რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 324 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1070]
  • ტანკი – 5 513 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 10 279 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 7 874 ერთეული [+123]
  • MLRS – 907 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 597 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 901 ერთეული [+93]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 565 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 288 ერთეული [+29]
  • სპეცტექნიკა – 1 113 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 542 თვითმფრინავი
  • 255 ვერტმფრენი
  • 9 236 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 629 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 185 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 187 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 642 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის განცხადებით, უკრაინამ ყირიმზე დრონებით მასობრივი შეტევა სცადა

საკრებულოს ოპოზიცია ბათუმში მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას ითხოვს

საკრებულოს ოპოზიცია ბათუმში მიწისქვეშა პარკინგების მოწყობას ითხოვს. ამის შესახებ ბიუჯეტის  2024 წლის პროექტის შენიშვნებში ჩაწერეს. პროექტი შენიშვნებით საკრებულომ მერიას უკვე დაუბრუნა. მერიას კორექტირებული პროექტის საკრებულოში წარსადგენად 10 დეკემბრამდე ვადა აქვს.

პარკინგის პრობლემა ერთ-ერთია მათ შორის, რაზეც ოპოზიცია სხდომებზე ხშირად საუბრობს.

„ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი ვერ პასუხობს ქალაქის გამოწვევებს, ყოველწლიურად იზრდება ქალაქში  პრობლემები, მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები კი არ ჩანს წარმოდგენილ დოკუმენტში. მოვითხოვთ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნას საკითხები რომლებიც მოაგვარებს ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკას.

ქალაქისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი საპარკინგე სივრცეები, ეს მოგვცემს საშუალებას მზარდი ტურისტული ნაკადის შემთხვევაში არ მივიღოთ ქალაქის პარალიზება, როგორც ეს ხდება ყოველწლიურად.  “ – ამბობს რეზო ხარაზი.

ოპოზიციამ რვა მისამართი წარუდგინა მერიას მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების პროექტებისთვის. ეს მისამართებია:

  • ძველ ბათუმში, ჭაჭა თაუერის მიმდებარედ არსებული ტერიტორია.
  • რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული, საზღვაო აკადემიის მიმდებარედ არსებული ტერიტორია.
  • ფიროსმანის ქუჩაზე სამხატვრო სასწავლებლის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი.
  • ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე ვარდების სკვერი.
  • ზურაბ გორგილაძის და ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა.
  • რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზო.
  • ბაქოს ქუჩაზე კათოლიკური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
  • ადლიის დასახლება

ქალაქის განტვირთვის მიზნით ოპოზიცია ბევრ სხვა ღონისძიებასთან ერთად ქალაქის შემოსასვლელში, მდინარე ყოროლისწყალზე, არსებული ხიდის რეკონსტრუქციასაც აყენებს დღის წესრიგში.

კორპუსების ზომა იზრდება, მაგრამ არა პარკინგის – ბათუმის მწვავე პრობლემა

ბათუმში ერთმანეთს 4 ავტომანქანა შეეჯახა

ბათუმში, ლერმონტოვისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შემდეგ კი ეს მანქანები პარკინგზე გაჩერებულ მანქანებს შეეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. თვითმხილველის ინფორმაციით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ერთი დაშავებული.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, სამი დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაში, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად.

ბათუმის მერია კაჩინსკებისა და ადლიის ქუჩების შეერთებას გეგმავს

ბათუმის მერია ადლიისა და ლეხ და მარია კაჩინსკების შემაერთებელი ქუჩის მშენებლობას გეგმავს. პროექტის ფარგლებში მერიას კერძო მესაკუთრის ქონების ათვისება მოუწევს, რის გამოც ექსპროპრიაციის შესახებ კანონს გამოიყენებს.

ექსპროპრიაციის წესი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევას გულისხმობს. ამ წესის მიხედვით მერიამ მესაკუთრის ქონება მოლაპარაკების საფუძველზე უნდა გამოისყიდოს. თუ ეს მოლაპარაკება ვერ შედგა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

მერიის ინფორმაციით ადლიისა და კაჩინსკების ქუჩებს შორის შემაერთებელი გზის მშენებლობის პროექტი შპს „ელთ ბილდინგის“ საკუთრებაში არსებული ორი ნაკვეთიდან 1105 კვ.მეტრი ფართობს საჭიროებს.

განკარგულების პროექტის მიხედვით ასათვისებელი კერძო საკუთრების სანაცვლოდ უძრავი ქონების მესაკუთრეს კომპენსაციის სახით უნდა აუნაზღაურდეს მათი საბაზრო ღირებულება, ან გადაეცეს საცხოვრებელი ფართი [ტოლფასოვნად].

ეს არის ვიზუალური მასალა, რომელიც მერიამ საკრებულოში გადაგზავნილ განკარგულების პროექტს თან დაურთო
რეესტრის რუკის მიხედვით შეიძლება იმის აღქმა, თუ კონკრეტულად რა ადგილს გილისხმობს მერია კაჩინსკების ქუჩიდან გზა ადლიის ქუჩაზე ამ ქუჩის აღმნიშვნელ მწვანე ზოლამდე გაივლის.
იგივე ტერიტორიაზე მონიშნულია კომპანიის მიწის ნაკვეთები, მათ შორის ერთ ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსი უკვე აშენებულია.

მერიაში განმარტეს, რომ  ადლიისა და კაჩინსკების შემაერთებელი გზის მოწყობა მოსახლეობის მოთხოვნა იყო: „მაქ შუქნიშანსაც ითხოვენ, რადგან ავარიები ხშირად ხდება.“

მერიას პროცედურის დასაწყებად საკრებულოს თანხმობა სჭირდება. საკრებულო საკითხის განხილვას, 27 ნოემბერს, სხდომაზე გეგმავს. „ელთ ბილდგინგი“ 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა  მისი  მფლობელი კი ელგუჯა თურმანიძეა.

 

 

კიდევ ერთი ცათამბჯენი სტადიონთან – ბათუმის საკრებულო 2 ახალ პროექტს განიხილავს

ბათუმში, ბაგრატიონის #139-ში, ცენტრალურ სტადიონთან ახლოს შპს ,,გთემ ბილდინგი’’ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიმ მერიას სამშენებლო ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით პროექტი ითვალისწინებს როგორც საცხოვრებელი ბინების ასევე სასტუმრო ნომრების მოწყობასაც.

მშენებლობა ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზეა დაგეგმილი [10048 კვ.მ.-ს] . კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა. მერიის განმარტებით თანხმობის შემთხვევაში კომპანია ნამატი ფართობის 10 პროცენტს მერიას გადასცემს. ეს კანონის მოთხოვნაც არის.

საპროექტო ტერიტორიასთან ახლოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ბათუმის ლუდის ქარხანა მდებარეობს. დოკუმენტში წერია, რომ ეს ქარხანა სამშენებლო ტერიტორიიდან 372 მეტრით არის დაშორებული. შესაბამისად, ის ძეგლის  დაცვის ზონაში არ არის.

იმ პროექტების მიხედვით, რაც „ბათუმელებმა“ უკვე შეისწავლა და გამოაქვეყნა ბათუმის ცენტრალური სტადიონის ირგვლივ არსებული ტერიტორია მომავალში ერთგვარ ცათამჯენების უბნად შეიძლება იქცეს.

რა გამოწვევების წინაშე დააყენებს ეს გადაწყვეტები ქალაქს არაერთი მიმართულებით ამაზე „ბათუმელები“ სპეციალისტებთან ერთად მუშაობს და მათ განმარტებებს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში შპს „გთმ ბილდინგის“  პროექტიც სტადიონის მიმდებარე უბანს დაემატება. ფუნქციური გადანაწილების მიხედვით ამ ტერიტორიას მინიჭებული აქვს საქმიანი ზონის სტატუსი.

რენდერი – დოკუმენტების მიხედვით შენობის სიმაღლე 240 მეტრი იქნება
რენდერი

 

მომავალში შესაძლო გამოწვევების გათვალისწინების აუცილებლობაზე სპეციალისტები „გთმ ბილდინგის“  განაშენიანების გეგმაშიც წერენ:

დღევანდელი მდგომარეობით ქ. ბათუმში მოქმედი განაშენიანების გეგმით, ჩვენს საპროექტო ტერიტორიაზე მოქმედებს საქმიანი ზონა (შზ-3), რომელშიც მოქმედი კოეფიციენტებია კ1-0,5-0,7; კ2-4,6 და კ3-0,2-მდე. გარდა აღნიშნული დოკუმენტისა, ტერიტორიის სამშენებლო განვითარებაზე მსჯელობისას, ასევე ვეყრდნობით მიწის ნაკვეთის სიახლოვეში უკვე შეთანხმებული და შეთანხმების პროცესში მყოფი ურბანული და არქიტექტურული დოკუმენტაციით გამოვლენილ სიმჭიდროვეს და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებელებს. ჩატარებული კვლევის შედეგებით ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ბათუმის მასშტაბით.

შპს „გთმ ბილდინგი“ ედნარ პაპუნაიშვილის საკუთრებაა, კომპანიას ჯუმბერ ჭყონია ხელმძღვანელობს.

რენდერი

მომავალ სხდომაზე, რომელიც 27 ნოემბერს უნდა გაიმართოს, საკრებულო კიდევ გდგ დოკუმენტზე იმჯელებს, რომელიც მასთაბური სამშენებლო პროექტის მშენებლობას კახაბრის დასახლებაში ითვალისწინებს.

კახაბრის დასახლებაში დაგეგმილი პროექტის რენდერი

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 323 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860]
  • ტანკი – 5 502 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 10 263 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 7 851 ერთეული [+18]
  • MLRS – 905 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 596 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 808 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 565 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 259 ერთეული [+29]
  • სპეცტექნიკა – 1 112 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 25 ნოემბერს გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 539 თვითმფრინავი
  • 255 ვერტმფრენი
  • 9 183 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 611 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 185 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 175 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 602 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის განცხადებით, უკრაინამ ყირიმზე დრონებით მასობრივი შეტევა სცადა

„დინამო ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა

დღეს, 24 ნოემბერს, „დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში „თელავს“ მოუგო ანგარიშით – 3-0.

გუნდმა ამ გამარჯვებით 73 ქულა დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მთავარი კონკურენტი, „დინამო თბილისი“ ვეღარ დაეწევა.

შესაბამისად, „დინამო ბათუმი“ 2023 წლის საქართველოს ეროვნული ლიგის გათამაშების ჩემპიონი გახდა ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე.

დღეს, თბილისის „დინამომ“ ფრედ, ანგარიშით – 2-2 დაასრულა თამაში ქუთაისში.

საქართველოს ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ აქამდე ერთხელ, 2021 წელს იყო. გარდა ჩემპიონობისა, „დინამო ბათუმი“ მონაწილეობს საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში და შანსი აქვს წელს მეორე ტიტულიც მოიგოს.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

წამსვლელი თვითმფრინავები გაჭედილია ქართველებით, უკან დამბრუნებლები არა – ემიგრანტი

„სახელმწიფო ალბათ ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისათვის, რომ ხალხი დასაქმდეს, ხელფასი ჰქონდეს. აი, რამდენი წელი გავიდა, აქ ცხოვრება სულ უფრო უარესი და უარესი ხდება.

იმდენი ადამიანი მიდის… მე და ჩემი შვილი საქართველოში რომ ვბრუნდებოდით, ავედით თვითმფრინავში, მეგონა შემეშალა – ქართული საუბარი არ ისმოდა. ჩვენ გარდა ქართველი უკან არავინ ბრუნდებოდა. მარტო ჩვენ მოვდიოდით უკან და უცხოელი ტურისტები. აქედან ყველა მიდის. წამსვლელი თვითმფრინავები გაჭედილია ქართველებით და უკან დამბრუნებლები არა,“ – ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი, ჯანიკო ნიკოლაძე საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება.

ჯანიკო ნიკოლაძე თერჯოლაში, სოფელ ქვედა სიმონეთში ცხოვრობს. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ორჯერ გახდა ემიგრანტი. მის მეუღლეს ბანკიდან სესხი ჰქონდა აღებული, სამსახურის გარეშე დარჩა და ოჯახმა თანხა ვეღარ გადაიხადა.

„სესხის გამო 2020 წელს გავხდი იძულებული წავსულიყავი ემიგრაციაში, კვიპროსზე სამუშაოდ. ურთულესი იყო, პირველ რიგში ენობრივი ბარიერის გამო. მიშველა იმან, რომ რუსული ვიცი და ამით გავდიოდი ფონს. ვმუშაობდი სასტუმროში დამლაგებლად. იტყვი რა არის დამლაგებლობაშიო რთულიო, მაგრამ იყო ურთულესი. სულ მცირე 12 საათი ვმუშაობდი და ანაზღაურება მქონდა 900 ევრო.

სამწუხაროდ, კოვიდი დაიწყო ყველგან და რა თქმა უნდა იქაც. გავხდი იძულებული წამოვსულიყავი. დავბრუნდი სახლში, სულ რაღაც ოთხ თვეში.

ბანკი, რა თქმა უნდა, თავისას ითხოვდა, ძალიან გვავიწროებდა. ისევ გავხდი იძულებული, წავსულიყავი პოლონეთში, ამჟამად ჩემს შვილთან ერთად,“ – გვიყვება თავის ისტორიას ჯანიკო ნიკოლაძე.

ჯანიკოს თქმით სამუშაო პოლონეთშიც მძიმე იყო.

„ქათმების ფაბრიკაში ვმუშაობდით. სიცივეში -5 გრადუს ტემპერატურაზე მოგვიწია მუშაობა. მაგრამ აი, რომ ვადარებდი იქაურ პირობებს საქართველოში არსებულს, გული მიკვდებოდა.

დილით ადრე, 5 საათზე, ტრანსპორტი სავსე იყო სამსახურში წამსვლელი ხალხით. გაჭედილი. ყველა მუშაობს. აუარებელი ფაბრიკებია – ქათმის, ინდაურის, „კალბასის“, ღორის, საქონლის, თხის, ავეჯის… სულ ვფიქრობდი, ნუთუ არ შეიძლება, ჩვენთანაც მუშაობდეს რამე ერთი ფაბრიკა მაინც.

12-14 საათი ვმუშაობდით ორივე, მე და ჩემი შვილი. იქ ნამუშევარი ფულით ჩვენი პრობლემები მოვაგვარეთ, 10 თვეში დავფარეთ სესხი და მერე გადავწყვიტეთ უკან, საქართველოში დაბრუნება. არც კი ვიცი, საქართველოში რამდენი წელი დამჭირდებოდა, რომ ეს თანხა დაგვეფარა, ეს პრობლემა მოგვეშორებინა. შეუძლებელი იყო, ამიტომ გავრისკეთ და წავედით.

ჩემი აზრით, ამ მთავრობამ ქვეყანა უკან დახია. უკუსვლით წაიყვანა ქვეყანა, თორემ ჩვენ დღეს აქ არ ვიქნებოდით და ამდენი პრობლემები არ გვექნებოდა.

ახლა სოფელში ვცხოვრობთ, გვყავს საქონელი, ღორი, გოჭი, ქათამი, ვენახები, ყანები, მაგრამ აქედან შემოსავალი არაფერში გვყოფნის. თუ ოჯახის ერთი წევრი მაინც არ მუშაობს და ხელფასი არ აქვს, მხოლოდ სოფელში არსებული შემოსავლით, ვერ იცხოვრებ,“ – გვიყვება ჯანიკო ნიკოლაძე.

ბანკის სესხის გამო გავხდი ემიგრანტი, გადავიხადე და დავბრუნდი  - ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი

ჯანიკო ამბობს, რომ მისი ემიგრაციიდან დაბრუნება გამონაკლისია. სოფელში, სადაც ის ცხოვრობს, ოჯახი არ არის, საიდანაც ერთი წევრი მაინც არ იყოს წასული საზღვარგარეთ. ჯანიკოს თქმით, სახელმწიფო არ ზრუნავს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

„ევროპაში პენსიონერებს პენსია მაღალი აქვთ. ჩვენ რა გვჭირს 30 წელი, რომ ვერ დავდექით ფეხზე ისე, რომ ან პენსიონერი იყოს ნორმალურად ან პატიოსნად მშრომელი ადამიანი?

როცა არ ფიქრობს მთავრობა ხალხზე, არ ფიქრობს ქვეყანაზე და მარტო კორუფციითა დაკავებული, ვფიქრობ, ეს ამიტომ ხდება. აღარ მორჩათ ხალხისთვის ფული. თვითონ ვერ დაიკმაყოფილეს თავისი მოთხოვნილებები ჯერ. ასე ჰგონიათ თვითონ უნდათ მარტო არსებობა.

უსამართლობაა, რომ ემიგრაციაში მყოფი ხალხიდან ყველა ვერ აძლევს ხმას არჩევნებზე. მნიშვნელოვანია და აუცილებელი ემიგრანტების ხმები არ დაიკარგოს. ძალიან ბევრს უნდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ხშირად ისე შორს არის ქალაქებიდან საარჩევნო უბნები, შეუძლებელია ადამიანი წავიდეს, მისცეს ხმა და გამოხატოს თავისი აზრი.

ერთეულები ახერხებენ, მაგრამ ბევრი – ვერ, მიუხედავად იმისა, რომ აქვს სურვილი,“ – ამბობს ჯანიკო ნიკოლაძე.

ჯანიკოს თქმით, მისთვის, როგორც ყოფილი ემიგრანტისათვის, ქალისთვის, რომელმაც იცის, რა სირთულე ახლავს უცხო ქვეყანაში ცხოვრებას და მუშაობას, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება და შრომითი პირობები. რომ აღარ მოუწიოს სამუშაოდ სხვაგან წასვლა.

პობედა სამინისტრომ 4 ათასით გააძვირა და ხელახლა ყიდის – აუქციონი

„პობედა“, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 5 ათას ლარად ჰქონდა გატანილი აუქციონზე და 9 ათას ლარად გაიყიდა, ხელახლა იყიდება. ამჯერად საწყისი გასაყიდი ფასი 9 ათასი ლარია. სამინისტროს ინფორმაციით, წინა აუქციონში გამარჯვებულმა მანქანა აღარ შეიძინა.

„ფიზიკურმა პირმა, რომელმაც აუქციონზე 9 ათასი ლარი დააფიქსირა და გაიმარჯვა, შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულებას ხელი აღარ მოაწერა. ამიტომ მანქანა ხელახლა გავიტანეთ აუქციონზე გასაყიდად“, – გვითხრეს სამინისტროში.

სამინისტროს ვკითხეთ, რატომ გამოიტანეს ავტომანქანა 4 ათასი ლარით ძვირად, ვიდრე წინა აუქციონზე?

„რადგან ვაჭრობა იყო და მაქსიმალური თანხა 9 ათასი ლარი დაფიქსირდა, ამიტომ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ განმეორებით აუქციონზე ამავე ფასად გამოგვეტანა. თუ არ გაიყიდება, შემდეგ დავაკლებთ საწყის გასაყიდ ფასს“, – გვითხრეს სამინისტროში.

ელექტრონული აუქციონის პორტალის მიხედვით, წინა აუქციონზე, როცა „პობედა“ 5 ათას ლარად იყო გატანილი და ბიჯი 200 ლარი იყო, ვაჭრობაში სამი პირი მონაწილეობდა, ავტომანქანა კი მე-20 ბიჯით გაიყიდა.

ამჯერად ავტომანქანის საწყისი გასაყიდი ფასი 9 ათასი ლარია, ბიჯი კი ისევ 200 ლარი. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2023 წლის 11 დეკემბერს დასრულდება.

აუქციონის მიხედვით:

  • „ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, „უპატრონოდ იქნა ცნობილი და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – ავტომანქანა „გაზ 20 პობედა“ (ძარა: 79246, ძრავა LJ 38864, შასი: 108144, გამოშვების წელი 1953, ფერი: ყავისფერი 1/8).
  • სატრანსპორტო საშუალებაში არსებული ძრავა (LJ38864) წარმოადგენს არა ,,გაზ 20“-ის, არამედ სხვა მარკა მოდელის სატრანსპორტო საშუალების ძრავას. სატრანსპორტო საშუალებას სამინისტროს მფლობელობაში გადმოსვლამდე (2009 წელი) შეუცვალეს ძრავა, ხოლო აღნიშნული ცვლილება არ არის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად რეგისტრირებული, ავტომანქანის ე.წ. ტექპასპორტში მითითებულია შეცვლამდე არსებული ძრავის ნომერი.
  • ამასთან, არ არსებობს ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული, გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში, სატრანსპორტო საშუალება არის არამუშა მდგომარეობაში, არ იქოქება და ძრავა არ მუშაობს, შესაბამისად, შეუძლებელია სატრანსპორტო საშუალების წარდგენა ინსპექტირების ცენტრში მუშა და გამართულ მდგომარეობაში ინსპექტირების პროცედურების ჩასატარებლად.
  • აღნიშნულის გამო სატრანსპორტო საშუალების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებად აღრიცხვის პროცედურები შეუძლებელი ხდება.
  • სამინისტრო არ იღებს პასუხისმგებლობას ავტოსატრანსპორტო საშუალების დადგენილი წესით რეგისტრაციის პროცედურების განხორციელების თაობაზე.“

„პობედა“ ერთადერთი პირობით იყიდება: აუქციონში გამარჯვებულმა საბოლოო საპრივატიზებო თანხა ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

 

განახლება: „პობედა“ 9 000 ლარად ამჯერად არ გაიყიდა და სამინისტრომ აუქციონი ფასდაკლებით გამოაცხადა. ახალ აუქციონზე „პობედის“ საწყისი გასაყიდი ფასი 7 200 ლარია, ბიჯი კი – 150 ლარი. ახალი ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2024 წლის 14 თებერვალს დასრულდება.

 

  • სამინისტრო ამჯერად უპირობო აუქციონზე კიდევ ერთ მანქანას ყიდის – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ბალანსზე რიცხულ „ავტომანქანა „Nissan Navara” (სახელმწიფო ნომერი DV-377-DV, გამოშვების წელი: 2008, ძრავა-2,5 ბენზინი, MNTBD03S186006305).
აუქციონზე გამოტანილი პიკაპი

ამ პიკაპის საწყისი გასაყიდი ფასი 10 ათასი ლარია, ბიჯი – 300 ლარი. აუქციონი დაწყებულია და 2023 წლის 11 დეკემბერს დასრულდება.

„ხანგრძლივი მუშაობის შედეგად პიკაპი გამოსულია მწყობრიდან, ძრავა გამოსულია მწყობრიდან“ – აღნიშნულია აუქციონში.

 

 

 

რუსეთში კაცმა გარდაცვალების მოწმობა იყიდა, რომ ომში არ წასულიყო

რუსეთში, ბურიატიაში მცხოვრებმა კაცმა საკუთარი გარდაცვალების მოწმობა იყიდა, რომ უკრაინაში ომში წასვლისთვის თავი აერიდებინა.

მედიის ცნობით, მობილიზებული ზორიგტო არაბჟაევი სამხედრო ნაწილში მსახურობდა, იგი 2023 წლის მარტში შვებულებაში გავიდა და სამსახურში არ დაბრუნებულა. როცა მას სახლში სამხედრო პოლიციამ მიაკითხა, ოჯახის წევრებმა პოლიციას მისი გარდაცვალების მოწმობა აჩვენეს.

კაცი მაისში დააკავეს. მან თქვა, რომ მობილიზაციამდე ორი თვით ადრე მისი უფროსი ვაჟი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, რის შემდეგადაც მეუღლეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ამიტომაც მან გარდაცვალების მოწმობა იყიდა, რომ ომში არ წასულიყო.

კაცი დამნაშავედ იქნა ცნობილი დეზერტირობისთვის (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლი) და მას სამხედრო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

__________

კრემლი. მოსკოვი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YURI KOCHETKOV

21,5 ტონა კარტოფილი საქართველოდან ბელარუსში გააბრუნეს – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში – „ლაგოდეხი“, ბელარუსის რესპუბლიკიდან მომავალი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.

„სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 21,5 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის N153 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

____________

ფოტო არქივიდან 

„კორუფციის ხსენებამ გააღიზიანათ“ – დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში

დღეს, 24 ნოემბერს, ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა საკრებულოს ოპოზიციის განცხადებებს მუნიციპალიტეტში შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ.

როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, ქობულეთის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გელა შაქარიშვილმა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილეს, სოლომონ ბაჯელიძეს ხელი ჰკრა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შეხლა-შემოხლამ რამდენიმე წუთს გასტანა, რის შემდეგაც საკრებულოს სხდომა გაგრძელდა. 

ოპოზიციის დეპუტატმა, სოლომონ ბაჯელიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ოცნება“ საკრებულოში კორუფციის ხსენებამ გააღიზიანა და ეს გახდა კონკრეტული დაპირისპირების მიზეზი.

„შესრულებულ ბიუჯეტზე იყო საუბარი, ვახსენე შესავალ სიტყვაში კორუფციული გარიგებები და ამაზე გაღიზიანდნენ, როგორც ყოველთვის. ხელი მკრა, ასე რომ ვთქვათ. დღეს მეორე შემთხვევაც იყო მსგავსი, რომელიც ასევე მოხდა კორუფციის შეხსენებისას, უბრალოდ ამ დროს კამერები არ იყო. ანალოგიურად, ქუჩური მეთოდებით ცდილობდნენ გაეცათ პასუხი.

აქ მთავარი აგრესიაა და არასწორი ოპონირება, ამ ადამიანებს არ სიამოვნებთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კორუფციაზე“, – უთხრა სოლომონ ბაჯელიძემ „ბათუმელებს“.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, „ბათუმელებმა“ გელა შაქარიშვილის კომენტარი აღნიშნულ დაპირისპირებაზე ვერ მიიღო.

დღეს ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ ისაუბრა მდინარე კინტრიშის კალაპოტიდან ინერტული მასალის ამოღების და ამასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებაც.

საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლაშა კომახიძემ კინტრიშის ხეობაში ინერტული მასალის ამოღების ამსახველი ფოტო წარადგინა პრობლემის საილუსტრაციოდ.

„ეს არის კინტრიშის ხეობა, სოფელ ხუცუბნისა და სოფელ ქობულეთის ტერიტორია, ის, რასაც უკეთებთ თქვენ ადგილობრივებს. არ გამოგადგებათ ის არგუმენტი, რომ თურმე მთავრობის განკარგულებით ხდება ინერტული მასალის ამოღება და გასწორხაზოვნება მიმდინარეობს მდინარის… ამაზე რეაგირება როგორ არ შეიძლება მოხდეს?! რომელ 70 000 კუბურ მეტრ ინერტულ მასალაზეა საუბარი, როცა ასი ათასობით კუბურ მეტრ ინერტულ მასალას იღებენ მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში?! რა 70 000 ხალხო, მილიონობით კუბური მეტრი ინერტული მასალაა ამოღებული, რუსის ვასალი ღარიბაშვილი და მისი ნათესავები ისქელებენ ჯიბეებს და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს თვალში ვაყრით ნაცარს“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

სხდომაზე ოპოზიციის წევრებს სხვა შენიშვნებიც ჰქონდათ.

„ამისთვის არსებობს მუნიციპალიტეტი, შესაბამისი სამსახურები, სადაც შესაძლებელია საკითხი განვიხილოთ და ვიმუშაოთ“, – ასე გამოეპასუხა ოპოზიციას „ოცნების“ დეპუტატი გიორგი გოგიტიძე და ოპოზიციას მოუწოდა თავი შეიკავონ „დეზინფორმაციის გავრცელებისგან“.

საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ენმ-ის წევრმა, ლაშა კომახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დღეს, საკრებულოს სხდომაზე კითხვები დაისვა კორუფციასთან და ასევე, მერიის შეუსრულებელ დაპირებებთან დაკავშირებით:

„კონკრეტულ დაპირებებზეა აქ საუბარი, მათ შორის ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და ა.შ. წელიწადზე მეტია გასული დაპირებიდან და მოსახლეობა ვერ იღებს შედეგს. სწორედ ამ კითხვებმა გამოიყვანა წყობიდან „ქართული ოცნება“. როცა ისინი პასუხს ვერ სცემენ კითხვებს, გადადიან მუშტი-კრივზე. მათგან ეს ჩვენ არ გვიკვირს, მაგრამ ერთი თუ მოხვდება „ნაციონალურ მოძრაობას“, ათმაგს მიიღებენ პასუხად. პოლიტიკური პაექრობის დროს ხელების ქნევა არავის არ შერჩება“.

მისივე თქმით, მდინარე კინტრიშის ხეობაში, საიდანაც ინერტულ მასალას იღებენ, სიტუაცია უფრო გართულდა.

„დღეს გაცილებით რთულ ეტაპზეა საქმე, რადგან იქ მცხოვრებლების სავარგულები, მიწის ნაკვეთების ნაწილი და განათების ბოძებიც აქვს წყალს წაღებული“, – ამბობს საკრებულოს წევრი.

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანთან, მდინარე კინტრიშის კალაპოტში, ქვიშა-ხრეშს  კომპანია „მაინინგ გრუპი“ სველი წესით მოიპოვებს. ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლება კომპანიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით მიიღო. კომპანია ლიცენზიისგან გათავისუფლებულია.

შპს „მაინინგ გრუპი“ 2017 წლის 13 ივლისსაა დაფუძნებული. ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ჯონი გოგიტიძეა, კომპანიის დირექტორი კი – გურამ თამაზაშვილი.

_______________

ფოტოზე: კადრი ქობულეთის საკრებულოში დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრებიდან 

ამავე თემაზე: 

„მდინარე კინტრიშს გული გამოუღეს” – ვინ იღებს ქვიშა-ხრეშს ქობულეთში

 

 

წუხელ ბათუმში ავტომანქანები გატეხეს

წუხელ, 23 ნოემბერს, ბათუმში რამდენიმე ავტომობილი გახეტეს.

„დაახლოებით 15-მდეო ასე თქვეს პოლიციის განყოფილებაში, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი მანქანა იყო“, – უთხრა „ბათუმელებს“ მოქალაქემ, ვისი მანქანაც წუხელ დაამტვრიეს.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

„ჩემს მანქანას წინა ფანჯარა აქვს ჩამტვრეული“, – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ ბესიკის ქუჩაზე ხუთამდე მანქანა ნახა, რომლებიც საღებავებითა და წარწერებით იყო მოხატული.

„თითქმის ყველა თეთრი ფერის მანქანაზე დაგვხვდა წარწერები“, – ამბობს მოქალაქე.

_________________________

მთავარი ფოტო: დაზიანებული მანქანა ბათუმში

ავარია მახინჯაურში – დაშავდა 2 ადამიანი

დღეს, 24 ნოემბერს, ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

ავარია დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ერთი დაშავებული ქვემო კიდურის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს, „მეორე დაშავებულმა კი ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.“

მახინჯაურში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა / 24.11.2023

ახალი სახელფასო ფორმულა 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება – ამილახვარი

დღეს, 24 ნოემბერს, განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საჯარო სკოლის მასწავლებელთა ხელფასებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მინისტრის თქმით, მასწავლებელთა ხელფასების გაზრდის ახალი ფორმულა 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

„2024 წლის ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა. ეს 6 თვის პირობებშიც კი პედაგოგებისთვის იქნება ოთხჯერ მეტი გაზრდილი შემოსავალი წლიურ ჭრილში, ვიდრე იანვრიდან გაზრდილი 125-ლარიანი დანამატი.

სტატუსის ამაღლების შემთხვევაში, მასწავლებლებს 2024 ახალი სასწავლო წლიდან ისედაც გაეზრდებოდათ ხელფასი, მაგრამ ჩვენ არ დაველოდეთ სექტემბერს“, – ამბობს მინისტრი.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხელფასები საშუალოდ 500 ლარით გაეზრდებათ მხოლოდ სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლებს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასწავლებლები გაცილებით მაღალ ანაზღაურებას იმსახურებენ და შესაცვლელია ის სახელფასო ფორმულა, რაც ახლა სისტემაში გვაქვს“, – ამბობს ამილახვარი.

მისი თქმით, ახალი სახელფასო პოლიტიკა ანალიზის, კვლევებისა და მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მიიღეს.

„სამინისტროში მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა, რომლის კონკრეტული დეტალები საზოგადოებას დეკემბერში გამართულ პრეზენტაციაზე ეცნობება.“

___

ოქტომბერში, მასწავლებლის ეროვნულ დღეზე, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მასწავლებლების ხელფასი 500 და მეტი ლარით გაიზრდებოდა 2024 წელს. თუმცა მაშინ არც პრემიერმა და არც განათლების მინისტრმა არ დააკონკრეტეს, რა პრინციპით გაიზრდებოდა მასწავლებლის ხელფასი – დაემატება თანხა საბაზო ხელფასს თუ სტატუსის დანამატს.

მასწავლებლების დიდი ნაწილი მოითხოვს, რომ ხელფასი დაემატოს ყველა პედაგოგს თანაბრად. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაიწყებენ საპროტესტო გამოსვლებს.

ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტომანქანა ბოძს დაეჯახა

ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტომანქანა ბოძს დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 24 ნოემბერს, მოხდა.

თვითმხილველის თქმით, სწრაფად მოძრავმა ავტომობილმა გვერდი აუარა ქვეითს და ელექტროგადამცემ ბოძსა და ნაგვის ურნებს დაეჯახ, „მოგლეჯილია ბოძი“.

ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარება და პოლიცია.

შაბათ-კვირას ბათუმში გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ნოემბრის 21 საათიდან 25 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 26 ნოემბერს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 27-28 ნოემბერს კი ბარში მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.

რუსეთის განცხადებით, უკრაინამ ყირიმზე დრონებით მასობრივი შეტევა სცადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 24 ნოემბერს, ღამით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ოკუპირებულ ყირიმზე 13, ხოლო ვოლგოგრადში 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამზე ავრცელებს განცხადებას.

„დღეს ღამით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე“ – წერს რუსეთის თავდაცვა.

ოფიციალურ კიევს აღნიშნულზე განცხადება არ გაუვრცელებია.

100 წლის ქეთოს ამბები – „ოდესიდან რუმინეთამდე 400 კილომეტრი ფეხით გავიარე“

„ნუ მეძახი ქალბატონს, უბრალოდ ქეთო დამიძახე“ – მითხრა ბათუმელმა ქეთევან ლორიამ საუბრისას. ქეთევანი, იგივე ქეთო, 100 წლისაა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი და ყოფილი მასწავლებელია.

მას ომში გატარებულ წლებზე, სტუდენტობაზე, მასწავლებლობის წლებზე და ახლანდელ სურვილებზე ვესაუბრეთ.

ქეთევანს სახლში ვსტუმრობდით. იგი კართან შეგვეგება. მოკლე, თეთრი თმა აქვს, ხშირი წარბები და ინტერესით სავსე მზერა. ხელით მანიშნა, რომელ ოთახში უნდა შევსულიყავი.

საკუთარ ცხოვრებაზე საუბარს რთული ბავშვობიდან იწყებს.

„ბავშვობაში ყველაფერი მაკლდა. ობოლი ვიყავი, მამა არ მყოლია, დედა მზრდიდა. განათლება არ ჰქონდა დედაჩემს. მშიოდა, მწყუროდა, მციოდა, მაგრამ დედაჩემი ტყავს იძრობდა სახეზე და როგორც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა ჩემი და ჩემი დის გასაზრდელად. სამტრედიის რაიონში, სოფელ მეორე ნიგორზღვაში გამზარდა დედამ.

1942 წელს სტუდენტი გავხდი. სოფელში ამბობდნენ, რა ნახა ნინა ლორიამ შვილი უმაღლესში რომ გაუშვაო. დედაჩემი იძრობდა ტყავს და მასწავლა“, – იხსენებს ქეთო.

ქეთო 18 წლის იყო ინსტიტუტში ქართული ენასა და ლიტერატურის სპეციალობაზე რომ ჩააბარა, თუმცა სწავლის დაწყებიდან მალევე, 1942 წლის 22 ივნისს ფრონტზე აღმოჩნდა. ქეთო მეორე მსოფლიო ომში წავიდა, როგორც მოხალისე.

ქალის თქმით, მისი მოვალეობა ომში საჰაერო დაზვერვა იყო: „უნდა ამოგვეცნო, რომელი იყო მტრის თვითმფრინავი და რომელი – ჩვენი. უნდა გვეპასუხა ტელეფონისთვისაც. ომი ომია, მოთხოვნა – მოთხოვნა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, კაცი იყავი თუ ქალი. ასეც უნდა ყოფილიყო“.

ქეთომ ომში 3 წელი და 6 თვე გაატარა და 4 სხვადასხვა ქვეყანაში მოუწია ცხოვრება.

„ოდესიდან რუმინეთამდე 400 კილომეტრი ფეხით გადავიარეთ. წარმოგიდგენიათ?! აგვისტო იყო: სიცხე, მტვერი, შიმშილი, წყურვილი… ერთ ღამეს დავისვენეთ სადღაც და თურმე ვენახში ვიყავით. მარცვალი მომხვდა ხელში. გავჭყლიტე, წვენი გამოვიდა, გავსინჯე – ტკბილი ყურძენი ყოფილა და ვჭამე ეს მტვრიანი ყურძენი, მშიოდა ძალიან.

4 აგვისტოს წავედით ოდესიდან და 8 სექტემბერს ჩავედით რუმინეთში, სადაც რამდენიმე ქალაქი გამოვიცვალეთ.

ფაშიზმზე გამარჯვება რუმინეთის ქალაქ გალაცში ვიზეიმეთ. დეტალურად მახსოვს ის დღე. მე ვიყავი მორიგე და იმ ზარსაც მე ვუპასუხე, რომელიც ამ ამბავს გვატყობინებდა. ძალიან გაგვაბედნიერა ამ ამბავმა. ვერ გაარკვევდი ვინ ვის კოცნიდა და ეხუტებოდა. დიდი ზეიმი მოვაწყვეთ და მახსოვს, კარგადაც მოვილხინეთ“, – მიყვება ქეთო.

„ყველაზე მეტად ომში ყოფნისას დედა მენატრებოდა.

ომიდან რომ დავბრუნდი, მახსოვს, დედაჩემი დახეული, ათასგან დაკერებული კაბით დამხვდა, ფეხშიშველი, თავზე რაღაც ნაჭერწაკრული. „დედა, ხომ არ წახვალ აწიო“ – მითხრა და ჩამეხუტა.

მთელი სოფელი შეკრებილიყო ჩემს დასახვედრად. ყველას ძალიან მოვნატრებოდი“, – იხსენებს ქეთო.

კარგად ახსოვს ისიც, თუ როგორ უჭირდა ხალხს, რომ თითქმის აღარავის ახსოვდა, რა გემო ჰქონდა პურს და მათი „პური“ საფქვავში გამოტარებული, სიმინდგაცლილი ტარო იყო.

„ინსტიტუტი რომ დავამთავრე ომიდან დაბრუნების შემდეგ, ამას მაშინდელ რექტორს, ვლადიმერ ქემხაძეს ვუმადლი. ომიდან დაბრუნებულს სად უნდა მეშოვა სამოქალაქო ტანსაცმელი? გადაწყვეტილი მქონდა მუშაობა დამეწყო და რექტორს ცნობის ასაღებად მივაკითხე, რომ ნამდვილად ვიყავი ომის მონაწილე და მოხალისედ ინსტიტუტიდან გამიშვეს.

სამხედრო ტანსაცმელი მეცვა. კაბინეტში რომ მივაკითხე რექტორს, რაღაცას წერდა. შეიძლება-მეთქი? – ვუთხარი და გაიქნია თავი – არაო, მაგრამ ქალის ხმა რომ გაიგონა, იფიქრა, ვინ მკითხულობსო და გამომხედა. სამხედრო ფორმაში რომ მნახა, მითხრა – მოდი, მოდიო. ჩამიხუტა გულში, მეამბორა შუბლზე, რით გემსახურო შვილოო.

ჩემი ამბავი მოვუყევი. მან მითხრა, ცნობას ერთს კი არა, ათს მოგცემ, მაგრამ რად გინდა ცნობა, თუ ცოდნა არ გექნებაო. დაგეხმარები და დაამთავრე სწავლაო. დავიჯერე მისი რჩევა დარიგება, მაგრამ დედამ კინაღამ გამლახა – რით გასწავლო, საშუალება რა გვაქვსო? ვუთხარი, ყველაფერს მივიკლებ და როგორმე ვისწავლი – მეთქი.

რა უნდა ექნა დედაჩემს. დაიდებდა ზურგზე ერთ კალათა ხილს, წაიღებდა სამტრედიაში, გაყიდდა იმას, იყიდდა პროდუქტს და ასე გაგვქონდა თავი. ასე ტანჯვით დავამთავრე ინსტიტუტი“.

100 წლის ქეთო ლორია

26 წლის ვიყავი, როცა უნივერსიტეტი დავამთავრე და მეჯინისწყლის საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა ქართულის მასწავლებლად და სასწავლო ნაწილის გამგედ.

წარმოიდგინეთ, ერთ სკოლაში 56 წელი შეუცვლელად ვიმუშავე. პირველად რომ მივედი მეჯინისწყალზე, ახალგაზრდა მასწავლებელი ვიყავი. თავის ქებაში არ ჩამომართვათ ახლა, მაგრამ მართლა ძალიან ლამაზი ვიყავი ახალგაზრდობაში.

პირველი გაკვეთილიდან ყველაფერი მახსოვს. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ასე ხანდაზმული ვარ, მეხსიერება ლომის მაქვს. ყველაფერი მახსოვს.

მოსწავლეებმა აიღეს მერხები და „ბრახ-ბრუხ, ბრახ-ბრუხ“ დააწყებინეს. გავჩერდი. მიჭირავს ეს ჟურნალი ხელში და ვუყურებ ბავშვებს. რომ არ დავიწყე ყვირილი, თავისით გაჩერდნენ. ჰოდა, ვუთხარი, მე თქვენი მასწავლებელი ვარ, ძალიან მიყვარს ქართული ენა და ლიტერატურა და თქვენც ძალიან მიყვარხართ-მეთქი. მიხვდნენ, რომ არ ვიყავი გასაქცევად მისული და მარტივად მიმიღეს“.

მახსოვს, პირველ გაკვეთილზე „მგზავრის წერილები“ ავუხსენი მოსწავლეებს. გასუსულები მისმენდნენ. აღარ გაუვიდათ „ბრახა-ბრუხი“.

თანამედროვე მოსწავლესთან ხმის აწევა დაუშვებელია. მოსწავლე უნდა გყავდეს, როგორც უმცროსი მეგობარი“, – მეუბნება ქეთო.

ქეთოს გამორჩეულად უყვარს კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება – „დიდოსტატის მარჯვენა“, „მთვარის მოტაცება“ და „დიონისოს ღიმილი“.

„ძალიან მიყვარდა კითხვა, მაგრამ ახლა ვეღარ ვხედავ და ვეღარ ვკითხულობ. სხვათა შორის, ვიხსენებ მონაკვეთებს წიგნებიდან, ვიმეორებ და ასე გამყავს დრო, თან ვცდილობ არაფერი დამავიწყდეს.

ძალიან ვუყვარდი ბავშვებს და მეც მიყვარდა ბავშვები. არასდროს არ მიყვირია მათთვის. არც მაშინ, თუ რაიმეს აშავებდა და ხელი მეშლებოდა საგაკვეთილო პროცესში. როცა ეშმაკობდა მოსწავლე ან რაიმე ამისთანა, მე გავჩერდებოდი და ვუყურებდი. რომ ხვდებოდა ბავშვი, არ ვეჩხუბებოდი, თვითონ ჩერდებოდა“, – მიხსნის მასწავლებელი და დასძენს, რომ ყოფილი მოსწავლეები პერიოდულად სტუმრობენ კიდეც.

ქეთო თავის მომავალ მეუღლესაც მეჯინისწყალზე შეხვდა. ამბობს, რომ სიყვარულით დაქორწინდა: „ძალიან კარგი მეუღლე მყავდა, ძალიან ნიჭიერი. ერთი შვილი და ორი შვილიშვილი მყავს“.

მასწავლებელი მეჯინისწყალზე ბათუმიდან დადიოდა გაკვეთილების ჩასატარებლად. მას კარგად ახსოვს ბათუმი, რომელიც ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა. სეირნობით ვეღარ სეირნობს და გული სწყდება, რომ მისი სახლის აივნიდან გაშლილი ხედი ახალმა შენობამ „დააბნელა“.

ქეთოს იმაზეც ვკითხე, წარსულიდან ყველაზე მეტად რა გენატრებათ-მეთქი.

„ჩემი წარსულიდან ყველაფერი მენატრება. სულ მაქვს მონატრების განცდა. მაშინაც მენატრებოდა ყველაფერი, როცა ახალგაზრდა ვიყავი, რადგან ომი იყო და არავის არაფერი არ გვქონდა.

მენატრება ჩემი სოფელი, ჩემი ეზო, ჩემი სახლ-კარი. რომ დავწვები, ღამე მახსენდება, თუ რომელი ხე სად იდგა, რა ხილი ება ზედ და ათასი ამისთანა რამ.

ახლა ვერ წავალ, უკვე ხნიერი ვარ და რომ იყოს საშუალება, წავიდოდი და ვნახავდი ჩემს სოფელს. ძალიან მიყვარს. ჩემი მეზობლებიდან ახლა ვინ იქნებიან შემორჩენილები, მაგრამ სახლები ხომ მაინც იქნება? სოფელი იქნება, გორები იქნება. ის გორებიც მიყვარს, ის მდინარეც მიყვარს… ყველაფერი იქაური მიყვარს“, – მითხრა ქეთომ.

100 წლის ქალი გვეუბნება იმასაც, რომ ადამიანების ერთმანეთისგან რაიმე ნიშნით გარჩევა დაუშვებელია: „არ აქვს მნიშვნელობა იგი ლამაზია თუ არალამაზი. არ უნდა უღალატო ადამიანს, უნდა ემეგობრო, გაჭირვებისას დაეხმარო. უნდა შეგეძლოს მისი გამხნევება. აი, ეს ქმნის ერთობლივ სიყვარულს ადამიანებს შორის“.

ქეთო საყვარელ კერძებზე გვიყვება და ხაზს უსვამს, რომ საშინლად არ უყვარს შავი ლობიო:

„ხორცეულობა მაინცდამაინც არ მიყვარს. მიყვარს მწვანე ტყემალი. მწვანე ტყემალი მიყვარს, წითელი – არა!

მეც კარგად ვამზადებ. გადასარევად. ბოსტნეული მიყვარს – ფხალი, პარკი ლობიო, კეჟერა ფხალი. კეჟერა იცით რა არის? კარგად უნდა არიო ნიგოზში და უგემრიელესია. შესუნელებული ბადრიჯანი, ბულგარული… ყველანაირი ბოსტნეული მიყვარს“, – მეუბნება ქეთო და იცინის.

საუბრის ბოლოს, ქეთომ გაგვანდო ისიც, რომ მისი საყვარელი დღე კვირაა.

„კვირა დღე მიყვარს. კვირას ვისვენებ. სულ დასვენებული არა ვარ, რას ვაკეთებ?! – არაფერს, მაგრამ ეს დღე მაინც განსაკუთრებით მიყვარს“.

რომელ ქალაქებში უსმენს პოლიცია ფარულად ყველაზე ხშირად ადამიანებს – სტატისტიკა

ყველაზე ხშირად პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „კანონიერი ქურდობის“ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიების დროს მიმართავს ფარულ მიყურადებას: მარტო 2022 წელს პროკურატურას 1266-ჯერ მიუმართავს შუამდგომლობით სასამართლოსთვის, რომ ფარული მოსმენისა და ჩაწერის შესაბამისი ნებართვა მიეღო სხვადასხვა საქმეზე, აქედან 291 შუამდგომლობა „ქურდული სამყაროს“ წევრობას ეხებოდა.

საუბარია შუამდგომლობებზე, რომლითაც საერთო სასამართლოს პროკურატურა მიმართავს. უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა ფარულ მიყურადებაზე 1266 შუამდგომლობიდან 959 შემთხვევა დააკმაყოფილეს, 114 – ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 193 – არ დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება დანაშაულებს, როცა საგამოძიებო ორგანო ფარულ მიყურადების საჭიროების ხედავს: „ქურდული სამყაროს“ წევრობის მუხლზე პროკურატურამ 2022 წელს 291 შუამდგომლობა დააყენა სასამართლოებში ფარულ მიყურადებაზე. აქედან 216 შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

ფარული მიყურადების სიხშირის კუთხით მეორე ადგილზე თაღლითობის მუხლია – 140 შუამდგომლობა, შემდეგ მოდის ქურდობა 100 შუამდგომლობა, ნარკოდანაშაული – 91 შუამდგომლობა, მკვლელობა – 68 შუამდგომლობა.

საქართველოს რომელ ქალაქებში უსმენენ ყველაზე ხშირად ფარულ ადამიანებს სასამართლოს ნებართვით? – ამ სტატისტიკური მონაცემის სათავეში თბილისია – 854 შუამდგომლობა, შემდეგ მოდის ქუთაისი – 80 შუამდგომლობა, ზუგდიდი – 61, გორი – 48, ბათუმი – 33.

უზენაესი სასამართლოს სტატისტიკაში ასევე აღნიშნულია, რომ: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების თაობაზე რაიონული და საქალაქო სასამართლოების მიერ განხილულია 327 შუამდგომლობა, დაკმაყოფილდა – 235, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 64, არ დაკმაყოფილდა – 28.

326 მოქალაქის სარჩელი უკანონო, ფარულ მოსმენაზე საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წელს განიხილა. მოსარჩელეების აზრით, ხელისუფლების ხელშია არაერთი ინსტრუმენტი, სასურველ ადამიანს უკანონოდ უთვალთვალო. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის განხილვა 4 წლის წინ დასრულდა, საკონსტიტუციო სასამართლო „უკანონო მოსმენების საქმეზე“ გადაწყვეტილებას არ იღებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 322 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100]
  • ტანკი – 5 496 ერთეული [+30]
  • ჯავშანტექნიკა – 10 256 ერთეული [+32]
  • საარტილერიო სისტემა – 7 833 ერთეული [+31]
  • MLRS – 904 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 595 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 800 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 564 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 230 ერთეული [+32]
  • სპეცტექნიკა – 1 108 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 537 თვითმფრინავი
  • 255 ვერტმფრენი
  • 9 165 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 586 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 185 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 166 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 572 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა დაბომბა უკრაინელი ჯარისკაცების დაჯილდოების ცერემონია – არიან დაღუპულები

კოჟრის სახლში მოშორება არ არის უსაფრთხო – ინტერვიუ პოდოლოგთან

კოჟრი კანის სქელი, გამაგრებული ფენაა, რომელიც ვითარდება, როგორც კანის თავდაცვის მექანიზმი ხანგრძლივი ზეწოლისგან. უმეტესად ჩნდება ტერფებსა და ფეხის თითებზე, რის ყველაზე ხშირი მიზეზიც ცუდად მორგებული ფეხსაცმელია. კლინიკა „კანის“ ექიმი-პოდოლოგი, ნიკა ძნელაძე ამბობს, რომ კოჟრის წარმოქმნის მიზეზი, შესაძლოა, ტერფის დარღვეული დგომაც იყოს, რაც მკურნალობის სხვაგვარ ტაქტიკას მოითხოვს. 

ექიმი-პოდოლოგი ამბობს, რომ კოჟრის თვითმკურნალობა სარისკოა, რადგან, შესაძლოა, გამოიწვიოს ინფექციები, რაც მტკივნეულია და სიარულს ართულებს. გარდა ამისა, არა ნამკურნალევი ან წარუმატებლად დამუშავებული კოჟრი ისევ გაიზრდება მანამ, სანამ მისი გაჩენის მთავარი მიზეზი არ აღმოიფხვრება.

სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ექიმი-პოდოლოგ ნიკა ძნელაძეს. 

  • რას წარმოადგენს კოჟრი, რა წარმონაქმნია ეს?

კანის გარქოვანებული და გაუხეშებული უბანი – კოჟრი, ვითარდება კანზე პერმანენტული დაჟეჟილობის, სრესის ან მუდმივი ზეწოლის შედეგად. 

ტერფის კოჟრი შეიძლება წარმოიქმნას ტერფის საყრდენ წერტილებზე ან ფეხსაცმლის შემხებლობის არეში, მათ შორის თითებზე [სადაც კანს პერმანენტულად ეხება ფეხსაცმელი] და თითებს შორისაც, როცა ტერფის დგომა დარღვეულია და თითები ერთმანეთთან არის ძალიან მჭიდროდ, ამან შეიძლება მექანიკური დაჟეჟილობის შედეგად გამოიწვიოს ე.წ. გარქოვანებული უბნები.

შესაძლოა, პაციენტს ჰქონდეს ბრტყელტერფიანობა, ან ტერფის დგომა იყოს დარღვეული.

ტერფის არასწორი დგომის გამო სიმძიმე არასწორად ნაწილდება მასზე, შემდეგ [ხანგრძლივი სრესის, დაჟეჟილობის ან მუდმივი ზეწოლის შედეგად] წარმოიქმნება კანის გარქოვანებული უბნები იმ საყრდენ წერტილებში, რითაც პაციენტი ეყრდნობა მიწას.

კოჟრი გამაგრებული ქსოვილია, რომელსაც გააჩნია ჰიპერკერატოზული ცენტრი, გარშემორტყმულია ანთებადი კანით და როგორც წესი, მტკივნეულია, განსაკუთრებით – ზეწოლისას. 

კოჟრის სხვა მიზეზებია:

  • მოჭერილი და ცუდად მორგებული ფეხსაცმელი;
  • ფიზიკური აქტივობა [სპორტული/სამსახურებრივი], რომელიც ხშირ და ძლიერ ზეწოლას ახდენს ფეხებზე;
  • ფეხსაცმლის ტარება წინდის გარეშე;
  • მძიმედ სიარული ფეხის შიდა ან გარე კიდეზე;
  • სახსრების დეფორმაცია.
  • როგორ ხდება კოჟრის მკურნალობა?

თავიდან ხდება კოჟრის ჰიპერკერატოზული ცენტრის დამუშავება, როგორც აპარატით, ისე კრიოდესტრუქციით (თხევადი აზოტით მოყინვა). აპარატით ჩვენ ვიღებთ გარქოვანებულ და გაუხეშებულ ქსოვილს და შემდგომ კრიოდესტრუქციით ვწვავთ ჰიპერკერატოზულ ცენტრს. 

თხევადი აზოტის გამოყენება ერთბაშად დიდი რაოდენობით არ შეიძლება, ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს განმეორებითი პროცედურები, ორი კვირის ინტერვალით. გააჩნია, რა ზომისაა კოჟრი, როგორ დავამუშავებთ მის ცენტრს.

გარდა ამისა, მკურნალობისთვის გამოიყენება შარდოვანას შემცველი დამარბილებელი და დამატენიანებელი კრემები. პოდოლოგიური დამუშავების შემდეგ ექიმი ნიშნავს 10-პროცენტიან, 25-პროცენტიან ან 50-პროცენტიან დამარბილებელ კრემს, რომელიც ატენიანებს გარქოვანებულ უბნებს, რათა ტკივილი მოიხსნას.

ასევე, ტერფის კოჟრის დროს პაციენტს ვაძლევთ რეკომენდაციას გამოიყენოს ორთოპედიული ან სუპინატორიანი საფენი.

ზოგჯერ, თითებს შორის განვითარებული კოჟრის შემთხვევაში, პაციენტს ვურჩევთ სილიკონის რგოლის გამოყენებას ან თითებს შორის ჩასაფენ სუპინატორს, რომ თითებს ნაკლები შემხებლობა ჰქონდეთ ერთმანეთთან.

  • რამდენად უსაფრთხოა კოჟრის მოშორება სახლის პირობებში?

არასწორმა დამუშავებამ შეიძლება უფრო გააღრმაოს კოჟრი, ვიდრე შეამციროს. 

ყველას არ აქვს მკურნალობის საშუალება და მესმის, მაგრამ კოჟრის თვითმკურნალობა არ არის ეფექტური. კოჟრის ჰიპერკერატოზული ცენტრის ამოღება, რასაც პაციენტები სახლის პირობებშიც აკეთებენ, არ არის საკმარისი მის მოსარჩენად, რადგან ის ისევ გაიზრდება. გარდა ამისა ხშირად, სახლში, სხვადასხვა სითხეში ირბილებენ გაღიზიანებულ კოჟრს და თავისით იჭრიან, რა დროსაც ტკივილიც ძლიერდება, გართულების რისკიც მატულობს, ფეხსაცმელსაც ვეღარ იცვამენ. ეს არ არის უსაფრთხო.

ზოგ შემთხვევაში შესაძლოა სხვა დიაგნოზში გადავიდეს ეს პრობლემა. მაგალითად, ტერფის კოჟრის თვითმკურნალობა განსაკუთრებით სახიფათოა დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, რომლებთანაც მაღალი რისკია განვითარდეს სერიოზული პრობლემა.

მნიშვნელოვანია მკურნალობის მეთოდის სწორად შერჩევა და ხშირად რამდენიმე მეთოდის გამოყენება კომბინაციაში, რათა კოჟრი ხელახლა არ წარმოიქმნას. 

უნდა დავაკვირდეთ, შესაძლოა ტერფის დგომამ სრულად გამოასწოროს მდგომარეობა. შესაძლოა პაციენტისთვის საკმარისი იყოს მხოლოდ სუპინატორის ან ორთოპედიული საფენის გამოყენება, რომელიც უნდა დამზადდეს მხოლოდ მისთვის.

როცა პაციენტს ტერფზე აქვს კოჟრი, ტკივილისა და დისკომფორტის გამო ის გადაადგილების დროს ფეხს ადგამს არასწორად, სიმძიმე არასწორად ნაწილდება ტერფის სხვადასხვა წერტილზე, ამიტომ შესაძლოა კანის გარქოვანება ახალ ადგილზე დაიწყოს და გაჩნდეს ახალი კოჟრი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მკურნალობის დროულად დაწყება.

  • რა უნდა გავითვალისწინოთ ფეხსაცმლის შერჩევის დროს?

ფეხსაცმელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორად მინდა გაიგოს მკითხველმა, არ არის სავალდებულო ფეხსაცმელი იყოს ბრენდირებული, ჩვენ პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ ტერფის დგომას, ხომ არ არის ძვალი გამოწეული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით შევარჩიოთ ფეხსაცმელი.

ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა იყოს კომფორტული. იმ შემთხვევაში, თუ თითები მჭიდროდ დგას ერთმანეთთან, ფეხსაცმლის წინა ცხვირი უნდა იყოს ფართო, ნაკლები შემხებლობა უნდა ჰქონდეს ფეხსაცმელსა და ქსოვილს ერთმანეთთან, რომ არ დაზიანდეს ქსოვილი და არ მივიღოთ გარქოვანებული, გაუხეშებული კანი.

ცუდად მორგებულმა ფეხსაცმელმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ქუსლის ჰიპერკერატოზი, ეს არის უკვე ქუსლის სიმშრალე, რომელიც გამოხატულია ქუსლის რკალზე.

განსაკუთრებით იმ პაციენტებმა, ვისაც დარღვეული აქვს ტერფის დგომა, თითები მჭიდროდ აქვთ ერთმანეთთან და მუდმივად ეხებიან ერთმანეთს, უნდა შეარჩიონ ფეხსაცმელი, რომელშიც, ასე ვთქვათ, „ფეხი სუნთქავს“.

___________________________________________

Cleveland Clinic-ის რეკომენდაციები:

  • ატარეთ ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს ფართო და მაღალი წინა ნაწილი. ფეხსაცმლის ყიდვა დაგეგმეთ დღის ბოლოს, როცა ფეხები ოდნავ შეშუპებულია.
  • თუ კოჟრი მტკივნეულია, დაიდეთ ცივი კომპრესი ტკივილისა და შეშუპების შესამცირებლად არა უმეტეს 10-20 წუთის განმავლობაში.
  • არასოდეს სცადოთ კოჟრის ამოჭრა ან სხვა ბასრი საგნით მოშორება.
  • ნუ ეცდებით კოჟრებისა თვითმკურნალობას, თუ გაქვთ დიაბეტი, გაქვთ ცუდი სისხლის მიმოქცევა, ხართ მიდრეკილი ინფექციებისკენ ან გაქვთ ნაზი კანი. ნაცვლად ამისა მიმართეთ ექიმს.
  • კოჟრის გაღიზიანებისგან დასაცავად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური დამცავი პლასტირი, რომლის ცენტრშიც განთავსებული სირბილე იცავს კოჟრს ზეწოლისგან და შესაბამისად, ამსუბუქებს ტკივილს.

წულუკიანის უწყება სამინისტროს შენობას ღობავს, რემონტზე კი 2,2 მილიონს ტენდერის გარეშე ხარჯავს

საქართველოს კულტურის სამინისტრო თბილისში, სანაპიროს ქუჩა №4-ში მდებარე შენობის გარე პერიმეტრის შემოღობვას და დაწყებული სარემონტო სამუშაოების დასრულებას შემჭიდროებულ ვადებში გეგმავს, რისთვისაც 2,2 მილიონ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს.

სამინისტროს განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „აგრომშენსერვისმა“, რომელიც სამინისტროს შენობის რეაბილიტაციაზე მუშაობდა, „ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულება“.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს შენობის რემონტი მაქსიმუმ 2023 წლის 12 თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო, რაშიც 4 888 442 ლარი დაიხარჯებოდა.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, „აგრომშენსერვისისთვის“, დღევანდელი მდგომარეობით, ბიუჯეტიდან უკვე გადარიცხულია 3 635 203 ლარი, სამუშაოების დასასრულებლად კი, სამინისტრო დამატებით 2 276 341 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვას გეგმავს. დოკუმენტებიდან არ ჩანს, თუ ვისთან აპირებს სამინისტრო ახალი ხელშეკრულების გაფორმებას.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოდის, რომ სამინისტროს შენობის რემონტი დაგეგმილზე 1 მილიონ 23 ათას 102 ლარით მეტი დაუჯდება.

„ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით და სამინისტროს ნორმალური ფუნქციონირების მიზნიდან გამომდინარე, შესყიდვის შემჭიდროებულ ვადებში განხორციელება ატარებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს“, – წერს სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს, რომლისგანაც 2 276 341 ლარის გამარტივებული წესით დახარჯვაზე თანხმობას ითხოვს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო სამინისტროს განაცხადს 2023 წლის 27 ნოემბერს განიხილავს.

სამინისტროს განაცხადის მიხედვით:

  • „იმისათვის, რომ სამინისტრომ უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში, მათ შორის, შენობის გარე ტერიტორიის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების მინიმალური მოთხოვნების დაცვა და აღნიშნულისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება, აუცილებლობას წარმოადგენს შენობის გარე ტერიტორიის შემოღობვა;
  • ამასთანავე, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა და შენობაში არსებული, გარემონტებული ოთახების რიცხოვნობის გათვალისწინებით, საჭიროა, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დასრულდეს შენობის პირველი სართულის სარემონტო სამუშაოები, რათა უზრუნველყოფილ იქნას თანამშრომლებისათვის საჭირო შესაბამისი სამუშაო სივრცის მოწყობა;
  • კომპანიის მიერ, ასევე დადგენილ ვადებში ვერ განხორციელდა სამინისტროს სათათბირო ოთახის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც აფერხებს სამინისტროს სათანადო ფუნქციონირებას, რადგან საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამინისტროს ესაჭიროება შეხვედრებისთვის შესაბამისი სივრცე;
  • სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში სამინისტროში არსებული ქონება/აქტივები, მათ შორის, საარქივო მასალა გადატანილ იქნა სხვადასხვა ლოკაციაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი სათანადო დაცვისა და აღრიცხვისათვის, საჭიროა შესაბამისი სასაწყობე სივრცის მოწყობა.“

ამავე განაცხადის მიხედვით, კომპანიას უნდა გაერემონტებინა სამინისტროს შენობის პირველი სართულიც და უნდა უზრუნველეყო შენობის გარე ტერიტორიაზე არსებული ეზოს კეთილმოწყობა, ასევე შენობაში სასაწყობე სივრცეებისა და შენობის გარე ტერიტორიაზე ღობის მშენებლობა „რომლებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, კომპანიის მხრიდან არ განხორციელებულა.“

სამინისტროს განცხადებით, კომპანიამ სამინისტროს ტერიტორიაზე არსებულ ეზოში დაანგრია დამხმარე ნაგებობა, „რომლის უკანა კედელიც ესაზღვრებოდა სკოლას და ასრულებდა ღობის დანიშნულებას. შენობის რეაბილიტაციის პროცესში საჭირო გახდა ღობის ნაწილობრივი დემონტაჟი, რის გამოც, ამჟამად, სამინისტროს ტერიტორია არის დაუცველი და საჭიროებს უმოკლეს ვადებში ღობის მოწყობას.“

სამინისტრო სამუშაოების [თბილისში სანაპიროს 4-ში მდებარე სამინისტროს შენობის პირველი სართულის, ეზოს, საბრიფინგოს, საწყობის და სათათბირო დარბაზის რეაბილიტაცია] დასრულებას გამარტივებული წესით ახალი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში გეგმავს.

„ელექტრონული ტენდერის ჩატარება, პოტენციური რისკების/საფრთხეების მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს და ხანგრძლივმა პროცესმა შესაძლოა გამოიწვიოს სამინისტროსთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობებისა და ფუნქციების განხორციელების შეფერხება.“ – აღნიშნულია სამინისტროს განაცხადში.

შესყიდვების პორტალისა და აქვე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით:

კულტურის სამინისტროს 2021 წლის 27 დეკემბერს ტენდერი 5 622 768 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. მასში „აგრომშენსერვისის“ გარდა კიდევ 5 კომპანია მონაწილეობდა, „აგრომშენსერვისს“ კი ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა დასახელებული. სამინისტრომაც ხელშეკრულება მასთან გააფორმა 2022 წლის 11 თებერვალს – 4 888 442 ლარზე.

ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 9 თვეში, ანუ 2022 წლის ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ ხელშეკრულებაში 4-ჯერ შეცდომა გაასწორეს და 15-ჯერ შეიტანეს ცვლილება.

„ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, სამუშაოების შესრულების ვადად დადგინდა 2023 წლის 11 თებერვალი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად – 2023 წლის 19 ოქტომბერი… აღნიშნულ პერიოდში ამოიწურა შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედებისა და სამუშაოების წარმოების ვადა, ხოლო კომპანიამ ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულება.“ – წერს სამინისტრო.

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების დასრულების ვადა 9 თვის წინ ამოიწურა, ხოლო ხელშეკრულების ვადა ერთი თვის წინ, შესყიდვების პორტალზე, 2023 წლის 23 ნოემბრის მდგომარეობით, სამინისტროს არ აუტვირთია დოკუმენტაცია კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის, ან მასზე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.

შავ სიაშიც „აგრომშენსერვისი“ ორი დღის წინ, 2023 წლის 21 ნოემბერს შეიყვანეს, თუმცა, არა კულტურის სამინისტროს, არამედ სხვა უწყების მიმართვის გამო.

მთავარი ფოტო: კულტურის სამინისტროს შენობა თბილისში / ფოტო ტენდერიდან

ის, რომ შეფასება გაუქმდა, ასე არ არის – შეიცვალა თუ არა სინამდვილეში ესგ?

განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შეიტანა. ვებგვერდზე გამოაქვეყნა პუნქტების ჩამონათვალიც, სადაც წერია, რომ სკოლები თავისუფლდებიან გარკვეული ვალდებულებებისგან. არის თუ არა ეს ცვლილებები რეალურად სიახლე, რას ეთანხმებიან სკოლები და რას არა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის  №15 საჯარო სკოლის დირექტორს, ნინო მოდებაძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ნინო, როცა სამინისტრო წერს, რომ სკოლებში გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები, როგორიცაა მაგალითად საკლასო, საშინაო დავალება და შემაჯამებელი სამუშაო, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები საშინაო დავალებებს აღარ დაწერენ?  

არა. აქ საუბარია იმაზე, რომ სისტემა აღარ გვავალებს ეს კომპონენტი გვქონდეს. სისტემა ამბობს, რომ თუ სკოლა მიიჩნევს საჭიროდ ამ კომპონენტების გამოყენებას, შეუძლია გამოიყენოს ან ჩაანაცვლოს სხვა კომპონენტით. მაგრამ გამოყენების ვალდებულება არ გვაქვს.

  • თუ მოსწავლე არ დაწერს დავალებას, მასწავლებელს შეუძლია ამის გამო უსაყვედუროს თუ არა?

ვერ ექნება მოსწავლეს ეს პრეტენზიები და გეტყვით რატომ, ყველა ეს ცვლილება, რომელიც გაიწერა ეროვნულ სასწავლო გეგმაში (ესგ), სკოლის საჭიროებაზე და ინტერესებზე იქნება მორგებული. შესაბამისად, მოსწავლეს წინასწარ ეცოდინება რაში ფასდება, რატომ და როგორ.

  • სამინისტრო ამბობს, რომ ორიგინალური შეფასების სისტემები და პრინციპები სკოლამ უნდა მოიფიქროს, ამაზე რას ფიქრობთ?

ამ „ორგანულობაში“ არ იგულისხმება ის, რომ სკოლა რაღაც სასწაულს მოიფიქრებს  და რაიმე უცნაურ კომპონენტს ჩადებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი სკოლა (ყველა თუ არა), მაინც დაიტოვებს საშინაო დავალებას ან სხვა რომელიმე კომპონენტს.

  • ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ „ახლებურად ჩამოყალიბდა ესგ-ს მიზნები“, აქ რა შეიცვალა არსებითი, გაჩნდა რაიმე ვალდებულება, რაც აქამდე არ ყოფილა?

რა თქმა უნდა, რაღაც ცვლილებები არის, მაგრამ როცა ვიღაცები წერენ სოციალურ ქსელებში, რომ „შეფასება აღარ იქნება“, ეს არ არის სწორი. შეფასება იქნება, უბრალოდ, შეფასების კრიტერიუმები თავად სკოლას შეუძლია შეარჩიოს.

ახალია ის, რომ საგნობრივი საკითხები სკოლას შეუძლია თვითონ დაალაგოს და ისე ასწავლოს.

  • კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, განსაზღვრონ არა კლასის, არამედ საფეხურის დაძლევის ბარიერი, იგივე უფლება გაქვთ საჯარო სკოლებსაც?

იგივე უფლება ჩვენ არ გვაქვს და რატომ მოხდა ამის კლასიფიცირება ასე, არ ვიცი. მე მიმაჩნია, რომ მოსწავლემ წელი უნდა დაძლიოს. თუმცა, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა საუბრობს იმაზე, რომ შედეგი იქნება საფეხურის ბოლოს.

შესაბამისად, ამ საფეხურის განმავლობაში მოსწავლეს აქვს საშუალება, რომ საფეხურისთვის განკუთვნილი მინიმალური ცოდნა აითვისოს და ბარიერი დაძლიოს.

თუკი მოსწავლე ვერ მოახერხებს მაგალითად მეშვიდე კლასი დაძლიოს, ამისთვის არსებობს რემედიაციის პროგრამა, რომ მოსწავლეს დაეხმაროს ამ ეტაპისთვის განსაზღვრული ცოდნის ათვისებაში.

რემედიაციის დანერგვა ვალდებულებაა.

თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ შედეგი უნდა დაიდოს საფეხურის ბოლოს, მაშინ დაძლევაც უნდა მოხდეს საფეხურის ბოლოს. ამ საკითხზე ბოლომდე არ ვართ ჩამოყალიბებული ჩვენ სკოლაში, რადგან არ ვიცით ეს სისტემა მისცემს თუ არა მოსწავლეს უფრო მეტს საშუალებას დაძლიოს საფეხური, ამიტომ სიმართლე გითხრათ, მეც მიჭირს ამის ზუსტი შეფასება.

  • თუკი ამ სისტემით იმუშავეს სკოლა, მაშინ წლის ბოლოს არ ეყოლება „კლასი ვერ დაძლია“ სტატუსის მქონე მოსწავლეები და, შესაბამისად, მათ ვერც კლასში ჩატოვებს.

დიახ, კლასში ვერ ჩატოვებს სკოლა მოსწავლეს. თუ საფეხურს ვერ დაძლევს, მაშინ ალბათ კი.

ვფიქრობ, სკოლამ ის უნდა განსაზღვროს, რატომ ვერ დაძლია მოსწავლემ სასწავლო პროგრამა. იმიტომ, რომ აქვს სპეციალური საჭიროება (აქ არ იგულისხმება მხოლოდ ფიზიკური და მენტალური დარღვევა), თუ აქვს მაგალითად რთული სოციალური პირობები. რა უშლის ბავშვს სწავლაში ხელს, ეს უნდა განისაზღვროს და თუ დადგინდა სპეციალური საჭიროება, მაშინ თავისთავად ბავშვს უნდა შესთავაზოს სკოლამ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.

  • გყავთ ასეთი მოსწავლეები სკოლაში, ვინც ვერ დაძლია კლასი და რა იყო ამის მიზეზი. აქამდე თუ სთავაზობდით ინდივიდუალურ გეგმას?

დიახ, გვყოლია ასეთი ბავშვები და მიზეზი ძირითადად უკავშირდება გაცდენებს, რადგან გაცდენა თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ვერ ესწრება საგაკვეთილო პროცესს და ვერ იღებს სასკოლო მომსახურებას.

  • რატომ აცდენენ, მოტივაცია არ აქვთ?

სხვადასხვა მიზეზებია. მაგალითად,  „ჩაეძინა“, „სიცივე იყო“, „შეეზარა წამოსვლა“, „რატომღაც აპროტესტებს და არ მოდის“ და არის მსგავსი მიზეზები.

ძალიან ხშირად არის ასეთი შემთხვევებიც, როცა მშობელი დაკავებულია, მიდის სამსახურში და მხედველობიდან რჩება ის ფაქტი, მართლა გავიდა ბავშვი სახლიდან თუ არა, სანამ არ შეატყობინებს დამრიგებელი, რომ არ მოვიდა სკოლაში.

ვფიქრობ, მშობლების მეტი პასუხისმგებლობაა მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში, მარტო სკოლას არ უნდა მოეთხოვოს პასუხი.

როცა ბავშვს აქვს ხშირი გაცდენები, ეს არ უნდა დარეგულირდეს მხოლოდ ექსტერნატის გამოცდებით, აუცილებლად უნდა გაირკვეს მიზეზები, რატომ აცდენს ბავშვი სკოლას.

გვქონია ისეთი შემთხვევებიც, როცა სოციალური სამსახურისთვის მიგვიმართავს  და მათი დახმარებით მოგვიყვანია ბავშვი სკოლაში, მაგრამ იმ გაცდენილ პერიოდს ვერ ანაზღაურებდა ბავშვი.

ამ საკითხის მიმართ მშობლის აზროვნება და მიდგომებიც შეიცვალა, რადგან აქამდე ბევრი მშობელი ამბობდა უარს რემედიაციის პროგრამაზე. ახლა მეტი გაგებით ეკიდებიან.

  • რემედიაციის პერიოდი რამხელაა?

თუკი რაიმე არ შეიცვალა, ეს არის მოკლევადიანი პროგრამა.

რემედიაცია გულისხმობს, რომ მოსწავლის წარმატებაში, სირთულეების დაძლევაში ჩართული უნდა იყოს, როგორც მასწავლებელი, ასევე სკოლის ადმინისტრაცია და მშობელი. მშობელს ძალიან დიდი როლი აქვს ამ პროცესში, რადგან რემედიაციაში მშობლის სურვილის გარეშე ვერ ჩართავ ბავშვს.

თუმცა აქაც უნდა მოხდეს დიფერენცირება, კონკრეტულად რომელ საკითხებში ჩამორჩა ბავშვი და იმ საკითხის დალევას რა პროცესიც სჭირდება, ის პერიოდი დაეთმობა რემედიაციას.

  • ერთ-ერთი მტკივნეული თემა სკოლებში საათების განაწილების საკითხია. ამ ჩანაწერების მიხედვით, სკოლებს თავად შეუძლიათ განსაზღვრონ სასკოლო საათობრივი ბადე. იყო კომენტარები, რომ ეს გამოიწვევს უსიამოვნებებს, რადგან შესაძლოა უსამართლოდ გადანაწილდეს საათები. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

სკოლებს საათობრივ ბადეში მოგვცეს თავისუფლება და ეს არ ეხება საათობრივ დატვირთვას. ასეთი ცვლილება მე არ მინახავს, ყოველ შემთხვევაში.

საათობრივ ბადეში 25%-იანი ცვლილების უფლება სკოლას აქამდეც ჰქონდა, ოღონდ იყო გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად ის, რომ დაწყებით საფეხურზე ეს არ უნდა მომხდარიყო სახელოვნებო საგნების და სპორტის ხარჯზე, ახლა კი ეს შეზღუდვები მოიხსნა.

თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ფურცელზე არ უნდა დარჩეს და რეალურად უნდა იმუშაოს.

უნდა იმსჯელოს ამაზე სკოლამ, პედაგოგიური საბჭო ამტკიცებს სასწავლო გეგმას და სასკოლო-სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილია საათობრივი ბადეც. შესაბამისად, ყველა ადამიანს შეუძლია თავისი პოზიცია დაიცვას, ოღონდ ეს უნდა იყოს არგუმენტირებული.

თუ რომელიმე პედაგოგი ფიქრობს, რომ ადმინისტრაცია უსამართლოდ იქცევა, ხმა უნდა ამოიღოს. „მე ასე მინდა, მე ისე“, ასე ვერ იქნება, არგუმენტები სჭირდება ყველაფერს.

  • საათობრივი ბადეში თავისუფლება რას გულისხმობს?

ეს ჩანაწერი სკოლას აძლევს უფლებას, რომ, მაგალითად, თუ აქამდე სპორტი ისწავლებოდა სამი საათი, შეიძლება გახდეს ორი საათი, ან ითქვას, რომ მათემატიკა 4 საათი ისწავლებოდეს და არა 5 საათი.

მასწავლებლები სულ ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ, მაგალითად, ერთ კლასში მათ საგანში ძალიან ბევრი საკითხი იყო ერთად მოყრილი, მეორე საფეხურზე კი ძალიან ცოტა საკითხია. ეს ცვლილებები მასწავლებელს აძლევს უფლებას თავად გადაანაწილოს საკითხები და ასწავლოს ასაკის შესაბამისად.

არ იქნება მარტივი ეს პროცესი, თუმცა მასწავლებელს ამიერიდან ვეღარ ექნება პრეტენზია იმაზე, რომ მე მეხუთე კლასში მინდოდა ეს საკითხი მესწავლებინა და არა ახლა. ყველაფერს თვითონ დაალაგებს.

  • სამინისტრო წერს, რომ ახლებურად ჩამოყალიბდა ესგ-ს მიზნები. აქ რა სიახლეა?

ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ძირეული ცვლილებაა, უბრალოდ, ახალ ჩანაწერში უფრო დაკონკრეტებულია მაგალითად ის, რა უნდა შეძლოს მოსწავლემ.

არის თუ არა აქ რაიმე სადაო საკითხი, ვერ გეტყვით, რადგან ამაზე ჯერ არ მიმსჯელია კოლეგებთან და ამას უახლოეს დღეებში გავაკეთებთ.

  • სწავლა-სწავლების პრინციპები განისაზღვრაო ამბობს სამინისტრო, ეს აქამდე არ იყო განსაზღვრული?

კი იყო განსაზღვრული და ახლაც, რაც არის გაწერილი, უმეტესი წინა ვერსიიდან არის დატოვებული. უბრალოდ, დამატებულია რამდენიმე საკითხი. მაგალითად, „მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის შეძენა“, რომელიც გულისხმობს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

მთელი კურსი აღებულია იმაზე, თუ რატომ სწავლობს ამას ბავშვი. სად გამოიყენებს ამ ცოდნას და როგორ გამოიყენებს, ესაა მთავარი პრინციპი.

  • კიდევ ერთი ჩანაწერი ასეთია: „მკაფიოდ გამოიკვეთა, თუ რას გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული სიღრმისეული სწავლება“. რით გამოიკვეთა, შეგიძლიათ გვითხრათ?

სიმართლე გითხრათ, ასეთი ჩანაწერი მე ვერ ვნახე, მაგრამ აი ის, რომ შემოვიდა რემედიაციის პროგრამა და სავალდებულო გახდა, ის, რომ შეფასების სისტემა უნდა მოერგოს მოსწავლის საჭიროებებს, სასწავლო პროგრამაც ასევე იქნება მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული, ეს ყველაფერი ერთად, ქმნის ამ სიახლეებს.

საუბარია იმაზე, რომ ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური სასკოლო გეგმა, მორგებული სკოლის სპეციფიკაზე, საჭიროებაზე, მიღწევებზე და ასე შემდეგ.

თოჯინები და თიხა – როგორ აქცია ქობულეთელმა ქალმა ჰობი შემოსავლის წყაროდ

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი

__________________

ამ სტატიით 38 წლის ქობულეთელ მარიკა ართმელაძეს გაგაცნობთ, რომელმაც თავისი ჰობი შემოსავლის წყაროდ აქცია.

მარიკა წლებია კერამიკულ ჭურჭელზე პოლიმერული თიხისა და თოჯინებზე ტრიკოტაჟის ქსოვილის გამოყენებით, ადამიანების სურვილებსა და მოგონებებს აცოცხლებს.

„როდესაც დედა გავხდი და შვილისთვის თოჯინების შექმნა დავიწყე, მივხვდი, რომ ეს საქმე ძალიან მომწონდა და მისთვის უფრო რეალური სახე უნდა მიმეცა. თავის დროზე ჩემი შვილი გახდა ჩემი საქმის ინსპირაციის წყარო.

„როდესაც სამუშაო მაგიდასთან ვჯდები, ვკარგავ დროის შეგრძნებას და მუშაობის პროცესიც რამდენიმე დღე გრძელდება. ერთდროულად ათამდე თოჯინას ვკერავ, ვაცმევ ჩემ მიერ შეკერილ ფერად კაბებს და ვუგზავნი ადრესატებს. ეს პროცესი განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს“ – ამბობს მარიკა.

მარიკას ხელნაკეთი თოჯინა

მისი თქმით, მის მიერ შემქნილი თითოეული თოჯინა ერთმანეთისგან განსხვავებულია:

„მომხმარებლები ხშირად მიკვეთავენ პორტრეტულ თოჯინებს. ვცდილობ, დამკვეთის სურვილები რეალობად ვაქციო და ისინი ზუსტად გადმოვცე ხელნაკეთ ნივთებზე. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურთან ერთად რთული და შრომატევადია ეს საქმიანობა, დროს ამ საქმისთვის ყოველთვის ვპოულობ, თუნდაც ღამის გათენება გახდეს საჭირო“.

როგორც თავად ამბობს, შეკვეთები ახალ წელსა და დედის დღეს განსაკუთრებით იზრდება.

მარიკა 17 წლის იყო, როცა თოჯინების შექმნა დაიწყო, მაგრამ შემოსავლის წყაროდ ეს ჰობი მისთვის უფრო გვიან იქცა.

„როდესაც ჩემი ნამუშევრების ფოტოები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში პირველად განვათავსე, მივხვდი, ეს საქმე ბიზნესად უნდა მექცია. ჩემი გვერდი დღეს ძალიან აქტიურია, 150-მდე ჯგუფზეა მიბმული და შესაბამისად, ნამუშევრებს ძალიან დიდ აუდიტორიას ვაცნობ – მათ მთელ საქართველოში ვყიდი“ – გვიყვება მარიკა.

მარიკას დეკორირებული ჩაიდნები

მარიკა ართმელაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამის გამარჯვებულიც გახდა და თანადაფინანსებით შეიძინა საკერავი მანქანები, რომელთა დახმარებითაც თავის ნამუშევრებს სრულყოფილ სახეს აძლევს.

ნამუშევრების გარდა მარიკა თავის ძაღლებსაც გვაცნობს და თითოეულ მათგანზე განსაკუთრებულ ისტორიას გვიყვება.

„ჩორნა“, „რიჟიკა“, „ფუნცო“, „სუჩო“, „მასიონი“, „ზარა“, „პიზი“ … – მარიკა ამჟამად ქობულეთში ქუჩის 28 ძაღლს უვლის, საკუთარი ხარჯებით უკეთებს აცრებსა და სტერილიზაციას, ყიდულებს საკვებსა და წამლებს.

„მოიყვანენ გაძვალტყავებულ ძაღლებს და ტოვებენ ჩემს სახლთან. ყველამ იცის, სადაც ვცხოვრობ და ისიც იციან, რომ მათ მიტოვებულ ძაღლებს მოვუვლი და ვუპატრონებ. თავშესაფრებს არ ვენდობი, არ ვიცი, იქ რა ხდება. ამ მხრივ, ნამდვილად უმართავია სიტუაციაა“ – ამბობს მარიკა.

მარიკა ართმელაძე

იგი წუხს, რომ ქობულეთში არ არსებობს ვეტერინარული კლინიკა და ხშირად ტაქსით უწევს ნაავარიები ძაღლების ბათუმში გადაყვანა.

„მწერენ, მეხმიანებიან, სად რომელ ძაღლს უნდა დახმარება, იციან, რომ უარს ვერ ვამბობ. მძღოლებთანაც შეთანხმებული ვარ და იმათაც უპრობლემოდ გადაჰყავთ ბათუმის კლინიკებში. ერთხელ ქობულეთის ერთ-ერთი სოფლიდან თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარშიც გავგზავნეთ ძაღლი.

ხშირად მეუბნებიან, მოცლილი ხარ, ამდენ ადამიანს უჭირს და შენ ძაღლებთან რა გინდაო. ასეთ ადამიანებს არც ვეკამათები, რადგან აზრი არ აქვს“ – ამბობს მარიკა.

მარიკა გვიყვება, რომ ქველმოქმედებაში ჩართვა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პანდემიის დროს თავის მეგობრებთან ერთად აგროვებდა საოჯახო პროდუქტებს და ეხმარებოდა მარტოხელა მოხუცებსა თუ სოციალურად დაუცველებს. მაშინ, როცა მანქანებით მოძრაობა იკრძალებოდა, იგი ველოსიპედით კილომეტრებს ფარავდა და ისე აწვიდიდა მათ პირველადი მოხმარების ნივთებს.

მარიკას მიერ დეკორირებული ჭიქა პანდემიის თემაზე

,,ჩემ მიერ შექმნილ ფეისბუქ ჯგუფში, რომელიც 16 ათასს ადამიანს აერთიანებს, ყოველთვიურად ვაგროვებთ თანხას, ვისაც რამდენი შეუძლია, ვყიდულობთ საჭირო პროდუქტებსა და ნივთებს. მართალია, ხშირად არ გროვდება საკმარისი რაოდენობის თანხა, თუმცა, როდესაც ადამიანს ჰპირდები, რომ მცირედით მაინც დაეხმარები, აკეთებ შეუძლებელს და მათ მაინც აბედნიერებ“ – ამბობს ის.

მარიკა აქტიური ცხოვრების წესით რომ გამოირჩევა, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ თურქეთში, ანკარას უნივერსიტეტში თარჯიმნობის შემსწავლელი კურსები გაიარა და ახლა ერთ-ერთ კერძო თურქულ კომპანიაშია დასაქმებული.

მუშაობასა და საყვარელ ხელსაქმეს, ახალ პროფესიასაც უთავსებს. 38 წლის მარიკა კოლეჯ „ახალი ტალღის“ სტუდენტია და კონდიტერის პროფესიას ეუფლება. როგორც თავად ამბობს, თავისი სამომავლო გეგმები სწორედ ამ სფეროს უკავშირდება:

„არასდროს ვჩერდები ერთ ადგილას და მუდმივად ვცდილობ განვითარებას. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიმერული თიხის ტექნიკას ვფლობ და შემიძლია სხვადასხვა ფორმის გამოყვანა, გადავწყვიტე, რომ კონდიტერის მიმართულებითაც გამომეცადა ჩემი თავი. ამ მხრივ, სამომავლოდ ძალიან დიდი გეგმები მაქვს“.

კაცს ბათუმში 13 წლის გერზე სექსუალურ ძალადობას ედავებოდნენ – ის მოსამართლემ გაამართლა

კაცს, რომელის ბათუმში ცხოვრობს და პროკურატურა ოჯახში ძალადობას, ასევე არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ედავებოდა, სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია. ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის ნოემბერში მიიღო.

პროკურატურის ვერსიით, რ.ვ. სექსუალურად ძალადობდა გერზე, რომელიც 14 წლის არ იყო. გამოძიება მას ცოლზე ფიზიკურ ძალადობასაც ედავებოდა.

რ.ვ.-ს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ოჯახში ძალადობის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს: „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული კაცი სამი წელი ძალადობდა მოზარდზე – გერზე. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული კაცი სექსუალურად ძალადობდა მოზარდზე საკუთარ სახლში 2020 წელს, 2021 წელს და 2022 წელს, როცა ერთ დღესაც მოზარდმა 112-ში დარეკა.

„2020 წლის ივლისში, ქალაქ ბათუმში, საცხოვრებელ სახლში, რ. ვ-მ იძალადა ოჯახის წევრებზე, კერძოდ, არასრულწლოვანი გერის – ა. კ-ის თანდასწრებით, ოჯახის წევრს – მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ლ. დ-ს, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა და ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელის სახის არეში დარტყმებით, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ოჯახის წევრს, გერს – ა. კ-ს თმის მოქაჩვითა და სახის არეში ხელის დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ა. კ-მ და ლ. დ-მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნული იყო პროკურატურის დადგენილების იმ ნაწილში, სადაც ოჯახში ძალადობის ეპიზოდია აღწერილი.

2022 წლის 18 ნოემბერს მიღებული განაჩენით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული კაცი რ.ვ. გაამართლა. რ. ვ-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დატოვა. პროკურორ პაატა ცეცხლაძეს უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს.

საქმის მასალების მიედვით, 112-ში თავდაპირველად 13 წლის მოზარდს დაურეკავს და უთქვამს, რომ მის დედაზე მამინაცვალი ძალადობს, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს, „დაზარალებულმა ა. კ-მ არ დაადასტურა და კატეგორიულად უარყო რ. ვ-ის მიერ მისი და დედის – ლ. დ-ის მიმართ ფიზიკური ძალადობებისა და ა. კ-ის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებების ჩადენის ფაქტი.

დაზარალებულმა განმარტა, რომ მას არ მოსწონდა, რომ სიმთვრალის დროს რ. ვ-ძე ეკამათებოდა დედას, რის გამოც სურდა, რომ ლ. დ-ძე და რ. ვ-ძე დაშორებოდნენ ერთმანეთს. სწორედ ამ მიზნით მოუგონა რ. ვ-ს ფიზიკური ძალადობისა და სექსუალური ქმედებების ამბები.

ა. კ-მ უარყო მის გამოკითხვის ოქმებში მითითებული რ. ვ-ის მიერ ფიზიკური ძალადობებისა და სექსუალური ქმედებების ჩადენის შესახებ ინფორმაციის სისწორე და განმარტა, რომ მის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციები რ. ვ-ის ქმედებებთან დაკავშირებით მან მოიგონა და რეალურად აღნიშნული ქმედებები რ. ვ-ს არ ჩაუდენია.

მოწმემ ასევე განმარტა, რომ გამოძიებისას მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის არასწორი და რ. ვ-ს ბრალად წარდგენილი არცერთი ქმედება არ ჩაუდენია,“ – ვკითხულობთ საქმის მასალებში.

სასამართლოს საერთოდ არ მისცა ჩვენება მოზარდის დედამ, მოწმის სახით გამოკითხულ მ.კ-ს კი, უთქვამს, რომ იმ დღეს მობილურზე შვილიშვილმა დარეკა და თქვა, დედა და მისი ქმარი ჩხუბობენო.

„…დაუყოვნებლივ მივიდა შვილის ბინაში, სადაც არეულობა არ შეიმჩნეოდა, ლ-ი იყო განერვიულებული. მოწმე მიხვდა, რომ ოჯახში ადგილი ჰქონდა კამათს, მას არაფერი უკითხავს, ორივე შვილიშვილი წაიყვანა საკუთარ ბინაში. მოწმემ განმარტა, რომ არ იცის, რა მოხდა 2022 წლის 16 ივლისს მის შვილს – ლ. დ-სა და რ. ვ-ეს შორის, იგი უშუალო კონფლიქტს არ შესწრებია, მას დაურეკა შვილიშვილმა – ა. კ-მ და უთხრა, რომ მშობლები ჩხუბობდნენ და აღარ უნდოდა მათი ჩხუბის მოსმენა. მოწმის განმარტებით, ლ. დ-ს მისთვის არ უთქვამს მის მიმართ რაიმე სახის ძალადობის ჩადენის შესახებ,“ – უთქვამს მოწმეს.

„ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც რ. ვ-ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას დაადასტურებდა,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში.

პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ განუხილველი დატოვა.

ამ თემაზე:

ზარი პოლიციაში: „მეუღლე მახრჩობს“ – რატომ ამართლებს სასამართლო ოჯახში მოძალადე კაცებს

მოხალისე მებრძოლი ბათუმიდან უკრაინის პატრიარქმა დააჯილდოვა

დღეს, 23 ნოემბერს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ქართველი მოხალისე მებრძოლი – მირო ვანაძე „უკრაინის დაცვისთვის გამოჩენილი მამაცობისთვის“ დააჯილდოვა.

„ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის დღეს უკრაინის დასაცავად სიმამაცისა და თავგანწირვისთვის ჯილდოს მიღება კიევის პატრიარქისგან,“ – წერს სოციალურ ქსელში მირო ვანაძე.

მირო ვანაძე ბათუმელი სპორტსმენია. მის შესახებ „ბათუმელები“ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველ დღეებშიც წერდა, ამ დროს მირო ვანაძე, როგორც მოხალისე პურს აცხობდა კიეველებისთვის უფასოდ დასარიგებლად.

მირო ვანაძე მოხალისე მებრძოლია. 

„ოცნების“ დამფინანსებლები აჭარიდან

2023 წლის იანვრიდან დღემდე „ოცნებამ“ შემოწირულების სახით 5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. მხარდამჭერების აქტიურობა ყოველდღიურად იზრდება. თითქმის ყოველდღე პარტიის ანგარიშზე ათამდე ან მეტი ფიზიკური პირი რიცხავს თანხას. მათ შორის უმეტესობა ბიზნესმენია.

ზოგჯერ ერთი კომპანიიდან რამდენიმე პარტნიორის ინდივიდუალური შენატანიც ფიქსირდება.

უშუალოდ კომპანიების მფლობელები არ სწირავენ 60 000 ლარზე ნაკლებს, მათი პარტნიორების, დირექტორების და მენეჯერების შენატანი კი შედარებით ნაკლები, თუმცა არც თუ მცირე თანხაა.

„ოცნების“ ბიუჯეტის შესავსებად აქტიურობენ აჭარიდანაც.

შემწირველებს შორის არის ბიზნესმენი მამუკა ფარტენაძე. 10 ნოემბერს მან „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა. ის შპს „მმმ ჯგუფის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მამუკა ფარტენაძე თანასაკუთრებაში ფლობს ასევე შპს „დაფ სერვის + “ -ს და შპს „პროფესიონალ აუტო სერვისს.“

შპს „მმმ ჯგუფის“ შესახებ „ბათუმელები“ ადრეც წერდა. კომპანია ვარშანიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს სავაჭრო ობიექტს ფლობს. ამ ობიექტის გამო კომპანიას მეზობლები ორი სხვადასხვა მიზეზით, ჯერ ცემენტის მტვრის გამო, შემდეგ კი ხმაურის გამო უჩიოდნენ.

„ვიხრჩობით ცემენტში“ – მოქალაქე ბათუმში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ბიზნესის წინააღმდეგ

მამუკა ფარტენაძეს იგივე ოდენობის თანხა, 60 000 ლარი 2021 წელსაც შეუწირია მმართველი პარტიისთვის.

2023 წლის 10 ნოემბერს „ოცნებას“ 60 000 ლარი გელა გაბაიძემაც შესწირა. ის ბათუმში რამდენიმე სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის მესაკუთრე, თანამესაკუთრე და ხელმძღვანელია.

გელა გაბაიძემ „ოცნებას“ 2021 წელს 10 000 ლარი შესწირა.

16 ნოემბერს დალი ჯიჯავაძემ „ოცნებას“ 20 000 ლარი შესწირა. დალი ჯიჯავაძე ორი კომპანიის შპს ინსტრა-ბათუმისა და შპს „დაბლ ა შიპინგ“ – ის დირექტორია. ეს მისი პირველი შეწირულობა არ არის – დალი ჯიჯავაძემ 2022 წელს მმართველ პარტიას 60 000 ლარი, 2020-2021 წელებში კი ჯამში 60 000 ლარი შესწირა.

შპს „გზა“-ს დირექტორმა მალხაზ დუმბაძემ „ოცნებას“ 15 000 ლარი შესწირა, კომპანიის მფლობელმა გიორგი ჭყონიამ კი 60 000 ლარი.

მალხაზ დუმბაძე 2012 წლიდან „ოცნების“ შემწირველია და ამ დროიდან დღემდე მან მმართველ პარტიას ჯამში 150 000 ლარი შესწირა.

2023 წლის 10 ნოემბერს ბიზნესმენმა სულიკო ჭყონიამ „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა. ისიც „ოცნების“ ერთგული მხარდამჭერია.

2016 წლიდან დღემდე სულიკო ჭყონიამ „ოცნებას“ სოლიდური თანხა ექვსჯერ შესწირა, ერთხელაც – „ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს. ჯამში მისი შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე 250 000 ლარია. სულიკო ჭყონია სამშენებლო ბიზნესშია.

ჯემალ ჭყონიამ „ოცნებას“ ამჯერად 20 000 ლარი შესწირა, ისიც გიორგი ჭყონიას პარტნიორია. გასულ წლებში „ოცნების“ ანგარიშზე მისი შენატანი 75 000 ლარია.

მმართველ პარტიას 50 000 ლარი შესწირა ოთარ ფუტკარაძემ. ის შპს „ბონდი 2009“- ის თანამფლობელია. ოთარ ფუტკარაძის შვილი, შოთა ფუტკარაძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია „ოცნებიდან“, საკრებულოში არჩევამდე ისიც ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა.

შოთა ფუტკარაძე ფლობს „ბონდი დეველოპმენტის“ 70 პროცენტს და ამ კომპანიის დირექტორადაც თავად ფიქსირდებოდა. საკრებულოში არჩევამდე ის ფლობდა ასევე შპს „კალიგრაფი აპარტამენტის“ 50 პროცენტს.

„ოცნებას “ 50 000 ლარი შესწირა „ბონდი 2009“-ს კიდევ ერთმა მფლობელმა, ნუკრი დოლიძემ.

