მთავარი,სიახლეები

რატომ შემცირდა აჭარის ბიუჯეტი 28 მილიონით – ოპოზიციამ კლებას „სეკვესტრი“ უწოდა

01.12.2023 • 696
რატომ შემცირდა აჭარის ბიუჯეტი 28 მილიონით – ოპოზიციამ კლებას „სეკვესტრი“ უწოდა

წლის ბოლოს აჭარის მთავრობამ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა. შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირდა ძირითადად არაფინანსური აქტივებისა ნაწილში ბიუჯეტის შეუსრულებლობისა და რიგი პროექტების შეფერხების გამო. კლებას ოპოზიციამ სეკვესტრი უწოდა.

ეს მნიშვნელოვანი საკითხი გუშინ, 30 ნოემბერს, დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების თემამ გადაფარა.

2023 წლის ბიუჯეტში უკვე დამტკიცებული ცვლილების მიხედვით, აჭარის მთავრობამ შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 41 მილიონ 390 000 ლარით შეამცირა. აქედან ყველაზე მეტი, 40 მილიონი – არაფინანსური აქტივების კლების ნაწილში, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ საინვესტიციოდ გატანილი ქონება ვერ გაყიდა.

ბიუჯეტის დაგეგმვისას არაფინანსურ აქტივებში თანხების გაბერვასა და არარეალურ დაგეგმვაზე სახელმწიფო აუდიტიც მიუთითებდა, როგორც წინა წლის ბოლოს მიმდინარე ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე 2022 წლის ბოლოს, თუმცა მთავრობამ ეს არ გაითვალისწინა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მთავრობას მოსწონს, როცა დაგეგმვისას „მაღალ ციფრებს აბრეხვებს“, ამიტომაც არ ითვალისწინებს შენიშვნას, რის გამოც წლის ბოლოს ბიუჯეტში დიდი გარღვევა ფიქსირდება.

იმავეს წერს აუდიტიც.

სახელმწიფო აუდიტი მიიჩნევს, რომ აჭარის მთავრობა გარკვეულ შემთხვევებში პროგრამებსა და ქვეპროგრამებს ჭარბი რესურსით გეგმავს, რაც წლის განმავლობაში ბიუჯეტში ნაშთის დაგროვებას უწყობს ხელს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ათვისების დაბალი მაჩვენებელიც არის.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მთავრობა ამ შენიშვნის გათვალისწინებას არც მომავალში გეგმავს.

30 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამტკიცებული ცვლილების შედეგად საბოლოდ ბიუჯეტის ასიგნებები 572 მილიონ 651 400 ლარით განისაზღვრა, მაშინ როცა წლის დასაწყისში ბიუჯეტი 600 მილიონზე მეტს შეადგენდა.

2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით შემოსულობები – 512 მილიონ 549 400 ლარით, ხოლო გადასახდელები 535 მილიონ 549 400 ოდენობით განსაზღვრეს. ივლისში ბიუჯეტში ცვლილება შეიტანეს და შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 560 მილიონ 189 400 ლარამდე, გადასახდელები კი 600 მილიონ 589 400 ლარამდე გაიზარდეს. ახლა კი ეს ციფრი 572 651 400 ლარამდე ჩამოწიეს.

2023 წლის ბიუჯეტში დამტკიცებული ცვლილების მიხედვით 1 მილიონ 390 000 ლარით შემცირდა სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი. ეს თანხა მთავრობას დეპოზიტებზე და ანგარიშებზე დარიცხული პროცენტებიდან, ჯარიმებიდან, სანქციებიდან და საურავებიდან მისაღები შემოსავლების სახით უნდა ამოეღო.

შემცირდა გადასახდელებიც, კერძოდ, ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 27 მილიონ 937 900 ლარით შეამცირეს.

მთავრობის განმარტებით, ცვლილება ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტების, სხვადასხვა ღონისძიებების მოცულობის ცვლილებით, სახელმწიფო შესყიდვების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიებისა და სხვადასხვა გარემოებებით არის გამოწვეული.

უშუალოდ, ბიუჯეტის დამგეგმავმა ორგანომ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საკუთარი გადასახდელები 21 მილიონ 914 800 ლარით შეამცირა.

კერძოდ, 2 მილიონ 315 500 ლარით შემცირდა აჭარის ტერიტორიაზე არსებული მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარების პროგრამა, 3 მილიონ 050 000 ლარით – ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.

სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამა – 6 მილიონი ლარით, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირების პროგრამა კი 2 მილიონ 780 000 ლარით შეამცირეს.

აჭარის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშის შეფასებისას აუდიტი წერდა, რომ მაღალმთიანი სოფლების გაზსადენის მშენებლობისთვის გათვალისწინებული 4 მილიონიდან აჭარის მთავრობამ მხოლოდ 700 000 ლარის ათვისება შეძლო. ამის თაობაზე აჭარის მთავრობამ თავის ანგარიშში განმარტა, რომ შეფერხება ხულო- ზარზმის გზის მშენებლობამ გამოიწვია.

პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტის, ხიჭაურის დასახლებასა და გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალო წნევიანი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებდა. მთავრობის ინფორმაციით გაზსადენის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობს, რაც ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებით არის გამოწვეული:

„ვინაიდან გაზსადენის კონტური გასდევს საავტომობილო გზის კონტურს. გზის რეკონსტრუქციის პროფილის ჩამოყალიბება ეტაპობრივად მიმდინარეობს და შესაბამისად ხორციელდება გაზსადენის სამონტაჟო სამუშაოები.“

ბიუჯეტში გზების რეაბილიტაციის პროგრამა – 1 მილიონ 989 900 ლარით შეამცირეს, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 1 მილიონ 068 100 ლარით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა კი – 785 100 ლარით.

11 მილიონ 563 300 ლარით შეამცირეს საერთო რესპუბლიკური გადასახდელების დაფინანსება. მათ შორის ყველაზე მეტი – 9 მილიონ 333 100 ლარი პროექტების მართვის კომპანიის დაფინანსებას გამოკლდა.

9 თვის ანგარიშის შეფასებისას აუდიტი წერდა, რომ „საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელების“ ათვისების დაბალი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაკავშირებულია აჭარის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფინანსებასთან.

აუდიტის ინფორმაციით, 2023 წლის 9 თვეში გადახრა წლიურ გეგმასთან მიმართებით შეადგენდა 26 მილიონ 712 000 ლარს, ხოლო 9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან – 17 მილიონ 510 800 ლარს. მათ შორის, ძირითადი წილი მოდის შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიაზე,“ სადაც 2023 წლის 9 თვის გეგმიდან აუთვისებელი იყო 15 მილიონ 251 400 ლარი.

აუდიტის განმარტებით, აუთვისებლობა ძირითადად დაკავშირებულია მიმწოდებელი კომპანიის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებასთან.

გამოთავისუფლებული თანხა მთავრობამ წლის დასრულებამდე ერთი თვით ადრე სხვა მუხლებში გადაიტანა. კერძოდ, 2 მილიონ 589 000 ლარი დაუმატეს აჭარის განათლების სამინისტროს. ეს თანხა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს. ყველაზე მეტი, 8 მილიონი დაუმატეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს.

2023 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტი უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ 12 ხმით დაამტკიცა.

______________

ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: