მთავარი,სიახლეები

როგორ შეძლო ქალმა ხულოში საკონდიტროზე ოცნება რეალობად ექცია

01.12.2023 • 2936
როგორ შეძლო ქალმა ხულოში საკონდიტროზე ოცნება რეალობად ექცია

„გარიგებით დავქორწინდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, შემდეგ შემიყვარდა ჩემი მეუღლე. სამი შვილი მყავს. ორი გოგო და უმცროსი ბიჭი, რომელიც 25 დღის იყო, როცა ჩემი ქმარი გარდაიცვალა. 16 წელია, რაც ქმარი აღარ მყავს.

ძალიან რთულია, იყო მარტოხელა დედა. ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა აიღო, იტვირთო და აიტანო, რათა ოჯახი არჩინო“ – გვიყვება 45 წლის ეკა აბულაძე.

ეკა ხულოს სოფელ ქედლებში უმცროს შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი ერთი შვილი, გოგო, დაქორწინდა, მეორე კი ბათუმშია.

„10-11 წელი ვიარე თურქეთში. თხილსა და ჩაის ვკრეფდი სეზონურად.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ ბავშვს სჭირდებოდა მკურნალობა. თითქმის ერთი წელი ვმკურნალობდით და არ მქონდა ის საშუალება… თანხა გინდოდა ექიმთან მისასვლელად, წამლები… ფული გჭირდებოდა, რომ ბავშვისთვის გეყიდა წამალი და ამის გამო გადავწყვიტე თურქეთში მევლო და ასე მეზრუნა ოჯახზე, შვილებზე.

ეს წლები ჩემს ჯანმრთელობას დაეტყო. იქ ჩაის რომ მოკრეფ, შენი მოკრეფილი ჩაი აღმაც უნდა აიტანო, განზეც უნდა გაიტანო, ქვევითაც… შენს ტვირთს არავინ არ აიტანს, იქ ვერავინ დაგეხმარება. ძალიან ბევრი წვალება, გაჭირვება, პრობლემა გამოვიარე.

ფიზიკური შრომა მიყვარს, მაგრამ სამი წელია გულზე პრობლემა შემექმნა და ვეღარ გავდივარ თურქეთში. სოფელში მომყავს მოსავალი“ – გვიყვება ეკა.

ქალისთვის ფიზიკური მძიმე შრომა არც თურქეთში მუშაობის დაწყებამდე იყო უცხო ხულოს რელიეფისა და მკაცრი ზამთრის პირობებში. ბევრჯერ დაუჩეხავს ზამთრის მარაგის შეშა მარტოს.

მისი თქმით, ქმრის გარდაცვალების შემდეგ ძალიან ეშინოდა და 2 წლით დედამთილთან გადავიდა საცხოვრებლად შვილებთან ერთად, რის გამოც სოციალური დახმარება არ მისცეს.

„სამჯერ გადავიტანე კორონა. ერთხელ ისე მძიმედ, რეანიმაციაშიც კი მოვხვდი. ბრონქები მაწუხებს, მაგრამ რომ არ არის საშუალება, ვერ დავდივარ ჰაერის გამოსაცვლელად“, – გვითხრა ეკამ.

ეკამ გვითხრა, რომ აქამდე ყოველთვის ჰყავდა საქონელი, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის წინ ყველა გაყიდა უფროსი შვილის ქორწილის სამზადისისთვის.

„როცა გოგო დაქორწინდა, მაშინ გავყიდე ყველა. სხვა საშუალება არ მქონდა, რომ შვილისთვის რაღაც მიმეტანა და არც ის მინდოდა, რომ ეფიქრა, მამა არ ჰყავდა და ამიტომ არაფერი არ ეღირსა. ამიტომ გავყიდე საქონელი და გადავუხადე ქორწილი“.

ოჯახის ფინანსური გაძლიერებისთვის ეკამ წლების წინ ვაჭრობაც დაიწყო ბათუმში, საახალწლოდ ნაძვის ტოტებისგან აწყობილ ნაძვის ხეებს ყიდის, მარტში კი – იებს და ა.შ..

ეკას ოცნება და მიზანი საკონდიტროს გახსნაა. ამაზე საუბარს იქიდან იწყებს, თუ როგორ ისწავლა ტკბილეულის ცხობა.

„დედაჩემი საპატარძლო ტორტებს აცხობდა და რთავდა. ტორტის გამოცხობა დედამ დაქორწინებამდე მასწავლა. მაშინ არ იყო ტორტებზე არც ასეთი მოთხოვნა, არც ტორტის მოსართავი რაიმე საშუალება გვქონია. ჭარხალს დავხეხავდით, მოვხარშავდით და მისი ან სტაფილოს წვენით ვაფორმებდით ტორტს, ფერადი რომ გამოსულიყო.

ნამცხვრების გამოცხობა კი დედამთილმა მასწავლა. ჩემს დედამთილს უყვარდა ცხობა. ქორწილებში დადიოდა მზარეულად. როცა დავქორწინდი, გვერდით დამიყენა და ყველა სახის ნამცხვრის ცხობა მასწავლა. შემდეგ უკვე მეც დავდიოდი ქორწილებში მზარეულად“, – გვიყვება ეკა.

ქალის თქმით, საახალწლოდ ბათუმში სავაჭროდ ჩასულს ტკბილეულსაც უკვეთავდნენ. თავიდან მისი მომხმარებლები მხოლოდ ნაცნობები იყვნენ, თუმცა შემკვეთების რაოდენობა მალე გაიზარდა.

