მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ადარდებს პრაგმატული საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, გადასახადები, სასამართლო, ეკონომიკური მოდელები, ის, რაც ყოველდღიურად მასზე აისახება…

დასავლურ პოლიტიკაში პოლიტიკური დებატის ნაწილია რიგითი, საყოფაცხოვრებო საკითხები, რაც იწვევს მოსახლეობის ნაწილის ამა თუ იმ პარტიის მხარდაჭერის გამოწვევას, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში კონკრეტული რეგიონი, სადაც მუდმივად მოსახლეობა „კონსერვატიულ პარტიას“ აძლევდა ხმას, ახლა არჩევნებს იგებენ ლეიბორისტები. ეს უკავშირდება ძირითადად ეკონომიკურ პოლიტიკას. საქართველოში კი, ასეთი პროცესები არ ხდება.

  • რა იკითხება ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების გზავნილებიდან ოპოზიციის ერთობაზე?

ბოლო დროს ისეთ პროცესებს ვხედავთ ერთი პარტიის შიგნით – დაპირისპირებებს, თუ ადრე მხოლოდ „ოცნების“ წინააღმდეგ იყო ოპოზიცია მიმართული, ახლა ერთმანეთს უპირისპირდებიან და ეს ცოტა დამაბნეველია, რადგან არ იქმნება ძლიერი ოპოზიციური პარტიის იმიჯი.

ამ მოცემულობაში ერთობის რესურსიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

  • თქვენი დაკვირვებით, ამას ვერ იაზრებენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში, მიაჩნიათ, რომ დამოუკიდებლად უკეთეს პოლიტიკურ შედეგს დადებენ, თუ ფარულ გარიგებებთან შეიძლება გვქონდეს საქმე? 

ოპოზიციურ პარტიებში ძირითადად აქვთ ის პოლიტიკური გამოცდილება და განათლება, რომ ზუსტად ხვდებოდნენ, რა არის მომგებიანი ახლა და რა – არა.

შეიძლება იყოს ფარული დაპირისპირება და დახურულ კარს მიღმა თამაშები, შეიძლება იყოს ეგოს ასპექტიც, როცა აქვთ პრეტენზია არა საერთო ოპოზიციის გამარჯვებაზე, არამედ საკუთარი პარტიის წინ წაწევაზე, რაც ცოტა არარეალისტურია იმიტომ, რომ ნული სავარძლის გაყოფა ვერ მოხდება.

  • ოპოზიციის განცხადებებში ხშირად ჟღერდება ის, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება წყალგამყოფი დასავლეთს და რუსული მოდელის სახელმწიფოს არჩევანს შორის. ოპოზიცია ცდილობს იმის წარმოჩენას, რომ „ოცნება“ რუსეთის ინტერესებს ატარებს და ამიტომაც მოსახლეობა ოპოზიციას აირჩევს, რადგან უმრავლესობა ირჩევს ევროპას. რა რისკს შეიცავს, თქვენი აზრით, ოპოზიციური ლიდერების ამგვარი პოზიციონირება? 

ეს ძალიან არასწორი პოზიციაა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ არათუ ზოგადი წყალგამყოფები, არამედ წინა არჩევნებში ბევრი ისეთი რამ ხდებოდა, როდესაც პრინციპში შეიძლებოდა დაგვენახა წყალგამყოფი რუსული ტიპის სახელმწიფოს და ევროპული ტიპის სახელმწიფოს შორის.

გვახსოვს „5 ივლისი“, „20 ივნისი“, სადაც დაპირისპირება რეალურად იყო დემოკრატიულ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს იდეას და ავტორიტარული ტიპის სახელმწიფოს შორის.

თუმცა ეს მოვლენები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ შეცვლილიყო ხელისუფლება. ოპოზიციის მხრიდან იმის მოლოდინი, რომ ახლა მოსახლეობა არჩევანს ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთებს იმიტომ, რომ ის პროევროპელია, არ არის სწორი, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცი, რას გააკეთებს „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებამდე.

მეორე მხრივ კი, არსებობს პრაგმატული გათვლები: მოქალაქეებს, გარდა იმისა, რომ ადარდებთ ქვეყნის ტრაექტორია, საით მიდის, უამრავი ადამიანია, რომელსაც სურს იცოდეს, როგორ, რა გზებით შეიძლება გახდეს საქართველოს ევროპული მოწყობის სახელმწიფო.

როდესაც ადამიანების რეალური საჭიროებების იგნორირება ხდება ოპოზიციის მხრიდან, „ოცნება“ აჩვენებს იმას, რომ ლავირების უნარი გააჩნია: არც იქეთ ვარ, არც – აქეთ, კანდიდატის სტატუსიც მივიღე და ომიც არ გვაქვს. ისეთი დაძაბულია საერთაშორისო ვითარება: რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთი და ასე შემდეგ, რომ ამ ვითარებაში არსებობენ ქვეყნები, რომლებიც მართლაც იქითაც თამაშობენ და აქეთაც, ინარჩუნებენ მშვიდობას და ეკონომიკურ ზრდას.

ჩემი აზრით, ზუსტად ამ ნარატივს გაჰყვება „ქართული ოცნება“.

  • ამის საპირწონე შეიძლება იყოს ოპოზიციის გაერთიანება და ერთიანი ხედვის წარმოდგენა?  

პირველ რიგში, ოპოზიცია არ უნდა შეჩერდეს იმაზე, რომ 2024 წლის არჩევნები არის არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის.

ოპოზიციამ უნდა აჩვენოს ამომრჩეველს, რატომ არის ოპოზიციური გაერთიანება ევროპული არჩევანი: ეს არის ფასადურად ევროპული არჩევანი, თუ სიღრმისეულია. სიღრმისეულობა კი გულისხმობს იმას, რომ ამომრჩეველს შესთავაზო ქვეყნის განვითარების ევროპული ტიპის მოდელი. ოპოზიციამ უნდა ახსნას, როგორ აპირებს განახორციელოს ევროპული ტიპის მართვა. საზოგადოება იზრდება და კრიტიკული ხდება.

ჩემი აზრით, რაც გადაწყვეტს ამ არჩევნების საბოლოო შედეგს, ეს არის პრაგმატული სტრატეგია.

„ქართულ ოცნებას“ ყოველ არჩევნებზე მინი-სტრატეგია მაინც ჰქონდა: მაგალითად, ვიღაცას ჩამოაწერეს ვალი, რაღაც ჯგუფს მისცეს მეტი უფლება… საჭიროა ისეთი სტრატეგია, რომელიც 2 და 3 %-იან ცდომილებას კი არა, მინიმუმ 10 %-იან სხვაობას გამოიწვევს ოპოზიციის და „ოცნების“ ხმებს შორის.

ამ ეტაპზე მხოლოდ ის ჩანს, რომ მეტი პროევროპული ამომრჩეველია საქართველოში, რომელსაც რუსეთი არ უნდა. ამ ადამიანებს არ სჭირდებათ იმის დარწმუნება, რომ აი, ევროპა კარგია. ამ ამომრჩევლებმა ეს ძალიან კარგად იციან. მათ სჭირდებათ კონკრეტული სტრატეგია. ამიტომაც, უნდა წავიდეს ოპოზიცია მინიმუმ ერთი ნაბიჯით წინ მაინც, ვიდრე „ქართული ოცნება“ მიდის.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 325 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +750]
  • ტანკი – 5 520 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 10 282 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 7 875 ერთეული [+1]
  • MLRS – 907 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 597 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 905 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 565 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 299 ერთეული [+11]
  • სპეცტექნიკა – 1 113 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 542 თვითმფრინავი
  • 255 ვერტმფრენი
  • 9 257 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 647 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 185 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 192 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 666 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი უკრაინული დრონების მასობრივ შეტევაზე აცხადებს

ჩემი მადლიერების დღესასწაული – არის თუ არა დიაგნოზი განაჩენი

ავტორი: ნათია კაპანაძე

ამ დილით ონკანიდან წამოსული წყლის წვეთების ხმა რომ დავითვალე, ჩემ მოულოდნელობებს სიხარულის კიდევ ერთი ნაკადი შეუერთდა. პირველი მადლიერების დღეა ამერიკაში. მაშინ, როცა ირგვლივ ოჯახები შტატიდან შტატში მოგზაურობენ ერთმანეთთან შესახვედრად, Პატარა ნიუ იორკული ოთახის კედლებში ვეღარ ვატევ იმას, რამაც ამ მადლიერების დღემდე მომიყვანა. 

სულ ახლახან, 22 ნოემბერს, გიორგობის და მადლიერების დღესასწაულებს შორის პირველი ქირურგიული ოპერაცია გავიკეთე მანჰეტენზე. მეოთხე ხარისხის სმენადაქვეითებიდან სმენის აპარატის გარეშე ცხოვრებას ვუბრუნდები ნელ-ნელა, თავბრუსხვევებით, ერთმანეთთან ჩანაცვლებული საათის წიკწიკის, გულის ცემის, მატარებლის ხმაურის, დაგუბებების და უკვე წყლის წვეთების ხმის გაგონების შემდეგ ამერიკული გამოცდილებაზე, თურქულ თავგადასავალზე, გერმანულ იმედზე და ქართული დასაწყისზე შემიძლია წერა. 

  • ტკივილებით სავსე მოსამზადებელი დღეები

ცხადია, ჩემი ამერიკული თავგადასავალი ამერიკაში არ დაწყებულა. ეს გზა იყო ყველაზე შორეული, რთულად მისაღწევი და უკანასკნელიც იმ შესაძლებლობებს შორის, რაც გამაჩნდა.

როგორც უკვე ვახსენე, ამ გზამდე სხვადასხვა დროს თურქეთის და გერმანიის, ასევე საქართველოს სამედიცინო სფეროების ლაბირინთები გამოვიარე. დიაგნოზები სამივე ქვეყანაში განსხვავებული მქონდა. სმენა ქრებოდა, ტკივილები და შიში იმატებდა.

რწმენა უცვლელი იყო. საქმეშიც და ცხოვრებაშიც ჩემთვის შეუძლებელია დინებას გავყვე. არ ვიბრძოლო უკეთესისთვის, ბედნიერებისთვის, ცვლილებებისთვის, თავისუფლებისთვის.

თუ ამ გაურკვეველ მოცემულობას მივიღებდი, როგორი ადამიანი ვიქნებოდი? როგორი უფლებადამცველი? და გადავრჩებოდი თუ არა საერთოდ? მიუხედავად იმისა, რომ მოვიფიქრე ყველა საქმე, რასაც სმენის გაქრობის პირობებში წყნარად გავაკეთებდი. დავიწყე გრაფიკული დიზაინის თვითშესწავლა და სხვა… მე ვერ ვხვდებოდი დიაგნოზი იყო თუ არა განაჩენი. ვიცოდი, მხოლოდ ის, რომ გზა უნდა გამეგრძელებინა. 

ვცდილობდი, არავის არაფერი შეეტყო ჩემ ტკივილებზე – არც ოჯახის წევრებს, ბათუმში სტუმრობის სასიამოვნო თავგადასავლად ქცევას რომ ვამზადებდი, არც მეგობრებს, საერთო ამბებიდან რომ არ ჩამოვრჩენილიყავი, არც საქმიან პარტნიორებს საქმის შესრულება ჩემგან ათჯერ დიდ ძალისხმევას რომ მოითხოვდა.

სინამდვილეში კი, ცალ მხარეს აპარატის გათიშვისას ფეხი მერეოდა ხოლმე და დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა წონასწორობის შესანარჩუნებლად. ყოფილა შემთხვევა, რომ ელემენტის ფული შემომლევია ან მარაგი ამოწურულა და მიწევდა ცალი ყურით „კონცენტრირებულად“ სიარული.

ეს ყველაზე ცოტაა იმ მძიმე განცდებიდან, რაც სმენის დაქვეითებამ მომიტანა. ზუსტად, ამ და სხვა ტკივილებში აღმოვაჩინე ამერიკა, როგორც ბოლო გამოსავალი. 

არასოდეს დამავიწყდება ისეთი ლამაზი გაზაფხულის დღე იყო – იმ დღეს პირველად ვიტირე ქუჩაშიც – არიზონადან ნიუ-იორკში გადმოსაფრენი 600 დოლარი და სხვა სახარჯო თანხა ვერ ვიშოვე. შეიძლება, 100-ზე მეტ საადვოკატო საქმეს ვაწარმოებდი, მაგრამ არცერთი პროექტი დროულად არ იწყებოდა, ზოგი უარიც მივიღე და იმ დღეს საერთოდ არაფერი მქონდა, წინა თვის იპოთეკაც ვალით დავფარე. იმ ყველაზე ლამაზ და ყველაზე მძიმე დღეს მრცხვენოდა საკუთარი თავის, საკუთარი ოპტიმიზმის და უსუსურობის. 

მალე ყველაფერი შეიცვალა. გადავწყვიტე სახლიდან გამოსვლით და მისი დაგირავებით დამეწყო. 

მეორედაც ვიტირე სხვების თანდასწრებით, საოპერაციოში, როცა ბედნიერების ცრემლები თავად გამოჩნდნენ – მე ეს შევძელი და ჩვენ ეს შევძელით, ყველამ, ვინც საკუთარი თავისთვის მინიჭებული როლით მონაწილეობდა პროცესში.

ამერიკის სამედიცინო მიდგომების და მკურნალობის მეთოდების გამოძიება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოვახერხე. ჩატბოტის უამრავი რეკომენდაციის გაცნობის შემდეგ, საკონსულტაციო დროც დავჯავშნე. შედარებით ხანგრძლივი პერიოდი შევარჩიე – გაზაფხულიდან 19 სექტემბრამდე ყველაფრის მოსწრება შეიძლებოდა. 

ბოლო წლები, ექიმები მაფრთხილებდნენ, რომ სმენის ნერვის დაზიანების გაუარესება დადებით და უარყოფით განცდებს თანაბრად შეიძლება გამოეწვია. ამიტომაც მიწევდა ჩემ სასამართლო პროცესებზე, ყველაზე შეურაცხმყოფელ და მძიმე ბრალდებებზე აპარატები ხანდახან მაინც გამომერთო… 

ვიცოდი ისიც, რომ დაღლილობას  და სტრესს ასევე შეეძლო წერტილი დაესვა ჩემი საადვოკატო საქმეებისთვის. მაგრამ სხვა შანსი აღარ რჩებოდა – წელს, მარტიდან სექტემბრამდე ვმუშაობდი დღეში 18 საათი მაინც. დილის 6 საათიდან მინიმუმ ღამის 12 საათამდე, უკანონო მოსმენებზე, პარლამენტიდან ჟურნალისტების გამოძევების საქმეებზე, მარტის აქციებისას დაშავებული ჟურნალისტების და ოპერატორების საქმეებზე, პარლამენტის კანონთან შეუსაბამო აკრედიტაციის წესის გასაჩივრების საქმეზე, ყოველდღიურად მინიმუმ 3 საათი ინგლისურის გაკვეთილზე და რა თქმა უნდა, ამერიკელი ექიმების რევიუების კითხვასაც ვასწრებდი. რის წაკითხვასაც ვერ ხერხდებოდა, ჩემი განსაკუთრებული მეგობარი აკეთებდა ამას და შემდეგ მიყვებოდა. 

ერთ დღესაც გავბედე და საჯაროდ დავწერე, რომ „გადარჩენისთვის სხვადასხვა დროს სხვადასხვა საჭიროება გვაქვს ხოლმე – მე რომ გადავრჩე, უფრო ზუსტად, საჯარო სიკეთეების მოტანა და აქტიურობა რომ შევძლო, სმენა უნდა შევინარჩუნო. გადაუდებელი სამედიცინო საჭიროებების გამო, მხოლოდ ერთი წლით, ვთმობ ჩემი თავის ნაწილს – ბინას ბათუმში დელფინარიუმის უკან, ზღვის პირას, ტბის პირას…

ხალხურ ენაზე რომ ვთქვა -26 000 დოლარად გირავდება ერთი ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი ბინა

პ.ს. ახლა არ ვაგირავებ/იპოთეკისთვის არ ვიმეტებ მხოლოდ სახლს, გადარჩენის შანსს ვეძებ

პ.ს.ს. დაინტერესებული პირი არ გირაობს მხოლოდ სახლს, გადარჩენის შანსს მიტოვებს

პ.ს.ს.ს. სახლში არ რჩებიან წიგნები“.

ამ პოსტის შემდეგ უამრავი ადამიანი მოვიდა და წავიდა ჩემი პატარა სახლის დასაგირავებლად, სანახავად, უარის სათქმელად. მოვიდა სამშენებლო კომპანიაც სამომავლო მოლაპარაკებებისთვის და ეს პროცესი გრძელდება.

პარალელურად, ისეთი ამაღელვებელი იყო, როცა ჩემი მეგობრების ნაწილის ფინანსური დახმარება მივიღე. თვითორგანიზებით თუ ჩემ ანგარიშზე გადმორიცხული თანხები, რომლის ოდენობა იწყებოდა 10 ლარიდან და ზევით, ერთმანეთზე უფრო სასიამოვნო და გადამრჩენელი გახდა. დღემდე შოკისმომგვრელად მოულოდნელი მეგობრის რუკების კოლექციის რეალიზაციის გადაწყვეტილებაა. ეს აუნაზღაურებელი მსხვერპლია, ყველაფერი სხვა რომ შევძლო, რუკების ხატვას ნამდვილად ვერ ვისწავლი… 

ვღელავდი ყველა ჩარიცხულ ლარზე და ახლიდან დაბადების ტოლი იყო ყველა თეთრი. ასე ბილეთების ხარჯი გადავფარე და დასაწყისის დასასრულიც დადგა  – 15 სექტემბერს საქართველოდან გამოვფრინდით. 

  • ამერიკული გამოცდილება

აქ ამერიკაში, ორი თვის მანძილზე მოვსინჯე უამრავი შესაძლებლობა ბრუკლინსა და მანჰეტენზე. საოცრად, საოცრად გამიმართლა ადამიანებში – საბოლოოდ, ნიუ იორკის დაზღვევამ კვლევების და ოპერაციის მხარდაჭერით ამერიკაში გადარჩენის შესაძლებლობა გააჩინა. მალევე დავრწმუნდი, რომ გვიან, მაგრამ ვიპოვიდი პასუხს. პროცესების პარალელურად განვითარებისთვის, მეგობრის პასუხისმგებლობებში ჩემი სატელეფონო ზარებიც შედიოდა. საქმე ისაა, რომ სახელიც საერთო გვქონდა და გამოწვევაც. ასე აღმოვაჩინეთ ექიმი ჯორჯი და მისი გუნდი.

სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციაზე მომუშავე გამორჩეული კომპეტენციის ქირურგი, რომელიც თვითონაც ადვოკატივით დადის ოფისში და მისი თანაშემწეებიც ყველაზე სანდომიან მხარდაჭერას ასხივებენ.

ექიმ ჯორჯთან მოსახვედრად ყველაზე რთული გზა მისაღებია. ის ყველა პაციენტთან არ მუშაობს. საერთოდაც, რუბიკონივითაა ექიმი ჯორჯის მისაღები, თუ გადალახე, უკვე მიზანთან ხარ. რეგისტრაციისთვის ორი ვიზიტის და არაერთი ზარის შემდეგ, მიმღები დავარწმუნე, რომ უკან გზა აღარ არსებობდა ჩემთვის, საერთოდ არ ვაპირებდი ოფისიდან წასვლას რეგისტრაციის გარეშე და ასე დაიწყო ყველაზე დიდი თავგადასავალიც.

„რთულია, მაგრამ შესაძლებელია“, „93% შანსი“, „დაუყოვნებლივ ვიწყებთ“ – ამ ფრაზებს შორის, მოულოდნელად ექიმი წამოდგა და მხარზე ხელი დამადო – მითხრა, რომ სანერვიულო აღარაფერია და უკვე ვიპოვე პასუხი კითხვაზე.

მივხვდი,  მომავალი შეიცვლებოდა. 

რამდენიმე დღეში ჩანიშნა ოპერაცია, რათა შეგვეწყვიტა ნერვის დაზიანების პროცესი. შემდეგ იყო ხელახალი ანალიზები, კარდიოგრამა, დასკვნები. ხელახლა მოთავსება კაფსულში და ტვინის გამოკვლევები ხმებით და წითელი სინათლეებით უსაშველოდ გაგრძელდა. და ოპერაცია, რომელიც სულ 45 წუთი გაგრძელდა და სახლში იმავე დღეს გამომიშვეს.

ყველაზე დიდი სიურპრიზი – ოპერაციისთვის მოსამზადებელ სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანი ცალ-ცალკე შემოვიდა. ისინი მიხსნიდნენ საკუთარ ფუნქციებს ჩემ ქირურგიულ პროცედურაში. მიყვებოდნენ მათ მონაწილეობაზე და მაძლევდნენ შანსს გამომეკითხა დეტალები ჩემ მეგობართან ერთად. 

ბოლოს გამოჩნდა მთავარი ქირურგიც. ექიმ ჯორჯს აინტერესებდა, როგორ ვგრძნობდი თავს და რა კითხვები მქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესის წინ უკვე აღარ მქონდა კითხვა. იმედი მაქვს, ამ პასუხითაც ნათელი გახდა მისთვის, რას ნიშნავს ადვოკატ პაციენტს არ ჰქონდეს კითხვა. ეს ნიშნავს უდიდეს ნდობას და ეს რეალურია.

მისი მაღალი ხარისხის პროფესიონალიზმი და ადამიანურობა უკვე დადასტურებული იყო ჩემთვის. 

საოპერაციოში მხოლოდ ის ვთქვი, რომ მარცხენა მხარე ჩემი „მარწმუნებლების ყურია“ და მარჯვენა, ანუ „მოსამართლის მხარე“, კიდევ დიდი გამოწვევაა. და რომ ისევ დავბრუნდებოდი ოპერაციისთვის.  

საოპერაციოში ჩაძინებამდე ყველა ამბავმა შემახსენა თავი, ყველა დარდმა და ყველა ტკივილმა, ყველა შიშმაც მოძებნა გზა – ჩემი სახელმწიფოსგან მიტოვების, 100 ლარიანი პენსიის თუ უმუსიკოდ ცხოვრების შიშმაც. შემდეგ კი დაიწყო ჩემი მადლიერების დღესასწაული.

  • თურქული თავგადასავალი 

ბოლო ვიზიტი თურქეთში თებერვალში მქონდა. მითხრეს, რომ ოპერაციის მხოლოდ 30% წარმატების შანსი იყო და რისკად არ ღირდა. დავაგვიანე და მომავალში აპარატებით უნდა მემართა პროცესი. და სულ ეს იქნებოდა. სრულად დავკარგავდი სმენას ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის მაშინაც, თუ ოდესმე მშობიარობას გადავწყვეტდი.

  • გერმანული იმედი

2019 წლის მაისში გერმანიაში სასწაულების გზით მოვხვდი, უკვე აჭარის ტელევიზიის იმპიჩმენტირებული დირექტორი „დოიჩეველე აკადემიის“ ქართული ბიუროს ხელმძღვანელმა საგრანტო პროექტიდან არ მომხსნა და ბონში ვიზიტის შანსად სმენის დიაგნოსტირებაც დაერთო.

ასეთი Რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში აპრილიდან მაისამდე? – მკითხა ექიმმა, რომელსაც ალბათ ვიზიტისთვის გაწერილი განრიგი არ ეყოფოდა ჩემი დევნის და პოლიტიკური ანგარიშსწორების დეტალების მოსასმენად. მით უფრო, რომ მაშინ არც ვიცოდი სასამართლო პროცესი ხუთი წლის შემდეგაც თუ არ დასრულდებოდა.

გერმანული იმედი, დაფის აპკების ცვლილების ოპერაციის დაგეგმვა იყო, რომლის ეტაპობრივი ქირურგიული ჩარევის ფასი ორი 40 000 ათასი ევრო იქნებოდა, გერმანიაში მინიმუმ რვა თვით ცხოვრების აუცილებლობით. ეს გეგმა იყო წარმოუდგენლად რთული და მძიმე. 

ამ ვიზიტის ფარგლებში ბონში ბეთჰოვენის მუზეუმიც ვნახე. ვნახე რკინის რქები და იარაღები, ბეთჰოვენს მეგობარი რომ უმზადებდა სმენის შესანარჩუნებლად და ამაოდ. მოვისმინე მისი ჩანაწერები, როგორ უფუნქციოდ ხედავდა თავის მომავალს და ფიქრობდა თვითმკვლელობაზე უმუსიკოდ დარჩენილი. იმ დღეს მეც შემეშინდა მუსიკის გარეშე ცხოვრების, ადამიანების ხმების გარეშე ცხოვრების შემეშინდა და არამარტო ამის. 

  • ქართული დასაწყისი

საქართველოში მკურნალობა წამლებით დაიწყო, „ბენევრონი“ – ამ წამლის სახელი არ დამავიწყდება და არც ამ და სხვა წამლებისგან გამოწვეული ღვიძლის ტკივილი. შემდეგ იყო აპარატების ყოველკვარტალური გასწორება. სიხშირეების მართვა. რაღაც ნემსებით მკურნალობა, რომ გაუარესება შეჩერებულიყო, მაგრამ ამაოდ.

სახის ნერვი, სმენის ნერვი, ტვინის დაზიანება, მოულოდნელი კრიზისი – ერთმანეთში ირეოდა ხოლმე უიმედო ფრაზები, შემდეგ კი უნდა დავლოდებოდი სრულ დაყრუებას, რომ გადაწყვეტილიყო ოპერაცია.

რაც იყო, იყო. ისიც მახსოვს, ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მიღებისას პერსონალმა რომ მითხრა, მოიცადე 100 ლარი ჯერ არ გეკუთვნის და სტატუსის მისაღებ 175 ლარს ტყუილად დახარჯავო, რომ ჯერ საკმარისად შრომისუუნარო არ ხარო…

ასე ყოფილა, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მისაღებად ექსპერტიზა ფასიანია. ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები საგადასახადო შემოსავლებსაც ვიხდით. მართლაც რაც იყო, იყო. 

ეს არასწორია. ზომიერად შეზღუდული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროებების შესახებ საქართველოში ცნობიერება უნდა გაიზარდოს, სახელმწიფო მხარდაჭერის სერვისები კი უნდა განვითარდეს. ჯანდაცვა ჯიპების ნაცვლად. ოდესმე ასე აღარ იქნება. 

  • აქ და ახლა

გახსოვთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი სინას მთაზე რომ წავიდა დეტოქსისთვის? მეც „სინას მთაზე“ აღმოვჩნდი, ოღონდ ეს სამედიცინო ქსელის დასახელებაა ამერიკაში. როგორც ჩანს, ჩემ შემთხვევაში ეფექტი ბევრად დადებითია.

აქ და ახლა, გიორგობის და მადლიერების დღესთან ერთად, არ არის შავი პარასკევი ჩემთვის. ამ დიდი გამძლეობისთვის საკუთარი თავი დასაჩუქრებას  და „ამაზონიდან“ პაწაწინა საჩუქრის გამოწერასაც კი ვერიდები. წინ ბევრი გამოწვევაა. სექტემბრის შემდეგ არცერთი პროექტი არ გაგრძელებულა, ჩემი შრომისუნარიანობა ჯერ არ აღდგენილა და ყველა სხვა სირთულეც წინ მელოდება. 

მაგრამ მთავარი სულ სხვაა. დღეს მთავარი მადლიერებაა. 

მინდა მადლობა ვუთხრა ადამიანებს, სამყაროს და ყველას, ვინც აქამდე მოსვლაში დამეხმარა. ვინც საქართველოში ბევრჯერ გადამარჩინა, ვინც მამხნევებდა და მაძლიერებდა, ვინც ამ დრომდე მწერდა, ვინც აქ ამერიკაში მეხმარებოდა და მეხმარება – საცხოვრებლისთვის და სწორი გზის სწავლებისთვის. მადლობა ყველა სიტყვისთვის, ყველა თეთრისთვის და ყველა იმედისთვის. 

განსაკუთრებული მადლობა ჩემ ოჯახს, აქ ნიუ იორკში კოლეჯში სწავლის დაფინანსებისთვის, რომელიც ჰაერზე საჭირო იყო ჩემთვის სამედიცინო თავგადასავლების პარალელურად გასაძლებად და ყურადღების ოდნავ გადასატანად.

მადლობა მინდა ვუთხრა მათაც, ვინც თავისი დრო და ფინანსები დაზოგა ჩემთან მიმართებაში, ვისაც დაავიწყდა, რომ მხარდაჭერა საკუთარი თავის დახმარებაა და ვთხოვო, დაუყოვნებლივ მიმოიხედოს გარშემო – როგორმე შეეშველოს მას, ვინც ამ წუთსაც იბრძვის თავის თავის და თავის თავში სამყაროს გადასარჩენად. ოდესმე სხვისი ბრძოლაც ჩვენი გამძლეობის გარანტია ხდება.

ამ სამყაროს ხელა მადლიერებით მინდა გავამხნეო ყველა, ვინც ტკივილს და უიმედობას ებრძვის თავად, ან ოჯახის წევრს თუ მეგობარს ამშვიდებს – არასოდეს შეწყვიტოთ მცდელობა. არასოდეს დანებდეთ. ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი. თქვენთვის საჭირო პასუხის ძიება გააგრძელეთ, უსასრულოდ გააგრძელეთ.

როგორც უფლებადამცველი ამ პროცესებშიც მივხვდი – დიაგნოზი ზუსტადაც განაჩენია. ის ცვლის ჩვენ რეალობას და მომავალს. მაგრამ განაჩენს არ შეუძლია გააფერმკრთალოს ჩვენი დამოკიდებულებები სიცოცხლის მიმართ. თანაც, ყველა განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება. ჯანმრთელობისთვის ბრძოლა უფლებებისთვის ბრძოლაა და პირიქით.

ახლა, როცა ონკანიდან წამოსული წყლის წვეთების ხმა უკვე დავითვალე და ჩემი მოულოდნელობებს სიხარულის კიდევ ერთი ნაკადი შეუერთდა. ექიმების რეკომენდაციის დაცვით გავაგრძელებ ცხოვრებას.

როგორც ამბობენ, ახალ მექანიზმს უნდა გავუფრთხილდე და მინიმუმ ერთი კვირა მყარი საკვები არ მივიღო. ჩემი მომვლელის – ძმის გამოგონება,  ცოცხალი, გახეხილი ხილის მიქსი მელოდება, შემდეგ წამლები და ისევ პროცედურები. იმედი მაქვს, ფოტოგრაფიის კურსსაც დავუბრუნდები. ამასობაში, თავბრუსხვევებიც მკრთალდება და იწყება რაღაც უფრო ახალი. საკუთარი თავიდან ხელახლა დაბადების მსგავსი. 

რადგან ისევ მადლიერების დღესასწაულია – ღმერთო დალოცე ამერიკა ამ დიდი სიკეთისთვის და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. როგორმე უნდა გახდეს ჩვენი ქვეყანა უკეთესი სამედიცინო სერვისების, ხარისხიანი დაზღვევის და ადამიანების ღირსეული ცხოვრების ადგილი. ეს აუცილებლად მოხდება. 

ახლა სასწაულების უფრო მეტად მჯერა.

აქცია ბათუმში შშმ გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმის ცენტრალურ პარკში აქცია გაიმართა შშმ გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

აქციის ორგანიზატორი შშმ ქალთა ალიანსი იყო. ალიანსის თავმჯდომარის, დეა ერემაშვილის თქმით, აქცია ეხმაურება აჭარაში შშმ მოზარდებზე სავარაუდო ძალადობის საქმეს, რომლის შესახებაც ორგანიზაციამ პროკურატურას წელს, ზაფხულში მიმართა.

აქცია ბათუმში

„5 ივნისს ჩვენ პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ მასობრივი ძალადობის ფაქტებზე შშმ თემში, სადაც მოძალადეები და მსხვერპლები თემის წევრები იყვნენ. უფროსი ასაკის მამაკაცები ფაქტობრივად ძალადობდნენ უმცროსი ასაკის გოგონებზე.

350 ვიდეო დევს პოლიციაში, მაგრამ თემის მხრიდან მიდის ბულინგი, არ არის ოჯახების მხარდაჭერა, მსხვერპლების უმრავლესობა არასრულწლოვანია და ოჯახებს არ უნდათ ამ ინფორმაციის გაცხადება, იმიტომ, რომ რცხვენიათ, ზოგს ეშინია, ზოგის მოსყიდვა მიდის.

როცა ძალადობა ხდება წლების განმავლობაში და შენ თვალს ხუჭავ, მე ვთვლი, რომ ეს უარეს მოძალადედ გაქცევს.

ჩვენ გვინდა ამ აქციით ვაჩვენოთ ამ ადამიანებს, რომ მარტო არ არიან, რომ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრება. მთავარია, მივმართოთ პოლიციას, იმიტომ, რომ ეს არ დასრულდება, ოდესღაც ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და შიშს აჯობოს.

ამ დრომდე მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული.

აქცია ბათუმში

გამოძიება ვერ იძვრის, იმიტომ, რომ მსხვერპლი არ მიმართავს პოლიციას და მეორე – ვინც მიმართა, ის ცვლის ჩვენებებს ზეწოლის გამო. მგონი, პოლიციას პირველ რიგში უნდა დაეკავებინა ეჭვმიტანილები, რომ ადამიანებისთვის ზეწოლა მოგვეხსნა, მაგრამ ვერ მოხდა დროული და ეფექტური მოქმედება, სამწუხაროდ“ – უთხრა „ბათუმელებს“ დეა ერემაშვილმა.

___________

ამავე თემაზე: 

ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ

 

რუსეთი უკრაინული დრონების მასობრივ შეტევაზე აცხადებს

რუსული მედია, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 26 ნოემბრის ღამეს რუსეთში დრონებით მასობრივი თავდასხმის მცდელობა იყო.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, მოსკოვის ოლქის სხვადასხვა რაიონში რუსეთის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე დრონი ჩამოაგდო. დროებით შეჩერდა ავიარეისები ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში.

ბოლო ცნობებით, საუბარია 24 დრონის შეტევაზე რუსეთის 5 რეგიონზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თითქმის ყველა დრონი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო,  ერთი დრონი კი ტულაში საცხოვრებელ სახლს დაეცა, დაშავდა ერთი ადამიანი.

26 ნოემბრის ღამეს დრონებით შეტევა განხორციელდა უკრაინაზეც, მათ შორის კიევზეც. გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვამ 8 „შაჰედიდან“ 7 გაანადგურა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

___________

ფოტოზე: უკრაინული დრონი

წვიმა, მთაში თოვა, შტორმი – როგორი ამინდი იქნება აჭარაში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 ნოემბრის 21 საათიდან 27 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში – თოვა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში – ქარბუქი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი, ზოგან 20-25 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

ზღვაზე მოსალოდნელია შტორმული ამინდი, 5-6-ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების ცნობით, 28 ნოემბერს ღამით და დილით აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა. 28 ნომებრს, დღის მეორე ნახევრიდან კი გამოიდარებს და 29 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

Exit mobile version