30 ნოემბერს, ღამე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში, პოკროვსკის, ნოვოგროდოვსკისა და მირნოგრადის მიმართულებით ექვსი რაკეტა გაუშვეს.
უკრაინული მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი – 13, 16 წლის და 6 თვის, 5 ადამიანს კი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ ეძებენ.
„უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ პოლიციის სამედიცინო მუშაკი ნანგრევებიდან გამოსვლაში დაეხმარა მამაკაცს, რომელსაც ხელში გასისხლიანებული ბავშვი ეჭირა. გასინჯვის შემდეგ ბავშვი სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში. მედიის ცნობით, 6 თვის ჩვილის სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.
ასევე, ნოვოგრადოვკაში რუსული რაკეტა მოხვდა მრავალსართულიან კორპუსს. დაჭრილია 13 წლის მოზარდი. პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები სარაკეტო დარტყმის ადგილზე მუშაობას განაგრძობენ. არსებული ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ 5 ადამიანი იყოს, მათ შორის ერთი ბავშვი.