„ღამის საათებში ვაცხობდი, დღისით ნაძვებს ვყიდდი. ბევრჯერ გამითენებია ღამე ცხობაში, განსაკუთრებით დღესასწაულებზე. ახალ წელს ძალიან დატვირთული ვარ.

დღისით რომ ნაძვებს ყიდი, საღამოს მიდიხარ და იცი, შენს იმედად ვიღაც არის, იმას ვერ მოატყუებ. უნდა გაუკეთო, რაზეც შეთანხმდით. ისეთი შემთხვევებიც მქონია, როცა ადამიანს გადახდის საშუალება არ ჰქონია და უსასყიდლოდ გამომიცხვია მისთვის“, – გვეუბნება ეკა.

მისი თქმით, ძველით ახალ წელს უკვე სოფელშია და ადგილობრივ შეკვეთებზე მუშაობს.

„არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე კონდიტერი გავხდებოდი, რადგან არ მქონია საშუალება, საჭირო რესურსი შემეძინა.

ძალიან ვწვალობ და დიდი დრო მჭირდება, რადგან არ მაქვს შესაბამისი საცხობი, დიდი მიქსერი… ტორტის მოსართავი საშუალებები. ძველებური საშუალებებით ერთსა და იმავე მორთულობას ვუკეთებ ტორტებს სულ, მაშინ, როცა უამრავი სხვა იდეა მაქვს.

რთულია, როცა იდეა გაქვს, მაგრამ ფინანსური საშუალება არა მის განსახორციელებლად“, – გვეუბნება ქალი.

მისი თქმით, არა თუ საჭირო ტექნიკის შეძენა, არამედ ამა თუ იმ ნამცხვრის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტების თავმოყრაც ბევრჯერ გასჭირვებია.

„ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ დამკვეთს კონკრეტული ნამცხვარი სდომებია, მაგრამ არც მე მქონია საჭირო ინგრედიენტები და არც სოფლის მაღაზიაში ყოფილა. მიწევს მომხმარებელს სხვა ნამცხვრის გამოცხობა შევთავაზო, რაც მისთვისაც უფრო იაფი იქნება.

ყველა საჭირო ინგრედიენტის შეგროვებას ვახერხებ პერიოდულად, როცა ვვაჭრობ.

ახლა საკონდიტროს გახსნა გადავწყვიტე, რათა ადამიანებიც დავასაქმო და ადგილობრივებს უფრო ხელმისაწვდომად გამოვუცხო ნამცხვრები თუ ტორტები. თუ ახლო მანძილზე შეიძენენ ტკბილეულს, ეს მათთვისაც მომგებიანი იქნება“, – გვითხრა ქალმა.

ეკამ ხულოს ქალთა ოთახის პროექტში მიიღო მონაწილეობა, სადაც გაიმარჯვა და მისი იდეის განსახორციელებლად 5 000 ლარს მიიღებს. ამ თანხით ეკა ძირითადად ტექნიკის შეძენას გეგმავს.

„მაცივრის შეძენას ვაპირებ, სადაც შევინახავ მზა ტკბილეულს, სანამ მომხმარებელი წაიღებს. ტორტს ხომ სჭირდება გაცივება?

სამუშაო მაგიდა მჭირდება, საცხობი, მიქსერი და ცომსაზელი. ამ ყველაფერს რომ შევიძენ, ნახევარ დროს დავხარჯავ იმასთან შედარებით, რა დროსაც ახლა ვანდომებ. აღარ მომიწევს ასე წვალება, ღამეების თენება, ჩემი ცხოვრების ხარისხიც გაუმჯობესდება და უფრო მეტი მომხმარებელიც მეყოლება. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში დამიდგა“ – ამბობს ეკა.

ეკა ამ ეტაპზე მცირე საკონდიტროს მოწყობას სახლის სამზარეულოში აპირებს.

„სახლის გვერდით მაქვს აშენებული სივრცე და იმედი მაქვს, თანდათან გავძლიერდები და გადავალ იქ.  ახლა არ მაქვს რემონტი გაკეთებული და ვერ შევძლებ მუშაობას“, – გვითხრა ეკამ.

ეკა აღნიშნავს, რომ ქალისთვის ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა პირადი შემოსავლის ქონა და დამოუკიდებლობა.

„შრომისმოყვარე ადამიანი ყველაფერს მიაღწევს. არის ადამიანების კატეგორია, ვისაც მხოლოდ ფული უნდა, შრომის გარეშე. თუ არ იშრომე, საიდან ნახავ ფულს?“.

ეკა 7 წელია მზარეულის დამხმარედ მუშაობდა სოფლის ბაღში, ერთი წელია კი მთავარი მზარეულია.

„პროფესიით ექთანი ვარ. ხულოს სემინარია დავამთავრე. როცა დავქორწინდი, მაშინ არ ვსწავლობდი. მე სულ სხვა მიზნები მქონდა, მაგრამ მაშინ 90-იანი წლები და დიდი გაჭირვება იყო. არ ჰქონდა ოჯახს იმის საშუალება, რომ ქალაქში მესწავლა, მე კი ძალიან მინდოდა ქალაქში მესწავლა, ისტორიულზე მინდოდა ჩამებარებინა.

მაქსიმალურად ვეცადე ჩემს შვილებს მხარში დავდგომოდი. უფროს გოგოსაც ვასწავლე უნივერსიტეტში, მეორეც სწავლობს, მაგრამ ძალიან დიდი წვალებით და შრომით ვუხდიდი სწავლის საფასურს, რომ ხელი არ ჩაექნიათ სწავლაზე და განათლება მიეღოთ“ – ამბობს ეკა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: