განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ არ უნდა ვაჩუქოთ ბავშვს ქუჩაში ფული – ინტერვიუ

01.12.2023 • 4095
რატომ არ უნდა ვაჩუქოთ ბავშვს ქუჩაში ფული – ინტერვიუ

„ვიღაც შესაძლოა კეთილი განზრახვით ჩუქნის ბავშვს ფულს, მაგრამ გამოდის ისე, რომ ამ ბავშვს დამნაშავეს ვუგდებთ ხელში, თუნდაც იმით, რომ ვასაჯაროებთ ბავშვის ადგილმდებარეობას. უკვე იციან მისი სუსტი წერტილი, რაზე რეაგირებს კარგად ეს ბავშვი ხომ?! ჩვენ ჩავივლით, მაგრამ ბავშვი ხდება დაუცველი რისკებისგან“ – ამბობს ფსიქოლოგი სალომე ჩარკვიანი. ის „ბათუმელებთან“ საუბრობს, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბავშვს ისე, რომ არ შევლახოთ მისი ღირსება და არც საფრთხე წინაშე დავაყენოთ.

  • ქალბატონო სალომე, ამ დღეებში ფეისბუქში დიდი განხილვა მოყვა ვიდეოს, სადაც ასახულია, თუ როგორ ჩუქნის ქალი ყვავილების გამყიდველ ბავშვს ფულს. ვიდეოს დიდი განხილვა მოჰყვა სოციალურ ქსელებში. თქვენი აზრით, რა შემთხვევაში შეიძლება გადაიქცეს სიკეთე ბავშვისთვის ზიანის მომტანად?

ეს ძალიან ინდივიდუალურია და გადაჭრით თუ ვიტყვით, რომ ზიანი მოაქვს ამ ტიპის სიკეთეს, შესაძლოა, ვიღაც შემოგვედავოს, რომ აი, დაეხმარა, გააშუქა კიდეც, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ყველა ბედნიერია.

ერთი შეხედვით, შესაძლოა ძალიან გულისამაჩუყებელია ეს, მაგრამ სხვა კუთხით თუ შევხედავთ, კარგად დავინახავთ რისკებს.

დღეს ძალიან ბევრი ბავშვი ცხოვრობს ქუჩაში, რომელსაც ერთის მხრივ შეიძლება ვინმე აიძულებდეს ქუჩაში მუშაობას და ექსპლუატაციას უწევდე, შესაძლოა იყოს ძალადობის მსხვერპლი და მშობელი აიძულებდეს მოწყალების თხოვნას და ასე შემდეგ.

ასეთ შემთხვევებში ბავშვისთვის ფულის მიცემა არარეკომენდებულია, რადგან ეს ფული არ ხმარდება ბავშვის საჭიროებებს.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ბავშვი ღარიბი ოჯახიდანაა და სხვა გზა არ აქვს, დგას ქუჩაში და მოწყალებას ითხოვს ან ყიდის რაიმეს, შესაძლოა ფიზიკურად მუშაობს. ეს სხვა შემთხვევაა და შეგვიძლია გამოვიკვლიოთ ჯერ ბავშვის მდგომარეობა და საჭიროებები.

ფული დახმარება იმ შემთხვევაში არ ავნებს ბავშვს, თუ დანამდვილებით ვიცით, რომ სახლში მიიტანს და ვთქვათ საკვებს შეიძენს, ამავდროულად ეს არ მოხდება ბავშვის საჯაროდ დამცირების ხარჯზე, რადგან დახმარების კადრებით გავრცელებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ამ ოჯახის კეთილდღეობაზე.

ბოლო ფაქტიდან რომ ვიმსჯელოთ, რომელსაც ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, ჩვენ არც ის ვიცით, ხვდებოდა თუ არა ბავშვი, რომ იწერდნენ. მეორეს მხრივ, ბავშვს შესაძლოა არ ჰქონოდა კადრების გასაჯაროებაზე პრობლემა, მაგრამ დედა დარჩა შეურაცხყოფილი და დაითრგუნა იმ ფაქტით, რომ ყველამ იცოდა მისი შვილის შესახებ.

იქნებ ადამიანს არ სურს, მაგალითად, გაიგონ სკოლაში, რომ მისი შვილი მუშაობს. ბავშვის მუშაობა არ არის მარტივი საკითხი, მისი შრომითი უფლებებია აქ გასათვალისწინებელი. მით უმეტეს დამაზიანებელია ამ ყველაფრის საჯაროდ გამოტანა, თუკი არ მიგვიღია თანხმობა კადრების გავრცელებაზე.

  • აქ საზოგადოების აზრი ხშირად იყოფა ორ ნაწილად. ვიღაც ამბობს, რომ მსგავსი ვიდეოკადრების გავრცელებით ხდებით სიკეთის კეთების წახალისება და ასე შემდეგ, მეორე მხარე კი საუბრობს ბავშვის უფლებებზე. რა უნდა ვუთხრათ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ფიქრობს, რომ ბავშვზე დახმარების ეს ფორმა მისაღებია?

ასე იმიტომ ფიქრობენ, რომ მათ არ აქვთ წვდომა იმ კვლევებთან, იმ შემთხვევებთან, რის საფუძველზეც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს საფრთხის შემცველია. ბევრი შემთხვევა გვაჩვენებს, რომ ხშირად, როცა ბავშვის ვიდეო ვრცელდება, ის ხდება მოწყვლადი დამნაშავეებისთვის.

ვიღაც კეთილი ადამიანი შეიძლება კეთილი განზრახვით აკეთებს რაღაცას, მაგრამ ამ დროს გამოდის ისე, რომ დამნაშავეს ვუგდებთ მასალას ხელში. როგორ იმანიპულიროს ბავშვით, რადგან იცის ამ ბავშვის ადგილმდებარეობა, იცის რაზე რეაგირებს კარგად ეს ბავშვი. ვინც მსგავს საკითხებზე ვმუშაობთ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ვიდეოების გავრცელებით ბავშვი ხდება დაუცველი რისკებისგან.

ჩვენ წავალთ, ჩავივლით, ბავშვი კი თავს ვერ იცავს, ამიტომ არის მისი პრივატულობის დაცვა საჭირო.

  • საჯაროდ სიკეთის კეთებით რის ჩვენება უნდათ სინამდვილეში? სურთ, რომ სოლიდარობის, თანადგომის მუხტი გააღვივონ საზოგადოებაში თუ რაიმე სხვა ახსნა აქვს ამას, თქვენი აზრით?

ზოგადად, ადამიანებს გვაქვს ხოლმე მიდრეკილება რომ სხვამაც ნახოს ჩვენი გაკეთებული სიკეთე. ყველამ გაიგოს, თუნდაც მოგვბაძონ, ტაში დაგვიკრან, რატომაც არა, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს სუსტი ადამიანის კიდევ უფრო დაუცველობის ხარჯზე.

აი, თუნდაც იმ ადამიანს, ვინც პატარა ბიჭს დაეხმარა, რომ ეთქვა – „ბოდიში, მაგრამ ვერ გავთვალე რისკები“, სხვა საკითხია. მაგრამ ის გადავიდა თავდაცვაზე, – „რასაც მინდა იმას ვიზამ“, „მეორედაც გადავუღებ თუ მომინდება“, – ეს დამოკიდებულებაა პრობლემა, რადგან როგორც ჩანს, ჩვენ საზოგადოებას სათანადოდ ვერ ვაწვდით, თუ რატომ არის ეს საშიში და არა ის, რომ ბავშვს დაეხმარა.

მასწავლებლებიც კი აზიარებდნენ იმ ბავშვის ვიდეოს, როგორც კარგ მაგალითს, მაშინ როცა ჩვენ მასწავლებლებს სულ იმას ვეუბნებით, რომ არ გაავრცელონ ბავშვების კადრები სკოლიდან, რადგან გარეთ დადის ძალიან ბევრი ისეთი დამნაშავე, რომელმაც შეიძლება ცუდად გამოიყენოს ეს ყველაფერი.

ქვეყანაში ძალიან ბევრი პედოფილიის შემთხვევაა, მაღალია ბავშვების ტრეფიკინგი, ბევრი თაღლითური სქემაა და ამიტომ უნდა დავიცვათ ბავშვები საჯაროობისგან მაქსიმალურად, მაგრამ როგორც ვხედავთ, პედაგოგებიც კი აზიარებენ ასეთ ვიდეოებს.

  • ბავშვის უფლებების სტანდარტი ამბობს, რომ თუკი ბავშვს ვიღებთ ვიდეოზე, ამის შესახებ აუცილებლად უნდა გავაფრთხილოთ, კარგად ავუხსნათ სად და რა კონტექსტში იქნება მისი კადრი, ვიდეო, კომენტარი გამოყენებული. ფაქტია, რომ ამ სტანდარტს არ იცავს საზოგადოება. რა არის აქ გასაკეთებელი ამ კუთხით და ვისი მხრიდან?

თავიდან მეც გავბრაზდი როცა ფულის ჩუქების ვიდეო შემხვდა და ვამბობდი – „სხვისი შვილი არ ადარდებს“, „თავის შვილს ხომ ასე არ მოექცევა?“, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ზოგადად ძალიან დაბალია საზოგადოების ცნობიერება პირადი ინფორმაციის დაცულობაზე, რომ ადამიანები რეალურად თავიანთი შვილებთან მიმართებაშიც კი არ იცავენ პირად საზღვრებს.

გასაგებია, რომ ჩვენ ფოტოებს ვდებთ მეგობრებისთვის და ალბათ ყველას გაგვიკეთებია ეს, მაგრამ არ ვიცით კიდევ ვის აქვს ხელმისაწვდომობა.

ზიარდება ისეთი ვიდეოები, ფოტოები, რომლითაც ხდება იდენტიფიცირება, თუ სად ერთობა ბავშვი, რომელ პარკში დაჰყავს მშობელს, ან რომელ პარკში დადის მარტო, რომელ სკოლაში დადის. აი, ასეთი საკითხების მიმართ სენსიტიურობა ჩვენს საზოგადოებაში ბევრად დაბალია.

ალბათ იმის გამოც, რომ ახალია რეალურად სოციალური ქსელებით დანაშაულის გავრცელება და ეს არ აქვთ ადამიანებს ბოლომდე გააზრებული.

  • თუმცა ბევრი ფაქტის შესახებ ვიცით უკვე, სადაც საუბარია ონლაინ ჩაგვრაზე, ბულინგზე, შევიწროებაზე და ასე შემდეგ, ეს არაფერს ცვლის?

ვფიქრობ, არ აქვთ სათანადო წვდომა ამ ინფორმაციაზე ადამიანებს.

როცა პედოფილიის თუ ბულინგის ფაქტი ვრცელდება, მაშინვე მოჰყვება ხოლმე რეაქცია – „ნუ უკეთებთ ბავშვებს ფეისბუქს“, „ნუ ავრცელებთ ვიდეოებს“ და ასე შემდეგ, მაგრამ არ მოჰყვება ხოლმე ამ ყველაფერს მდგრადი განვითარება, ასე რომ ვთქვათ. იმას ვგულისხმობ, რომ არავინ ახსენებს სტაბილურად ადამიანებს ამ საფრთხეებს.

ადამიანის ფსიქოლოგია კი მიდრეკილია იქითკენ, რომ იფიქროს – „მე ეს არ დამემართება“.

  • ფაქტია, რომ არც ბავშვებს ჰყოფნით ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ. ეს კომპონენტი სკოლაში უნდა გაძლიერდეს?

აუცილებლად უნდა იყოს სასკოლო განათლების ნაწილი უსაფრთხოება. არის კიდეც მეტ-ნაკლებად სამოქალაქო განათლებაში ეს კომპონენტი, თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერ იყენებენ ამ ცოდნას ბავშვები, რადგან კულტურა არ გვიწყობს ხელს. კულტურით ჩვენ ვართ ძალიან ღია ადამიანები, გვიყვარს ინფორმაციის, ჩვენი ემოციების გაცვლა-გამოცვლა.