ნუკრი დოლიძის ერთ-ერთი პარტნიორია შოთა ფუტკარაძის მამა, ბიზნესმენი ოთარ ფუტკარაძე. მათ ერთობლივად დააფუძნეს შპს „ბონდი 2009“, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებისგან მაღალბიუჯეტიან  დაკვეთებს ხშირად იღებს. იგივე შეიძლება ითქვას „მონოლითი 2005“-ზე – ნუკრი დოლიძეს წილები ამ კომპანიაშიც აქვს.

ამ კომპანიებმა ბოლო ათ წელში სახელმწიფოსგან რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დაკვეთა მიიღეს, მათ შორის არის გამარტივებული შესყიდვები. კომპანიების დამკვეთებს შორის არიან: ბათუმის მერია, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია და სხვები.

„ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა „ბონდი 2009“- ის კიდევ ერთმა მფლობელმა დავით დევაძემ, ის კომპანიის 25 პროცენტის მფლობელია. იგივე თანხა შეიტანა მმართველი პარტიის ანგარიშზე დავით ნაგერვაძემაც, შპს „ნასკარის“ მფლობელმა.

ავტობანი – რა მეთოდით გაიყვანენ 7,6 კმ სიგრძის გვირაბს ახალსოფლიდან სარფამდე

ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილია 7,6 კილომეტრი სიგრძის გვირაბის გაყვანა, რომელიც სოფელ ახალსოფელში დაიწყება და სოფელ სარფში ზღვის სანაპიროსთან [ჩანჩქერთან], ბათუმი-სარფის არსებულ გზასთან გამოვა.

დოკუმენტების მიხედვით, „პროექტის ეს ვარიანტი მინიმალურ შეხებაშია დასახლებულ უბნებთან, თუმცა გარკვეული განსახლება მაინც იქნება საჭირო“.

„ახალი ავტობანი იწყება ბათუმში, ეკონომიკურ ზონაში, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე. ამის შემდეგ გზა კვეთს მდინარე ჭოროხს [დაგეგმილია ხიდის გადება]. შემდეგ გზა შედის ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფლის დასახლებასა და საკარმიდამო ნაკვეთებში. აქვე იგეგმება გვირაბის შესასვლელი პორტალის მოწყობა. გამოსასვლელი პორტალის მოწყობა კი, იგეგმება სარფთან, ზღვისკენ მიქცეული კლდოვანი ფერდობის კალთაზე. ამ ადგილას გზა უერთდება ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზატკეცილს. გვირაბის თავზე, მთის მასივზე ასევე წარმოდგენილია სოფლის ტიპის დასახლებები და საკარმიდამო ნაკვეთები. ამ ტერიტორიებს ზემოქმედება არ ეხებათ“, – აღნიშნულია პროექტში.

გვირაბის შესასვლელი [ახალსოფელი] და გამოსასვლელი [სარფი] პორტალის ადგილები. ასევე დამხმარე გვირაბის მოსაწყობი ადგილები [ზედა ჭარნალი] / ფოტოები სკოპინგის ანგარიშიდან
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, საპროექტო გვირაბის სავალი ნაწილის სიგანე 7,5 მეტრი, ხოლო სიმაღლე 5 მეტრი იქნება.

გზის საფრად გვირაბში შერჩეულია ბეტონი, „რადგან ბეტონი ხანძრის შემთხვევაში ბოლს არ წარმოქმნის“. ავარიული გასასვლელები განთავსდება ყოველ 300 მეტრში. გვირაბის გაყვანა დაგეგმილია ბურღვა-აფეთქებითი მეთოდის გამოყენებით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სკოპინგის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „დაგეგმილია საპროექტო ტერიტორიამდე მისასვლელი გვირაბის მოწყობაც, რომლის შესახებ ინფორმაცია სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი არ არის.“

გზების დეპარტამენტმა ამ ეტაპზე ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობა-ექსპლუატაციასთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] ანგარიში უნდა მოამზადოს.

„გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იქნეს დეტალური ინფორმაცია მისასვლელი გვირაბის ადგილმდებარეობის, მშენებლობის მეთოდის, ფიზიკური მახასიათებლების და ტექნიკური პარამეტრების შესახებ. ასევე, შეფასებული უნდა იქნეს მისასვლელი გვირაბის მშენებლობის შედეგად გარემოს კომპონენტებზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე და სოციალურ გარემოზე ზემოქმედება“, – აღნიშნულია სკოპინგის დასკვნაში.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, კვარიათი-სარფის ზონის ზოგიერთ უბანზე შესაძლებელია არსებობდეს მეწყრული, ღვარცოფული პროცესების და ქვათაცვენის თვალსაზრისით საშუალო სენსიტიურობის მონაკვეთებიც.

აქედან გამომდინარე, გარემოს ეროვნული სააგენტო გზების დეპარტამენტს ავალებს, რომ გზშ-ს ანგარიშის მომზადებისას „დეტალურად იქნეს შესწავლილი საპროექტო ტერიტორიის გეოლოგიური, გეოდინამიკური და გეომორფოლოგიური პირობები, ასევე შესაბამისი კვლევების საფუძველზე, სათანადოდ უნდა იქნეს დასაბუთებული გასატარებელი საინჟინრო ღონისძიებები და მათი ეფექტურობა. ამასთან, ყურადღება უნდა გამახვილდეს სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას საშიში გეოდინამიკური პროცესების გააქტიურებაზე და შესაბამისი პრევენციული/შემარბილებელი ღონისძიებების გატარებაზე.“

„წინასწარი შეფასებით, სამშენებლო სამუშაოების [ხიდების და გვირაბების მშენებლობის ჩათვლით] ხანგრძლივობა, ეტაპების მიხედვით 48+24 თვე იქნება. ამ პერიოდში დატვირთული სატვირთო მანქანების რეისების რაოდენობა, ჯამში, მიახლოებით 139 ათასი იქნება… მანქანების გადაადგილებისას ხმაურის და ემისიების გარკვეულწილად შემცირება შესაძლებელი იქნება სტანდარტული შემარბილებელი ღონისძიებების გატარებით.“ – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში

გზშ-ს ანგარიშში კი, დეპარტამენტმა აუცილებლად უნდა შეიტანოს ინფორმაცია:

  • „გვირაბის მშენებლობისთვის შერჩეული მეთოდის შესახებ სათანადო დასაბუთებით. განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს სენსიტიურ ადგილებში ვიბრაციით და ხმაურით გამოწვეული ზემოქმედებების იდენტიფიცირებაზე, შეფასებაზე და ეფექტური შემარბილებელი ღონისძიებების გატარებაზე;
  • გვირაბის გაყვანის ფარგლებში ასაფეთქებელი ნივთიერებების ტრანსპორტირების, დასაწყობებისა და გამოყენების პირობების შესახებ;
  • დეტალური გეგმა ბურღვა-აფეთქებების სამუშაოების განხორციელების სიხშირის და დღის მონაკვეთის შესახებ [აღნიშნული მეთოდის გამოყენების შემთხვევაში]. მათ შორის, აფეთქებითი სამუშაოების ჩატარების დროის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია;
  • დაზუსტებული ინფორმაცია გვირაბის პორტალებთან დამაკავშირებელი მონაკვეთების/მისასვლელების მშენებლობის შესახებ, საპროექტო პარამეტრების, მშენებლობის გეგმისა და მოსალოდნელი ზემოქმედების მითითებით;
  • გვირაბის სიახლოვეს სახანძრო-სატუმბი სადგურისა და წყლის რეზერვუარის მოწყობის საჭიროების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია [წყალმომარაგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის მითითებით] და სხვ.“.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, გვირაბის გაყვანის სამუშაოები ჩატარდება ADECO-RS მეთოდით. დაგეგმილია ასევე: ფუჭი ქანების დასაწყობება გარემოსდაცვის უწყებასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე, შეთანხმებული პროექტის შესაბამისად; გვირაბის კომუნიკაციებით აღჭურვა-განათება, ვენტილაცია, სხვ. სავალი ნაწილის საფარის მოწყობა; მარკირება.

სამუშაოს დაწყებამდე მოხდება კონკრეტულ მონაკვეთზე მიწის შესყიდვის და განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსახლება-კომპენსაციის საკითხების დაზუსტება, ეტაპობრივად დაიწყება შესყიდვა-კომპენსაციის პროცესი.“

გზების დეპარტამენტის განმარტებით, „გვირაბის გაყვანის ADECO-RS მეთოდი [ახალი იტალიური მეთოდი NITM] შემუშავებულია კომპანია Rocksoil SPA-ს მიერ. მეთოდის პრინციპი ემყარება სანგრევი შუბლის ზონის სტაბილურობის კავშირს დეფორმაციულ პროცესებთან.

ტრადიციული მიდგომებისგან განსხვავებით, მეთოდი მოიცავს როგორც კედლების, ასევე სანგრევი შუბლის გამაგრებას. გამონამუშევრის „დასაარმატურებლად“ გამოიყენება სხვადასხვა ტიპის დროებითი სამაგრი ელემენტები, რომელიც ამაგრებს გამონამუშევართან მდებარე გრუნტის მასივს და ამცირებს დეფორმაციებს მიმდებარე მთის მასივში.

ამის შედეგად მეთოდი საშუალებას იძლევა მოხდეს გამონამუშევრის დამუშავება გვირაბის მთლიან კვეთზე, რაც ამარტივებს გვირაბის გაყვანის სამუშაოების ტექნოლოგიურ ციკლს.

გვირაბის მთლიანი კვეთის გახსნისას შესაძლებელი ხდება გრუნტის დამუშავების შემდეგ დროებითი გამაგრების სრულად და მყისვე აგება. დროებითი გამაგრების კონსტრუქცია იღებს თავის თავზე გვირაბის „ზემოთ“ მდებარე გრუნტის/ქანების წნევას, რაც ამცირებს გრუნტის დეფორმაციებს.“

 

[toggle title=”ADECO-RS მეთოდის უპირატესობების სანახავად დააწკაპუნეთ აქ:“]

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ADECO-RS სქემა ორ ძირითად ნაწილად შეიძლება დაიყოს: წინმსწრები გამაგრების მოწყობა პორტალთან ე.წ. Forepoling-ი და ძირითადი გვირაბის გაყვანა. გვირაბის გაყვანის ADECO-RS მეთოდს კი აქვს შემდეგი უპირატესობები:

  • აღჭურვილობის მობილიზაცია/მომზადება არ მოითხოვს დიდ ტერიტორიას – შესაბამისად არ არის საჭირო დროებითი საჭიროებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიის მომზადება-გამოყენება. ანუ მობილიზაციის ეტაპზე გარემოზე (ნიადაგი, მცენარეული საფარი, სხვ.) ზემოქმედება მნიშვნელოვანი არ იქნება.
  • ამავე მიზეზით ნაკლები იქნება მშენებლობის დროს ვიზუალური ზემოქმედებაც. მცენარეული საფარის მოხსნისას უშუალოდ ბიოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების გარდა მნიშვნელოვანია მცენარეული საფარის მოხსნისას ეროზიული პროცესების რისკის წარმოქმნის საკითხიც. მცენარეული საფარის შენარჩუნება ეროზიის რისკს ამცირებს;
  • მეთოდი სწრაფია, რაც განაპირობებს სამუშაოს წარმოების პროცესში გარემოზე შესაძლო ზემოქმედებების დროის (ხანგრძლივობის) შემცირებას;
  • გვირაბის გაყვანისას სამაგრის მოწყობის სისწრაფე ამცირებს ჩამოშლის და გეოდინამიკური პროცესების/გეოლოგიური რისკების წარმოქმნის შესაძლებლობას;
  • მეთოდი მოქნილია. მისი მორგება ადვილად არის შესაძლებელი კონკრეტულ გეოლოგიურ პირობებთან, რაც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სენსიტიურ ზონებში მუშაობისას;
  • მეთოდი იძლევა მუშაობის პროცესის კონტროლის და კონტროლის/მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი რეაგირების საშუალებას (მაგ. მუშაობის რეჟიმის, პროცედურის ადაპტაციას/შეცვლას ვიბრაციის და სხვა გავლენის/რისკების შესამცირებლად);
  • ADECO-RS ის შემთხვევაში გვირაბის გაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს მექანიკური, აფეთქებითი და კომბინირებული გზით. აღნიშნული, ყოველ კონკრეტულ მონაკვეთზე (პირობებიდან გამომდინარე) ეფექტური, ნაკლები ზემოქმედების გამომწვევი მეთოდით სამუშაოების პროცედურის შერჩევის საშუალებას იძლევა;
  • გვირაბის გაყვანისას წარმოიქმნება სხვადასხვა ფრაქციის ინერტული მასალა. რომელიც გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით, ადგილზევეა შესაძლებელი. ეს საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული ტერიტორიის გარედან მასალის შემოტანისას გარემოზე ზემოქმედება (ტრანსპორტირების ემისიები, ხმაური, შესაძლო ვიბრაცია, ზემოქმედება ადგილობრივი გზების საფარზე, და ა.შ.).
  • ამ გზით ასევე შესაძლებელი იქნება მასალის განთავსებისთვის საჭირო ტერიტორიის (სანაყაროს) ფართობის შემცირება (სანაყაროს მოწყობასთან დაკავშირებული გარემოზე ზემოქმედების, მათ შორის ვიზუალურის, შემცირება).

[/toggle]

 

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, გვირაბიდან გამოტანილი მასალის განსათავსებელი და ბანაკის [საჭიროების შემთხვევაში] მოსაწყობად შერჩეულია სავარაუდო ტერიტორიები [ნაჩვენებია ქვემოთ ფოტოზე თეთრი ფერით – NN1,2,3,4]:

ამ ტერიტორიების შერჩევა-დაზუსტებას შემდგომში მშენებელი კონტრაქტორი უზრუნველყოფს. ამასთან, საპროექტო გათვლებით ავტობანის მშენებლობისთვის შესაძლებელი იქნება ამ მასალის მიახლოებით 42% (ფაზა 1) და 6% (ფაზა 2) გამოყენება.

„გვირაბიდან გამოტანილი მასალის სანაყაროზე მუდმივად განთავსების ერთ-ერთ ალტერნატივას მდ. ჭოროხის სანაპიროს წარეცხვის პროცესის შესამცირებლად გამოყენება განიხილება. მდინარის კალაპოტის გასწვრივ შერჩეულ უბნებზე მასალის განთავსების და მდინარის მიერ ნატანის გადანაწილების შედეგად შესაძლებელია ნაპირის ეროზიის შემცირებაში გარკვეული წვლილის შეტანა.

ადგილობრივი მმართველობის გადაწყვეტილებით გამოტანილი მასალის ნაწილი ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საპროექტო ზონაში შერჩეული ტერიტორიების პროფილირებისთვის. ამ გზით შესაძლებელი იქნება მასალის სასარგებლო გამოყენება და მუდმივი სანაყაროების შექმნის საჭიროების თავიდან აცილება.“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

ბათუმი [ჭოროხი]-სარფის ახალი ავტობანი ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელება იქნება. ახალი გზა ბათუმის ეკონომიკურ ზონაში დაიწყება, სადაც დაგეგმილია სპეციალური კვანძის მოწყობა [საბაჟოსკენ, ბათუმის აეროპორტისკენ და გონიოსკენ ავტობანის სწრაფად დასაკავშირებლად].

„კვანძის საშუალებით უზრუნველყოფილი იქნება ბათუმის შემოვლითი გზიდან საბაჟოსკენ სატრანსპორტო ნაკადის გატარება. სარფიდან საბაჟოსკენ მოძრავი ტრანსპორტი ისარგებლებს არსებული E70 გზით ბათუმის შესვლის გარეშე. კვანძი განტვირთავს ბათუმი-ახალციხის გზას.“ – აღნიშნულია პროექტში.

კვანძი მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, ბათუმის ეკონომიკურ ზონაში, სადაც ახალი ავტობანი ბათუმის გზას შეუერთდება / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან.

გარემოს ეროვნული სააგენტო სკოპინგის დასკვნაში მიუთითებს, რომ გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი „კვანძის ტექნიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაცია გზშ-ის ეტაპზე საჭიროებს დაზუსტებას და დეტალურ განხილვას“.

აღნიშნული კვანძიდან ახალი გზა სარფის მიმართულებით გაგრძელდება ხიდზე, რომელიც მდინარე ჭოროხზე უნდა აშენდეს.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, მდ. ჭოროხზე მოსაწყობი ხიდი შედგება 23 მალისგან, ხიდის ნაფენი დაეყრდნობა 22 ბურჯს; ხიდები იქნება ორზოლიანი;  ბურჯების სიმაღლე 10-12 მეტრომდე და ხიდს ზედაპირული წყლის ობიექტთან შემხებლობა არ ექნება.

თუმცა, სკოპინგის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს „საკითხი დაზუსტებული უნდა იქნეს გზშ-ის ანგარიშში, რადგან shp ფაილების მიხედვით, საპროექტო ხიდის ბურჯები ხვდება მდინარე ჭოროხში.“

ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

გზშ-ის ანგარიშში ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს დეტალური კვლევები საპროექტო ზონაში არსებული იქთიოფაუნისა და წყალზე დამოკიდებული სახეობების შესახებ, შეფასებული და განხილული უნდა იქნეს მათზე პროექტის განხორციელების შედეგად მოსალოდნელი ზემოქმედება და ასევე წარმოდგენილი იქნეს შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები, ეფექტურობის მითითებით.

„ასევე აღსანიშნავია, რომ მდინარე ჭოროხის დელტა წარმოადგენს გადამფრენ ფრინველთათვის მაღალი კონსერვაციული ღირებულების ადგილს, შესაბამისად გზშ-ის ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ორნითოფაუნის წარმომადგენლებზე მოსალოდნელ ზემოქმედებებზე.“ – აღნიშნულია სააგენტოს დასკვნაში.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ზოგადად, პროექტი ორ ფაზად განხორციელება:

  • პირველ ფაზაზე მოწყობილი გზა იქნება ორზოლიანი;
  • მეორე ფაზაზე მას დაემატება დამატებითი ორი ზოლის მომსახურებისთვის საჭირო „პარალელური“ ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ გზების დეპარტამენტის მიერ შერჩეული პროექტის მიხედვით, „გვირაბის სამხრეთი პორტალის ზონაში გვირაბის ბოლოდან სარფის საზღვრამდე გზის მონაკვეთი ზღვის ნაპირის გასწვრივ გაივლის.

გვირაბიდან გამოსული ახალი მაგისტრალის ადგილობრივ გზასთან შეერთების [დაახლოებით 200 მეტრ] მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილიდან სანაპირო ზოლამდე მანძილი კი 20 მეტრომდეა, ხოლო სიმაღლე, მიწის ზედაპირიდან 13 მეტრი.

„ამ უბანზე შემოთავაზებული გადაწყვეტა გულისხმობს ნაბურღ-ნატენი ხიმინჯების, რკინაბეტონის სამაგრი კედლის და ქვაყრილის მოწყობას. ამასთან, დაგეგმილია ბათიმეტრიული კვლევის ჩატარება ნაპირიდან 50მ-მდე ზოლში – საკვლევი ტერიტორიის ფართობი 6 ჰექტარი. დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება გზშ-ში“, – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.

აქ, გვირაბის პორტალების ზონაში, კვარიათიდან შემოსასვლელი პანდუსის შემადგენლობაში 60მ სიგრძის ხიდის მოწყობაცაა დაგეგმილი.

ამ ადგილიდან კი, ახალი ავტობანის დაახლოებით 1,2 კილომეტრი მონაკვეთი სარფამდე, დღეს არსებულ გზას დაემთხვევა.

სარფის ზონაში საბაჟო-გამშვები პუნქტის მახლობლად დაგეგმილია ასევე „ტერიტორიის მოწესრიგება“ [სავარაუდო სქემა ნახეთ ქვემოთ]:

სარფის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორია

ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტის ეს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც გზების დეპარტამენტი ახალი ავტომაგისტრალის აშენებას გეგმავს, სარფში გამართულ შეხვედრაზე დაიწუნეს.

მოსახლეობა ფიქრობს, რომ ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებით დაიკარგება სარფის პლაჟი, რაც „უარყოფითად იმოქმედებს სარფის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და, ზოგადად, მის პერსპექტივაზე“. ამიტომ მათთვის სხვა ალტერნატიული პროექტია უფრო მისაღები.

„დაზუსტებას საჭიროებს პროექტის განხორციელებით მოსალოდნელი ზემოქმედება ტურიზმის სექტორზე და რეგიონის ტურისტულ განვითარებაზე.“ – ავალებს გზების დეპარტამენტს გარემოს სააგენტო.

ამ თემაზე ვრცლად: 

მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

ჭოროხი-სარფის ახალი მაგისტრალის პროექტირების დასრულება თავიდან 2017 წლის მაისამდე იგეგმებოდა, ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება კი – 2020 წლის გაზაფხულზე, თუმცა დღეს დეტალური პროექტიც არ არის მზად.

რა მისამართებზე გაითიშება გაზი ხვალ ბათუმში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, ხვალ, 24 ნოემბერს, გაზის მიწოდება ბათუმში რამდენიმე მისამართზე შეწყდება.

კერძოდ, გაზი შეწყდება:

  • მაიაკოვსკის ქუჩაზე – 13 საათიდან 15 საათამდე
  • ხახულის ქუჩის 36-58 ნომრებში – 15 საათიდან 17 საათამდე
  • ასლან აბაშიძის #3-ში – 15 საათიდან 16 საათამდე

კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. გაზის მიწოდება სრულად აღდგება 24 ნოემბრის დღის ბოლომდე.

„სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

 

ქმარმა სცემა ცოლს, რომელიც დაბადების დღეზე „უნებართვოდ“ წავიდა – პროკურატურის ვერსია

„დაბადების დღეზე ქმრის ნებართვის გარეშე წასვლის გამო ნ. კ-მ, ხელების, თავისა და სახის არეში დარტყმების გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – ლ. ძ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ საქმეში, სადაც ბრალდებული კაცი გამართლდა და საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

პროკურატურის ვერსიით, ნ.კ.-მ 2023 წლის იანვარში, საკუთარ სახლში ცოლს იმიტომ სცემა, რომ ის ქმრის ნებართვის გარეშე დაბადების დღეზე წავიდა.

„გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, დაბადების დღეზე ქმრის ნებართვის გარეშე წასვლის გამო ნ. კ-მ, ხელების, თავისა და სახის არეში დარტყმების გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – ლ. ძ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2023 წლის 20 იანვრის, დაახლოებით 12:00 საათზე… დაბადების დღეზე ქმრის ნებართვის გარეშე წასვლის გამო, სიტყვით „მოგკლავ“, ნ. კ-ძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ლ. ძ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში,“ – ეწერა დადგენილებაში ბრალის წარდგენის შესახებ.

პროკურატურამ ნ.კ.-ს ბრალი წარუდგინა ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლებით. ორივე მუხლში ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია. განაჩენის გამოტანამდე ბრალდებული გირაოთი იყო გათავისუფლებული.

„გამართლებულ ნ. კ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება,“ – ვკითხულობთ საქმის მასალებში. უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე განჩინება 2023 წლის 9 ნოემბერს მიიღო.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი უცვლელი დატოვა. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა კი, საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და ნ. კ-ის დამნაშავედ ცნობა.

მრავალი სხვა საქმის მსგავსად, უზენაესი სასამართლო ამ შემთხვევაშიც მიუთითებს იმაზე, რომ დაზარალებულად ცნობილმა ქალმა სასამართლოში დუმილი არჩია. საქმეში მოწმეები დარჩნენ, რომლებიც თვითმხილველები არ იყვნენ.

მაგალითად, მოწმე თ. ნ-ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2023 წლის 17 იანვარს მეგობარ ლ. ძ-ან ერთად წავიდა თ-ში მისი მ-ის დაბადების დღეზე. აღნიშნულის შესახებ არაფერი იცოდა მეუღლემ – მ. ზ-მა. 2023 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათზე, მან თვითონ უთხრა მეუღლეს ამ ფაქტის შესახებ, რაზეც იგი გაუბრაზდა, მაგრამ აპატია, ასევე სთხოვა, რომ სხვა დროს აღარ გაემეორებინა. შემდეგ მას დაურეკა ლ. ძ-მ და უთხრა, რომ ქმარმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გამოაგდო სახლიდან, იგი მიდიოდა სახლიდან და მოწმეს გაყოლა შესთავაზა; ამ დროს მისი ქმარი სახლში იყო და ვერ მოახერხა სახლიდან გასვლა.

დაახლოებით 16:00 საათზე, მეუღლე გავიდა სახლიდან, რის შემდეგაც მან აიღო ხელჩანთა და წავიდა. ლ-ს შეხვდა თბილისში,  დაალომბარდეს ოქრო და საქართველოდან წასვლა გადაწყვიტეს. 2023 წლის 27 იანვარს ლ-ან ერთად მივიდა ქ-ის აეროპორტში და აპირებდნენ პ-ში გამგზავრებას, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და უთხრეს, რომ მ-ის პოლიციის მიერ იძებნებოდა და უნდა გამოეკითხათ. შეკითხვაზე მოწმემ უპასუხა, რომ, როგორც მისთვის ცნობილია, ლ. ძ-ს ქმარი – ნ. კ-ე აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და ზუსტად ამის გამო წამოვიდა სახლიდან.

„საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულებით არასაკმარისია ნ. კ-ს მიმართ წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად. არცერთი მოწმის ჩვენება და წერილობითი მტკიცებულება სრულყოფილად და უტყუარად არ ადასტურებს ნ. კ-ის მიერ მეუღლის მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტს,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესი,“ – ამ დასაბუთებით საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ განუხილველი დატოვა.

თურქეთში იპოვეს ჩაძირული გემის მეორე მეზღვაურის ცხედარი – ეკიპაჟის 10 წევრს ისევ ეძებენ

თურქეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მეოთხე დღეს იპოვეს 19 ნოემბერს ჩაძირული გემის კიდევ ერთი მეზღვაურის ცხედარი.

თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, მეზღვაურის ცხედარი დღეს, 23 ნოემბერს, დილით იპოვეს შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ პროვინცია ზონგულდაკის მახლობლად.

ხელისუფლება აცხადებს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება და მასში ჩართულია 2 ვერტმფრენი, 40-ზე მეტი მყვინთავი, დრონები და 177 მაშველი. სპეციალისტები ეძებენ გემის ეკიპაჟის კიდევ 10 წევრს.

შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, ქარიშხლის გამო სატვირთო გემი 19 ნოემბერს ჩაიძირა. გემზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. ერთი მეზღვაურის ცხედარი კატასტროფის მეორე დღეს აღმოაჩინეს.

„ეს არის შურისძიება“ – უკრაინელებმა რუსეთის საზღვაო ქვეითების 810-ე ბრიგადა დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის საზღვაო ქვეითების 810-ე ბრიგადა დაბომბა.

უწყების განცხადების თანახმად, რუსი სამხედროები არტილერისტის დღეს ზეიმობდნენ.

„[უკრაინის] თავდაცვის ძალებმა ოპერატიულად დაადგინეს სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარების ადგილი და მიულოცეს რუსებს! რუსი პროპაგანდისტები ამტკიცებენ, რომ ზუსტმა დარტყმამ გაანადგურა ათეულობით ოკუპანტი, დაახლოებით ასი მძიმედ დაიჭრა“, – ციტირებს  უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებას უკრაინული გამოცემა „ჰრომადსკე“.

უკრაინული აეროდაზვერვის ქვედანაყოფის, „პტახი მადიარას“ მეთაური რობერტა ბროვდი ამბობს, რომ ეს შურისძიებაა 3 ნოემბერს, უკრაინელ სამხედროებზე განხორციელებულ დარტყმაზე.

„შურისძიება. ბუმერანგი. იგრძენით ტკივილი“, – ამბობს ის.

3 ნოემბერს, ზაპორიჟიეში, ფრონტის ხაზთან ახლოს უკრაინელი სამხედროები შეიკრიბნენ დაჯილდოების ცერემონიისთვის, რა დროსაც ტერიტორია რუსეთმა დაბომბა. დაბომბვის შედეგად 19 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: 

რუსეთმა დაბომბა უკრაინელი ჯარისკაცების დაჯილდოების ცერემონია – არიან დაღუპულები

ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს საქონელს ჩამოართმევს და სოციალურად დაუცველებს მისცემს

ბათუმის მერიამ საკრებულოში შეიტანა დადგენილების პროექტი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის დროს ჩამორთმეული საქონლის განკარგვის წესს ადგენს.

პროექტის მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის [საქონლის] კონფისკაციის/ჩამორთმევის შედეგად მიღებული ქონება წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

აღნიშნული ქონება კი „ექვემდებარება პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ გადაცემას იმ იურიდიული პირებისთვის, რომელთა საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, თავშესაფარში მცხოვრები ან სხვა გარემოების გამო სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის მომსახურების გაწევა/დახმარება.“

ის ქონება, რომელიც არ ექვემდებარება გადაცემას ან ვერ გამოვლინდა ქონების მიმღები პირი, „უნდა განიკარგოს ან განადგურდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

ზემოთ აღნიშნული იურიდიული პირებისთვის/დაწესებულებებისთვის ქონების გადაცემაზე ბათუმის მერიის სახელით უფლებამოსილია „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“.

ასევე, „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ და „ბათუმის ბულვარი“, მხოლოდ მათ საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ტერიტორიებზე უნებართვო გარევაჭრობის ფაქტების აღკვეთისას კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის დროს.

პროექტის მიხედვით, ქონება გადაეცემა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ ქონების მიმღების და ქონების გადაცემაზე განსაზღვრული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი/თანამშრომელი.

  • ქალაქის საკრებულო დადგენილების პროექტს 2023 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს.

2023 წლის 25 ოქტომბრიდან ახალი რედაქციით ამოქმედდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​3  მუხლი, რომელიც შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობაზე რეაგირებას გულისხმობს.

ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში უნებართვო გარევაჭრობაზე მერიის მუნიციპალური ინსპექცია რეაგირებს, ბულვარის ტერიტორიაზე – ბულვარის, ხოლო ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე – ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია.

25 ოქტომბრიდან მთავარი სიახლე იყო ის, რომ მუნიციპალურ ინსპექციას [ასევე, ბულვარისა და ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციებს] უფლება მიეცათ რეაგირება მოახდინონ „სატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის ან სხვა ნებისმიერი მოძრავი საშუალების“ [მაგალითად, ურიკა] გამოყენებით გარევაჭრობის შემთხვევაშიც.

ასეთ შემთხვევაში გარემოვაჭრე დაჯარიმდება 500 ლარით „სამართალდარღვევის საგნის [შესაბამისი საქონლის] კონფისკაციით.“

ამ თემაზე ვრცლად:

ვის შეუძლია ბიზნესი ტროტუარზე და ვის არა? – მერიის შერჩევითი დამოკიდებულება

რუსეთი უკრაინაში ავდიივკას და კუპიანსკის მიმართულებებს უტევს – რა ხდება ფრონტზე

რუსული ძალები ყველაზე ყველაზე უტევენ ავდიივკას და კუპიანსკის მიმართულებებს – აცხადებს დღეს, 23 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 30 თავდასხმა ავდიივკას მიმართულებით და 12 შეტევა – კუპიანსკის მიმართულებით.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 74 სამხედრო შეტაკება მოხდა. რუსეთმა განახორციელა 3 სარაკეტო და 43 საჰაერო დარტყმა და 64-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე.

ასევე, 22 ნოემბერს, ღამე, რუსეთმა მორიგი შეტევა განახორციელა უკრაინაზე „შაჰედის“ ტიპის 14 საფრენი აპარატით. გენშტაბის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 14-ვე გაანადგურა.

საჰაერო დარტყმები განხორციელდა ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში. ასევე, უკრაინის სხვადასხვა ოქლში 100-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთს საბრძოლო აქტივობა არ ჰქონია ლიმანის და ბახმუტის მიმართულებებზე.

უკრაინის გენშტაბი იუწყება, რომ რუსული ძალები კვლავ ცდილობენ ალყაში მოაქციონ ავდიივკა, მაგრამ უკრაინის თავდაცვა მათ უმკლავდება. ასევე, ზაპოროჟიეს მიმართულებით, რუსეთმა 4-ჯერ სცადა დაკარგული პოზიციის აღდგენა რობოტინოსთან, თუმცა წარუმატებლად.

ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევას მელიტოპოლის მიმართულებით, ხოლო ხერსონის მიმართულებით – აგრძელებენ პოზიციების დაკავებას დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.

_______________

ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 321 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
  • ტანკი – 5 466 ერთეული [+20]
  • ჯავშანტექნიკა – 10 224 ერთეული [+36]
  • საარტილერიო სისტემა – 7 802 ერთეული [+33]
  • MLRS – 902 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 591 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 799 ერთეული [+15]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 564 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 198 ერთეული [+39]
  • სპეცტექნიკა – 1 107 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 537 თვითმფრინავი
  • 255 ვერტმფრენი
  • 9 119 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 564 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 185 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 163 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 530 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა მკვეთრად გაზარდა საჰაერო დარტყმების რაოდენობა ავდიივკასთან

Exit mobile version