მოზარდების ნაწილი უშლის ხოლმე მშობლებს მათი ფოტოების გაზიარებას სოცქსელში, მაგრამ ამას მთელ პოპულაციაზე ვერ გავავრცელებთ, ცხადია. ვფიქრობ მოზარდებმა სკოლაში შეიძინეს ეს უნარ-ჩვევები, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა არც თავის პირადი ინფორმაციის გავრცელებას ერიდებიან და სხვასაც უღებენ ჩუმად.

ამიტომ, სკოლაც მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს და მშობელიც. მაგრამ ხომ ხედავთ, საზოგადოების რეაქცია როგორია – „მერე რა მოხდა“?

ამ საზოგადოების წევრები არიან მშობლებიც და მასწავლებლებიც და ვინ უნდა გააკეთოს მაშინ ეს ყველაფერი?!

ამიტომ პასუხისმგებლობა მოდის სახელმწიფო პოლიტიკაზე, მედია და სკოლაც უნდა დაეხმაროს ხალხს, რომ ცნობიერება ამაღლდეს.

  • იყო კითხვები – „აბა, როგორ დავეხმაროთ ბავშვს“? როგორ უნდა დავეხმაროთ, რომ მისი ინტერესები იყოს დაცული და არა უფროსების ამბიციები?

მესმის, რომ რთულია ნახო ბავშვი, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა, გადადო ყველა შენი საქმე, გაჰყვე ოჯახში, გაიგო მის თავს რა ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედო. წესით ეს არის ბავშვის დახმარების გაიდლაინი, მაგრამ შეუძლებელია ინდივიდები ასე მოიქცნენ.

ნორმალურ ქვეყანაში არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ეთიკურად ეხმარებიან ბავშვებს და მე თუ მეცოდინებოდა, რომ ჩვენთანაც არსებობს მსგავსი ორგანიზაციები, გადავრიცხავდი თანხას და ამ ფორმით გამოვხატავდი ჩემს თანადგომას. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი სანდო ორგანიზაციებიც, როგორც ჩანს, გვაკლია.

მე პირადად მიყიდია ბავშვისთვის ქუჩაში საჭმელი, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ფორმა უფრო უსაფრთხოა ვიდრე ფულის ჩუქება, თუკი არ ვიცი რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას.

თუ ფულს მივცემ, შეიძლება წავიდეს და ნარკოტიკი იყიდოს, ან წებო… ამიტომ, თუ ვერ გავარკვევ ამას, სჯობს ამგვარად დავეხმარო.

  • ფულის ჩუქება კიდევ რა რისკებს შეიცავს, თქვენი აზრით?

აი, მაგალითად, ბავშვების გარკვეული ნაწილი დღის ცენტრებში დადის ხომ? სადაც საკვებსაც იღებენ, გარკვეულ განათლებასაც და ქუჩაზე უკეთეს პირობებში არიან ნამდვილად, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა დღის ცენტრებში მიგვიყვანია ბავშვები და მაინც გამოქცეულან ქუჩაში, რადგან დაუჭერიათ ის ფაქტი, რომ ამბობენ – „საყვარელი ბავშვია“ და ამით მარტივად შოულობენ ფულს.

ის, რომ მოწყვლად ბავშვებს ჰქონდეთ უსაფრთხო თავშესაფარი, უსაფრთხო გარემო, ამას უნდა უზრუნველყოფდეს სახელმწიფო, მაგრამ როცა ყველაფერი თავშია მოშლილი, მერე ადამიანებიც ქაოსურად იქცევიან და შესაბამისად, ეს ქაოსი უფრო მეტ მავნებლობას მოიტანს ხოლმე.

სოციალური დაცვის სისტემაა მოსაწესრიგებელი. თავში უნდა დალაგდეს ეს ყველაფერი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: